ჯაზოლოგია

თამამად ვიტყვი, ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე, თუნდაც ჩამთვალონ ყველაზე დიდ სნობად – ჯაზი რომ არა, მე სხვაგვარი ადამიანი ვიქნებოდი. ერთ პოსტში ხუმრობით ვწერდი, რომ მრავალი ხნის წინ მცხოვრები ნიუ–ორლეანელი ტყისმჭრელის რისხვის ჯერაც მეშინია, რომელიც ყველას სიკვდილით ემუქრება, ვინც კი შუაღამეს ჯაზს არ მოუსმენს. სინამდვილეში, შუაღამით ჯაზის მოსმენა დღის საუკეთესო დასასრულია ალბათ, თითქოს სწორედ ამიტომაც დგება ღამის თორმეტი საათი. ვერცერთი ფოტო–ალბომი ვერ იტევს იმდენ მოგონებას, რამდენსაც გამორჩეული კომპოზიციების აკორდები. ბოლო ჩემი რამდენიმე წელი პაზლივით რომ დავშალო, თითოეულ ფრაგმენტს თავისი შესაბამისი კომპოზიცია მიესადაგება. ზოგიერთი ღვინოსავით ტკბილი, ნახევრად ტკბილი ან სულაც მშრალი. ჯაზი თუ უკვდავია, მაშინ მათ ვერავითარი ლეთას წყალით დავიწყება არ უწერიათ. შედეგი მაინც ყველგან ერთია, სადაც არ უნდა ვუსმენდე – თბილისური სახლის ჩემს კუთხეში, რიგის ღია კაფეში, სტოკჰოლმისკენ მიმავალი გემის ბარში, ბრიუსელის ქუჩებში (სადაც გამიმართლა და ოქტომბრის გაგანია ჯაზის სეზონში მოვხვდი), ტარტუს  ადგილობრივ რესტორან „ვილდეში“, სადაც პიანისტი უხეიროდ ცდილობს დიდი ბილ ევანსის მიბაძვას. შემდეგში დროის ეს მონაკვეთები დანარჩენ ფრაგმენტებს შეუერთდება, პაზლი კი უსასრულოდ ზრდას გააგრძელებს. ჩემთვის ჯაზი დროს არ აჩერებს, პირიქით აჩქარებს. ნამდვილი ნეტარება იქნებოდა, შემდეგი რამდენიმე თვე ერთ ასეთ გრძელ ღამედ რომ ქცეულიყო. ლორკასი არ იყოს, ეს არის ოცნება ნავივით მოტივტივე დროზე. თითოეულ ჯერზე უფრო ძნელია ჯაზის მოსმენის შეწყვეტა. აი ისე, ზოგჯერ დამშვიდობება რომ გიძნელდება ხოლმე ადამიანს. ეს ორი რამ ერთდროულიც ყოფილა ჩემთან.

როგორც ალესანდრო ბარიკო გაიძახოდა, რეგტაიმი ის მუსიკაა, ღმერთი რომ ცეკვავს, როდესაც არავინ ხედავს. თუ მან „დაბადა კაცი ხატად თვისსა“, მაშინ ეჭვიც არ მეპარება, როგორც მუსიკის პირველი დამფასებელი, ჩარლი პარკერს შორს რომ არ გაუშვებდა და თავისთან დაიტოვებდა. მერე რა, რომ ბერდი ყოვლად გამოუსწორებელი ნარკომანი იყო. ხულიო კორტასარი ხომ ამტკიცებდა, რომ სხვა არაფერი თუ არა ეს გულისამრევი სიმდაბლე და პიროვნული სიმშვენიერე მთლიანობაში ერთად წარმოქმნიდა იმ ენითაუწერელ ზეციურ ჰანგებს. თან ჭეშმარიტი ტენორ–საქსოფონისტის მეორე დიდი იპოსტასი ჯონ კოლტრეინიც გაუწევს სათანადო რეკომენდაციას ზეციურ კანცელარიაში, აფრო–ამერიკელთა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1971 წელს ტყუილად ხომ არ შერაცხა წმინდანად და შეიყვანა ნეტართა დასში.

