7 მიზეზი, რატომ მიყვარს შვედეთი

ალბათ ყველა ადამიანს აქვს თავისი საოცნებო ქვეყანა, სადაც მოხვედრაზე ან კვლავაც მოხვედრაზე ოცნებობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამაყად გაიძახიან, რომ მშობლიურ კუნჭულს მცირედითაც ვერ მოსცილდებიან, მაგრამ ისინიც კი სადღაც გულის სიღრმეში აწყობენ წარმოსახვით მოგზაურობებს ოცნების ქვეყნისკენ. ყველას საკუთარი მიზეზი აქვს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამასთან საღ აზრსაა მოკლებული, რადგან როგორც რომაელები ამბობდნენ, „რამდენიც კაცია, იმდენიც აზრია“. ჩემი ამორჩეული ქვეყანა შვედეთია, აგერ ჩემეული მიზეზებიც პირობითად დანომრილი:

1)      ცხადია ბერგმანი. როგორც კრჟიჟტოფ კისლოვსკი იძახდა, იგი არის ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც იმდენი თქვა ადამიანის ბუნებაზე, რამდენიც დოსტოევსკიმ ან კამიუმ. ერთი ძველი ფილმის სათაურის არ იყოს, „ადამიანი ყველა სეზონისთვის“, ყველანაირი ხასიათისთვის. ალბათ არ დატოვა არცერთი წახნაგი, საიდანაც არ შეხედა ადამიანს, ზოგჯერ ოპტიმისტური ხედვით (როგორც „მარწყვების მდელოში“), ზოგჯერ კი საშინელი სიცხადითა და ღვთის დუმილით. ბერგმანის ფილმების ცქერის შემდეგ უნებურად მეტად ახლობელი ხდება ისეთი წმინდა ნორდული გვარ–სახელები, როგორიცაა სვენ ნიკვისტი (ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ოპერატორი), გუნარ ბიორნსტრანდი, მაქს ფონ სიუდოვი, ჰარიეტ ანდერსონი, ინგრიდ ტულინი, ბიბი ანდერსონი, ლივ ულმანი, ერლანდ იუზეფსონი. ცხადია ბერგმანი ყველაფრის გამო.

2)      1632 წელს შვედებმა დააარსეს ჩემი ამჟამინდელი ალმა მატერ – ტარტუს უნივერსიტეტი. ბალტიისპირეთის უკიდურეს ნაწილში მათ შემოიტანეს  წიგნების ბეჭდვა და ტარტუ „ჩრდილოეთის ჰაიდელბერგად“ აქციეს. ესტონელები ახლაც მისტირიან „ძველ კარგ შვედურ დროებას“ და შვედური მმართველობის საუკუნე–ნახევარს „ოქროს ხანად“ მოიხსენიებენ. საკუთარი ინიციატივით, ესტონელებმა ძეგლიც კი დაუდგეს დამპყრობელ გუსტავ II ადოლფს. შვედები შეცვალეს რუსებმა, რომლებმაც შემოიტანეს ბატონყმობა, ხოლო ივანე მრისხანეს ზარბაზნებმა ტარტუში უძველესი კათედრალის კედლები ჩამოანგრიეს. ახალი რუსული დასახლებებით ლამის ნახევარს გაუტოლდა ადგილობრივთა ხვედრითი წილი. დღეს ტალინში, ისევე როგორც დანარჩენ ქვეყანაში ნარვას გარდა, რუსულად ლაპარაკისთვის შეიძლება უროც კი მოგხვდეს კაცს თავში.

3)     შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ბავშვობის გახსენებისას პირველი არა ასტრიდ ლინდგრენი მომდის გონებაში, არამედ სელმა ლაგერლოფი. მისი „ნილსისა და ბატების გასაოცარი მოგზაურობა“ იყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე და წავიკითხე. არავის უთქვამს ან წაუქეზებია წამეკითხა იგი, ჩემით ვიპოვნე მტვრიან თაროებზე, ან მიპოვნა უფრო. აქ პირველად გავიგე ისეთი უცნაური სიტყვები, როგორიცაა „ოინბაზი“ ან „ჭილყვავი“. მერე და მერე შევიტყვე, რომ  სელმა ლაგერლოფი პირველი ქალი მწერალი ნობელიანტი ყოფილა  (ესეც შვედის მიერ დაარსებული!) და როგორი სინანულით მეხარჯებოდა მისი გამოსახულებიანი ბოლო 20 შვედური კრონი (მანამდე 50–იანი და ასიანი უპრობლემოდ).

