სტოკჰოლმზე

პირველი შთაბეჭდილება: ჩავკეტე კაიუტა, მშვენიერი დილაა, ჩამოვხტი გემიდან, ავხტი ავტობუსზე, ჩამოვხტი ავტობუსიდან, დავდექი გაჩერებაზე. ესტონეთში მიჩვეული პედანტიზმით ველოდები შუქნიშნის გამწვანებას, როდესაც თითქოს ეიზენშტეინის ფილმიდან გადმოსულმა ქალმა ბავშვიანი ეტლით ჩამიქროლა და პირდაპირ წითელზე გადაჭრა გამლა სტანისკენ (ძველი ქალაქი) მიმავალი ქუჩა. ვიფიქრე, იქნებ წამიერად დალტონიკი გავხდი, იქნებ არც იყო აქაური, იქნებ არც ჰყავდა ბავშვი ეტლში. აგერ უკვე მეორე ქუჩას გადავდივარ მწვანეზე, როდესაც მანქანა აშკარად არ მაცდის ვისარგებლო ‘სადაღარნავალი’ ფეხითმოსიარულის მრავალწლოვანი  სტატუსით. ჩემს გვერდით მომავალ აგრეთვე დაზარალებულ შვედ ქალს კი ბევრი აღარ უფიქრია და შუა თითი დღისით–მზისით დაანახა  უტიფარ მძღოლს. წამსვე მიმავიწყდა ბალტიელთა გულმოდგინე გაკვეთილები და ძველებური უნარ–ჩვევები (‘ნავიკები’) ამიმოქმედდა. ქუჩაში მოძრაობის წესების დარღვევით ყველაზე ნაკლებად გამაკვირვებდნენ მე, რიგით თბილისელს.

დამავიწყდა მეთქვა, რომ სტოკჰოლმში მარტომ გადავწყვიტე წასვლა. მინდოდა გამომეცადა როგორი შეგრძნებაა, როცა თავად ზრუნავ საკუთარ თავზე უცხო ქვეყანაში და არ დადიხარ პენსიონერი ტურისტივით, რომელიც ცდილობს ნაბიჯით არ ჩამორჩეს ჯგუფს. ნამდვილად ღირს შეგრძნებად, თუმცა ალბათ აღარ გამოვცდი – მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოა, არათუ ჭამაში შვედეთში.

სტოკჰოლმი ერთ–ერთი მრავალთაგანი „ჩრდილოეთის ვენეციაა“, იგი კამკამა ტბა მელარენზე არსებულ 14 კუნძულზეა გაშენებული. კუნძულები იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ვერც მივხვდი ფიქრებში გართული კუნძულ–კუნძულ სიარულით ისე ავღმოჩნდი სადღაც სტოკჰოლმის ვეძისში. როდესაც აქედან გამოსასვლელად ჩემი ნაცადი მოგზაურის რუკაც ვერას გახდა, თავაზიანი სტოკჰოლმერების დახმარებით უკვე სხვა კუნძულ–კუნძულ სიარულით გავიგნე გზა იურგორდენისკენ.

უნდა ითქვას, რომ შვედები ზედმეტად დიდ პატივს სცემენ საკუთარ მეფეებს. გუსტავ II ადოლფი, კარლ XII და თუნდაც ნაპოლეონის მოღალატე მარშალი კარლ ბერნადოტი (ცოლად ნაპოლეონის ადრინდელ ხასა დეზირეზე მეტს რომ არც იმსახურებდა) სწორედაც რომ იმსახურებენ შთამომავალთა მიერ დაფასებას, აი სხვებზე რა მოგახსენოთ. სხვაგან არამგონია დაუდგან ძეგლი მეფეს, რომელიც ერთ ბრძოლაში დაახლოებით ნახევარი ფინეთის ტერიტორიას დაკარგავს. წარმოიდგინეთ, მეიდანზე რომ იყოს გიორგი XII–ის მონუმენტი, ოღონდ ცხენზე არა, ისე როგორც უყვარდა მხართეძოზე წამოწოლილს  –  აღმოსავლურ–რუსულ დივან–კრესლაზე.

ალბათ მარტო დუბლინერები თუ აფასებენ ჯეიმს ჯოისს ისე, როგორც სტოკჰოლმერები თავიანთ გამოჩენილ თანამოქალაქეს – დრამატურგ ავგუსტ სტრინდბერგს. ამ უკანასკნელმა გარდაცვალებამდე სტოკჰოლმის ცენტრში ცხრა სახლი გამოიცვალა და შვედებმა ლამის ეროვნულ მოვალეობად მიიჩნიეს, ყველგან მოეწყოთ მისი სახლ–მუზეუმი თუ მემორიალური დაფა. აქ დიდი სტრინდბერგი მევალეებს გაურბოდა, იქ სტრინდბერგს მეძავები ამოჰყავდა, სავარაუდოდ აქ სტრინდბერგს თავისი „წითელი ოთახის“ დაწერის იდეა მოუვიდა, ამ ქუჩაზე სტრინდბერგი შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, თვალი მოავლო არემარეს და გზა განაგრძო და ა. შ.