სასტიკად ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ჯაზს შეიძლება მხოლოდ მოუსმინო. მაგალითად ჯეკ კერუაკი ცდილობდა იმგვარი სპონტანურობით ეწერა, როგორც ბიბოპის მამები დიზი გილესპი, ჩარლი პარკერი, ტელონიუს მონკი თავიანთ ინსტრუმენტებზე იმპროვიზირებდნენ. კერუაკს უამრავი ლექსიც წაუკითხავს მათი მუსიკის თანხლებით. „ჰარლემური რენესანსის“ პირველკაცმა ლენგსტონ ჰიუზმა მთელი შემოქმედება მიუძღვნა „ჯაზ–პოეზიას“ და ამით ახალ მიმდინარეობას დაუდო სათავე. ბორის ვიანს თავის ოცნებაში ვერნონ სალივანი ერქვა და ნიუ–ორლეანის ერთ–ერთ ჯაზ–ბენდში უკრავდა, არადა ამერიკის მატერიკზე ფეხიც არ ჰქონდა დადგმული. გასულ წელს კი გარდაიცვალა კაცი, რომელმაც შეძლო და ჯაზის დაუსრულებლად ცქერის საშუალება მოგვცა. ეს არის ჰერმან ლეონარდი, წარმოშობით რუმინელი ებრაელი, რომელმაც შეძლო და კადრებად საუკეთესოდ ასახა ჯაზის სული. სწორედ მისი ფოტოები წარმოქმნის ამ პოსტს.

დავასრულებ ისევ ბორის ვიანით: „მხოლოდ ორი ნამდვილი რამ არსებობს – სიყვარული, ყველანაირი, ქალების და მუსიკა, ნიუ–ორლეანის ან დიუკ ელინგტონის. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია, რადგან უშნოა.“

დიუკ ელინგტონი, პარიზი, თეატრი ოლიმპია, 1958

ჩარლი პარკერი, ნიუ–იორკი, კლუბი ბერდლენდი, 1949

სარა ვოონი, ნიუ–იორკი, კლუბი ბერდლენდი, 1949

დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1948

მაილს დევისი, მონტრე, 1991 (სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე)

ქვინსი ჯონსი, პარიზი, 1955

დექსტერ გორდონი, ნიუ–იორკი, 1948

ბილი ჰოლიდეი, ნიუ–იორკი, 1948

ჩეტ ბეიკერი, ნიუ–იორკი, 1956

სონი სტიტი, ნიუ–იორკი, 1953

არტ ტეიტუმი, ლოს–ანჯელესი, 1955

ეროლ გარნერი, ნიუ–იორკი, 1953

მაილს დევისი, კლუბი ბერდლენდი, ნიუ–იორკი, 1949

ელა ფიცჯერალდი და რეი ბრაუნი, ნიუ–იორკი, 1949

ჩარლი პარკერი და დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1949

დიუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი და დაიენ კეროლი, პარიზი, 1960

ქვინსი ჯონსი, პარიზი, 1950

ჯეიმს მუდი, ნიუ–იორკი, 1951

არტ ბლეიკი, პარიზი, 1958

ჩარლი პარკერი და “მეტრონომ ოლსტარი”, ნიუ–იორკი, 1949

ელა ფიცჯერალდი  დიუკ ელინგტონისა და ბენი გუდმენის წინაშე, ნიუ–იორკი, 1948

დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1955

ბილი ექსტაინი, პარიზი, 1963

ბადი რიჩი, ნიუ–იორკი, 1954

ფრენკ სინატრა, მონტე–კარლო, 1958

დიუკ ელინგტონი და ქალები, პარიზი, 1960

ტონი ბენეტი, ნიუ–იორკი, 1950

ოსკარ პეტიფორდი, ნიუ–იორკი, 1950

მაილს დევისი, მალიბუ, 1989

ლესტერ იანგის ქუდი, ნიუ–იორკი, 1948

 

პ.ს.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც რჩება კითხვა: იქნებ მხოლოდ მე მახსოვს?

 

 

 

 

 

 

ძვირფასი ბებერი სტოკჰოლმი

რა ეშმაკმა მომიყვანა ამ გალერაზე?

