7 მიზეზი, რატომ მიყვარს შვედეთი

ალბათ ყველა ადამიანს აქვს თავისი საოცნებო ქვეყანა, სადაც მოხვედრაზე ან კვლავაც მოხვედრაზე ოცნებობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამაყად გაიძახიან, რომ მშობლიურ კუნჭულს მცირედითაც ვერ მოსცილდებიან, მაგრამ ისინიც კი სადღაც გულის სიღრმეში აწყობენ წარმოსახვით მოგზაურობებს ოცნების ქვეყნისკენ. ყველას საკუთარი მიზეზი აქვს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამასთან საღ აზრსაა მოკლებული, რადგან როგორც რომაელები ამბობდნენ, „რამდენიც კაცია, იმდენიც აზრია“. ჩემი ამორჩეული ქვეყანა შვედეთია, აგერ ჩემეული მიზეზებიც პირობითად დანომრილი:

1)      ცხადია ბერგმანი. როგორც კრჟიჟტოფ კისლოვსკი იძახდა, იგი არის ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც იმდენი თქვა ადამიანის ბუნებაზე, რამდენიც დოსტოევსკიმ ან კამიუმ. ერთი ძველი ფილმის სათაურის არ იყოს, „ადამიანი ყველა სეზონისთვის“, ყველანაირი ხასიათისთვის. ალბათ არ დატოვა არცერთი წახნაგი, საიდანაც არ შეხედა ადამიანს, ზოგჯერ ოპტიმისტური ხედვით (როგორც „მარწყვების მდელოში“), ზოგჯერ კი საშინელი სიცხადითა და ღვთის დუმილით. ბერგმანის ფილმების ცქერის შემდეგ უნებურად მეტად ახლობელი ხდება ისეთი წმინდა ნორდული გვარ–სახელები, როგორიცაა სვენ ნიკვისტი (ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ოპერატორი), გუნარ ბიორნსტრანდი, მაქს ფონ სიუდოვი, ჰარიეტ ანდერსონი, ინგრიდ ტულინი, ბიბი ანდერსონი, ლივ ულმანი, ერლანდ იუზეფსონი. ცხადია ბერგმანი ყველაფრის გამო.

2)      1632 წელს შვედებმა დააარსეს ჩემი ამჟამინდელი ალმა მატერ – ტარტუს უნივერსიტეტი. ბალტიისპირეთის უკიდურეს ნაწილში მათ შემოიტანეს  წიგნების ბეჭდვა და ტარტუ „ჩრდილოეთის ჰაიდელბერგად“ აქციეს. ესტონელები ახლაც მისტირიან „ძველ კარგ შვედურ დროებას“ და შვედური მმართველობის საუკუნე–ნახევარს „ოქროს ხანად“ მოიხსენიებენ. საკუთარი ინიციატივით, ესტონელებმა ძეგლიც კი დაუდგეს დამპყრობელ გუსტავ II ადოლფს. შვედები შეცვალეს რუსებმა, რომლებმაც შემოიტანეს ბატონყმობა, ხოლო ივანე მრისხანეს ზარბაზნებმა ტარტუში უძველესი კათედრალის კედლები ჩამოანგრიეს. ახალი რუსული დასახლებებით ლამის ნახევარს გაუტოლდა ადგილობრივთა ხვედრითი წილი. დღეს ტალინში, ისევე როგორც დანარჩენ ქვეყანაში ნარვას გარდა, რუსულად ლაპარაკისთვის შეიძლება უროც კი მოგხვდეს კაცს თავში.

3)     შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ბავშვობის გახსენებისას პირველი არა ასტრიდ ლინდგრენი მომდის გონებაში, არამედ სელმა ლაგერლოფი. მისი „ნილსისა და ბატების გასაოცარი მოგზაურობა“ იყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე და წავიკითხე. არავის უთქვამს ან წაუქეზებია წამეკითხა იგი, ჩემით ვიპოვნე მტვრიან თაროებზე, ან მიპოვნა უფრო. აქ პირველად გავიგე ისეთი უცნაური სიტყვები, როგორიცაა „ოინბაზი“ ან „ჭილყვავი“. მერე და მერე შევიტყვე, რომ  სელმა ლაგერლოფი პირველი ქალი მწერალი ნობელიანტი ყოფილა  (ესეც შვედის მიერ დაარსებული!) და როგორი სინანულით მეხარჯებოდა მისი გამოსახულებიანი ბოლო 20 შვედური კრონი (მანამდე 50–იანი და ასიანი უპრობლემოდ).

4) სტოკჰოლმი და სტოკჰოლმერები. ბალტიის ზღვასავით კრიალა ქუჩები და ადამიანები. თხემით ტერფამდე მომხიბვლელი ხალხი, პირდაპირ ჟურნალის გარეკნიდან გადმოსული.  სადმე არსებობს კი სტოკჰოლმერზე უფრო თავაზიანი, ზრდილობიანი, მუდმივად ელეგანტურად ჩაცმული მოქალაქე, რომელიც ასეთი მზრუნველობით გაგიწევს დახმარებას. მუზეუმის წინ ჰოთ–დოგის გამყიდველი ქალიც კი, რომლისთვის გამუდმებული სიცივე და ტურისტთა სიმრავლე თავის შესაწყენი უნდა იყოს, ისეთი რუდუნებით მოგემსახურება, რომ ის ჰოთ–დოგი მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სანოვაგედ მოგეჩვენება. აი ნამდვილი ქალაქი და ნამდვილი მოქალაქეები.