ჰო, იურგორდენის პარკში რა მინდოდა. ჩემდა სამარცხვინოდ, პირველი რაც იქ მისვლისას შევამჩნიე იყო არა შთამბეჭდავი ნორდული მუზეუმის შენობა, არამედ ოხშივარავარდნილი საჰოთდოგე (თუ რასაც უწოდებენ). აქ პირველად გავსინჯე გარეთ ნაყიდი ჰოთდოგი, უნდა ვაღიარო და ასე გემრიელად დიდი ხანია არაფერი შემილუკმია. ამის შემდეგ უფრო გონებაგანათებულმა პირის ცმაცუნით მივაშურე სტოკჰოლმის ყველაზე სახელგავარდნილ ვაზას მუზეუმს. აქ ლეგენდარული შვედური საბრძოლო გალეონის „ვაზას“ ადგილსამყოფელია, რომელიც დანიშნულების ადგილიდან 1628 წელს გავიდა, ერთი საზღვაო მილი გაიარა და მეტისმეტი გადატვირთვის გამო ჩაიძირა მთელი 333 წლით, სანამ მკვლევარები აღმოაჩენდნენ. „ჩრდილოეთის ლომად“ წოდებულმა მეფე გუსტავ ადოლფმა ცდა არ დააკლო მის სიმშვენიერეს, შვედური ფლოტის ფლაგმანის და ნაციის სიამაყისთვის გაიკაფა 40 აკრი მუხის ხე, ჩამოყვანილ იქნა საუკეთესო ოსტატები ევროპის სხვადასხვა კუთხიდან, დაიხარჯა უზარმაზარი ადამიანური რესურსი. როგორც ჰყვებიან, პრუსიაში საომარ კამპანიაში მყოფი მეფე უკიდურესი სიბრაზისგან კინაღამ ცოფებს ჰყრიდა, როდესაც ამდენი წლის მოლოდინის სამარცხვინო კატასტროფის შესახებ შეატყობინეს. „ვაზას“ გრანდიოზულობის შეგრძნებას 200 ამოკვეთილი ორნამენტი და 500 სკულპტურული გამოსახულება აძლიერებს. მეც გადავწყვიტე მესარგებლა შემთხვევით და შთამბეჭდავი კიჩოს ფონზე საკუთარი თავისთვის სურათი გადამეღო. გამომრჩა აღმენიშნა, რომ მუზეუმში გვარიანად ბნელა, მე მუქი შარფი მაქვს შემოხვეული, ისედაც შავი ვარ (ბუნებით) და ამიტომ ფოტოს გადაღების ყველაზე უკეთესი შემთხვევა შეიძლება დახასიათდეს, როგორც „არაბებისა და მავრების ბრძოლა შავ უმთვარო ღამეს.“ ლამის იაკობი vs. ანგელოზის ჭიდილში გადასულს თვალს მომხვდა კიჩოს ქვეშ მდგარი ერთი ამერიკელი ტურისტის გულმოდგინება, რომელიც ფოტოს ფოტოზე უღებდა შვედი მეზღვაურების კიჩ–დეკორაციას. კიჩი მასობრივი კულტურის ნაყოფია, იგი მთავარ ყურადღებას  გარეგნობის ექსტრავაგანტულობას აქცევს. საინტერესო ტიპაჟია ტურისტი, რომელიც ზურგით დგას მსოფლიოში უძვირფასესი ისტორიული მნიშვნელობის საბრძოლო ხომალდის კიჩოსკენ და ფოტოს უღებს XXI საუკუნეში შექმნილ კიჩს.

Vasa

სტოკჰოლმში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, მაგრამ რუსები მათ შორის ნამდვილად გამოირჩევიან. ისინი იუნიბაკენში შემომხვდნენ და საოცრად გამიხალისეს მოგზაურობა. იუნიბაკენი ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟების სამყაროა, სადაც მილიონობით ბავშვი მოხვედრას ინატრებდა. აქ ყველაფერი ქალბატონი ასტეროიდას (როგორც ვარსკვლავისთვის მისი სახელის მინიჭების შემდეგ უწოდა თავს) წიგნის ფურცლებიდან არის გადმოსული. ასეთი ადგილის მოლოცვისას მესმის რუსი ქალბატონის სიტყვები: Смотри, Женя, какие розы. იგი ეძახის ჟენიას და ფოტოს უღებს ვარდებთან, მე კიდევ ვიჭერ ამ მომენტს და ლინდგრენის ძეგლის ფონზე ვიღებ ამ პროცესს. არც ვიცი, რომელი უფრო შესაცოდი სანახავი იყო – მე, რომელიც სტოკჰოლმში უცნობ რუს ტურისტებს ვაფიქსირებ აპარატით, თუ რუსი ტურისტები, რომელიც იუნიბაკენში ვარდებთან პოზიორობენ, თითქოს მშობლიურ რიაზანში არ ისხამდეს ვარდი კოკორს.

ტარტუში დაბრუნებამდე გზად ძველ ტალინში შევიარე, რათა შუასაუკუნეები კვლავ შემესუნთქა და მოკირწყლულ ქვაფენილებზე მევლო. სწორედ ეს არ აქვს სტოკჰოლმს – შუასაუკუნეების შეგრძნება, სამაგიეროდ მას ქალივით თავისი უნიკალური და გამომწვევი სურნელი გააჩნია, რომელიც ხელმეორედ დაუფლებისკენ მოგიწოდებს.

Advertisements

13 thoughts on “სტოკჰოლმზე

    • ყველა ქალაქი არ იძლევა საშუალებას. მაგალითად ჰელსინკი სტოკჰოლმთან შედარებით ქვემო მაჩხაანია და პირში გემო არ დამიტოვა

  1. “მრავალთაგან აუტანელ ცინიკოსად მოხსენიებული წიგნის და ახლა უკვე მოგზაურობის ჭია.”

    ღმერთმანი, ირაკლი, ვინ დაგახასიათა ასე? :O

  2. ძალიან მომეწონა პოსტი! ❤ ერთს აღვნიშნავდი მხოლოდ – "ვაზა"-ს თუ "ვასა"-თი ჩაასწორებთ, კარგ საქმეს იზამთ ნამდვილად :3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s