მოგზაურობა დროში – სტამბული

ცოტა ხნის წინ რუკას დავხედე ისეთი თვალით, თითქოს პირველად ვხედავდი და აღმოვაჩინე წერტილი, სადაც მოხვედრა ყველაზე მეტად მოახშობდა მოგზაურობის დაგროვებულ ჟინს. ეს იყო სტამბული – ერთ ქალაქად ქცეული ორი კულტურა, ორი რელიგია, ორი კონტინენტი, ორი ზღვა, ორი ცივილიზაცია. სწორედ იმ წამს დაიწყო მოგზაურობა, როცა ოთხი წლის ბავშვის სიჯიუტით მომინდა ამ ახალი კანფეტით პირის ჩატკბარუნება. თავად სამზადისი ხომ მოგზაურობის მონახევრეა, თანაბარი კაიფი. აქამდე დროში მოგზაურობა აუხდენელი ოცნება მეგონა, სტამბულის შემდეგ შემეცვალა ასეთი წარმოდგება. უკანასკნელი ვოიაჟი იმითაც იყო გამოსარჩევი, რომ პირველად წავედი მეგობართან ერთად. ცოცხალი ებენეზერ სკრუჯის თანხლების პატივი და გამარჯვებული ლატარეის ბილეთი წილად ხვდა გიორგი შარიკას (aka ‘მარსკოი კოწიკ’).

არცერთ სხვა ქალაქს აქვს იმდენი სახელი, რამდენიც სტამბულს – ბერძნები ძველებურად კონსტანტინოპოლს ან უბრალოდ „ქალაქს“ (ი პოლი) უწოდებენ, ბულგარელები და სლოვენიელები ძველსლავურ სტილზე ცარგრადს, ისლანდიელები ვიკინგურ მიკლიგარდურს, ებრაელები ქუშტას, სომხები ბოლისს. არცერთი სხვა ქალაქი ყოფილა სხვადასხვა დროს ოთხი (რომის, ბიზანტიის, ლათინთა, ოტომანთა) იმპერიის დედაქალაქი. არცერთ სხვა ქალაქზე წერაა უფრო საჩოთირო საქმე, ვიდრე სტამბულზე. ამიტომ ტვირთს ცოტას შევიმსუბუქებ და პოსტს იმ ქალაქს მივუძღვნი, რომელიც აღარ არსებობს. თორემ სტამბული მარადიული ქალაქია.

კონსტანტინოპოლი

1453 წელს კონსტანტინოპოლმა არსებობა დაასრულა, ერთა პალიტრაზე ნამცეცად ქცეული ბიზანტიური ფერი გაქრა და მის ადგილზე ახალი კოლორიტი დამკვიდრდა. 1453 წელს ოსმალებმა მტკიცე კვანძი შეკრეს ორი კულტურის გადაკვეთაზე. მათ შეცვალეს ქალაქი, მაგრამ ქალაქმა უფრო მეტად შეცვალა ისინი.

ათათურქი მიხვდა, რომ ვერავითარ მიშენებულ მინარეთს თუ შეთეთრებულ ფრესკებს შეეძლო ბოლომდე გადაეფარა ბიზანტიური სუნთქვა. 1935 წელს აია სოფიაში მუსულმანთა ლოცვა შეწყდა, ულამაზეს მოზაიკებს ბათქაში მოსცილდათ და ქალაქის ეს სიმბოლო მუზეუმად გამოცხადდა. „სოლომონ, მე შენ გაჯობე“ – გადმოცემით ეს სიტყვები წარმოთქვა 537 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ, როდესაც პირველად შეაბიჯა იმპერიის სამი წლის შემოსავლის მშთანთქმელ გრანდიოზულ ბაზილიკაში. მათემატიკოსმა ისიდორე მილეტელმა და ფიზიკოსმა ანფიმიუს ტრალელმა შეცვალეს არქიტექტურის ისტორია და თავიანთი ცხოვრების შესახებ სახელების გარდა დაგვიტოვეს არაფერი, თუმცა ალბათ ნებისმიერი ინატრიდა ამგვარ „არაფერს“. აია-სოფიას გვერდით ისტორიულად იპოდრომი იყო გადაჭიმული, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ლურჯი მეჩეთის მშენებლობას შეეწირა და დღეს რამდენიმე სვეტი თუ შემორჩა. კონსტანტინოპოლის აღებიდან ერთი საუკუნის თავზე ოსმალებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ საიდან ჰქონდათ სახლიდან გაუსვლელად სასახლის სიახლოვეს მცხოვრებთ საკმარისი წყალი და თევზიც კი. მიზეზი ბაზილიკა ცისტერნა აღმოჩნდა, შთამბეჭდავი თაღოვანი კომპლექსი, ბიზანტიური არქიტექტურის მიწისქვეშ მოწყობილი სხვა საოცრება. იმპერიის დედაქალაქის უმეტეს მოსახლეობას წყალი მიწისზედა სისტემით, კილომეტრის სიგრძის ვალენსის აკვედუკით მიეწოდებოდა. იგი დღესაც თავისი მონუმენტურობით თვალს იპყრობს და სიმბოლურად ათათურქის სახელობის ფართო პროსპექტს გადაკვეთს.