4) სტოკჰოლმი და სტოკჰოლმერები. ბალტიის ზღვასავით კრიალა ქუჩები და ადამიანები. თხემით ტერფამდე მომხიბვლელი ხალხი, პირდაპირ ჟურნალის გარეკნიდან გადმოსული.  სადმე არსებობს კი სტოკჰოლმერზე უფრო თავაზიანი, ზრდილობიანი, მუდმივად ელეგანტურად ჩაცმული მოქალაქე, რომელიც ასეთი მზრუნველობით გაგიწევს დახმარებას. მუზეუმის წინ ჰოთ–დოგის გამყიდველი ქალიც კი, რომლისთვის გამუდმებული სიცივე და ტურისტთა სიმრავლე თავის შესაწყენი უნდა იყოს, ისეთი რუდუნებით მოგემსახურება, რომ ის ჰოთ–დოგი მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სანოვაგედ მოგეჩვენება. აი ნამდვილი ქალაქი და ნამდვილი მოქალაქეები.

5)     ლეგენდარული ბიორნ ბორგი. იგი არ იყო ჯონ მაკინროივით მეამბოხე, ვერცხლისწყალივით ცვალებადი გენიოსი. პირიქით ლეგენდები დადიოდა მის ყინულოვან სიმშვიდეზე, თითქოს მისი წარმატების საწინდარი გულის ძგერის უჩვეულოდ დაბალი სიხშირე იყო მხოლოდ. ხალხს ყველაზე მეტად უყვარს ცრუ ლეგენდების შეთხზვა. რაც დრო გადის, უფრო წარმოუდგენელი ხდება მისი შთამბეჭდავი მონაპოვარის გამეორება – ზედიზედ ხუთჯერ მოგებული უიმბლდონი + ზედიზედ ოთხჯერ როლან გაროსი. როცა მთელი მსოფლიო მისგან ახალი და ახალი რეკორდების დამყარებას მოელოდა, 26 წლის შვედმა კარიერის მწვერვალზე შორს მოისროლა ჩოგანი და ერთი მცდელობის გარდა აღარც მოუხედავს მისკენ. ბიორნ ბორგმა დაამტკიცა, რომ იგი იდგა ყოველნაირ რეკორდსა თუ თამაშზე მაღლა. ჯონ მაკინროიმ კი, როგორც ამასწინათ გამოტყდა, ვეღარასოდეს შეიგრძნო ის ნამდვილი ჩოგბურთი ოდინდელი მეტოქის წასვლის შემდეგ.

6)      შვედეთის რაინდული ისტორია. ჯერ მარტო როგორი სახელი აქვს შვედეთის ეროვნულ გმირს, რომელმაც გამოაფხიზლა საკუთარი ხალხი და დანიური უღლის წინააღმდეგ დაძრა – ენგელბრექტ ენგელბრექტსონი. მახსოვს, ომობანას თუ სხვა ამგვარი ბავშვური თამაშობისას ძირითადად ჩრდილოელ შვედებს ვირჩევდი ხოლმე. ქრისტიანობის და ევროპული ცივილიზაციის გავრცელებამაც ვერ შეცვალა შვედების ხასიათი. კარლ XII ვერსალის სტილში ნაგებ სტოკჰოლმის სამეფო სასახლეს მეომრების ბარაკს არჩევდა, ხოლო ოქროცურვილად მოვარაყებულ სამოსელს უბრალოდ ჯარისკაცულ ფარაჯას ამჯობინებდა. სასწაულებრივად ამარცხებდა კიდეც თავიდან გველეშაპს რუსეთის სახით, თუმცა არ იცოდა, რომ ლერნეს ჰიდრასთან ჰქონდა ურთიერთობა. მოჭრილ თავზე ორი იმდენი ამოვიდოდა საბოლოოდ. საკვირველია, თავად ალექსანდრე სუვოროვი ისტორიულ მტერს, კარლ XII–ს თავის კუმირად რომ მიიჩნევდა.

