ჩემი ცოლის დაქალებზე

სერიალის სრულ ანალიზთან შეჭიდებას, რასაკვირველია, არ ვცდილობ. თუნდაც იმიტომ, რომ წინა ხუთ სეზონს არ მივსდევდი და სერიალს მხოლოდ მეექვსედან შევუყევი. მინდა მხოლოდ ნანახიდან გარკვეული თემები გამოვკვეთო და ბოლოსკენ თავს განზოგადების საშუალება მივცე.

ჩემთვის პირადად, სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ სერიალი ისეთი არადამაჯერებელი და სასაცილოდ ხელოვნური აღარ მეჩვენა, როგორც გიორგი ლიფონავას ადრინდელი ნამუშევრები. გარკვეული სიუჟეტური ხაზები, მაგალითად ნინო კასრაძის პერსონაჟი და ზოგადად მისი ოჯახი, მართლაც ნიჭიერადაა მოფიქრებული. თუმცა ლიფონავას ადრინდელი „სავაჭრო ნიშანი“, დიქოტომია ჩამორჩენილ ტრადიციებსა და აქედან გათავისუფლებას შორის, სერიალს მაინც წვრილ წითელ ხაზად გასდევს. შეიძლება დიდი არაფერი და ავტორებმაც ღრმა აზრი არ დაატანეს, მაგრამ ერთ სერიაში დახატულ მშობელთა კრებაზე მენიშნა ტირანი რეპრესირებული მასწავლებელი და მას შეპასუხებული პირობითად ემანსიპირებული გმირები, რომლებიც სცენის ბოლოს გადაწყვეტენ, რომ შოპინგ-მოლში შეისეირნონ.

ყველაზე საინტერესო ეპიზოდად, რომელიც ვფიქრობ მინიატურაში ასახავს სერიალის ბევრ სათქმელს, პოლიტიკოს ცოტნე ცოტაშვილის ტაქსისტებთან შეხვედრა მეჩვენა. დავიწყებ იქიდან, რომ სცენაში განლაგებაა უკვე საინტერესო. თითქოს არსებობს რაღაც უხილავი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დგანან ქვეყნის იმედი, ნარჩევი, სუფთა, ლამაზი, პრინციპული, თვითდარწმუნებული, სავარაუდოდ ბენდუქიძის უნივერსიტეტებში ნასწავლი, მომავალი შემდგარი პიროვნებები და მეორე მხარეს ჩამორჩენილი, ბნელი, ბინძური, ჩამოსული, ენის კარგად არმცოდნე, კონსპიროლოგიისკენ მიდრეკილი, მზრუნველობის მომლოდინე აგრესიული მასა.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ცოტნე ცოტაშვილის დიდაქტიკურ-მენტორული ტონი  თავადაა დროს ჩამორჩენილი, ტაქსისტების შემქნელებისეული წარმოდგენა ერთდროულად ამაზრზენი და კომიკურია. ცხადია, ბევრი ტაქსისტი ნამდვილად არაა მისაბაძი ადამიანი, მაგრამ ასე გადაღება ხომ მარტივი განზოგადება და ურცხვად უარყოფითი სტერეოტიპის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობაა.

საგულისხმოა ახალაშენებულ, კეთილმოწყობილ ბინაში მცხოვრები ახალგაზრდა პოლიტიკოსის მიერ ტაქსისტებისთვის შეთავაზებული პრობლემების გადაჭრის გზა – „გახდით პროფესიონალები“. „პროგრესულის“ მთელი პასუხისმგებლობა იმაშია, რომ თავისი დამოძღვრით „ბნელებს“ უბრალოდ ჩააგონოს, მისნაირი გახდნენ და ის უხილავი ხაზი გადმოკვეთონ. არადა „პროგრესულის“ თვით-აღიარებული „კუმირი“ ლამის მთელი ცხოვრება სწორედ ამ ხაზის არსებობას ებრძოდა. სხვისი პრობლემების გათავისება „პროგრესულს“ არ მოეთხოვება. ის თვალებს ფართოდ ხუჭავს პირობების ლამის გროტესკულ უთანასწორობაზე, საკუთარ სასურველ რეალობას იქმნის, რომელშიც სწორედ ესაა მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოვლინება. მეტიც, „პროგრესულის“ წარმოდგენაში ორი მხარე ყოველთვის იარსებებს და „ბნელი“ მის იდენტობას განსაზღვრავს.