გალერებს საუკუნეებია აღარ აგებენ, ეს გალაქსის ტიპის უახლესი ბორანი “ბალტიელი დედოფალია”. ჩემთვის ის მაინც გალერაა, როგორც რიგელი პიანისტი – ფაკირი. სტოკჰოლმი არაა იმ ქალაქების ჩამონათვალში, ერთ დღეში თუ საათებში რომ ჩაყლაპავ, მაგრამ სამი დღე გემზე შენისთანა ბურჟუასთვისაც ალბათ ნამეტანია. შეგეძლო დარჩენილიყავი შინ (!) და საკუთარი თავისთვის გართობის საშუალება მიგეცა ან სადილად არ გქონოდა ის რაღაც, რომ ვერ გაარჩიე საქონლის ხორცი იყო თუ თევზის. სიტყვა „შინ“–ის მნიშვნელობა ახლა ბევრად განსხვავდება იმისგან, რასაც საქართველოში უწოდებდი, სადაც სახლს გარეთ დარჩენას ყოველთვის გაურბოდი. „შინ“ დროდადრო შეიძლება მოიცავდეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, კაბინას გემზე, იაფფასიან ჰოსტელს, აეროპორტს. გართობაც ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა, მომავალ მოგზაურობაზე ფიქრი თავისთავად იქცა გართობად. საგზაო რუკებში და ქალაქის გეგმებში დაუნანებლად მიცემული კრონები, რათა მოსანახი ადგილები მონიშნო ნამდვილად ერთ რამედ ღირს. აბა ქალაქს თუ არ იცნობ, ისე როგორ ჩაგესვლება? ღმერთმა დამიფაროს, მეგზურის დახმარება დამჭირდეს და ვინმემ თვალუწვდენელ შენობაზე მიმითითოს, მარცხნივ შენ ხედავ დროტნინგჰოლმის სამეფო სასახლესო.

და რა ეშმაკმა მომიყვანა ამ გალერაზე?

საერთოდ ეს ჩრდილოელი ხალხი ერთმანეთს წააგავს. მათი თვალების სიღრმეში თითქოს მარადიული ზამთარია დაბუდებული. შენც არანაკლებ ცივი ხარ, იქნებ ამიტომაც ადვილად შეეგუე მათ. წუხელ ტერმინალზე ნორდულ სიმშვიდესთან ბრაზილიელთა მხიარული გადაძახილი მკვეთრ კონტრასტს იძლეოდა, მათი ბაგეებიდან სამბა კარიოკა და ბოსა ნოვა ერთად მორაკრაკებდა. კინაღამ შენც გამოეხმაურე – დამიცადეთ, ბრაზილეიროს, მეც სამხრეთელი ვარ (რა დამთხვევაა, ამ წამს ბარში მესაყვირემ იპანემას პირველი ნოტები ააღჟერა).  ამ ხმაურიანი ბუნებით ბრმაც კი ადვილად გაგვარჩევს სამხრეთელებს ჩრდილოელებისგან. ისე ესტონელები კი გააკვირვე, როდესაც ტარტუში ოსკარ უაილდის მსოფლიოში არსებული ოთხიდან ერთ–ერთი ძეგლის გარშემო არსებული  სინაგვე ვერ აიტანე, არადა შენი ოთახი უფრო ითხოვდა დასუფთავებას. შენი მაგიდა თანამედროვე ავგიას თავლაა, სადაც წიგნების და რუკების ზვინში ყველაფერს აღმოაჩენ “ტაიმის“ ძველი ნომრებიდან დაწყებული ნატრიუმის ქლორიდის გატეხილი კაფსულით დამთავრებული (ეს უკანასკნელი ცხვირიდან სისხლის შეჩერებაში გეხმარება). იუმორი აქ სხვანაირი აქვთ (თუ აქვთ), ზოგჯერ ვერ ხვდები ვთქვათ პატრისია რაზე გაიცინებს. თბილისში დაბრუნებისას მოგიწევს ძველ ლიანდაგებზე გადმოწყობა. ერთ ჩემს მეგობარს კი, ცხონებულს (რატის),  ალბათ თანამედროვე ბერნარდ შოუდ შერაცხავდნენ აქ.

–  საქართველოში რომ გიჭირთ, ხალხი ერთობა ცხოვრებით?

–  ცხადია, რატომაც არა?

–  იმიტომ, რომ თქვენგან სულ ცუდი ამბები მოდის.

–  ეს ხელს არ გვიშლის.

–  გწამთ ღმერთის?

–  ჩვენ ქრისტიანები ვართ.

