ია ანთაძის ინტერვიუ

http://sainteresoadamianebi.1tv.ge/?id=196

– ირაკლი, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს თქვენი რეალური და ემოციური ასაკი? 

–  არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. ასაკთან ჩემი დამოკიდებულება ის არის, რომ მუდმივი ახალგაზრდობის მომხრე ვარ. შეიძლება, ადამიანი ასაკით მხცოვანი იყოს, მაგრამ სულით და შემართებით ახალგაზრდად რჩებოდეს. ამიტომ ჩემთვის რეალური თუ ემოციური ასაკი, შეიძლება ითქვას, პირობითია. ჩემთვის ასაკი იმით  განისაზღვრება, ადამიანი რამდენად პროდუქტიულია – ქმნადობის კუთხით.

– თქვენთვის რას ნიშნავს ფრაზა: „მიიღე ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის“?

– ეს ფრაზა, ალბათ, გულისხმობს, რომ შეიძლება  ადამიანის მისწრაფებები და სურვილები რეალობას არ ემთხვეოდეს. რეალობა ხშირად პროზაულია და შეიძლება, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანს მიწაზე დაშვება და კომპრომისული პირობების მიღება მოუხდეს.  თუმცა, ყოველთვის არსებობენ მეამბოხე მისწრაფებების ადამიანები, რომლებიც შეზღუდვებს არ ცნობენ და ცდილობენ, დანარჩენებისთვის ასატანი ყოველდღიურობა შეცვალონ. 

 „დღის კოდში“ სტუმრობისას თქვით, რომ საქართველო რჩება პერიფერიად მაშინაც კი, როცა ცენტრი იცვლება. ჩვენ პერიფერიულად ვაზროვნებთ, ანუ ჩვენ მაგივრად სხვები აზროვნებენ. პირადად თქვენ, ნამდვილად მოაზროვნე ადამიანს, რა გაკავებთ, რა გიზიდავთ ამ პერიფერიაში?

– გეოგრაფიული არეალი პირობითია. შეიძლება, ფიზიკურად წარმოსახვით ცენტრში ცხოვრობდე, მაგრამ შენი აზროვნება პერიფერიული რჩებოდეს. საქართველოში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათთვის ცენტრის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს არღვევდნენ. აქ, ალბათ, უადგილო არ იქნება, ვახსენოთ სიტყვა „თავისუფლება“. ისინი ცდილობდნენ, რომ ყოფილიყვნენ თავისუფლები და ასეთი ადამიანი ჩვენი აზროვნების ისტორიაში, საბედნიეროდ, ბევრია. პირველი, ვინც მახსენდება, მერაბ მამარდაშვილია. ის უარს ამბობს როლზე, რომ იფიქროს ცენტრის სუბალტერნის (დაქვემდებარებულის) პოზიციიდან და იწყებს სრულიად ორიგინალურ, დამოუკიდებელ აზროვნებას. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ბოლო ათი წელი პერიფერიაში ცხოვრობს – აზროვნებს არაპერიფერიულად, აზროვნებს, როგორც თავისუფალი ადამიანი. 

– თქვენ მპასუხობთ, რომ საქართველოშიც გაქვთ შანსი, იაზროვნოთ, როგორც თავისუფალმა ადამიანმა. 

– რა თქმა უნდა. 

– მაგრამ კითხვა იყო იმის შესახებ, თუ რა გაკავებთ აქ, რა მიჯაჭვულობა გაქვთ საქართველოსთან. 

– ალბათ, გამონაკლისი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მშობლიური ქალაქი და ქვეყანა რაღაც ძალას გაძლევს. ამას ემატება პასუხისმგებლობის გრძნობა. სადაც არ უნდა იარო, ვერასდროს მოსწყდები პასუხისმგებლობის ტვირთს იმ ადგილის მიმართ, რომლის წიაღშიც დაიბადე და გაიზარდე. ამ ორი კომპონენტის ნაზავი იქნება ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე. 

– როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოსახლეობა რამდენად აცნობიერებს, ან რამდენად წუხს იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც ვერ დავაღწიეთ თავი პერიფერიის სტატუსს და, უფრო მეტად, პერიფერიის მდგომარეობას? 

– ვერ მოვიშორეთ სტატუსი სხვების თვალში? თუ ის ვერ მოვიშორეთ, რომ საკუთარ თავს პერიფერიად განვსაზღვრავთ? 

– კარგი დამაზუსტებელი კითხვაა. მაგრამ თქვენ როგორც აღწერთ სიტუაციას, საქართველო არის პერიფერია სხვებისთვის, სხვების აღქმაში. 

– შეიძლება, ადრე ასე აღვწერე, მაგრამ საკუთარ თავსაც,  ხშირ შემთხვევაში, პერიფერიად წარმოვიდგენთ. 

– რას გულისხმობთ?

– იმპერიების დამოკიდებულება პერიფერიებისადმი სრულიად ერთგვაროვანია. ცენტრი ყოველთვის უწესებს პერიფერიას საკუთარ პროექტს: საგანგებოდ ცდილობს პერიფერიის დაკნინებას, დამცრობას, თხზავს პერიფერიის ისტორიას და იდენტობას, როგორც ახლა უკრაინის შემთხვევაში ხდება.  კოლონიალიზმს ყოველთვის სდევს კოლონიურობა – ცენტრის მიერ დაწესებული ცოდნის ველი. ცენტრი ყოველთვის გაწვეთებს იმგვარ პროექტს, სადაც შენ მეორეხარისხოვანი ხარ, ჩაფლული ხარ არქაული მითების ჭაობში და თავის მოვალეობად სახავს, რომ ამ ჭაობიდან ამოგიყვანოს, მოდერნულობის გზაზე დაგაყენოს, თანამედროვეობას გაზიაროს. რუსეთის იმპერიაში ჯერ კიდევ შეიძლებოდა, რომ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ყოფილიყვნენ ისტორიკოსები, მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი ან მიხაილო ჰრუშევსკი, რომლებიც წინ წამოწევდნენ ისტორიის საკუთარ, ავთენტურ გაგებას. საბჭოთა კავშირის დროს ეს პრაქტიკულად გამორიცხული იყო, იქ არ არსებობდა სივრცე განსხვავებული ხედვებისთვის. ჩვენს შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  დადგა ხანმოკლე ეტაპი, როდესაც შევეცადეთ, ცენტრის როლი გვეთამაშა ჩვენივე პერიფერიების მიმართ, რაც სრული კატასტროფით დამთავრდა. 

– ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს გულისხმობთ?

– დიახ, საწყის ნაციონალიზმს, როდესაც ქვეყანამ უარი თქვა ყოფილ იმპერიაზე და საკუთარი პოლიტიკის ჩამოყალიბება დაიწყო. მაშინ, ალბათ, გახსოვთ, ანდრეი სახაროვმა ჩვენ მიმართ გამოიყენა ცნება „პატარა იმპერია“. ქვეყანამ დაიწყო ცენტრის როლის თამაში ძალიან ვიწრო სივრცეში და ეს სრული ფიასკოთი, აუნაზღაურებელი დანაკლისით დამთავრდა. შემდეგ ჩვენ გადავერთეთ სხვა პროექტზე. ეს იყო ევროცენტრიზმის პროექტი, როდესაც უკვე ევროპაა დანახული ცივილიზაციის განვითარების წერტილად. ამოცანაა, რომ პერიფერია გაუყვეს მოდერნიზაციის გზას, რომელიც აღთქმულ მიწამდე მიიყვანს.  ჩვენი აზროვნება – როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში – დარჩა სატელიტის მდგომარეობაში. ეს მოხდა არამარტო ჩვენთან, არამედ, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ ერთი პროექტიდან მეორე პროექტზე გადაწყობა არ გულისხმობს, რომ შენ შენი დამოუკიდებელი ხმა გაგიჩნდა. ეს ნიშნავს ახალ კლიშეს – რომ ბრუნდები ევროპაში. „ევროპაში დაბრუნება“ ჩვენი მოგონილი არ არის, აღმოსავლეთ ევროპელ ინტელექტუალთა მხრიდან ითქვა პირველად და ამას ევროპა, ანუ ახალი ცენტრიც ადასტურებდა. ამ ტერმინს იყენებს უკრაინაც. ახალ ცენტრზე გადაწყობის ფონზე, ჩვენ უარს ვამბობთ, გვქონდეს საკუთარი  ხმა და ეს ყოველთვის იჩენს თავს პოლიტიკაში. აქედან მომდინარეობს, რომ ჩვენ არ გვაქვს საშინაო პოლიტიკა და აქედან მომდინარეობს მთელი რიგი გაუგებრობები საგარეო პოლიტიკაშიც. საქართველომ არ იცის, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს კრიზისულ სიტუაციაში, რადგან ამაზე ღრმად არ უფიქრია. 

– მინდა, დააზუსტოთ: ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – არსებითად არასწორად მიგაჩნიათ, თუ, თქვენი აზრით, ფიქრი დაგვაკლდა იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რას ნიშნავს ჩვენი ევროპელობა? 

– თქვენს კითხვას თქვენვე უპასუხეთ, ფაქტობრივად.

– არა, ეს რიტორიკული კითხვა არ ყოფილა. 

– იმას ვგულისხმობ, რომ თქვენ თქვით ფრაზა: „ფიქრი დაგვაკლდა“. გეთანხმებით, რომ ფიქრი დაგვაკლდა. „ქართველის“ და „საქართველოს“ ცნებას ცალკე კვლევა სჭირდება. პირველად იოანე საბანისძე განმარტავს, რომ  ჩვენი ქვეყანა არის საქრისტიანოს კიდეზე, ყურეში, ანუ პერიფერიაზე.

– დიახ, ასეა. 

– და დასძენს, რომ ლამის ხუთასი წელია, მიღებული გვაქვს ქრისტიანობა. თავიდანვე განსაზღვრულია „საქართველოს“ დრო და სივრცე. დღესაც „ქართველი“ საკრალური ისტორიის და გეოგრაფიის ტყვეობაშია. ზეციური საქართველო, როგორც ერთიანი, მონოლითური სხეული, მიიწევს მიზნისკენ, ხსნისკენ. ადრინდელი ხსნა სოციალიზმის მშენებლობით დამდგარ კომუნიზმში მდგომარეობდა. გამსახურდია ხსნას „ქრისტეს გზის“ ბოლოს არსებულ „ერის აღდგომაში“ ხედავდა. ეს გზა, უბრალოდ, ჩანაცვლდა „ევროპით“, თანამედროვე რძისა და თაფლის მიწით. რაც შეეხება ცნობილ ფრაზას „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ასახავს იდენტობის კრიზისს, რომელიც „ქართველს“ ჰქონდა 1990-იან წლებში. ეს კრიზისი ძალიან მოხერხებულად გადაიჭრა იმით, რომ უბრალოდ გამოცხადდა – ქართველი არის ევროპელი. კრიზისი გადაიჭრა ფრაზით, რომელიც შემდგომში პოლიტიკოსებისთვის ძალიან კარგ იარაღად გადაიქცა. თუ ვამბობთ, რომ ქართველი არის ევროპელი, ყოველთვის გამოჩნდება პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ევროპის სახელით ილაპარაკებს. 

– პირადად თქვენთვის, ქართველი არის თუ არა ევროპელი? თუ ვიღაც სხვაა? 

– ყველა ცნებას თავისი ისტორია აქვს. ერთმა პოპულარულმა ქართველმა მწერალმა ქალმა რამდენიმე წლის წინ დაწერა – ჩვენ არ გვეუბნებოდნენ, რომ იმთავითვე ევროპა ვიყავითო. ეს რას ნიშნავს? ევროპაც არ ყოფილა იმთავითვე ევროპა. სიტყვა „ევროპა“, „ევროპელი“. ოფიციალურ დოკუმენტში პირველად  1713 წელს გაჩნდა, უტრეხტის ზავში. მანამდე არის ქრისტიანი, საქრისტიანო. პეტრე პირველის ეპოქაში რუსეთიც ჩაეწერა ევროპულ კლუბში. შემდგომში, ანტონ პირველი თუ მისი მოწაფეები თავის ნაწერებში აღნიშნავდნენ, რომ რუსეთი არის ევროპა და მას ევროპა შემოაქვს საქართველოში – რომელიც მათთვის იყო აზია. პეტერბურგში ჩასული ანტონ პირველი წერს: მოვედი ევროპაში აზიიდანო. დღევანდელი ყურისთვის ეს შეიძლება ცოტა საჩოთირო იყოს, მაგრამ მაშინდელი ქართული ელიტისთვის რუსეთი იყო ევროპა, რომელსაც ევროპულობა შემოჰქონდა აზიაში. თავად  რუსები კი ფიქრობდნენ, რომ მათ ცივილიზაცია შემოჰქონდათ ჩამორჩენილ მხარეში. 

– ცოტა შორს წავედით. ბოლოს მაინც იქამდე უნდა მივიდეთ, ვართ თუ არა ევროპა. 

– აქ მივდივართ უზარმაზარ კითხვამდე, რომლის პასუხს დღევანდელი ევროპელი მოაზროვნეებიც ეძიებენ – რა არის ევროპის იდეა? რას ნიშნავს ევროპა? დღეს ქართველი პოლიტიკოსების თუ კულტურის მოღვაწეების მხრიდან გვესმის, რომ ევროპა ქართველი ერის ბედისწერაა; რომ, თითქოს, ქართველი მეფეები ისტორიულად მიიწევდნენ ევროპისკენ. ჩემთვის ამგვარი აზროვნება – მიზნის ბედისწერად წარმოდგენა – ცხადია, მიუღებელია. ეს, პირველ რიგში, თვითონ ევროპელი მოაზროვნეებისთვის არის მიუღებელი. როდესაც ჟაკ დერიდა და სხვა ფილოსოფოსები იცავენ ევროპას, ეს ყოველთვის ევროცენტრულობის მიღმა ხდება. ჩემთვის ევროპა არ არის ბედისწერა. ასევე, ევროპა არ არის მოდერნულობის კიდევ ერთი პროექტი, რომლისკენაც პერიფერია უნდა მიიწევდეს. ჩემთვის ევროპა არის უნიკალური დასავლური პოლისი – პოლიტიკა, საზოგადოება. როგორც ჰანა არენდტი იტყოდა, პოლისი არის თეატრი, სადაც შეიძლება იშვას თავისუფლება.  მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპას აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე. ევროპას ახასიათებს საკუთარი წარსულის კრიტიკა, კოლონიალიზმის თუ იმპერიალიზმის მხილება. რაც არ ხდება არაევროპულ ქვეყანაში, მით უმეტეს, რუსეთში, რომელიც თავისი იმპერიალიზმის ტყვეობაშია. 

– ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩვეულებრივი მოვლენაა საკუთარი წარსულის მხილება. 

– დიახ. ამერიკაში შესაძლებელია, დაიწეროს წიგნები, სადაც გაცამტვერებულია საკუთარი ქვეყანა და მისი წარსული. 

– მაშინ, რით არის ევროპა გამორჩეული? გამოდის, დასავლეთზე ლაპარაკობთ.

– დიახ, ერთი სივრცეა. ჩემთვის ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება წარმოიშვას თავისუფლება. სადაც ჩვეულებრივი ამბავია მსჯელობა, „ფიქრის გორება“, პოლიტიკის განხილვა და ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობა. სხვა საკითხია, დღევანდელი ევროპა რამდენად ახლოს არის საკუთარ იდეალებთან. 

– პერიოდულად საქართველოში რომ იწყება სახალხო პროტესტი, თუნდაც, ხელისუფლება რომ იცვლება, ან კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება პროტესტის შედეგად – არის თუ არა ხალხის ნების ეს პერიოდული ამოფრქვევა ევროპული მოვლენა? არის თუ არა მცდელობა, გავიაზროთ, სად ვართ და საით მივდივართ? 

– რა თქმა უნდა. ეს არის, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ეს მოხდა 1958 წელს ბუდაპეშტში,  1956 წლის 9 მარტს, 1978 წლის 14 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში. ეს არის ხალხის წინააღმდეგობა, ნამდვილი პოლიტიკური მოძრაობა. 2014 წლის ევრომაიდანი იყო არა მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების, არამედ, უფრო დიდი ცენტრის მიმართ ხალხის მიერ გამოხატული პროტესტი, უსამართლობების მიმართ დაგროვილი დამოკიდებულების ამოფრქვევა, მოვლენა, რომელიც ძალიან დიდ, მატრიცულ ტექსტს ცვლიდა. 

– უკრაინა, როგორც პოსტკოლონიური ქვეყანა, დღემდე ეძებს თავისი, როგორც დამოუკიდებელი ცენტრის ადგილს? 

– დიახ, თავისი ხმის შეძენას ცდილობს. 

– ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ნიშნავს თუ არა, რომ ქვეყანამ საკუთარი თავდადებით შეძლო რეალურ ისტორიაში დაბრუნება? თუ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ უკრაინას კიდევ მოუწევს დამტკიცება, რამდენად სტაბილურად შეძლებს იმ შედეგის შენარჩუნებას, რასაც სისხლით და თავდადებით მიაღწია? უკვე არის იქ, სადაც მისი ხმა ისმის? თუ ეს მონაპოვარი დროებითია და შეიძლება, ისევ დაიკარგოს?

– რუსეთს არ სურს, დაუშვას, რომ ქვეყანაში, რომელსაც დღემდე საკუთარ ნაწილად აღიქვამს, დამოუკიდებელი პოლიტიკის პრეცედენტი გაჩნდეს. მას სურს, რომ უკრაინაში იყოს მისი მსგავსი, ბრუტალური ავტოკრატიული რეჟიმი და უკრაინას ჰყავდეს ლუკაშენკოს მსგავსი პრეზიდენტი.  რუსეთი ვერ უშვებს, რომ უკრაინა იყოს განსხვავებული პრეცედენტი და განსხვავებული ხმა.

– უკრაინამ უკვე იპოვა ეს განსხვავებული ხმა? თუ კიდევ მოუწევს დამტკიცება, რომ მშვიდობიანობის დროსაც შეუძლია, დამოუკიდებლად იაზროვნოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს?

– საინტერესო რა არის, იცით? ამ ბოლოს დროს უფრო მეტად დავინტერესდი უკრაინული საჯარო სივრცით, დებატებით, დისკუსიებით, რაც უკრაინაში ხდება. მე მგონი, თავად უკრაინელებმაც ამ მოვლენების შემდეგ უფრო მეტად დაიწყეს საკუთარი ისტორიის განხილვა. ცხადია, ამის მხარდაჭერაც არსებობს დასავლეთის მხრიდან. განხილვა საკუთარი ისტორიოგრაფიის, უბნელესი მომენტების, საკუთარი ისტორიის, ჰოლოდომორის, თუ ნაციზმთან საკუთარი რადიკალი მემარჯვენეობის ტრადიციის. იმდენი წიგნი შემხვდა, როდესაც ამ საკითხს ჩავუჯექი… ყველა წიგნი უახლოეს წარსულშია გამოცემული. იმდენი საინტერესო მწერალი ჰყავთ, საკუთარი ხმის შეძენის სურვილით… ცოტა არ იყოს, შემშურდა მათი. ასეთი ალტერნატივა, როგორიც არის უკრაინა, რუსულ იმპერიულ პროექტს არ გააჩნია. რუსმა ინტელექტუალებმა (დმიტრი ბიკოვმა, ბორის აკუნინმა) დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ კიევმა, შეიძლება, ჩაანაცვლოს მოსკოვი, როგორც სლავური ისტორიის ცენტრი; რომ უკრაინის მისწრაფებამ თავისუფლებისკენ, შეიძლება, სლავების ისტორიაში ჩაანაცვლოს მოსკოვი, რომელიც დომინანტი ცენტრი იყო, ბოლო 600 წლის მანძილზე. თუ არ ჩაანაცვლებს, ყოველ შემთხვევაში, მოსკოვისთვის კიევი და მისი მისწრაფება, რომ საკუთარი ხმა შეიძინოს, იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა, ან, სულაც, მარცხი. ის არასოდეს შეეგუება, რომ ასეთი განსხვავებული პროექტი არსებობდეს. 

– გამოდის, რომ საკუთარ იდენტობას უკრაინელები ნაბიჯ-ნაბიჯ იკვლევდნენ  და ეს არ იყო ფაქტი, რომელიც მხოლოდ მაშინ დადგა, როდესაც საკუთარი სიცოცხლით მოუხდათ იდენტობის და სახელმწიფოს დაცვა. მაგრამ ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა უკრაინაში იყო დიდი კორუფცია, რუსეთზე ორიენტირებული ბევრი ადამიანი ჰყავდათ მაღალ თანამდებობებზე. უკრაინას ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემების დიდი ნაწილი წარსულში დარჩა?

– ჯერ ხომ არ ვიცით ომის შედეგები?

– მიუხედავად ომის შედეგებისა. 

– ჩვენ ხშირად ვებღაუჭებით საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდს, როცა ვცდილობდით, რომ რაღაც ნამდვილად ღირებული შეგვექმნა. უკრაინის შემთხვევაში, ეს ომი ისეთი პრეცედენტია, რომლის დავიწყება შეუძლებელია; ისეთი მოვლენაა, რომელსაც ვერანაირად ვერ წაშლი. უკრაინა ყოველთვის დაუბრუნდება თავის თავგანწირვას, როგორც მისაბაძ მოვლენას, როგორც იდეალს. მე მგონია, რომ ომის შედეგად. ტრავმების ნაცვლად, უკრაინას დარჩება მეტი შემართება და დაწინაურდება სურვილი, რომ საკუთარი დამოუკიდებელი ნება გამოკვეთოს. ამ ომმა ყველაფერი შეცვალა. უკრაინას მყარად ჩამოყალიბებული არ ჰქონდა საკუთარი ისტორიული ნარატივი. რუსეთმა თავისი ომებით გამოიწვია ის, რომ უკრაინას გაუჩნდა სურვილი, გამოეცალკევებინა თავი რუსეთისგან და დაენახა საკუთარი ნამდვილი, ავთენტური ისტორია თუ კულტურა. ამ ყველაფერს ძალიან მძლავრი ბიძგი მისცა რუსეთმა. 

– სხვათა შორის, რუსი ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი ამბობდა, დრო რომ გავა, შეიძლება, კიევში პუტინს ძეგლი დაუდგან იმის გამო, რაც მან ახლა უკრაინას გაუკეთაო. რუსეთზე მინდა, გკითხოთ: როგორც სპეციალისტები ამბობენ, ომმა უკრაინაში და თანმდევმა მოვლენებმა დაასრულა ერთგვარი „ჰიბრიდული პუტინი“. რუსეთის ლიბერალური კლასის დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. რას მოუტანს ეს რუსეთს, მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ პერსპექტივაში?

– დღეს რუსეთის ხელისუფლებას, უბრალოდ, აღარ ესაჭიროება კრეატიული კლასი, მოაზროვნე ადამიანები. ისინი მარგინალები ხდებიან. ხელისუფლება სულ უფრო მეტად ეყრდნობა ღრმად კონსერვატორულ აუდიტორიას, რომლის მსოფლმხედველობასაც ის თავად ქმნის. რუსეთს უკვე ეტყობა იმ მოაზროვნე ადამიანების დანაკლისი, რომლებზეც საკუთარი სურვილით თქვა უარი. 

– ფაქტობრივად, განდევნა ქვეყნიდან, ისეთი პირობები შექმნა. 

– პუტინმა თავისუფალი აზროვნების ყველა კერა დახურა, ყველაფერი შეზღუდა. ამას დაუმატა სასჯელის ფორმები. 2012 წლიდან რუსეთი ნელ-ნელა გადავიდა ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის რეჟიმზე, რომელიც მუდმივად საფრთხეშია და მუდმივად ომის მდგომარეობაშია. 

– თქვენ თქვით, პუტინს კრეატიული კლასი აღარ ესაჭიროებაო. არსებული სანქციების ფონზე, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ქვეყანა თვითონ შექმნის ყველაფერს, რაც სჭირდება, კრეატიული კლასისგან რუსეთის დაცლა რამდენად დაამძიმებს პრობლემას? 

–  ეს შეიძლება არც იყოს ცუდი იმიტომ, რომ ყველაზე ნიჭიერ ადამიანებს მოკვეთილი ექნებათ გზა პუტინის ხელისუფლებისკენ.

 რეჟიმის სიმყარისთვის არ იქნება ცუდი? ამას გულისხმობთ?

– ადრე ხომ თანამშრომლობდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან?! თუმცა, ხელისუფლების მიმართ ლოიალობა უფრო და უფრო მცირდებოდა. ახლა კი კრიტიკამ მკვეთრად მოიმატა. მე მგონია, რომ უკრაინა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის არ იბრძვის, რუსეთის თავისუფლებისთვისაც იბრძვის. რუსული საზოგადოების ნაღები რაც უფრო მეტად გამოეყოფა და დაუპირისპირდება რუსეთის იმპერიულ ტვირთს, ვფიქრობ, ცუდი არ იქნება.

 – ჩემმა სტუმარმა აკა ზარქუამ თქვა, რომ, „ნებისმიერი იმპერიის მსგავსად, რუსეთის იმპერიაც პულსირებადი ცივილიზაციაა – მხოლოდ გაფართოების და შევიწროების ფარგლებში არსებობს.“ პუტინის აღქმაში, ახლა რუსეთის საზღვრების გაფართოების ფაზაა. მაგრამ ამ იდეის მარცხი თავად რუსეთის ფედერაციის საზღვრების ცვლილებას ხომ არ გამოიწვევს? ამაზე რუსეთის ლიბერალური კლასი უკვე ხშირად საუბრობს.

– პუტინს „რუსული მიწის შემომკრებს“ ეძახიან. რუსეთის მეფეები ზოგჯერ ამით იღებდნენ ლეგიტიმაციას, რომ დაკარგულ მიწებს შემოიერთებდნენ ხოლმე. პუტინის ამოსავალი წერტილია „რუსული მიწების“ შემოკრება და არავინ იცის, ამაში რა იგულისხმება. „პერესტროიკის“ დროს არსებობდა განწყობა, რომ რუსეთი ტოვებდა წარსულს და რაღაც ახალში შესაბიჯებლად ემზადებოდა. შეიძლება, დღესაც ეს უნდოდეს ბევრ რუს მოაზროვნეს, მაგრამ რა მოხდება ომის შემდეგ, რთული სათქმელია. რუსული იმპერიები საკუთარ ისტორიულ პრეროგატივად იღებენ იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ხალხების დაცვას „უწმინდური სამყაროსგან“. XIX საუკუნეში ეს იყო ევროპული რევოლუციური იდეები, საბჭოთა კავშირის დროს – „დამპალი კაპიტალიზმი“. დღეს ამბობენ, რომ  კონსერვატიულ, ტრადიციულ ფასეულობებს იცავენ დეკადენტური დასავლეთისგან. ეს ტრადიციული რეფრენები რუსეთის ისტორიას და რუსეთის პროექტებს მუდმივად გასდევს. პუტინმა, უბრალოდ, გადაიბარა ტრადიცია და აქედან უკან დახევა, პირადად მე, ვერ წარმომიდგენია. 

– უკრაინისგან განსხვავებით, ბოლო 30 წელიწადში რუსეთთან გადატანილ ომებს საქართველოში არ გამოუწვევია მოსახლეობის კონსოლიდაცია და დადებითად არ ასახულა ქვეყნის განვითარებაზე. პირიქით, მუდმივი შიდა კონფლიქტების და დაპირისპირების გარემოში ვცხოვრობთ. რატომ ვერ გახდა კონსოლიდაციის საფუძველი ვერც ერთი ფაქტი და მოვლენა, 1989 წლის შემდეგ?

