ტარტუ და ‘ხე შემეცნებისა’, II

2010 წელი, აპრილის რომელიღაც ბოლო წვიმიანი შუადღე, თბილისი. ჭავჭავაძის პროსპექტზე, ავრორას შენობის წინ ერთ-ერთ თაღში ვუხვევ, ვჩერდები და უნივერსიტეტის III კორპუსის წინ ავარიულ ფასადებს ქვევიდან შევცქერი. ‘კარგად უყურე, მათი ხედების ხილვა კიდევ დიდხანს მოგიწევს’ – გონებაში ვეუბნები საკუთარ თავს. მანამდე სულ ხუთიოდე წუთის წინ დავტოვე ოთახი, სადაც ხანგრძლივი კონკურსის საბოლოო ეტაპი – გასაუბრება – წყვეტდა ტარტუში წამსვლელთა ვინაობას. დიდხანს ვფიქრობდი ამ დღეზე და საბოლოოდ მოვიქეცი იმის საპირისპიროდ, რაც მომეთხოვებოდა. ვსაუბრობდი ხმადაბლა, დასმულ კითხვებს ვპასუხობდი უაღრესად ლაკონიურად, მზერა გაშტერებული მქონდა მაგიდის ერთ-ერთ ფეხზე, სახეზე ალბათ ამოკითხავდით, რომ იმ ოთახიდან რაც შეიძლება მალე მინდოდა გასვლა. ტარტუსთვის ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დავწერე სამოტივაციო წერილი. იმ გრაფაში, სადაც პრიორიტეტული უცხოური სასწავლებლები უნდა აღმენიშნა, ყველგან ჩავწერე ტარტუ. უკვე მერამდენედ ვიმოქმედე პრინციპით ‘ან ყველაფერი, ან არაფერი’ და კინტოურად შევაგდე ქუდი ყაბახზე. საბოლოოდ კი იმ წვიმიან ამინდში შემრჩა ფიქრი – ‘ხომ შეიძლება ხუთი წუთით მაინც თავი მოგეჩვენა ცოტათი ამბიციურად?’

ამბავი, რომ უცხოეთის სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე მრავალ ასეულ სტუდენტთან ერთად შემქონდა განაცხადი, ოჯახშიც არ მითქვამს. ის კი იცოდნენ, რომ ტარტუზე ყოველთვის ვფიქრობდი და ამას იწონებდნენ ჩემგან. გუშინდელივით მახსოვს ის წუთი, როდესაც ჩემდა გასაკვირად ამორჩევის შესახებ მამცნეს – იმ წუთას მე კ2-ის პიკზე მქონდა ფეხი დადგმული მწვერვალზე აუსვლელად, ელ კლასიკოში უკანასკნელ წუთას გადამწყვეტი გოლი მქონდა გატანილი ულამაზესი მაკრატელათი და ცეცხლოვან ინჩასებს მაისურს ვესვროდი, დროტნინგჰოლმის სასახლეში შემაღლებული ტრიბუნისკენ მტკიცე ნაბიჯით მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე სანობელო სიტყვის წარმოსათქმელად მივემართებოდი, თითქოს ჯო დი მაჯიო ვიყავი ბეისბოლის წესების არცოდნით და მე ვუყვარდი ყველაზე ლამაზ ქალს მსოფლიოში. მამაჩემის დასმულ კითხვას ‘ახლა რას აპირებ? ისევ ხომ არ იკვლევ?’ მე ვუპასუხებდი – ‘ახლა ტარტუში მივდივარ’,  ეს პასუხი ორივეს თანაბრად გვეამებოდა და იმ მომენტში მხოლოდ ჩვენს შორის გაბმულ წრფივ ძაფს ვერავინ დაინახავდა. ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ მე მიბრუნდებოდა ცხენზე ამხედრების შეგრძნება, მესამე წიგნის გამოცემის შემდეგ დიდი ხნით დაკარგული.

2011 წელი, იანვრის საოცრად თბილი საღამო, პრაღა. კარლის ხიდს უკვე მერამდენედ ვკვეთ და თავი მგონია ყველაზე მარტოსული არსება ამქვეყნად. უკვე მოვლილი მაქვს ევროპის ათზე მეტი დედაქალაქი, განურჩევლად ყველა მათგანი ლამაზი ქალივით თანაბრად მიყვარს და მათ თან დავატარებ. თუმცა კი არცერთი მათგანი არ ყოფილა ადამიანზე უფრო საინტერესო, რადგან ამ უკანასკნელს ქალაქისგან განსხვავებით ბოლომდე ვერასოდეს შეისწავლი. იტალიანო? ესპანიოლ? – დანაბარებივით მესმის ბრიუსელელი ტაქსისტისგან, ვენელი რკინიგზის მუშისგან, პრაღელი მუზეუმის თანამშრომლისგან. ამ ხნის განმავლობაში მოგზაურობა მექცა იმ ნარკოტიკად, რომელიც წუთიერ სიამოვნებას მიხანგრძლივებდა და ყველა დანარჩენს მავიწყებდა. სამწუხაროდ, ამგვარ ნარკოტიკს ყველაზე ხშირად ახასიათებს უკუჩვენება. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც თოფისწამლის აღმოსავლეთ კარიბჭიდან კარლის ხიდს შევუყვები, ქუჩის ჯაზ-მუსიკოსები სახელდახელო ვარიაციებს იწყებენ. მახსენდება ძველი ბებერი ჯაზის სიყვარული, ასე უეცრად რომ მივაგდე, თითქოს რამეში ყოფილიყოს დამნაშავე. ეს ჯიუტი გონებაა, ხანდახან რომ ატრიალებს ფირფიტას  და ელინგტონის რომელიმე ძველ მელოდიას სხვების უჩუმრად ვღიღინებ, როცა არავინ მიყურებს – “It don’t mean a thing if it ain’t got that swing”. ხიდის სადღაც შუაწელს მეარღნე მორის ჟარის უკვდავ ‘ლარას თემის’ პირველ აკორდებს იწყებს, ამ მელოდიაზე იმ დღეებში ვფიქრობდი და თავი ‘ექიმ ჟივაგოს’ პერსონაჟი მეგონა. ხიდის ბოლოს ‘ლარას ვალსის’ მინავლებულ ჰანგებს იქვე გრამ-ფირფიტაზე შესრულებული შტრაუსის დაუვიწყარი ‘დუნაის ცისფერ ტალღებზე’ ცვლის. ენა ჩამივარდა, შემდეგ დღეებში ხომ ვენას უნდა ვწვეოდი. გნებავთ დამცინეთ, მაგრამ მჯერა, რომ იმ ხიდზე სამი დრო გავიარე. ამის მერე აღარ ვფიქრობ, რომ მარტოს მივლია.

გავიზარდე მთელი ამ ხნის მანძილზე, მაგრამ ლეგენდების და მითების ბავშვური გულუბრყვილობით ჯერ კიდევ მწამს. ჩემს გარდა ვინ დაიჯერებს, რომ პენელოპე დაიცდიდა მთელი ამ ოდისეის შემდეგ. ოდისევსით მოხიბლულს, პიგმალიონის არსებობა მიმავიწყდა. ქვეცნობიერმა თავად გამოძერწა ქალი და მას ის თვისებები მიაწერა, რაც რეალურს არ გააჩნდა. იქნებ აღასფერივით მუდმივი ხეტიალი მიწერია, აქედან ხომ უკვე ვზვერავ შორეულ სამარყანდს და სამოგზაურო გეგმებს ვაწყობ.

მე ვარ ირაკლი გუნია და რაც არ უნდა დამცირებულად ვიგრძნო თავი, კვლავაც მეამაყება ამის თქმის. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მცირე ხანში ჭიქა ღვინოს დავლევ სამეგრელოში ბაბუაჩემთან, ამდენი ხანი რომ ელოდება ჩემს ჩამოსვლას. ჩემმა დიდმა ბაბუამ (ბაბუაჩემის მამამ), ჩოხოსანმა აზნაურიშვილმა კონსტანტინე გუნიამ ცხოვრებაში ორი მსოფლიო ომი იხილა, როდესაც არცერთი არ უწევდა.  პირველად 16 წლის წავიდა, იმპერატორის უწყების მოსვლის შემდეგ ატირებული უფროსი ძმა რომ  დაინახა, მეორედ უკვე წვრილ-შვილის პატრონი, უფროსი ვაჟის ხვედრის გასაზიარებლად. როგორ მინდა მჯეროდეს, რომ კოსტას არ შერცხვებოდა ჩემნაირი შვილთაშვილის.

2011 წელი, ტარტუ, დღე უკანასკნელი. ბოლოჯერ ვუვლი წრეს იმ ხეს და ანგელოზების ხიდზე სუნთქვაშეკრული კვლავ ერთ ოცნებაზე ვფიქრობ.

ჩამოვქვეითდი.

ტარტუ და ‘ხე შემეცნებისა’, I

2010 წელი, ოქტომბრის დასაწყისის სუსხიანი დილა, ტარტუ, ჩემი ოთახი. ის დღე ყველაზე უჩვეულოდ დაიწყო. სამწუხაროდ ცხოვრებაში ყოველი დილა არ იწყება ლამაზი გრძელი ფეხების ხედით, მადლობა ღმერთს ქალის. რთულია გარჩევა, სიზმრის სრულად რეალიზებას ცდილობდი თუ სიზმარში სრულად რეალიზებას, უფრო სავარაუდოდ კი ორივეს ღრმად გეძინათ. წინა ღამით შეთანხმებისამებრ კარი ღია დავტოვე, რადგან თანამეოთახე დარდიმანდი ესპანელი რიგაში იყო გადასული, მე კი ბერგმანის ყველაზე მდორე ფილმზე ჩამთვლიმა. ძილ-ბურანში და კარის ღრიჭოდან წამოსულ შუქში ცეკვა-როკვით დაქანცული ქალის სილუეტი გავარჩიე და ისევ ჩამეძინა. ‘დრო გვქონია ჭიქა ყავისთვის, თუმცა, სიმართლე გითხრა, ტარტუში ვიცი ყველა წიგნის მაღაზია და არცერთი კაფე’ – გამოსავალიც თავად მოძებნა, როდესაც ლექციიდან სახლში მიმავალს შემომძახა, ვაშლი შემომთავაზა და დამემგზავრა. მხოლოდ სახლის წინ გამახსენდა, რომ პატრისიას ყავაზე დაპატიჟებას არავინ მიკრძალავდა. საბოლოოდ არარაისგან არაფერი, როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ. ან კი რა უნდა დარჩეს ადამიანისგან, რომელიც შენ სახელს ვერ წარმოთქვამს და ყოვლად აუტანელ ‘ირას’ გიწოდებს. ასე ხომ ბავშვობაში ერქვა უბნელ სომეხ ქალბატონს, რომელიც არცთუ სასურველი რეპუტაციით სარგებლობდა.

