მიმოსვლა ევროპის გულისკენ: ვენა

ჩეხეთი-ავსტრიის საზღვრის გადაკვეთამ ‘ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე’ გამახსენა, როდესაც მთავარი პერსონაჟები ერთად გაურბიან პრაღის გაზაფხულს. ვენაში პირველად ფეხი ლოგიკურად ავტოსების გაჩერებაზე, გარეუბან ერდბერგში მომიწია. აქედან თავაუღებლად მეტროთი იმგვარად წამოვედი ქალაქის ცენტრისკენ, თითქოს მთელი ცხოვრება ვენის ტრანსპორტის ამ საშუალების გარდა არაფერს ვცნობდი. არ ვიცი დამებედა თუ არა, მაგრამ უკვე მეორედ შეუგნებლად ქალაქის მუზეუმების უბანში ვდებ დროებით ნავსაყუდელს. წინა პოსტებშიც მოგახსენებდით სხვადასხვა ქალაქებში ამოჩემებული ქუჩების შესახებ (ვარშავა – კოზია, პრაღა – ნერუდოვა და ჩერტოვკას ჩაყოლება, ვილნიუსი – კაზიმიერა, რიგა – ელიზაბეტესი, ტალინი – ტოომპეას ბორცვი, ბერლინი – ფრიდრიხშტრასე, სტოკჰოლმი – სტრანდვაგენი, ტარტუ – რუუტლი, თბილისი – იცოცხლეთ იმდენია), ვენაში კი გამიმართლა და სწორედაც, რომ ამოჩემებულ ადგილას გავჩერდი, იოზეფშტადტში, ლანგე გასეს 22-ში. იოზეფშტადტი ვენის ყველაზე პატარა უბანია, მხოლოდ ერთ კვადრატულ კილომეტრზე გაშენებული. იგი ხმაურიანი ცენტრის გვერდით, სიმშვიდეში, ნამდვილ არქიტექტურულ ოაზისსა და ვენელთა საყვარელ კაფე ‘ეილსში’ ჭიქა ყავაზე გეპატიჟებათ. ასე მგონია, ზამთრის იმ უჩვეულოდ თბილ დღეებში აქედან ფეხიც რომ არ გამედგა, არანაკლები წარმატებით შევიგრძნობდი ვენის სულს (Wiener Blut). აქ მივხვდი, თუ რატომ უყურებენ ვენელები ზევიდან პრაღელებს. აქაური ამპარტავნული გადმოსახედიდან, პრაღელები მოჩანან ყოფილ კომუნისტ, სლავ, ლუდით გაჭყიპულ, ხმაურიან, უგემოვნო იოჟი სპაჟი ხალხად, რომელთაც ევრო ჯერ არ ღირსებიათ. სასტუმრო ვენაში ტრადიციულად ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ დავთანხმდი პრაღაზე ნაკლებად კომფორტულ ნომერს – ერთ პატარა ძველებურ ოთახს, საიდანაც ხედი პირდაპირ რატჰაუსს (ვენის მუნიციპალიტეტის შენობის) წვერს უყურებდა. დამღლელი დღის შემდეგ მის ცქერაში და იოზეფ უმცროსის მუსიკის ფონზე ჩაძინება ერთი სიამტკბილობაა, თავი თაგუნია რემი გგონია ‘რატატუიდან’, როდესაც ეიფელის კოშკს გაცისკროვნებული თვალებით შესცქერის.

ზემოთნახსენები ყავა არის ერთადერთი სიკეთე, რაც თურქებს 1683 წლის ლეგენდარული ალყის შემდეგ დარჩათ. პირველ დღეს პრაღიდან ნამგზავრს ბევრი სიარულის თავი ნაკლებად მქონდა და იქვე მეზობლად კუნსტჰისტორიშეს მრავალნაქები მუზეუმის მონახულება გადავწყვიტე. უნდა გამოვტყდე, რომ ორიენტირებაში გვარიანად წავისუსტებ და ჯერ კიდევ უცნობ ქალაქში რუკა რომ წამართვათ, იგივე ბოროტება იქნება, რაც ღრმა ‘აჩკარიკს’ ჩალოკოკინებული სათვალე გაუტეხოთ. ორი ნაბიჯის გავლის ნაცვლად, საპირისპირო მხარეს ავიღე გეზი და სულ უფრო დავშორდი ცენტრს. ვენა მეტად კომპაქტური ქალაქია, აქაური გარეუბნებს თუნდაც პარიზულ ბანლიოებს არც შეადარებ, თუმცა თვალში საცემია ერთი ტენდენცია – რაც უფრო შორდები ქალაქის ცენტრს, მით უფრო იზრდება საშაურმეების და სპორტ(ი)ულებში გამოწყობილი თურქების თუ არაბების რიცხვი. თითქოს, რადგან შორეულ 1683-ში ზარბაზნებით ვერ აიღეს ვენა, ახლა საშაურმეებით ცდილობენ იმავეს. დაე, დამიძახონ მე ქსენოფობი და რასისტი, მაგრამ ელეგანტურ ვენას ყველაზე მეტად არ უხდება ის, რაც ბერლინში კროიცბერგის რაიონში უკვე ჩვეულ ამბად გადაიქცა. იმ მომენტში შემძულდა საშაურმე და არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, მოშიებულმა მას რომ მივაშურო (გორგილ!).

ვენა არაა ტურისტებისთვის განკუთვნილი ქალაქი პრაღისგან განსხვავებით, სადაც ყველგან მესმოდა რუსული, იტალიური, ესპანური, ჩინური, იაპონური, (ფინანსთა სამინისტროსთან ’კასტუმიანი’ ჯიგრებისგან სომხურიც კი). ავსტრიის დედაქალაქში თითქოს ყველამ იცის გერმანული. შავგვრემანი აშკარად აღმოსავლური გარეგნობის ახალგაზრდა გოგონების გერმანულის მოსმენისას, სულ მარჯან სატრაპი და მისი პერსეპოლისი მიდგებოდა თვალწინ. ტურისტებისგან განსხვავებით, ჯგუფის თანხლებით არ დავდივარ, ფოტოაპარატი კისერზე არ მაქვს მოგდებული და ყოველი შენობის მხარეს თითს არ ვიშვერ, ამიტომ აქაურებისგან ცოტა რთული ხდება გარჩევა. ამის გამო, არ მიკვირდა, როცა გერმანულად მომმართავდნენ. შილერის ძეგლთან სულს ვითქვამდი და ქალაქის მონახულების შემდეგ გეგმებს ვაწყობდი, ერთი ჩინელი ტურისტი რომ მომიახლოვდა და მარია-ტერეზია-პლატცის მისწავლა მთხოვა. ეს ადგილი ვეჭვობ ყველაზე უკეთ ვიცოდი იქ მდებარე მუზეუმების გამოისობით და ტურისტს ადგილმდებარეობის ლამის 3D პანორამა შევუქმენი სხაპასხუპით მოყოლილი მინი-ისტორიის თანხლებით. სამშობლოში ჩასული ალბათ მოყვება, თუ როგორ კარგად იციან აქაურებმა ნებისმიერი შენობის თუ მოედნის წარსული.