5)     ლეგენდარული ბიორნ ბორგი. იგი არ იყო ჯონ მაკინროივით მეამბოხე, ვერცხლისწყალივით ცვალებადი გენიოსი. პირიქით ლეგენდები დადიოდა მის ყინულოვან სიმშვიდეზე, თითქოს მისი წარმატების საწინდარი გულის ძგერის უჩვეულოდ დაბალი სიხშირე იყო მხოლოდ. ხალხს ყველაზე მეტად უყვარს ცრუ ლეგენდების შეთხზვა. რაც დრო გადის, უფრო წარმოუდგენელი ხდება მისი შთამბეჭდავი მონაპოვარის გამეორება – ზედიზედ ხუთჯერ მოგებული უიმბლდონი + ზედიზედ ოთხჯერ როლან გაროსი. როცა მთელი მსოფლიო მისგან ახალი და ახალი რეკორდების დამყარებას მოელოდა, 26 წლის შვედმა კარიერის მწვერვალზე შორს მოისროლა ჩოგანი და ერთი მცდელობის გარდა აღარც მოუხედავს მისკენ. ბიორნ ბორგმა დაამტკიცა, რომ იგი იდგა ყოველნაირ რეკორდსა თუ თამაშზე მაღლა. ჯონ მაკინროიმ კი, როგორც ამასწინათ გამოტყდა, ვეღარასოდეს შეიგრძნო ის ნამდვილი ჩოგბურთი ოდინდელი მეტოქის წასვლის შემდეგ.

6)      შვედეთის რაინდული ისტორია. ჯერ მარტო როგორი სახელი აქვს შვედეთის ეროვნულ გმირს, რომელმაც გამოაფხიზლა საკუთარი ხალხი და დანიური უღლის წინააღმდეგ დაძრა – ენგელბრექტ ენგელბრექტსონი. მახსოვს, ომობანას თუ სხვა ამგვარი ბავშვური თამაშობისას ძირითადად ჩრდილოელ შვედებს ვირჩევდი ხოლმე. ქრისტიანობის და ევროპული ცივილიზაციის გავრცელებამაც ვერ შეცვალა შვედების ხასიათი. კარლ XII ვერსალის სტილში ნაგებ სტოკჰოლმის სამეფო სასახლეს მეომრების ბარაკს არჩევდა, ხოლო ოქროცურვილად მოვარაყებულ სამოსელს უბრალოდ ჯარისკაცულ ფარაჯას ამჯობინებდა. სასწაულებრივად ამარცხებდა კიდეც თავიდან გველეშაპს რუსეთის სახით, თუმცა არ იცოდა, რომ ლერნეს ჰიდრასთან ჰქონდა ურთიერთობა. მოჭრილ თავზე ორი იმდენი ამოვიდოდა საბოლოოდ. საკვირველია, თავად ალექსანდრე სუვოროვი ისტორიულ მტერს, კარლ XII–ს თავის კუმირად რომ მიიჩნევდა.

7)      შვედეთში მდებარეობს ქალაქი, სადაც უდიდესი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ვისწავლიდი – უფსალა. ქვეყნის ისტორიული დედაქალაქი და საეკლესიო ცენტრი, სკანდინავიის უძველესი და უმთავრესი საუნივერსიტეტო ქალაქი, ბერგმანის მშობლიური მხარე. აქ გადაიღეს და აქ მიმდინარეობს მოქმედება ჩემი საყვარელი ფილმისა – „ფანი და ალექსანდრე“. დიდი რეჟისორის ჩანაფიქრით თავისი უკანასკნელი ნამუშევარი, რომლის ცქერისას მიღებულმა სიამოვნებამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.

ქართველი რომ არ ვიყო, ნამდვილად ვისურვებდი შვედეთში დაბადებას!

პ.ს.

ვისაც შეეზარა გრძელი პოსტის წაკითხვა, მათთვის და არამარტო მათთვის ერთი საამო ძველი შვედური სიმღერა. აქ, რაც მიწერია, ალბათ მასში ყველაფერი უკეთაა გადმოცემული:

Advertisements

20 thoughts on “7 მიზეზი, რატომ მიყვარს შვედეთი

  1. მე პირველ რიგში ასტრიდი და სტოკჰოლმი მახსენდება შვედეთის ხსენებაზე და მიყვარს ყველაფერი შვედეთში რასაც ასტრიდი აღწერს
    და კიდევ ვერ ვიტან როცა შვეციას უწოდებენ

  2. chemtvis svenska astrid lindgrenia: pepi da kale blumqvist-i 😀 vimnes axsovs kale blumqvist? 😀

    da kidev erti shvedi mzverav-jashuhsi (saxeli agar maxsovs) a.sh.sh-s da sabwoets rom acurebda, ara tqventan vmuhsaob, ara tqventano da shvedetis agenti rom iyo 😀

    da kidev, henrik larsoni. magari iyo henriki 🙂

    p.s. skandinavebs shoris ki mainc dania momwons yvelaze metad 😛 ufro mamrebi arian 😛

    • რაულ ვალენბერგი გახსოვს? შვედი ოსკარ შინდლერი?

