ძველით ახალი ქართული ელიტები

ისტორია რომ არ მეორდება, თუმცა ზოგჯერ ირითმება, მარკ ტვენისგან ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაწერენ.  ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  დღემდე, ელიტებმა ქვეყნის ორი ნათელი იდეა წარმოადგინეს, თავიდან რომანტიკულ-ისტორიული შეფერილობის, წინა ათწლეულში – მისი სრული საპირისპირო, ლიბერალური ყაიდისა. 2012 წლის არჩევნებზე კი მოხდა ის, რაც სხვა ამერიკელმა სატირიკოსმა ჰ. ლ. მენკენმა 1920 წლის აშშ-ის მაგალითზე აღწერა, როგორც „ინტელექტუალური თაღლითობის მარცხით დაღლილი ამომრჩევლის პატიოსანი იმბეცილობისკენ შებრუნება.“ ახალ ხელისუფლებას ხეირიანი მოდელი არ წარმოუდგენია, მისი პრიორიტეტები ჯერაც ძირითადად ბურუსითაა მოცული. მემკვიდრეობად დანატოვარი ევროპული ორიენტირი გაგრძელდა, თუმცა კვლავინდებურად ფასეულობების ახსნაზე თავის შეუწუხებლად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უახლოეს წარსულში ჩვენი ისტორია გაირითმა. შევეცდები, განვმარტო.

თავდაპირველად, ისტორია მაშინ გაირითმა, როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ისევე როგორც პირველ ჯერზე, „ხონჩით მოერთვა“ (ნოე ჟორდანიას სიტყვების გამოყენებით). ერიკ ჰობსბაუმის საუცხოო მეტაფორას თუ ვიხმართ, ადგილობრივი ყაყაჩოს მომყვანების (ისტორიკოსების და საზოგადო მოღვაწეების) გამოისობით ახალ ქვეყანას მზამზარეული იდენტობა ხვდა წილად. საბჭოთა პერიოდში, დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში მცხოვრებმა ელიტამ დანარჩენი მოსახლეობა ღრმად გაჟღინთა ეთნიკური ნაციონალიზმით, ან როგორც თაგორმა უწოდა, „კოლექტიური ეგოიზმით“. ამ მოდელისთვის ინდივიდუალსა და მამარდაშვილის ნანატრ სამოქალაქო საზოგადოებაზე უპირატესი „ხაპიდან დოქში“ გადმოდენილი სისხლი და “ქართული სული” იყო. როგორც ნობელიანტი მწერალი ვიდიადჰარ ნაიპოლი ინდოეთზე წერდა, რელიგიამ აქ „არ მისცა ადამიანებს ერთმანეთთან კონტრაქტის, სახელმწიფოს იდეა“. შედეგებიც შესაბამისი აღმოჩნდა, ზოგადად სახელმწიფოს არსებობა სათუო გახდა.

2003 წლიდან ხელისუფლებაში უუნარო და დისკრედიტირებული მამების თაობა შვილებმა ჩაანაცვლეს. შვილების მიერ წარმოდგენილი ახალი საქართველოს მოდელი მჭიდროდ უკავშირდება მათ მიერ დასავლეთის წარმოდგენას, რომელიც კარიკატურულად შეუზღუდავი ბაზრის და რუსეთის ანტითეზის ნაზავად იქცა (როგორც ბალტიურ და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში). ლამის სახელმძღვანელოებიდან გადმოტანილი ნეოლიბერალური მოდელი იმას გულისხმობდა, რომ შესაძლებლობის გარეშე მიტოვებულ მოსახლეობის უმეტესობას არ მიეცა პოლიტიკურ ცხოვრებაში „შესასვლელი ბილეთი“ (რალფ დარენდორფი), ხოლო სიღარიბემ ისინი „სოციალურად გარიყა“ (ამარტია სენი). მზარდი პროგრესიით იმატებდა იმ იმედგაცრუებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დასავლურ ფასეულობებს ხელისუფლებასთან აიგივებდა და მტრულად ეკიდებოდა. ელიტისთვის უსამართლო პოლიტიკურ ეკონომიკას კარგად ნიღბავდა მოსახლეობაზე „ორიენტალისტური“ წარმოდგენები, რომ ის ძველებურად მზრუნველი სახელმწიფოს მოლოდინშია, შრომა ეზარება, საბჭოური კმაყოფა ურჩევნია, ad nauseam ქილიკი 37 მანეთზე. დროის მსვლელობასთან ერთად, „ბნელი“ მასის და მის ალყაში მყოფი ერთი მუჭა ლიბერალების დიქოტომია თვით-ახდენად წინასწარმეტყველებად გადაიქცა.

