თქვენს წინაშეა ერთ–ერთი ევროპული ქალაქის გეგმა. ქალაქის გამუქებული ნაწილის სახელწოდება ემთხვევა 1964 წელს დაბადებული ევროპის ჩემპიონი ფეხბურთელის ერთ–ერთ მეტსახელს. დაასახელეთ ეს ფეხბურთელი.
პასუხი: მარკო ვან ბასტენი
კომენტარი: ქალაქია ვენეცია თავისი არხებით და კუნძულებით, გამუქებული ნაწილი _ ცნობილი სან–მარკო. მარკო ვან ბასტენი კი 1988 წელს ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი.
კალამბური საფეხბურთო ენის თანმდევი ატრიბუტია. როგორც წესი, თავისებური ეშხი აქვს სათაურად გამოტანილ კარგად ჩაქსოვილ კალამბურს (ალბათ უფრო მართებული იქნება ქართული სიტყვა “ზმა” გამოვიყენო, თუმცა მე ჯიუტად მაინც ფრანგულ “კალამბურს” მივანიჭებ უპირატესობას).
ინგლისური ტაბლოიდები ლამის ჩასაფრებულები არიან საკუთარი ნაკრების წარუმატებლობას, რათა rooney-rooin სიტყვათა თამაში კვლავაც ერთხელ გაამეორონ. ასე იყო 2006 წელს მუნდიალზე ოცნებების დასამარების შემდეგ, ინარიტუს მიერ გადაღებულ ნაიკის რეკლამაში და სავარაუდოდ ამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატებენ და ბოლომდე უერთგულებენ.
ტიერის ანრის სახელი კალამბურების მოყვარულთა მუდმივი შთაგონების წყაროა. ჯერ კიდევ არსენალში თამაშისას, მისი და ტომას როსიცკის შთამბეჭდავი დუეტის აღწერა “სანმა” ჰანა–ბარბერას სტილში გადაწყვიტა.
ორიოდ დღის წინ, საფრანგეთის თამაშის შემყურეს და კალამბურებში გართულ-ჩართულს უნებურად გონებაში ამოტივტივდა მამლების ჩაუქობის აღმწერი სიტყვა: Thierryble. სოციალურ ქსელში კი ერთმა მეგობარმა მიაწერა, რომ ინგლისელთა ფიასკოს შემთხვევაში სიტყვა გარდაიქმნებოდა ამგვარად: Terryble.
მიმდინარე ჩემპიონატზე გერმანელთა მიერ ავსტრალიელთა კისრისტეხა ერთ–ერთმა საიტმა ერთბაშად სამ კალამბურიანი სათაურით შეაფასა: Not Even Klose: Socceroos Are Muellered By The Wizard of Ozil. არგენტინა–საბერძნეთისას ალბათ ბევრის ყურადღება მიიქცია ტრაფარეტმა მახვილგონივრული წარწერით: Don’t Messi with the Greeks. მცირე ხნის წინ თვით რიოელ მეძავთა სოლიდურმა გაერთიანება დასპუ–მ (das putas) 69–ნომრიანი მაისურები გამოუშვა წარწერით: “შეაგდე, სელესაო”.
პოსტს კი დავასრულებ გლაზგოური Daily Record–ის სტატიის სათაურით, რომელიც ჩვენს შოთა არველაძეს ეძღვნება: HOT SHOTA. ეჭვგარეშეა, აქ ჟურნალისტმა კალამბური გამოიყენა ტერმინ HOT SHOT–ზე, იმავე “ცხელ თავზე”. საოცარია, მაგრამ პირდაპირი ქართული თარგმანი არანაკლებ სიტყვათა თამაშს შეიცავს: “ცხელი შოთი”.
ესეც ორენოვანი ქართულ–ინგლისური კალამბური, ორმაგად უფრო სახალისო.
გადმოცემით, 1906 წელს ბოკა ხუნიორსის რამდენიმე არგენტინელი მოთამაშე ლა ბოკას პორტში გარკვეული მიზეზით ელოდებოდა გემს, რომელიც აღმოჩნდა “დროტნინგ სოფია”. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშიც იყო აღნიშნული გემი.
