მიმოსვლა ევროპის გულისკენ – პრაღა

იმ დედაქალაქებიდან, სადაც ვიმოგზაურე, ყველაზე ოქროსფერი მოგონებები პრაღიდან გამყვა. აქ სამი დღე დავრჩი და თითოეული დღის მიწურულს ვრწმუნდებოდი, კიდევ უფრო რომ მიყვარდა ეს ქალაქი. შევეცდები გავაღვივო ნაკვერჩხალი და გავიხსენო გარდასული დღეები, თუმცა გონება ალბათ ყოველთვის ქვეცნობიერად მამხილებს და წამომაყვედრის, რომ პრაღა უკეთესს იმსახურებს. მისი მოგონებების აღწერა შრომატევადი პროცესია, ვშიშობ ვაითუ რაიმე გამომრჩეს და სადღაც ხვეულებში ღრმად ჩამეკარგოს. შესაბამისად პოსტის დაწერას ისევე მივუდგები, როგორიც ქალაქის დათვალიერებას – უბან-უბან შევუყვები.

დავიწყებ იმ უბნით, საიდანაც ყოველი ჩემი დღე იწყებოდა და შემდეგ მთავრდებოდა. ადგილი, სადაც დროებით დავიდე ბინა, იყო ჟიჟკოვი, დღეს გაკეთილშობილი პრაღელი ძველი ბიჭების თავშეყრის ადგილი. რამდენიმე საუკუნის წინ აქ არსებულ ველზე, ჩეხების ეროვნულმა გმირმა ცალთვალა იან ჟიჟკამ დიდი უბედურება შეამთხვია საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდის მხედრობას და სანაცვლოდ უზარმაზარი ცხენოსანი მონუმენტიც დაიმსახურა. XX საუკუნეში ეს ადგილი პრაღის ბოჰემურობის შემადგენელი ნაწილი გახდა და როგორც აქაურებს უყვართ თქმა, მთელ მსოფლიოში ერთ სულზე ყველაზე მეტი ლუდხანა აქ მდებარეობს. ჟიჟკოვის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა სრულიად ჩეხეთის ყველაზე საძულველი შენობა – სატელევიზიო ანძაა, რომელიც კომუნისტების პერიოდში თავისუფალ ხმას ახშობდა. აგრეთვე აქ მდებარეობს ებრაელთა ახალი სასაფლაო, რომლის გამორჩენას და არმონახულებას ჩემს თავს დიდი ხანი ვერ ვაპატიებ, რადგან აქ ორმოცი წლის ასაკში უხმაუროდ ახლობლებმა დაკრძალეს ფრანც კაფკა. ჟიჟკოვში, სეიფერტოვას ვიწრო ქუჩაზე გავჩერდი, სასტუმრო თაბორში, ისეთ ადგილას, ტრამვაის მძღოლი გზას რომ გითმობს ფეხითმოსიარულეს. აქედან სულ რაღაც 15 წუთში აუჩქარებელი ნაბიჯით ძველი ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭეს მიადგებით და პრაღის სტარე მესტოში შეაბიჯებთ. ევროპის აღმოსავლეთს დასავლეთისგან ერთი უპირატესობა გააჩნია – სიიაფე. აქ სამი ღამით გაჩერება მეტად კომფორტულ ანსუიტ ნომერში (საუზმითურთ) იმაზე ნაკლები დამიჯდა, ვიდრე ერთი ღამე ამსტერდამის მუზეუმების ნაწილში მდებარე შედარებით ნაკლებად კეთილმოწყობილ ოთახში. მთავარი რკინიგზის და ავტობუსების სადგურებიც მოკლეებით ხუთი-ათი წუთის ნაბიჯზეა და ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, უკვე ვიცი ადგილი, რომელსაც სხვა დროსაც მივაკითხავ.