– ვფიქრობ, ეს საკითხი საკუთარი წარსულის გააზრებასთან არის მიბმული. ეს კონფლიქტები, რომლებიც დროის გარკვეული ინტერვალებით მეორდებოდა, მტკიცედ არის დაკავშირებული რუსეთთან. მგონია, რომ პრობლემის არსი არის ის, თუ რამდენად შეგვიძლია გამოვიდეთ მსხვერპლის ფსიქოლოგიის ტყვეობიდან; რამდენად შეგვიძლია, უარი ვთქვათ მარტივ პასუხებზე. როგორც გითხარით, უკრაინაში  ძალიან კარგად არის განვითარებული მსჯელობა მთელ რიგ პრობლემებზე, რაც ამ ქვეყანას აქვს. რუსეთთან კონფლიქტმა გამოიწვია ადრინდელ – ჰოლოდომორის და სხვა ამბებში – კარგად ჩაძიება. უკრაინელებს, ისტორიკოსების გარდა, ძალიან კარგი ლიტერატორები, მწერლები, რეჟისორები ჰყავთ. საქართველოში უნდა დავსვათ კითხვა – როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის იმპერიასთან, ჩვენი ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე? რა შედეგი ჰქონდა რუსეთის იმპერიას ჩვენს განვითარებაზე? ჩვენს აზროვნებაზე? აქ უკვე უნდა გადავდოთ გვერდზე რაღაც მარტივი, თითქოს, კლიშირებული პასუხები, რაც ჩვენ გვახასიათებს ჩვენი ისტორიის განხილვისას. მარტივად ხდება პასუხების მოძებნა მთელ რიგ მოვლენებზე და, თითქოს, საქართველოცენტრული გადმოსახედი გვაქვს. ამ დროს, ეს ყველაფერი მოითხოვს ძალიან დიდი, ვრცელი კონტექსტის კარგად ცოდნას. მე მგონია, რომ რუსეთთან კონფლიქტების გააზრების პრობლემა დაკავშირებულია ჩვენი ისტორიის არასწორ გაგებასთან. ჩვენ გვახასიათებს თვითცენტრულობა, საკუთარი ქვეყნის ეგზოტიზება, მსხვერპლის ფსიქოლოგია, რესენტიმენტი ანუ საკუთარი პრობლემების სხვებისთვის გადაბრალება. ამით ჩვენ ვკარგავთ ფაქიზი ანალიზის შესაძლებლობას, ვკარგავთ უნარს, რომ კონტექსტის ღრმად ჩაწვდომით, სწორად გავაანალიზოთ მოვლენები. ის, რაც უკრაინას დაეხმარა, ჩვენც უნდა გვეხმარებოდეს – აქტიური საჯარო დისკუსია მთელ რიგ მოვლენებზე. ოღონდ, ამაზე მოთხოვნილება უნდა იყოს ქვეყანაში, საზოგადოებაში. აქამდე ყოველთვის განწყობილი ვიყავით, რომ მარტივი პასუხები გვეძებნა და მათ ჩავბღაუჭებოდით.

– მესმის, რომ უკრაინაში იყო დისკუსია, ისტორიის და პრობლემების გააზრების მცდელობა. მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ეს დისკუსია დავიდა თითოეულ უკრაინელამდე, რომელიც დღეს ახალ სახელმწიფოს ქმნის? სწორად მიგაჩნიათ  თუ არა დაშვება, რომ საკუთარი ხმის ძიებამ წარმოქმნა ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც შემდეგ დიდწილად განაპირობა ახალი სახელმწიფოს სახე?

– უკრაინის მისწრაფებას და ძალისხმევას, რომ კარგად ჩაეძიოს და გაიგოს საკუთარი ვინაობა, საკუთარი წარსული – აუცილებლად ექნება გამოძახილი პოლიტიკაში. პოლიტიკა მიბმულია საკუთარი აზროვნების დაწყებასთან. სწორედ ამას მოსდევს პოლიტიკა და პოლიტიკოსების გამოჩენა. თუ არ გვექნება საკუთარი აზროვნება, არ გვეყოლებიან რეალური პოლიტიკოსები. და ვინც იქნებიან პოლიტიკურ ველზე, ისინი მიითვისებენ ევროპას, ისაუბრებენ ევროპის სახელით. ეს აუცილებლად მოხდება, თუ ჩვენ არ გვეცოდინება, რა არის ევროპა და თუ არ გვეცოდინება საკუთარი თავი. 

– პუტინის მთავარი ამოცანა იყო უკრაინაში არსებული ხელისუფლების დამხობა და პრორუსული ხელისუფლებით ჩანაცვლება. დიდი ალბათობით, რუსეთს ზუსტად იგივე მიზანი ჰქონდა საქართველოში, 2008 წლის ომის დროს. რა არსებითი განსხვავებაა მაშინდელ სააკაშვილსა და ახლანდელ ზელენსკის შორის? რატომ ვერ ვაქციეთ ხელისუფლების შენარჩუნება ქვეყნისთვის პოზიტიურ ფაქტორად? 

– ორივე ქვეყნისთვის ომი იყო შესაძლებლობა, რომ დაწყებულიყო დამოუკიდებელი აზროვნება, საკუთარი რაობის გააზრება. მაგრამ უკრაინა უფრო მეტად დემოკრატიული იყო, ვიდრე სააკაშვილის საქართველო. უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედება აღიქვეს, როგორც ზოგადად ქვეყანაზე, მოსახლეობაზე აგრესია და არა – კონკრეტულ ლიდერზე. საქართველოს შემთხვევაში, ომს წინ უსწრებდა 2007 წლის ნოემბრის მოვლენები, ავტორიტარული მართვა, რაც დისკუსიას ხელს არ უწყობდა. ომის გააზრებას თავად ხელისუფლება აწვდიდა მოსახლეობას; დაკვეთა მისგან მოდიოდა და არა ხალხისგან. შეიძლება, ამანაც შეგვიშალა ხელი, რომ პუტინის მხრიდან სააკაშვილის ჩამოგდების განზრახვას არ მოჰყვა ხალხის კონსოლიდირება ლიდერის გარშემო. ხელისუფლება არ იყო იმდენად უმწიკვლო, რომ ეს მომხდარიყო. 

– 2024 წელს ჩვენ ჩავატარებთ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს და ბევრი ფიქრობს, რომ ეს არჩევნები არსებითად შეცვლის პოლიტიკურ სურათს. მაგრამ, თქვენი ლოგიკის მიხედვით,  დამოუკიდებელი პოლიტიკა ვერ გვექნება, სანამ ჩვენ ღრმად არ ჩავხედავთ საკუთარ თავს, ჩვენ მიერ განვლილ გზას; სანამ არ გავიაზრებთ ჩვენს შეცდომებს, ჩვენს ფუნქციას; სანამ არ გავცოცხლდებით. რა მიგაჩნიათ იმ პლატფორმად, სადაც შეიძლება ვცადოთ, რომ პროვინციული, სხვაზე მიბმული აზროვნება საკუთარი, დამოუკიდებელი აზროვნებით შევცვალოთ? 

– თქვენ მეკითხებით, როგორ შეიძლება ჩაკეტილი წრის გარღვევა?  

– დიახ. პირობითად რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება, რომ ზელენსკის მსგავსი ლიდერი გაჩნდეს საქართველოში და ჩვენც უკრაინელების მსგავსად ვცადოთ, რომ საკუთარი ხმა მოვიპოვოთ და მსოფლიოს გავაგონოთ? 

– ჩვენ მოცემულობად ვიღებთ, რომ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები გვყავს. მაგრამ, იცით, არსებითად, რა მგონია პრობლემა? რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საბჭოთა გამოცდილებას დავშორდით, სინამდვილეში, ჩვენი პოლიტიკა მაინც დიდწილად მიბმულია საბჭოთა მემკვიდრეობასთან. საქართველოს შემთხვევაში, სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ერის ფორმირება, „გლეხებიდან ქართველებად“ ქცევა ხდება არა დეკოლონიზაციის, არამედ, საბჭოთა რეკოლონიზაციის დროს. საბჭოთა მოდელში მოსახლეობას ხმა წართმეული ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ხალხის სახელით ახლად წარმოქმნილი პარტიები ალაპარაკდნენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა ნომენკლატურა ჩაანაცვლეს მმართველმა პარტიებმა, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენდნენ სახელმწიფოს ადმინისტრაციას და მმართველ ძალას. ალექსეი ნავალნის ცნობილი ფრაზაა „თაღლითების და ქურდების პარტია“, რაც მან რუსეთის მმართველ პარტიას – Единая Россия-ს უწოდა. ეს შეფასება, სხვადასხვა ხარისხით, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას შეესაბამება. მმართველი პარტია, რომელმაც ძველი ნომენკლატურა ჩაანაცვლა, ქმნის კონსტრუირებულ ისტორიას, მედიის საშუალებით ქმნის არარსებულ რეალობას და ცდილობს, ჩაახშოს ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ეს მატრიცული ტექსტი  შეცვალა მაიდანმა უკრაინაში 2014 წელს. ვეთანხმები უკრაინელ რეჟისორს სერგეი ლოზნიცას, რომ მაიდანი იყო პირველი ნამდვილი სახალხო რევოლუცია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ მხრივ, უკრაინა იყო ყველაზე წარმატებული ქვეყანა საბჭოთა მემკვიდრეობის ცვლილებაში. ჩვენ როგორ გვინდა, რომ ეს მძიმე მემკვიდრეობა დავასრულოთ? როგორ შევქმნათ ავთენტური პოლიტიკა? საიდან მოვიყვანოთ პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ინტერესებს გამოხატავენ და არ შეეცდებიან საქართველოს სახელით სპეკულირებას? ეს ნამდვილად სხვა სირთულის კითხვებია, ვიდრე ის, თუ როგორი იქნება პოლიტიკური სპექტრი 2024-ში, ან 2030-ში. მე სურვილი მაქვს, რომ უკრაინის მოვლენებმა ჩვენც დაგვაფიქროს ავთენტურ პოლიტიკაზე,  ზეციური საქართველოდან თუ გეოპოლიტიკური დაპირისპირებიდან ჩამოგვიყვანოს ფუნდამენტურ პრობლემებამდე და საჭიროებებამდე, არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ მე ამის დიდი სურვილი მექნებოდა. 

– „უკრაინელები ჩვენს ნაცვლადაც იბრძვიან“ მარტო იმას არ ნიშნავს, რომ ტანკით იბრძვიან. შეიძლება, ახლა ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, იქით გვიბიძგოს მათმა წარმატებამ საკუთარი სახელმწიფოს დამკვიდრების გზაზე. 

– საკუთარი სახელმწიფოს სუვერენულობა  შეიძლება მყიფე იყოს და მას დაცვა, ზრუნვა, შენარჩუნება სჭირდება. საკუთარი ხედვის აუცილებლობაზე უნდა დაგვაფიქროს ამ დიდმა ბრძოლამ. 

– გამოდის, უკრაინელებმა დაგვანახეს, რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი იმ დიდ ბრძოლაში, რომ, ბოლოს და ბოლოს, აღარ ვიყოთ პერიფერია და, იქნებ, დავიბრუნოთ თუ შევიძინოთ ჩვენი თავი. რა უფრო სწორი იქნება – დავიბრუნოთ, თუ შევიძინოთ?

– ალბათ, ორივე  ერთად.

„ვეთანხმები მუდმივად ცვლილების პრინციპს.“

– დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია გერმანელი ფსიქოლოგი ერიხ ფრომი (1900-1980): „იმისთვის, რომ სიბრიყვის საერთო დონე შევამციროთ, „ინტელექტის“ გაზრდა კი არ გვჭირდება, არამედ, ხასიათის სხვა ტიპი: დამოუკიდებელი, ინიციატივიანი, ცხოვრებაზე შეყვარებული ადამიანები.“ 

– სავარაუდოდ, ეს ფრაზა ფრომის ამერიკაში ცხოვრების პერიოდს ეკუთვნის. ის ძალიან უკმაყოფილო იყო ამერიკული ცხოვრების სტილით. წერდა წიგნებს, რომლებსაც ჰქვია „ჯანსაღი საზოგადოება“, „გაქცევა თავისუფლებისგან“. სიტყვა „ინტელექტი“ ბრჭყალებში იმიტომ ზის, რომ ფრომი არ ეთანხმებოდა ამერიკულ კულტურას, რომელიც მიიჩნევდა, რომ მეტი განათლებით, მეტი რაციონალური ინდივიდის შექმნით შეიძლებოდა ზოგადი ცოდნის დონის აწევა. ფრომისთვის უპირატესია არა აბსტრაქციებზე დაფუძნებული ინტელექტი და გზამკვლევებით მიღებული თეორიული ცოდნა, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილება.

– საქართველოში რა პრობლემაზეც არ უნდა დაიწყოს მსჯელობა, მთავრდება იმით, რომ მეტი განათლებაა საჭირო. ფრომის ციტატის მიხედვით კი, სიბრიყვის დონის შემცირებისთვის ხასიათის შეცვლა დაგვჭირდება. არა მეტი განათლება, არამედ, მეტი სიცოცხლე. 

– სწორედ მაგის თქმა მინდოდა. ფრომი ამბობდა, რომ უნდა გამოვიდეთ ცხოვრების სიყვარულიდან, რომელსაც თან სდევს საკუთარი ინიციატივის, საკუთარი აზროვნების დაბადება. 

– მეორე ციტატა ეკუთვნის ჩინელ ფილოსოფოს კონფუცის (ძვ.წ.551-479): „ვისაც სურს, რომ ბედნიერება და სიბრძნე მოიპოვოს, მუდმივად უნდა იცვლებოდეს.“

– ვეთანხმები მუდმივად ცვლილების პრინციპს. სტატიკურობაზე დაფუძნებული ადამიანური ყოფა, რომელიც არ ცნობს ცვლილებას და ახლებურად დანახვის შანსს, ჩემთვის მიუღებელია. პირველი თავში მოდის ჰერაკლიტეს პრინციპი, რომ  ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ვემხრობი, რომ სამყარო უნდა მივიღოთ, როგორც დაუსრულებელი დინება. თქვენს თავდაპირველ კითხვას ვუბრუნდები: მუდმივი აქტივობით და მუდმივი ახალგაზრდობით მოიპოვება ბედნიერება და სიბრძნე –  მე ასე ვხედავ. 

ქართულ პოლიტიკასა და სხვა დემონებზე

პოლიტიკის არსი თავისუფლებაა.

ჰანა არენდტი

სათაური მეტად ოპტიმისტურია. უფრო უპრიანი და მართებული ქართულ ანტი-პოლიტიკაზე საუბარი იქნებოდა. შევეცდები განვმარტო თუ რატომ.

ცნობილი ფრანგი ანთროპოლოგი ლუი დიუმონი (1911-1998) თავის ნაშრომებში საზოგადოებათა ორ ტიპს, ჰოლისტურსა და ინდივიდუალურს, გამოყოფდა. იგი ამტკიცებდა, რომ სხვა ცივილიზაციების იერარქიულობასა და ჰოლიზმისგან განსხვავებით, დასავლური ცივილიზაცია ინდივიდუალიზს მტკიცედ ეყრდნობა. თანასწორობისა და თავისუფლების ორი ცენტრალური იდეალი თავის თავში გულისხმობს ადამიანის, როგორც ცალკე ინდივიდუალის ცნებას, კაცობრიობის შედგენას ადამიანთა მიერ და თითოეული ადამიანის წარმოდგენას კაცობრიობის არსად, მისი უნიკალურობის მიუხედავად და ამ უკანასკნელზე მაღლა. ჰოლისტურ საზოგადოებაში, როგორც პლატონის რესპუბლიკაში, ცალკე ინდივიდუალი არაა სრული მორალური არსება, აქ არსებობს არა თანასწორობა და თავისუფლება, არამედ ადამიანის კოლექტიური იდეა და ადამიანს მხოლოდ როგორც ერთი მთლიანის ნაწილს აქვს მნიშვნელობა. დიუმონი წერდა, რომ ინდივიდუალიზმი არის ქრისტიანობისა და სტოიციზმის წმინდად დასავლური მემკვიდრეობა, გაგრძელებული რეფორმაციით, რომელიც შემდგომში  თანასწორობის  (როგორც საფრანგეთში) ან სინგულარობის (უნიკალურობის, როგორც გერმანიაში) ინდივიდუალიზმად გამოიხატა.

თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ლუკ ფერი თავის წიგნში “აზროვნების მოკლე ისტორია” (2011წ.) კაცობრიობის ძველ ბერძნულ და ქრისტიანულ გაგებას ერთმანეთისგან მიჯნავს. მისი თქმით, “ქრისტიანობამ დაამკვიდრა ცნება, რომ კაცობრიობა ძირეულად მსგავსია, ხოლო ადამიანები ღირსებით თანასწორები არიან. თავისი დროისთვის ეს იყო უპრეცედენტო იდეა, რომლის მიმართ ჩვენი მსოფლიო საკუთარი მთლიანი დემოკრატიული მემკვიდრეობითაა დავალებული.”  თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდესი მოაზროვნე, იურგენ ჰაბერმასი აგრეთვე წერს, რომ თავისუფლების, ეგალიტარიანიზმის და საყოველთაო უფლებათა ფასეულობები  იუდაური სამართლის ეთიკისა და ქრისტიანული სიყვარულის ეთიკისაგან მომდინარეობს.

ქართული პოლიტიკის საფუძვლების ახსნისას, ვფიქრობ, საინტერესოა ლუი დიუმონის კლასიფიკაციით ჩვენი საზოგადოების განხილვა. ქართული ყოფა, რომ ქრისტიანულის ნაცვლად წარმართულია, პირველმა 1927 წლის პუბლიკაციაში “ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი” ფილოსოფოსმა სერგი დანელიამ შენიშნა. დანელიას თქმით, ქრისტიანობაში ადამიანის კავშირის საფუძველი არის არა სისხლი, როგორც წარმართულ კაცობრიობას სწამდა, არამედ სიმართლე. ქრისტიანული ინდივიდუალიზმი არის თავისი ძმისგან გათიშვა და სამაგიეროდ უმაღლესი სიმართლის ძიება, გაპიროვნება ქრისტეში. ქართულ წარმართულ ინდივიდუალიზმში კი ადამიანი “ემიჯნება თავის წრეს, არა სიმართლისთვის, არამედ “მე”-სათვის”, ეტრფის დანარჩენისგან განაპირებას, გამიჯვნას, გაპიროვნებას, მაგრამ პიროვნებად ქცევა უჭირს.

ქართული ყოფის დიონისურობას 1924 წელს საინტერესოდ აღწერდა მოგზაური ოდეტ კეუნი, როდესაც მას ადარებდა დოღის ცხენს, “ველურს, დაუმორჩილებელს, რომელიც ბრმად წინ ისწრაფვის და არ იცის, თუ საითკენ მიდის”, “არსება შექმნილი აღლუმისთვის, თვალის სიამოვნებისთვის, ვიდრე მოხმარებისთვის”. იმავე ხანებში, 1932 წელს გამოცემულ წიგნში “ქართველი ხალხის ისტორია”, ისტორიკოსი უილიამ ალენი ქართველთა ინდივიდუალისტურ, “ესთეტიკურ უპასუხისმგებლობას” და “პირველყოფილი ადამიანის უზნეობასა და მოუთოკავობას” აღნიშნავდა.

დასავლური გაგებით ინდივიდუალიზმზე ქვეყნის ისტორიული გამოცდილებაც ნაკლებად მეტყველებს. საბჭოთა ეპოქის ადგილობრივ ისტორიოგრაფიაში (ჯავახიშვილი, ჯანაშია, ბერძენიშვილი, ლორთქიფანიძე) მყარად იყო დამკვიდრებული დასავლეთთან ნათესაობის თეზისი, ქართული პატრონყმობის ევროპულ ფეოდალიზმთან, ვიდრე უშუალო მეზობლებთან, მსგავსებების გამო. საქართველოში ფეოდალიზმის ალბათ ყველაზე ავტორიტეტულ, 1971 წელს საფრანგეთში გამოცემულ კვლევაში, მეცნიერმა ჟორჟ შარაშიძემ ქართული „პატრონყმობა“ ფრანგული „féodalité”-სგან პირიქით გამოყო. მან აღნიშნა, რომ აზნაურები უფრო მეტად იყვნენ მათი ბატონების ნებაზე დამოკიდებულნი, ვიდრე ფრანგი ვასალები. საფრანგეთში ფიცის და ინვესტიტურის რიტუალები უფრო ჩამოყალიბებული იყო, ვიდრე საქართველოში, სადაც დაწერილ კოდექსებს ამჯობინებდნენ. რომაული სამართლის ინტელექტუალური და იურიდიული არყოფნის გამო, ქართულმა ფეოდალიზმმა აბსტრაქტული თეორიული ჩარჩო ვერასოდეს ჩამოაყალიბა. საბოლოოდ, ფრანგული საზოგადოებისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება არასოდეს იყო დაყოფილი სამ ნაწილად – ვინც ლოცულობდა, ვინც იბრძვოდა და ვინც მუშაობდა.

ქართული და დასავლური ფასეულობების შეუთანხმებლობა შეიძლება აგრეთვე სამხრეთული კულტურისთვის დამახასიათებელი ფაქტორებითაც აიხსნას. ხორხე ლუის ბორხესი ესსეში “ჩვენი საცოდავი ინდივიდუალიზმი” (1946წ.) ამბობს, რომ არგენტინელი, განსხვავებით ამერიკელისგან ან ევროპელისგან, საკუთარ თავს  სახელმწიფოსთან არ აიგივებს. მისთვის “სახელმწიფო” არის წარმოუდგენელი აბსტრაქცია, რადგან ის იმპერსონალური, პირად ურთიერთობებს დაცილებული ცნებაა, ხოლო საჯარო ფულადი სახსრების გაძარცვა მისთვის დანაშაული სულაც არაა. როგორც ბორხესი ასკვნიდა, “ერთი რამ ცხადია, რომ არგენტინელი ინდივიდუალია და არა მოქალაქე.” შეიძლება ჩვენც განვაზოგადოთ, რომ ქართული საზოგადოება დიუმონის ინდივიდუალური ტიპისგან შორს და  ჰოლისტურ-იერარქიულთან ახლოსაა. მისი ინდივიდუალიზმი სხვა არაფერია, თუ არა პრე-საზოგადოებრივი, წარმართული. ჩვენთვის უცხოა ისეთი დასავლური ტერმინები, როგორიცაა “სახელმწიფო”, “სამოქალაქო საზოგადოება”, “მოქალაქე”, “ინდივიდუალი”. ეს ის ქვეყანაა, რომლის ენაში სიტყვა “კანონი” ნასესხებია (დანელია ამატებდა, რომ “სინდისიც”) და რომლის დედაქალაქში დიდი ჯიპები დინოზავრებივით დადიან.

ქართული პოლიტიკის სრულფასოვანი განხილვა არასრულყოფილია საბჭოთა პერიოდის ხსენების გარეშე, დროის, როდესაც ყალიბდება ქართული “მარტოსული ბრბო”. პირველი (და შესაძლოა უკანასკნელი) ქართველი პოლიტიკოსები, სოციალ-დემოკრატები, მრავალმხრივად (სოციალურად თუ კუთხობრივად) გაყოფილი მოსახლეობის კონსოლიდირებას სოციალიზმის საშუალებით მოიაზრებდნენ. მათი ჩანაფიქრი თანხვედრია იმავე ხანებში დასავლეთ ევროპული სახელმწიფოებში არსებული “გლეხებიდან მოქალაქეების” ქცევის რესპუბლიკანური ტრადიციისა. სოციალ-დემოკრატების კეთილშობილური ოცნება საბჭოთა კავშირმა განახორციელა, ოღონდ სრულიად საპირისპირო შედეგებით. საქართველოში, ისევე როგორც სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებში, უნგრელი მოაზროვნის გაშპარ მიკლოშ ტამაშის თქმით, “მოდერნიზაციის ბინძური საქმე”, სახელმწიფო სოციალიზმმა შეასრულა. ამ პერიოდს უკავშირდება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სოციალური მობილობა, ურბანიზაციის მაღალი ტემპი, მასშტაბური გადასვლა სოციალური კიბის ერთი საფეხურიდან მეორეში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ანალოგიურმა პროცესმა აშშ-ში ამერიკული ოცნების მომხიბვლელი წარმოდგენა შექმნა, რწმენა იმისა, რომ “შესაძლებლობების მიწაზე” მძიმე შრომა ზედა ფენაში აღმასვლით დასრულდება. იმავე ხანებში დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში კეთილდღეობის სახელმწიფოს ეტაპობრივმა წარმოშობამ ფართო მასებისთვის სოციალური კონტრაქტის, მერიტოკრატიისა და სამართლიანად მოწყობილი დემოკრატიის იდეები ახლობელი გახადა. საბჭოთა საქართველოში “მწარმოებლის ეთიკა” არ გაჩენილა, მუშაობა გაუფასურდა, მის ნაცვლად  დემონსტრაციული მოხმარება (conspicuous consumption) გამეფდა და დაიკარგა თერგდალეულებისა და მათი შემდგომი თაობების ნანატრი საერთოს განცდა, გნებავთ “საერთო მოქმედების ნიადაგი” (არჩილ ჯორჯაძის ტერმინოლოგიით). “მორალური ადამიანი არამორალურ საზოგადოებაში” (რაინოლდ ნიბური) მუშაობისას ისეთივე უხერხულ ვითარებაში აღმოაჩენდა საკუთარ თავს, როგორც ოთარ იოსელიანის “გიორგობისთვის” მთავარი მოქმედი გმირი. საგულისხმოა, რომ საბჭოთა ქართული მომხმარებლურობის ხატება, სუფრა, ამავე დროს ეთნიკური ნაციონალიზმის სიმბოლოა. იზოლირებულმა ადამიანებმა გაბრიელ გარსია მარკესის მაკონდოს მკვიდრებივით მარტოობის შესავსებად თითქოს წარსულის აჩრდილებს უხმეს. სახელმწიფოს წარმოდგენა ადამიანებს, პასუხისმგებლობის გრძნობას დასცილდა. მან  ისტორიულ რუკებზე გადაინაცვლა, ხოლო ინდივიდუალი და სამოქალაქო საზოგადოება  “ხაპიდან დოქში” გადმოდენილი სისხლითა და “ქართული სულით” ჩანაცვლდა. როგორც ნობელიანტი მწერალი ვიდიადჰარ ნაიპოლი ინდოეთზე წერდა, (ნაციონალიზმის) “რელიგიამ აქ ადამიანებს ერთმანეთთან კონტრაქტის, სახელმწიფოს იდეა არ მისცა”.

დამოუკიდებელმა საქართველომ საბჭოური პერიოდისგან მემკვიდრეობად  გადაიბარა ქვეყნის ეთნონაციონალისტური, ჰოლისტური გაგება, მკვლევარ პიტერ კაბაჩნიკის ტერმინით – “კარტოგრაფიული სასოწარკვეთილება”. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციას უკავშირდება “მოდერნიზაციის” პროექტი (ან “მენტალური რევოლუცია”), რომელმაც თავისი ნეოლიბერალური პოლიტიკური ეკონომიური მოდელის და მმართვის ავტორიტარული ბუნების დამსახურებით მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკაში “შესასვლელი ბილეთი” (რალფ დარენდორფი) არ მისცა  და სიღარიბემ ისინი “სოციალურად გარიყა” (ამარტია სენი). ლიბერტარიანელმა იაკობინელებმა გააღმერთეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ბიზნესის სიმარტივის სიაში მაღალი პოზიციები, საბაზრო ფუნდამენტალიზმი, გაუგებარი “სინგაპურიზაცია”. როგორც პიერ პაოლო პაზოლინი 1969 წლის ფილმში “Il Porcile” გადმოსცემს, ფაშიზმის და პოსტ-ომისეული ბიზნესმენობის თუ მომხმარებლურობის არსი ერთი და იგივეა, ორივე “ღორობაა”, გნებავთ ნაბოკოვისეული “poshlust”.

6424ac796d

2000-იანი წლების პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოსგან გაუცხოება კიდევ უფრო გაიზარდა, ეკლესიასთან მიკუთვნებულობის შეგრძნება გაძლიერდა და ქართულ ანტი-სხეულს ხელახალი სული შთაებერა. ამ უკანასკნელის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს 2012 წლის არჩევნების შემდეგ სპორადულად აღმართული სტალინის ბიუსტები და 2013 წლის 17 მაისის აქციის ვანდალური დარბევა. სააკაშვილის ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში 2008 წლამდე, თავადაც მიმართავდა ნაციონალიზმს, როგორც “მუსიკას მასებისთვის” (“დალიეთ გმირებო, ეს ფსოუს წყალია”). რუსეთიდან მომდინარე საფრთხის სეკურიტიზაცია საშინაო, რეალურ პრობლემებს მოხერხებულად ფარავდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, თავისი ღარიბი პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში, უსაფრთხოების საკითხებით პედალირებას დღემდე აგრძელებს.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება, ანალიტიკოს თომას დე ვაალის სიტყვებით, “უფრო ქართული გახდა”. პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებული მოდერაციის თეორიის შესაბამისად, დემოკრატიზაციისას შედარებით რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს უწევთ უფრო ზომიერ პოზიციებზე გადასვლა. ჩვენს შემთხვევაში, “ქართული ოცნების” პლატფორმა ცენტრისკენ გადაიწია. დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს გრამშიანული ტერმინით ინტერრეგნუმ – კრიზისული პერიოდი, როდესაც ძველი კვდება და ახალი ვერ იბადება. ქართული ანტი-სხეული, ან ბიზანტინიზმი, ძლიერი ხელის მიერ მართული ერი და ბერი, კვდება, არსებობას ძირითადად “ასავალ-დასავალის” ფურცლებზე განაგრძობს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ვერ იბადება.

საქართველოში აქტიური კამათი არ გამოუწვევია ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიც იყო საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამის შემოღება. გერმანელი სოციოლოგის ნიკლას ლუმანის აღიარებით, “კეთილდღეობის სახელმწიფოს ლოგიკა” სოციალური კომპენსაციის სახით მოპყრობის თანასწორობის ცნებაშია. ამით უნდა შემცირდეს სოციალური სხვაობები ამჟამინდელ და მომავალ და აგრეთვე, განსხვავებულ კლასებსა და რეგიონებს შორის. ჩვენთან სოციალური ინიციატივების შემოტანა სოლიდარობის პრინციპისგან დაცლილი აღმოჩნდა.

ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას ცალკე აღსანიშნავია ლიბერალურ ძალებად იდენტიფიცირებული პარტიები (მაგალითად, რესპუბლიკური პარტია). მათი raison d’être “უმრავლესობის ტირანიისგან” თავდაცვა, ინდივიდუალის უფლებებსა და თავისუფლებებზე კონცენტრირებაა. ფრანგი სოციოლოგი მარსელ გოშე თავის ნაშრომებში თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიებში არსებულ ტენდენციას, “პოლიტიკურის განჯადოებას”, შენიშნავს. მისი თქმით, ადრინდელი მოქალაქის ნაცვლად, რომელიც საკუთარ პარტიკულარულ ინტერესებზე მაღლა საერთოს აყენებდა, დღეს გვყავს ინდივიდუალი, რომელიც ექსკლუზიურად თავის ინტერესებზეა მიმართული.  “ინდივიდუალთა საზოგადოებას” მსხვერპლად ეწირება პოლიტიკა და გოშესთვის საზოგადოება პოლიტიკის გარეშე არც არსებობს. ქართული ლიბერალური ძალები ვერ სცდებიან მაჯორიტარიანიზმისგან თავდაცვას და ინდივიდუალის უფლებებით აპელირებას. დანარჩენთა მსგავსად, ისინიც ვერ სთავაზობენ მოსახლეობას “საერთო მოქმედების ნიადაგს” და ამით ანტი-პოლიტიკის ჩაკეტილი წრე არ ირღვევა.

ქართული პოლიტიკური ცენტრი ერთსულოვანია ქვეყნის “ევროპულ გზად” წოდებული ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერაში. სამწუხაროდ, “ევროპული არჩევანი” არასდროს განიმარტება ისეთი ფასეულობების მხრივ, როგორიცაა თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალები, მოქალაქეობა (ფილოსოფოს ეტიენ ბალიბარის ტერმინით, Égaliberté). ამის სანაცვლოდ, “ევროპული გზა” ბუნებრივად ერწყმის ნაციონალიზმს და ამ უკანასკნელის დანატოვარს წარმოადგენს. პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ საქართველო ევროპისკენ “ისტორიულად მიიწევდა”  ან ის, რომ ქართველები “უძველესი ევროპელები” არიან. 1992 წლის 14 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰანს-დიტრიხ გენშერის საქართველოში ვიზიტისას გამართულ სადილზე, ედუარდ შევარდნაძემ მას მიმართა, რომ საქართველო მუდმივად მიილტვოდა ევროპისკენ, რაც ხშირად ცალმხრივი რჩებოდა (გამოხატული სულხან-საბა ორბელიანის უშედეგო ვოიაჟში). 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ასოცირების შესახებ  შეთანხმების ხელმოწერისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ… დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს, ევროპას.”

საქართველოს “ევროპული გზა” წარმოადგენს იმის კლასიკურ ნიმუშს, რასაც ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა ისტორიციზმი უწოდა. ისტორიციზმი შეიძლება დახასიათდეს, როგორც დოქტრინა, რომლის მიხედვით ისტორიას განსაზღვრული მიმართულება აქვს და ის წინასწარგადაწყვეტილი ეტაპების კვალდაკვალ პროგრესირებს. პლატონური ისტორიციზმი ორიენტირებული იყო წარსულის, “ოქროს ხანის” მიმართ, ამიტომ პლატონისეული ისტორიის ხედვა უაღრესად პესიმისტური გახლდათ – მსოფლიო დეგრადირებდა დროის მსვლელობასთან ერთად და პოლიტიკის არსი  მისი შეძლებისდაგვარად შეჩერება იყო. პოპერისთვის, ისტორიციზმის შემადგენელი ნაწილია ჰოლიზმი – შეხედულება, რომ ადამიანთა სოციალური ჯგუფები განვითარების საკუთარი კანონების მიხედვით მოქმედებენ. პოპერი ამბობდა, რომ ისტორიციზმსა და ჰოლიზმს საფუძვლები აქვთ “კაცობრიობის ერთ-ერთ უძველეს ოცნებაში – წინასწარმეტყველებაში, მოსაზრებაში, რომ ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, თუ რას გვიქადის მომავალი.”

საქართველოს “ევროპულმა გზამ” ჰოლიზმი და ისტორიციზმი კომუნიზმისგან (რომელშიც საბოლოო მიზანი საყოველთაო კომუნიზმის გამეფებაა) და ეთნონაციონალიზმისგან (სადაც “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”) გადმოიბარა. ერთ სტატიაში ისტორიკოსი სტივენ ჯონსი შენიშნავდა, თუ როგორ ჩაანაცვლა 1990-იანი წლების პრესაში, რამდენიმე წლის ინტერვალში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ღრმად ნაციონალისტური დისკურსი ნატოსა და ევროკავშირზე გეოპოლიტიკურმა გათვლებმა. ჩვენს შემთხვევაში, როგორც არამზადების უკანასკნელი თავშესაფარი, “პროდასავლურობამ” პატრიოტიზმი, ხოლო გეოპოლიტიკურმა ჭადრაკმა ადრინდელი პატრიოტთა თამაშები ჩაანაცვლა.

ჭეშმარიტად, “ნათესავი წავალს და ნათესავი მოვალს და ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე” (ეკლესიასტე, 1:4).

ჩემი ცოლის დაქალებზე

სერიალის სრულ ანალიზთან შეჭიდებას, რასაკვირველია, არ ვცდილობ. თუნდაც იმიტომ, რომ წინა ხუთ სეზონს არ მივსდევდი და სერიალს მხოლოდ მეექვსედან შევუყევი. მინდა მხოლოდ ნანახიდან გარკვეული თემები გამოვკვეთო და ბოლოსკენ თავს განზოგადების საშუალება მივცე.

ჩემთვის პირადად, სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ სერიალი ისეთი არადამაჯერებელი და სასაცილოდ ხელოვნური აღარ მეჩვენა, როგორც გიორგი ლიფონავას ადრინდელი ნამუშევრები. გარკვეული სიუჟეტური ხაზები, მაგალითად ნინო კასრაძის პერსონაჟი და ზოგადად მისი ოჯახი, მართლაც ნიჭიერადაა მოფიქრებული. თუმცა ლიფონავას ადრინდელი „სავაჭრო ნიშანი“, დიქოტომია ჩამორჩენილ ტრადიციებსა და აქედან გათავისუფლებას შორის, სერიალს მაინც წვრილ წითელ ხაზად გასდევს. შეიძლება დიდი არაფერი და ავტორებმაც ღრმა აზრი არ დაატანეს, მაგრამ ერთ სერიაში დახატულ მშობელთა კრებაზე მენიშნა ტირანი რეპრესირებული მასწავლებელი და მას შეპასუხებული პირობითად ემანსიპირებული გმირები, რომლებიც სცენის ბოლოს გადაწყვეტენ, რომ შოპინგ-მოლში შეისეირნონ.

ყველაზე საინტერესო ეპიზოდად, რომელიც ვფიქრობ მინიატურაში ასახავს სერიალის ბევრ სათქმელს, პოლიტიკოს ცოტნე ცოტაშვილის ტაქსისტებთან შეხვედრა მეჩვენა. დავიწყებ იქიდან, რომ სცენაში განლაგებაა უკვე საინტერესო. თითქოს არსებობს რაღაც უხილავი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დგანან ქვეყნის იმედი, ნარჩევი, სუფთა, ლამაზი, პრინციპული, თვითდარწმუნებული, სავარაუდოდ ბენდუქიძის უნივერსიტეტებში ნასწავლი, მომავალი შემდგარი პიროვნებები და მეორე მხარეს ჩამორჩენილი, ბნელი, ბინძური, ჩამოსული, ენის კარგად არმცოდნე, კონსპიროლოგიისკენ მიდრეკილი, მზრუნველობის მომლოდინე აგრესიული მასა.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ცოტნე ცოტაშვილის დიდაქტიკურ-მენტორული ტონი  თავადაა დროს ჩამორჩენილი, ტაქსისტების შემქნელებისეული წარმოდგენა ერთდროულად ამაზრზენი და კომიკურია. ცხადია, ბევრი ტაქსისტი ნამდვილად არაა მისაბაძი ადამიანი, მაგრამ ასე გადაღება ხომ მარტივი განზოგადება და ურცხვად უარყოფითი სტერეოტიპის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობაა.

საგულისხმოა ახალაშენებულ, კეთილმოწყობილ ბინაში მცხოვრები ახალგაზრდა პოლიტიკოსის მიერ ტაქსისტებისთვის შეთავაზებული პრობლემების გადაჭრის გზა – „გახდით პროფესიონალები“. „პროგრესულის“ მთელი პასუხისმგებლობა იმაშია, რომ თავისი დამოძღვრით „ბნელებს“ უბრალოდ ჩააგონოს, მისნაირი გახდნენ და ის უხილავი ხაზი გადმოკვეთონ. არადა „პროგრესულის“ თვით-აღიარებული „კუმირი“ ლამის მთელი ცხოვრება სწორედ ამ ხაზის არსებობას ებრძოდა. სხვისი პრობლემების გათავისება „პროგრესულს“ არ მოეთხოვება. ის თვალებს ფართოდ ხუჭავს პირობების ლამის გროტესკულ უთანასწორობაზე, საკუთარ სასურველ რეალობას იქმნის, რომელშიც სწორედ ესაა მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოვლინება. მეტიც, „პროგრესულის“ წარმოდგენაში ორი მხარე ყოველთვის იარსებებს და „ბნელი“ მის იდენტობას განსაზღვრავს.

მთავარი მაინც სხვა რამაა. თუ ამ სცენაში ავტორებმა საკუთარი თავის პაროდირება სცადეს, მაშინ მათ გულწრფელი აპლოდისმენტები ეკუთვნით. სამწუხაროდ, ადამიანის შესაძლებლობებს ასე ოპტიმისტურად არ ვუყურებ და მგონია, რომ შემქმნელებმა უბრალოდ საკუთარი გულისწადილი გააჟღერეს. ცოტნიკოს გზაში უჩვეულო არაფერია და თანამედროვეობის თანმდევი მოვლენაა. ის პირველად ალბათ XIX საუკუნის პირველ ნახევარში სხვადასხვა შეხედულებების ფრანგმა მოაზროვნეებმა (ტოკვილი, დე მესტრი, ლამარტინი, ბალზაკი) აღწერეს და სახელად „საძულველი ინდივიდუალიზმი“ (l’odieux individualisme) უწოდეს. საქართველოს შემთხვევაში, ამგვარი ლიბერალიზმი თავისი თავკერძა ინდივიდუალის გაკერპებით (ზოგადად „ლიბერალიზმი“ და „ინდივიდუალი“ უკეთესი სიტყვებია და არ იმსახურებს გავრცობას) ჩინებულად მოერგო არსებულ რეალობას. დროის გამოძახილის გარდა, ის ხომ იმდროინდელ ქართულობას აგრძელებდა, მამარდაშვილის სიტყვებით, ახლობლებთან ერთად ნავში მარტო ყოფნას. თან აქაური მიმიკრიის უნარი და მიმბაძველობა არახალი ამბავია. თურმე რა მარტივი ყოფილა „პროგრესულობა“ და სხვებისგან გამორჩევა. რაც ჯილაგშია, იმაზე უარი არ ვთქვათ და თავიც დავირწმუნოთ, რომ მას ვუპირისპირდებით ჩვენი მორალური გამბედაობითა და სიმართლით.

სამწუხაროდ, ასეთი მსოფლხედვა, გნებავთ მამების წინააღმდეგ იარაღი, უკეთეს შემთხვევაში, თავის მოტყუებაა, ხოლო ხელისუფლების იდეოლოგიად ქცევისას, ჩვეულებრივი ბოროტება. სხვა დანარჩენზე ვერ გეტყვით, მეტად კომფორტულია შეეცადო აღწერო ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა და სხვისი გაცნობიერება კი შეიძლება არც ყოფილა ჩვენთვის.

ძველით ახალი ქართული ელიტები

ისტორია რომ არ მეორდება, თუმცა ზოგჯერ ირითმება, მარკ ტვენისგან ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაწერენ.  ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  დღემდე, ელიტებმა ქვეყნის ორი ნათელი იდეა წარმოადგინეს, თავიდან რომანტიკულ-ისტორიული შეფერილობის, წინა ათწლეულში – მისი სრული საპირისპირო, ლიბერალური ყაიდისა. 2012 წლის არჩევნებზე კი მოხდა ის, რაც სხვა ამერიკელმა სატირიკოსმა ჰ. ლ. მენკენმა 1920 წლის აშშ-ის მაგალითზე აღწერა, როგორც „ინტელექტუალური თაღლითობის მარცხით დაღლილი ამომრჩევლის პატიოსანი იმბეცილობისკენ შებრუნება.“ ახალ ხელისუფლებას ხეირიანი მოდელი არ წარმოუდგენია, მისი პრიორიტეტები ჯერაც ძირითადად ბურუსითაა მოცული. მემკვიდრეობად დანატოვარი ევროპული ორიენტირი გაგრძელდა, თუმცა კვლავინდებურად ფასეულობების ახსნაზე თავის შეუწუხებლად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უახლოეს წარსულში ჩვენი ისტორია გაირითმა. შევეცდები, განვმარტო.

თავდაპირველად, ისტორია მაშინ გაირითმა, როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ისევე როგორც პირველ ჯერზე, „ხონჩით მოერთვა“ (ნოე ჟორდანიას სიტყვების გამოყენებით). ერიკ ჰობსბაუმის საუცხოო მეტაფორას თუ ვიხმართ, ადგილობრივი ყაყაჩოს მომყვანების (ისტორიკოსების და საზოგადო მოღვაწეების) გამოისობით ახალ ქვეყანას მზამზარეული იდენტობა ხვდა წილად. საბჭოთა პერიოდში, დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში მცხოვრებმა ელიტამ დანარჩენი მოსახლეობა ღრმად გაჟღინთა ეთნიკური ნაციონალიზმით, ან როგორც თაგორმა უწოდა, „კოლექტიური ეგოიზმით“. ამ მოდელისთვის ინდივიდუალსა და მამარდაშვილის ნანატრ სამოქალაქო საზოგადოებაზე უპირატესი „ხაპიდან დოქში“ გადმოდენილი სისხლი და “ქართული სული” იყო. როგორც ნობელიანტი მწერალი ვიდიადჰარ ნაიპოლი ინდოეთზე წერდა, რელიგიამ აქ „არ მისცა ადამიანებს ერთმანეთთან კონტრაქტის, სახელმწიფოს იდეა“. შედეგებიც შესაბამისი აღმოჩნდა, ზოგადად სახელმწიფოს არსებობა სათუო გახდა.