პასუხი: შვედეთი
კომენტარი: 1906 წლამდე ბოკა ხუნიორსი თეთრ–შავ ფერებში იმოსებოდა. ერთ–ერთ მატჩისას კი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ანალოგიურ ფერებში აღმოჩნდნენ. გადმოცემით, ბოკას ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს მშობლიურ პორტში დალოდებოდნენ პირველ გემს და ამის მიხედვით შეერჩიათ ახალი ფერები.
თითქმის ერთთვიან საფეხბურთო მარხვას არ დავარღვევ და სამარხვო პოსტს შემოგთავაზებთ – ფეხბურთზე.
კომედიის “ბიტლებს” – ლეგენდარულ ჯგუფ “მონტი პაიტონს” უამრავთაგან ერთი სკეტჩი აქვთ მიძღვნილი ფეხბურთისადმი, რომელშიც დავიწყებული საფეხბურთო მატჩის სამწუთიან რეპორტაჟს გადმოგვცემენ. პაიტონების მიხედვით, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიაშტადიონზე გაიმართა მეტად პრინციპული შეხვედრა გერმანიასა და საბერძნეთს შორის. გთავაზობთ ორივე გუნდის შემადგენლობას:
მსაჯი: კონფუცი, ლაინსმენები: ნეტარი ავგუსტინე და თომა აქვინელი
როგორც კომენტატორი ამბობს, მოულოდნელობაა ფრანც ბეკენბაუერის (ერთადერთი ნამდვილი მოთამაშის) გამოჩენა საწყის თერთმეტეულში, რომელმაც წინა შეხვედრაში ინგლისური ნახევარდაცვის ტრიო – ლოკი, ბენტამი, ჰობსი – დაჯაბნა. მატჩის ერთადერთი გოლი 89–ე წუთზე გავიდა, როდესაც არქიმედემ წამოიძახა “ევრიკა”, საკუთარი გუნდის იერიში დაიწყო და სოკრატეს ზუსტი თავური პასი მიაწოდა.
გერმანელმა მხარემ ტრადიციულად გააპროტესტა გოლი. ჰეგელი ამტკიცებდა, რომ “რეალობა მხოლოდ აპრიორი გამოსახულებაა არანატურალური ბუნების”. კანტი გამოდიოდა კატეგორიული იმპერატივით, რომ მატჩს ონტოლოგიური დატვირთვა აქვს მხოლოდ წარმოსახვაში. მარქსი კი ამბობდა, რომ უბრალოდ იყო თამაშგარე (და მართებულადაც მიუთითებდა).
თავად შეაფასეთ სკეტჩი, რომელშიც მხოლოდ სათადარიგო კარლ მარქსის გახურების ნახვა ერთ რამედ ღირს. სახიფათო მომენტების რაოდენობით კი მიმდინარე ჩემპიონატის ბევრ თამაშს აღემატება.
პ.ს.
მართალია საბერძნეთს არა, მაგრამ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 82 და 86 წლების მუნდიალზე მართლაც კაპიტნობდა ფილოსოფიის დოქტორი, გვარად სოკრატე(სი).
შესაძლოა შეგხვედრიათ სტატიები სათაურით თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს, შობას, აღდგომას და ასე შემდეგ. ალბათ, ქრისტეს ამაღლებისთანავე მოციქულებმა ჩაილაპარაკეს მომავალი საშინელი სამსჯავროს შესახებ და მის შემდეგ მასზე ფიქრი აღარ ასვენებს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელ მორწმუნეებს. ადამიანები უკვე იმდენჯერ ელოდნენ მეორედ მოსვლას და იმდენჯერ გაუცრუვდათ იმედები, რომ ყველაზე წინდახედულებს გარკვეული ტრადიციები ჩამოუყალიბდათ. გთავაზობთ, ჩემს ფავორიტ განსხვავებულ ორ ისტორიას, თუ როგორ ხვდებოდნენ მეორედ მოსვლას.
ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე მოსახლე ჰმონგის ხალხის შესახებ კლინტ ისტვუდის ფილმ “გრან ტორინოდან” შევიტყვე, სადაც მობერებული ბინძური ჰარის გარდა თითქმის სრული სამსახიობო შემადგენლობა ამ ეროვნებას განეკუთვნება. ჰმონგის ხალხის რიცხოვნება 4-5 მილიონს შორის მერყეობს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არიან მიმობნეულნი. ისინი ძირითადად ანიმისტები არიან, სწამთ რა სულების და სულიერების არსებობის, თუმცა არსებობენ ქრისტიანებიც. სწორედ ეს ნაწილი ვიეტნამის ომის ყველაზე დრამატულ ფაზაში ელოდა იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას, რომელიც გამოჩნდებოდა თავისი ბრწყინვალე სამხედრო ჯიპით ხაკისფერ კამუფლაჟში და მუქ სათვალეებში გამოწყობილი. იგი გადაარჩენდა ჰმონგის ხალხს და სამუდამოდ წაიყვანდა აღქთმული მიწისკენ. იან ჰუსი რომ მოსწრებოდა ამ წმინდა გულუბრყვილებას, ალბათ ხელმეორედ წამოიძახებდა: O sancta simplicitas!
ფეხბურთის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი იქნება არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი გოლკიპერის კარლოს როას სახელი და გვარი. 1998 წლის 30 ივნისს იგი მრავალი ადამიანისთვის კერპი იყო (მათ შორის, ჩემთვისაც), როდესაც მერვედფინალში ინგლისთან პენალტების სერიაში პოლ ინსისა და დევიდ ბეტის დარტყმულები მოიგერია და თავისი ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა. შემდეგ წელს, მან “მალიორკას” ფორმით საუცხოო სეზონი ითამაშა და მეკარეთათვის პრესტიჟულ ზამორას თასს დაეუფლა. ჟურნალისტები თავს იმტვრევდნენ, თუ რომელ საფეხბურთო გრანდთან მოაწერდა კონტრაქტს კიპერი _ მანჩესტერთან, არსენალთან თუ ჩელსისთან. კარლოს როა მანამდეც ცნობილი იყო თავისი ექსცენტრიულობით, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ მრავლისმნახველი საფეხბურთო სამყაროც კი გააოცა. მეუღლესთან ხანგრძლივი თათბირის შემდეგ როამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაშის დრო არ იყო, რადგან 2000 წლის დადგომასთან ერთად ახლოვდებოდა აპოკალიფსი, ამიტომ ბრიტანული მეგაპოლისების ნაცვლად ნიუ-მექსიკოს შტატის მიყრუებულ სოფელს არჩევდა სრული განმარტოებისთვის. ამგვარად წავიდა კარლოს როა და დააობლა არგენტინის ნაკრების კარი, რომელსაც მის შემდეგ ღირსეული შემცვლელი დღემდე არც ჰყოლია. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მეკარე შეცდა მინიმუმ წელთან დაკავშირებით. ამას თავადაც მიხვდა და “მალიორკაში” დაბრუნება განიზრახა ერთი პირობით … თუ წმინდა შაბათს გაათავისუფლებდნენ, რათა საკადრისი პატივი მიეგო უზენაესისთვის. სამწუხაროდ, კარლოს როას “აპოკალიფსის” შემდეგ აღარ უთამაშია დიდი ფეხბურთი.
P.S. ჭეშმარიტად, “ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე.”
ქრისტიანული მექა – ამგვარი ზედწოდებით ამაყობს გალისიის დედაქალაქი სანტიაგო-დე-კომპოსტელა, რომლის მოსახლეობა 100,000 არ აღემატება. ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ინდულგენციის მოლოდინში აქ უწყვეტად მოედინებოდნენ პილიგრიმთა ჯგუფები. ნაწილობრივ პაულო კოელიოს “მოგვის დღიურების” დამსახურებით, ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. მომლოცველთა საბოლოო დანიშნულების ადგილი სანტიაგო-დე–კომპოსტელას კათედრალია, რომელიც, საეკლესიო გადმოცემების თანახმად, ინახავს ქვეყნის მფარველი წმინდანის, მოციქულ იაკობის, სასწაულთმოქმედ ნაწილებს. საუკუნეთა მანძილზე პილიგრიმთათვის სანდო ორიენტირს “ირმის ნახტომი” წარმოადგენდა, რომელსაც ამის გამო ესპანეთსა და პორტუგალიაში “სანტიაგოს გზას” უწოდებენ.