დილა მშვიდობისა არტემი, როგორაა ბორხესი? – ღიმილით ვესალმები ჩემს ლატვიელ მეზობელს და ისიც ღიმილითვე მპასუხობს. არადა თავიდან მასზე არ მქონდა საუკეთესო შთაბეჭდილება – ერთი გამხდარი, ჩემსავით ხმელი ბიჭი, რომელსაც ფეხსაცმლის თასმები ყოველთვის გახსნილი ჰქონდა და მისი დაუდევრობის გამო ჩვენს სამზარეულოში მუდმივად დამწვარი რძის სუნი იდგა. ერთხელაც გამოვდივარ სააბაზანოდან და მაგიდაზე შუაზე გადაშლილი წიგნი მხვდება – იოსიფ ბროდსკი, ‘ურანია’. იმ დღეს ნამდვილად გავიცანი არტემი. თავიდან თითქოს ერთმანეთს ვზვერავდით და გამოზომილ პასებს ვუგორებდით. როდესაც ევროპული ლიტერატურიდან სამხრეთ ამერიკულზე გადავინაცვლეთ და მარკესის ‘პოლკოვნიკის’ ფინალი სიტყვა-სიტყვით ჩამოარაკრაკა, უკვე სხვა დარგებზე გადავედით. გამოირკვა, რომ ორივეს არანაკლებ გვიყვარდა მხატვრობაც, ისტორიაც. მაშინ ერთმანეთის წინაშე ორი ნამდვილი წიგნის ჭია იდგა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ერთურთს ბედნიერი სახით შესცქეროდა და ერთი მეორის კაპიტალი საუცხოოდ იცოდა. შემდეგ მითხრა, რომ  ზღაპრებს აგროვებდა სხვადასხვა ენებზე. არ ვარ დარწმუნებული, ჩემი მეოთხე წიგნი რამდენად გავიდოდა მათ კატეგორიაში, მაგრამ მაინც ვაჩუქე. სანაცვლოდ, დიდი ბრიტანელის ტომას სტერნზ ელიოტის პოემა ‘კატები’ მისახსოვრა. წასვლის წინ შემპირდა თბილისურ ვოიაჟს, მანამდე კი მომენატრება მეგობარო, შენთან საუბარი.

ტარტუში ჩემი ცხოვრება ერთ გზად მახსენდება, რომელიც რაატუზეს 22-დან იწყება. ყოველთვის მოთმინებით ველოდები მწვანეს ანთებას და ვკვეთ პარკს. ქალაქის რატუშის წინ მდებარე მოედანზე იმ ცნობილი მორკალული ხიდით გადავდივარ, რომლიც თაღზე გავლა აქ სიმამაცის ნიშანია. ტარტუში მხოლოდ მაშინ ჩაითვლები ნამდვილ სტუდენტად, როდესაც ამ თაღს გადაკვეთ. ჩამოსვლის შემდეგ დილასვე ორივე მხრიდან გადავლილიც და გადმოვლილიც. რატუშის საათის კურანტების ხმაზე ჯონ დონის ცნობილი სიტყვები მახსენდება: ‘ნურასოდეს იკითხავ, ვის უხმობს ზარი?’ რატუშიდან ხელმარცხნივ, რუუტლის ჰანზეატიკურ ქუჩაზე ვუხვევ და ძველებური ნივთების გილდიაში ჩავდივარ ინდური გუნდრუკის შესაძენად, სანამ ეს უკანასკნელი ჩვეულებაც ტრადიციულად არ მომბეზრდა. რუუტლის ბოლოს, იანიკიიკიდან (იოანეს ტაძარი) ზევითკენ ავუყვები უფსალის სახლებს და რამდენიმე წუთით თავი შვედეთის შუაგულში მდებარე საოცნებო ქალაქში მგონია. აქედან უფრო ზემოთ, შემაღლებულ ადგილას, ტოომის ბორცვზე მდებარეობს ძველი კათედრალის ნანგრევები და მიმდებარე ტყე-პარკი. ტყე-პარკის შესასვლელში ტარტუს უნივერსიტეტის ცნობილი ლექტორის, ემბრიოლოგიის მამის, კარლ ერნსტ ფონ ბერის სავარძელში მჯდომარე ქანდაკება მხვდება. მის ბრინჯაოსფერ თმას ყოველ ვალპურგის ღამეს შამპანურით ჰბანენ სტუდენტები. დავიტრაბახებ და ვიტყვი, რომ უამრავ ‘უფლის სახლში’ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი სიახლოვის შეგრძნება არსად მქონია. ტყე-პარკში სეირნობისას ორიდან რომელიმე ხიდის გავლა მოგიწევთ, ჩემი გზის არჩევის შემთხვევაში კი ორივესი – ერთი ეშმაკების, მეორე ანგელოზების. ეშმაკების ხიდი 1913 წელს რომანოვთა დინასტიის ტახტზე ასვლის 300 წლისთავის აღსანიშნავად ააგეს. ანგელოზების კი წმინდა ინგლისურ სტილშია გადაწყვეტილი, უბრალო ესტონელებს ‘inglise’ და ‘ingli’ ერთმანეთში აერიათ, შედეგად ხიდს ანგელოზების სახელი შერჩა. ადგილობრივი თქმულების თანახმად, ის სურვილი აუცილებლად აგიხდებათ, რომელსაც აქ ჩაიფიქრებთ და სუნთქვაშეკრული ხიდს გადაკვეთთ. უთვალავჯერ გადავსულვარ ხიდზე და მუდამ ერთ ოცნებაზე ვფიქრობდი.

ტოომის ბორცვის გადაღმა ჩემი ამოჩემებული ადგილია – უშველებელი ხეობა და შუაში წამომართული ხე ფუღუროთი. ლამის ყოველდღიურად ვაკვირდებოდი, როგორ იცვლებოდა ეს ადგილი ხასხასა მწვანედან ჯერ ყვითელსა და ნარინჯისფერში, შემდეგ ნოემბერში მელანქოლიურ ნაცრისფერში, დეკემბრიდან კი სპეტაკ თეთრში. მთელი ამ ხნის მანძილზე ხეობის ირგვლივ წრეს ვარტყამდი ხეს და ვებრძოდი სურვილს გავყოლოდი მოჩვენებით თეთრ კურდღელს და იმ ფუღუროში ჩამეხედა. ვერც კი მივხვდი ამდენ ფიქრში როგორ გადამექცა იგი ‘ხედ შემეცნებისად’.

ჩრდილოეთში ცხოვრება იმიტომაც მიყვარს, რომ ყველაზე მეტად აქ გრძნობ თავს სამხრეთელად. წინა საშობაო კონცერტის შემდეგ, იანიკიიკიდან საღამოს გამოსულმა მივხვდი, რომ უკვე დიდი ხანი ამ ქალაქის შემადგენელ ნაწილად ვიყავი ქცეული. შინ დაბრუნებისას ფეხსაცმლის ძირს ტარტუს თოვლი და ევროპის მიწა ერთად მოყვება. აქ ვგრძნობდი, რომ ორი – თბილისის და ადგილობრივი – დროით ვცხოვრობდი. ამიერიდან სადაც ვიქნები, საათზე დახედვისას ყოველთვის გამახსენდება თუ რა დროა ტარტუში.

ბერლინზე და არა მხოლოდ, III

(ნაწილი მესამე)

აღმოსავლეთ ბერლინში დაბრუნებისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რუსული აქ კვლავაც მეორის სტატუსს ინარჩუნებს. ამიტომ არც გამკვირვებია, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი ინგლისურის ნაცვლად გამართული რუსულით მოსაუბრე დამხვდა. ‘ქართველები ესტონეთში’ – ქართული გვარების წაკითხვისას რუსულად წარმოთქვა სასტუმროს მფლობელმა მამაკაცმა, რომელიც ჩაერია საუბარში და ცოტა ხნის შემდეგ მოულოდნელად ქართულად დააყოლა ‘მეც თბილისელი ვარ’. ხომ წარმოგიდგენიათ ჩვენი გაოცება, ღამით უზარმაზარ ბერლინში ჩაკარგულ ერთ–ერთ სასტუმროში სრულიად უცხო ადამიანისგან მოისმინო მშობლიური ენა! უბრალოდ არ შემეძლო არ გამომეკითხა თანამოსაუბრის ავან–ჩავანი, იგი ვარანცოვზე დაბადებულ–გაზრდილი თბილისელი სომეხი ერიკა აღმოჩნდა. ცხინვალთან საჯარისო შენაერთების შესვლის მონაწილეს თბილისის სამოქალაქო ომის დროს დაუტოვებია თავისი ქალაქი და 1997 წლის შემდეგ აღარც ღირსებია იქ დაბრუნება.

სასტუმროდან გამოსულს მეგონა, რომ რუსული კი არა, ქართულიც საუცხოოდ ესმოდათ ბერლინში. შემდეგი დილის რეისმა კაუნასში დამაბრუნა და ნაბერლინარს ისღა მრჩებოდა აეროპორტში  4–5 საათი დავლოდებოდი ტარტუს ავტობუსს. მე ქალაქის ტრანსპორტის ლოდინისას ვერ ვჩერდები და განუწყვეტლივ ბოლთას ვცემ, შესაბამისად ამდენი ხანი მჯდომარე ვერაფრით მოვისვენებდი. თან კედელზე გაკრული კაუნასის ღირსშესანიშნაობები ისე უტიფრად მიწვევდა, რომ ჩემში დაბუდებულმა მოგზაურობის ჭიამ თავისი გაიტანა. იქვე კაუნასის რუკა ვიშოვნე და შიდა ავტობუსით გავუდექი ქალაქისკენ მიმავალ გზას. აქ, ამ საქალაქო ტრანსპორტში გავიცანი რანჯიტი, ახალგაზრდა ინდოელი კულინარი, ისიც მოგზაურობის დიდი ტრფიალი. რანჯიტი ჰელსინკიში ცხოვრობდა, იქ თან სპეციალობას ეუფლებოდა, თან იქაურ პრესტიჟულ რესტორანში პრაგმატულ გამოყენებას აძლევდა ცოდნას. მას თავისუფალი დრო ჰქონდა ტამპერეში იმ საღამოს ფრენამდე და ჩემს მსგავსად მასაც უქმად ყოფნისას კაუნასის დათვალიერება გადაუწყვეტია. რანჯიტი (სანსკრიტზე „მეომარი“) უაღრესად საინტერესო თანამოსაუბრე აღმოჩნდა და ღმერთმა თუ აღრიცხა, იმ რამდენიმე საათში რამდენ საკითხზე მოვასწარით საუბარი. საბოლოოდ, ერთმანეთის საკონტაქტო ინფორმაცია ჩავიწერეთ და შემპირდა კიდეც, რომ ჰელსინკიში ჩემი შემდეგი მოხვედრისას იგი თავად იზრუნებდა ღამის გასათევით უზრუნველყოფას. ავტობუსიდან კაუნასის ცენტრში ჩამოვხტით და მთავარი ალეის გაყოლებაზე ციხე–სიმაგრისკენ  ავიღეთ გეზი. აქ გზის გაკვლევაში დაგვეხმარა მეტად სანდო შესახედაობის კაუნასელი ყმაწვილი, რომელიც, როგორც გამოირკვა, აქაურ იეზუიტთა მიერ დაარსებულ სკოლა–პანსიონატში სწავლობდა და კაუნასის მთავარ კათედრალში ლათინურ საგალობლებსაც ასრულებდა კიდეც. მისი მშობლიური ქალაქი მოგზაურებით მაინცდამაინც განებივრებული არ იყო და თავად დიდი ხალისით მოუთხრობდა შემხვედრი შენობების შესახებ ორ გადამთიელს. რანჯიტთან ერთად საფუძვლიანად გავეცანი კაუნასის ისტორიულ ცენტრს და შელუკმების შემდეგ დავემშვიდობე ჩემს თანამგზავრს, რადგან უკვე მცირე ხანში დაიძვრებოდა ავტობუსი. ჩემი დროით  მის გასვლამდე ათი წუთით ადრე მივედი, ავხედე სადგურის შენობის კედელზე მოთავსებულ ძველებურ საათს და მივხვდი დღეს უნებურად რა მარტივი შეცდომა დამიშვია ბალტიისპირეთში ჩამოსვლისას. არადა საათის გადაწევა არის პირველი რამ, რასაც დროის სარტყელის გადაკვეთისას ვაკეთებ ხოლმე. იქვე გამოვარკვიე, რომ იმ დღეს პირდაპირ ტარტუში აღარ მიდიოდა ავტობუსი და მხოლოდ სხვადასხვა პატარა ქალაქში გაჩერებით შემეძლო იქ მიღწევა. სხვა რა გაეწყობოდა, სასწრაფოდ ვიყიდე კაუნასი–პანევეჟისის და პანევეჟისი–პარნუს  ბილეთი. პარნუ ესტონეთში მდებარეობდა, იქიდან კი ურმითაც ჩავიდოდი შინ.

