Sailing from Tbilisium

არსებობს ასეთი ტერმინი – ქსენიზაცია, ანუ მოგზაურობა უცხოსავით. თითქოს იმყოფები სხვა ქალაქში, აკვირდები მის რიტმს, სხვების ცხოვრებას და ამავე დროს, იქ არ ხარ, ვერ გხედავენ, ჰიჩკოკისეული ვუაიერისტის და უჩინარი კაცის ნაზავს წარმოადგენ. რაც მთავარია ფიქრობ და ამით ახერხებ იყო ნაკლებად მარტოსული, როგორც კითხვისას. ეს იმდენად იშვიათი ტერმინია, რომ თითქმის არ ისერჩება და დიდი ალბათობით სხვა ადამიანების წარმოდგენაში მისი მოყვარული სულ სხვა ყუთში მოხვდება, ვიდრე თავად ისურვებდა. ასეთი მოგზაური ქუჩის ფლანორია (flâneur) და ის ვერ იტანს ტურისტებს, მათ მიერ შედგენილ გეგმებს და შემთხვევითობის თავიდან არიდების მცდელობას. ტურისტისგან განსხვავებით, ცნობისმოყვარე ფლანორი ყოველ ნაბიჯზე რევიზიას უკეთებს თავის გეგმას, მან იცის როგორია იგრძნო თავი სახლის გარეშე, სრულიად უცნობად, მგორავ ქვად. შემთხვევითი არაა, რომ ის კანადელ-ამერიკელი, ვინც გზაზე ყოფნა, უფროსების მითითების გარეშე არსებულ, მატერიალურად შეიძლება ღარიბ, მაგრამ სულიერად უმდიდრეს სხვა ცხოვრების სიმბოლოდ აქცია, ბიბოპის არეულობას ეტრფოდა. ჩარლი პარკერიც ფლანორია, რომელსაც არ ადარდებს გაწერილი გეგმები და წინასწარ სიამოვნებას იღებს გაურკვევლობისგან.

ჩვენთან არ არსებობს მიწა ასეთი ადამიანებისთვის. საქართველოში ‘საკუთარ თავში გარკვეული’ და ‘ჩამოყალიბებული’ ადამიანების კულტია. კითხვების დასმა ლამის სირცხვილს უტოლდება, რადგან ამით ირკვევა, რომ მასზე პასუხები არ იცი. აქ კიდევ პასუხები ყველას აქვს და ამიტომაც ყველას შეუძლია პოლიტიკოსობა, ლოიდ ჯორჯის (აპოკრიფული?) სიტყვებიდან საუკუნის გასვლის შემდეგაც ჩვენ კვლავ შეგვიძლია მთელი ევროპის მომარაგება მინისტრებით. საქართველო პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დუნინგ-კრუგერის ეფექტის გავრცელებით. ის იმაში მდგომარეობს, რომ არაკომპეტენტურმა არ იცის საკუთარი არაკომპეტენციის შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არ იცის რა არის კომპეტენცია. ქართველის ტვინში ამიგდალა თითქოს ზომაზე მეტ იმპულსებს გასცემს, რომ არსებული ინფორმაციის პირობებში თანმიმდევრული და გასაგები ნარატივი შეიქმნას, თან ამით შეიძლება თავისი უპირატესობაც წარმოაჩინოს. გარკვეულწილად, ეს თავდაცვითი მექანიზმია. მთელი წყება ეგზისტენციური საფრთხეების შემდეგ შეიძლება გირჩევნია დაიჯერო, რომ ავღანეთში გიორგი XI კიდევ ახსოვთ ან აქ რომ გეოპოლიტიკური გობელენი იქსოვება. უფრო განათლებულისთვის იზაია ბერლინისეული ზღარბობა ნამდვილი მისწრებაა, რა ჯობია, როცა მზამზარეულ იდეოლოგიურ თუ სხვაგვარ ჩარჩოს იღებ და იცი მსოფლიო როგორ მუშაობს.

მცირე ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ კითხვაც ქსენიზაციაა. ის საშუალებას იძლევა დასცილდე აქაურ ვეისთლენდს, მემკვიდრეობად მიღებული გარეუბნის საბჭოთა ბრუტალისტურ არქიტექტურას, რომლის მსგავსაც ჯეინ ჯეკობსი ‘მოსაწყენობის დიდ ლპობას’ ეძახდა. შეგიძლია უცხოსავით იმოგზაურო არაბულ ქუჩაში, ბანგლადეშის ჩამონგრეულ ქარხნებში, ფოგი ბოტომის კორიდორებში, 80-იანების მწვანეების მიტინგებზე, 30-იანების მოსკოვის სასამართლო პროცესებზე, საუკუნეების მიჯნის ვენის ყავის სახლებში, წერილების რესპუბლიკაში და ასე დაუსრულებლად. ამით შეიძლება კითხვები მუდმივ რეჟიმში გქონდეს, ფლანორივით არაფერს იღებდე მოცემულობად და მხოლოდ ხვდებოდე, რა შეიძლება იყოს მეტად ან ნაკლებად სავარაუდო. დღეს ჩემთვის ეს არის ერთადერთი გზა შაგალის პერსონაჟებივით გამოვცურო თბილისიდან.

marc-chagall_over-the-town-02

Advertisements

2 thoughts on “Sailing from Tbilisium

  1. ბოლო აბზაცი ❤ Something like, the reality is, what we make of it. ჩვენს აღქმასა და წარმოსახვაზეა დამოკიდებული სად ვართ და რატომ ვართ.:) 30-იანი წლების მოსკოვის სასამართლო პროცესებზე რა გინდა ოღონდ?:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s