7)      შვედეთში მდებარეობს ქალაქი, სადაც უდიდესი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ვისწავლიდი – უფსალა. ქვეყნის ისტორიული დედაქალაქი და საეკლესიო ცენტრი, სკანდინავიის უძველესი და უმთავრესი საუნივერსიტეტო ქალაქი, ბერგმანის მშობლიური მხარე. აქ გადაიღეს და აქ მიმდინარეობს მოქმედება ჩემი საყვარელი ფილმისა – „ფანი და ალექსანდრე“. დიდი რეჟისორის ჩანაფიქრით თავისი უკანასკნელი ნამუშევარი, რომლის ცქერისას მიღებულმა სიამოვნებამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.

ქართველი რომ არ ვიყო, ნამდვილად ვისურვებდი შვედეთში დაბადებას!

პ.ს.

ვისაც შეეზარა გრძელი პოსტის წაკითხვა, მათთვის და არამარტო მათთვის ერთი საამო ძველი შვედური სიმღერა. აქ, რაც მიწერია, ალბათ მასში ყველაფერი უკეთაა გადმოცემული:

ერთი თავი ჩემი წიგნიდან

ქრისტეს კვართის სიმბოლიზმი და რუსეთის სახელმწიფო ინტერესები

იხ. ირაკლი გუნია, ქრისტეს კვართი, თბ., 2010, გვ.  19–22

1625 წელს შაჰ-აბასის დელეგაციამ, რომელსაც ქართველი ურუსან ბეგი მეთაურობდა, რუსეთის მეფე მიხეილ თეოდორეს ძეს (1613-1645) მიართვა ძვირფასი თვლებით შემკობილი ოქროს ზარდახშა. XVI-XVII საუკუნეთა განმავლობაში რუსულ გარემოში საჩუქრის არცერთ გადაცემას არ მოჰყოლია ისეთი რეზონანსი, როგორიც შაჰ-აბასის ამ ჟესტს. ეს არ იყო შემთხვევითი, რადგან კიდობანში გადმოცემით ინახებოდა, საქართველოდან გატაცებული, საქრისტიანოს უდიდესი სიწმინდე – ქრისტეს კვართი.

შაჰ აბასის საჩუქარი, ერთი შეხედვით, რიგითი ჟესტია ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებში. სინამდვილეში შაჰის ქმედებას და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური კონტექსტი ახლავს თან, ხოლო კვართი რუსეთის იმპერიულ ინტერესებში წარმოუდგენელ სიმბოლურ დატვირთვას შეიცავს.

XVI საუკუნის მიწურულს (1592), შაჰ აბასის მმართველობის დროს, საფუძველი ეყრება რიურიკოვიჩთა რუსეთისა და სეფევიდთა სპარსეთის ხანგრძლივ ურთიერთობას. რუსეთი მხარს უჭერდა სპარსეთთან მჭიდრო დიპლომატიურ და სავაჭრო კავშირებს, რადგან ირანი იშვიათი და უმნიშვნელოვანესი საქონლის (მაგ. აბრეშუმი) ლამის ერთადერთი მომწოდებელი იყო. ორ ქვეყანას შორის ცხოველ ურთიერთობას ისიც მოწმობს, რომ 1593 წლის ოქტომბერს მოსკოვიდან გამოუშვეს ამავე წლის ზაფხულში მოვლენილი ელჩი აზი-ხოსროვი, მის ნაცვლად კი 1594 წლის იანვარში დედაქალაქში ჩავიდა შაჰის ახალი რწმუნებული – ვაჭარი ისკანდერი. მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს შედეგად შაჰის კარსა და რუსეთს შორის საბაჟო გადასახადების გაუქმება მოჰყვა. მცირე ხანში, რუსეთის სამეფო ტახტზე ბორის გოდუნოვის ასვლის შემდეგ, შაჰ აბასმა ახალ ცარს ნატიფად დამზადებული ტახტი გამოუგზავნა. ბორის გოდუნოვის პატივმოყვარე ზრახვები რომანოვებმა რელიგიურ-პოლიტიკური მიზნებით შეცვალეს. შესაბამისად, ცბიერმა დიპლომატმა, შაჰ აბასმა, ტახტის ნაცვლად ძმობილ ხელმწიფეს ჯერ იოანე ნათლისმცემლის ხატი (1618), შემდეგ კი ფასდაუდებელი ქრისტიანული განძი – ქრისტეს კვართი (1625) – გაუგზავნა. საჩუქრებით შაჰი ქრისტიანობისადმი უღრმეს პატივისცემას დემონსტრირებდა. მას სწორად ჰქონდა გათვლილი რუსეთის ეკლესიისა და სამეფო კარის დაინტერესება ქრისტიანული სიწმინდეებით. უკანასკნელი საკითხი მჭიდროდ დაუკავშირდა რუსული სახელმწიფოს ერთ-ერთ იდეოლოგიურ საფუძველს – “მესამე რომის” თეორიას.

