დეიზი

ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ნეგატიური რეკლამა პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჯერ კიდევ 1828 წელს, პატივცემული ჯონ ქვინსი ადამსი აბრალებდა ენდრიუ ჯექსონს (ის ჯექსონი, მერე 20-დოლარიანზეც რომ გამოსახეს) ლოთობას, მკვლელობას, მონობით ვაჭრობას, მამლებით ჩხუბსა და კანიბალიზმსაც კი. ჟანრის კლასიკა კი უცილობლად 1964 წლის ‘დეიზია’ (გვირილა), სადაც ოპონენტის საპრეზიდენტო პრეტენზიები ისე დაასამარეს, რომ მისი გვარი არც უხსენებიათ.

1964 წელი, Mad Men-ის ხანა. 7 სექტემბერს, ვაშინგტონის დროით 21:50-ზე  50 მილიონი ამერიკელი NBC-ზე საისტორიო ეპიკური ჟანრის ფილმ ‘დავითსა და ბათშებას’ უყურებს სრულიად ამერიკის სვითჰართის, ჭეშმარიტი ‘ძე იგი საყვარელის’, გრეგორი პეკის მონაწილეობით. სარეკლამო ჭრილის დროს მოულოდნელად ცისფერ ეკრანებზე სამიოდე წლის ჩასაყლაპი გოგონა გამოჩნდება, რომელიც ყვავილს ფურცლებს აცლის და შეცდომით ითვლის, რაც ბავშვურ ელფერს კიდევ უფრო ამძაფრებს. მოულოდნელად, როცა თვლა არც კი აქვს დამთავრებული, მამაკაცის ავბედითი ხმა უკუთვლას იწყებს, კადრი გოგონას მზერაზე იყინება. ორი, ერთი, ნული და მაყურებლის წინაშე გრუხუნით ატომური სოკოს ღრუბლები წარმოდგება, რომლის ფონზე ლინდონ ჯონსონის მამობრივი ხმა გვამცნობს – ‘ასეთია რისკები. იმისთვის, რომ შევქმნათ სამყარო, სადაც ღმერთის ყველა შვილი იცხოვრებს, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ან მოვკდეთ.’ ვიდეო კი სრულდება გაფრთხილებით: ‘ხმა მიეცით პრეზიდენტ ჯონსონს 3 ნოემბერს. რისკები ზედმეტად მაღალია იმისთვის, რომ სახლში დარჩეთ.’

მომდევნო ღამეს ‘დეიზის’ სამივე ნაციონალური მაუწყებლობის საინფორმაციო გამოშვება დაეთმო, შემდეგ კვირას უკვე ‘თაიმის’ გარეკანიც მიეძღვნა. რეკლამა ტელევიზიით აღარასოდეს გასულა, აღარც იყო საჭიროება. რეკლამის სამიზნე ბარი გოლდუოტერი იყო – პოლიტიკაში წასული არიზონელი კოვბოი, 1964 წლის რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი. ის ხმალამოღებული ებრძვოდა სოციალურ უსაფრთხოებასა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობას, სამყაროს მაშინდელი ტელევიზორების მსგავსად შავ-თეთრად აღიქვამდა და მზად იყო ბირთვული არსენალი გამოეყენებინა ვიეტნამსა და აღმოსავლეთ ევროპაში. რეკლამის შემქნელის სიტყვებით, ‘დეიზი’ რორშახის ტესტი გამოგდა – ის არ ამბობდა არაფერს, უბრალოდ ზედაპირზე ამოჰქონდა გრძნობები. სავარაუდოდ, ლინდონ ჯონსონი მაინც დამაჯერებლად მოახერხებდა მის დამარცხებას, თუმცა ‘დეიზი’ უკანასკნელი ლურსმანი გამოდგა არიზონელი სენატორისთვის, რამაც ის თავდაცვით პოზიციაში გადაიყვანა. საბოლოოდ, გოლდუოტერი 16 მილიონი ამომრჩევლის ხმით და 38 შტატით ჩამორჩა ჯონსონს, ხოლო მისი ცვილის ქანდაკება ლონდონში მუზეუმის ადმინისტრაციამ ყინულს გადასცა.

ბირთვული აპოკალიფსის თემას განსაკუთრებით დრამატული ეფექტი ჰქონდა ამერიკის მოსახლეობაზე, რომლის მეხსიერებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა განელებული ორი წლის წინანდელი კარიბის კრიზისი. რეკლამაში უკუთვლა და ატომური აფეთქება იმავე წელს გამოსული სტენლი კუბრიკის გენიალური სატირის, ‘დოქტორი სტრეინჯლავის’ თარგზე იყო მოჭრილი. თავად რეკლამის გასაღები, გოგონას გაყინული მზერა, კი შთაგონებული იყო 12 წლის ანტუან დუანელის საფინალო კადრით ფრანსუა ტრიუფოს 1959 წლის შედევრიდან ‘400 დარტყმა’. ჯონსონის სიტყვებიც არ იყო ორიგინალური და წარმოადგენდა ვისტან ჰიუ ოდენის პოემა ‘1939 წლის 1 სექტემბრიდან’ ერთი ფრაზის გამოძახილს: ‘We must love each other or die’. გავრცელებული ჭორის თანახმად, ოდენი იმდენად გაბრაზდა საკუთარი ფრაზის უპარდონო გამოყენებაზე, რომ პოემის შემდგომი გამოცემებიდან მისი მთლიანად ამოღებაც ბრძანა.

გოლდუოტერის შემდეგ არცერთ პრეზიდენტობის პრეტენდენტს თავში აღარ მოსვლია ‘ბირთვული ტაბუს’ დარღვევა. თუ არ ჩავთვლით რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც გოლდუოტერის რჩევა მიიღო, ატომური ბომბით დაასრულა ვიეტნამის ომი და მესამე ვადითაც იქნა არჩეული (ოღონდ ეს ყველაფერი ალან მურის ‘Watchmen’-ში). ბედის ირონიით, ‘დეიზის გოგონა’ მონიკ კორცილიუსი, მოგვიანებით საკუთარ ოჯახთან ერთად, არიზონას შტატში დასახლდება, ბარი გოლდუოტერის სახლიდან სულ რაღაც ორიოდ მილის დაშორებით.

Advertisements

One thought on “დეიზი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s