იმპერიული ვენის და ქალაქის ცენტრის (ინნერშტადტი) უმთავრესი ნაგებობების (სამეფო ოპერა, თეატრი, პარლამენტი, რატჰაუსი, ჰოფბურგის ზამთრის სასახლე, ფრეიუნგის ჭიშკარი, კარლსკირშეს ეკლესია, მუზეუმების კვარტალი, კარლსპლატცის პავილიონები) მონახულება წარმოუდგენლად დიდ დროს არ მოითხოვს, რადგან იმპერატორ ფრანც იოზეფის დაგეგმარების წყალობით ისინი ერთ წრეს (რინგს) არ სცილდებიან. სტეფანსდომის უძველეს კათედრალთან, გრაბენის ჭაღებიან ქუჩაზე, საიდანაც ზოგადად სათავეს იღებს ქალაქის ისტორია, შუასაუკუნეების, უფრო ზუსტად კი, ცხენის სუნი იგრძნობა. ეს გადაადგილების ახალი და ამასთან ერთად კარგად დავიწყებული ძველი საშუალების – ფიაკრის – დამსახურებაა. შიდა ქალაქის გარეთ არის მოწყობილი სამეფო კარის საზაფხულო სასახლეები – შონბრუნი და ბელვედერი. შონბრუნში მისვლისას სასახლეში მხოლოდ რამდენიმე ოთახში შევიხედე და ძირითადად პარკში სეირნობით შევიქციე თავი. კაცია და გუნება, პრაღაში იოზეფოვის ებრაელთა საფლავების ცქერას არ დაგზარდით და ჰაბსბურგთა საიმპერატორო საკუთრებების მონახულება კი შემეზარა. მაინც არასოდეს მიყვარდა სხვისი პირადი ნივთების თვალიერება, გნებავთ მირონცხებულებისაც. ზემო ბელვედერის სასახლე კი სიღრმისეულად შევისწავლე, განსაკუთრებული მიზეზიც მქონდა – აქ ბრძანდება გუსტავ კლიმტის ცნობილი ‘ივდითი’ და ცხადია, ‘კოცნა’. ისე კი, მათ გარდა, ეგონ შილეს, კლოდ მონეს, მანეს, პისაროს და ვინსენტას ტილოებიც. მუზეუმზე საუბარი სრული არ იქნება კუნსჰისტორიშეს გარეშე, რომელსაც მეორე დღეს საბოლოოდ მივაღწიე. მგონი პირველად ჩემს ხელთ არსებულმა დრომ და დამოუკიდებლად ყოფნამ ტილოების სიღრმისეულად ჩაწვდომის საშუალება მომცა, რომლის სრულად გამოყენებასაც ბოლომდე შევეცადე. ყველა ნანახი მუზეუმიდან, ვენის კუნსტჰისტორიშე არის ყველაზე … იმპერიული, ფრანც-იოზეფის დროს აგებულ სასახლეში დაგეგმარებული, კლიმტის დეკორაციებით და მისი გემოვნებით მოწყობილი. ბრეიგელის ტილოები საბოლოოდ დავაკომპლექტე ‘ბაბილონის კოშკის’, ‘გლეხთა ქორწილის’, ‘მონადირენი თოვლში’ და კიდევ რამდენიმეს ხილვით. და ცხადია ვერმეერი, თავისი ‘მხატვრის სახელოსნოთი’, ზურგით რომ არის გამოსახული და ამოუხსნელ ენიგმას გვთავაზობს. ველასკესმა სიცოცხლის ბოლოს მგონი 3D მხედველობა შეიძინა, კარგად შეხედეთ ინფანტა მარგალიტას პორტრეტს და დამეთანხმებით. ერთი არჩიმბოლდო თავისი ხილ-ბოსტნეულობითურთ, მაინცდამაინც იმ დროს, მილანში გაქცეული დამხვდა, საგანგებო გამოფენაზე. სამაგიეროდ ადგილზე იყვნენ დიურერი, კრანახი, ჰოლბეინი, ვან ეიკი, ვან დეიკი, კარავაჯო, ტინტორეტო, ვერონეზე, ლორენცო ლოტო (ეს უკანასკნელი ყოველთვის რჩებათ ხოლმე ჩამონათვალისას), რაფაელი, რიბერა, რუბენსი, რემბრანდტი და კიდევ სხვანიც.

ვენა არაა მხოლოდ შტრაუსის ვალსებით და ყავის სახლებით მოფენილი ქალაქი. მთელი ცივი ომის მანძილზე ეს იყო ჯაშუშების დედაქალაქი და 1955 წლამდე ბერლინივით ოთხ სექტორად დაყოფილი. ‘ვენა აღარასოდეს იქნება იმგვარი’ – თითქოს დანანებით წერდა გრემ გრინი ‘მესამე კაცში’, რომლის მოქმედება ნაომარ ვენაში მიმდინარეობს და მისი ადაპტაცია ნუარის ჟანრის კლასიკად ითვლება. აქედანვე მოგახსენებთ, რომ ამ ფილმის მიმართ გარდარეული სიყვარული მაქვს და დაუსრულებლად შევძლებ მასზე საუბარს, განსაკუთრებით ორსონ უელსის ნაძირალა პერსონაჟ  ჰარი ლაიმზე. იგია ფილმის მთავარი ანტაგონისტი და სულ სამ შთამბეჭდავ სცენაში ჩნდება, ერთ-ერთ მათგანში კი ეშმაკის ბორბალის ფონზე დაუვიწყარ ‘გუგულის საათის’ სიტყვას წარმოთქვამს. პრატერის ატრაქციონებს და იქ მდებარე ბორბალს, ფილმის და დიდი ორსონის ხათრით ვესტუმრე, არ შემეძლო ვენიდან ამ ადგილის უნახავად წავსულიყავი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ვენა კვლავაც დიდხანს იარსებებს. ჰოფბურგის სასახლის კომპლექსში შეღამებისას რომ მოხვდეთ, იქაურობა ერთ უდაბურ ადგილად მოგეჩვენებათ, ყოველ მოფარებულ თაღში კი თითქოს ჰარი ლაიმი იცდის და მის ფეხებთან კატა თათებს ილოკავს.