კონცეფცია “მოსკოვი – მესამე რომი” რუსული ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროს წარმოქმნილი რელიგიურ-პოლიტიკური თეორიაა, რომელიც რუსეთს მესიანურ მნიშვნელობას აკუთვნებდა. შეხედულების მიხედვით, მოსკოვის მთავრები (შემდეგში რუსეთის მეფეები და იმპერატორები) ცხადდებოდნენ რომისა და ბიზანტიის იმპერატორების მემკვიდრეებად, შესაბამისად მართლმადიდებლური იმპერიის ერთადერთ ჰეგემონებად, ხოლო მოსკოვი ხდებოდა ორთოდოქსური ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკური და სასულიერო ცენტრი. ამ კონცეფციის მიზანი იყო რუსეთში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, სლავურ მიწაზე კათოლიციზმის ექსპანსიის შეჩერება და აქ რუსეთის გავლენის დამკვიდრება. “მესამე რომის” თეორია აგრეთვე მოიცავდა ღვთისგან გამორჩეულობისა და ნაციონალური განსაკუთრებულობის რეაქციულ საფრთხეებს. 1492 წელს, თეოლოგიური ნაშრომის “ზატიკის ახსნის” შესავალში, მოსკოველმა მიტროპოლიტმა ზოსიმემ თეორიას ფორმულის სახე მისცა, რომელიც, მოგვიანებით განავრცო და დახვეწა ფსკოველმა ბერმა ფილოთეოზმა მოსკოვის დიდ მთავარ ვასილი მესამისადმი მიწერილ წერილებში.

მართლმადიდებლური ქრისტიანული სამყაროს მესვეურობისათვის შემზადებული სახელმწიფო საყოველთაოდ ცნობილი სარწმუნეობრივი რელიკვიების უქონლად თავს ვერ მოიწონებდა. რელიგიურ-პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლებას სურდა “მესამე რომში” – მოსკოვში – შემოეკრიბა ქრისტიანთათვის უძვირფასესი სიწმინდეები. ქრისტიანული რელიკვიების დაპატრონებით, რუსი სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეები, აგრეთვე ენერგიულად ზრუნავდნენ ეკლესიის ავტორიტეტის ასამაღლებლად. ასეთი მოღვაწეობა რუსეთის საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის შემადგენელ ნაწილად და გამათვალისწინებელ ფაქტორად იქცა. ქვეყნის იდეოლოგები სიწმინდეების რუსეთში მოხვედრას უზენაესის ნება-სურვილით ასაბუთებდნენ. მათმა შემართებამ და შეთანხმებულმა სახელმწიფო-საეკლესიო პოლიტიკამ, მცირე ხანში, შთამბეჭდავი წარმატებები მოიპოვა.

სამეფო კარის მისწრაფება ცნობილი იყო მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც. რუსეთში დიპლომატიური მისიით და სხვა მიზნით წასულ ქართველებს თან მიჰქონდათ რელიკვიები, ოქროს ბუდეებში ჩასმული წმინდანთა სხეულის ესა თუ ის ნაწილი, თმა და ა. შ. ქართველთა მიერ “ფეშქაშად” გაგზავნილ სიწმინდეთაგან განსაკუთრებით გამოსარჩევია 1688 წელს მეფე არჩილის მიერ რუსეთის დედაქალაქში წაღებული მაღალი ჭედური ხელოვნებით შესრულებულ ბუდეში მოთავსებული უფლის სამსჭუალი.

