ქართული სიყალბე ძველი თემაა. თან ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ვინც ამაზე საუბრობს, ხშირად ისიც ვერ გაურბის ამას. აქ მხოლოდ იმის თქმა მინდა, დღეს სად შეიძლება ვიყოთ ამ ხელოვნების დარგის საერთო ეროვნული კანონიზაციის გზაზე.
დიდი ხანია მიკვირდა და მაინტერესებდა, თუ რა მოგვწონს „დასავლეთში“. საბოლოოდ, იმაზე უკეთეს პასუხს ვერ ვნახულობდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავი „დასავლეთში“. თან „დასავლეთიც“ ხომ ჩვენნაირი გახდა, გარეგნულობაზე და ქცევაზე ორიენტირებული. ჩვენც უპასუხისმგებლო ინდივიდუალიზმი გვხიბლავს, სულ მეს გავიძახით და დასავლეთშიც „მეს დეკადების“ დასრულებას პირი არ უჩანს. თუმცა რაღაცას მაინც გადავახტით, სხვა გზით მივედით. თითქოს აზროვნება და განმანათლებლობა 1930-იან წლებში დასრულდა, შემდეგ კი გვიანდელ საბჭოეთში სუფრაზე დანაყრებულმა ბაბუებმა და მამებმა აღმოაჩინეს, რომ „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ“. დასავლეთს დანაყრებამდე მისასვლელად „პროტესტანტული ეთიკა“ და რაც მთავარია, ინდივიდუალის აღმოჩენა დასჭირდა.
1950 წელს გამოქვეყნდა დასავლური ხასიათის აღმწერ ერთ-ერთ ქრესტომათიულ წიგნად მიჩნეული „მარტოსული ბრბო“ (The Lonely Crowd). ავტორები თანამედროვე საზოგადოების სამ ტიპს გამოყოფდნენ: ტრადიციისკენ, შიგნით და გარეთ მიმართულს. რენესანსისთვის და რეფორმაციისთვის დამახასიათებელი შიგნით მიმართული ადამიანი, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის ამერიკაში, ადგილს უთმობდა გარეთ მიმართულ ადამიანს. ამ უკანასკნელისთვის, პირადი მონაპოვრის ნაცვლად, უმთავრესი იყო სხვების მხრიდან მოწონება, პოპულარობა. გარეთ მიმართული ადამიანი გაცილებით მოქნილი იყო, სხვებისგან მოწონების მოსაპოვებლად ის მარტივად თანხმდებოდა მორგებაზე. ავტორების შენიშვნით, ასეთი ადამიანის ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა თანატოლების როლის მნიშვნელობის ზრდა და მედიის ზეგავლენა. 1978 წლის ცნობილ წიგნში „ნარცისიზმის კულტურა“, კრისტოფერ ლასკი წერდა, რომ მედიისგან გავლენის ქვეშ მყოფი ნარცისი პიროვნება უკიდურესად დამოკიდებული იყო სხვების მხრიდან მოწონებაზე. შიდა სიცარიელის ამოსავსებად ემოციური შეგრძნებებისთვის მუდმივად მშიერს, მას არ ჰქონდა საკუთარი, დამოუკიდებელი მე.
საბჭოეთის შემდეგ, მრავალი ქართველისთვის ასეთი „დასავლეთის“ გაგება ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. თან ამით პოსტ-საბჭოთა თაობები საკუთარ იდენტობას შეიძენდნენ, „დასავლურის“ დროშით ისინი განსხვავებულები იქნებოდნენ წინა, საბჭოური თაობებისგან. თუმცა ამით ძველი ქართული თვისებები მხოლოდ ახალი სახელით გრძელდებოდა. „დასავლურ“ ქართველებს ხშირად სწორედაც რომ ქართული უპასუხისმგებლო ინდივიდუალიზმი, მოჩვენებითობა და ნარცისიზმი მოსწონდათ ასე აღქმულ „დასავლეთში“, თან როცა თავად დასავლეთიც ჩვენებური ხდებოდა.
დღეისათვის, სახელგადარქმეული ქართული მიმბაძველობა თითქოს ცალკე იდენტობად ჩამოყალიბდა. „რაც მაგრები ვართ“-ის უარყოფა ახლა თავად იქცა თანამედროვედ ყოფნად, საკუთარი თავისთვის ტრენდული პოზიციის მიცემად. აღიზარდა მთელი თაობა გურჯოპოლიტანების, რომელთა raison d’etre-ად გადაიქცა ჩამორჩენილობის უარყოფა და ამის მუდმივი მტკიცება. სინამდვილეში, ასეთი ხელოვნური განსხვავებულობაც ძალიან ქართულია, ძალიან ყალბი. ისიც სხვების მხრიდან მოწონებაზე და საკუთარი თავის გამორჩევაზეა აგებული. ქართველი ჰიპსტერიც იმავე „მარტოსული ბრბოს“ ნაწილია.
პ.ს. თავიდან აღვნიშნე, რომ სიყალბეზე მწერალი ხშირად თავადაც ვერ გაურბის ამას. ამ პოსტს პირად ბლოგზე ვდებ და facebook-ის პირადი ანგარიშიდან გავაზიარებ, დავაკვირდები რამე გამოხმაურებას, თუკი იქნება საერთოდ. დაკვირვება კი ყოველთვის შეგიძლია, მომიტევეთ ვუაიერიზმისთვის.
გეთანხმებით, თუმცა ამასაც დავამატებ – ქართველი ჰიპსტერი, ვიწრო ჯინსებში გამოწყობილი საროჩკისღილებბოლომდეშეკრული ახალგაზრდა, რომელიც აზროვნების დამოუკიდებლობის ხაზგასასმელად პალანიკს და უელბეკს იყენებს სტატუსად, მარტო დასავლურ ავტორიტეტებს კი არ აღიარებს, ახლოდმახლოვე ყავს “ფსევდოინტელიგენცია”, ჰიპსტერების წინამორბედები რომლებსაც უკვე ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული და “განვითარებულ ახალგაზრდობას” მოწყალე თვალით უყურებენ, ჰეთ, მიდით ახლა, თქვენ უნდა ასწავლოთ ამ ხალხს ჭკუაო,სახეში ურტყათ “რაცმაგრობა”, თქვენ ხართ ჩვენი საქმის გამაგრძელებლებიო. იმ საქმის რომელიც ვითომდა დაიწყეს. არადა ეს როგორც თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში, მორიგი სიყალბე, “ძველი თემა” იყო.