მიმოსვლა ევროპის გულისკენ – ვენა

ჩეხეთი-ავსტრიის საზღვრის გადაკვეთამ ‘ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე’ გამახსენა, როდესაც მთავარი პერსონაჟები ერთად გაურბიან პრაღის გაზაფხულის შედეგებს. ვენაში პირველად ფეხი ლოგიკურად ავტოსების გაჩერებაზე, გარეუბან ერდბერგში მომიწია. აქედან თავაუღებლად მეტროთი იმგვარად წამოვედი ქალაქის ცენტრისკენ, თითქოს მთელი ცხოვრება ვენის ტრანსპორტის ამ საშუალების გარდა არაფერს ვცნობდი. არ ვიცი დამებედა თუ არა, მაგრამ უკვე მეორედ შეუგნებლად ქალაქის მუზეუმების უბანში ვდებ დროებით ნავსაყუდელს. წინა პოსტებშიც მოგახსენებდით სხვადასხვა ქალაქებში ამოჩემებული ქუჩების შესახებ (ვარშავა – კოზია, პრაღა – ნერუდოვა და ჩერტოვკას ჩაყოლება, ვილნიუსი – კაზიმიერა, რიგა – ელიზაბეტესი, ტალინი – ტოომპეას ბორცვი, ბერლინი – ფრიდრიხშტრასე, სტოკჰოლმი – სტრანდვაგენი, ტარტუ – რუუტლი, თბილისი – ქიაჩელი), ვენაში კი გამიმართლა და სწორედაც, რომ ამოჩემებულ ადგილას გავჩერდი, იოზეფშტადტში, ლანგე გასეს 22-ში. იოზეფშტადტი ვენის ყველაზე პატარა უბანია, მხოლოდ ერთ კვადრატულ კილომეტრზე გაშენებული. იგი ხმაურიანი ცენტრის გვერდით, სიმშვიდეში, ნამდვილ არქიტექტურულ ოაზისსა და ვენელთა საყვარელ კაფე ‘ეილსში’ ჭიქა ყავაზე გეპატიჟებათ. ასე მგონია, ზამთრის იმ უჩვეულოდ თბილ დღეებში აქედან ფეხიც რომ არ გამედგა, არანაკლები წარმატებით შევიგრძნობდი ვენის სულს (Wiener Blut). აქ მივხვდი, თუ რატომ უყურებენ ვენელები ზევიდან პრაღელებს. აქაური ამპარტავნული გადმოსახედიდან, პრაღელები მოჩანან ყოფილ კომუნისტ, სლავ, ლუდით გაჭყიპულ, ხმაურიან, უგემოვნო იოჟი სპაჟი ხალხად, რომელთაც ევრო ჯერ არ ღირსებიათ. სასტუმრო ვენაში ტრადიციულად ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ დავთანხმდი პრაღაზე ნაკლებად კომფორტულ ნომერს – ერთ პატარა ძველებურ ოთახს, საიდანაც ხედი პირდაპირ რატჰაუსს (ვენის მუნიციპალიტეტის შენობის) წვერს უყურებდა. დამღლელი დღის შემდეგ მის ცქერაში და იოზეფ უმცროსის მუსიკის ფონზე ჩაძინება ერთი სიამტკბილობაა, თავი თაგუნია რემი გგონია ‘რატატუიდან’, როდესაც ეიფელის კოშკს გაცისკროვნებული თვალებით შესცქერის.

ზემოთნახსენები ყავა არის ერთადერთი სიკეთე, რაც თურქებს 1683 წლის ლეგენდარული ალყის შემდეგ დარჩათ. პირველ დღეს პრაღიდან ნამგზავრს ბევრი სიარულის თავი ნაკლებად მქონდა და იქვე მეზობლად კუნსტჰისტორიშეს მრავალნაქები მუზეუმის მონახულება გადავწყვიტე. უნდა გამოვტყდე, რომ ორიენტირებაში გვარიანად წავისუსტებ და ჯერ კიდევ უცნობ ქალაქში რუკა რომ წამართვათ, იგივე ბოროტება იქნება, რაც ღრმა ‘აჩკარიკს’ ჩალოკოკინებული სათვალე გაუტეხოთ. ორი ნაბიჯის გავლის ნაცვლად, საპირისპირო მხარეს ავიღე გეზი და სულ უფრო დავშორდი ცენტრს. ვენა მეტად კომპაქტური ქალაქია, აქაური გარეუბნებს თუნდაც პარიზულ ბანლიოებს არც შეადარებ, თუმცა თვალში საცემია ერთი ტენდენცია – რაც უფრო შორდები ქალაქის ცენტრს, მით უფრო იზრდება საშაურმეების და სპორტ(ი)ულებში გამოწყობილი თურქების თუ არაბების რიცხვი. თითქოს, რადგან შორეულ 1683-ში ზარბაზნებით ვერ აიღეს ვენა, ახლა საშაურმეებით ცდილობენ იმავეს. იმ მომენტში შემძულდა საშაურმე და არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, მოშიებულმა მას რომ მივაშურო (გორგილ!).