სტივენ ჯონსი თავის წიგნში „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, ერთგან შენიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მომხმარებლის ჩამოყალიბებაზე ზრუნავდა, ვიდრე მოქალაქის. 2000-იანი წლების მოდელით, ლიბერალს არ ეკისრებოდა რაიმე პასუხისმგებლობა პრეკარიატის წევრების მიმართ. პირიქით, არსებული სტატუს-კვო და მათი „სიბნელე“ მას გამოარჩევდა, ქმნიდა. საქართველოში წარმოიქმნა უმცირესი ჯგუფი, რომელსაც პოსტ-კოლონიალური თეორეტიკოსი კვამე ენტონი აპია „კომპრადორულ ინტელიგენციას“ უწოდებს – დასავლური სტილით მოაზროვნეების შედარებით ვიწრო კატეგორია, რომლებიც არიან კულტურული პროდუქტების შუამავლები კაპიტალისტური სამყაროდან პერიფერიაში და ავრცელებენ კაპიტალისტურ წარმოებასა და მოხმარებას. სუფრის მომხმარებლის იდეალი საკუთარ უფლებებში გარკვეულმა კონსიუმერმა ჩაანაცვლა, ხაპი ჰიპსტერმა, სამოქალაქო საზოგადოება კი არ გაჩენილა. შედეგები ისევ სავალალო აღმოჩნდა და 17 მაისს მოძლიერებული ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ მუქარაში გამოვლინდა.

საბოლოოდ, მამების მსგავსად, შვილების მოდელი იყო სხვა არაფერი, თუ არა ელიტების მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი „ეგოიზმი“, კვლავ არავითარი კონტრაქტის იდეა ერთმანეთის მიმართ. ისტორია კი იქამდე ირითმება ხოლმე, სანამ რამეს არ ისწავლიან იქიდან.

One thought on “ძველით ახალი ქართული ელიტები

  1. და ამ ყველაფერთან მიმართებით საკუთარ თავს ვის მიაკუთვნებ? რომელ ჯგუფს? ახალი თაობა აკა ერთიანი ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტებში ჩარიცხული ახალგაზრდობის თაობა, ძირითადად კრიტიკულად არის განწყობილი სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების მიმართ, თუ ამას სახელმწიფო ქვია და თითოეული ადამიანი თუ თავს მოქალაქედ გრძნობს.
    ქართული ელიტა და პოლიტიკური ელიტა, როგორც ასეთი ალბათ არ გვყავს და ძირითადად, აბსტრაქტული მიდგომა გვაქვს თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით. ქართულ რეალობაში ყოველთვის აქტუალური იქნება ჯაყოს, თეიმურაზ ხევისთავის, კვაჭი კვაჭანტირაძის, გივი შადურის ტიპის პერსონაჟები და მათი ხასიათები, თვისებები, პრობლემა ალბათ უფრო ქართველი ხალხის თვისებებში და თავისებურებებშია.
    2003 წელს მოსულმა “ელიტამ” გააკეთა ის, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა კონკრეტული რეალობიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, ბევრი შეცდომის დაშვების ფონზე და შეიძლება ითქვას გარკვეული საწყისი შექმნა state-building-ის, დემოკრატიზაციის და რეფორმების, რა იყო სწორი, სად დაუშვეს შეცდომები და რატომ და ა.შ. ეს უკვე კონკრეტული სპეციალისტების კვლევის საგანია.
    ჩემი სუბიექტური აზრით, ადვილად სამართავი ხალხი და მცირედითაც კმაყოფილი მოსახლეობა, რომელიც პროგრესის არსს ვერ გაიაზრებს, ნაკლებად იქნება მოტივირებული, რომ რამე შეცვალოს, და 2012 წელს რაც მოხდა, ეს შეიძლება მოსახლეობის მხრიდან იყო მცდელობა და მოლოდინი ცვლილებების, მაგრამ მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემა არ ცვლის რეალობას, მუდმივი მოქმედებაა საჭირო და კონტროლი ხელისუფლების.
    ნაკლებად კვალიფიციური სპეციალისტების პირობებში და გარკვეული სფეროების ჩავარდნის ფონზე, კრიტიკული დამოკიდებულება და მიდგომა, მკვლევარების პოზიცია ძირითადად თეორიულია და კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს არ მოიცავს. განვითარების სტრატეგია, თავისი პრიორიტეტებით არ გვაქვს ასე გამოკვეთილად.
    ძირითადად კი პრობლემები განათლების დაბალი ხარისხიდან, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებიდან, უმუშევრობიდან, არარეალიზებული და ვერშემდგარი პიროვნებებისგან, საკუთარ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებში გაურკვეველი ადამიანებისგან, არაკვალიფიციური და არაპროფესიონალი სპეციალისტებისგან მოდის და ასევე თვითონ ქართველი ხალხის ხასიათიდან, თვისებებიდან. ან დღეს მომხმარებელი რას მოიხმარს? ეს ვერ გავიგე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s