მიმოსვლა ევროპის გულისკენ: პრაღა, II
January 24, 2011 2 Comments
(ნაწილი მეორე)
ქალაქის ერთ ნაწილს მეორესთან ისტორიულად ერთადერთი ხიდი, ნახევარი კილომეტრის სიგრძის კირხსნარში შერეული კვერცხისგულით ნაგები კარლის ხიდი (კარლუვ მოსტ) აკავშირებდა. დღეს იგი ფეხით მოსიარულეთათვის არის განკუთვნილი და მასზე გავლისას ქუჩის მუსიკოსები თქვენს შესაფერის განწყობაზე იზრუნებენ. განსაკუთრებით გადატვირთული სეზონის დღეებში აქა-იქ ჯიბგირებიც გამოერევიან ხოლმე. ხიდით მოსტეცკას ცნობილ ქუჩაზე გადახვალთ, რომელიც თვალს იპყრობს ლამის ხელუხლებლად შემორჩენილი რენესანსის და ბაროკოს პერიოდის არქიტექტურით. ქალაქის ამ ნაწილს პატარა უბანი ‘მალა სტრანა‘ ეწოდება და აქ ჩემი ამოჩემებული ადგილი, მოსტეცკას ქვევით ჩაყოლებაზე მდებარეობს. ვლტავას შენაკადი ჩერტოვკა (‘ეშმაკის ნაკადული’) აქ მდუმარე სახლებში ჩაკარგულ კუნძულ კამპას წარმოქმნის და მიმდებარე ტერიტორიას ‘პრაღის ვენეციის’ ზედწოდებას ანიჭებს. ეს ადგილი ტურისტებისთვის ჯერ კიდევ ფარული განძია და ამ მყუდრო ადგილას პრაღელებს უყვართ ბავშვების გასეირნება. პრაღაში რომ მეცხოვრა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ ადგილის ხშირი მესტუმრე შევიქმნებოდი. აქედან მალტის რაინდების მოედანს ავუყევი ზევით, სადაც ერთი ხოჭოს გამოსახულებიანი კედელი მეგულებოდა. თუმცა ზუსტად არ ვიცოდი მისი ადგილმდებარეობა და ის-ის იყო ხვალისთვის ვდებდი მის მონახულებას, როდესაც თვალის ორბიტას უცნაური ბრჭყვიალა ფერები ეუცნაურა. თავი ავწიე და
დავინახე გრაფიტის ჟანრში მისთვის დამახასიათებელ სათვალეში გამოწყობილი კაცის პორტრეტი. ჯონ ლენონის კედელს რამდენიმე ფოტო გადავუღე, მათი გადიდება და წარწერების ამოკითხვა ბოლო ხანებში ჩემს გართობად გადაიქცა. რას აღარ იპოვით იქ, ალბერტ აინშტაინის სიტყვებსა თუ ჩაკ პალანიკის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ხმამაღალ განცხადებას: In Tyler We Trust.
მხოლოდ პრაღაშია შესაძლებელი ვენეციიდან რამდენიმე წუთში პირდაპირ პარიზის შუაგულში ამოყოთ თავი. კამპას კუნძულის დასავლეთით, კარმელიტების ქუჩების გადაღმა, შემაღლებულ ბორცვზე პეტრინის პარკია მოწყობილი. ბორცვის სათავეში მოხვედრა ფუნიკოლიორითაც არის შესაძლებელი, რომლის საბოლოო გაჩერება ‘ნებოჟიჟეკიდან’ ქალაქის საუკეთესო ხედები იშლება. პეტრინის პარკის ნამდვილი მარგალიტი ეიფელის სრული ალი-კვალი ოქტაგონალური სათვალთვალო კოშკია, თუმცა იგი სიგრძეში (60 მეტრი) ორიგინალის მეოთხედს თუ შეეტოლება. პრაღის ამ ნაწილში შეიძლება გაგიკვირდეთ და ციყვიც შემომხვდა.
