ჯაზოლოგია
November 24, 2010 16 Comments
თამამად ვიტყვი, ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე, თუნდაც ჩამთვალონ ყველაზე დიდ სნობად – ჯაზი რომ არა, მე სხვაგვარი ადამიანი ვიქნებოდი. ერთ პოსტში ხუმრობით ვწერდი, რომ მრავალი ხნის წინ მცხოვრები ნიუ–ორლეანელი ტყისმჭრელის რისხვის ჯერაც მეშინია, რომელიც ყველას სიკვდილით ემუქრება, ვინც კი შუაღამეს ჯაზს არ მოუსმენს. სინამდვილეში, შუაღამით ჯაზის მოსმენა დღის საუკეთესო დასასრულია ალბათ, თითქოს სწორედ ამიტომაც დგება ღამის თორმეტი საათი. ვერცერთი ფოტო–ალბომი ვერ იტევს იმდენ მოგონებას, რამდენსაც გამორჩეული კომპოზიციების აკორდები. ბოლო ჩემი რამდენიმე წელი პაზლივით რომ დავშალო, თითოეულ ფრაგმენტს თავისი შესაბამისი კომპოზიცია მიესადაგება. ზოგიერთი ღვინოსავით ტკბილი, ნახევრად ტკბილი ან სულაც მშრალი. ჯაზი თუ უკვდავია, მაშინ მათ ვერავითარი ლეთას წყალით დავიწყება არ უწერიათ. შედეგი მაინც ყველგან ერთია, სადაც არ უნდა ვუსმენდე – თბილისური სახლის ჩემს კუთხეში, რიგის ღია კაფეში, სტოკჰოლმისკენ მიმავალი გემის ბარში, ბრიუსელის ქუჩებში (სადაც გამიმართლა და ოქტომბრის გაგანია ჯაზის სეზონში მოვხვდი), ტარტუს ადგილობრივ რესტორან „ვილდეში“, სადაც პიანისტი უხეიროდ ცდილობს დიდი ბილ ევანსის მიბაძვას. შემდეგში დროის ეს მონაკვეთები დანარჩენ ფრაგმენტებს შეუერთდება, პაზლი კი უსასრულოდ ზრდას გააგრძელებს. ჩემთვის ჯაზი დროს არ აჩერებს, პირიქით აჩქარებს. ნამდვილი ნეტარება იქნებოდა, შემდეგი რამდენიმე თვე ერთ ასეთ გრძელ ღამედ რომ ქცეულიყო. ლორკასი არ იყოს, ეს არის ოცნება ნავივით მოტივტივე დროზე. თითოეულ ჯერზე უფრო ძნელია ჯაზის მოსმენის შეწყვეტა. აი ისე, ზოგჯერ დამშვიდობება რომ გიძნელდება ხოლმე ადამიანს. ეს ორი რამ ერთდროულიც ყოფილა ჩემთან.
როგორც ალესანდრო ბარიკო გაიძახოდა, რეგტაიმი ის მუსიკაა, ღმერთი რომ ცეკვავს, როდესაც არავინ ხედავს. თუ მან „დაბადა კაცი ხატად თვისსა“, მაშინ ეჭვიც არ მეპარება, როგორც მუსიკის პირველი დამფასებელი, ჩარლი პარკერს შორს რომ არ გაუშვებდა და თავისთან დაიტოვებდა. მერე რა, რომ ბერდი ყოვლად გამოუსწორებელი ნარკომანი იყო. ხულიო კორტასარი ხომ ამტკიცებდა, რომ სხვა არაფერი თუ არა ეს გულისამრევი სიმდაბლე და პიროვნული სიმშვენიერე მთლიანობაში ერთად წარმოქმნიდა იმ ენითაუწერელ ზეციურ ჰანგებს. თან ჭეშმარიტი ტენორ–საქსოფონისტის მეორე დიდი იპოსტასი ჯონ კოლტრეინიც გაუწევს სათანადო რეკომენდაციას ზეციურ კანცელარიაში, აფრო–ამერიკელთა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1971 წელს ტყუილად ხომ არ შერაცხა წმინდანად და შეიყვანა ნეტართა დასში.
სასტიკად ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ჯაზს შეიძლება მხოლოდ მოუსმინო. მაგალითად ჯეკ კერუაკი ცდილობდა იმგვარი სპონტანურობით ეწერა, როგორც ბიბოპის მამები დიზი გილესპი, ჩარლი პარკერი, ტელონიუს მონკი თავიანთ ინსტრუმენტებზე იმპროვიზირებდნენ. კერუაკს უამრავი ლექსიც წაუკითხავს მათი მუსიკის თანხლებით. „ჰარლემური რენესანსის“ პირველკაცმა ლენგსტონ ჰიუზმა მთელი შემოქმედება მიუძღვნა „ჯაზ–პოეზიას“ და ამით ახალ მიმდინარეობას დაუდო სათავე. ბორის ვიანს თავის ოცნებაში ვერნონ სალივანი ერქვა და ნიუ–ორლეანის ერთ–ერთ ჯაზ–ბენდში უკრავდა, არადა ამერიკის მატერიკზე ფეხიც არ ჰქონდა დადგმული. გასულ წელს კი გარდაიცვალა კაცი, რომელმაც შეძლო და ჯაზის დაუსრულებლად ცქერის საშუალება მოგვცა. ეს არის ჰერმან ლეონარდი, წარმოშობით რუმინელი ებრაელი, რომელმაც შეძლო და კადრებად საუკეთესოდ ასახა ჯაზის სული. სწორედ მისი ფოტოები წარმოქმნის ამ პოსტს.
დავასრულებ ისევ ბორის ვიანით: „მხოლოდ ორი ნამდვილი რამ არსებობს – სიყვარული, ყველანაირი, ქალების და მუსიკა, ნიუ–ორლეანის ან დიუკ ელინგტონის. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია, რადგან უშნოა.“
დიუკ ელინგტონი, პარიზი, თეატრი ოლიმპია, 1958
ჩარლი პარკერი, ნიუ–იორკი, კლუბი ბერდლენდი, 1949
სარა ვოონი, ნიუ–იორკი, კლუბი ბერდლენდი, 1949
დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1948
მაილს დევისი, მონტრე, 1991 (სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე)
ქვინსი ჯონსი, პარიზი, 1955
დექსტერ გორდონი, ნიუ–იორკი, 1948
ბილი ჰოლიდეი, ნიუ–იორკი, 1948
ჩეტ ბეიკერი, ნიუ–იორკი, 1956
სონი სტიტი, ნიუ–იორკი, 1953
არტ ტეიტუმი, ლოს–ანჯელესი, 1955
ეროლ გარნერი, ნიუ–იორკი, 1953
მაილს დევისი, კლუბი ბერდლენდი, ნიუ–იორკი, 1949
ელა ფიცჯერალდი და რეი ბრაუნი, ნიუ–იორკი, 1949
ჩარლი პარკერი და დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1949
დიუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი და დაიენ კეროლი, პარიზი, 1960
ქვინსი ჯონსი, პარიზი, 1950
ჯეიმს მუდი, ნიუ–იორკი, 1951
არტ ბლეიკი, პარიზი, 1958
ჩარლი პარკერი და “მეტრონომ ოლსტარი”, ნიუ–იორკი, 1949
ელა ფიცჯერალდი დიუკ ელინგტონისა და ბენი გუდმენის წინაშე, ნიუ–იორკი, 1948
დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1955
ბილი ექსტაინი, პარიზი, 1963
ბადი რიჩი, ნიუ–იორკი, 1954
ფრენკ სინატრა, მონტე–კარლო, 1958
დიუკ ელინგტონი და ქალები, პარიზი, 1960
ტონი ბენეტი, ნიუ–იორკი, 1950
ოსკარ პეტიფორდი, ნიუ–იორკი, 1950
მაილს დევისი, მალიბუ, 1989
ლესტერ იანგის ქუდი, ნიუ–იორკი, 1948
პ.ს.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც რჩება კითხვა: იქნებ მხოლოდ მე მახსოვს?































შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ბავშვობის გახსენებისას პირველი არა ასტრიდ ლინდგრენი მომდის გონებაში, არამედ სელმა ლაგერლოფი. მისი „ნილსისა და ბატების გასაოცარი მოგზაურობა“ იყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე და წავიკითხე. არავის უთქვამს ან წაუქეზებია წამეკითხა იგი, ჩემით ვიპოვნე მტვრიან თაროებზე, ან მიპოვნა უფრო. აქ პირველად გავიგე ისეთი უცნაური სიტყვები, როგორიცაა „ოინბაზი“ ან „ჭილყვავი“. მერე და მერე შევიტყვე, რომ სელმა ლაგერლოფი პირველი ქალი მწერალი ნობელიანტი ყოფილა (ესეც შვედის მიერ დაარსებული!) და როგორი სინანულით მეხარჯებოდა მისი გამოსახულებიანი ბოლო 20 შვედური კრონი (მანამდე 50–იანი და ასიანი უპრობლემოდ).


ძეგლი მეფეს, რომელიც ერთ ბრძოლაში დაახლოებით ნახევარი ფინეთის ტერიტორიას დაკარგავს. წარმოიდგინეთ, მეიდანზე რომ იყოს გიორგი XII–ის მონუმენტი, ოღონდ ცხენზე არა, ისე როგორც უყვარდა მხართეძოზე წამოწოლილს – აღმოსავლურ–რუსულ დივან–კრესლაზე.
ლამის იაკობი vs. ანგელოზის ჭიდილში გადასულს თვალს მომხვდა კიჩოს ქვეშ მდგარი ერთი ამერიკელი ტურისტის გულმოდგინება, რომელიც ფოტოს ფოტოზე უღებდა შვედი მეზღვაურების კიჩ–დეკორაციას. კიჩი მასობრივი კულტურის ნაყოფია, იგი მთავარ ყურადღებას გარეგნობის ექსტრავაგანტულობას აქცევს. საინტერესო ტიპაჟია ტურისტი, რომელიც ზურგით დგას მსოფლიოში უძვირფასესი ისტორიული მნიშვნელობის საბრძოლო ხომალდის კიჩოსკენ და ფოტოს უღებს XXI საუკუნეში შექმნილ კიჩს.

Recent Comments