2003 წლიდან ხელისუფლებაში უუნარო და დისკრედიტირებული მამების თაობა შვილებმა ჩაანაცვლეს. შვილების მიერ წარმოდგენილი ახალი საქართველოს მოდელი მჭიდროდ უკავშირდება მათ მიერ დასავლეთის წარმოდგენას, რომელიც კარიკატურულად შეუზღუდავი ბაზრის და რუსეთის ანტითეზის ნაზავად იქცა (როგორც ბალტიურ და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში). ლამის სახელმძღვანელოებიდან გადმოტანილი ნეოლიბერალური მოდელი იმას გულისხმობდა, რომ შესაძლებლობის გარეშე მიტოვებულ მოსახლეობის უმეტესობას არ მიეცა პოლიტიკურ ცხოვრებაში „შესასვლელი ბილეთი“ (რალფ დარენდორფი), ხოლო სიღარიბემ ისინი „სოციალურად გარიყა“ (ამარტია სენი). მზარდი პროგრესიით იმატებდა იმ იმედგაცრუებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დასავლურ ფასეულობებს ხელისუფლებასთან აიგივებდა და მტრულად ეკიდებოდა. ელიტისთვის უსამართლო პოლიტიკურ ეკონომიკას კარგად ნიღბავდა მოსახლეობაზე „ორიენტალისტური“ წარმოდგენები, რომ ის ძველებურად მზრუნველი სახელმწიფოს მოლოდინშია, შრომა ეზარება, საბჭოური კმაყოფა ურჩევნია, ad nauseam ქილიკი 37 მანეთზე. დროის მსვლელობასთან ერთად, „ბნელი“ მასის და მის ალყაში მყოფი ერთი მუჭა ლიბერალების დიქოტომია თვით-ახდენად წინასწარმეტყველებად გადაიქცა.

სტივენ ჯონსი თავის წიგნში „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, ერთგან შენიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მომხმარებლის ჩამოყალიბებაზე ზრუნავდა, ვიდრე მოქალაქის. 2000-იანი წლების მოდელით, ლიბერალს არ ეკისრებოდა რაიმე პასუხისმგებლობა პრეკარიატის წევრების მიმართ. პირიქით, არსებული სტატუს-კვო და მათი „სიბნელე“ მას გამოარჩევდა, ქმნიდა. საქართველოში წარმოიქმნა უმცირესი ჯგუფი, რომელსაც პოსტ-კოლონიალური თეორეტიკოსი კვამე ენტონი აპია „კომპრადორულ ინტელიგენციას“ უწოდებს – დასავლური სტილით მოაზროვნეების შედარებით ვიწრო კატეგორია, რომლებიც არიან კულტურული პროდუქტების შუამავლები კაპიტალისტური სამყაროდან პერიფერიაში და ავრცელებენ კაპიტალისტურ წარმოებასა და მოხმარებას. სუფრის მომხმარებლის იდეალი საკუთარ უფლებებში გარკვეულმა კონსიუმერმა ჩაანაცვლა, ხაპი ჰიპსტერმა, სამოქალაქო საზოგადოება კი არ გაჩენილა. შედეგები ისევ სავალალო აღმოჩნდა და 17 მაისს მოძლიერებული ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ მუქარაში გამოვლინდა.

საბოლოოდ, მამების მსგავსად, შვილების მოდელი იყო სხვა არაფერი, თუ არა ელიტების მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი „ეგოიზმი“, კვლავ არავითარი კონტრაქტის იდეა ერთმანეთის მიმართ. ისტორია კი იქამდე ირითმება ხოლმე, სანამ რამეს არ ისწავლიან იქიდან.

„ევროპის“ დაზუსტებისთვის

მწერალ ისმაილ კადარეს ალბანეთზე გამოთქმული მოსაზრების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსთვის ევროპას არასდროს შეუწყვეტია წმინდა გრაალის მნიშვნელობა. ყოველივე პროგრესულის პერიფერიულად დაკავშირების გარდა, ევროპა  ტრადიციული დემონებისგან (რუსეთი და ულტრა-კონსერვატორები) თავის დისტანცირების მყუდრო თავშესაფრად რჩება. ანაც, უფრო პროზაულად, წმინდა კონსიუმერული ვნებების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებად. ყოველივე ამის გამო, გასაკვირი არაა, რომ საჯარო სივრცეში ჯეროვნად არც კი განხილული უმნიშვნელო ბიუროკრატიული შეთანხმება ბედისწერასთან შეხვედრად წარმოჩინდა.

პარადოქსია, მაგრამ ქართველების ევროპასთან თავის მიკუთვნება დიდწილად საბჭოთა კავშირის არსებობას უკავშირდება. მანამდე, თერგდალეულთა თაობისთვის რუსეთი და ევროპა ერთმანეთისგან არ იყო გამიჯნული. ილია ჭავჭავაძისთვის, რუსეთმა „კარი გაუღო განმანათლებლობას საქართველოში“, ხოლო მისი ლიტერატურა ყველაზე გამორჩეული იყო ევროპულ ავანგარდში. ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლამ, რუსეთი „აღმოსავლურ სხვად“ გადააქცია. ნოე ჟორდანიას შენიშვნით, საქართველოს და რუსეთის გზები გაიყარა, „ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ.“ გერონტი ქიქოძემ მუდმივად განახლებადი ევროპა უპირატესად დააყენა გადაგვარების გზაზე მდგარ რუსეთზე, რომელშიც მონღოლთა ურდოებმა „დაოსებული აღმოსავლეთის სული დაამყნეს“ (მონღოლური არგუმენტი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება ქართულ დისკურსში). მოგვიანებით, ქართველმა ისტორიკოსებმა ქართული პატრონყმობისა და ევროპული ფეოდალიზმის ერთგვარობის, შესაბასამისად რუსულ კოლექტივიზმს დაპირისპირებული ქართული ინდივიდუალიზმის მომხიბვლელი მითი შექმნეს. ამგვარად, დასავლური კომპონენტი ქართული ნაციონალიზმის დღემდე შემადგენელ ნაწილად და იდენტობის კრიზისში აღმოჩენილი ახალი სახელმწიფოსთვის პანაცეად გადაიქცა.

ევროპის განმარტების მხრივაც, გონების თვლემის დარღვევას მერაბ მამარდაშვილი შეეცადა. 1989 წლის მოხსენებაში „ევროპული პასუხისმგებლობა“, მან ევროპული მოდერნულობის საფუძველში, რენესანსში, ხელახლა დაბადებული ელემენტი, ბერძნულ-რომაული სამყარო გამოყო – „სოციალური ან სამოქალაქო იდეა, ე. ი. სოციალური ფორმა, კონკრეტული საზოგადოება“. უკანასკნელ ინტერვიუში, მამარდაშვილმა ევროპული დემოკრატიისა და კულტურის საფუძველად მოქალაქე დაასახელა. მან აღნიშნა, რომ „სიტყვა ბურჟუა სულ სხვა მნიშვნელობით გამოიყენება, კაპიტალისტს ნიშნავს, რაც არ შეესატყვისება მის პირვანდელ მნიშვნელობას. სინამდვილეში ის წარმოიშვა გერმანული სიტყვა ბიურგერიდან, რაც მოქალაქეს ნიშნავს… ნუ ვიაზროვნებთ მხოლოდ თანამედროვე ხატებით, ნუ წარმოვიდგენთ ნიუ-იორკს ან მეხიკოს მრავალმილიონიანი მოსახლეობით და ურბანიზაციის პრობლემატიკით. ფლორენციაც ქალაქი იყო, ქალაქის ცივილიზაცია, აი, ეს არის ევროპა.“

მამარდაშვილის ლექციის და ინტერვიუს თანადროულად, ბიურგერისა (ან ბურჟუას) და მოქალაქის (citoyen) ერთმანეთში აღრევაზე 1988 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში საუბრობდა ცნობილი სოციოლოგი რალფ დარენდორფი. მისი თქმით, მოდერნულობის ორი ქალაქის ეს მაცხოვრებელი არა ერთი მონეტის ორი მხარე, არამედ ერთი მონეტა იყო, თუმცა ბიურგერობას უფრო დიდი ხნის სიცოცხლე ეწერა. ბიურგერი ეკონომიკური ზრდის მაუწყებელი იყო, მოქალაქე კი სოციალური თანასწორობის. პირველის შესაბამისი დრო ინდუსტრიული რევოლუცია იყო, მეორის – საფრანგეთის რევოლუცია. მოქალაქეობა დარენდორფისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში „შესასვლელ ბილეთს“  და აგრეთვე შეუზღუდავი ბაზრის ძალებისგან ერთგვარ დაცულობას წარმოადგენდა. 1990 წელს წარმოთქმულ სიტყვაში, დარენდორფი გერმანული საკითხის გადაწყვეტას გიუნტერ გრასისგან განსხვავებით არა კულტურულ ერში (Kulturnation), არამედ სამოქალაქო საზოგადოებაში, ქალაქის ცივილიზაციასა და სახელმწიფოს მიერ მოცემულ მოქალაქეობაში ხედავდა.

2000-იან წლებში ქართული საკითხი (როგორც კიდევ ერთი „დაგვიანებული ერის“) არნახულად გამწვავდა. ვარდების რევოლუციის წარუმატებელმა “მოდერნიზაციის” პროექტმა სახელმწიფოს განცდა არათუ ვერ შექმნა, პირიქით ეკლესიასთან მიკუთვნელობის შეგრძნება გააძლიერა. ისტორიკოს სტივენ ჯონსის თქმით, ქართულმა ელიტებმა დასავლური მოდერნულობის სიმბოლოდ კაპიტალიზმი მიიღეს. მენტალური რევოლუციის იდეალად თითქოს უელბეკის და პალანიკის რომანებიდან გაქილიკებული IKEA-ს სულით გაჟღენთილი ლიბერალიზებული კონსიუმერი იქცა. გიორგი ლიფონავას ტელე და კინოპროდუქციაშიც დიქოტომიად წარმოდგენილია ჩამორჩენილი ტრადიციები და აქედან ემანსიპირებული (ან გზაზე მყოფი) გმირები. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაკერპება და ამის ფონზე სოციალური სფეროს სრული უგულებელყოფა („შესასვლელი ბილეთის“ არმიცემა), საბოლოოდ კი უმრავლესობა-ლიბერალური უმცირესობის დაყოფაში შესამჩნევი ნაპრალის შექმნა მოქალაქეობისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.

წინა დეკადის მემკვიდრეობა ადრინდელი მომხმარებლისგან განსხვავებით საკუთარ ნეგატიურ თავისუფლებაში გარკვეული ბიურგერია, bobo (bourgeois bohemian. ცხადია, ეს ზოგადი ფენომენია, არა მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი). მისთვის უფრო ახლობელია „არა ჰომოფობიას“, ვიდრე კეთილდღეობის სახელმწიფოსკენ გადადგმული მინიმალური ნაბიჯები და შესაძლებლობების შექმნა. ქვეყანაში, სადაც მთავარი შემოსავლის წყარო უცხოეთში მომუშავეთაგან გადმორიცხული ფულია და ყველაზე მყარ იდენტობას შუასაუკუნეებრივი ინსტიტუტი იძლევა, ევროპელობა წარმოუდგენელია მოქალაქეობის, მოქალაქეობა კი პასუხისმგებლობის გრძნობის, სოლიდარობის და იდენტობებზე მაღლა მდგარი შესაბამისი პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე.

მწარე ირონიაა იმაში, რომ დღეს ჩვენთან ყველაზე „ევროპულად“ შეიძლება ყველაზე წყალწაღებული ბიურგერი მოჩანდეს. თბილისი კი ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება ისეთ ადგილად, მამარდაშვილი რომ „გვირაბის ყველაზე უფრო პროვინციულ წერტილში“ გაიღვიძებდა, „სადაც იმედის ნაპერწკალიც კი არ ჩანდა“.

დაკარგული მოქალაქეობა

ამ ნაწერს რაიმის ახსნის პრეტენზია არც აქვს, უბრალოდ ერთგვარი მცდელობაა პოსტის სათაურზე საპირისპიროდ მოქცევის.

ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში უსამართლოდ მოქცეული, ძველი ქართველი სოციალ-დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ მრავალმხრივად (სოციალურად თუ კუთხობრივად) დაყოფილი ქვეყნის კონსოლიდაცია სოციალიზმის დახმარებით იყო შესაძლებელი. მათი კეთილშობილური ოცნება საბჭოთა კავშირმა განახორციელა, ოღონდ სრულიად საპირისპირო შედეგებით.

Sans-culotte_0საქართველოში, ისევე როგორც სხვა სოციალისტურ ქვეყნებში, უნგრელი მოაზროვნის გაშპარ მიკლოშ ტამაშის თქმით, „მოდერნიზაციის ბინძური საქმე“, სახელმწიფო სოციალიზმმა შეასრულა. ამ მძიმე პერიოდს პარადოქსულად უკავშირდება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სოციალური მობილობა, გადასვლა სოციალური კიბის ერთი საფეხურიდან მეორეში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ანალოგიურმა პროცესმა აშშ-ში ამერიკული ოცნების მომხიბვლელი მითი შექმნა, რწმენა იმისა, რომ „შესაძლებლობების მიწაზე“ მძიმე შრომა ზედა ფენაში აღმასვლით დასრულდება.

ჩვენთან, ყაირათიანობაზე დაფუძნებული „მწარმოებლის ეთიკა“ გამორჩათ და გარედან თავსმოხვეული მნიშვნელოვანი პროცესი თითქოს მოცემულობად აღიქვეს. ნანინანატრი მოქალაქეობის შეგრძნება უიმედოდ ჩაიკარგა დემონსტრაციულ მოხმარებაში (conspicuous consumption), პასუხისმგებლობის განცდა კი პანაშვიდზე მომსვლელი ხალხით შემოიფარგლა. საგულისხმოა, რომ ქართული მომხმარებლურობის ხატება, სუფრა, ამავე დროს ეთნიკური ნაციონალიზმის სიმბოლოა. იზოლირებულმა ადამიანებმა მარკესის გმირებივით თითქოს წარსულის აჩრდილები გამოიგონეს მარტოობის შესავსებად. სახელმწიფო ადამიანებს არ გულისხმობდა, ის მხოლოდ „ოდესმე დიდი ყოფილა“ რუკებზე არსებობდა. ყარაბაღისგან განსხვავებით, აქაური ატომიზებული ინდივიდუალების კონსოლიდირება ვერცერთმა კონფლიქტმა მოახერხა, აფხაზეთიდან კი მოგონებად კვინტესენციურად მომხმარებლური „ბიჭვინთის სანაპიროები“ დარჩა.