მალა სტრანადან პრაღის ციხე-სიმაგრეში (ჰრადში) ასასვლელად ნერუდოვას ვიწრო ქუჩა უნდა გაიაროთ, ჩემი მეორე ამოჩემებული ადგილი პრაღაში ჩერტოვკასთან ერთად. 1770 წლამდე ბოჰემიის დედაქალაქში ყოველ სახლის კარებს საკუთარი უნიკალური ჰერალდიკური ნიშანი ამშვენებდა. მხოლოდ ნერუდოვაზე დაკვირვებული თვალი ახლაც შეამჩნევს წითელ არწივს, ოქროს ნალს, სამ ვიოლინოს, მწვანე ლობსტერს, თეთრ გედს. სწორედ ნერუდოვაზე შემემთხვა ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი ჩეხეთში. შორიდან დავიწყებ და მოგახსენებთ, რომ სუვენირების შეძენას ცენტრისგან მოშორებით ყოველთვის ადგილობრივთაგან ვარჩევ ხოლმე. ნერუდოვაზე მდებარე მყუდრო მაღაზიის გამყიდველიც ამ პრინციპით ამოვარჩიე, თან პირველი შეხედვისთანავე მის მიმართ კეთილგანწყობით განვეწყვე. ლუდის კათხის შერჩევის პროცესში ჩვენს შორის გამართული ტრივიალური საუბრის შემდეგ, მასში უკმაყოფილება შევნიშნე. როდესაც მხოლოდ თავაზიანობის გამო ვკითხე, რამე ხომ არ აწუხებდა, მოულოდნელად მომიტრიალდა და შემეკითხა, ცხოვრებაში პრობლემა თუ მქონდა. ამაზე ცოტა არ იყოს და გავხალისდი, მივუგე, რომ ცხოვრებაში პრობლემა ყველას ჰქონდა და ეს ხდიდა კიდეც მას საინტერესოს. თავის მხრივ აღელვებულმა მომახალა, რომ კაცების მხრიდან ცხოვრებაში დაუსრულებელი უსიამოვნების გარდა არაფერი ახსოვდა და მირჩევდა, წავსულიყავი რომელიმე დისკოთეკაზე, გამეცნო მშვენიერი გოგო და წუთიერი თავდავიწყება მეპოვნა. მივხვდი, რომ სხვასთან ლაპარაკით გულიდან დარდის შემსუბუქება სურდა და ამიტომაც ხელი არ შემიშლია მისი მონოლოგისთვის. შემდეგ ტირილნარევი ხმით მომიგო, რომ ქალიშვილიც და სიძეც
პერიოდულად ეწვეოდნენ ხოლმე მას, მაგრამ მაინც ეს არაფერს ცვლიდა. ამ არეული საუბრიდან ის დავასკვენი, რომ ქმრისგან და ოჯახისგან მიტოვებული საოცრად მარტოსულად გრძნობდა თავს და მზად იყო თავისი გასაჭირი სრულიად უცნობი ადამიანისთვისაც კი გაეზიარებინა, რომელიც ჩემდა ბედად მარტოდ მოხეტიალე მოგზაური აღმოჩნდა.
პრაღა კაფკას ქალაქია. იგი ნერუდოვას აყოლებაზე ჰრადჩანის უბანში ცხოვრობდა, ზლატა ულიჩკაზე. თავიდან მიკვირდა, როგორ ბინადრობდა ასეთი სულის ადამიანი გრანდიოზული წმინდა ვიტუსის კათედრალის, სამეფო სასახლის, დალიბორის კოშკის, შვარცენბერგის, შტერნბერგის თუ სხვა მრავალი სასახლის გარემოცვაში. ამ ქუჩაზე მოხვედრისას, ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის. მიუხედავად ასეთი მეზობლებისა, ცეროდენა ზლატა ულიჩკაზე ისეთივე სიწყნარეა, როგორც წინა საუკუნის დასაწყისში. ქუჩას სახელწოდება იმ ცრურწმენიდან შერჩა, რომლის მიხედვით აქ ადრე მეფე რუდოლფი ალქიმიკოსებს დაუღალავად ამუშავებდა ოქროს სუბსტანციის მისაღებად. მეზობელ ქუჩა ‘ნოვი სვიატზე’ გავლისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აქაურობას ფოსტალიონის გარდა არც არავინ აკითხავდა.
