მიმოსვლა ევროპის გულისკენ – ვარშავა

ნახევარი წლის წინ ვერც კი შევბედავდი იმაზე ფიქრს, რომ ერთხელაც მარტო გადავწყვეტდი ერთი მოგზაურობის დროს ხუთი სახელმწიფოს დედაქალაქის მონახულებას. მანამდე საქართველოს ფარგლებს შიგნით არათუ მარტოს არ მემგზავრა ქალაქიდან ქალაქში, არამედ არასოდეს მქონდა შეძენილი ტრანსპორტის ბილეთიც კი. ერთი ძველი გამოთქმის არ იყოს, ‘დრონი იცვლებიან, ჩვენც მათთან ერთად’. როდესაც შემდეგ ათ დღეში გადაადგილებისთვის აუცილებელი ბილეთები, დაჯავშნილი სასტუმრობის სია, სხვადასხვა ქალაქების რუკები თუ გეგმები მოვიმარაგე, სამოგზაურო ჩანთა მზადყოფნა ნომერ ერთში მოვიყვანე და წასვლის წინ კარები გამოვიკეტე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ როგორ გავზრდილვარ მთელი ამ ხნის განმავლობაში.

მარტო მოგზაურობა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. ერთი ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მსურდა დამეჩუმებინა ის ხმები, რომლებიც ამსტერდამულ იაღლიშს მახსენებდნენ. მეორეც, მარტო ყოფნისას მოქმედების შეუზღუდავი არეალი გაქვს და რომელი შესახვევიც თვალს დააინტერესებს, იქითკენ შეუხვევ. ბოლოს, ძველ ბლუზმენს მადი უოტერსს თუ დავუჯერებთ, კაცნი ვართ. სად თუ არა თვისებრივად უცხო ალაგას გამოიწვევ საკუთარ თავს და გამოცდილების შეძენას წაეხმარები.

ასე და ამგვარად დავიძარი ვარშავისკენ. პირველი ჩასვლისას მხოლოდ ღამის გათენება მქონდა გათვალისწინებული, რადგან გვიან ღამით მიწევდა ჩასვლა და მომდევნო დილას ჩემი ავტობუსი გადიოდა პრაღისკენ. ვარშავის საფუძვლიანი მონახულება აქეთკენ მობრუნებისას, დაახლოებით ერთი კვირის თავზე, მეწერა გეგმაში. როდესაც 17-საათიანი ქანცისგამწყვეტი მგზავრობის შემდეგ ვკითხე ბორტ-გამცილებელს, ოდესმე ჩავაღწევდით თუ არა აღთქმულ მიწაზე, მომიგო, რომ დანიშნულების ადგილზე ნახევარ საათში ვიქნებოდით, ისე კი, უკვე ერთი ამდენი ხანი პოლონეთის დედაქალაქში ვიმყოფებოდით. ლამის უკიდეგანო სივრცეზეა გადაშლილი ვარშავა, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ურბანული ზონა. მისი მოცულობა განსაკუთრებით დამთრგუნველი იმიტომაცაა, რომ გარეუბნებში საქალაქო ინფრასტრუქტურა გვარიანად მოიკოჭლებს და რაც ავტობუსის ფანჯრიდან ვიხილე, ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ იქ მოხვედრა. ვარშავის მეტროპოლიტენი ევროპაში ყველაზე ახალ ხილია, კომუნისტებს ალბათ შეეზარათ მიწისქვეშა სამუშაოები და მხოლოდ 1995 წელს პოლონეთმა ისტორიაში პირველად თავს მისცა მეტროს ფუფუნება. ოღონდ საქალაქო ტრანსპორტის ეს სახეობა ფაქტობრივად მხოლოდ დეკორაციულ მნიშვნელობას ასრულებს, რადგან ერთადერთი ვერტიკალზე გამავალი მეტროს ხაზი არსებობს ისიც თითზეჩამოსათვლელი გაჩერებებით, ისიც ძირითადად ცენტრში (აქაურად, ცენტრუმში).