თქვენ თუ ფიქრობთ ამ პოსტს მკითხველისთვის ვწერდე, შემცდარხართ. ამისთვის მე ჰარი ლაიმივით ზედმეტად ეგოისტი ვარ. ვენის ქუჩებზე და მის მოქალაქეებზე პოსტის წერა და შემდეგ მისი კითხვა მცირე ხნით იქ მაბრუნებს, ეს ხომ ისეთივე სასიამოვნოა, როგორიც თავად ვენაა.

მიმოსვლა ევროპის გულისკენ: პრაღა, II

(ნაწილი მეორე)


ქალაქის ერთ ნაწილს მეორესთან ისტორიულად ერთადერთი ხიდი, ნახევარი კილომეტრის სიგრძის კირხსნარში შერეული კვერცხისგულით ნაგები კარლის ხიდი (კარლუვ მოსტ) აკავშირებდა. დღეს იგი ფეხით მოსიარულეთათვის არის განკუთვნილი და მასზე გავლისას ქუჩის მუსიკოსები თქვენს შესაფერის განწყობაზე იზრუნებენ. განსაკუთრებით გადატვირთული სეზონის დღეებში აქა-იქ ჯიბგირებიც გამოერევიან ხოლმე. ხიდით მოსტეცკას ცნობილ ქუჩაზე გადახვალთ, რომელიც თვალს იპყრობს ლამის ხელუხლებლად შემორჩენილი რენესანსის და ბაროკოს პერიოდის არქიტექტურით. ქალაქის ამ ნაწილს პატარა უბანი ‘მალა სტრანა‘ ეწოდება და აქ ჩემი ამოჩემებული ადგილი, მოსტეცკას ქვევით ჩაყოლებაზე მდებარეობს. ვლტავას შენაკადი ჩერტოვკა (‘ეშმაკის ნაკადული’) აქ მდუმარე სახლებში ჩაკარგულ კუნძულ კამპას წარმოქმნის და მიმდებარე ტერიტორიას ‘პრაღის ვენეციის’ ზედწოდებას ანიჭებს. ეს ადგილი ტურისტებისთვის ჯერ კიდევ ფარული განძია და ამ მყუდრო ადგილას პრაღელებს უყვართ ბავშვების გასეირნება. პრაღაში რომ მეცხოვრა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ ადგილის ხშირი მესტუმრე შევიქმნებოდი. აქედან მალტის რაინდების მოედანს ავუყევი ზევით, სადაც ერთი ხოჭოს გამოსახულებიანი კედელი მეგულებოდა. თუმცა ზუსტად არ ვიცოდი მისი ადგილმდებარეობა და ის-ის იყო ხვალისთვის ვდებდი მის მონახულებას, როდესაც თვალის ორბიტას უცნაური ბრჭყვიალა ფერები ეუცნაურა. თავი ავწიე და
დავინახე გრაფიტის ჟანრში მისთვის დამახასიათებელ სათვალეში გამოწყობილი კაცის პორტრეტი. ჯონ ლენონის კედელს რამდენიმე ფოტო გადავუღე, მათი გადიდება და წარწერების ამოკითხვა ბოლო ხანებში ჩემს გართობად გადაიქცა. რას აღარ იპოვით იქ, ალბერტ აინშტაინის სიტყვებსა თუ ჩაკ პალანიკის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ხმამაღალ განცხადებას: In Tyler We Trust.

მხოლოდ პრაღაშია შესაძლებელი ვენეციიდან რამდენიმე წუთში პირდაპირ პარიზის შუაგულში ამოყოთ თავი. კამპას კუნძულის დასავლეთით, კარმელიტების ქუჩების გადაღმა, შემაღლებულ ბორცვზე პეტრინის პარკია მოწყობილი. ბორცვის სათავეში მოხვედრა ფუნიკოლიორითაც არის შესაძლებელი, რომლის საბოლოო გაჩერება ‘ნებოჟიჟეკიდან’ ქალაქის საუკეთესო ხედები იშლება. პეტრინის პარკის ნამდვილი მარგალიტი ეიფელის სრული ალი-კვალი ოქტაგონალური სათვალთვალო კოშკია, თუმცა იგი სიგრძეში (60 მეტრი) ორიგინალის მეოთხედს თუ შეეტოლება. პრაღის ამ ნაწილში შეიძლება გაგიკვირდეთ და ციყვიც შემომხვდა.

მალა სტრანადან პრაღის ციხე-სიმაგრეში (ჰრადში) ასასვლელად ნერუდოვას ვიწრო ქუჩა უნდა გაიაროთ, ჩემი მეორე ამოჩემებული ადგილი პრაღაში ჩერტოვკასთან ერთად. 1770 წლამდე ბოჰემიის დედაქალაქში ყოველ სახლის კარებს საკუთარი უნიკალური ჰერალდიკური ნიშანი ამშვენებდა. მხოლოდ ნერუდოვაზე დაკვირვებული თვალი ახლაც შეამჩნევს წითელ არწივს, ოქროს ნალს, სამ ვიოლინოს, მწვანე ლობსტერს, თეთრ გედს. სწორედ ნერუდოვაზე შემემთხვა ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი ჩეხეთში. შორიდან დავიწყებ და მოგახსენებთ, რომ სუვენირების შეძენას ცენტრისგან მოშორებით ყოველთვის ადგილობრივთაგან ვარჩევ ხოლმე. ნერუდოვაზე მდებარე მყუდრო მაღაზიის გამყიდველიც ამ პრინციპით ამოვარჩიე, თან პირველი შეხედვისთანავე მის მიმართ კეთილგანწყობით განვეწყვე. ლუდის კათხის შერჩევის პროცესში ჩვენს შორის გამართული ტრივიალური საუბრის შემდეგ, მასში უკმაყოფილება შევნიშნე. როდესაც მხოლოდ თავაზიანობის გამო ვკითხე, რამე ხომ არ აწუხებდა, მოულოდნელად მომიტრიალდა და შემეკითხა, ცხოვრებაში პრობლემა თუ მქონდა. ამაზე ცოტა არ იყოს და გავხალისდი, მივუგე, რომ ცხოვრებაში პრობლემა ყველას ჰქონდა და ეს ხდიდა კიდეც მას საინტერესოს. თავის მხრივ აღელვებულმა მომახალა, რომ კაცების მხრიდან ცხოვრებაში დაუსრულებელი უსიამოვნების გარდა არაფერი ახსოვდა და მირჩევდა, წავსულიყავი რომელიმე დისკოთეკაზე, გამეცნო მშვენიერი გოგო და წუთიერი თავდავიწყება მეპოვნა. მივხვდი, რომ სხვასთან ლაპარაკით გულიდან დარდის შემსუბუქება სურდა და ამიტომაც ხელი არ შემიშლია მისი მონოლოგისთვის. შემდეგ ტირილნარევი ხმით მომიგო, რომ ქალიშვილიც და სიძეც პერიოდულად ეწვეოდნენ ხოლმე მას, მაგრამ მაინც ეს არაფერს ცვლიდა. ამ არეული საუბრიდან ის დავასკვენი, რომ ქმრისგან და ოჯახისგან მიტოვებული საოცრად მარტოსულად გრძნობდა თავს და მზად იყო თავისი გასაჭირი სრულიად უცნობი ადამიანისთვისაც კი გაეზიარებინა, რომელიც ჩემდა ბედად მარტოდ მოხეტიალე მოგზაური აღმოჩნდა.