–  ჩვენ კი ვოლვოთი დავდივართ და აღარ გვესაჭიროება …

(რამდენიმე წუთისწინანდელი შემთხვევითი დიალოგი ერთ მოხუც შვედ პროფესორთან)

მაინც რა ეშმაკმა მომიყვანა ამ გალერაზე?

გეგონა, ფიქრს გაექცეოდი. იქ, სადაც რიგა, ტალინი, ჰელსინკი ფუჭად სინჯე, სტოკჰოლმი გიშველიდა. დაგავიწყდა, რომ „ფიქრი უსაზღვროა, ვითა სამყარო“, ამ გალერაზეც შემოაღწევდა.  რაზე ფიქრობდა ვაჟა, როცა წერდა: „ფიქრი კაი საქმეა, უფიქრელი მხოლოდ ქვაა“.  არადა, სტოკჰოლმი და შვედეთი ბავშვობის ოცნებაა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც 5 წლისამ დამტვერილ სარდაფში ნაპოვნ უზარმაზარ რუკაზე  საგანგებოდ შესწავლილი რუსული ასოებით ამოიკითხე ქალაქის უცნაური სახელწოდება. ორი წლის შემდეგ მივიწყებულ წიგნებში სელმა ლაგერლოფის ნილსი აღმოაჩინე და ბატებთან ერთად იმოგზაურე. მოგვიანებით უკვე კარლ XII–ს თან ახლდი მის უთავბოლო სამხედრო კამპანიებში, ბოლომდე არ გჯეროდა, რომ პოლტავასთან თიხისფეხებიანი კოლოსივით დაიმსხვრეოდა. აბიტურიენტობა თავად ინგმარ ბერგმანთან ერთად გაატარე და შვედები შიგნიდან დაინახე. სკოლის შემდეგ კი იყო მაგიური კომპოზიცია Dear Old Stockholm, რომელიც სტან გეცმა აღმოაჩინა, მაილს დევისმა და ჯონ კოლტრეინმა (თავადაც მაგიურმა სახელებმა) მსოფლიოს გააცნეს, შენთვის კი თავის ტკივილის მორჩენის უებარ საშუალებად იქცა. თითქოს ყველა ამ წრის გავლა გახდა საჭირო, რათა ყველაზე სასურველს მისდგომოდი და უფლება გქონოდა ამაყად თქმის – ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. შეგეგრძნო ის რაც, თუ ყველაფერი არასრულყოფილია სამყაროში, ყველაზე სრულყოფილია თავის არასრულყოფილებაში. და ახლა, როცა ამდენის წლის ოცნების შესრულების მიჯნაზე ხარ და რამდენიმე საათი გაშორებს, იცი რომ წამის დაუფიქრებლად გადაცვლიდი მას ხეტიალში ზაფხულის თბილისურ ხვატიან საღამოს სადმე თაბუკაშვილზე, ქიაჩელზე, კეკელიძეზე, ხორავაზე, ჭონქაძეზე, ზანდუკელზე, ვორონცოვზე, ბეთლემის უბანში. გონებას სრულად დაიცლიდი (პირველ რიგში, თომას მანისგან) და დაიტოვებდი მხოლოდ ამ ქუჩების სახელებს, სხვას არაფერს. მიზეზი არაა ნოსტალგია, უფრო ადამიანურია, ძალიან ადამიანური.

შემდეგ კვირას ბერლინი? Quo Vadis? Quem Quaeritis? დაგავიწყდება კი სურნელი?

რიგელი ფაკირის გაკვეთილი

დაახლოებით შუაღამეს (Round About Midnight) კომფორტული ლოგინიდან შეუძლებელია მზერა არ მიგეყინოს ტარტუს რატუშის განათებულ წვერზე, ალბათ ამიტომაც მიმძიმს (ან იმიტომ, რომ საშინლად მეძინება) ამ წინადადების წერა. თუმცა არ მინდა რიგელი ფაკირის რამდენიმე დღის წინანდელი  გაკვეთილი მხოლოდ გონებაში დაილექოს და პოსტად არ იქცეს.