გრაფიკით ღამის თერთმეტ საათზე უნდა ჩამომხტარვიყავი ტარტუ-რიგა-ვარშავის ავტობუსიდან, თუმცა რეალურად პირველის ნახევარზე თუ დავდგი ფეხი პოლსკა რეპუბლიკა სტოლიცას მიწაზე. მივხვდი, რომ სწორედ მოვიქეცი, როდესაც გამონაკლისი დავუშვი და ღამის გასათენებლად კეთილმოწყობილი ჰოსტელი ავარჩიე, რადგან თორმეტის შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე სასტუმრო წყვეტს რეგისტრაციას, კეტავს შემოსასვლელ კარებს და ჯავშნის არგაუქმების შემთხვევაში საკრედიტო ბარათიდან პირველი ღამის კუთვნილ ფულს ჩამოჭრის. ჰოსტელი კი თუ დაკეტილი დაგხვდა, უკანასკნელი საშუალების სახით (Ultima Ratio Regis) კარებს ბრახუნით ჩამოხსნი, ყვირილს მორთავ და ვინმე გამოგხედავს.

ღამის პირველის ნახევარია, ვარშავაში ვარ, უფრო ზუსტად კი ავტობუსების სადგურ ‘ზაჰოდნიაში’. ბალტიისპირეთისგან განსხვავებით, რომელიც თოვლით თეთრად გადაპენტილი დავტოვე, აქაურობა ტალახში ამოგანგლულ ერთ ვეება რკინა-ბეტონის კონსტრუქციას წააგავს. სადგურის შენობა ცხადია დაკეტილია, შესაბამისად იქ მოწყობილი კიოსკიც დახურულია. ბანკომატი ამ ღვთისგან მოვიწყებულ ადგილას ვეჭვობ სამი კილომეტრის რადიუსშიც არ იქნება. სადგურთანაც დიდი ხანი გაჩერება არაა რეკომენდირებული, რადგან პოლონეთში ეს ადგილი ადგილობრივ ლოთებს ანდამატივით იზიდავს. ჯიბეში არცერთი ზლოტი თუ გროში (აქაური ხურდა ფული) არ მიგდია, ისღა დამრჩენია ფეხით გავუყვე გზას ცენტრში მდებარე ჰოსტელისკენ. ვიცი, რომ იეროზელიმსკის პროსპექტზე ვარ, სადაც ოდნავ მოშორებით ქალაქის ცენტრში ვარშავის სიმბოლოდ ქცეული კულტურის და მეცნიერების ლამის ცად აზიდული სასახლე მდებარეობს. როგორც ამბობენ, ვარშავაში ვერ დაიკარგები, რადგან მისი წვერი ორიენტირად დაგეხმარება. თუმცა ისეთი უკუნეთი ღამეა და ზედ ბურუსი ჩამოწოლილი, რომ სტალინის აშენებული ‘რუსული ტორტი’ ჰორიზონტზე საერთოდ არ მოჩანს.