პრაღა კაფკას ქალაქია. იგი ნერუდოვას აყოლებაზე ჰრადჩანის უბანში ცხოვრობდა, ზლატა ულიჩკაზე. თავიდან მიკვირდა, როგორ ბინადრობდა ასეთი სულის ადამიანი გრანდიოზული წმინდა ვიტუსის კათედრალის, სამეფო სასახლის, დალიბორის კოშკის, შვარცენბერგის, შტერნბერგის თუ სხვა მრავალი სასახლის გარემოცვაში. ამ ქუჩაზე მოხვედრისას, ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის. მიუხედავად ასეთი მეზობლებისა, ცეროდენა ზლატა ულიჩკაზე ისეთივე სიწყნარეა, როგორც წინა საუკუნის დასაწყისში. ქუჩას სახელწოდება იმ ცრურწმენიდან შერჩა, რომლის მიხედვით აქ ადრე მეფე რუდოლფი ალქიმიკოსებს დაუღალავად ამუშავებდა ოქროს სუბსტანციის მისაღებად. მეზობელ ქუჩა ‘ნოვი სვიატზე’ გავლისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აქაურობას ფოსტალიონის გარდა არც არავინ აკითხავდა.

კაფკა მდინარე ვლტავას საპირისპირო ნაპირას, ახალ ქალაქში (ნოვე მესტო) მუშაობდა, ვენცესლავის მოედანთან მდებარე ‘ასუკურაზიონი ჟენერალის’ შენობაში, სადაზღვევო კომპანიის კლერკად. ყველაზე მეტად ალბათ უფრო ამ მოედანზე იწერებოდა პრაღის ისტორია. კარლ IV-ის დროს აქ ცხენის ბაზრობა იყო გამართული, 1968 წლის გაზაფხულზე აქ იდგნენ საბჭოთა ტანკები და შემდეგ წელს სტუდენტმა იან პალახმა პროტესტის ნიშნად აქ დაიწვა თავი. 1989 წელს ხავერდოვანი რევოლუციისას ასობით ათასი მოქალაქის წინაშე, ალექსანდერ დუბჩეკი და ვაცლავ ჰაველი ხელჩაკიდებულები ერთად გადმოდგნენ ერთ-ერთი შენობის აივნიდან. დღევანდელ დღეს კი, გვიან ღამით წმინდა ვენცესლავის მოედანი თბილისის გმირთა მოედანს ემსგავსება და საეჭვო რეპუტაციის ქალბატონთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. ნოვე მესტო ლუდის ნამდვილი მექაა. მთელი დღე ხეტიალის შემდეგ ერთი სიამოვნებაა უცნობილეს ლუდხანა ‘უ ფლეკუში’ მხოლოდ აქაური პივოვარის მიერ 1499 წლიდან წარმოებული შავი ლუდის ‘ფლეკუსკეს’ გამოცლა. ლუდხანებშიც ძველებური სული და გარემო ისევაა შემორჩენილი, თითქოს იქით კუთხეში ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი კვლავ ანცვიფრებს თანამეინახეთ თავისი დაუჯერებელი ამბებით, აქაურობის მკვიდრთ კი შემოსვლისთანავე ეცოდინებათ შენი ავან-ჩავანი – საიდან მოდიხარ, ვინ ხარ, სად მიდიხარ. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, რადგან საკრალური სიტყვის ‘ლუდის’ სიყვარული გაერთიანებთ.

პრაღაზე პოსტის დასრულებისას ისეთივე სასიამოვნო დაღლილობას ვგრძნობ, როგორც მის ქუჩებში ერთი დამღლელი დღის შებინდებისას. ამიტომ ახლა ისევე მოვიქცევი, როგორც მაშინ – წავალ და ლუდს მივეძალები.

მიმოსვლა ევროპის გულისკენ: პრაღა, I

(ნაწილი პირველი)

იმ დედაქალაქებიდან, სადაც ვიმოგზაურე, ყველაზე ოქროსფერი მოგონებები პრაღიდან გამყვა. აქ სამი დღე დავრჩი და თითოეული დღის მიწურულს ვრწმუნდებოდი, კიდევ უფრო რომ მიყვარდა ეს ქალაქი. შევეცდები გავაღვივო ნაკვერჩხალი და გავიხსენო გარდასული დღეები, თუმცა გონება ალბათ ყოველთვის ქვეცნობიერად მამხილებს და წამომაყვედრის, რომ პრაღა უკეთესს იმსახურებს. მისი მოგონებების აღწერა შრომატევადი პროცესია, ვშიშობ ვაითუ რაიმე გამომრჩეს და სადღაც ხვეულებში ღრმად ჩამეკარგოს. შესაბამისად პოსტის დაწერას ისევე მივუდგები, როგორიც ქალაქის დათვალიერებას – უბან-უბან შევუყვები.