ლიტვაში ჯერჯერობით ორ ქალაქში – კაუნასსა და პანევეჟისში – მომიწია ყოფნა (ვილნიუსში მხოლოდ მუხლი თუ მაქვს გაშლილი, ალბათ იანვარში ვეწვევი საფუძვლიანად) და მეტად მეცნაურა ორი რამ: 1) ფასები საოცრად დაბალია (პურს და ლუდს თუ არ ჩავთვლით); 2) აქაურები ლიტვურის გარდა სხვა ენას არ სცნობენ.  ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლიტვაში ინგლისური ენა მხოლოდ სკოლაში ამ საგნის მასწავლებლებმა თუ იციან, ხოლო რუსულს თუ ფლობენ, სურვილი არ აქვთ მასზე ალაპარაკდნენ. ლიტვის სიდიდით მეხუთე ქალაქ პანევეჟისში ოთხ საათზე მეტის გაჩერება მიწევდა და იმედი მქონდა, რომ ამ დროის მანძილზე სადმე კვების ობიექტს ან კაფე–ბარს შევაფარებდი თავს და რიგიან ვახშამს თუ არა ჭიქა ცხელ ჩაის მაინც გეახლებოდით. ჩავედი პანევეჟისში და დავბრუნდი 80–იან წლებში – დიდი ბოქლომით ჩარაზული სადგურის კარი, მხოლოდ ლიტვურად მოსაუბრე მოქალაქეები, საბჭოთა დროის საგზაო ნიშნები, მხოლოდ შავ–თეთრ ფერებში მცხოვრები ქალაქი. ევროკავშირის მამა–დამაარსებლებს პანევეჟისი რომ ეხილათ, ალბათ სამუდამო ვეტოს დაადებდნენ ლიტვის ოჯახში შემოსვლას. საღამოს შვიდ საათზე ღია მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი უნივერმაღები აღმოჩნდა, ასე ავღმოჩნდი ღვთისგან დიდის ხნის წინათ მივიწყებული ქალაქის ქუჩებში. გამიმართლა, რომ იმ საღამოს ტრადიციულად არ ყინავდა და აქაურობისთვის ნორმალური ტემპერატურა (ეს –2 ან –3 გრადუსს გულისხმობს) იყო შენარჩუნებული. აგრეთვე ბედად რიუკზაკში აღმომაჩნდა რიგული ბალზამი, ლატვიის დედაქალაქში გზად კაი სადგურის ლოთივით ნაყიდი.  ისღა მრჩებოდა ოთხი საათი უნივერმაღებში შესვენებებით გამეტარებინა ფეხით სიარულში. ამასობაში ალბათ შემოვიარე მთელი ქალაქი და ერთიდან მეორე ბოლოში წავედი–წამოვედი. საოცარია, გუშინ ფრიდრიხშტრასეზე მივაბიჯებდი, დღეს კი ბენზო–გასამართი სადგურებით დატვირთულ ალბათ დონატას ბანიონისის სახელობის უსახურ ქუჩას მივუყვებოდი. ასეთ მიკარგულ ადგილას გადავაწყდი იმას, რასაც ცოცხალი ელვის პრესლის ხილვის შემდეგ ყველაზე ნაკლებად მოველოდი – გვიანობამდე მომუშავე სექს–შოპი. პანევეჟისის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მრავალფეროვნებით იგი არ ჩამოუვარდებოდა ამსტერდამულ ანალოგებს, ერთი მომსახურე პერსონალი ვერანაირად ჯდებოდა საერთო ანტურაჟში. არაფრისმთქმელი და მკაცრი გამომეტყველებით იგი უფრო სკოლის სასწავლო ნაწილს ჩამოჰგავდა, ვიდრე სექს–შოპის თამამ გამყიდველს. ხუთი წუთით ისევ ამსტერდამში წარმოვიდგინე თავი, შემდეგ როცა გამოვერკვიე, ისევ პანევეჟისის ქუჩების ნაცრისფერ რეალობას დავუბრუნდი.

როგორც იქნა, მოაღწია თერთმეტმა საათმა და ავტობუსი დალოცვილი ესტონეთისკენ გაუყვა გზას. ესტონურ კოხტა ქალაქ პარნუში ღამის ხუთის ნახევარზე ჩამოვედი და კვლავ ქუჩაში ავღმოჩნდი. მადლობა უზენაესს, ამჯერად ბევრად კეთილმოწყობილ ქალაქში, რომელიც მართალია შედარებით მცირე მასშტაბებში, თუმცა მაინც ტარტუს წააგავდა. აქ დაახლოებით ორი საათი მომიწია ბოდიალი, სანამ ტარტუსკენ პირველი ავტობუსი არ გამოჩნდა. ერთ დროს მშობლიური კერიის სამაგალითო ერთგული  ასე დავემსგავსე კასპარ დავიდ ფრიდრიხის ცნობილ პერსონაჟს – მარტოხელა მოხეტიალეს. ის დამრჩენია დავასრულო პოსტი, რომლის დაწერა გვარიანად მეზარებოდა, და გავაგრძელო საგამოცდო ციებ–ცხელება. მისი ჩახშობის შემდეგ რჩება გრანდ–ვოიაჟი ევროპის ცენტრისკენ და კიდევ ერთი ფრენა, ამჯერად შინისკენ.

პარიკმახერული საგა

არასოდეს ენდოთ პოლიტიკოსს, ქალს და ამინდს – ტროსტმომარჯვებული ინგლისელი ესტონეთში არ ცხოვრობდა, თორემ ამ ტრიადას აუცილებლად მიამატება სიტყვებს – ამათზე მეტად კი პარიკმახერს.

არავითარი სტილისტი, მე სიყრმიდან პარიკმახერის ხელს ვარ მიჩვეული და ეს ცნება ბევრად ფასეულია ჩემთვის. ეს ისეთი იშვიათი პროფესიის წარმომადგენელია, რომელთან ურთიერთობა თითქმის მთელი ცხოვრება გვიწევს, ან გვინდა რომ გვიწევდეს (გორგილ!). აღარ მახსოვს სად მოვისმინე, ფილმში თუ რომელიმე მეგობარმა, ცხონებულმა, ფრთიან ფრაზად ისროლა,  რომ პირველი პარიკმახერი პირველი ქალივით არ გავიწყდება. „დამიძახეთ მე რობერტა“ – ახლა წარმოვიდგინე ასეთი მობი დიკისეული დაწყებით რომ გამცნობოდა ჩემი პირველი პარიკმახერი. რობერტას შემდეგ იყო უკრაინელი ლენა, რომელიც ლამაზი ქალი იყო სადღაც ოცი წლის წინათ ჩემამდე, ჩემი თავი კი მის ხელებში ყველაზე მეტხანს – 7 წელი გორაობდა. მისგან სახსოვრად შტეფან ცვეიგის შვიდ–ტომეული დამრჩა, თითქოს თითო ტომი თითო წლისთვის. ბოლოსკენ კარიერული დაღმასვლა დაეწყო და მეც სკოლის დამთავრების შემდეგ მივატოვე. ლენას მერე ძიების პროცესში ვარ და ვერაფრით გამიკეთებია არჩევანი ალიკასა და ლიოვას შორის. ორივე ნამდვილი ოსტატია (ან უფრო, პრაფესიანალი), ორივეს საქმისადმი ერთგულებას თანაბრად ვაფასებ. წამოსვლამდე კი უფრო ლიოვას მხარეს გადმოვიხარე.

რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეუფლებოდა შემაძრწუნებელი აზრი, რომ ტარტუში უნდა მეღალატა მშობლიური დალაქებისთვის და ჩემი თავი უცხო მოდგმის ხელებში ჩამეგდო. დღეს დავძლიე სულიერი მღელვარება და ამაყად შევაბიჯე ადგილობრივ სილამაზის სალონში, რომელიც ჩვენებური საპარიკმახეროსგან დიდი არაფრით განსხვავდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესტონეთში ექიმობასა და დალაქობაზე რუსებს მონოპოლია აქვთ მოპოვებული. ამ საპარიკმახეროშიც ყველა რუსი იყო, ხოლო რადგან აქ ახალი ჰობი – რუსების წვალება – ავითვისე, ინგლისურად წამოვიწყე საუბარი. ერთ რამედ ღირს, როცა რუსები „გიორლს“ ან „ხეპპის“ წარმოთქვამენ. ეს კაპიტალისტური ენა არავინ იცოდა და საგანგებოდ მისი მცოდნე წანწკლა გოგო ჩამოიყვანეს სადღაც მაღლიდან. როცა უკანასკნელი დეტალები მოვაგვარე მასთან, მორჩილად გავეშურე კუთვნილი სავარძელისკენ. დალაქმა ქალმა პირველი მზერა რომ ესროლა ჩემს აგვისტოს შემდეგ უმწიკვლო თმას, შეცბა და ცალი ნაბიჯით უკან დაიხია. როგორც მთელი 15–წლიანი სტაჟის კლიენტი, თბილისში განებივრებული ვარ, რომ პარიკმახერი ულაპარაკოდ (ბეზ პრაბლემ) მოგემსახურება ამდენი ხნის უნახავს და სამუშაო პროცესის მოუცდენლად სახალისო დიალოგს გაგიბამს. ამან კი ჩემი დამშვიდება სცადა და მითხრა, ბევრი თმა კია, მაგრამ რამეს მოვუხერხებთო. მაშინ მივხვდი, რაღაც ვერ იყო რიგიანად, ასე წარუმატებლადაც ჯერ არავის უნუგეშია ჩემთვის.