ზემოთ ნახსენები სტარე მესტო მიხვდებოდით და ძველი ქალაქის გულია. აქ მდებარე ცელეტნას და კარლოვას ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩები კარლუვ მოსტის იმავე კარლის ხიდის (არამც და არამც ჩარლზბრიჯი, გულმავიწყი ტურისტებისთვის განკუთვნილი სრულიად უგვანი და უცხო სახელი) გავლით სამეფო გზას განეკუთვნებიან. დღეს მილიონობით ტურისტი შუასაუკუნეების პილიგრიმების მსგავსად იმეორებს იმავე გზას და უმეტესწილად თავს იყრის ძველი ქალაქის მოედანზე, სტარემესტსკე ნამესტიში. ყოველი საათის შესრულებისას, უამრავი ხალხი, უმეტესწილად უცხოელები, იკრიბება ქალაქის რატუშის წინ და ასტროლოგიურ საათს შესცქერის. როგორც ამბობენ, XV საუკუნეში დამკვეთებმა სამუშაოს ანაზღაურების ნაცვლად საგანგებოდ დააბრმავეს მისი შემოქმედი უბრალო მესაათე ოსტატი იან ტაბორსკი, რათა მეორედ ასეთი მშვენების შექმნაზე აღარ ეფიქრა. საათი სამ დროს – ძველ ბოჰემიურს, თანამედროვეს და ბაბილონურს გვიჩვენებს. ეს უკანასკნელი შესაბამისი თანავარსვლავედის მიხედვით ზეციური მნათობების მოძრაობის დაკვირვებას გვთავაზობს. მის მაღლა ყოველ საათში კურანტების მუსიკის ფონზე, თორმეტი მოციქულის პროცესია იწყება, რომლის დასასრულისას მამლის ყივილი მოისმის. თავიდან ლამის ყბადაბჩენილი მონუსხული ვუცქერდი მთელ ამ რიტუალს და მიკვირდა იმ ადგილობრივი პრაღელების, რომლებიც გულგრილად ჩაუვლიდნენ ხალხის ბრბოს და საათს ზედაც არ შეხედავდნენ. პრაღაში ვოიაჟის უკანასკნელ საღამოს, ძველი ქალაქის დასავლეთ კარიბჭიდან შინ მიმავალს ჰარე კრიშნას ძახილით ხმაურიანი პროცესია წარმიძღვა. მაშინ უკვე ძირისძირობამდე შესწავლილი მქონდა თითქმის ყველა აქაური შენობა და აქაურობისთვის ყველაზე უჩვეულო მუსიკამ ღრმად შემაზიზღა ტურისტული სენი. რამდენიმე წუთი ეკლდა რომელიღაც საათის შესრულებას და ტრადიციულად ბრბო მის სიახლოვეს მოქუჩულიყო, ამრეზით მომავლე თვალი იქაურობას და სასწრაფოდ გავეცალე. საბედნიეროდ, თბილისს კიდევ დიდხანს არ დაემუქრება ეს ტურისტული დასნებოვნება და ვერცერთი გზამკლევი ვერაფრით შეისწავლის მის ძველ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს.