ქართული „კარტოგრაფიული სასოწარკვეთილება“ შესაშურად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. „დაკარგული ტერიტორიების“ ნარატივი, გეოპოლიტიკური თამაშები რუსეთთან და ევროპასთან, იშვიათი თემებია, რაც ადამიანებს აერთიანებს და ამავდროულად, რეალურ, ყოველდღიურ პრობლემებს მოხერხებულად ფარავს.

დღეისათვის, მამების თაობის ტრადიციული საქართველოს უარყოფა ახალი იდენტობის საფუძველია. ლიბერალურად განწყობილი შვილებისთვის „პრო-დასავლურობა“ სოლიდარობაში არ გამოხატულა, თავისუფლება ნეგატიურ ხასიათს და მამებისგან თავდაცვას ვერ გასცდა. საზოგადოება „ბნელია“, ამიტომ არავითარი ვალდებულების გრძნობა მისდამი არ არსებობს, „ლიბერალობა“ კი „სიბნელისგან“ დისტანცირების კომფორტული შეგრძნებაა. სახელმწიფო თითქოს დროებით ნავსაყუდელად იქცა, ბინძურ ჰოსტელად, საიდანაც იღბლიანები უკანმოუხედავად გარბიან.

ერთი სიტყვით, ჭეშმარიტად ქართულ სოლიფსიზმს ბოლო არ უჩანს. ამის სიმბოლური გამოხატულება „თემთა ტრაგედიაა“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, სადაც ტროტუარებზე სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება ადამიანებისთვის.

ჰიპსტერობა ქართულად

ქართული სიყალბე ძველი თემაა. თან ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ვინც ამაზე საუბრობს, ხშირად ისიც ვერ გაურბის ამას. აქ მხოლოდ იმის თქმა მინდა, დღეს სად შეიძლება ვიყოთ ამ ხელოვნების დარგის საერთო ეროვნული კანონიზაციის გზაზე.

დიდი ხანია მიკვირდა და მაინტერესებდა, თუ რა მოგვწონს „დასავლეთში“. საბოლოოდ, იმაზე უკეთეს პასუხს ვერ ვნახულობდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავი „დასავლეთში“. თან „დასავლეთიც“ ხომ ჩვენნაირი გახდა, გარეგნულობაზე და ქცევაზე ორიენტირებული. ჩვენც უპასუხისმგებლო ინდივიდუალიზმი გვხიბლავს, სულ მეს გავიძახით და დასავლეთშიც „მეს დეკადების“ დასრულებას პირი არ უჩანს. თუმცა რაღაცას მაინც გადავახტით, სხვა გზით მივედით. თითქოს აზროვნება და განმანათლებლობა 1930-იან წლებში დასრულდა, შემდეგ კი გვიანდელ საბჭოეთში სუფრაზე დანაყრებულმა ბაბუებმა და მამებმა აღმოაჩინეს, რომ „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ“. დასავლეთს დანაყრებამდე მისასვლელად „პროტესტანტული ეთიკა“ და რაც მთავარია, ინდივიდუალის აღმოჩენა დასჭირდა.

1950 წელს გამოქვეყნდა დასავლური ხასიათის აღმწერ ერთ-ერთ ქრესტომათიულ წიგნად მიჩნეული „მარტოსული ბრბო“ (The Lonely Crowd). ავტორები თანამედროვე საზოგადოების სამ ტიპს გამოყოფდნენ: ტრადიციისკენ, შიგნით და გარეთ მიმართულს. რენესანსისთვის და რეფორმაციისთვის დამახასიათებელი შიგნით მიმართული ადამიანი, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის ამერიკაში, ადგილს უთმობდა გარეთ მიმართულ ადამიანს. ამ უკანასკნელისთვის, პირადი მონაპოვრის ნაცვლად, უმთავრესი იყო სხვების მხრიდან მოწონება, პოპულარობა. გარეთ მიმართული ადამიანი გაცილებით მოქნილი იყო, სხვებისგან მოწონების მოსაპოვებლად ის მარტივად თანხმდებოდა მორგებაზე. ავტორების შენიშვნით, ასეთი ადამიანის ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა თანატოლების როლის მნიშვნელობის ზრდა და მედიის ზეგავლენა. 1978 წლის ცნობილ წიგნში „ნარცისიზმის კულტურა“, კრისტოფერ ლაში წერდა, რომ მედიისგან გავლენის ქვეშ მყოფი ნარცისი პიროვნება უკიდურესად დამოკიდებული იყო სხვების მხრიდან მოწონებაზე. შიდა სიცარიელის ამოსავსებად ემოციური შეგრძნებებისთვის მუდმივად მშიერს, მას არ ჰქონდა საკუთარი, დამოუკიდებელი მე.

Lonely crowd

საბჭოეთის შემდეგ, მრავალი ქართველისთვის ასეთი „დასავლეთის“ გაგება ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. თან ამით პოსტ-საბჭოთა თაობები საკუთარ იდენტობას შეიძენდნენ, „დასავლურის“ დროშით ისინი განსხვავებულები იქნებოდნენ წინა, საბჭოური თაობებისგან. თუმცა ამით ძველი ქართული თვისებები მხოლოდ ახალი სახელით გრძელდებოდა. „დასავლურ“ ქართველებს ხშირად სწორედაც რომ ქართული უპასუხისმგებლო ინდივიდუალიზმი, მოჩვენებითობა და ნარცისიზმი მოსწონდათ ასე აღქმულ „დასავლეთში“, თან როცა თავად დასავლეთიც ჩვენებური ხდებოდა.

დღეისათვის, სახელგადარქმეული ქართული მიმბაძველობა თითქოს ცალკე იდენტობად ჩამოყალიბდა. „რაც მაგრები ვართ“-ის უარყოფა ახლა თავად იქცა თანამედროვედ ყოფნად, საკუთარი თავისთვის ტრენდული პოზიციის მიცემად. აღიზარდა მთელი თაობა გურჯოპოლიტანების, რომელთა raison d’etre-ად გადაიქცა ჩამორჩენილობის უარყოფა და ამის მუდმივი მტკიცება. სინამდვილეში, ასეთი ხელოვნური განსხვავებულობაც ძალიან ქართულია, ძალიან ყალბი. ისიც სხვების მხრიდან მოწონებაზე და საკუთარი თავის გამორჩევაზეა აგებული. ქართველი ჰიპსტერიც იმავე „მარტოსული ბრბოს“ ნაწილია.

პ.ს. თავიდან აღვნიშნე, რომ სიყალბეზე მწერალი ხშირად თავადაც ვერ გაურბის ამას. ამ პოსტს პირად ბლოგზე ვდებ და facebook-ის პირადი ანგარიშიდან გავაზიარებ, დავაკვირდები რამე გამოხმაურებას, თუკი იქნება საერთოდ. დაკვირვება კი ყოველთვის შეგიძლია, მომიტევეთ ვუაიერიზმისთვის.

17 მაისი და უცნაური მოკავშირეები

ადამიანების ყუთებში განაწილების მოყვარულთათვის ამერიკელი მწერალი ნორმან მეილერი უსიამოვნო შემთხვევაა. ის უპირისპირდებოდა ვიეტნამის ომსაც და ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსაც. მეილერს სძულდა როგორც მასობრივი ძალადობის ჩადენა და ამერიკულ „სუპერ-სახელმწიფოში” ასახული მკვლელობისკენ მისწრაფება (sic), ასევე ამის უარმყოფი აჯანყებული ელიტა. ნორმან მეილერი ასეთ მეამბოხეს „თეთრ ზანგს“, „ამერიკელ ეგზისტენციალისტს“ და „ფილოსოფიურ ფსიქოპათს“ უწოდებდა, ხოლო 1960-იან წლებს „ძალადობის, ახალი ისტერიის, გაურკვევლობისა და აჯანყების ხანას… რომელმაც კონფორმულობის ხანა ჩაანაცვლა“.

ზოგადად, მეილერის ნაწერებში ამერიკულ ცხოვრებაში არსებული ძალადობის თემა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა. მისი თქმით, ძალადობა მწერლებისთვის დარჩენილი ერთ-ერთი ბოლო საზღვარია. თავად მეილერისთვის ძალადობა ეგზისტენციური მომენტია, რაც ნათლად წარმოაჩინა მის ალბათ ყველაზე ცნობილ რომანში „ღამის არმიები“ (1968). ანტი-ვიეტნამური დემონსტრაციის აღწერისას, მეილერი გადმოსცემს თავის მთავარ სათქმელს, რომ ძალადობა აჩლუნგებს აზროვნებას და ამ დროს, ხალხი აღარ უსმენს ერთი მეორეს. ამგვარი ეგზისტენციური მომენტების დროს, ძალადობა ზღუდავს და გარს ერტყმის ადამიანის სიცოცხლის ყველაზე შემოქმედებით ფორმას – აზროვნებას. შეხედულებები რჩება გათიშული და გაყინული, ვიეტნამი კი სწორედ გაყინული აზროვნების ნიმუშია ამერიკის ისტორიაში.

Image

17 მაისი ერთი ასეთი ეგზისტენციური მომენტია ჩვენს უახლოეს ისტორიაში. მომხდარმა აქციამ და მას მოყოლილმა ძალადობამ ბუნებრივად გამოიწვია წარმოსახვითი ბრძოლის ველის ორ მხარეს ყველაზე გარკვეული და ერთმანეთის სრულიად საპირისპირო იდეების აღზევება.

ემოციურ ფონზე, პირობითად „ლიბერალურ“ მხარეს დაწინაურდა იდეა „ქართველი ერის სიბნელის“ შესახებ, ხოლო „ქართველი ერის“ მხარეს – „ლიბერალების გაევროპელების“ შესახებ. ერთის აპოთეოზია თეოკრატიის დადგომა, მეორის კი კონსერვატორული ფასეულობების დაკარგვა. ორივე იდეა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მტკიცებულებასაა მოკლებული და უმთავრესად, პარანოიას ეფუძნება. ამ იდეებზე აგებული იდენტობები ერთმანეთის სრულ უარყოფაზეა აგებული და 17 მაისის მაგვარი ეგზისტენციური მომენტებით საზრდოობს. მათი მხრიდან ერთმანეთის შიშით განპირობებული ნაბიჯები მხოლოდ გააძლიერებს ერთი მეორეს და ეს ფაქტორი მათ ერთმანეთის უცნაურ მოკავშირეებად აქცევს.

საბოლოოდ, 17 მაისის დარი შემთხვევები ხელს უშლის ერთი მხარისთვის, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის და მეორე მხარისთვის, დასავლეთის გაგებას. ამით საფრთხე ექმნება, როგორც აქამდეც მძიმე დღეში მყოფ ემპათიის უნარსა და სოციალურ სოლიდარობას, ისე დემოკრატიის, ლიბერალიზმის, ადამიანის უფლებების ცნებებს.

საინტერესოა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან არაადამიანურად გაუსწორდნენ თანამოქალაქეებს? თავისთავად ცხადია, რომ პრობლემა არის არა მოსახლეობის დიდი ნაწილის კონსერვატორულ შეხედულებებში (რაც სრულიად ნორმალურია ბევრი ევროპული სახელმწიფოსათვისაც), არამედ მის ერთ სეგმენტში, თანამედროვე ქართულ რადიკალურ მემარჯვენეობაში.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ხალხია, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად გაუმართლა. გერმანელი მოაზროვნის ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის სიტყვებით, იზოლირებული ინდივიდუალები, რომლებიც შეიძლება ვინმეს სასიკვდილოდ გამეტებით „რადიკალური ლუზერები“ გახდნენ. მათთვის დამახასიათებელია რესენტიმენტის განცდა, როდესაც საკუთარ იმედგაცრუებაზე სხვას სდებ ბრალს. თავის სანობელო სიტყვაში, თურქი მწერალი ორჰან ფამუქი შენიშნავდა, რომ თანამედროვე მედიის საშუალებებმა, უფრო გაზარდეს „დღეს კაცობრიობის უმთავრესი შიშები – შიში დარჩე გარეთ, შიში არაფრად ჩაგთვალონ, გამოუსადეგარობის განცდა, რაც ამ შიშებს თან სდევს, კოლექტიური დამცირებები… მწუხარებები, წარმოსახული შეურაცხყოფები და ნაციონალისტური ტრაბახი და აალება, რაც მათი ახლობელია.“ საქართველოში ასეთი ადამიანისთვის მიმზიდველი ხდება ზოგიერთი ღვთისმსახურის რიტორიკა, რომელიც “მსხვერპლის ფსიქოლოგიაზე” აგებული ისტორიის პოპულარული აღქმის და ქრისტიანული მილენარიზმის ნაზავია. თავად ეკლესიას  მოსახლეობის უმეტესობის ცხოვრებაში დიდი როლი არ აქვს. 2013 წლის სოციოლოგიური გამოკითხვებით, 58% რელიგიურ მსახურებას თვეში ერთხელაც არ ესწრება.

Image

რა შეიძლება გაკეთდეს ასეთი ვითარებიდან გამოსასვლელად? კანონის უზენაესობის დაცვა და ძალადობის აღკვეთა არის ერთგვარი sine qua non, რომელზე უარისთქმაც არასოდეს შეიძლება; ღია საზოგადოება და დემოკრატიის პირობები, რომ შეხედულებები ჩაკეტილი და ამით თვით-დამღუპველი არ გახდეს; კეთილდღეობაზე ზრუნვა, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა და განვითარების პირობები. ეს უკანასკნელი ფაქტორი აუცილებელია, მაგრამ არა გადამწყვეტი. საქართველოს მაგალითიდანვე, საბჭოთა კავშირის გვიანდელ პერიოდში არსებულ კეთილდღეობას ხელი არ შეუშლია მრავალისთვის დარჩენილიყო შოვინიზმის მხარდამჭერად.