დაიწყო. ჩემს თმას ისე ეპყრობოდა, როგორც რესტავრატორი მუზეუმის უძვირფასეს ექსპონატს უტრიალებს. გული მომიკვდა იმის საცოდაობის ხილვით, თუ როგორ ეჭირა მაკრატელი, თან მახსენდებოდა ლიოვა ძველი დრამერივით როგორ ატრიალებდა ინსტრუმენტს. ახლა მივხვდი, ბებიაჩემი რატომ მიყურებს ასეთი სახით, ვაშლს რომ ვთლი ხოლმე. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და როცა რუსულად წამოვიწყე საუბარი, ჩემმა დალაქმა კოლეგას გადასძახა, „ხედავ, თითქმის ყველა ენა იცისო“. დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე თავად ვმონაწილეობდი საკუთარი თმის შეკრეჭაში, შეძახილებით „აგერ, მარცხნივ კიდევ ამიღე, ჭირიმე, არ დამტოვო ასე“. უკვე შელახულ ქოჩორს რომ წაეტანა, ლამის მკლავზე ჩამოკიდებით შევთხოვე „დამიტოვე როგორცაა, მართლა არ ღირს.“ როცა დაასრულა საბოლოოდ, ამოოხვრაში მეც ვიგრძენი თუ რა ჯაფა დაადგა და რა ძალისხმევა შესწირა ჩემს თმას. საკუთარი ნამოქმედარით თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა კიდეც: Высший пилотаж. ბოლოს ვეღარ ეთმობოდა, ჩემს დაუკითხავად რაღაც საცხების წასმა დაიწყო და მითხრა, ასეთი პროპორციული თავი არ მინახავსო (ჰმ). რატომღაც ჩემი პირადი ჰიგიენით დაინტერესდა და როცა გაიგო, რომ კვირაში 2–3–ჯერ ვიპარსავდი წვერს, მთლად გადაირია. ისიც დააყოლა თმის შესწორება თუ მოგინდეს, უფასოდ მოგემსახურებითო (ორგზის ჰმ).

შეიძლება ვინმეს ეღიმება, მაგრამ ახლა გვარიანად დაკორტნილს არ მეცინება და შვებას პოსტის წერაში ვეძიებ. იქიდან გამოსული გულში კი ვამბობდი: „უკეთუ დაგივიწყო შენ, ლიოვა ჩემო, დავივიწყო მარჯუენეცა ჩემი.“

ერთი ბილეთის ამბავი ევროპის უკანა ეზოში

დიდი ხანია კაცობრიობა შეთანხმდა იმაზე, რომ ხურდებისგან გათავისუფლება ფრიად დადებითი და ზოგჯერ აუცილებელი მოვლენაა. მეც დიდი ხანია მაწუხებდა ერთი გამობერილი ჯიბის ბედი, რომელშიც მხოლოდ ცალმხრივად იყრებოდა ხურდები და იქ განუსაზღვრელი ვადით უწევდა დარჩენა. დღეს მომბეზრდა ნოტინგემის შერიფივით ჩხრიალით სიარული და მოვინდომე მათგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლება. აგვისტოს შემდეგ ჩარჩენილ ხურდებს სადღაც 15 კრონამდე აუღწევია, რაც აქაურ ენაზე ავტობუსის ორ სტუდენტურ ბილეთს გულისხმობს და ესტონელ მათხოვარს ამაზე ნაკლები თანხა არც უნდა შეჰკადრო ხოლმე. ტარტუში რაც ვარ, გოდოსავით სულ ავტობუსის კონდუქტორის მოლოდინში ვარ, რომლის გამოჩენას ვერა და ვერ დაედგა საშველი. რა იქნება მისი ხმა შემომესმას ან თვალი მოვკრა, რომ ალალად ნაყიდი ბილეთი დავანახო, შორიდან მაინც.

რაც არ უნდა იყოს, წუხელ ხურდებისგან თავის დაღწევის პერსპექტივით გახარებულმა კიოსკის დახლზე გამყიდველ წვერებიან ქალბატონს ერთიანად დავუხვავე რკინეულობა და ზედ ორი კუპიურის ქაღალდის ბანკნოტი დავუმატე. მუჭით წვრილი ფულის გადმოღებისას ერთი–ორი იქვე დამებნია და ჩაიკარგა სადღაცას, თუმცა აღარ მივაქციე ყურადღება. გავაგებინე, რომ აქ პატიოსნად იყო სადღაც 16 კრონი და ავტობუსის  ორ ბილეთს ვითხოვდი მორჩილად. ცხადია, არ გამკვირვებია, როცა არ დაიზარა და ხურდების თვლას შეუდგა.  დაახლოებით 5–7 წუთის შემდეგ თითებით მაჩვენა, რომ 20 ცენტი აკლდებოდა 16 კრონს. ცნობისათვის, 20 ესტონური ცენტი უტოლდება დაახლოებით ქართულ 1–2 თეთრს! მეტი ესტონური ხურდა ფული ფიზიკურად აღარ მქონდა, ხოლო ევროს შეთავაზებისას ალბათ უროს ჩამანარცხებდა თავში. რა გაეწყობოდა, ამ რკინეულობის ჯიბეში უკან ჩამბრუნებელი ყველაზე ნაკლებად ვიყავი და ვუთხარი, ამ თანხად რამე მოეცა – გასული კვირის ესტონური გაზეთი, ვადაგასული რძე, 9 ცალი ასანთის კოლოფი – ოღონდ თავიდან მომეცილებინა ისინი. აღმოჩნდა, რომ არც ის და არც კოლეგა მეორე წვერებიანი ქალბატონი ესტონურის გარდა სხვა არცერთ ენაზე არ საუბრობდნენ. ჩემს მიერ წარმოთქმულ ბგერებში ერთობლივად ის დაასკვნეს, რომ ისევ ბილეთს ვითხოვდი და ჯიუტად თითებით მიჩვენებდნენ ოცს. როცა უკვე ჩემი მოკრძალებული პანტომიმური ნიჭიც ვერ დამეხმარა, ქაღალდის ფული გავუწოდე ბილეთების საყიდლად და დედაარღნიანი რკინეულობა ჩალაპარაკებების თანხლებით მოვხვეტე უკან ჯიბეში.

ეზოპეს იგავების არ იყოს,  რა არის მორალი ამ ცხელზე გულზე დაწერილი პოსტისა? რაღაც არ მგონია, ასეთი ამბავი განმეორდეს სადმე ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ისეთ ძირძველ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ათწლეულებია ევროკავშირის წევრები არიან. საქართველოში 1–2 თეთრზე ჯერ არავინ დაიწრუწუნებს და ამაზე თვალს დახუჭავს. ესტონელები ყველაფერში ცდილობენ იყვნენ უფრო მეტი ევროპელები, ვიდრე თავად ევროკავშირის დამფუძნებელი მამები, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. დღეს მრავალი ფსევდო-ევროპელისთვის ესტონეთი და მთლიანობაში აღმოსავლეთ საზღვრისპირეთი უკანა ეზოა, რომლის მკვიდრებიც დიდი ხანი არაა, რაც ოჯახში შემოუშვეს. ევროპელთა ლექსიკონში აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგ დაკვირდა ისეთი ფრაზეოლოგიზმები, როგორიცაა პოლონელი სანტექნიკოსი და ესტონელი ხურო. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, სამწუხაროდ საქართველო სანოვაგის და თბილი ღამის გასათევის მუდმივად მახვეწარ მაწანწალა ძაღლისგან მაინცდამაინც შორს არ დგას.

პ.ს.

აქედანვე ვიჭერ თადარიგს, რომ წლის ბოლოსკენ ერთი ხურდებიანი ხურჯინით დავადგე იმ გამყიდველ ქალბატონს და კიოსკში არსებული ყველაზე ძვირი პროდუქტი მოვთხოვო. ახია.

7 მიზეზი, რატომ მიყვარს შვედეთი

ალბათ ყველა ადამიანს აქვს თავისი საოცნებო ქვეყანა, სადაც მოხვედრაზე ან კვლავაც მოხვედრაზე ოცნებობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამაყად გაიძახიან, რომ მშობლიურ კუნჭულს მცირედითაც ვერ მოსცილდებიან, მაგრამ ისინიც კი სადღაც გულის სიღრმეში აწყობენ წარმოსახვით მოგზაურობებს ოცნების ქვეყნისკენ. ყველას საკუთარი მიზეზი აქვს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამასთან საღ აზრსაა მოკლებული, რადგან როგორც რომაელები ამბობდნენ, „რამდენიც კაცია, იმდენიც აზრია“. ჩემი ამორჩეული ქვეყანა შვედეთია, აგერ ჩემეული მიზეზებიც პირობითად დანომრილი:

1)      ცხადია ბერგმანი. როგორც კრჟიჟტოფ კისლოვსკი იძახდა, იგი არის ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც იმდენი თქვა ადამიანის ბუნებაზე, რამდენიც დოსტოევსკიმ ან კამიუმ. ერთი ძველი ფილმის სათაურის არ იყოს, „ადამიანი ყველა სეზონისთვის“, ყველანაირი ხასიათისთვის. ალბათ არ დატოვა არცერთი წახნაგი, საიდანაც არ შეხედა ადამიანს, ზოგჯერ ოპტიმისტური ხედვით (როგორც „მარწყვების მდელოში“), ზოგჯერ კი საშინელი სიცხადითა და ღვთის დუმილით. ბერგმანის ფილმების ცქერის შემდეგ უნებურად მეტად ახლობელი ხდება ისეთი წმინდა ნორდული გვარ–სახელები, როგორიცაა სვენ ნიკვისტი (ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ოპერატორი), გუნარ ბიორნსტრანდი, მაქს ფონ სიუდოვი, ჰარიეტ ანდერსონი, ინგრიდ ტულინი, ბიბი ანდერსონი, ლივ ულმანი, ერლანდ იუზეფსონი. ცხადია ბერგმანი ყველაფრის გამო.

2)      1632 წელს შვედებმა დააარსეს ჩემი ამჟამინდელი ალმა მატერ – ტარტუს უნივერსიტეტი. ბალტიისპირეთის უკიდურეს ნაწილში მათ შემოიტანეს  წიგნების ბეჭდვა და ტარტუ „ჩრდილოეთის ჰაიდელბერგად“ აქციეს. ესტონელები ახლაც მისტირიან „ძველ კარგ შვედურ დროებას“ და შვედური მმართველობის საუკუნე–ნახევარს „ოქროს ხანად“ მოიხსენიებენ. საკუთარი ინიციატივით, ესტონელებმა ძეგლიც კი დაუდგეს დამპყრობელ გუსტავ II ადოლფს. შვედები შეცვალეს რუსებმა, რომლებმაც შემოიტანეს ბატონყმობა, ხოლო ივანე მრისხანეს ზარბაზნებმა ტარტუში უძველესი კათედრალის კედლები ჩამოანგრიეს. ახალი რუსული დასახლებებით ლამის ნახევარს გაუტოლდა ადგილობრივთა ხვედრითი წილი. დღეს ტალინში, ისევე როგორც დანარჩენ ქვეყანაში ნარვას გარდა, რუსულად ლაპარაკისთვის შეიძლება უროც კი მოგხვდეს კაცს თავში.

3)     შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ბავშვობის გახსენებისას პირველი არა ასტრიდ ლინდგრენი მომდის გონებაში, არამედ სელმა ლაგერლოფი. მისი „ნილსისა და ბატების გასაოცარი მოგზაურობა“ იყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე და წავიკითხე. არავის უთქვამს ან წაუქეზებია წამეკითხა იგი, ჩემით ვიპოვნე მტვრიან თაროებზე, ან მიპოვნა უფრო. აქ პირველად გავიგე ისეთი უცნაური სიტყვები, როგორიცაა „ოინბაზი“ ან „ჭილყვავი“. მერე და მერე შევიტყვე, რომ  სელმა ლაგერლოფი პირველი ქალი მწერალი ნობელიანტი ყოფილა  (ესეც შვედის მიერ დაარსებული!) და როგორი სინანულით მეხარჯებოდა მისი გამოსახულებიანი ბოლო 20 შვედური კრონი (მანამდე 50–იანი და ასიანი უპრობლემოდ).

