ქართულები

ეს პოსტი თავხედურია. თავხედურია იმიტომ, რომ ვაპირებ ისეთ საკითხებს შევეხო, სადაც კომპეტენცია მაკლია. მოკლედ, ვაპირებ პოსტის სახელწოდების მიხედვით ვიმოქმედო ანუ ძალიან ქართულად. შევეცდები ის იდეები აღვნუსხო, რომლებიც უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე ჩვენ სივრცეში დომინანტური იყო, გნებავთ ჰეგემონური. ბოლოსკენ, ჩემი მოკლე ჭკუით სასურველი იდეის კონტურებს მოვხაზავ, რითაც ალბათ ნათელი გახდება ტექსტის დაწერის მოტივაციაც.

გრძელი XIX საუკუნე  – თერგდალეულთა გამოჩენიდან 1921 წლის ოკუპაციის შედეგებამდე. ეს არა იდეა, არამედ მრავალმხრივი ინტელექტუალური გარემოა, საიდანაც გაბატონებული შეხედულება ვერ გამოირჩევა. პირველად განხილული ერი, სახელმწიფო, პატრიოტიზმი, ისტორია, ადამიანის უფლებები, პოლიტიკა, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალ-დემოკრატია, აქეთ მაძინი და გარიბალდი, იქით კაუცკი და მარქსი, იქვე კროპოტკინი და ბაკუნინი. მოკლედ, გონებათა ლამის იდილიური დუღილი, რომლის მსგავს სამყაროსაც შტეფან ცვაიგმა მონატრებით ‘გუშინდელის მსოფლიო’ დაარქვა (ანალოგიურ პროცესს არაბულად ‘ალ-ნაჰდას’ იმავე ‘გამოღვიძებას’ უწოდებენ, როდესაც იმავე ხანაში არაბული აზროვნება დასავლურ ყაიდას გაეცნო).

Image

‘ისტორიული საქართველო’  –  პოსტ-სტალინურ საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში კულტურული ნაციონალიზმის პირმშო, აქაური ინტელიგენციის მიერ შემქნილი ოპიატი. ისტორიული რომანების ბუმი, ლევან სანიკიძე, მამარდაშვილისეული ‘ქართველი რაინდის ლეგენდა’, პატრიოტული სულისკვეთების კინოპროდუქცია. მძიმე ფორმები მიიღო ქართული განსაკუთრებულობის მითისა და ზვიად გამსახურდიას სახით. მსუბუქი ფორმებით გვხვდება ნებისმიერ ტრადიციულ სუფრაზე. დღევანდელი განსახიერება – ილია მეორე. მოსახლეობის უმეტესობისთვის ჯერჯერობით დომინანტური იდეა.

‘ლიბერალიზმი’ –  უაღრესად პირობითი სახელი. default-მოდელი ‘თანამედროვეს’ პრეტენზიის ნებისმიერი მქონესთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც თავად სიტყვა ‘ლიბერალი’ ეზიზღება. ‘ისტორიული საქართველოს’ სრული უარყოფა, ანტიპათია რუსეთისადმი,  ‘დასავლეთი’, როგორც ბედისწერა, ძირითადად სოციალურად ლიბერალური შეხედულებები. საგრძნობი დაშორება ჩვეულებრივი ქართველისგან, გამომდინარე განსხვავებული ინტერესებით, ფასეულობებით. ერთგვარი დაუცველობის და შიშის განცდა გაუნათლებელი და ბნელი ‘მასების’ მიმართ, რომლებიც სტალინის ძეგლებს მართავენ და უმცირესობებს ფიზიკურად ემუქრებიან (როგორც 17 მაისს და სოფელ ჭელაში). ემუქრებიან აგრეთვე თავად ‘ლიბერალსაც’, რომელიც შეიძლება ‘ხალხისთვის’ ‘მასონი’ ან ‘პიდარასტია’. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ემპათიის მიზერული გრძნობა და დემოკრატიის მიმართ ამბივალენტური და უმეტესად ცინიკური დამოკიდებულება.