ვენა არაა ტურისტებისთვის განკუთვნილი ქალაქი პრაღისგან განსხვავებით, სადაც ყველგან მესმოდა რუსული, იტალიური, ესპანური, ჩინური, იაპონური, (ფინანსთა სამინისტროსთან სომხურიც კი). ავსტრიის დედაქალაქში თითქოს ყველამ იცის გერმანული. შავგვრემანი აშკარად აღმოსავლური გარეგნობის ახალგაზრდა გოგონების გერმანულის მოსმენისას, სულ მარჯან სატრაპი და მისი პერსეპოლისი მიდგებოდა თვალწინ. ტურისტებისგან განსხვავებით, ჯგუფის თანხლებით არ დავდივარ, ფოტოაპარატი კისერზე არ მაქვს მოგდებული და ყოველი შენობის მხარეს თითს არ ვიშვერ, ამიტომ აქაურებისგან ცოტა რთული ხდება გარჩევა. ამის გამო, არ მიკვირდა, როცა გერმანულად მომმართავდნენ. შილერის ძეგლთან სულს ვითქვამდი და ქალაქის მონახულების შემდეგ გეგმებს ვაწყობდი, ერთი ჩინელი ტურისტი რომ მომიახლოვდა და მარია-ტერეზია-პლატცის მისწავლა მთხოვა. ეს ადგილი ვეჭვობ ყველაზე უკეთ ვიცოდი იქ მდებარე მუზეუმების გამოისობით და ტურისტს ადგილმდებარეობის ლამის 3D პანორამა შევუქმენი სხაპასხუპით მოყოლილი მინი-ისტორიის თანხლებით. სამშობლოში ჩასული ალბათ მოყვება, თუ როგორ კარგად იციან აქაურებმა ნებისმიერი შენობის თუ მოედნის წარსული.

იმპერიული ვენის და ქალაქის ცენტრის (ინნერშტადტი) უმთავრესი ნაგებობების (სამეფო ოპერა, თეატრი, პარლამენტი, რატჰაუსი, ჰოფბურგის ზამთრის სასახლე, ფრეიუნგის ჭიშკარი, კარლსკირშეს ეკლესია, მუზეუმების კვარტალი, კარლსპლატცის პავილიონები) მონახულება წარმოუდგენლად დიდ დროს არ მოითხოვს, რადგან იმპერატორ ფრანც იოზეფის დაგეგმარების წყალობით ისინი ერთ წრეს (რინგს) არ სცილდებიან. სტეფანსდომის უძველეს კათედრალთან, გრაბენის ჭაღებიან ქუჩაზე, საიდანაც ზოგადად სათავეს იღებს ქალაქის ისტორია, შუასაუკუნეების, უფრო ზუსტად კი, ცხენის სუნი იგრძნობა. ეს გადაადგილების ახალი და ამასთან ერთად კარგად დავიწყებული ძველი საშუალების – ფიაკრის – დამსახურებაა. შიდა ქალაქის გარეთ არის მოწყობილი სამეფო კარის საზაფხულო სასახლეები – შონბრუნი და ბელვედერი. შონბრუნში მისვლისას სასახლეში მხოლოდ რამდენიმე ოთახში შევიხედე და ძირითადად პარკში სეირნობით შევიქციე თავი. კაცია და გუნება, პრაღაში იოზეფოვის ებრაელთა საფლავების ცქერას არ დაგზარდით და ჰაბსბურგთა საიმპერატორო საკუთრებების მონახულება კი შემეზარა. მაინც არასოდეს მიყვარდა სხვისი პირადი ნივთების თვალიერება, გნებავთ მირონცხებულებისაც. ზემო ბელვედერის სასახლე კი სიღრმისეულად შევისწავლე, განსაკუთრებული მიზეზიც მქონდა – აქ ბრძანდება გუსტავ კლიმტის ცნობილი ‘ივდითი’ და ცხადია, ‘კოცნა’. ისე კი, მათ გარდა, ეგონ შილეს, კლოდ მონეს, მანეს, პისაროს და ვინსენტას ტილოებიც. მუზეუმზე საუბარი სრული არ იქნება კუნსჰისტორიშეს გარეშე, რომელსაც მეორე დღეს საბოლოოდ მივაღწიე. მგონი პირველად ჩემს ხელთ არსებულმა დრომ და დამოუკიდებლად ყოფნამ ტილოების სიღრმისეულად ჩაწვდომის საშუალება მომცა, რომლის სრულად გამოყენებასაც ბოლომდე შევეცადე. ყველა ნანახი მუზეუმიდან, ვენის კუნსტჰისტორიშე არის ყველაზე … იმპერიული, ფრანც-იოზეფის დროს აგებულ სასახლეში დაგეგმარებული, კლიმტის დეკორაციებით და მისი გემოვნებით მოწყობილი. ბრეიგელის ტილოები საბოლოოდ დავაკომპლექტე ‘ბაბილონის კოშკის’, ‘გლეხთა ქორწილის’, ‘მონადირენი თოვლში’ და კიდევ რამდენიმეს ხილვით. და ცხადია ვერმეერი, თავისი ‘მხატვრის სახელოსნოთი’, ზურგით რომ არის გამოსახული და ამოუხსნელ ენიგმას გვთავაზობს. ველასკესმა სიცოცხლის ბოლოს მგონი 3D მხედველობა შეიძინა, კარგად შეხედეთ ინფანტა მარგალიტას პორტრეტს და დამეთანხმებით. ერთი არჩიმბოლდო თავისი ხილ-ბოსტნეულობითურთ, მაინცდამაინც იმ დროს, მილანში გაქცეული დამხვდა, საგანგებო გამოფენაზე. სამაგიეროდ ადგილზე იყვნენ დიურერი, კრანახი, ჰოლბეინი, ვან ეიკი, ვან დეიკი, კარავაჯო, ტინტორეტო, ვერონეზე, ლორენცო ლოტო (ეს უკანასკნელი ყოველთვის რჩებათ ხოლმე ჩამონათვალისას), რაფაელი, რიბერა, რუბენსი, რემბრანდტი და კიდევ სხვანიც.