4) სტოკჰოლმი და სტოკჰოლმერები. ბალტიის ზღვასავით კრიალა ქუჩები და ადამიანები. თხემით ტერფამდე მომხიბვლელი ხალხი, პირდაპირ ჟურნალის გარეკნიდან გადმოსული.  სადმე არსებობს კი სტოკჰოლმერზე უფრო თავაზიანი, ზრდილობიანი, მუდმივად ელეგანტურად ჩაცმული მოქალაქე, რომელიც ასეთი მზრუნველობით გაგიწევს დახმარებას. მუზეუმის წინ ჰოთ–დოგის გამყიდველი ქალიც კი, რომლისთვის გამუდმებული სიცივე და ტურისტთა სიმრავლე თავის შესაწყენი უნდა იყოს, ისეთი რუდუნებით მოგემსახურება, რომ ის ჰოთ–დოგი მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სანოვაგედ მოგეჩვენება. აი ნამდვილი ქალაქი და ნამდვილი მოქალაქეები.

5)     ლეგენდარული ბიორნ ბორგი. იგი არ იყო ჯონ მაკინროივით მეამბოხე, ვერცხლისწყალივით ცვალებადი გენიოსი. პირიქით ლეგენდები დადიოდა მის ყინულოვან სიმშვიდეზე, თითქოს მისი წარმატების საწინდარი გულის ძგერის უჩვეულოდ დაბალი სიხშირე იყო მხოლოდ. ხალხს ყველაზე მეტად უყვარს ცრუ ლეგენდების შეთხზვა. რაც დრო გადის, უფრო წარმოუდგენელი ხდება მისი შთამბეჭდავი მონაპოვარის გამეორება – ზედიზედ ხუთჯერ მოგებული უიმბლდონი + ზედიზედ ოთხჯერ როლან გაროსი. როცა მთელი მსოფლიო მისგან ახალი და ახალი რეკორდების დამყარებას მოელოდა, 26 წლის შვედმა კარიერის მწვერვალზე შორს მოისროლა ჩოგანი და ერთი მცდელობის გარდა აღარც მოუხედავს მისკენ. ბიორნ ბორგმა დაამტკიცა, რომ იგი იდგა ყოველნაირ რეკორდსა თუ თამაშზე მაღლა. ჯონ მაკინროიმ კი, როგორც ამასწინათ გამოტყდა, ვეღარასოდეს შეიგრძნო ის ნამდვილი ჩოგბურთი ოდინდელი მეტოქის წასვლის შემდეგ.

6)      შვედეთის რაინდული ისტორია. ჯერ მარტო როგორი სახელი აქვს შვედეთის ეროვნულ გმირს, რომელმაც გამოაფხიზლა საკუთარი ხალხი და დანიური უღლის წინააღმდეგ დაძრა – ენგელბრექტ ენგელბრექტსონი. მახსოვს, ომობანას თუ სხვა ამგვარი ბავშვური თამაშობისას ძირითადად ჩრდილოელ შვედებს ვირჩევდი ხოლმე. ქრისტიანობის და ევროპული ცივილიზაციის გავრცელებამაც ვერ შეცვალა შვედების ხასიათი. კარლ XII ვერსალის სტილში ნაგებ სტოკჰოლმის სამეფო სასახლეს მეომრების ბარაკს არჩევდა, ხოლო ოქროცურვილად მოვარაყებულ სამოსელს უბრალოდ ჯარისკაცულ ფარაჯას ამჯობინებდა. სასწაულებრივად ამარცხებდა კიდეც თავიდან გველეშაპს რუსეთის სახით, თუმცა არ იცოდა, რომ ლერნეს ჰიდრასთან ჰქონდა ურთიერთობა. მოჭრილ თავზე ორი იმდენი ამოვიდოდა საბოლოოდ. საკვირველია, თავად ალექსანდრე სუვოროვი ისტორიულ მტერს, კარლ XII–ს თავის კუმირად რომ მიიჩნევდა.

7)      შვედეთში მდებარეობს ქალაქი, სადაც უდიდესი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ვისწავლიდი – უფსალა. ქვეყნის ისტორიული დედაქალაქი და საეკლესიო ცენტრი, სკანდინავიის უძველესი და უმთავრესი საუნივერსიტეტო ქალაქი, ბერგმანის მშობლიური მხარე. აქ გადაიღეს და აქ მიმდინარეობს მოქმედება ჩემი საყვარელი ფილმისა – „ფანი და ალექსანდრე“. დიდი რეჟისორის ჩანაფიქრით თავისი უკანასკნელი ნამუშევარი, რომლის ცქერისას მიღებულმა სიამოვნებამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.

ქართველი რომ არ ვიყო, ნამდვილად ვისურვებდი შვედეთში დაბადებას!

პ.ს.

ვისაც შეეზარა გრძელი პოსტის წაკითხვა, მათთვის და არამარტო მათთვის ერთი საამო ძველი შვედური სიმღერა. აქ, რაც მიწერია, ალბათ მასში ყველაფერი უკეთაა გადმოცემული:

დაუვიწყარი მოგზაურობა ბელგია–ჰოლანდიაში წინ და უკან, III-IV

(ნაწილი მესამე და მეოთხე)

ჰერენგრახტი, კაიზერსგრახტი, პრინსენგრახტი, რეგულირსგრახტი – არასრული ჩამონათვალია იმ არხების, რომლის გადაჭრა მომიწია ამსტერდამის ხიდთა მეფის მაგერ ბრუგის სანახავად. საკუთარ თავს არ ვაპატიებდი ისე წავსულიყავი აქედან, აქ ფეხი არ დამედგა. ტურისტებს უყვართ პოზიორობა ხიდის ხედის ფონზე, თუმცა ძირითადად ვერ იმახსოვრებენ მის სახელს. ალბათ ამიტომ ცოტათი გამიჭირდა ამ ხიდის მოძებნა, ხელსაც ვერ ჩავიქნევდი შუა გზაში, სხვა თუ არაფერი უკვე პრინციპის საქმე ხდებოდა. ის–ის იყო შემდეგ ხიდზე გადასვლისას კვლავაც უნდა მეკითხა მისი ადგილმდებარეობის შესახებ, რომ მოულოდნელად უკნიდან მომესმა ჰოლანდიელი კაცის მჭახე ხმა: მახერ ბრუხ! მეც უმალვე თვალებში გავიხედე, მოვავლე მზერა ხიდს და დავრწმუნდი. ცხადია, ეს ის იყო, ხიდთა მეფე, მეფეთა ხიდი. ახლა რომ ვუფიქრდები, ხიდის ნახვაზე მეტად საკუთარი ცნობისმოყვარეობის ჭიის დაკმაყოფილებამ ალბათ უფრო მომგვარა სიამე.

ამის შემდეგ მოახლოებოდა დრო გამგზავრებისა, მრჩებოდა ცენტრალური სადგურისკენ მსვლელობისას უბრალოდ გამევლო წითელი ფარნების უბანში (შენიშვნა მამრი მკითხველისთვის: 15–20 წუთიანი აღებ–მიცემა ღირს 50 ევრო, თუმცა ხელის ყოველი უხეში მოძრაობით ფასი კოლოსალურად იზრდება). აქ რუკის დაუხმარებლადაც შეიძლებოდა მისვლა, ახალგაზრდების ქარავანი ისედაც ამ ქუჩისკენ უხვევდა. არც კი მინდოდა ფიქრი, თუ რამდენ რამეს ვტოვებდი უნახავს. საბოლოოდ მივედი ცენტრალურ სადგურში და გამოვბრუნდი უკან, გავაცდინე ავტობუსი ბრიუსელისკენ. რა მექნა, არ შემეძლო ბოლომდე არ შემესწავლა ამსტერდამი. იმ დღეს მივადექი ვან გოგის მუზეუმს, ტრადიციულად შევსანსლე ჰოთდოგი შესვლის წინ, პირდაპირ ცეცხლი ეკიდა ვინსენტის ნახატებს, საკუთარი ხელები ღრმად ჩავიწყვე ჯიბეში, არ მინდოდა მათი უუნარობა მეხილა. მოვიარე მთელი ქალაქი, გავცდი ცენტრს, ფეხდაფეხ შევუყევი ხიდებს დასავლეთის არხებიდან აღმოსავლეთისკენ ცენტრალურის გავლით. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც, როდესაც ღამის გასათევზე ფიქრი გონებამ დღის წესრიგში დააყენა, უბრალოდ ავიხედე და ბევრიც აღარ მიფიქრია მასზე. იმ დროს ზუსტად ისევ რეიკსმუზეუმის შესასვლელთან ვიდექი, ჩემს წინ კი მყუდრო მუზეუმის ჰოტელი აღმართულიყო. ვარჩიე 20 ევროთი მეტი გადამეხადა და ღამე გამეტარებინა ამსტერდამის ერთ–ერთ ისტორიულ სახლში, ვიდრე 18 კაცთან ერთად ბინძური ოთახი მეზიარა რომელიმე ახალგაზრდულ ჰოსტელში.

სასტუმროს ერთადერთი მომსახურე პერსონალი თავად მეპატრონე აღმოჩნდა, იგი შუა ხნის ასაკის სასიამოვნო გარეგნობის ჰოლანდიელი ქალბატონი იყო, რომელსაც მუდმივად ფინია ძაღლი თან დაყვებოდა. ვფიქრობ, სასტუმროს სიგრძე ბევრად სჭარბობდა სიგანეს, რადგან ოთახებისკენ მიმავალი კიბეები მორის ეშერის ნახატებივით თითქოს არ სრულდებოდა და სულ ზევით და ზევით ადიოდა. ბედად ერთადერთი თავისუფალი ნომერი იყო დატოვებული, ისიც ერთკაციანი. არასოდეს დამავიწყდება გარემო, სასადილო ოთახი ძველებურად ხეში ჩასმული, კედლები გრავიურებით და რეპროდუქციებით სრულად დაფარული, კლასიკური მუსიკის ჰანგები, თითქოს ვერმეერის გოგონა უკრავდა ვერჯინელზე. აქვე ბუხარიც ენთო, ძაღლი ბურთს ეთამაშებოდა. ჩემი ოთახის ფანჯარა კი პირდაპირ რეიკსმუზეუმს უყურებდა, რომლის ცენტრალურ კედელზე გაენათებინათ ვერმეერის „მერძევე ქალის“ უზარმაზარი გამოსახულება. როდესაც ანგარიშს ნაღდი ფულით ვასწორებდი, რადგან ბარათით ზედმეტი 5 %–ით მეტის გადახდა უწევდა, დამაკლდა ხუთი ევრო. ჩავიყავი ჯიბეში ხელი და იქიდან მუჭით ამოვიღე ჩარჩენილი ხურდები. ერთად ვეძებდით ევროცენტებს სხვადასხვა ზომის თუ წონის ევროპულ მონეტებში, რომელიც ყველა ერთი მეორეს ჩამოჰგავდა. საბოლოოდ 2,60 ევრო შევაგროვეთ, დანარჩენი დიდსულოვნად მაჩუქა. სამაგიეროდ ლამაზი შვედური 5 კრონიანი გადავეცი, მითხრა, რომ ამას ვერაფერში გამოიყენებდა, მხოლოდ აფრიკელი ბავშვების დასახმარებელ ყულაბაში თუ ჩააგდებდა. „დორლინგ ქინდერსლის“ გზამკვლევი გამომართვა და უიმედოდ შეუდგა საკუთარი სასტუმროს ძიებას ჩამონათვალში. ჩვენს შორის საუბარი უკვე შემდგარი იყო, როდესაც ჩაი შემომთავაზა. ღმერთო ჩემო, ახლაც თვალწინ მიდგას ეს სცენა, ჩაის დასხმისას იგი თავად წააგავდა ვერმეერის „მერძევე ქალს“.  გამოირკვა, რომ მე პირველი ქართველი არ ვიყავი ამ სასტუმროში. მას ჰყოლია ქართველი მოახლე, რომლის შემცვლელს ახლაც ეძებდა, მოახლე აქ გათხოვილა და მის ქორწილს აქაურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დასწრებია კიდეც. ჩემი მხრივ მოვახსენე, რომ ამსტერდამი ჩემი მოგზაურობის რიგითი გაჩერება იყო და მთელი დღის დაუღალავი სიარულის შემდეგ მოხიბლული ვიყავი მისით. ამაზე მომიგო, რომ ასეთი ერთი დღე ძალიან მძიმე იქნებოდა თვალებისთვის. ისღა მრჩებოდა მადლობა მეთქვა გამასპინძლებისთვის და ბრიუსელში დასაბრუნებელ გზაზე მეზრუნა.