საქართველო-რუსეთის მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების შედეგად რუსები გაეცნენ ქართველთა სულიერ კულტურას, რუსი დიპლომატები გულდასმით სწავლობდნენ სიწმინდეთა ადგილსამყოფელს და დაკვირვებით იწერდნენ ქართულ საეკლესიო გადმოცემებს. XVI-XVIII საუკუნეებში რუსეთში ფართოდ იყო გავრცელებული თქმულება “ივერიის დედოფალ დინარას შესახებ”. მის პოპულარობას ისიც მოწმობს, რომ 1552 წელს, ყაზანზე გალაშქრების წინ, ივანე მრისხანემ მეომრებს მოაგონა ივერიის ბრძენი დედოფლის დინარას სასწაულებრივი გამარჯვებანი და ამით სულიერად გააძლიერა ისინი . მეცნიერთა აზრით, თქმულება XVI საუკუნის II ნახევარში დაწერილი ორიგინალური რუსული ნაწარმოებია, რომლის წყაროდ თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის თხზულებაა (“ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”) გამოყენებული . თამარის ხანის საქართველოს პოლიტიკური ვითარება – მეფის უფლების “ღვთისნებაობა”, დიდებულთა სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედება, – XVI საუკუნის რუსეთის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტისას მიმზიდველი აღმოჩნდა და ივანე IV-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მომხრეებმა თქმულებად გადაამუშავეს მაშინდელ რუსეთში მიღებული ფორმის მიხედვით.

ქართულ თემას აგრძელებს XVII საუკუნეში ფრიად პოპულარული ივერიის ღვთისმშობლის ხატი. ნოვოსპასის წინამძღვრის არქიმანდრიტ ნიკონის (შემდგომში პატრიარქი) თხოვნით ათონის წმინდა მთაზე დაწერილ იქნა ხელთუქმნელი ხატის ზუსტი ასლი, რომელიც 1648 წლის 13 ოქტომბერს, პატრიარქისა და მეფის თანდასწრებით, საზეიმოდ ჩამოაბრძანეს მოსკოვში. 1656 წელს შეიქმნა ახალი ასლი ამჯერად ახალაშენებული ვალდაის წმინდა ტბის ივერიის ღვთისმშობლის მონასტრისთვის. 1669 წელს ხელთუქმნელი ხატის მორიგი ასლი დაასვენეს აღდგომის კარიბჭის სამრეკლოში, რომელსაც ამ მოვლენისთვის სხვაგვარი სახელწოდება, “ივერთა კარიბჭეც”, ეწოდა. მოგვიანებით, ჩვეულებად დამკვიდრდა, რომ მოსკოვში ჩასულ და წითელ მოედანზე მიმავალ მეფის ოჯახის წევრებსა თუ უბრალო მოქალაქეებს, პირველ რიგში, უნდა მოელოცათ სიწმინდე . 1653 წელს, მეფე ალექსეი მიხაილის ძის ნებართვით, მოსკოვის წმ. ნიკოლოზის მამათა მონასტერი გადაეცა ივირონის მონასტერს და მისი მეტოქი გახდა .

ამგვარად, 1625 წლის მოვლენები შეუძლებელია განვიხილოთ რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გაუთვალისწინებლად. ეს უკანასკნელი ქვეყნის იდეოლოგიიდან, შესაბამისად “მესამე რომის” კონცეფციიდან, გამომდინარეობს. ქრისტიანული რელიკვიებით დაინტერესება და ქართული საეკლესიო თემა მისი განუყოფელი ნაწილია. 1625 წელს, სიწმინდის გადაცემისას, თითქოს ყველაფერი ისე მოეწყო, როგორც სპარსეთის შაჰსა და რუსეთის ცარს თავიანთი პოლიტიკური და რელიგიური ინტერესებისთვის ესაჭიროებოდათ. შაჰი ძარცვავდა თავის ქვეშევრდომ საქართველოს იმისთვის, რომ მისი რწმენის სიმბოლო, ქრისტიანთათვის უძვირფასესი რელიკვია, ძმობილი რუსეთისთვის გადაეცა. თავის მხრივ, ერთმორწმუნე ქვეშევრდომებზე თავისი სიუზერენობის დასამტკიცებლად რუსეთი ლამის იურიდიული არგუმენტის მნიშვნელობის საბუთს იღებდა.