ამ უშველებელ ქუჩაზე სრული სიწყნარეა, ძეხორციელის ჭაჭანება არაა, აქა-იქ მობარბაცე სილუეტებს თუ შენიშნავთ ოდენ. გზად შემხვედრი ბანერები თითქოს აქაურად მეუბნებიან ‘ტუ ნიე სტოკგოლმ’. როდესაც სწორი ნაბიჯით მომავალ სილუეტს მოვკარი თვალი, პირდაპირ მისკენ გავეშურე, რათა დავრწმუნებულიყავი, სწორ გზაზე ვიდექი თუ არა. წარმომიდგენია მისი გაკვირვება, როდესაც შუაღამით სადღაც ოჰოტას რაიონში შემხვედრი უშანკაჩამოფხატებული ადამიანი უცხო ენაზე ეკითხება, ამ მხარეს არის თუ არა მდინარე ვისლა. აი დაახლოებით, გია დანელიას ‘არ დაიდარდოში’ თურქეთიდან მომავალი ევგენი ლეონოვის პერსონაჟი – რუსის სალდათი – რომ კითხულობს თბილისი საითკენ არისო. საბოლოოდ, დაახლოებით 45 წუთში მივაღწიე განათებულ ცენტრსაც და ჰოსტელსაც, რომელიც იმღამით მეპატრონეს ღია დარჩენია მისდა გასაკვირადაც კი. როგორც ჯპს-ით გავარკვიე, იმღამით სადღაც 3,8 კმ მივლია. შეიძლება დიდი ვერაფერი და პირადი რეკორდისგანაც შორს იდგეს ამსტერდამული გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც ერთ დღე-ღამეში ალბათ ქალაქის ყველა ხიდზე მომიწია ფეხის დადგმა.

იმდენად დამზაფრა ვარშავაში დარჩენის პერსპექტივამ, რომ მომდევნო დილას ლამის ხელოვნების დარგად შერაცხული დაგვიანების ჩვეულება გვერდით გადავდე და პრაღისკენ მიმავალი ავტობუსის პლატფორმაზე მთელი ერთი საათით ადრე, პირველი გამოცხადდი. იმ დილით უკვე მტკიცე ნაბიჯებით მოვდიოდი, რადგან უცხო გარემოში მოხვედრის პირველადი სიძნელე (რაც ვარშავაში განსაკუთრებით თვალშისაცემია) გამოვლილი მქონდა და ქალაქს ასე თუ ისე ვფლობდი. გულისჯიბეში ღრმად ჩაკარგული რიგული ბალზამიც გამახსენდა, აბა რატომ უნდა ჩამოვრჩენოდი აქაურებს.

პოლონეთის დედაქალაქს ხელმეორედ ერთი კვირის თავზე ვეწვიე, პრაღა-ვენის ოქროსფერი მოგონებებით დატვირთული. აქეთობისას, ბრატისლავიდან წამოვედი ავტობუსით და გზად ტატრას მთები გამოვიარე. უნდა ითქვას, რომ კომპანია Eurolines ტრადიციულად სამ ფურცელზე ბეჭდავს ბილეთებს, ადგილობრივი Eurolines Polska კი ნახევარ გვერდზე უწვრილესი შრიფტით ახერხებს იმავეს გადმოცემას. ბრატისლავა-ვარშავის და ვარშავა-ვილნიუსის ბილეთები იყო ყველაზე მინიატურული რაც მინახავს, თბილისი-საგურამოს შემდეგ, რომელზეც უბრალოდ ეწერა  რიცხვი 12. ბრატისლავაში მარშრუტის დაწყების წინ მგზავრებს (მგზავრებს რა, მე და სამ პოლონელს) კრუასანები დაგვირიგეს, პოლონეთში კი სადღაც კრაკოვთან თბილი ავტობუსიდან გადმოგვყარეს და ცივ მიკროავტობუსში ჩაგვყარეს. ამასთან ორი საათი ლოდინი მოგვიწია, სანამ კიდევ ერთი ავტობუსი მოვიდოდა, საიდანაც ერთი ხმელი სამხრეთ-აზიელი ჩვენთან გადმოსკუპდა.  ლიტვა-პოლონეთში გამართული გრაფიკის ‘სიკეთეებს’ უკვე მიჩვეული ვარ კაუნასური გამოცდილების შემდეგ, როდესაც -9 გრადუსში გათოშილი ორი საათი ველოდე აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსს. როდესაც მძღოლმა ძრავა აარახრახა, ერთ-ერთმა პოლონელმა იკითხა ‘ეს ვერტმფრენია თუ მიკრო-ავტობუსიო’ (მის მიერ წარმოთქმულ მოკლე წინადადებაში ‘ჰელიკოპტერი’ და ‘მინი-ბუსი’ ერია და თუმანს მოვდივარ, თუ თარგმანში ვცდებოდე). იმ პოლონურ ქალაქებში, რომელთა გავლა და სადაც მცირე ხნით გაჩერება მომიწია ორივე გზაზე (ბიალისტოკი, ლოძი, კატოვიცე, ვროცლავი, კრაკოვი, რადომი), ქართული ყოფა გამახსენდა – თვალშისაცემი გაჭირვება ქალაქების ქუჩებში და ყოველ ორ ნაბიჯში შემხვედრი ეკლესიები (კოსტელები).