უკვე კარგად შესწავლილი გზით ღიღინით დავადექი რამდენიმე კილომეტრიან გზას ცენტრალური სადგურისკენ. გზაში მოხარული ვიყავი, რომ ამსტერდამში გადავწყვიტე დარჩენა და ბრიუგე გადავდე სულ–სულ ბოლოსთვის. ღმერთს მადლობას ვწირავდი გაცოცხლებული ტილოებისთვის, იმ მომენტში საერთოდ აღარ მახსოვდა, თუ რა ხანი ვუმზერდი გუშინ ჰიერონიმუს ბოსხის „წმ. ანტონის ცდუნებას“. ამგვარ განწყობაზე მივედი სადგურში და ბრიუსელისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთი ვიკითხე. ამაზე სალაროდან მომესმა, რომ თუ ეს დღეები ხუთშაბათამდე ბელგიასა და საფრანგეთში გამოცხადებული იყო მუშების საყოველთაო გაფიცვა და ყოველი  რეისი უქმდებოდა. მეორე სალაროს მივადექი, ვიფიქრე, ეტყობა რაღაც შეეშალათ, დღესაც  კი ჩემი თვალით ვიხილე განრიგი, ამსტერდამიდან ბრიუსელისკენ ლამის ყოველ საათში მიმავალ მატარებელს რომ იტყობინებოდა. იქაც იგივე გამიმეორეს. რამდენიმე წუთი შევეცადე არ მეფიქრა, შემდეგ კი ერთბაშად შემომაწვა აზრები. მუშების გაფიცვა ნიშნავდა ზღვა ხალხის გადართვას ავტობუსებზე, რომლებზეც წინა დღისით უკვე მთავრდებოდა ბილეთები, აგრეთვე ნიშნავდა საქვეყნოდ ცნობილ საცობს ბრიუსელის შესასვლელში. საბოლოო ჯამში კი ჩემს დაგვიანებას ჯერ შარლერუას აეროპორტის შატლზე, შემდეგ კი თვითმფრინავის რეისზე და დარჩენას ამსტერდამში გაურკვეველი ხნით.

მივადექი იმას, რისი მხოლოდ მხოლოდ გახსენებაც კი მზარავს – შუა ღამის გზა სადგურიდან სასტუმრომდე. არასოდეს ისეთი დაბნეული არ ვყოფილვარ, როგორც სადგურიდან გამოსვლისას. ვერცერთ ქუჩას ვეღარ ვცნობდი, რუკა შემოიფლითა წამდაუწუმ შემოწმებისას, დილიდან სიარულში მყოფი რაღაც არაადამიანურად ვგრძნობდი თავს დაღლილად, გზა ჩანდა უსასრულო. ღამით უფრო მეტი შემოვიარე, ვიდრე მთელი დღე ხეტიალისას, მერე შევნიშნე, რომ რუკაზე დატანილ ქუჩებსაც ვიყავი გაცდენილი. ადამიანის ჭაჭანება არ იყო არსად. მერე შევნიშნე, რომ თურმე ანა ფრანკის სახლსაც ჩავუარე რამდენჯერმე. ახლაც გულისრევის შეგრძნება მეუფლება მხოლოდ ღამის ამსტერდამისთვის დამახასიათებელი სუნის გახსენებისას. თვით არხები და ხიდები, რამაც ასე მომხიბლა დღისით, ჩაბნელებული ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა. განუწყვეტლივ ვიმეორებდი 129–ე ფსალმუნს „სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ უფალოს“ (De Profundis), იგი ყოველთვის მაძლევდა სულიერ სიმტკიცეს, თუმცა ახლა ისიც ვერაფრით მეხმარებოდა. ვერიდებოდი წყალში ჩახედვას, მათში არეკლილი აჩრდილები, აჩრდილები. ტელეფონზე ამოწურული ბალანსი, ვერავისთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდი, თავს ვგრძნობდი იოსებივით თვისტომთაგან მიტოვებულად და იობივით უბედურებისთვის განწირულად. თანდათან აუტანელი ხდებოდა კვლავ დაბრუნებული ფიქრი, რომ ეს მოგზაურობა რაღაც მხრივ იქნებოდა უკანასკნელი. შინაგანი დემონი კეთილი განზრახვებით მირჩევდა, რომ სანამ რამეს გადავწყვეტდი უკანასკნელი ფული შემეწირა წითელ ფარნებში ბაბილონურად ჩაკარგვაში. გამახსენდა გუსტავ ფონ აშენბახი, თომას მანის ნოველის „სიკვდილი ვენეციაში“ მთავარი პერსონაჟი. შეიძლება განმეორებულიყო ამბავი, ამსტერდამიც ხომ ვენეცია იყო, ოღონდ ჩრდილოეთის. საიდანღაც შემომეფეთა ამერიკელი წყვილი, რომლებიც ღია საკვები ობიექტის ძებნაში დაკარგულიყვნენ, მე პასუხად ვლუღლუღებდი „ნოუ, ნოუს”, თითქოს წუთიერად დამვიწყებოდა ენა. ისინი ისევე გაუჩინარდნენ, როგორც გამოჩნდნენ. ზოგჯერ საიდანღაც მესმოდა სიცილი, შეიძლება არც იცინოდა არავინ. გონებაში ამომიტივტივდა ბოსხის გრანდიოზული ტილო „წმ. ანტონის ცდუნება“, თითოეულ დეტალს რომ ჩავკირკიტებოდი გუშინ. თვალების დახუჭვის დროსაც წინ მედგა მისი პერსონაჟები, ყველგან ვლანდავდი მათ. არც ვიცი როდის, მაგრამ მთელი სისრულით სხეული უკვე მთლიანად დამორჩილებოდა აუტანელ შიშს. მთელი ცხოვრება დამიდგა თვალწინ, ვცდილობდი მეფიქრა მხოლოდ კარგზე. მივხვდი, როდის და სად ვიყავი ყველაზე ბედნიერი.

და ბოლოს, როგორც იქნა, ყველაზე უცნობი მხრიდან მივაღწია სასტუმროს. გავაღვიძე სასტუმროს მეპატრონე და პირველი სიტყვები, რაც მითხრა იყო – „ღმერთო ჩემო, ჩაიხედე სარკეში, მოჩვენებას ჰგავხარ!“ კარგად ვიცი, რასაც გულისხმობდა – მე თავად ვგავდი ბოსხის ტილოდან გადმოსულს. ჩემი თხოვნის შემდეგ, მათხოვა საკუთარი ლეპტოპი და მე ხმა მივაწვდინე ჩემთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს, სოციალურ ქსელში საჯაროდ დავწერე ჩემს შესახებ. შეიძლება ვინმემ ეს პანიკად აღიქვა, მაგრამ მაშინ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი დამკავშირებოდა ვინმე, ხმა გაეცა ჩემთვის. იმ ღამით სულ სამი საათი მეძინა, აქედან ყოველ საათს მეღვიძებოდა. შემდეგ დილას ადრიანად მივადექი სასტუმროს მეპატრონეს საუზმისთვის. გამომკითხა თუ როგორ იყო ამბები ამჯერად, დამისხა მწვანე ჩაი და საუზმედ დამახვედრა მოხარშული კვერცხი, შებოლილი ბეკონი, ჰოლანდიური ყველი, ორივე სახის აქაური პური, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი. დიდებულად მორთულ სასადილო ოთახში, საიდანაც კვლავაც ჩანდა ვერმეერის „მერძევე ქალი“ შევეცადე მცირე ხნით მაინც გამეთიშა გონება და დამეჭირა წამი. არ მეფიქრა თუ იმ დღის ბოლოს სად ამოვყოფდი თავს. ხუთი წუთით ისევ ჩავისუნთქე ჩემი ამსტერდამი, შემდეგ მადლობა მოვახსენე ქალბატონს და დავემშვიდობე.

გავემართე Eurolines ავტობუსების ცენტრალური ოფისისკენ. როგორც ვვარაუდობდი, იმ დღისით ყველა ბილეთი გაყიდული იყო ბრიუსელისკენ, ისევე როგორც ბელგიის სხვა ქალაქებისკენ. მრჩებოდა ხავსს მოვჭიდებოდი, იქნებ რომელიმე ჭკუათმყოფელს უარი ეთქვა მგზავრობაზე და გაეუქმებინა ბილეთი, ამ შემთხვევაში მე ვიქნებოდი დადარაჯებული მას. აქ საათობით მომიწია გაჩერება, ყოველ 15 წუთში ვაწუხებდი თანამშრომლებს ერთადერთი კითხვით – უეცრად ხომ არ გამოჩენილიყო ბილეთი. ამან წყობიდან გამოიყვანა ერთი ქალბატონი, რომელმაც მკაცრი ტონით მომახალა, რომ ყველას სურდა ბრიუსელისკენ წასვლა, მაგრამ მატარებლების გაფიცვის გამო სავარაუდოდ არავის მოუვიდოდა თავში ბილეთის გაუქმება. მას რეალურად უნდოდა დახმარება, მაგრამ სწუხდა, რომ ვერანაირად ვერ წავიდოდი ბელგიაში. ამასობაში გავუშვი სამი ავტობუსი, ბილეთი კი კვლავ არ ჩანდა. რამდენიმე საათის შემდეგ ბევრ ჩემნაირ დღეში მყოფს მობეზრდა ლოდინი და მიატოვა სადგური. მე კვლავ განვაგრძობდი Eurolines თანამშრომლების შეწუხებას, ბოლოს ერთმანეთში მოილაპარაკეს, რომ თუ რამე გამოჩნდებოდა, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ ჩემთვის, ყველაზე აბეზარი უცხოელისთვის. ბოლო ავტობუსი გადიოდა სამს რომ დააკლდებოდა 15 წუთი. ოცი რომ აკლდა, არავინ იხედებოდა ჩემკენ, ყველა ქაღალდებში იყო ჩაფლული და მე უკვე ფიქრებში წასული ვაწყობდი გეგმებს, თუ როგორ წავსულიყავი შინ. ამსტერდამიდან ყველაზე შორს ავტობუსი პოლონეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბიალისტოკში ჩადიოდა, აქედან ახლოს იყო ბალტიისპირეთი და „საკუთარ ტერიტორიაზე“ მოხვედრით ადვილად გავიგნებდი გზას ტარტუსკენ. პრობლემა ის იყო, რომ უახლესი ავტობუსი მხოლოდ ორი დღის შემდეგ გადიოდა და წარმოდგენა არ მქონდა ამდენ ხანს სად დავრჩენილიყავი აქ, ამსტერდამში. და მოხდა დაუჯერებელი რამ, სამი წუთით ადრე, ამომხედა ერთ–ერთმა თანამშრომელმა, მე ინსტიქტურად წამოვდექი და უკანასკნელად გავუმეორე კითხვა. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა სანატრელი პასუხი მოვისმინე. სამი წუთით ადრე რომელიღაც დალოცვილი მგზავრი არ გამოჩენილიყო და თავისუფალი იყო ერთი ბილეთი ბრიუსელისკენ. იმ მომენტში მზად ვიყავი სათითაოდ გადავხვეოდი Eurolines–ის ყველა თანამშრომელს, თუმცა ამის დროც აღარ იყო, ავტობუსი უკვე გადიოდა. მახსოვს, როგორ მოვავლე თვალი თანამგზავრებს, ყველა ადგილი იყო შევსებული, მხოლოდ ერთადერთი უცდიდა თავის პატრონს. ჩავესვენე ჩემს კუთვნილ ადგილას და მოულოდნელად სიამოვნებისაგან გამეცინა, გამეცინა ხმამაღლა.