კაფკა მდინარე ვლტავას საპირისპირო ნაპირას, ახალ ქალაქში (ნოვე მესტო) მუშაობდა, ვენცესლავის მოედანთან მდებარე ‘ასუკურაზიონი ჟენერალის’ შენობაში, სადაზღვევო კომპანიის კლერკად. ყველაზე მეტად ალბათ უფრო ამ მოედანზე იწერებოდა პრაღის ისტორია. კარლ IV-ის დროს აქ ცხენის ბაზრობა იყო გამართული, 1968 წლის გაზაფხულზე აქ იდგნენ საბჭოთა ტანკები და შემდეგ წელს სტუდენტმა იან პალახმა პროტესტის ნიშნად აქ დაიწვა თავი. 1989 წელს ხავერდოვანი რევოლუციისას ასობით ათასი მოქალაქის წინაშე, ალექსანდერ დუბჩეკი და ვაცლავ ჰაველი ხელჩაკიდებულები ერთად გადმოდგნენ ერთ-ერთი შენობის აივნიდან. დღევანდელ დღეს კი, გვიან ღამით წმინდა ვენცესლავის მოედანი თბილისის გმირთა მოედანს ემსგავსება და საეჭვო რეპუტაციის ქალბატონთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. ნოვე მესტო ლუდის ნამდვილი მექაა. მთელი დღე ხეტიალის შემდეგ ერთი სიამოვნებაა უცნობილეს ლუდხანა ‘უ ფლეკუში’ მხოლოდ აქაური პივოვარის მიერ 1499 წლიდან წარმოებული შავი ლუდის ‘ფლეკუსკეს’ გამოცლა. ლუდხანებშიც ძველებური სული და გარემო ისევაა შემორჩენილი, თითქოს იქით კუთხეში ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი კვლავ ანცვიფრებს თანამეინახეთ თავისი დაუჯერებელი ამბებით, აქაურობის მკვიდრთ კი შემოსვლისთანავე ეცოდინებათ შენი ავან-ჩავანი – საიდან მოდიხარ, ვინ ხარ, სად მიდიხარ. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, რადგან საკრალური სიტყვის ‘ლუდის’ სიყვარული გაერთიანებთ.
პრაღაზე პოსტის დასრულებისას ისეთივე სასიამოვნო დაღლილობას ვგრძნობ, როგორც მის ქუჩებში ერთი დამღლელი დღის შებინდებისას. ამიტომ ახლა ისევე მოვიქცევი, როგორც მაშინ – წავალ და ლუდს მივეძალები.








დააყენა დასავლეთ საქართველოში და გურიის გადაბუგვის შემდეგ ფოთისკენ დაძრა დამსჯელობითი კორპუსი. ფოთელებიც რომაელების მსგავსაც ალბათ იოანეს გამოცხადების თავებს იმეორებდნენ, როდესაც ალიხანოვ–ავარსკის ბანაკში მოულოდნელად გამოცხადდა ქალაქის თავი – სახელოვანი ნიკო ნიკოლაძე. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა ჯადოსნური სიტყვები უთხრა ლეო დიდმა ატილას, სამაგიეროდ ცნობილია ნიკოლაძის მოხერხებულობის ამბავი. ნიკო ნიკოლაძემ გენერალს აუწყა, რომ საპორტო ქალაქი ფოთი უცხოეთში იყო დაზღვეული და დაქცევის შემთხვევაში, მთელი ზარალის ანაზღაურება პირადად მის უავგუსტუეს იმპერატორს მოუწევდა. ალიხანოვ–ავარსკი დაფრთხა, ემანდ ხელმწიფე არ დავაზარალო, საწყენი არ შევამთხიო და გაგულისებულმა იმ ჯარით მეორედ გადაბუგა გურია.


Recent Comments