      ლარსონი მართლა მაგარი იყო.

      დანიელები მაგარი მამრები არიან, განსაკუთრებით ანდერსენი 😛
      სტიგ ტოფტინგი ასეთი ფეხბურთელი გახსოვს? 😀

  3. სელმა ლაგერლეფზე გეთანხმები. 🙂 ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი.
    ტარტუს უნივერსიტეტშიც ნამყოფი ვარ – მანდ ჩემი დიდი ბაბუა სწავლობდა და მაინტერესებდა საარქივო მასალები. 🙂
    აი, შვედეთში არ ვარ ნამყოფი.

    • ვააჰ, საინტერესოა. რუსეთის იმპერიის დროს ვინც ტარტუში სწავლობდა, რამდენიმე ქართველი ვიცი მხოლოდ: ანდრია რაზმაძე, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე ერისთავი, გიორგი ჯავახიშვილი. გრიგოლ წერეთელი იყო ერთხანს კათედრის გამგე და კიდევ, გადმოცემით ნიკოლოზ ბარათაშვილსაც სურდა თავის დროზე ტარტუში სწავლა.

      • ახლა შენ ნამეტანი სელებრითები ჩამოთვალე, ბაბუაჩემი ვერ ქაჩავდა მაგ დონემდე. 🙂 ახლოს უტრიალებდა კია. :):)
        ალადაშვილი სწავლობდა კიდე – ცნობილი ექიმი იყო. და შიო დედაბრიშვილი იგივე არაგვისპირელი – ის და ჩემი დიდი ბაბუა ერთ კურსზე იყვნენ. ტარტუს ვეტერინარულზე სწავლობდნენ ორივენი.

  4. ვერ გამიგე შენ რაღაც 😛

    პერსონალურია რა. კი ბატონო, აბბა ლეგენდარულია, მაგრამ არ ასოცირდება ჩემთვის შვედეთთან და რა ვუყო. 🙂
    ისევე, როგორც კარლსონი და ლინგრენი, თუ გინდა ლუნდგრენიც. 😀

    ეგრე შეიძლება, ზოგს შვედსკი სტოლიკი მოსწონდეს, ზოგს კიდევ შვედური სემეიკა, რა იცი 🙂

  5. მე სკანდინავიის ქვეყნებში მოხვედრაზე მითოლოგიიდან გამომდინარე ვოცნებობ ბავშვობიდან

    ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, პირველად შვედეთში წავიდოდი. თუ რატომ, ასე პუნქტებად გაცნობიერებული არ მაქვს, ალბათ ლიდნგრენის წიგნებიდან (კლიშეა ხო უკვე) არის ასე ახლობელი იქაურობა

    როგორ ფიქრობ, ლაგერლოფი ახლა რომ წავიკითხო, 24 წლის ასაკში, მომეწონება? არ მაქვს წაკითხული და ძალიან დამაინტერესა :/

    • ეს პუნქტებად დაყოფაც პირობითია, ყველა დეტალს ჯერ აღნუსხავ. არა, რატომაა ლინდგრენი კლიშე, ძალიან ბუნებრივია პირიქით. შენ სტოკჰოლმში ალბათ იუნიბაკენი მოგეწონება, მანდ ყველაფერი ლინდგრენია 🙂
      ლაგერლოფზე რა გირჩიო, არ ვიცი. ძალიან პერსონალური საკითხია. მაგას საერთოდ ძალიან მრავალფეროვანი შექოქმედება აქვს, “საგა იოსტა ბერლინგზე” საერთოდ მაგიურ რეალიზმს უკავშირებენ. ნილსი ცხადია ძალიან ბავშვურია, მაგრამ მაინც გააჩნია რა. სხვისას ვერ გეტყვი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი წიგნების გადაფურცვლის ხასიათზე ვარ, რომლისთვისაც უკვე გვარიანად მობერებული ვარ 🙂

  6. ისე, BTW შვედს რომ უხსენო “შვედური ოჯახი” ვერ გაიგებს რას გულიხმობ. რუსების მოგონილია ეგ. საიდან და რატომ კაცმა არ იცის. 🙂 და იმ შვედებს, ვინც ნამყოფია რუსეთში და ხვდება რაზეა ლაპარაკი, მაგრად უტყდებათ და ბრაზობენ :/

  7. თუ წინააღმდეგი არ იქნები ამ პოსტს სკანდინავია,ჯეზეც გამოვაქვეყნებ მოგვანებით
    ავტორისა და ბლოგის მითითებით

    პატივისცემით
    კიდევ ერთი
    შვედეთის მოყვარული 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s