გზად ჩავუარეთ ჰააგას, როტერდამს, ვერმეერის მშობლიურ დელფტს, ბოსხის მშობლიურ ჰორტეგენბოსხს. ვიხილე ტრადიციული ჰოლანდიური პეიზაჟები გაშლილი ველების და წისქვილების თანხლებით. გაცოცხლდნენ ფერწერული ტილოები, რომელთაგან უფრო იაკობ ვან რეისდალი დალექილიყო გონებაში. ბელგიაში ჩასვლისას შევიარეთ რუბენსის მშობლიურ ანტვერპენში, ნახევარი საათი გაჩერდა ავტობუსი ქალაქის ცენტრში და ადგილობრივი შოკოლადების შეძენაც მოვასწარი ამ დროს. ამის შემდეგ მძღოლმა ახსენა სავარაუდო საცობი ბრიუსელის შესასვლელთან, რომლის ხსენებაზე უმალ გამახსენდა ხულიო კორტასარის „სამხრეთის გზატკეცილზე“, სადაც აღწერილია ყოველდღიური რუტინული ცხოვრება საცობის ფონზე. ამის მიუხედავად, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყოველივე ცუდი უკან მქონდა მორჩენილი და მშვიდობიანად დროულად ჩავაღწევდი ბელგიის დედაქალაქში. ასეც მოხდა, არავითარი შეფერხება არ ყოფილა შესვლისას. უკვე როცა აეროპორტის შატლი ჩამოვიდა რუ დე ფრანსეზე, სამხრეთის სადგურთან, პირველი იქიდან კომიკური შესახედაობის დაბალი და მსუქანი არაბი ჩამოხტა. კვლავ ვეღარ შევიკავე სიცილი, როდესაც კარებთან ატუზულს მკითხა: ბრიუსელში ვარ?

არც ვიცი, რამდენჯერ შევამოწმე თვითმფრინავის ბილეთი შარლერუას აეროპორტში, ალბათ ყოველ 7–10 წუთში ერთხელ ვისინჯავდი გულისჯიბეს. ვერ ვიჯერებდი, რომ ყოველივე კარგად სრულდებოდა. შემდეგ დილას უკვე ყველაფერი რიგზე იქნებოდა რიგაში. სწორედ აქ, რიგაში, მოვითქვი სული და და საბოლოოდ დავმშვიდდი. ტრადიციად მაქვს გადაქცეული რიგაში ჩასვლისას ყოველთვის ვიყიდო აქაური სასიამოვნო დასალევი ბალზამი, მცირე რაოდენობის ცხადია, ფაქტობრივად რამდენიმე ყლუპი თავის განუმეორებელ პატარა ბოთლში. ამით რიგულ არომატს გრძნობ და თავადაც ჩათბილულად ხარ ცივ ქალაქში. რიგის ქუჩებში სიარულისას მწყობრში მოვიყვანე აზრები, დავალაგე ერთმანეთში აბურდული შთაბეჭდილებები, დავწყნარდი. გამახსენდა ერთი მომენტი მოგზაურობიდან, როდესაც ამსტერდამში ქართულ ოჯაშში ერთი ღამე დარჩენისას დილით მცირე ხნით ვეთამაშებოდი ოჯახის ყველაზე მცირეწლოვან წევრს – 5 წლის მიას, რომელსაც საქართველო ჯერ არ ენახა. რამდენიმე თამაშის შემდეგ თავადაც პატარა ფერია მია ფერიის კოსტუმში გამოეწყო და მითხრა, რომ თავისი ჯადოსნური ჯოხით ყველა სურვილს შემისრულებდა, რასაც კი ვეტყოდი. პასუხზე არც კი დავფიქრებულვარ, ისე წარმოვთქვი სიტყვები – სახლში მინდა. დიახ, ასე იყო ნამდვილად. ყველაფერს მივცემდი, ისევ რიგაში ვყოფილიყავი რეისის მოლოდინში, ოღონდ 2011 წლის 30 იანვარს და წამოვსულიყავი სახლისკენ, ნამდვილი სახლისკენ.

ჩემთვის ეს მოგზაურობა იყო მთელი ცხოვრება, ჩატეული რამდენიმე დღეში. არც ვიცი, გამოვცდი თუ არა ისევ იმავეს როდესმე. იქნებ ამით იყო იგი უკანასკნელი.

კვლავ ძვირფას სტოკჰოლმზე

სტოკჰოლმი ერთზე მეტ ჩასვლასა და პოსტს ნამდვილად იმსახურებს. თან წინა სტოკჰოლმისკენ მიმავალ გზაზე არსებული ცნობიერების ნაკადი უფრო იყო, ვიდრე უშუალოდ მონათხრობი ქალაქზე. მისი ავტორიც უფრო ახალგაზრდა ვერტერი გეგონებოდათ, ვიდრე მრავალთაგან აუტანელ ცინიკოსად მოხსენიებული წიგნის და ახლა უკვე მოგზაურობის ჭია.

პირველი შთაბეჭდილება: ჩავკეტე კაიუტა, მშვენიერი დილაა, ჩამოვხტი გემიდან, ავხტი ავტობუსზე, ჩამოვხტი ავტობუსიდან, დავდექი გაჩერებაზე. ესტონეთში მიჩვეული პედანტიზმით ველოდები შუქნიშნის გამწვანებას, როდესაც თითქოს ეიზენშტეინის ფილმიდან გადმოსულმა ქალმა ბავშვიანი ეტლით ჩამიქროლა და პირდაპირ წითელზე გადაჭრა გამლა სტანისკენ (ძველი ქალაქი) მიმავალი ქუჩა. ვიფიქრე, იქნებ წამიერად დალტონიკი გავხდი, იქნებ არც იყო აქაური, იქნებ არც ჰყავდა ბავშვი ეტლში. აგერ უკვე მეორე ქუჩას გადავდივარ მწვანეზე, როდესაც მანქანა აშკარად არ მაცდის ვისარგებლო ‘სადაღარნავალი’ ფეხითმოსიარულის მრავალწლოვანი  სტატუსით. ჩემს გვერდით მომავალ აგრეთვე დაზარალებულ შვედ ქალს კი ბევრი აღარ უფიქრია და შუა თითი დღისით–მზისით დაანახა  უტიფარ მძღოლს. წამსვე მიმავიწყდა ბალტიელთა გულმოდგინე გაკვეთილები და ძველებური უნარ–ჩვევები (‘ნავიკები’) ამიმოქმედდა. ქუჩაში მოძრაობის წესების დარღვევით ყველაზე ნაკლებად გამაკვირვებდნენ მე, რიგით თბილისელს.

დამავიწყდა მეთქვა, რომ სტოკჰოლმში მარტომ გადავწყვიტე წასვლა. მინდოდა გამომეცადა როგორი შეგრძნებაა, როცა თავად ზრუნავ საკუთარ თავზე უცხო ქვეყანაში და არ დადიხარ პენსიონერი ტურისტივით, რომელიც ცდილობს ნაბიჯით არ ჩამორჩეს ჯგუფს. ნამდვილად ღირს შეგრძნებად, თუმცა ალბათ აღარ გამოვცდი – მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოა, არათუ ჭამაში შვედეთში.

სტოკჰოლმი ერთ–ერთი მრავალთაგანი „ჩრდილოეთის ვენეციაა“, იგი კამკამა ტბა მელარენზე არსებულ 14 კუნძულზეა გაშენებული. კუნძულები იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ვერც მივხვდი ფიქრებში გართული კუნძულ–კუნძულ სიარულით ისე ავღმოჩნდი სადღაც სტოკჰოლმის ვეძისში. როდესაც აქედან გამოსასვლელად ჩემი ნაცადი მოგზაურის რუკაც ვერას გახდა, თავაზიანი სტოკჰოლმერების დახმარებით უკვე სხვა კუნძულ–კუნძულ სიარულით გავიგნე გზა იურგორდენისკენ.

უნდა ითქვას, რომ შვედები ზედმეტად დიდ პატივს სცემენ საკუთარ მეფეებს. გუსტავ II ადოლფი, კარლ XII და თუნდაც ნაპოლეონის მოღალატე მარშალი კარლ ბერნადოტი (ცოლად ნაპოლეონის ადრინდელ ხასა დეზირეზე მეტს რომ არც იმსახურებდა) სწორედაც რომ იმსახურებენ შთამომავალთა მიერ დაფასებას, აი სხვებზე რა მოგახსენოთ. სხვაგან არამგონია დაუდგან ძეგლი მეფეს, რომელიც ერთ ბრძოლაში დაახლოებით ნახევარი ფინეთის ტერიტორიას დაკარგავს. წარმოიდგინეთ, მეიდანზე რომ იყოს გიორგი XII–ის მონუმენტი, ოღონდ ცხენზე არა, ისე როგორც უყვარდა მხართეძოზე წამოწოლილს  –  აღმოსავლურ–რუსულ დივან–კრესლაზე.

ალბათ მარტო დუბლინერები თუ აფასებენ ჯეიმს ჯოისს ისე, როგორც სტოკჰოლმერები თავიანთ გამოჩენილ თანამოქალაქეს – დრამატურგ ავგუსტ სტრინდბერგს. ამ უკანასკნელმა გარდაცვალებამდე სტოკჰოლმის ცენტრში ცხრა სახლი გამოიცვალა და შვედებმა ლამის ეროვნულ მოვალეობად მიიჩნიეს, ყველგან მოეწყოთ მისი სახლ–მუზეუმი თუ მემორიალური დაფა. აქ დიდი სტრინდბერგი მევალეებს გაურბოდა, იქ სტრინდბერგს მეძავები ამოჰყავდა, სავარაუდოდ აქ სტრინდბერგს თავისი „წითელი ოთახის“ დაწერის იდეა მოუვიდა, ამ ქუჩაზე სტრინდბერგი შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, თვალი მოავლო არემარეს და გზა განაგრძო და ა. შ.

