ტარტუ

2010 წელი, აპრილის რომელიღაც ბოლო წვიმიანი შუადღე, თბილისი. ჭავჭავაძის პროსპექტზე, ავრორას შენობის წინ ერთ-ერთ თაღში ვუხვევ, ვჩერდები და უნივერსიტეტის III კორპუსის წინ ავარიულ ფასადებს ქვევიდან შევცქერი. ‘კარგად უყურე, მათი ხედების ხილვა კიდევ დიდხანს მოგიწევს’ – გონებაში ვეუბნები საკუთარ თავს. მანამდე სულ ხუთიოდე წუთის წინ დავტოვე ოთახი, სადაც ხანგრძლივი კონკურსის საბოლოო ეტაპი – გასაუბრება – წყვეტდა ტარტუში წამსვლელთა ვინაობას. დიდხანს ვფიქრობდი ამ დღეზე და საბოლოოდ მოვიქეცი იმის საპირისპიროდ, რაც მომეთხოვებოდა. ვსაუბრობდი ხმადაბლა, დასმულ კითხვებს ვპასუხობდი უაღრესად ლაკონიურად, მზერა გაშტერებული მქონდა მაგიდის ერთ-ერთ ფეხზე, სახეზე ალბათ ამოკითხავდით, რომ იმ ოთახიდან რაც შეიძლება მალე მინდოდა გასვლა. ტარტუსთვის ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დავწერე სამოტივაციო წერილი. იმ გრაფაში, სადაც პრიორიტეტული უცხოური სასწავლებლები უნდა აღმენიშნა, ყველგან ჩავწერე ტარტუ. უკვე მერამდენედ ვიმოქმედე პრინციპით ‘ან ყველაფერი, ან არაფერი’ და კინტოურად შევაგდე ქუდი ყაბახზე. საბოლოოდ კი იმ წვიმიან ამინდში შემრჩა ფიქრი – ‘ხომ შეიძლება ხუთი წუთით მაინც თავი მოგეჩვენა ცოტათი ამბიციურად?’

ამბავი, რომ უცხოეთის სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე მრავალ ასეულ სტუდენტთან ერთად შემქონდა განაცხადი, ოჯახშიც არ მითქვამს. ის კი იცოდნენ, რომ ტარტუზე ყოველთვის ვფიქრობდი და ამას იწონებდნენ ჩემგან. გუშინდელივით მახსოვს ის წუთი, როდესაც ჩემდა გასაკვირად ამორჩევის შესახებ მამცნეს – იმ წუთას მე კ2-ის პიკზე მქონდა ფეხი დადგმული მწვერვალზე აუსვლელად, ელ კლასიკოში უკანასკნელ წუთას გადამწყვეტი გოლი მქონდა გატანილი ულამაზესი მაკრატელათი და ცეცხლოვან ინჩასებს მაისურს ვესვროდი, დროტნინგჰოლმის სასახლეში შემაღლებული ტრიბუნისკენ მტკიცე ნაბიჯით მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე სანობელო სიტყვის წარმოსათქმელად მივემართებოდი, თითქოს ჯო დი მაჯიო ვიყავი ბეისბოლის წესების არცოდნით და მე ვუყვარდი ყველაზე ლამაზ ქალს მსოფლიოში. მამაჩემის დასმულ კითხვას ‘ახლა რას აპირებ? ისევ ხომ არ იკვლევ?’ მე ვუპასუხებდი – ‘ახლა ტარტუში მივდივარ’ და  ეს პასუხი ორივეს თანაბრად გვეამებოდა.