თამამად შეიძლება ითქვას, ერთ დღეში თავისუფლად ეგების ძველი რიგის აგურ–აგურ, მისხალ–მისხალ შემოვლა და შესწავლა. ძველ ქუჩებში სეირნობა ყოველთვის სასიამოვნოა, ძველ რიგაში კი თითქოს ისტორიული გარემო ცოცხლდება, თითქოს სადაცაა აბჯარასხმული შვედი ან გერმანელი როიტერები თუ ლანდსკნეხტები ჩაგიქროლებენ. არ ვიცი, მერამდენედ ვუახლოვდებოდი და ვშორდებოდი წმ. პეტრეს კათედრალს, როდესაც ჯეკაბას (იაკობის) ქუჩის დასაწყისში უაღრესად ახლობელი ხმა შემომესმა. დაახლოებით იმგვარი, მშობელი დედის წარმოთქმულ სიტყვებს რომ გამოარჩევ ბრბოს ხმიდან. უნებურად წავედი იმ მხარისკენ, საიდანაც ბგერები მესმოდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მივხვდი, რომ მუსიკის ჰანგებს ქუჩის სხვა მხარისკენ მივყავდი. წამებიც და სახეგაბადრულმა დამარცვლით ვუთხარი დაღლილ თანამგზავრს – ელინგტონი. თავიდან კედლებს ვუქცერდი სიარულისას, თითქოს ხმა მათგან მოდიოდა. მცირე ხანში, კატა ტომის დავემსგავსე, რომელსაც მულტსერიალში თვალი სანუკვარი სანოვაგისკენ ან მდედრი არსებისკენ აქვს მიშტერებული და გზად არაფერს უყურებს. მეც მუსიკისკენ მიმავალს ვერაფერი მაბრკოლებდა, მათ შორის ვერც ლატვიელთა მომადლებული სიმშვენიერე.

ჯეკაბას ქუჩის ბოლოს ისიც გამოჩნდა, პიანისტი. დიუკ ელინგტონის დიდებული კომპოზიციის „In a Mellotone“–ს ნოტები მკვდარი კლავიშებიდან ისეთი ვირტუოზობით გამოჰყავდა, თითქოს ფაკირს ამოჰყავდეს გველი ტომრიდან (საგულისხმოა, რომ ელინგტონის ღვთაებრივი „Caravan“–ის ფონზე ამოჰყავს ფაკირს გველი საბჭოთა დროების  „Ну Погоди “–ს  ერთ–ერთ სერიაში). როდესაც მივხვდი, რომ ღია ცის ქვეშ არსებულ ჯაზ–კაფეში ვიმყოფებოდი, ერთად შეკრული სამი თითი ლამის შუბლისკენ წამიცდა. არ ვიცი, რიგელმა ფაკირმა შენიშნა თუ არა ჩემი დაჟინებული ცქერა, მაგრამ კომპოზიციას განსხვავებული ვარიაციებით ამდიდრებდა და დასრულებას არ ჩქარობდა. დაამთავრა თუ არა უკანასკნელი აკორდები, რიგელმა ფაკირმა ამომხედა, მეც დავუსახელე კომპოზიცია თავის ალბომიანად და შესრულება შევუქე. ჩაიღიმა, მადლობა მომახსენა და ამჯერად Perdido წამოიწყო. ლოტის სვეტადქცეული ცოლივით დამდგარს დანარჩენი თანამგზავრებიც წამომეწივნენ, რომლებსაც არჩევნის სახით მხოლოდ ლოდინი დავუტოვე. მცირე ხანში, სურვილის საწინააღმდეგოდ გზის გაგრძელება მომიწია და ვეღარც თანამგზავრთა მოთმინებას გამოვცდიდი, თუმცა ჩემი ყურთასმენა ფაკირის ინსტრუმენტისკენ იყო მიმართული. თითქოს დაასრულა Perdido და ტელონიუს მონკის Bemsha Swing წამოიწყო, რამდენიმე წუთიც და ეროლ გარნერისეული Misty შემომესმა. უკან მოხედვისას აღმოვაჩინე, რომ საკმარისზე შორს ვიყავი ფაკირის ხმის გასარჩევად. საკუთარი მეხსიერება თავად ატრიალებდა ფირფიტას.