ბასკური ქალაქი ბილბაო სანტიაგოს გზაზე მდებარეობს, აღმოსავლეთიდან წამოსულმა პილიგრიმებმა აქ დროთა განმავლობაში დაამკვიდრეს კაბადოკიელი მარტვილის წმ. მამესის კულტი. III საუკუნეში მოღვაწე ეს წმინდანი უფრო იმითაა ცნობილი, რომ მან დილეგში ყოფნისას თანამეტუსაღე ლომი მოათვინიერა, რომელიც ამის შემდეგ მის მუდმივ თანამგზავრად გადაიქცა. ფეხბურთის გურმანები დამეთანხმებიან, რომ სრულიად ბასკეთის სიამაყე ბილბაოს “ატლეტიკის”, სტადიონი სან-მამესის სახელს ატარებს. თავად კლუბის მოთამაშეებს კი ხშირად წმინდა მამესის ლომებად მოიხსენიებენ.
გაგიკვირდებათ, რომ წმინდა მამესის ლომებს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. გელათის მონასტრის XI საუკუნის მოოქროვილი ვერცხლის ტონდოზე გამოსახული წმ. მამაი ლომზე 1995 წლიდან 10 თეთრის ღირებულების მონეტას ამშვენებს.
საბჭოთა კავშირში უაღრესად პოპულარულ ფილმების სერიების გმირს ნორმან უიზდომი ასრულებდა, რომელიც ამჟამად 95 წლისაა და ხმები მისი სიკვდილის შესახებ გადაჭარბებულია. ერთ დროს ჩარლი ჩაპლინისგან “საყვარელ ჯამბაზად” წოდებული დღეს თითქმის აღარავის ახსოვს, თუმცა ხანდახან პატარა ბრიტანულ დასახლებებში თავის შოუს ჯიუტად მართავს. იგი ისევე დაავიწყდა მაყურებელს, როგორც გერმანული ისტერნების ვარსკვლავი გოიკო მიტიჩი, ლეგენდარული ჩინგაჩგუკი, რომელიც დღეს უმნიშვნელო გერმანულ სერიალებში ე. წ. “მასოვკის” მსახიობია და 16,000 ადამიანით დასახლებულ გერმანულ ქალაქ ბად ზერებერგის თეატრიდანაც დაითხოვეს.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მისტერ პიტკინი კვლავ უყვართ და ძალიან დაფასებულია ევროპის ერთ მხარეში. 1944–1988 წლებში, ალბანეთში ენვერ ხოჯას დიქტატორობის ჟამს, ნორმან უიზდომი იყო ერთადერთი დასავლელი მსახიობი, რომლის ფილმებს უჩვენებდნენ პირველი ათეისტური სახელმწიფოს მოქალაქეებს. ნორმან უიზდომი გახდა შთაგონების წყარო მრავალი ალბანელისთვის და ამიტომაც 1995 წელს ომგამოვლილ ქვეყანაში ვიზიტისას იგი თავადაც გაოცდა ფანების სიუხვით, რომელთა შორის ალბანეთის მოქმედი პრეზიდენტი სალი ბერიშაც ერია.
2001 წელს მეორე მსოფლიო ომისა და კომედიური სცენის ვეტერანი კვლავ ეწვია ალბანეთს, ამჯერად საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, მისი მასპინძლები მშობლიურ ინგლისს ეთამაშებოდნენ. როგორც პრესა იტყობინება, ერთ რამედ ღირდა დევიდ ბექჰემის გაოცებული სახის ნახვა, როდესაც პუბლიკამ მასზე დიდი და დაუვიწყარი ოვაცია ჩია ბერიკაცს მოუწყო.
Recent Comments