თუ სტარე მესტოს ხმაური თავს მოგაბეზრებთ, ზევით ვლტავისკენ აუყევით ქუჩებს და ებრაელთა ყოფილ კვარტალში, წყნარ იოზეფოვში მოვხვდებით. თუ ადრე ეს ადგილი გამოცალკევებულ გეტოს და ანტი-სანიტარიის ბუდეს წარმოადგენდა, დღესდღეობით იგი ქალაქის განუყოფელი ნაწილია დამახასიათებელი არტ-ნუვოს დეკორებით. შემთხვევით აქ გადავაწყდი ერთ-ერთ ძეგლთან მოპოზიორე სერგი კაპანაძეს მეუღლითურთ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ადამიანს, რომელიც ნახევარ წელში ჩემს საბაკალავრო ნაშრომს გაასწორებს. შესაბამისად, მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უკვალოდ არ ჩაივლის და ადრეთუგვიან ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო მიღწევებსაც მოვიმკით (მოგეხსენებათ, რომ მეგრელი ვარ წარმოშობით და შემარგეთ ბოლო წინადადება). ორმხრივი გაკვირვების და რამდენიმე თბილი სიტყვის გაცვლის შემდეგ გავაგრძელე მსვლელობა იოზეფოვის შუაგულისკენ. აქ ებრაული კოლორიტი დღესაც ცოცხალია და სინაგოგების კედლებიდან მომავალი გალობა ძველ პოგრომებს შეგვახსენებს. ებრაელთა ძველი სასაფლაო გეტოს აუტანელი პირობების გამოისობით იმდენად ნამცეცა ტერიტორიაზე განთავსებული, რომ საფლავები სიღრმეში თორმეტამდე ფენად არის ერთი მეორეზე მიჯრით მიწყობილი. საფლავის ქვებზე ამოტვიფრული სიმბოლოებით შესაძლებელია დასაფლავებულის გვარის დადგენა, მაგალითად ორი ხელის მტევანი კოენებს აღნიშნავს, ირემი ცვაის ან ჰირშის ოჯახს, ბატი თუა, მაშინ ეჭვგარეშეა რომელიმე განსი მარხია. როდესაც ვერც ჩემმა სტუდენტურმა შეღავათებმა გაჭრა, სასაფლაოს მონახულება არცთუ მცირე ბაჟის გადახდად დამიჯდა. იქიდან გამოსულმა ძველმანებში თორის მინიატურული სათითე აღმოვაჩინე და გამყიდველს ვერცხლის კრონები სულ სათითაოდ მუჭში ჩავუთვალე. იქვეა აღმართული ევროპაში უძველესი XIII საუკუნის სინაგოგა, რომლის კედლებში, როგორც ჰყვებიან, რაბინი (რაბაი) ლოევი თიხისგან შექმნილ არსება გოლემს მალავდა. ჟიდოვსკა რადნიცეს ანუ ებრაული რატუშის თავზე განთავსებული ციფერბლატით საათს ნამდვილად ვერ გაასწორებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი ტრადიციულად უკუღმა ტრიალებს.

ქალაქის ერთ ნაწილს მეორესთან ისტორიულად ერთადერთი ხიდი, ნახევარი კილომეტრის სიგრძის კირხსნარში შერეული კვერცხისგულით ნაგები კარლის ხიდი (კარლუვ მოსტ) აკავშირებდა. დღეს იგი ფეხით მოსიარულეთათვის არის განკუთვნილი და მასზე გავლისას ქუჩის მუსიკოსები თქვენს შესაფერის განწყობაზე იზრუნებენ. განსაკუთრებით გადატვირთული სეზონის დღეებში აქა-იქ ჯიბგირებიც გამოერევიან ხოლმე. ხიდით მოსტეცკას ცნობილ ქუჩაზე გადახვალთ, რომელიც თვალს იპყრობს ლამის ხელუხლებლად შემორჩენილი რენესანსის და ბაროკოს პერიოდის არქიტექტურით. ქალაქის ამ ნაწილს პატარა უბანი ‘მალა სტრანა‘ ეწოდება და აქ ჩემი ამოჩემებული ადგილი, მოსტეცკას ქვევით ჩაყოლებაზე მდებარეობს. ვლტავას შენაკადი ჩერტოვკა (‘ეშმაკის ნაკადული’) აქ მდუმარე სახლებში ჩაკარგულ კუნძულ კამპას წარმოქმნის და მიმდებარე ტერიტორიას ‘პრაღის ვენეციის’ ზედწოდებას ანიჭებს. ეს ადგილი ტურისტებისთვის ჯერ კიდევ ფარული განძია და ამ მყუდრო ადგილას პრაღელებს უყვართ ბავშვების გასეირნება. პრაღაში რომ მეცხოვრა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ ადგილის ხშირი მესტუმრე შევიქმნებოდი. აქედან მალტის რაინდების მოედანს ავუყევი ზევით, სადაც ერთი ხოჭოს გამოსახულებიანი კედელი მეგულებოდა. თუმცა ზუსტად არ ვიცოდი მისი ადგილმდებარეობა და ის-ის იყო ხვალისთვის ვდებდი მის მონახულებას, როდესაც თვალის ორბიტას უცნაური ბრჭყვიალა ფერები ეუცნაურა. თავი ავწიე და
დავინახე გრაფიტის ჟანრში მისთვის დამახასიათებელ სათვალეში გამოწყობილი კაცის პორტრეტი. ჯონ ლენონის კედელს რამდენიმე ფოტო გადავუღე, მათი გადიდება და წარწერების ამოკითხვა ბოლო ხანებში ჩემს გართობად გადაიქცა. რას აღარ იპოვით იქ, ალბერტ აინშტაინის სიტყვებსა თუ ჩაკ პალანიკის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ხმამაღალ განცხადებას: In Tyler We Trust.

