რიგელი ფაკირი

დაახლოებით შუაღამეს (Round About Midnight) კომფორტული ლოგინიდან შეუძლებელია მზერა არ მიგეყინოს ტარტუს რატუშის განათებულ წვერზე, ალბათ ამიტომაც მიმძიმს (ან იმიტომ, რომ საშინლად მეძინება) ამ წინადადების წერა. თუმცა არ მინდა რიგელი ფაკირის რამდენიმე დღის წინანდელი  გაკვეთილი მხოლოდ გონებაში დაილექოს და პოსტად არ იქცეს.

თამამად შეიძლება ითქვას, ერთ დღეში თავისუფლად ეგების ძველი რიგის აგურ–აგურ, მისხალ–მისხალ შემოვლა და შესწავლა. ძველ ქუჩებში სეირნობა ყოველთვის სასიამოვნოა, ძველ რიგაში კი თითქოს ისტორიული გარემო ცოცხლდება. თითქოს სადაცაა აბჯარასხმული შვედი ან გერმანელი როიტერები თუ ლანდსკნეხტები ჩაგიქროლებენ. არ ვიცი, მერამდენედ ვუახლოვდებოდი და ვშორდებოდი წმ. პეტრეს კათედრალს, როდესაც ჯეკაბას (იაკობის) ქუჩის დასაწყისში უაღრესად ახლობელი ხმა შემომესმა. დაახლოებით იმგვარი, მშობელი დედის წარმოთქმულ სიტყვებს რომ გამოარჩევ ბრბოს ხმიდან. უნებურად წავედი იმ მხარისკენ, საიდანაც ბგერები მესმოდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მივხვდი, რომ მუსიკის ჰანგებს ქუჩის სხვა მხარისკენ მივყავდი. წამებიც და სახეგაბადრულმა დამარცვლით ვუთხარი დაღლილ თანამგზავრს – ელინგტონი. თავიდან კედლებს ვუქცერდი სიარულისას, თითქოს ხმა მათგან მოდიოდა. მცირე ხანში, კატა ტომის დავემსგავსე, რომელსაც მულტსერიალში თვალი სანუკვარი სანოვაგისკენ ან მდედრი არსებისკენ აქვს მიშტერებული და გზად არაფერს უყურებს. მეც მუსიკისკენ მიმავალს ვერაფერი მაბრკოლებდა, მათ შორის ვერც ლატვიელთა მომადლებული სიმშვენიერე.

ჯეკაბას ქუჩის ბოლოს ისიც გამოჩნდა, პიანისტი. დიუკ ელინგტონის დიდებული კომპოზიციის „In a Mellotone“–ს ნოტები მკვდარი კლავიშებიდან ისეთი ვირტუოზობით გამოჰყავდა, თითქოს ფაკირს ამოჰყავდეს გველი ტომრიდან (საგულისხმოა, რომ ელინგტონის ღვთაებრივი „Caravan“–ის ფონზე ამოჰყავს ფაკირს გველი საბჭოთა დროების  „Ну Погоди “–ს  ერთ–ერთ სერიაში). როდესაც მივხვდი, რომ ღია ცის ქვეშ არსებულ ჯაზ–კაფეში ვიმყოფებოდი, ერთად შეკრული სამი თითი ლამის შუბლისკენ წამიცდა. არ ვიცი, რიგელმა ფაკირმა შენიშნა თუ არა ჩემი დაჟინებული ცქერა, მაგრამ კომპოზიციას განსხვავებული ვარიაციებით ამდიდრებდა და დასრულებას არ ჩქარობდა. დაამთავრა თუ არა უკანასკნელი აკორდები, რიგელმა ფაკირმა ამომხედა, მეც დავუსახელე კომპოზიცია თავის ალბომიანად და შესრულება შევუქე. ჩაიღიმა, მადლობა მომახსენა და ამჯერად Perdido წამოიწყო. ლოტის სვეტადქცეული ცოლივით დამდგარს დანარჩენი თანამგზავრებიც წამომეწივნენ, რომლებსაც არჩევნის სახით მხოლოდ ლოდინი დავუტოვე. მცირე ხანში, სურვილის საწინააღმდეგოდ გზის გაგრძელება მომიწია და ვეღარც თანამგზავრთა მოთმინებას გამოვცდიდი, თუმცა ჩემი ყურთასმენა ფაკირის ინსტრუმენტისკენ იყო მიმართული. თითქოს დაასრულა Perdido და ტელონიუს მონკის Bemsha Swing წამოიწყო, რამდენიმე წუთიც და ეროლ გარნერისეული Misty შემომესმა. უკან მოხედვისას აღმოვაჩინე, რომ საკმარისზე შორს ვიყავი ფაკირის ხმის გასარჩევად. საკუთარი მეხსიერება თავად ატრიალებდა ფირფიტას.

ძველ რიგაში შვედური კარიბჭის ძებნისას ფიქრში კი რიგელი ფაკირის გაკვეთილი მივიღე, რომელშიც ყველაზე ნაკლები დამსახურება ალბათ მას მიუძღვის და ისედაც არამგონია ზედწოდება „ფაკირზე“ ოდესმე ეფიქროს. საქმე ისაა, რომ, როგორც ოსგუდ ფილდინგ III იტყოდა ცნობილი კინოკომედიიდან, „არავინაა სრულყოფილი“. არც მე მათ შორის, წმინდა ანტონივით ბევრჯერაც მინანია საკუთარ ქმედებაზე. დაცემისას თუ წელში გასწორებისას ყოველთვის ერთი რამ რჩებოდა უცვლელად – ჯაზისგან მოგვრილი სიამოვნება. ჯაზის გრანდები ხომ ფარმაცევტები არიან. მათ ზუსტად იციან ის კომპოზიციები, რომლებიც კონკრეტულ განწყობილებას ესაჭიროება.

Advertisements

5 thoughts on “რიგელი ფაკირი

  1. დავეთანხმები blumgardtს, შეუდარებებლი შედარებები გაქვს 🙂 და სულაც არ ყოფილა მოსაწყენი და გაუგებარი პოსტი.
    კარგი სტარტი აქვს შენს რიგულ ვოიაჟს.
    წარმატებები! :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s