ძველ რიგაში შვედური კარიბჭის ძებნისას ფიქრში კი რიგელი ფაკირის გაკვეთილი მივიღე, რომელშიც ყველაზე ნაკლები დამსახურება ალბათ მას მიუძღვის და ისედაც არამგონია ზედწოდება „ფაკირზე“ ოდესმე ეფიქროს. საქმე ისაა, რომ, როგორც ოსგუდ ფილდინგ III იტყოდა ცნობილი კინოკომედიიდან (“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” – შენ.): „არავინაა სრულყოფილი“. არც მე მათ შორის, წმინდა ანტონივით ბევრჯერაც მინანია საკუთარ ქმედებაზე. დაცემისას თუ წელში გასწორებისას ყოველთვის ერთი რამ რჩებოდა უცვლელად – ჯაზისგან მოგვრილი სიამოვნება. ჯაზის გრანდები ხომ ფარმაცევტებივით არიან, ზუსტად იციან ის კომპოზიციები, რომლებიც კონკრეტულ განწყობილებას ესაჭიროება.

P. S.

მეც კარგად ვიცი, რომ მეტისმეტად მძიმე პოსტია, მრავალისთვის გაუგებარიც. სხვას კი არა, მე ჩამეძინა პოსტის წერისას და შემდეგ დილას გავაგრძელე წერა. რიგით მკითხველსაც უმტყუნებს ნერვები და ალბათ შუა გზაშიც მიატოვებს (როგორც ერთ თავზე ჩემი წიგნიდან). იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც სწორად ჩაწვდება ჩემს პოსტსა და  კათარზისს.

გინდა სიცოცხლე? მოუსმინე ჯაზს!

არ ვაჭარბებ. 1919 წლის მარტში სწორედ ამგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა  ნიუ-ორლეანის მოსახლეობა.

ყველაფერი 1918 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ქალაქში ნაჯახით მოკლული იტალიელი ემიგრანტი ცოლ-ქმარი იპოვნეს. მცირე ხანში, მთელი ლუიზიანა ნიუ ორლეანელ ტყისმჭრელზე ალაპარაკდა, რომელთან შეხვედრას თვით ჯეკ მფატრავიც არ ისურვებდა. ლონდონელი კოლეგა ალბათ საკუთარ ხელწერას გადახედავდა, ტყისმჭრელის შემოქმედება რომ ეხილა. მრავალი ემიგრანტის გარდა, მანიაკის ნაჯახს ფეხმძიმე ქალი და 2 წლის ჩვილიც შეეწირა. იმდროინდელი ნიუ-ორლეანის მკვიდრნი, რომლებიც ალბათ რეგტაიმის მელოდიას ღიღინებდნენ, შიშით მოელოდნენ ყოველ ახალ ამბავს ჯოჯოხეთიდან.

1919 წლის 13 მარტს წერა-კითხვის უცოდინარმაც კი ლამის ზეპირად იცოდა მთავარ გაზეთში გამოქვეყნებული ტყისმჭრელის წერილი. მკვლელი მკითხველებს სთავაზობდა მის სამუშაო გრაფიკს – შემდეგი მკვლელობა მოხდებოდა 19 მარტს, შუაღამიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ. იგი ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა მათ, ვინც ამ დროს … ჯაზს მოუსმენდა.

19 მარტის ღამე ნიუ-ორლეანის ისტორიაში ალბათ შევიდა, როგორც ყველაზე ხმაურიანი. თავშენახულმა მოქალაქეებმა წინდაწინ დაიჯავშნეს ადგილები ქალაქის კლუბებში, ყველამ იცოდა, რომ 19 მარტის შუაღამეს არცერთ გასართობ ადგილას ნემსი ვერ ჩავარდებოდა. ყველას იმდენად უნდოდა ჯაზის მოსმენა, რომ ქალაქის მრავალ ქუჩაზეც კი სახელდახელო ორკესტრებს წააწყდებოდით.

არავინ იცის, ნამდვილად ტყისმჭრელის წერილი გამოქვეყნდა თუ უბრალოდ ვინმემ მწარედ გაიხუმრა. ცნობილი მხოლოდ ერთი ფაქტია, იმ ღამეს არავინ მოუკლავთ და ტყისმჭრელიც აღარ გამოჩენილა.

P.S.
ვინც არ უნდა ყოფილიყო, ნიუ-ორლეანელი ტყისმჭრელი დიდი ხანია საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მე მაინც მეშინია მისი და ვცდილობ  ყოველღამე (Round Midnight) მოვუსმინო ჯაზს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.