ქართულ ‘ლიბერალიზმს’ მისი კონსერვატორული შიგთავსი ლიბერალიზმის თანამედროვე (გნებავთ, ამერიკული) გაგების ლამის სრულ ანტიპოდად აქცევს. გერმანელი სოციოლოგის  რალფ დარენდორფის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, დღევანდელი ‘ლიბერალი’ ყველაზე კონსერვატორია საქართველოში და ცვლილებები არ სურს.* დემოკრატიის პირობებში ქართული ‘ლიბერალიზმი’ ამჟამად უკანასკნელ იმედად ჩანს მაჯორიტარიანიზმის (ოხლოკრატიის, ‘უმრავლესობის ტირანიის’) თავიდან ასაცილებლად.

‘ლიბერალების’ მხრიდან საკუთარ კოკონში ჩაკეტვა და სოლიდარობის ნაკლებობა ქვეყანაში, სადაც საშუალო კლასი მხოლოდ რამდენიმე პროცენტია და ღრმა სოციალური კოროზიაა, უაღრესად მიოპიურია და თვით-დესტრუქციული. თუ შესაძლებლობა არ მიეცა და სახელმწიფოსგან გაუცხოება გაეზარდა ბევრ მოქალაქეს, სულ უფრო მეტი მათგანი წარმოიდგენს თავს ‘მრევლის’ ნაწილად (‘მრევლი’ ადგილობრივი გაგებით. თავად ნამდვილი რელიგიურობა, შეიძლება ითქვას, სასურველიც კია). ეს ყოველივე კი, პირველ რიგში, ‘ლიბერალისთვის’ იქნება სახიფათო. საბოლოოდ, ‘ლიბერალური’ ბრმა თვით-დარწმუნებულობის ბოლოს სხვა არაფერი ჩანს, თუ არა ‘ალყის მენტალობა’ და შავ-თეთრში აზროვნება.

შიშით განპირობებული შეხედულებები, რაც არ უნდა რეალურად ჩანდეს მომდინარე საფრთხე, სივრცეს უზღუდავს  განსხვავებულ აზრს. მეტიც, სრულიად არალიბერალურად ექცევა. ასეთი ჰეგემონური იდეა და მისი მზა პასუხები ადგილს არ უტოვებს კითხვების დასმას, ჩაძიებას, იმის გაანალიზებას, თუ რა არის წარმოსახვითი ‘ხალხი’, რამდენად ერთგვაროვანია, რამ გამოიწვია მათი შეხედულებათა ფორმირება, რა გზები შეიძლება არსებობდეს ვითარების გასაუმჯობესებლად.

აქ მივადექით ახალ იდეას და მის საჭიროებას. უფრო ზუსტად, ეს იმდენად იდეა არაა, რამდენადაც გარემო. პირობითად ‘კრიტიკული აზროვნება’  გაგრძელებაა ‘გრძელი XIX საუკუნის’ ტრადიციების. ის საკუთარ თავში გულისხმობს კითხვების დასმის მუდმივ რეჟიმს, თვით-სკეპტიკურობას და კულტურას, სადაც ‘არ ვიცის’ თქმა სათაკილო არაა. აქ არ არსებობს მზა პასუხები, არც სახელმძღვანელოები, რომლითაც რამე იხსნება. ის მეტია, ვიდრე უბრალოდ რეაქცია რეალობაზე და იმავე თამაშის წესებით გაგრძელება. აგრეთვე, წინა დომინანტ იდეებზე უარისთქმა სულაც არ ნიშნავს მათთვის დამახასიათებელ პატრიოტიზმზე ან ტოლერანტობაზე ხელის აღებას.