ტარტუში ჩემი ცხოვრება ერთ გზად მახსენდება, რომელიც რაატუზეს 22-დან იწყება. ყოველთვის მოთმინებით ველოდები მწვანეს ანთებას და ვკვეთ პარკს. ქალაქის რატუშის წინ მდებარე მოედანზე იმ ცნობილი მორკალული ხიდით გადავდივარ, რომლიც თაღზე გავლა აქ სიმამაცის ნიშანია. ტარტუში მხოლოდ მაშინ ჩაითვლები ნამდვილ სტუდენტად, როდესაც ამ თაღს გადაკვეთ. ჩამოსვლის შემდეგ დილასვე ორივე მხრიდან გადავლილიც და გადმოვლილიც. რატუშის საათის კურანტების ხმაზე ჯონ დონის ცნობილი სიტყვები მახსენდება: ‘ნურასოდეს იკითხავ, ვის უხმობს ზარი?’ რატუშიდან ხელმარცხნივ, რუუტლის ჰანზეატიკურ ქუჩაზე ვუხვევ და ძველებური ნივთების გილდიაში ჩავდივარ ინდური გუნდრუკის შესაძენად, სანამ ეს უკანასკნელი ჩვეულებაც ტრადიციულად არ მომბეზრდა. რუუტლის ბოლოს, იანიკიიკიდან (იოანეს ტაძარი) ზევითკენ ავუყვები უფსალის სახლებს და რამდენიმე წუთით თავი შვედეთის შუაგულში მდებარე საოცნებო ქალაქში მგონია. აქედან უფრო ზემოთ, შემაღლებულ ადგილას, ტოომის ბორცვზე მდებარეობს ძველი კათედრალის ნანგრევები და მიმდებარე ტყე-პარკი. ტყე-პარკის შესასვლელში ტარტუს უნივერსიტეტის ცნობილი ლექტორის, ემბრიოლოგიის მამის, კარლ ერნსტ ფონ ბერის სავარძელში მჯდომარე ქანდაკება მხვდება. მის ბრინჯაოსფერ თმას ყოველ ვალპურგის ღამეს შამპანურით ჰბანენ სტუდენტები. ტყე-პარკში სეირნობისას ორიდან რომელიმე ხიდის გავლა მოგიწევთ, ჩემი გზის არჩევის შემთხვევაში კი ორივესი – ერთი ეშმაკების, მეორე ანგელოზების. ეშმაკების ხიდი 1913 წელს რომანოვთა დინასტიის ტახტზე ასვლის 300 წლისთავის აღსანიშნავად ააგეს. ანგელოზების კი წმინდა ინგლისურ სტილშია გადაწყვეტილი, უბრალო ესტონელებს ‘inglise’ და ‘ingli’ ერთმანეთში აერიათ, შედეგად ხიდს ანგელოზების სახელი შერჩა. ადგილობრივი თქმულების თანახმად, ის სურვილი აუცილებლად აგიხდებათ, რომელსაც აქ ჩაიფიქრებთ და სუნთქვაშეკრული ხიდს გადაკვეთთ.

ტოომის ბორცვის გადაღმა ჩემი ამოჩემებული ადგილია – უშველებელი ხეობა და შუაში წამომართული ხე ფუღუროთი. ლამის ყოველდღიურად ვაკვირდებოდი, როგორ იცვლებოდა ეს ადგილი ხასხასა მწვანედან ჯერ ყვითელსა და ნარინჯისფერში, შემდეგ ნოემბერში მელანქოლიურ ნაცრისფერში, დეკემბრიდან კი სპეტაკ თეთრში. მთელი ამ ხნის მანძილზე ხეობის ირგვლივ წრეს ვარტყამდი ხეს და ვებრძოდი სურვილს გავყოლოდი მოჩვენებით თეთრ კურდღელს და იმ ფუღუროში ჩამეხედა.

ჩრდილოეთში ცხოვრება იმიტომაც მიყვარს, რომ ყველაზე მეტად აქ გრძნობ თავს სამხრეთელად. წინა საშობაო კონცერტის შემდეგ, იანიკიიკიდან საღამოს გამოსულმა მივხვდი, რომ უკვე დიდი ხანი ამ ქალაქის შემადგენელ ნაწილად ვიყავი ქცეული. შინ დაბრუნებისას ფეხსაცმლის ძირს ტარტუს თოვლი და ევროპის მიწა ერთად მოყვება. აქ ვგრძნობდი, რომ ორი – თბილისის და ადგილობრივი – დროით ვცხოვრობდი. ამიერიდან სადაც ვიქნები, საათზე დახედვისას ყოველთვის გამახსენდება თუ რა დროა ტარტუში.

Advertisements

4 thoughts on “ტარტუ

  1. არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ამა წლის 4 თებერვალს ჩამოვედი ტარტუდან და ამ პოსტს რომ ვკითხულობდი, მეგონა მე ვწერდი… ყველა ტარტუ გამოვლილი რაღაცით ყოველთვის ემგვანება ერთმანეთს! ალბათ იმითი რომ რაატუსეში ვცხოვრობდით, მწვანე შუქს ველოდებოდით და პარკის გავლით ხიდზე გადავდიოდით… აუ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s