დავიწყებ იმ უბნით, საიდანაც ყოველი ჩემი დღე იწყებოდა და შემდეგ მთავრდებოდა. ადგილი, სადაც დროებით დავიდე ბინა, იყო ჟიჟკოვი, დღეს გაკეთილშობილი პრაღელი ძველი ბიჭების თავშეყრის ადგილი. რამდენიმე საუკუნის წინ აქ არსებულ ველზე, ჩეხების ეროვნულმა გმირმა ცალთვალა იან ჟიჟკამ დიდი უბედურება შეამთხვია საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდის მხედრობას და სანაცვლოდ უზარმაზარი ცხენოსანი მონუმენტიც დაიმსახურა. XX საუკუნეში ეს ადგილი პრაღის ბოჰემურობის შემადგენელი ნაწილი გახდა და როგორც აქაურებს უყვართ თქმა, მთელ მსოფლიოში ერთ სულზე ყველაზე მეტი ლუდხანა აქ მდებარეობს. ჟიჟკოვის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა სრულიად ჩეხეთის ყველაზე საძულველი შენობა – სატელევიზიო ანძაა, რომელიც კომუნისტების პერიოდში თავისუფალ ხმას ახშობდა. აგრეთვე აქ მდებარეობს ებრაელთა ახალი სასაფლაო, რომლის გამორჩენას და არმონახულებას ჩემს თავს დიდი ხანი ვერ ვაპატიებ, რადგან აქ ორმოცი წლის ასაკში უხმაუროდ ახლობლებმა დაკრძალეს ფრანც კაფკა. ჟიჟკოვში, სეიფერტოვას ვიწრო ქუჩაზე გავჩერდი, სასტუმრო თაბორში, ისეთ ადგილას, ტრამვაის მძღოლი გზას რომ გითმობს ფეხითმოსიარულეს. აქედან სულ რაღაც 15 წუთში აუჩქარებელი ნაბიჯით ძველი ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭეს მიადგებით და პრაღის სტარე მესტოში შეაბიჯებთ. ევროპის აღმოსავლეთს დასავლეთისგან ერთი უპირატესობა გააჩნია – სიიაფე. აქ სამი ღამით გაჩერება მეტად კომფორტულ ანსუიტ ნომერში (საუზმითურთ) იმაზე ნაკლები დამიჯდა, ვიდრე ერთი ღამე ამსტერდამის მუზეუმების ნაწილში მდებარე შედარებით ნაკლებად კეთილმოწყობილ ოთახში. მთავარი რკინიგზის და ავტობუსების სადგურებიც მოკლეებით ხუთი-ათი წუთის ნაბიჯზეა და ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, უკვე ვიცი ადგილი, რომელსაც სხვა დროსაც მივაკითხავ.

ზემოთ ნახსენები სტარე მესტო მიხვდებოდით და ძველი ქალაქის გულია. აქ მდებარე ცელეტნას და კარლოვას ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩები კარლუვ მოსტის იმავე კარლის ხიდის (არამც და არამც ჩარლზბრიჯი, გულმავიწყი ტურისტებისთვის განკუთვნილი სრულიად უგვანი და უცხო სახელი) გავლით სამეფო გზას განეკუთვნებიან. დღეს მილიონობით ტურისტი შუასაუკუნეების პილიგრიმების მსგავსად იმეორებს იმავე გზას და უმეტესწილად თავს იყრის ძველი ქალაქის მოედანზე, სტარემესტსკე ნამესტიში. ყოველი საათის შესრულებისას, უამრავი ხალხი, უმეტესწილად უცხოელები, იკრიბება ქალაქის რატუშის წინ და ასტროლოგიურ საათს შესცქერის. როგორც ამბობენ, XV საუკუნეში დამკვეთებმა სამუშაოს ანაზღაურების ნაცვლად საგანგებოდ დააბრმავეს მისი შემოქმედი უბრალო მესაათე ოსტატი იან ტაბორსკი, რათა მეორედ ასეთი მშვენების შექმნაზე აღარ ეფიქრა. საათი სამ დროს – ძველ ბოჰემიურს, თანამედროვეს და ბაბილონურს გვიჩვენებს. ეს უკანასკნელი შესაბამისი თანავარსვლავედის მიხედვით ზეციური მნათობების მოძრაობის დაკვირვებას გვთავაზობს. მის მაღლა ყოველ საათში კურანტების მუსიკის ფონზე, თორმეტი მოციქულის პროცესია იწყება, რომლის დასასრულისას მამლის ყივილი მოისმის. თავიდან ლამის ყბადაბჩენილი მონუსხული ვუცქერდი მთელ ამ რიტუალს და მიკვირდა იმ ადგილობრივი პრაღელების, რომლებიც გულგრილად ჩაუვლიდნენ ხალხის ბრბოს და საათს ზედაც არ შეხედავდნენ. პრაღაში ვოიაჟის უკანასკნელ საღამოს, ძველი ქალაქის დასავლეთ კარიბჭიდან შინ მიმავალს ჰარე კრიშნას ძახილით ხმაურიანი პროცესია წარმიძღვა. მაშინ უკვე ძირისძირობამდე შესწავლილი მქონდა თითქმის ყველა აქაური შენობა და აქაურობისთვის ყველაზე უჩვეულო მუსიკამ ღრმად შემაზიზღა ტურისტული სენი. რამდენიმე წუთი ეკლდა რომელიღაც საათის შესრულებას და ტრადიციულად ბრბო მის სიახლოვეს მოქუჩულიყო, ამრეზით მომავლე თვალი იქაურობას და სასწრაფოდ გავეცალე. საბედნიეროდ, თბილისს კიდევ დიდხანს არ დაემუქრება ეს ტურისტული დასნებოვნება და ვერცერთი გზამკლევი ვერაფრით შეისწავლის მის ძველ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს.

თუ სტარე მესტოს ხმაური თავს მოგაბეზრებთ, ზევით ვლტავისკენ აუყევით ქუჩებს და ებრაელთა ყოფილ კვარტალში, წყნარ იოზეფოვში მოვხვდებით. თუ ადრე ეს ადგილი გამოცალკევებულ გეტოს და ანტი-სანიტარიის ბუდეს წარმოადგენდა, დღესდღეობით იგი ქალაქის განუყოფელი ნაწილია დამახასიათებელი არტ-ნუვოს დეკორებით. შემთხვევით აქ გადავაწყდი ერთ-ერთ ძეგლთან მოპოზიორე სერგი კაპანაძეს მეუღლითურთ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ადამიანს, რომელიც ნახევარ წელში ჩემს საბაკალავრო ნაშრომს გაასწორებს. შესაბამისად, მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უკვალოდ არ ჩაივლის და ადრეთუგვიან ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო მიღწევებსაც მოვიმკით (მოგეხსენებათ, რომ მეგრელი ვარ წარმოშობით და შემარგეთ ბოლო წინადადება). ორმხრივი გაკვირვების და რამდენიმე თბილი სიტყვის გაცვლის შემდეგ გავაგრძელე მსვლელობა იოზეფოვის შუაგულისკენ. აქ ებრაული კოლორიტი დღესაც ცოცხალია და სინაგოგების კედლებიდან მომავალი გალობა ძველ პოგრომებს შეგვახსენებს. ებრაელთა ძველი სასაფლაო გეტოს აუტანელი პირობების გამოისობით იმდენად ნამცეცა ტერიტორიაზე განთავსებული, რომ საფლავები სიღრმეში თორმეტამდე ფენად არის ერთი მეორეზე მიჯრით მიწყობილი. საფლავის ქვებზე ამოტვიფრული სიმბოლოებით შესაძლებელია დასაფლავებულის გვარის დადგენა, მაგალითად ორი ხელის მტევანი კოენებს აღნიშნავს, ირემი ცვაის ან ჰირშის ოჯახს, ბატი თუა, მაშინ ეჭვგარეშეა რომელიმე განსი მარხია. როდესაც ვერც ჩემმა სტუდენტურმა შეღავათებმა გაჭრა, სასაფლაოს მონახულება არცთუ მცირე ბაჟის გადახდად დამიჯდა. იქიდან გამოსულმა ძველმანებში თორის მინიატურული სათითე აღმოვაჩინე და გამყიდველს ვერცხლის კრონები სულ სათითაოდ მუჭში ჩავუთვალე. იქვეა აღმართული ევროპაში უძველესი XIII საუკუნის სინაგოგა, რომლის კედლებში, როგორც ჰყვებიან, რაბინი (რაბაი) ლოევი თიხისგან შექმნილ არსება გოლემს მალავდა. ჟიდოვსკა რადნიცეს ანუ ებრაული რატუშის თავზე განთავსებული ციფერბლატით საათს ნამდვილად ვერ გაასწორებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი ტრადიციულად უკუღმა ტრიალებს.