ჰო, იურგორდენის პარკში რა მინდოდა. ჩემდა სამარცხვინოდ, პირველი რაც იქ მისვლისას შევამჩნიე იყო არა შთამბეჭდავი ნორდული მუზეუმის შენობა, არამედ ოხშივარავარდნილი საჰოთდოგე (თუ რასაც უწოდებენ). აქ პირველად გავსინჯე გარეთ ნაყიდი ჰოთდოგი, უნდა ვაღიარო და ასე გემრიელად დიდი ხანია არაფერი შემილუკმია. ამის შემდეგ უფრო გონებაგანათებულმა პირის ცმაცუნით მივაშურე სტოკჰოლმის ყველაზე სახელგავარდნილ ვაზას მუზეუმს. აქ ლეგენდარული შვედური საბრძოლო გალეონის „ვაზას“ ადგილსამყოფელია, რომელიც დანიშნულების ადგილიდან 1628 წელს გავიდა, ერთი საზღვაო მილი გაიარა და მეტისმეტი გადატვირთვის გამო ჩაიძირა მთელი 333 წლით, სანამ მკვლევარები აღმოაჩენდნენ. „ჩრდილოეთის ლომად“ წოდებულმა მეფე გუსტავ ადოლფმა ცდა არ დააკლო მის სიმშვენიერეს, შვედური ფლოტის ფლაგმანის და ნაციის სიამაყისთვის გაიკაფა 40 აკრი მუხის ხე, ჩამოყვანილ იქნა საუკეთესო ოსტატები ევროპის სხვადასხვა კუთხიდან, დაიხარჯა უზარმაზარი ადამიანური რესურსი. როგორც ჰყვებიან, პრუსიაში საომარ კამპანიაში მყოფი მეფე უკიდურესი სიბრაზისგან კინაღამ ცოფებს ჰყრიდა, როდესაც ამდენი წლის მოლოდინის სამარცხვინო კატასტროფის შესახებ შეატყობინეს. „ვაზას“ გრანდიოზულობის შეგრძნებას 200 ამოკვეთილი ორნამენტი და 500 სკულპტურული გამოსახულება აძლიერებს. მეც გადავწყვიტე მესარგებლა შემთხვევით და შთამბეჭდავი კიჩოს ფონზე საკუთარი თავისთვის სურათი გადამეღო. გამომრჩა აღმენიშნა, რომ მუზეუმში გვარიანად ბნელა, მე მუქი შარფი მაქვს შემოხვეული, ისედაც შავი ვარ (ბუნებით) და ამიტომ ფოტოს გადაღების ყველაზე უკეთესი შემთხვევა შეიძლება დახასიათდეს, როგორც „არაბებისა და მავრების ბრძოლა შავ უმთვარო ღამეს.“ ლამის იაკობი vs. ანგელოზის ჭიდილში გადასულს თვალს მომხვდა კიჩოს ქვეშ მდგარი ერთი ამერიკელი ტურისტის გულმოდგინება, რომელიც ფოტოს ფოტოზე უღებდა შვედი მეზღვაურების კიჩ–დეკორაციას. კიჩი მასობრივი კულტურის ნაყოფია, იგი მთავარ ყურადღებას  გარეგნობის ექსტრავაგანტულობას აქცევს. საინტერესო ტიპაჟია ტურისტი, რომელიც ზურგით დგას მსოფლიოში უძვირფასესი ისტორიული მნიშვნელობის საბრძოლო ხომალდის კიჩოსკენ და ფოტოს უღებს XXI საუკუნეში შექმნილ კიჩს.

სტოკჰოლმში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, მაგრამ რუსები მათ შორის ნამდვილად გამოირჩევიან. ისინი იუნიბაკენში შემომხვდნენ და საოცრად გამიხალისეს მოგზაურობა. იუნიბაკენი ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟების სამყაროა, სადაც მილიონობით ბავშვი მოხვედრას ინატრებდა. აქ ყველაფერი ქალბატონი ასტეროიდას (როგორც ვარსკვლავისთვის მისი სახელის მინიჭების შემდეგ უწოდა თავს) წიგნის ფურცლებიდან არის გადმოსული. ასეთი ადგილის მოლოცვისას მესმის რუსი ქალბატონის სიტყვები: Смотри, Женя, какие розы. იგი ეძახის ჟენიას და ფოტოს უღებს ვარდებთან, მე კიდევ ვიჭერ ამ მომენტს და ლინდგრენის ძეგლის ფონზე ვიღებ ამ პროცესს. არც ვიცი, რომელი უფრო შესაცოდი სანახავი იყო – მე, რომელიც საკუთარი თავის ნაცვლად სტოკჰოლმში უცნობ რუს ტურისტებს ვაფიქსირებ აპარატით, თუ რუსი ტურისტები, რომელიც იუნიბაკენში ვარდებთან პოზიორობენ, თითქოს მშობლიურ რიაზანში არ ისხამდეს ვარდი კოკორს.

ტარტუში დაბრუნებამდე გზად ძველ ტალინში შევიარე, რათა შუასაუკუნეები კვლავ შემესუნთქა და მოკირწყლულ ქვაფენილებზე მევლო. სწორედ ეს არ აქვს სტოკჰოლმს – შუასაუკუნეების შეგრძნება, სამაგიეროდ მას ქალივით თავისი უნიკალური და გამომწვევი სურნელი გააჩნია, რომელიც ხელმეორედ დაუფლებისკენ მოგიწოდებს.

რიგელი ფაკირის გაკვეთილი

დაახლოებით შუაღამეს (Round About Midnight) კომფორტული ლოგინიდან შეუძლებელია მზერა არ მიგეყინოს ტარტუს რატუშის განათებულ წვერზე, ალბათ ამიტომაც მიმძიმს (ან იმიტომ, რომ საშინლად მეძინება) ამ წინადადების წერა. თუმცა არ მინდა რიგელი ფაკირის რამდენიმე დღის წინანდელი  გაკვეთილი მხოლოდ გონებაში დაილექოს და პოსტად არ იქცეს.

თამამად შეიძლება ითქვას, ერთ დღეში თავისუფლად ეგების ძველი რიგის აგურ–აგურ, მისხალ–მისხალ შემოვლა და შესწავლა. ძველ ქუჩებში სეირნობა ყოველთვის სასიამოვნოა, ძველ რიგაში კი თითქოს ისტორიული გარემო ცოცხლდება, თითქოს სადაცაა აბჯარასხმული შვედი ან გერმანელი როიტერები თუ ლანდსკნეხტები ჩაგიქროლებენ. არ ვიცი, მერამდენედ ვუახლოვდებოდი და ვშორდებოდი წმ. პეტრეს კათედრალს, როდესაც ჯეკაბას (იაკობის) ქუჩის დასაწყისში უაღრესად ახლობელი ხმა შემომესმა. დაახლოებით იმგვარი, მშობელი დედის წარმოთქმულ სიტყვებს რომ გამოარჩევ ბრბოს ხმიდან. უნებურად წავედი იმ მხარისკენ, საიდანაც ბგერები მესმოდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მივხვდი, რომ მუსიკის ჰანგებს ქუჩის სხვა მხარისკენ მივყავდი. წამებიც და სახეგაბადრულმა დამარცვლით ვუთხარი დაღლილ თანამგზავრს – ელინგტონი. თავიდან კედლებს ვუქცერდი სიარულისას, თითქოს ხმა მათგან მოდიოდა. მცირე ხანში, კატა ტომის დავემსგავსე, რომელსაც მულტსერიალში თვალი სანუკვარი სანოვაგისკენ ან მდედრი არსებისკენ აქვს მიშტერებული და გზად არაფერს უყურებს. მეც მუსიკისკენ მიმავალს ვერაფერი მაბრკოლებდა, მათ შორის ვერც ლატვიელთა მომადლებული სიმშვენიერე.

ჯეკაბას ქუჩის ბოლოს ისიც გამოჩნდა, პიანისტი. დიუკ ელინგტონის დიდებული კომპოზიციის „In a Mellotone“–ს ნოტები მკვდარი კლავიშებიდან ისეთი ვირტუოზობით გამოჰყავდა, თითქოს ფაკირს ამოჰყავდეს გველი ტომრიდან (საგულისხმოა, რომ ელინგტონის ღვთაებრივი „Caravan“–ის ფონზე ამოჰყავს ფაკირს გველი საბჭოთა დროების  „Ну Погоди “–ს  ერთ–ერთ სერიაში). როდესაც მივხვდი, რომ ღია ცის ქვეშ არსებულ ჯაზ–კაფეში ვიმყოფებოდი, ერთად შეკრული სამი თითი ლამის შუბლისკენ წამიცდა. არ ვიცი, რიგელმა ფაკირმა შენიშნა თუ არა ჩემი დაჟინებული ცქერა, მაგრამ კომპოზიციას განსხვავებული ვარიაციებით ამდიდრებდა და დასრულებას არ ჩქარობდა. დაამთავრა თუ არა უკანასკნელი აკორდები, რიგელმა ფაკირმა ამომხედა, მეც დავუსახელე კომპოზიცია თავის ალბომიანად და შესრულება შევუქე. ჩაიღიმა, მადლობა მომახსენა და ამჯერად Perdido წამოიწყო. ლოტის სვეტადქცეული ცოლივით დამდგარს დანარჩენი თანამგზავრებიც წამომეწივნენ, რომლებსაც არჩევნის სახით მხოლოდ ლოდინი დავუტოვე. მცირე ხანში, სურვილის საწინააღმდეგოდ გზის გაგრძელება მომიწია და ვეღარც თანამგზავრთა მოთმინებას გამოვცდიდი, თუმცა ჩემი ყურთასმენა ფაკირის ინსტრუმენტისკენ იყო მიმართული. თითქოს დაასრულა Perdido და ტელონიუს მონკის Bemsha Swing წამოიწყო, რამდენიმე წუთიც და ეროლ გარნერისეული Misty შემომესმა. უკან მოხედვისას აღმოვაჩინე, რომ საკმარისზე შორს ვიყავი ფაკირის ხმის გასარჩევად. საკუთარი მეხსიერება თავად ატრიალებდა ფირფიტას.

ძველ რიგაში შვედური კარიბჭის ძებნისას ფიქრში კი რიგელი ფაკირის გაკვეთილი მივიღე, რომელშიც ყველაზე ნაკლები დამსახურება ალბათ მას მიუძღვის და ისედაც არამგონია ზედწოდება „ფაკირზე“ ოდესმე ეფიქროს. საქმე ისაა, რომ, როგორც ოსგუდ ფილდინგ III იტყოდა ცნობილი კინოკომედიიდან (“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” – შენ.): „არავინაა სრულყოფილი“. არც მე მათ შორის, წმინდა ანტონივით ბევრჯერაც მინანია საკუთარ ქმედებაზე. დაცემისას თუ წელში გასწორებისას ყოველთვის ერთი რამ რჩებოდა უცვლელად – ჯაზისგან მოგვრილი სიამოვნება. ჯაზის გრანდები ხომ ფარმაცევტებივით არიან, ზუსტად იციან ის კომპოზიციები, რომლებიც კონკრეტულ განწყობილებას ესაჭიროება.

P. S.

მეც კარგად ვიცი, რომ მეტისმეტად მძიმე პოსტია, მრავალისთვის გაუგებარიც. სხვას კი არა, მე ჩამეძინა პოსტის წერისას და შემდეგ დილას გავაგრძელე წერა. რიგით მკითხველსაც უმტყუნებს ნერვები და ალბათ შუა გზაშიც მიატოვებს (როგორც ერთ თავზე ჩემი წიგნიდან). იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც სწორად ჩაწვდება ჩემს პოსტსა და  კათარზისს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.