ცნობილი ბელგიელი ქართველოლოგის მიშელ ვან ესბრუკის (1934-2003) თქმით, სიწმინდემ რუსულ მიწაზეც არ დაკარგა პოლიტიკური ასპექტი: წმინდა ნაწილები გადაეცათ კიევის წმ. სოფიისა და პეტერბურგის პეტრე-პავლეს ტაძრებს, ერთ-ერთი მათგანი კი დააბრძანეს დედაქალაქში, ზამთრის სასახლის ეკლესიაში. სიწმინდეთა ამგვარი განაწილებით სიმბოლურად აისახა რუსი ერის განვითარების ყველა ეტაპი . რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში თავიდანვე დადგენილ იქნა ქრისტეს კვართის მოსკოვში დაბრძანების აღმნიშვნელი დღესასწაული. მეფისა და პატრიარქის ბრძანების მიხედვით, ყოველი წლის 27 მარტს ნაბრძანები იყო ეკლესიებში სიწმინდის სასწაულების აღმწერი სიგელების საჯარო წაკითხვა და სამადლობელი პარაკლისის გადახდა ზარების რეკვით . საბოლოოდ, პატრიარქ ნიკონის (1652-1667) დროიდან დადგინდა 10 ივლისი იმ მიზეზით, რომ მარტი დიდმარხვას ემთხვეოდა. საგულისხმოა, რომ ამგვარი ქმედების ნამდვილი მოტივიც უფლის კვართის სიმბოლიზმშია საძიებელი, რადგან დღესასწაულის მომდევნო დღეს (11 ივლისს) აღინიშნებოდა პირველი რომანოვის, მიხეილ თეოდორეს ძის, მეფედ კურთხევა. მაშასადამე, სიწმინდის მოსკოვში გამოჩენით უზენაესი, სიმბოლურად, მმართველ დინასტიასა და მის ქვეშევრდომ რუს ერს აკურთხებდა.

ცბიერ შაჰ აბასს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ქრისტეს კვართის მნიშვნელობა. იგი თითქოს განგებ აჭიანურებდა მის გადაცემას, აცხადებდა, რომ თავად სჯეროდა ამ სიწმინდის . სახელმწიფო იდეოლოგიიდან გამომდინარე, ქრისტეს კვართი უმთავრესად იმპერიული სიმბოლო გახდა და შემდეგ სიწმინდე. რუს სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეების სურვილით შაჰის საჩუქარი კვართთან გაიგივდა, რადგან იგი ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ქვეყნის სარწმუნეობის სიმბოლოს წარმოადგენდა და მისი მფლობელობა საუცხოოდ ეთანხმებოდა “მესამე რომის” ჰეგემონობის კონცეფციას.

P.S.

შაჰ–აბასის მიერ ნაჩუქარი სიწმინდე ცხადია არ წარმოადგენდა კვართს. სიწმინდის რაობის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნში.

დიდი პიანისტი დიდ ადამიანზე

მრავალი აღზრდილა დიდი პოლონელი საბავშვო მწერლის იანუშ კორჩაკის წიგნებზე, განსაკუთრებით მეფე მატიუშ პირველის შესახებ. ლიტერატურული მოღვაწეობის პარალელურად, პან დოქტორი (როგორც მას უწოდებდნენ) თითქმის 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ “ობლების სახლს”. ჰოლოკოსტის პერიოდში, 1940 წელს, “ობლების სახლმა” ვარშავის გეტოში გადაინაცვლა. თავისი ერთგული და გავლენიანი მკითხველების დამსახურებით, ებრაული წარმოშობის მიუხედავად მწერალს ყოველთვის შეეძლო გეტოს დატოვება და “არიელთა” მხარეზე გადასვლა. კორჩაკმა არ მიატოვა ბავშვები და სიცოცხლე მათთან ერთად დაასრულა. მისი და ობლების უკანასკნელი გზა შემთხვევით იხილა ვლადისლავ შპილმანმა, რომელმაც აღწერა შეხვედრა თავის წიგნში “პიანისტი” (ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია გადაიღო რომან პოლანსკიმ). კომენტარის გარეშე გთავაზობთ პიანისტის მოგონებას:

ერთხელ, სადღაც 5 აგვისტოს, როდესაც შესვენების დრო მქონდა და ვსეირნობდი გეჟიას ქუჩაზე, გეტოსთან მე შემთხვევით დავინახე იანუშ კორჩაკი და მისი ობლები. იმ დილას დაგეგმილი იყო კორჩაკის ებრაელი ობლებს ევაკუაცია. კორჩაკს არაფერი ემუქრებოდა და მხოლოდ ბავშვები უნდა წაეყვანათ, მაგრამ მან მოახერხა დაერწმუნებინა გერმანელები, რომ ისიც თან ხლებოდათ. მწერალმა უამრავი წელი გაატარა მათთან და ახლა, უკანასკნელ გზაზე, მას არ შეეძლო მიეტოვებინა ბავშვები. მას უნდოდა შეემსუბუქებინა მდგომარეობა მათთვის და უთხრა ობლებს, რომ ისინი სოფელში მიდიოდნენ და მხიარულად ყოფნა მართებდათ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ ცვლიდნენ სულისშემხუთველ გეტოს კედლებს ყვავილების მდელოებზე, კენკრითა და სოკოებით მდიდარ ტყეებზე, ნაკადულებზე, სადაც ისინი იბანავებდნენ. მან შეაგულიანა ისინი ჩაეცვათ საუკეთესო ტანსაცმელი, ასე რომ, ეზოში წყვილ-წყვილად მომავალი, ლამაზად გამოწყობილი ბავშვები ბედნიერ ხასიათზე გამოიყურებოდნენ. რიგს თან ახლდა SS-ის ოფიცერი, რომელსაც, როგორც ჩვეულებრივ გერმანელს, უყვარდა ბავშვები, ისინიც კი, ვისაც სხვა სამყაროში აცილებდა. მან უთხრა 12 წლის მევიოლინეს, ჩადგომოდა თავში პროცესიას თავისი მუსიკით და ასე ეარათ კამერამდე. როდესაც მე მათ შევხვდი გეჟიას ქუჩაზე, მომღიმარი ბავშვები გუნდურად მღეროდნენ, პატარა მევიოლინე მათთვის უკრავდა, ხოლო კორჩაკს ხელით მოჰყავდა ორი ჩვილი და მათ გასაოცრად ართობდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაზის კამერაშიც კი, როდესაც ბავშვების გულებში იმედის ნაცვლად შიში ისადგურებდა და ციკლონ B ყელში ახრჩობდა, პან დოქტორი უკანასკნელ ძალებს იკრეფდა და ჩურჩულით ეუბნებოდა “ყველაფერი კარგადაა, ბავშვებო, ყველაფერი კარგადაა.”

Exodus

შესავალი არასოდეს მიზიდავდა. აღარ მახსოვს, ბოლოს როდის მოვინუსხე წინასიტყვაობით იმ წიგნებში, რომლებიც წამიკითხავს ან თავს ვაქნევ, რომ წამიკითხავს. თითქოს არსებობს ავტორთა მსოფლიო შეთქმულება, რომ წინათქმაში გამოჩენილი ფსევდო–ორიგინალობით დაიმსახურონ მკითხველთა კეთილგანწყობა (ამის რიგით ილუსტრაციას გაეცანით ამ წამს). ერთხელაც ვისწავლე ჭკუა და კითხვა სარჩევიდან დავიწყე და შესავალი ბოლოსთვის მოვიტოვე, რათა მას ჩარჩოებში არ მოვექციე.

“როცა მეზობელ კორპუსთან მცხოვრებმა, ხალხის მოწყალების მოლოდინში მყოფმა ძაღლმაც კი საკუთარი ბლოგი გააკეთა, გადავწყვიტე ზრდილობის გამო მაინც მოვქცეულიყავი ანალოგიურად” _ დაწერა ერთმა ჩემმა მეგობარმა, ცხონებულმა. მე კი ბლოგის გაკეთება მას მერე გადავწყვიტე, რაც მისი სიტყვები წავიკითხე. არ გეგონოთ (უკვე გავკადნიერდი და მრავლობით რიცხვს ვიყენებ), რომ ბეჯითად შევასრულებ აპელესისეულ სიტყვებს  “არც ერთი დღე უხაზოდ”. ბლოგზე წერას მაშინ შევწყვეტ, როცა სასეიროს ვეღარ ვნახავ.

მეამაყება, რომ ეს არის ჯერჯერობით ყველაზე უინტერესო პოსტი, რადგან საკუთარ თავზე საუბარს ვერ გავექეცი.

მოკლედ, Nessun Dorma ყოველ ახალ პოსტამდე.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.