ამ ზედაპირზე არსებული პასუხების მიღმა, არსებობს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება – აუცილებელია ინტელექტუალური სამუშაო  საქართველოს ისტორიის უკეთ გასაგებად. სკოლის მერხებიდან არ უნდა ხდებოდეს ისეთი ისტორიის აღქმის პოპულარიზება, რომელიც ხელს უწყობს „მსხვერპლის ფსიქოლოგიის“ ჩამოყალიბებას. ამის გარდა, საინტერესო გამოწვევად ჩანს რადიკალური მემარჯვენე ძალების პოლიტიკაში ჩართულობა. პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებული და პრაქტიკაში ბევრჯერ რეალიზებული მოდერაციის თეორიის მიხედვით, რადიკალური პარტიები პოლიტიკაში ჩართვით საკუთარ ხმამაღალ იდეებზე უარს ამბობენ და მეტი ამომრჩევლის მოსაზიდად ცენტრისკენ გადადიან. დაუშვებელია მათთვის პოლიტიკური სივრცის წართმევა, რადგან ამით ასეთ ძალებს და მათ მხარდამჭერებს მსხვერპლის მენტალობა განუვითარდებათ და შესაძლოა, რადიკალურ მეთოდებსაც არ მოერიდნონ.

ნორმან მეილერი 2007 წელს მანჰეტენზე გარდაიცვალა. თავის უკანასკნელ საჯარო გამოსვლაში მან დაგმო ერაყში შეჭრა და თქვა – „დემოკრატია მიიღწევა მხოლოდ იმ ქვეყნებით, რომლის ინდივიდუალებს შეუძლიათ არა მხოლოდ თავისუფლებით ტკბობა, არამედ მძიმე შრომაც მის შესანარჩუნებლად.“

ქართულები

ეს პოსტი თავხედურია. თავხედურია იმიტომ, რომ ვაპირებ ისეთ საკითხებს შევეხო, სადაც კომპეტენცია მაკლია. მოკლედ, ვაპირებ პოსტის სახელწოდების მიხედვით ვიმოქმედო ანუ ძალიან ქართულად. შევეცდები ის იდეები აღვნუსხო, რომლებიც უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე ჩვენ სივრცეში დომინანტური იყო, გნებავთ ჰეგემონური. ბოლოსკენ, ჩემი მოკლე ჭკუით სასურველი იდეის კონტურებს მოვხაზავ, რითაც ალბათ ნათელი გახდება ტექსტის დაწერის მოტივაციაც.

გრძელი XIX საუკუნე  – თერგდალეულთა გამოჩენიდან 1921 წლის ოკუპაციის შედეგებამდე. ეს არა იდეა, არამედ მრავალმხრივი ინტელექტუალური გარემოა, საიდანაც გაბატონებული შეხედულება ვერ გამოირჩევა. პირველად განხილული ერი, სახელმწიფო, პატრიოტიზმი, ისტორია, ადამიანის უფლებები, პოლიტიკა, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალ-დემოკრატია, აქეთ მაძინი და გარიბალდი, იქით კაუცკი და მარქსი, იქვე კროპოტკინი და ბაკუნინი. მოკლედ, გონებათა ლამის იდილიური დუღილი, რომლის მსგავს სამყაროსაც შტეფან ცვაიგმა მონატრებით ‘გუშინდელის მსოფლიო’ დაარქვა (ანალოგიურ პროცესს არაბულად ‘ალ-ნაჰდას’ იმავე ‘გამოღვიძებას’ უწოდებენ, როდესაც იმავე ხანაში არაბული აზროვნება დასავლურ ყაიდას გაეცნო).

Image

‘ისტორიული საქართველო’  –  პოსტ-სტალინურ საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში კულტურული ნაციონალიზმის პირმშო, აქაური ინტელიგენციის მიერ შემქნილი ოპიატი. ისტორიული რომანების ბუმი, ლევან სანიკიძე, მამარდაშვილისეული ‘ქართველი რაინდის ლეგენდა’, პატრიოტული სულისკვეთების კინოპროდუქცია. მძიმე ფორმები მიიღო ქართული განსაკუთრებულობის მითისა და ზვიად გამსახურდიას სახით. მსუბუქი ფორმებით გვხვდება ნებისმიერ ტრადიციულ სუფრაზე. დღევანდელი განსახიერება – ილია მეორე. მოსახლეობის უმეტესობისთვის ჯერჯერობით დომინანტური იდეა.

‘ლიბერალიზმი’ –  უაღრესად პირობითი სახელი. default-მოდელი ‘თანამედროვეს’ პრეტენზიის ნებისმიერი მქონესთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც თავად სიტყვა ‘ლიბერალი’ ეზიზღება. ‘ისტორიული საქართველოს’ სრული უარყოფა, ანტიპათია რუსეთისადმი,  ‘დასავლეთი’, როგორც ბედისწერა, ძირითადად სოციალურად ლიბერალური შეხედულებები. საგრძნობი დაშორება ჩვეულებრივი ქართველისგან, გამომდინარე განსხვავებული ინტერესებით, ფასეულობებით. ერთგვარი დაუცველობის და შიშის განცდა გაუნათლებელი და ბნელი ‘მასების’ მიმართ, რომლებიც სტალინის ძეგლებს მართავენ და უმცირესობებს ფიზიკურად ემუქრებიან (როგორც 17 მაისს და სოფელ ჭელაში). ემუქრებიან აგრეთვე თავად ‘ლიბერალსაც’, რომელიც შეიძლება ‘ხალხისთვის’ ‘მასონი’ ან ‘პიდარასტია’. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ემპათიის მიზერული გრძნობა და დემოკრატიის მიმართ ამბივალენტური და უმეტესად ცინიკური დამოკიდებულება.

ქართულ ‘ლიბერალიზმს’ მისი კონსერვატორული შიგთავსი ლიბერალიზმის თანამედროვე (გნებავთ, ამერიკული) გაგების ლამის სრულ ანტიპოდად აქცევს. გერმანელი სოციოლოგის  რალფ დარენდორფის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, დღევანდელი ‘ლიბერალი’ ყველაზე კონსერვატორია საქართველოში და ცვლილებები არ სურს.* დემოკრატიის პირობებში ქართული ‘ლიბერალიზმი’ ამჟამად უკანასკნელ იმედად ჩანს მაჯორიტარიანიზმის (ოხლოკრატიის, ‘უმრავლესობის ტირანიის’) თავიდან ასაცილებლად.

‘ლიბერალების’ მხრიდან საკუთარ კოკონში ჩაკეტვა და სოლიდარობის ნაკლებობა ქვეყანაში, სადაც საშუალო კლასი მხოლოდ რამდენიმე პროცენტია და ღრმა სოციალური კოროზიაა, უაღრესად მიოპიურია და თვით-დესტრუქციული. თუ შესაძლებლობა არ მიეცა და სახელმწიფოსგან გაუცხოება გაეზარდა ბევრ მოქალაქეს, სულ უფრო მეტი მათგანი წარმოიდგენს თავს ‘მრევლის’ ნაწილად (‘მრევლი’ ადგილობრივი გაგებით. თავად ნამდვილი რელიგიურობა, შეიძლება ითქვას, სასურველიც კია). ეს ყოველივე კი, პირველ რიგში, ‘ლიბერალისთვის’ იქნება სახიფათო. საბოლოოდ, ‘ლიბერალური’ ბრმა თვით-დარწმუნებულობის ბოლოს სხვა არაფერი ჩანს, თუ არა ‘ალყის მენტალობა’ და შავ-თეთრში აზროვნება.

შიშით განპირობებული შეხედულებები, რაც არ უნდა რეალურად ჩანდეს მომდინარე საფრთხე, სივრცეს უზღუდავს  განსხვავებულ აზრს. მეტიც, სრულიად არალიბერალურად ექცევა. ასეთი ჰეგემონური იდეა და მისი მზა პასუხები ადგილს არ უტოვებს კითხვების დასმას, ჩაძიებას, იმის გაანალიზებას, თუ რა არის წარმოსახვითი ‘ხალხი’, რამდენად ერთგვაროვანია, რამ გამოიწვია მათი შეხედულებათა ფორმირება, რა გზები შეიძლება არსებობდეს ვითარების გასაუმჯობესებლად.

აქ მივადექით ახალ იდეას და მის საჭიროებას. უფრო ზუსტად, ეს იმდენად იდეა არაა, რამდენადაც გარემო. პირობითად ‘კრიტიკული აზროვნება’  გაგრძელებაა ‘გრძელი XIX საუკუნის’ ტრადიციების. ის საკუთარ თავში გულისხმობს კითხვების დასმის მუდმივ რეჟიმს, თვით-სკეპტიკურობას და კულტურას, სადაც ‘არ ვიცის’ თქმა სათაკილო არაა. აქ არ არსებობს მზა პასუხები, არც სახელმძღვანელოები, რომლითაც რამე იხსნება. ის მეტია, ვიდრე უბრალოდ რეაქცია რეალობაზე და იმავე თამაშის წესებით გაგრძელება. აგრეთვე, წინა დომინანტ იდეებზე უარისთქმა სულაც არ ნიშნავს მათთვის დამახასიათებელ პატრიოტიზმზე ან ტოლერანტობაზე ხელის აღებას.

სამწუხაროდ, საქართველოში ამისთვის პირობები ნაკლებადაა. ვისაც შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა, მას არ აქვს მოტივაცია, ხოლო მას, ვისაც შეიძლება ჰქონდეს მოტივაცია, არ აქვს შესაძლებლობა. მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, განვითარება უმთავრესად სარგებელის მიღებას უკავშირდება, რაც კრიტიკულ აზროვნებას ხელს უშლის. ამგვარად გაგრძელებით, ჩვენთვის კვლავ შორეულ ოცნებად დარჩება ‘დასავლეთი’, არადა სწორედ კითხვების დასმა უმოკლესი გზაა ინტეგრაციისთვის ამ აღთქმულ სამყაროში.

* რალფ დარენდორფმა აღნიშნა, რომ 1970-იან და 80-იან წლებში სოციალ-დემოკრატი ყველაზე კონსერვატორი იყო ევროპაში და ცვლილებები არ სურდა.

Sailing from Tbilisium

არსებობს ასეთი ტერმინი – ქსენიზაცია, ანუ მოგზაურობა უცხოსავით. თითქოს იმყოფები სხვა ქალაქში, აკვირდები მის რიტმს, სხვების ცხოვრებას და ამავე დროს, იქ არ ხარ, ვერ გხედავენ, ჰიჩკოკისეული ვუაიერისტის და უჩინარი კაცის ნაზავს წარმოადგენ. რაც მთავარია ფიქრობ და ამით ახერხებ იყო ნაკლებად მარტოსული, როგორც კითხვისას. ეს იმდენად იშვიათი ტერმინია, რომ თითქმის არ ისერჩება და დიდი ალბათობით სხვა ადამიანების წარმოდგენაში მისი მოყვარული სულ სხვა ყუთში მოხვდება, ვიდრე თავად ისურვებდა. ასეთი მოგზაური ქუჩის ფლანერია (flâneur) და ის ვერ იტანს ტურისტებს, მათ მიერ შედგენილ გეგმებს და შემთხვევითობის თავიდან არიდების მცდელობას. ტურისტისგან განსხვავებით, ცნობისმოყვარე ფლანერი ყოველ ნაბიჯზე რევიზიას უკეთებს თავის გეგმას, მან იცის როგორია იგრძნო თავი სახლის გარეშე, სრულიად უცნობად, მგორავ ქვად. შემთხვევითი არაა, რომ ის კანადელ-ამერიკელი, ვინც გზაზე ყოფნა, უფროსების მითითების გარეშე არსებულ, მატერიალურად შეიძლება ღარიბ, მაგრამ სულიერად უმდიდრეს სხვა ცხოვრების სიმბოლოდ აქცია, ბიბოპის არეულობას ეტრფოდა. ჩარლი პარკერიც ფლანერია, რომელსაც არ ადარდებს გაწერილი გეგმები და წინასწარ სიამოვნებას იღებს გაურკვევლობისგან.

ჩვენთან არ არსებობს მიწა ასეთი ადამიანებისთვის. საქართველოში ‘საკუთარ თავში გარკვეული’ და ‘ჩამოყალიბებული’ ადამიანების კულტია. კითხვების დასმა ლამის სირცხვილს უტოლდება, რადგან ამით ირკვევა, რომ მასზე პასუხები არ იცი. აქ კიდევ პასუხები ყველას აქვს და ამიტომაც ყველას შეუძლია პოლიტიკოსობა, ლოიდ ჯორჯის (აპოკრიფული?) სიტყვებიდან საუკუნის გასვლის შემდეგაც ჩვენ კვლავ შეგვიძლია მთელი ევროპის მომარაგება მინისტრებით. საქართველო პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დუნინგ-კრუგერის ეფექტის გავრცელებით. ის იმაში მდგომარეობს, რომ არაკომპეტენტურმა არ იცის საკუთარი არაკომპეტენციის შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არ იცის რა არის კომპეტენცია. ქართველის ტვინში ამიგდალა თითქოს ზომაზე მეტ იმპულსებს გასცემს, რომ არსებული ინფორმაციის პირობებში თანმიმდევრული და გასაგები ნარატივი შეიქმნას, თან ამით შეიძლება თავისი უპირატესობაც წარმოაჩინოს. გარკვეულწილად, ეს თავდაცვითი მექანიზმია. მთელი წყება ეგზისტენციური საფრთხეების შემდეგ შეიძლება გირჩევნია დაიჯერო, რომ ავღანეთში გიორგი XI კიდევ ახსოვთ ან აქ რომ გეოპოლიტიკური გობელენი იქსოვება. უფრო განათლებულისთვის იზაია ბერლინისეული ზღარბობა ნამდვილი მისწრებაა, რა ჯობია, როცა მზამზარეულ იდეოლოგიურ თუ სხვაგვარ ჩარჩოს იღებ და იცი მსოფლიო როგორ მუშაობს.

მცირე ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ კითხვაც ქსენიზაციაა. ის საშუალებას იძლევა დასცილდე აქაურ ვეისთლენდს, მემკვიდრეობად მიღებული გარეუბნის საბჭოთა ბრუტალისტურ არქიტექტურას, რომლის მსგავსაც ჯეინ ჯეკობსი ‘მოსაწყენობის დიდ ლპობას’ ეძახდა. შეგიძლია უცხოსავით იმოგზაურო არაბულ ქუჩაში, ბანგლადეშის ჩამონგრეულ ქარხნებში, ფოგი ბოტომის კორიდორებში, 80-იანების მწვანეების მიტინგებზე, 30-იანების მოსკოვის სასამართლო პროცესებზე, საუკუნეების მიჯნის ვენის ყავის სახლებში, წერილების რესპუბლიკაში და ასე დაუსრულებლად. ამით შეიძლება კითხვები მუდმივ რეჟიმში გქონდეს, ფლანერივით არაფერს იღებდე მოცემულობად და მხოლოდ ხვდებოდე, რა შეიძლება იყოს მეტად ან ნაკლებად სავარაუდო. დღეს ჩემთვის ეს არის ერთადერთი გზა შაგალის პერსონაჟებივით გამოვცურო თბილისიდან.

marc-chagall_over-the-town-02