ვენა არაა მხოლოდ შტრაუსის ვალსებით და ყავის სახლებით მოფენილი ქალაქი. მთელი ცივი ომის მანძილზე ეს იყო ჯაშუშების დედაქალაქი და 1955 წლამდე ბერლინივით ოთხ სექტორად დაყოფილი. ‘ვენა აღარასოდეს იქნება იმგვარი’ – თითქოს დანანებით წერდა გრემ გრინი ‘მესამე კაცში’, რომლის მოქმედება ნაომარ ვენაში მიმდინარეობს და მისი ადაპტაცია ნუარის ჟანრის კლასიკად ითვლება. აქედანვე მოგახსენებთ, რომ ამ ფილმის მიმართ გარდარეული სიყვარული მაქვს და დაუსრულებლად შევძლებ მასზე საუბარს, განსაკუთრებით ორსონ უელსის ნაძირალა პერსონაჟ  ჰარი ლაიმზე. იგია ფილმის მთავარი ანტაგონისტი და სულ სამ შთამბეჭდავ სცენაში ჩნდება, ერთ-ერთ მათგანში კი ეშმაკის ბორბალის ფონზე დაუვიწყარ ‘გუგულის საათის’ სიტყვას წარმოთქვამს. პრატერის ატრაქციონებს და იქ მდებარე ბორბალს, ფილმის და დიდი ორსონის ხათრით ვესტუმრე, არ შემეძლო ვენიდან ამ ადგილის უნახავად წავსულიყავი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ვენა კვლავაც დიდხანს იარსებებს. ჰოფბურგის სასახლის კომპლექსში შეღამებისას რომ მოხვდეთ, იქაურობა ერთ უდაბურ ადგილად მოგეჩვენებათ, ყოველ მოფარებულ თაღში კი თითქოს ჰარი ლაიმი იცდის და მის ფეხებთან კატა თათებს ილოკავს.

თქვენ თუ ფიქრობთ ამ პოსტს მკითხველისთვის ვწერდე, შემცდარხართ. ამისთვის მე ჰარი ლაიმივით ზედმეტად ეგოისტი ვარ. ვენის ქუჩებზე და მის მოქალაქეებზე პოსტის წერა და შემდეგ მისი კითხვა მცირე ხნით იქ მაბრუნებს, ეს ხომ ისეთივე სასიამოვნოა, როგორიც თავად ვენაა.

Advertisements

4 thoughts on “მიმოსვლა ევროპის გულისკენ – ვენა

  1. მე ხვალ მივდივარ ვენაში, ინფორმაციას ვეძებდი მასზე და შენი პოსტი რომ აღმოვაჩინე ძალიან გამიხარდა ))) იმედი მაქვს მეც ისევე სრულყოფილად შევიგრძნობ Wiener Blut-ს როგორ შენ…

  2. ეს პოსტი აპრილში საქორწინო მოგზაურობაში წასვლის წინ ვიპოვე და შევინახე, ახლაღა გავიხსენე შენახული ლინკები და ესეც შემხვდა. ვენა მართლაც საოცარია, შენი ემოციის აღწერაც მშვენიერი,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s