კონსტანტინოპოლის მაღალი წრის სასახლეებიდან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ვლაქერნის და პორფიროგენეტთა სასახლეები კონსტანტინოპოლის დასავლეთის კედლებთან მდებარეობს, მათ სკოლის მოსწავლეები თუ ეწვევიან და მალულად ეწევიან სიგარეტს. მე და ჩემმა თანამგზავრმა არ დავიზარეთ, იმპერატორ თეოდოსეს დროს აგებულ მაღალ კედლებზე ავბობღდით და მათ ოქროს რქის სანაპიროსკენ ჩამოვუყევით. ბუკოლეონის სასახლის ნანგრევები კონსტანტინოპოლის აღმოსავლეთ კედლების გადაღმაა განთავსებული, დღეს იგი ადგილობრივი მათხოვრებისთვის ღამისსათევად ამოჩემებული ადგილია.

სტამბულში კონსტანტინოპოლს სრულიად წარმოუდგენელ ადგილებში წააწყდებით. მარსიანეს სვეტი, ხორას ფრესკები, თეოდოსის ფორუმის ნანგრევები, პამაკარისტოსის, პანტოკრატორის, წმ. თეოდორეს თუ სხვა მრავალი ეკლესია ერთი შეხედვით ამოვარდნილია თურქული გარემოდან, თუმცა ერთიანობაში იგი განუყოფელია სტამბულის კოლორიტისთვის.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ფენერის უბანში მდებარეობს, რადგან თავის დროზე 1453 წლის შემდეგ აქ დაიდეს ბინა ქალაქში დარჩენილმა ბერძნებმა. მათ ფანარიოტები ეწოდათ და მოგვიანებით მნიშვნელოვნად განსაზღვრეს ოსმალური იმპერიის ბედი. ორ ერს შორის ანტაგონიზს შედეგად ის მოჰყვა, რომ 1960-იანებში ბერძნების უმეტესობა განიდევნა მშობლიური უბნიდან. თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შენობა მაღალი კედლებით შემოზღუდული კომპლექსია, რომლის მთავარი შემოსასვლელი ჩაქოლილია და არასდროს იღება პატრიარქ გრიგორი მეხუთის მოსაგონრად. აქ იგი ღალატის ბრალდებით 1821 წელს ჩამოხრჩვეს, რადგან თანამემამულეებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

დღეს ალბათ სტამბული არის ერთადერთი ქალაქი, სადაც დროში მოგზაურობაა შესაძლებელი. სწორედ აქ მდებარე დროის პორტალებიდან თქვენ შეძლებთ დაბრუნდეთ შუა საუკუნეებში და იხილოთ ის ძველი კონსტანტინოპოლი.

Advertisements

8 thoughts on “მოგზაურობა დროში – სტამბული

  1. მიკლაგარდი ქვია ისლანდიურად და არა ის საშინელი სახელი რაც შენ უწოდე
    ხო კიდე ცარგრადს რუსებიც უწოდებენო გამიგია ნუ უწოდებდნენ მაინც

  2. გოგორჯან, ვიკინგები ეგრე კი უწოდებდნენ, მაგრამ თანამედროვე ისლანდიელები სხვა ფორმას იყენებენ – Mikligarður.
    ცარგრადი ზოგადსლავურია. ბულგარელები და სლოვენიელები ახლაც ხმარობენ, რუსებისგან განსხვავებით

  3. მომწონს! რამდენი დღით იყავი? ბაზილიკა ცისტერნა ყველაზე მაგარი ადგილია მთელს სტამბულში, განსაკუთრებით ზაფხულში, სტამბულის სიცხისგან გაქცევის საუკეთესო გზაა 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s