პარიკმახერული საგა

არასოდეს ენდოთ პოლიტიკოსს, ქალს და ამინდს – ტროსტმომარჯვებული ინგლისელი ესტონეთში არ ცხოვრობდა, თორემ ამ ტრიადას აუცილებლად მიამატება სიტყვებს – ამათზე მეტად კი პარიკმახერს.

არავითარი სტილისტი, მე სიყრმიდან პარიკმახერის ხელს ვარ მიჩვეული და ეს ცნება ბევრად ფასეულია ჩემთვის. ეს ისეთი იშვიათი პროფესიის წარმომადგენელია, რომელთან ურთიერთობა თითქმის მთელი ცხოვრება გვიწევს, ან გვინდა რომ გვიწევდეს (გორგილ!). აღარ მახსოვს სად მოვისმინე, ფილმში თუ რომელიმე მეგობარმა, ცხონებულმა, ფრთიან ფრაზად ისროლა,  რომ პირველი პარიკმახერი პირველი ქალივით არ გავიწყდება. „დამიძახეთ მე რობერტა“ – ახლა წარმოვიდგინე ასეთი მობი დიკისეული დაწყებით რომ გამცნობოდა ჩემი პირველი პარიკმახერი. რობერტას შემდეგ იყო უკრაინელი ლენა, რომელიც ლამაზი ქალი იყო სადღაც ოცი წლის წინათ ჩემამდე, ჩემი თავი კი მის ხელებში ყველაზე მეტხანს – 7 წელი გორაობდა. მისგან სახსოვრად შტეფან ცვაიგის შვიდ–ტომეული დამრჩა, თითქოს თითო ტომი თითო წლისთვის. ბოლოსკენ კარიერული დაღმასვლა დაეწყო და მეც სკოლის დამთავრების შემდეგ მივატოვე. ლენას მერე ძიების პროცესში ვარ და ვერაფრით გამიკეთებია არჩევანი ალიკასა და ლიოვას შორის. ორივე ნამდვილი ოსტატია (ან უფრო, პრაფესიანალი), ორივეს საქმისადმი ერთგულებას თანაბრად ვაფასებ. წამოსვლამდე კი უფრო ლიოვას მხარეს გადმოვიხარე.

რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეუფლებოდა შემაძრწუნებელი აზრი, რომ ტარტუში უნდა მეღალატა მშობლიური დალაქებისთვის და ჩემი თავი უცხო მოდგმის ხელებში ჩამეგდო. დღეს დავძლიე სულიერი მღელვარება და ამაყად შევაბიჯე ადგილობრივ სილამაზის სალონში, რომელიც ჩვენებური საპარიკმახეროსგან დიდი არაფრით განსხვავდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესტონეთში აქიმობასა და დალაქობაზე რუსებს მონოპოლია აქვთ მოპოვებული. ამ საპარიკმახეროშიც ყველა რუსი იყო, ხოლო რადგან აქ ახალი ჰობი – რუსების წვალება – ავითვისე, ინგლისურად წამოვიწყე საუბარი. ერთ რამედ ღირს, როცა რუსები „გიორლს“ ან „ხეპპის“ წარმოთქვამენ. ეს კაპიტალისტური ენა არავინ იცოდა და საგანგებოდ მისი მცოდნე წანწკლა გოგო ჩამოიყვანეს სადღაც მაღლიდან. როცა უკანასკნელი დეტალები მოვაგვარე მასთან, მორჩილად გავეშურე კუთვნილი სავარძელისკენ. დალაქმა ქალმა პირველი მზერა რომ ესროლა ჩემს აგვისტოს შემდეგ უმწიკვლო თმას, შეცბა და ცალი ნაბიჯით უკან დაიხია. როგორც მთელი 15–წლიანი სტაჟის კლიენტი, თბილისში განებივრებული ვარ, რომ პარიკმახერი ულაპარაკოდ (ბეზ პრაბლემ) მოგემსახურება ამდენი ხნის უნახავს და სამუშაო პროცესის მოუცდენლად სახალისო დიალოგს გაგიბამს. ამან კი ჩემი დამშვიდება სცადა და მითხრა, ბევრი თმა კია, მაგრამ რამეს მოვუხერხებთო. მაშინ მივხვდი, რაღაც ვერ იყო რიგიანად, ასე წარუმატებლადაც ჯერ არავის უნუგეშია ჩემთვის.

დაიწყო. ჩემს თმას ისე ეპყრობოდა, როგორც რესტავრატორი მუზეუმის უძვირფასეს ექსპონატს უტრიალებს. გული მომიკვდა იმის საცოდაობის ხილვით, თუ როგორ ეჭირა მაკრატელი, თან მახსენდებოდა ლიოვა ძველი დრამერივით როგორ ატრიალებდა ინსტრუმენტს. ახლა მივხვდი, ბებიაჩემი რატომ მიყურებდა ასეთი სახით, ვაშლს რომ ვთლი ხოლმე. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და როცა რუსულად წამოვიწყე საუბარი, ჩემმა დალაქმა კოლეგას გადასძახა, „ხედავ, თითქმის ყველა ენა იცისო“. დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე თავად ვმონაწილეობდი საკუთარი თმის შეკრეჭაში, შეძახილებით „აგერ, მარცხნივ კიდევ ამიღე, ჭირიმე, არ დამტოვო ასე“. უკვე შელახულ ქოჩორს რომ წაეტანა, ლამის მკლავზე ჩამოკიდებით შევთხოვე „დამიტოვე როგორცაა, მართლა არ ღირს.“ როცა დაასრულა საბოლოოდ, ამოოხვრაში მეც ვიგრძენი თუ რა ჯაფა დაადგა და რა ძალისხმევა შესწირა ჩემს თმას. საკუთარი ნამოქმედარით თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა კიდეც: Высший пилотаж. ბოლოს ვეღარ ეთმობოდა, ჩემს დაუკითხავად რაღაც საცხების წასმა დაიწყო და მითხრა, ასეთი პროპორციული თავი არ მინახავსო (ჰმ). რატომღაც ჩემი პირადი ჰიგიენით დაინტერესდა და როცა გაიგო, რომ კვირაში 2–3–ჯერ ვიპარსავდი წვერს, მთლად გადაირია. ისიც დააყოლა თმის შესწორება თუ მოგინდეს, უფასოდ მოგემსახურებითო (ორგზის ჰმ).

შეიძლება ვინმეს ეღიმება, მაგრამ ახლა გვარიანად დაკორტნილს არ მეცინება და შვებას პოსტის წერაში ვეძიებ. იქიდან გამოსული გულში კი ვამბობდი: „უკეთუ დაგივიწყო შენ, ლიოვა ჩემო, დავივიწყო მარჯუენეცა ჩემი.“

Advertisements

4 thoughts on “პარიკმახერული საგა

  1. ღმერთმანი ეჭვის ელ-ფერი დაჰკრავს შენი მარჯვენისა და ლიოვას მოგონებებს ერთ კონტექსტში რომ იხსენიებ, მაგრამ მე შენი წესიერებისა ყოველთვის მჯეროდა და დეე მიწა გამისკდეს და საპნის ბუშტივით გავსკდე – ახლაც მაგ აზრზე ვარ.
    როცა წარმოვიდგინე აგვისტოს მერე შეუჭრელი თმა ერთი რამ გამახსენდა, მაგრამ ამის მოყოლას აქ არ დავიწყებ. ნაწერი საინტერესო, დინამიური და ალესილი კლავიატურით ნაწერი რომაა, ამას რაღა თქმა უნდა. მარა, ის რუსის გოგო ვინღა იყო?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s