მთავარი მაინც სხვა რამაა. თუ ამ სცენაში ავტორებმა საკუთარი თავის პაროდირება სცადეს, მაშინ მათ გულწრფელი აპლოდისმენტები ეკუთვნით. სამწუხაროდ, ადამიანის შესაძლებლობებს ასე ოპტიმისტურად არ ვუყურებ და მგონია, რომ შემქმნელებმა უბრალოდ საკუთარი გულისწადილი გააჟღერეს. ცოტნიკოს გზაში უჩვეულო არაფერია და თანამედროვეობის თანმდევი მოვლენაა. ის პირველად ალბათ XIX საუკუნის პირველ ნახევარში სხვადასხვა შეხედულებების ფრანგმა მოაზროვნეებმა (ტოკვილი, დე მესტრი, ლამარტინი, ბალზაკი) აღწერეს და სახელად „საძულველი ინდივიდუალიზმი“ (l’odieux individualisme) უწოდეს. საქართველოს შემთხვევაში, ამგვარი ლიბერალიზმი თავისი თავკერძა ინდივიდუალის გაკერპებით (ზოგადად „ლიბერალიზმი“ და „ინდივიდუალი“ უკეთესი სიტყვებია და არ იმსახურებს გავრცობას) ჩინებულად მოერგო არსებულ რეალობას. დროის გამოძახილის გარდა, ის ხომ იმდროინდელ ქართულობას აგრძელებდა, მამარდაშვილის სიტყვებით, ახლობლებთან ერთად ნავში მარტო ყოფნას. თან აქაური მიმიკრიის უნარი და მიმბაძველობა არახალი ამბავია. თურმე რა მარტივი ყოფილა „პროგრესულობა“ და სხვებისგან გამორჩევა. რაც ჯილაგშია, იმაზე უარი არ ვთქვათ და თავიც დავირწმუნოთ, რომ მას ვუპირისპირდებით ჩვენი მორალური გამბედაობითა და სიმართლით.

სამწუხაროდ, ასეთი მსოფლხედვა, გნებავთ მამების წინააღმდეგ იარაღი, უკეთეს შემთხვევაში, თავის მოტყუებაა, ხოლო ხელისუფლების იდეოლოგიად ქცევისას, ჩვეულებრივი ბოროტება. სხვა დანარჩენზე ვერ გეტყვით, მეტად კომფორტულია შეეცადო აღწერო ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა და სხვისი გაცნობიერება კი შეიძლება არც ყოფილა ჩვენთვის.

4 thoughts on “ჩემი ცოლის დაქალებზე

  1. ჩემი ცოლის დაქალები პროპაგანდისტული შოუა რომლის მიზანია მორალური ფასეულობების დაკნინება და მისი განხილვა რეკლამირების ტოლფასია.

  2. კარგი ტექსტია , და ცოტნეს პროტოტიპ ახალგაზრდებს ზედაპირული და არასწორი წარმოდგენა აქვთ პროგრესულობაზე და “შედარებითი უპირატესობის” თეორიაზე,რაც ეკონომიკური ლიბერალიზმის საფუძველია. რაც არ მომწონს ამ ტექსტში არის ტრენდს აყოლილი პოზიცია, თითქოს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ამპარტავანი და მისი “პროგრესით” თვალდაბინდული ყველა განსხვავებულს ბნელ და შავ მასად წარმოადგენს რომელსჩ უნდა ებრძოლოს :)) სასაცილოა, არ ვიცი გარედან რა ჩანს მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს არანაირად არ გვაქგს მსგავსი წარმოდგენა. და რადგან თითქმის ყველა სტუდენტს ვიცნობ ვისაც 2009 წლის შემდეგ უსწავლია აქ … შემიძლია ვთქვა რომ არც ისინი არიან ამ “მითის” გმირები.

    ასე რომ სანამ მოგვნათლავთ პატარა ცოტნიკოებად, ისიც გაითვალისწინეთ რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლის ერთ ერთი მთავარი ღირსება ის იყო რომ ადამიანები უყვარდა და ვისაც შეეძლო ეხმარებოდა საკუთარი თავი განევითარებინა როგორ თავად ამ ადამიანს სურდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s