სამწუხაროდ, საქართველოში ამისთვის პირობები ნაკლებადაა. ვისაც შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა, მას არ აქვს მოტივაცია, ხოლო მას, ვისაც შეიძლება ჰქონდეს მოტივაცია, არ აქვს შესაძლებლობა. მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, განვითარება უმთავრესად სარგებელის მიღებას უკავშირდება, რაც კრიტიკულ აზროვნებას ხელს უშლის. ამგვარად გაგრძელებით, ჩვენთვის კვლავ შორეულ ოცნებად დარჩება ‘დასავლეთი’, არადა სწორედ კითხვების დასმა უმოკლესი გზაა ინტეგრაციისთვის ამ აღთქმულ სამყაროში.

* რალფ დარენდორფმა აღნიშნა, რომ 1970-იან და 80-იან წლებში სოციალ-დემოკრატი ყველაზე კონსერვატორი იყო ევროპაში და ცვლილებები არ სურდა.

7 thoughts on “ქართულები

  1. და ახლა რეალურად პოსტმოდერნია და პოსტმოდერნული კონსუმერიზმის ლოგიკა? და “დასავლეთში” ინტეგრაცია-გაწევრიანებამდე სანამ კითხვები დაისმება და კრიტიკული აზროვნება აქტიურ ფაზაში შევა, მოტივაციისა და ენთუზიაზმის ხარჯზე, დავუშვათ, იმაზე ვფიქრობთ, დასავლურ სტრუქტურებს რამდენად ვჭირდებით და რატომ? და საქართველო, როგორც ცალკე აღებული ქვეყანა, თავისი იდენტობის და კულტურის გამომხატველი არ უნდა იყოს?

    • საინტერესო კითხვებია. გეთანხმებით, რომ უნდა იყოს საკუთარის გამომხატველი, თუმცა რა უნდა იყოს ეს იდენტობა, დარწმუნებული არ ვარ. ალბათ ‘მდიდარი კულტურული ტრადიციების მქონე ქვეყანა’, გზაჯვარედინების და სისულელეების გარეშე. დასავლური სტრუქტურებისთვის ჩვენი ინტეგრაცია მგონია, რომ მხოლოდ ტუჩის სერვისია. მათ უმთავრესად სტაბილურობა სურთ მეზობლად და წარმოდგენა თითქმის არ აქვთ ჩვენზე. ‘დასავლეთში ინტეგრაციად’ მე პირადად უფრო ცნობისწადილი მიმაჩნია, ვიდრე ტექნოკრატიული რეგულაციები.

  2. “გზაჯვარედინებისა და სისულელეების გარეშე”, კი ზუსტადაც რომ ამის გარეშე. გეთანხმებით სტაბილურობა, მშვიდობა სამეზობლოში, ამ მიზნით არის უმთავრესად მოტივირებული სამეზობლო პოლიტიკა, “ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა” და “აღმოსავლეთ პარტნიორობას” ვგულისხმობ და ურთიერთობის ფორმატებს არა მხოლოდ საქართველოსთან, და ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლედად მოსალოდნელია, რომ საქართველო გახდეს ან ევროკავშირის, ან ნატოს წევრი. დღეს უბრალოდ აზრთა და პოზიციათა მრავალფეროვნებაა ქართველ საზოგადოებაში, ნაკლები კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი და ვიწრო სპეციალიზაცია. ალბათ პრობლემის არსს ვერ ვხვდებით და შესაბამისად რეაგირება და გარკვეული სტრატეგიის შემუშავება არ ხორციელდება. თუმცა ისევ შეიძლება იმ პირებზე, ვისაც აქვთ მოტივაცია და არ აქვთ შესაძლებლობა, არის დამოკიდებული დღეს ხვალინდელი დღე და მომავალი თავისი სიახლეებით.

  3. ისე მაინცდამაინც პოლიტიკური და სოციალური თეორიების და ფილოსოფიების იმპორტი და ქართულ რეალობაზე მორგებაც არ არის გზა ხსნისა, კონკრეტული საქმიანობა და ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

დატოვე კომენტარი