მხოლოდ პრაღაშია შესაძლებელი ვენეციიდან რამდენიმე წუთში პირდაპირ პარიზის შუაგულში ამოყოთ თავი. კამპას კუნძულის დასავლეთით, კარმელიტების ქუჩების გადაღმა, შემაღლებულ ბორცვზე პეტრინის პარკია მოწყობილი. ბორცვის სათავეში მოხვედრა ფუნიკოლიორითაც არის შესაძლებელი, რომლის საბოლოო გაჩერება ‘ნებოჟიჟეკიდან’ ქალაქის საუკეთესო ხედები იშლება. პეტრინის პარკის ნამდვილი მარგალიტი ეიფელის სრული ალი-კვალი ოქტაგონალური სათვალთვალო კოშკია, თუმცა იგი სიგრძეში (60 მეტრი) ორიგინალის მეოთხედს თუ შეეტოლება. პრაღის ამ ნაწილში შეიძლება გაგიკვირდეთ და ციყვიც შემომხვდა.

მალა სტრანადან პრაღის ციხე-სიმაგრეში (ჰრადში) ასასვლელად ნერუდოვას ვიწრო ქუჩა უნდა გაიაროთ, ჩემი მეორე ამოჩემებული ადგილი პრაღაში ჩერტოვკასთან ერთად. 1770 წლამდე ბოჰემიის დედაქალაქში ყოველ სახლის კარებს საკუთარი უნიკალური ჰერალდიკური ნიშანი ამშვენებდა. მხოლოდ ნერუდოვაზე დაკვირვებული თვალი ახლაც შეამჩნევს წითელ არწივს, ოქროს ნალს, სამ ვიოლინოს, მწვანე ლობსტერს, თეთრ გედს. სწორედ ნერუდოვაზე შემემთხვა ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი ჩეხეთში. შორიდან დავიწყებ და მოგახსენებთ, რომ სუვენირების შეძენას ცენტრისგან მოშორებით ყოველთვის ადგილობრივთაგან ვარჩევ ხოლმე. ნერუდოვაზე მდებარე მყუდრო მაღაზიის გამყიდველიც ამ პრინციპით ამოვარჩიე, თან პირველი შეხედვისთანავე მის მიმართ კეთილგანწყობით განვეწყვე. ლუდის კათხის შერჩევის პროცესში ჩვენს შორის გამართული ტრივიალური საუბრის შემდეგ, მასში უკმაყოფილება შევნიშნე. როდესაც მხოლოდ თავაზიანობის გამო ვკითხე, რამე ხომ არ აწუხებდა, მოულოდნელად მომიტრიალდა და შემეკითხა, ცხოვრებაში პრობლემა თუ მქონდა. ამაზე ცოტა არ იყოს და გავხალისდი, მივუგე, რომ ცხოვრებაში პრობლემა ყველას ჰქონდა და ეს ხდიდა კიდეც მას საინტერესოს. თავის მხრივ აღელვებულმა მომახალა, რომ კაცების მხრიდან ცხოვრებაში დაუსრულებელი უსიამოვნების გარდა არაფერი ახსოვდა და მირჩევდა, წავსულიყავი რომელიმე დისკოთეკაზე, გამეცნო მშვენიერი გოგო და წუთიერი თავდავიწყება მეპოვნა. მივხვდი, რომ სხვასთან ლაპარაკით გულიდან დარდის შემსუბუქება სურდა და ამიტომაც ხელი არ შემიშლია მისი მონოლოგისთვის. შემდეგ ტირილნარევი ხმით მომიგო, რომ ქალიშვილიც და სიძეც პერიოდულად ეწვეოდნენ ხოლმე მას, მაგრამ მაინც ეს არაფერს ცვლიდა. ამ არეული საუბრიდან ის დავასკვენი, რომ ქმრისგან და ოჯახისგან მიტოვებული საოცრად მარტოსულად გრძნობდა თავს და მზად იყო თავისი გასაჭირი სრულიად უცნობი ადამიანისთვისაც კი გაეზიარებინა, რომელიც ჩემდა ბედად მარტოდ მოხეტიალე მოგზაური აღმოჩნდა.