ვარშავაში ისევ იმ ჰოსტელში გავჩერდი და სიამოვნებით რეკომენდაციასაც გავუწევ – ჰოსტელი ‘ოკი დოკი’, ვარშავის ცენტრი, მარშალოვსკას და სვიეტოკრჟიშკას ქუჩების გადაკვეთაზე, დაბროვსკის ჩიხი. ნამდვილი ვარშავა ყველაზე ნაკლებადაა ზევით ნახსენები თვითმარქვია სიმბოლო – კულტურისა და მეცნიერების სასახლე. სტალინმა ალბათ კატინის ტრაგედიის ასანაზღაურებლად პოლონელ ხალხს აჩუქა მაშინდელ ევროპაში უმაღლესი შენობა, რომლის მშენებლობასაც კი 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივებმა იგი აგებისთანავე შეიძულეს და მას დამამცირებლად ‘სტალინის შპრიცი’ და ‘რუსების საქორწინო ტორტი’ უწოდეს. ნამდვილი ვარშავა ის ქალაქია, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა ლოდების ზღვად აქცია, შემდეგ კი ხალხის საარაკო შემართებამ და ქალაქელობის შეგრძნებამ ყოველი ათიდან რვა მიწასთან გასწორებული შენობა აღადგინა. ვარშავას დიდი ხანია პრეტენზია აქვს გაცხადებული ‘აღმოსავლეთის პარიზის’ საპატიო წოდებაზე და ყველაფერში წარმოსახვით დას ბაძავს. ჭეშმარიტმა ვარშაველებმა მოპასანის მოსწრებული გამოთქმა ეიფელის კოშკზე საკუთარ ტყავზე გადმოიტანეს და განაცხადეს, რომ მშობლიური ქალაქის ყველაზე ლამაზი ხედი სტალინის სასახლიდან იშლება, რადგან მხოლოდ აქედან არ მოჩანს იგი. ქალაქის ცნობილი ჰიმნი ‘ვარშავიანკა’ ფრანგის დაწერილია და რევოლუციური სიმღერა ‘La Varsovienne’ მგზნებარებით მარსელიეზას მოგვაგონებს. ვარშავის გეტოს 43 წლის აჯანყებაც ისეთივე რომანტიკული ელფერის და დაუმონებელი ხალხის გმირობის საამაყო შემახსენებელია, როგორიც 71 წლის პარიზის კომუნის ისტორიია. ბისმარკის არ იყოს, პოლონელები ხომ პოლიტიკაში პოეტები არიან და პოეზიაში პოლიტიკოსები. მე თუ მკითხავ, ყველა დროის უდიდეს მეამბოხეებს შორის ერთნაირად იყვნენ ადამ მიცკევიჩიც და ფრედერიკ შოპენიც, რომლის რევოლუციურ ეტიუდს კიდევ დიდ ხანს მოისმენთ ვარშავის ცენტრის შენობებიდან (მე გამიმართლა და წილად მხვდა ბედნიერება). შოპენიც პარიზს ეტრფოდა, თუმცა მისი გული სამუდამოდ ვარშავაში რჩებოდა. ახლაც კი მისი სხეული პერ ლაშეზზე განისვენებს, გული კი ვარშავის სხვებისგან არაფრით გამორჩეულ, წმინდა ჯვრის ეკლესიაში სამუდამოდაა დაბრძანებული.

