ვარიაციები სტამბულზე

პირველი, რაც მახსენდება სტამბულზე, არის თევზის სუნი გალატას ხიდზე. ხიდის ერთ მხარეს გალატას კოშკი გენუელთა ძველი კოლონიის ადგილას, წმინდა დასავლური უბანი პერა, ნოსტალგიური ტრამვაი მხოლოდ ისტიკლალის ქუჩაზე, ცოტა მოშორებით ხმაურიანი ტაქსიმი. მეორე მხარეს  უთვალავი მინარეთის პეიზაჟი, სუნელების და გრანდ ბაზარი – აქაური ცოცხალი მუზეუმები, აღმოსავლეთ ექსპრესის ბოლო გაჩერება, სულთანაჰმეტის ისტორიული უბანი, გამუდმებით ნელ ცეცხლზე შემწვარი წაბლი და სიმინდი, ჩაის წრუპვა ტიტის ფორმის ჭიქებიდან.

პოლ სინიაკი, სტამბული, 1907 წელი

უცხო ქალაქიდან ყველაზე ძვირფასი სუვენირი ალბათ ისაა, რაც გონებას აეკიდება და გამოჰყვება. ამგვარი სუვენირები კადრებად ჩამრჩა გონებაში და მათ ბლოგზე წერით სამუდამო ტყვეობიდან ვათავისუფლებ.

კადრი ერთი: მე და შარიკა ოქროს რქის სანაპიროს მოვუყვებით კონსტანტინოპოლის დასავლეთ კედლებიდან ვიდრე გალატას ხიდამდე, რადგან შარიკას კიდევ ერთხელ უნდა ისტიკლალზე გასეირნება, მე კი იქვე ჩაკარგული ჩუკურცუმასკენ მიმიწევს გული, ძველებური ნივთების სტამბულური კლონდაიკისკენ. იმ დღეს, მსგავსად წინისა და იმის წინისა, ბევრი ვიარეთ – ბიზანტიურობის ძიებაში ლამის მთელი კონსტანტინოპოლი გადავსერეთ. ჰორიზონტზე გალატას კოშკის კონტურიც ძლივს იკვეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიარულო კიდევ ბევრია. ამ დროს ერთმანეთისთვის ვიწყებთ ანეკდოტების მოყოლას და სანაპიროს გასწვრივ სიცილ-ხარხარში შეუმჩნევლად ვაღწევთ კიდეც გალატას ხიდს. ახლა, სავარძელში მოკალათებული რომ ვიხსენებ, ამ მოგზაურობიდან არა რომელიმე ღირსშესანიშნაობის ხილვა, არამედ სწორედ ეს მონაკვეთი არის ყველაზე ბედნიერად მოსაგუნარი.

კადრი ორი: საღამო ხანია, აივანზე ნარდის თამაშის წინ მე და შარიკა მსუბუქად წახემსებას ვაპირებთ, რადგან იმ დღეს სადილზე საკმარისად ნოყიერად გეახელით (ნარდისგან განსხვავებით შარიკამ ამ უკანასკნელში მაჯობა). საცხოვრებელი ადგილი დაახლოებით აია-სოფიასა და ლურჯ მეჩეთს შორის დაგვიდია და სავახშმო ადგილს მოპირდაპირე ქუჩაზე ფასის მიხედვით ვზვერავთ. საბოლოოდ ვერ ვთანხმდებით, უთანხმოება მოგვდის და სხვადასხვა ადგილას ვვახშმობთ. ჩემს მიერ შერჩეულ ადგილას ჩაის ფასად ოთხი ლირა მეტისმეტად მეჩვენება და მხოლოდ ტკბილეულობით ვკმაყოფილდები, ეს უკანასკნელი იმდენად ტკბილი აღმოჩნდება, რომ ჩაის შეკვეთა მაინც მიწევს. უკან დაბრუნებისას შარიკას ვეკითხები, თუ რა ჰქონდა ვახშმად და რამდენი დაუჯდა. „7 ლირად ნამცხვარი და ჩაი“, „ნამცხვარი რა ღირდა?“ „6 ლირა, და რა მოხდა?“ „არაფერი, არაფერი“.

კადრი სამი: დოლმაბაჰჩეს სასახლეში გიდი თითოეული კუდის მოსაქნევი ადგილის ისტორიას ჰყვება, მე ამას შარიკას ვუთარგმნი, თუმცა ზოგჯერ არაკეთილსინდისიერად. სულთნის კანცელარიის შესახებ გიდი მოყოლას აღარ ამთავრებს, საქმეშია გართული, სკრუპულოზურად აღწერს საპატიო სტუმრების მიღების ცერემონიალს, კონკრეტულად რომელი რანგის სტუმრები სად და როგორ იდგნენ, ფანჯარა რატომაა 45-გრადუსიანი კუთხით გაღებული, ხალიჩა ვისი მორთმეულია, მასზე გამოსახული თითოეული დეტალი რას აღნიშნავს, როგორ არეგულირებდნენ ტემპერატურას და ა. შ. როგორც იქნა გიდი ამთავრებს თავის მონოლოგს, შარიკა მოთმინებით მელოდება, მჭმუნვარე სახით ვუტრიალდები და ვეუბნები „მოსაცდელია, სტუმრებს იღებდნენ“, „სულ ეს ილაპარაკა?“, „ჰო რა, ვრცლად“.

კადრი ოთხი: აია-სოფიაში ბიზანტიურ მოზაიკას თვალს ვერ ვაცილებთ და მორიგეობით შევცქერით მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და ნათლისმცემლის თვალებს. „რაც აქ ვართ, გინახავს ასეთი სილამაზე?“ „არა“.

კადრი ხუთი: თოფქაფის სასახლის ერთ-ერთი პავილიონის ჩრდილში ვისვენებთ, ვერსალის მიბაძვით აშენებული ახალი დოლმაბაჰჩეს შემდეგ ძველი თოფქაფის შენობები, აქ დაცული საგანძურის მიუხედავად, მეგრულ ოდებად გვეჩვენება. „ყოველ შემთხვევაში, ახლა გავიგეთ რატომ მოინდომა ვალად დადებული ფულით სულთანმა ახალი სასახლის აშენება“.

კადრი ექვსი: სტამბულის ყველა მეჩეთს შორის ულამაზესად მიჩნეულ სულეიმანიეს კარებთან მივედი და შიგნით შევიჭყიტე. აღარ შევედი, შემეზარა ფეხთ გამოცვლა. ყველაზე მეტად ოსმალური კოლორიტი ამ მეჩეთის გარშემო იგრძნობა სტამბულში, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას. კომპლექსიდან გამოსულს თვალს მომხვდა მის წინ მოწყობილი აღმოსავლური თავშლების ბაზარი და რაღაც იდეამ გამიელვა გონებაში. აქ მივხვდი, თურმე სინამდვილეში რისთვის ღირდა ჩამოსვლა სტამბულში.

Advertisements

5 thoughts on “ვარიაციები სტამბულზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s