პრაღა კაფკას ქალაქია. იგი ნერუდოვას აყოლებაზე ჰრადჩანის უბანში ცხოვრობდა, ზლატა ულიჩკაზე. თავიდან მიკვირდა, როგორ ბინადრობდა ასეთი სულის ადამიანი გრანდიოზული წმინდა ვიტუსის კათედრალის, სამეფო სასახლის, დალიბორის კოშკის, შვარცენბერგის, შტერნბერგის თუ სხვა მრავალი სასახლის გარემოცვაში. ამ ქუჩაზე მოხვედრისას, ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის. მიუხედავად ასეთი მეზობლებისა, ცეროდენა ზლატა ულიჩკაზე ისეთივე სიწყნარეა, როგორც წინა საუკუნის დასაწყისში. ქუჩას სახელწოდება იმ ცრურწმენიდან შერჩა, რომლის მიხედვით აქ ადრე მეფე რუდოლფი ალქიმიკოსებს დაუღალავად ამუშავებდა ოქროს სუბსტანციის მისაღებად. მეზობელ ქუჩა ‘ნოვი სვიატზე’ გავლისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აქაურობას ფოსტალიონის გარდა არც არავინ აკითხავდა.

კაფკა მდინარე ვლტავას საპირისპირო ნაპირას, ახალ ქალაქში (ნოვე მესტო) მუშაობდა, ვენცესლავის მოედანთან მდებარე ‘ასუკურაზიონი ჟენერალის’ შენობაში, სადაზღვევო კომპანიის კლერკად. ყველაზე მეტად ალბათ უფრო ამ მოედანზე იწერებოდა პრაღის ისტორია. კარლ IV-ის დროს აქ ცხენის ბაზრობა იყო გამართული, 1968 წლის გაზაფხულზე აქ იდგნენ საბჭოთა ტანკები და შემდეგ წელს სტუდენტმა იან პალახმა პროტესტის ნიშნად აქ დაიწვა თავი. 1989 წელს ხავერდოვანი რევოლუციისას ასობით ათასი მოქალაქის წინაშე, ალექსანდერ დუბჩეკი და ვაცლავ ჰაველი ხელჩაკიდებულები ერთად გადმოდგნენ ერთ-ერთი შენობის აივნიდან. დღევანდელ დღეს კი, გვიან ღამით წმინდა ვენცესლასის მოედანი თბილისის გმირთა მოედანს ემსგავსება და საეჭვო რეპუტაციის ქალბატონთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. ნოვე მესტო ლუდის ნამდვილი მექაა. მთელი დღე ხეტიალის შემდეგ ერთი სიამოვნებაა უცნობილეს ლუდხანა ‘უ ფლეკუში’ მხოლოდ აქაური პივოვარის მიერ 1499 წლიდან წარმოებული შავი ლუდის ‘ფლეკუსკეს’ გამოცლა. ლუდხანებშიც ძველებური სული და გარემო ისევაა შემორჩენილი, თითქოს იქით კუთხეში ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი კვლავ ანცვიფრებს თანამეინახეთ თავისი დაუჯერებელი ამბებით, აქაურობის მკვიდრთ კი შემოსვლისთანავე ეცოდინებათ შენი ავან-ჩავანი – საიდან მოდიხარ, ვინ ხარ, სად მიდიხარ. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, რადგან საკრალური სიტყვის ‘ლუდის’ სიყვარული გაერთიანებთ.

პრაღაზე პოსტის დასრულებისას ისეთივე სასიამოვნო დაღლილობას ვგრძნობ, როგორც მის ქუჩებში ერთი დამღლელი დღის შებინდებისას. ამიტომ ახლა ისევე მოვიქცევი, როგორც მაშინ – წავალ და ლუდს მივეძალები.

Advertisements

2 thoughts on “მიმოსვლა ევროპის გულისკენ – პრაღა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s