ვარშავა შოპენის, შპილმანის და რომანსების ქალაქია, სხვაგვარად შეუძლებელია აქ დაიბადო და მუსიკას არ ეტრფოდე. როდესაც  ძველ ვარშავაში ხეტიალით სასიამოვნოდ დავიღალე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში (სტარე მესტო) მტრედების გარემოცვაში სკამზე მოვკალათდი და ყველა მხრიდან გარშემორტყმულმა შენობების ფასადების ფოტოზე გადატანა გადავწყვიტე. ამასობაში იქვე, წმინდა ქალაქურად გამოწყობილი მოხუცი კაცი არღანზე მელოდიების შესრულებას აგრძელებდა, რეპერტუარში კი ლოგიკურად უფრო აქაური სიმღერები სჭარბობდა. ჩხაკუნის და ზუმირების პროცესში ყურს განსხვავებული ჰანგები ეუცხოვა და გონებაში წამით გამიელვა აზრმა, რომელზეც იქვე ჩამეცინა. თუმცა არა, რამდენიმე წამიც და ჩემი ეჭვი დადასტურდა, მეარღნე სულიკოს მელოდიას ასრულებდა თავიდან ბოლომდე! წმინდა ჟედიმინასის მადლმა, თუ ოდნავ ვაჭარბებდე. არ ვიცი სახეზე რა მეწერა, ალბათ ისევ გია დანელიას ’არ დაიდარდო’ რომ გავიხსენოთ, სერგო ზაქარიაძის გმირის გამომეტყველებას მივიღებდი, ’შენ ხარ ვენახს’ რომ მოასმენინებენ.

ყველაზე ბანალური ტურისტი ვიქნები და ვიტყვი, რომ ’მე მიყვარს ვარშავა’ . თუნდაც ერთი ამოჩემებული ვიწრო ქუჩა ’კოზიას’ გამო, რომელიც მრავალი მხატვრის შთაგონების წყაროს – კრაკოვსკის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ შთამბეჭდავ  ქუჩას – შეუმჩნევლად გამოეყოფა და ოლიმპიურ სიმშვიდეში გეპატიჟება. იგი იმდენად პატარაა, რომ მხოლოდ ადგილობრივთ თუ ეცოდინებათ მისი არსებობის შესახებ. მხოლოდ იქ გასასვლელად მიღირს ვარშავაში კიდევ ერთხელ ჩასვლა.

Advertisements

13 thoughts on “მიმოსვლა ევროპის გულისკენ – ვარშავა

  1. წარმოგიდგინე 50 წლის მერე: შინ მოწყობილ ბუხრიან კაბინეტში ზიხარ და უკან, წიგნის თაროებზე ჩამწკრივებულია შენი მემუარების სქელყდიანი ტომები :დ (შინდისფერი ან მუქი მწვანე გარეკანით )

  2. მეც ზუსტად მსგავსი რამ მომივიდა ვარშავაში: ზახოდნიში ვიყავი მეც, ავტობუსი საღამოს 8ზე დაიძრა და 9-ზე ჯერ კიდე ვარშავაში იყო

    • მაშინ ვსწავლობდი ევროპაში და სტიპენდიას მაქსიმალურად ვახარჯავდი ხოლმე მოგზაურობას, ბოლო ცენტამდე გათვლილი მქონდა ყველაფერი. შიმშილობაც მიწევდა, თუმცა ახლა კარგად მახსენდება 🙂

    • მართლა მიჭირს პასუხის გაცემა. გააჩნია რა ტრანსპორტით ჩახვალ, რამდენი ხნით, სად დარჩები, სად იზრუნებ კვებაზე, ტრანსპორტი, რამდენს ივლი, რას ნახავ, ძალიან ბევრი დეტალია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s