მიმოსვლა ევროპის გულისკენ: ვარშავა

ნახევარი წლის წინ ვერც კი შევბედავდი იმაზე ფიქრს, რომ ერთხელაც მარტო გადავწყვეტდი ერთი მოგზაურობის დროს ხუთი სახელმწიფოს დედაქალაქის მონახულებას. მანამდე საქართველოს ფარგლებს შიგნით არათუ მარტოს არ მემგზავრა ქალაქიდან ქალაქში, არამედ არასოდეს მქონდა შეძენილი ტრანსპორტის ბილეთიც კი. ერთი ძველი გამოთქმის არ იყოს, ‘დრონი იცვლებიან, ჩვენც მათთან ერთად’. როდესაც შემდეგ ათ დღეში გადაადგილებისთვის აუცილებელი ბილეთები, დაჯავშნილი სასტუმრობის სია, სხვადასხვა ქალაქების რუკები თუ გეგმები მოვიმარაგე, სამოგზაურო ჩანთა მზადყოფნა ნომერ ერთში მოვიყვანე და წასვლის წინ კარები გამოვიკეტე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ როგორ გავზრდილვარ მთელი ამ ხნის განმავლობაში.

მარტო მოგზაურობა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. ერთი ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მსურდა დამეჩუმებინა ის ხმები, რომლებიც ამსტერდამულ იაღლიშს მახსენებდნენ. მეორეც, მარტო ყოფნისას მოქმედების შეუზღუდავი არეალი გაქვს და რომელი შესახვევიც თვალს დააინტერესებს, იქითკენ შეუხვევ. ბოლოს, ძველ ბლუზმენს მადი უოტერსს თუ დავუჯერებთ, კაცნი ვართ. სად თუ არა თვისებრივად უცხო ალაგას გამოიწვევ საკუთარ თავს და გამოცდილების შეძენას წაეხმარები.

ასე და ამგვარად დავიძარი ვარშავისკენ. პირველი ჩასვლისას მხოლოდ ღამის გათენება მქონდა გათვალისწინებული, რადგან გვიან ღამით მიწევდა ჩასვლა და მომდევნო დილას ჩემი ავტობუსი გადიოდა პრაღისკენ. ვარშავის საფუძვლიანი მონახულება აქეთკენ მობრუნებისას, დაახლოებით ერთი კვირის თავზე, მეწერა გეგმაში. როდესაც 17-საათიანი ქანცისგამწყვეტი მგზავრობის შემდეგ ვკითხე ბორტ-გამცილებელს, ოდესმე ჩავაღწევდით თუ არა აღთქმულ მიწაზე, მომიგო, რომ დანიშნულების ადგილზე ნახევარ საათში ვიქნებოდით, ისე კი, უკვე ერთი ამდენი ხანი პოლონეთის დედაქალაქში ვიმყოფებოდით. ლამის უკიდეგანო სივრცეზეა გადაშლილი ვარშავა, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ურბანული ზონა. მისი მოცულობა განსაკუთრებით დამთრგუნველი იმიტომაცაა, რომ გარეუბნებში საქალაქო ინფრასტრუქტურა გვარიანად მოიკოჭლებს და რაც ავტობუსის ფანჯრიდან ვიხილე, ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ იქ მოხვედრა. ვარშავის მეტროპოლიტენი ევროპაში ყველაზე ახალ ხილია, კომუნისტებს ალბათ შეეზარათ მიწისქვეშა სამუშაოები და მხოლოდ 1995 წელს პოლონეთმა ისტორიაში პირველად თავს მისცა მეტროს ფუფუნება. ოღონდ საქალაქო ტრანსპორტის ეს სახეობა ფაქტობრივად მხოლოდ დეკორაციულ მნიშვნელობას ასრულებს, რადგან ერთადერთი ვერტიკალზე გამავალი მეტროს ხაზი არსებობს ისიც თითზეჩამოსათვლელი გაჩერებებით, ისიც ძირითადად ცენტრში (აქაურად, ცენტრუმში).

გრაფიკით ღამის თერთმეტ საათზე უნდა ჩამომხტარვიყავი ტარტუ-რიგა-ვარშავის ავტობუსიდან, თუმცა რეალურად პირველის ნახევარზე თუ დავდგი ფეხი პოლსკა რეპუბლიკა სტოლიცას მიწაზე. მივხვდი, რომ სწორედ მოვიქეცი, როდესაც გამონაკლისი დავუშვი და ღამის გასათენებლად კეთილმოწყობილი ჰოსტელი ავარჩიე, რადგან თორმეტის შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე სასტუმრო წყვეტს რეგისტრაციას, კეტავს შემოსასვლელ კარებს და ჯავშნის არგაუქმების შემთხვევაში საკრედიტო ბარათიდან პირველი ღამის კუთვნილ ფულს ჩამოჭრის. ჰოსტელი კი თუ დაკეტილი დაგხვდა, უკანასკნელი საშუალების სახით (Ultima Ratio Regis) კარებს ბრახუნით ჩამოხსნი, ყვირილს მორთავ და ვინმე გამოგხედავს.

ღამის პირველის ნახევარია, ვარშავაში ვარ, უფრო ზუსტად კი ავტობუსების სადგურ ‘ზაჰოდნიაში’. ბალტიისპირეთისგან განსხვავებით, რომელიც თოვლით თეთრად გადაპენტილი დავტოვე, აქაურობა ტალახში ამოგანგლულ ერთ ვეება რკინა-ბეტონის კონსტრუქციას წააგავს. სადგურის შენობა ცხადია დაკეტილია, შესაბამისად იქ მოწყობილი კიოსკიც დახურულია. ბანკომატი ამ ღვთისგან მოვიწყებულ ადგილას ვეჭვობ სამი კილომეტრის რადიუსშიც არ იქნება. სადგურთანაც დიდი ხანი გაჩერება არაა რეკომენდირებული, რადგან პოლონეთში ეს ადგილი ადგილობრივ ლოთებს ანდამატივით იზიდავს. ჯიბეში არცერთი ზლოტი თუ გროში (აქაური ხურდა ფული) არ მიგდია, ისღა დამრჩენია ფეხით გავუყვე გზას ცენტრში მდებარე ჰოსტელისკენ. ვიცი, რომ იეროზელიმსკის პროსპექტზე ვარ, სადაც ოდნავ მოშორებით ქალაქის ცენტრში ვარშავის სიმბოლოდ ქცეული კულტურის და მეცნიერების ლამის ცად აზიდული სასახლე მდებარეობს. როგორც ამბობენ, ვარშავაში ვერ დაიკარგები, რადგან მისი წვერი ორიენტირად დაგეხმარება. თუმცა ისეთი უკუნეთი ღამეა და ზედ ბურუსი ჩამოწოლილი, რომ სტალინის აშენებული ‘რუსული ტორტი’ ჰორიზონტზე საერთოდ არ მოჩანს.

ამ უშველებელ ქუჩაზე სრული სიწყნარეა, ძეხორციელის ჭაჭანება არაა, აქა-იქ მობარბაცე სილუეტებს თუ შენიშნავთ ოდენ. გზად შემხვედრი ბანერები თითქოს აქაურად მეუბნებიან ‘ტუ ნიე სტოკგოლმ’. როდესაც სწორი ნაბიჯით მომავალ სილუეტს მოვკარი თვალი, პირდაპირ მისკენ გავეშურე, რათა დავრწმუნებულიყავი, სწორ გზაზე ვიდექი თუ არა. წარმომიდგენია მისი გაკვირვება, როდესაც შუაღამით სადღაც ოჰოტას რაიონში შემხვედრი უშანკაჩამოფხატებული ადამიანი უცხო ენაზე ეკითხება, ამ მხარეს არის თუ არა მდინარე ვისლა. აი დაახლოებით, გია დანელიას ‘არ დაიდარდოში’ თურქეთიდან მომავალი ევგენი ლეონოვის პერსონაჟი – რუსის სალდათი – რომ კითხულობს თბილისი საითკენ არისო. საბოლოოდ, დაახლოებით 45 წუთში მივაღწიე განათებულ ცენტრსაც და ჰოსტელსაც, რომელიც იმღამით მეპატრონეს ღია დარჩენია მისდა გასაკვირადაც კი. როგორც ჯპს-ით გავარკვიე, იმღამით სადღაც 3,8 კმ მივლია. შეიძლება დიდი ვერაფერი და პირადი რეკორდისგანაც შორს იდგეს ამსტერდამული გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც ერთ დღე-ღამეში ალბათ ქალაქის ყველა ხიდზე მომიწია ფეხის დადგმა.

იმდენად დამზაფრა ვარშავაში დარჩენის პერსპექტივამ, რომ მომდევნო დილას ლამის ხელოვნების დარგად შერაცხული დაგვიანების ჩვეულება გვერდით გადავდე და პრაღისკენ მიმავალი ავტობუსის პლატფორმაზე მთელი ერთი საათით ადრე, პირველი გამოცხადდი. იმ დილით უკვე მტკიცე ნაბიჯებით მოვდიოდი, რადგან უცხო გარემოში მოხვედრის პირველადი სიძნელე (რაც ვარშავაში განსაკუთრებით თვალშისაცემია) გამოვლილი მქონდა და ქალაქს ასე თუ ისე ვფლობდი. გულისჯიბეში ღრმად ჩაკარგული რიგული ბალზამიც გამახსენდა, აბა რატომ უნდა ჩამოვრჩენოდი აქაურებს.

პოლონეთის დედაქალაქს ხელმეორედ ერთი კვირის თავზე ვეწვიე, პრაღა-ვენის ოქროსფერი მოგონებებით დატვირთული. აქეთობისას, ბრატისლავიდან წამოვედი ავტობუსით და გზად ტატრას მთები გამოვიარე. უნდა ითქვას, რომ კომპანია Eurolines ტრადიციულად სამ ფურცელზე ბეჭდავს ბილეთებს, ადგილობრივი Eurolines Polska კი ნახევარ გვერდზე უწვრილესი შრიფტით ახერხებს იმავეს გადმოცემას. ბრატისლავა-ვარშავის და ვარშავა-ვილნიუსის ბილეთები იყო ყველაზე მინიატურული რაც მინახავს, თბილისი-საგურამოს შემდეგ, რომელზეც უბრალოდ ეწერა  რიცხვი 12. ბრატისლავაში მარშრუტის დაწყების წინ მგზავრებს (მგზავრებს რა, მე და სამ პოლონელს) კრუასანები დაგვირიგეს, პოლონეთში კი სადღაც კრაკოვთან თბილი ავტობუსიდან გადმოგვყარეს და ცივ მიკროავტობუსში ჩაგვყარეს. ამასთან ორი საათი ლოდინი მოგვიწია, სანამ კიდევ ერთი ავტობუსი მოვიდოდა, საიდანაც ერთი ხმელი მონგოლოიდი ჩვენთან გადმოსკუპდა.  ლიტვა-პოლონეთში გამართული გრაფიკის ‘სიკეთეებს’ უკვე მიჩვეული ვარ კაუნასური გამოცდილების შემდეგ, როდესაც -9 გრადუსში გათოშილი ორი საათი ველოდე აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსს. როდესაც მძღოლმა ძრავა აარახრახა, ერთ-ერთმა პოლონელმა იკითხა ‘ეს ვერტმფრენია თუ მიკრო-ავტობუსიო’ (მის მიერ წარმოთქმულ მოკლე წინადადებაში ‘ჰელიკოპტერი’ და ‘მინი-ბუსი’ ერია და თუმანს მოვდივარ, თუ თარგმანში ვცდებოდე). იმ პოლონურ ქალაქებში, რომელთა გავლა და სადაც მცირე ხნით გაჩერება მომიწია ორივე გზაზე (ბიალისტოკი, ლოძი, კატოვიცე, ვროცლავი, კრაკოვი, რადომი), ქართული ყოფა გამახსენდა – თვალშისაცემი გაჭირვება ქალაქების ქუჩებში და ყოველ ორ ნაბიჯში შემხვედრი ეკლესიები (კოსტელები).

ვარშავაში ისევ იმ ჰოსტელში გავჩერდი და სიამოვნებით რეკომენდაციასაც გავუწევ – ჰოსტელი ‘ოკი დოკი’, ვარშავის ცენტრი, მარშალოვსკას და სვიეტოკრჟიშკას ქუჩების გადაკვეთაზე, დაბროვსკის ჩიხი. ნამდვილი ვარშავა ყველაზე ნაკლებადაა ზევით ნახსენები თვითმარქვია სიმბოლო – კულტურისა და მეცნიერების სასახლე. სტალინმა ალბათ კატინის ტრაგედიის ასანაზღაურებლად პოლონელ ხალხს აჩუქა მაშინდელ ევროპაში უმაღლესი შენობა, რომლის მშენებლობასაც კი 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივებმა იგი აგებისთანავე შეიძულეს და მას დამამცირებლად ‘სტალინის შპრიცი’ და ‘რუსების საქორწინო ტორტი’ უწოდეს. ნამდვილი ვარშავა ის ქალაქია, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა ლოდების ზღვად აქცია, შემდეგ კი ხალხის საარაკო შემართებამ და ქალაქელობის შეგრძნებამ ყოველი ათიდან რვა მიწასთან გასწორებული შენობა აღადგინა. ვარშავას დიდი ხანია პრეტენზია აქვს გაცხადებული ‘აღმოსავლეთის პარიზის’ საპატიო წოდებაზე და ყველაფერში წარმოსახვით დას ბაძავს. ჭეშმარიტმა ვარშაველებმა მოპასანის მოსწრებული გამოთქმა ეიფელის კოშკზე საკუთარ ტყავზე გადმოიტანეს და განაცხადეს, რომ მშობლიური ქალაქის ყველაზე ლამაზი ხედი სტალინის სასახლიდან იშლება, რადგან მხოლოდ აქედან არ მოჩანს იგი. ქალაქის ცნობილი ჰიმნი ‘ვარშავიანკა’ ფრანგის დაწერილია და რევოლუციური სიმღერა ‘La Varsovienne’ მგზნებარებით მარსელიეზას მოგვაგონებს. ვარშავის გეტოს 43 წლის აჯანყებაც ისეთივე რომანტიკული ელფერის და დაუმონებელი ხალხის გმირობის საამაყო შემახსენებელია, როგორიც 71 წლის პარიზის კომუნის ისტორიია. ბისმარკის არ იყოს, პოლონელები ხომ პოლიტიკაში პოეტები არიან და პოეზიაში პოლიტიკოსები. მე თუ მკითხავ, ყველა დროის უდიდეს მეამბოხეებს შორის ერთნაირად იყვნენ ადამ მიცკევიჩიც და ფრედერიკ შოპენიც, რომლის რევოლუციურ ეტიუდს კიდევ დიდ ხანს მოისმენთ ვარშავის ცენტრის შენობებიდან (მე გამიმართლა და წილად მხვდა ბედნიერება). შოპენიც პარიზს ეტრფოდა, თუმცა მისი გული სამუდამოდ ვარშავაში რჩებოდა. ახლაც კი მისი სხეული პერ ლაშეზზე განისვენებს, გული კი ვარშავის სხვებისგან არაფრით გამორჩეულ, წმინდა ჯვრის ეკლესიაში სამუდამოდაა დაბრძანებული.

ვარშავა შოპენის, შპილმანის და რომანსების ქალაქია, სხვაგვარად შეუძლებელია აქ დაიბადო და მუსიკას არ ეტრფოდე. როდესაც  ძველ ვარშავაში ხეტიალით სასიამოვნოდ დავიღალე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში (სტარე მესტო) მტრედების გარემოცვაში სკამზე მოვკალათდი და ყველა მხრიდან გარშემორტყმულმა შენობების ფასადების ფოტოზე გადატანა გადავწყვიტე. ამასობაში იქვე, წმინდა ქალაქურად გამოწყობილი მოხუცი კაცი არღანზე მელოდიების შესრულებას აგრძელებდა, რეპერტუარში კი ლოგიკურად უფრო აქაური სიმღერები სჭარბობდა. ჩხაკუნის და ზუმირების პროცესში ყურს განსხვავებული ჰანგები ეუცხოვა და გონებაში წამით გამიელვა აზრმა, რომელზეც იქვე ჩამეცინა. თუმცა არა, რამდენიმე წამიც და ჩემი ეჭვი დადასტურდა, მეარღნე სულიკოს მელოდიას ასრულებდა თავიდან ბოლომდე! წმინდა ჟედიმინასის მადლმა, თუ ოდნავ ვაჭარბებდე. არ ვიცი სახეზე რა მეწერა, ალბათ ისევ გია დანელიას ’არ დაიდარდო’ რომ გავიხსენოთ, სერგო ზაქარიაძის გმირის გამომეტყველებას მივიღებდი, ’შენ ხარ ვენახს’ რომ მოასმენინებენ.

ყველაზე ბანალური ტურისტი ვიქნები და ვიტყვი, რომ ’მე მიყვარს ვარშავა’ . თუნდაც ერთი ამოჩემებული ვიწრო ქუჩა ’კოზიას’ გამო, რომელიც მრავალი მხატვრის შთაგონების წყაროს – კრაკოვსკის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ შთამბეჭდავ  ქუჩას – შეუმჩნევლად გამოეყოფა და ოლიმპიურ სიმშვიდეში გეპატიჟება. იგი იმდენად პატარაა, რომ მხოლოდ ადგილობრივთ თუ ეცოდინებათ მისი არსებობის შესახებ. მხოლოდ იქ გასასვლელად მიღირს ვარშავაში კიდევ ერთხელ ჩასვლა.

მხოლოდ ფოტო 2

ფოტო 1989 წლის მშფოთვარე პრაღაშია გადაღებული, ხავერდოვანი რევოლუციის ერთ–ერთი დემონსტრაციის დროს. დიდი ბელადის ბიუსტზე ჩამოკიდებული ფირფიტა გვამცნობს “Nič Netrvá Večne” – “არაფერია მარადიული”.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.