ბერლინზე და არა მხოლოდ, II

(ნაწილი მეორე)

რაიხსტაგიდან ტირგარტენის ტყე–პარკის გასწვრივ ებერტშტრასეს ჩავუყევი სამხრეთისკენ და პოტსდამის მოედანზე (Potsdamer Platz) გავედი. მეორე მსოფლიოს დაბომბვების შემდეგ მოედანი ქვა–ღორღის უშველებელ სასაფლაოდ იყო ქცეული, ცივი ომის დროს კი კედლისპირა ნეიტრალურ ზონად გადაიქცა. შეიძლება გახსოვდეთ  პოტსდამერ პლატცის შემაძრწუნებელი უდაბურება ვიმ ვენდერსის 1987 წლის ცნობილი ნამუშევრიდან „ცა ბერლინის თავზე“. დღეს კი მოედანი მეტროპოლისის გული და XXI საუკუნის არქიტექტურის ნამდვილი სამკაულია. აქ ცენტრალური ადგილი უჭირავს შუშისა და მეტალის გოდოლივით აღმართულ მუდმივად ღია სონის ცენტრს. მის გვერდით დაიმლერ–კრაისლერის უზარმაზარი კომპლექსისთვის დათმობილია ცალკე უბანი, აქ მდებარეობს პოტსდამერ პლატცის თეატრი, სადაც ყოველი წლის თებერვალში მოხვედრა ნებისმიერი სინეფილის თუ უბრალოდ კინომოყვარულის ოცნებაა. მარლენ დიტრიხის ხსოვნისადმი მიძღვნილი თეატრს ამ დროს გადაერქმევა ხოლმე სახელი და ათი დღით ეწოდება „ბერლინალეს სასახლე“.

ამგვარ კომერციულ ცენტრთან შორიახლოს ტირგარტენის რაიონში მდებარეობს ბერლინის კულტურფორუმი, რომელიც რამდენიმე მუზეუმს, ბერლინის ფილარმონიას, სახელმწიფო ბიბლიოთეკას და სხვა კულტურულ დაწესებულებებს მოიცავს. ჩემთვის დანიშნულების ადგილი ბერლინის სამხატვრო გალერეა (Gemäldegalerie) იყო, რომელიც ძველი ევროპელი ოსტატების (კარავაჯო, რაფაელი, ჯორჯონე, ტიციანი, პიტერ ბრეიგელი, ვან ეიკი, რემბრანდტი, რუბენსი, ვერმეერი, ჰალსი, დიურერი, კრანახი, ჰოლბეინ–უმცროსი, რეინოლდსი, გეინსბორო) ნამუშევრების მდიდრულ კოლექციას თავს უყრის. ბოტიჩელის „ჯულიანო მედიჩის პორტრეტს“ ცქერისას იმდენად ახლოს მივუახლოვდი, რომ ტილოს ცხვირითაც შევეხებოდი დაცვის თანამშრომელს რომ არ შეემჩნია დროულად. აგრეთვე ალბრეხტ დიურერმა ფუნჯით იმგვარად გამოსახა თავისი მეგობრის, ნიურნბერგის მერის, ჰიერონიმუს ჰოლცშუერის სახე, რომ მისი წვერი უაღრესად ბუნებრივად და ტილოზე დადებულ ფენად მომეჩვენა.

სამხატვრო გალერეამ ფიზიკურად და სულიერად საკმაოდ მომქანცა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გზა გამეგრძელებინა მოგზაურობის სხვა წერტილებისკენ. პოტსდამის მოედნიდან ლაიპციგერშტრასეთი გავაგრძელე გზა და ერთ–ერთ გადამკვეთ ქუჩაზე ჩრდილოეთისკენ ავიღე გეზი, რათა ქალაქის ორი გამორჩეული მოედანი მომენახულებინა. პირველი ჟანდარმენმარკეტია, რომელიც დეკემბერში ერთ–ერთ უმთავრეს საშობაო ბაზრობად გადაიქცევა ხოლმე. იგი კონცერტჰაუსს, შილერის მონუმენტს და ლამის ტყუპისცალ ორ კათედრალს – გერმანულს და ემიგრანტი ჰუგენოტების აგებულ ფრანგულს – ერთ კომპლექსში აქცევს. უფრო ზევით მდებარეობს ბებელპლატცი, სადაც ჩემი მოკლე ჭკუით ყველაზე მეტად იგრძნობა ბერლინისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი სოლიდურობის და გრანდიოზულობის განცდა. სხვაგვარი შეგრძნება შეუძლებელიც კია, როდესაც სახელმწიფო ოპერის, უნივერსიტეტის, ძველი სასახლის, წმინდა ჰედვიგის კათედრალის მონუმენტური შენობები და ფრიდრიხ დიდისა და ალექსანდრე ჰუმბოლდტის ძეგლები ერთბაშად დაგცქერიან. ბებელპლატცის ქვაფენილზე შეიძლება მოულოდნელად ფეხი დაადგათ შუშის მემორიალს, საიდანაც თითქოს ცეცხლის ალი ამოდის. აქ, ამ ადგილას, 1933 წელს ნაცისტებმა აუტოდაფე მოუწყვეს და საჯაროდ დაწვეს თომას და ჰაინრიხ მანის, რემარკის, ფოიხტვანგერის, ბრეხტის და სხვა „დეკადენტ“ ავტორთა წიგნები. მცირე ხანში, საზარელი სიცხადით გამართლდა ერთ–ერთი „მსხვერპლის“ ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვები: „იქ, სადაც წვავენ წიგნებს, მალე ადამიანებსაც დაწვავენ“.

ბებელპლატცი პირდაპირ უერთდება ცენტრალურ პროსპექტს, უნტერ დენ ლინდენს. აქედან მდინარე შპრეეზე არსებული ბერლინის ყველაზე განთქმული ხიდით – შლოსბრუკეთი – მუზეუმების კუნძულზე გადავედი. ქალაქის ამ ნაწილში თითქმის ყველა შენობა მუზეუმია, რომლებიც ერთმანეთში ვერ იყოფენ ნეფერტიტის ბიუსტს და მას ხან ერთში გადაარბენინებენ, ხან მეორეში. დროის სიმწირის გამო ვარჩიე უმთავრესი მათგანი – პერგამონის მუზეუმი – საფუძვლიანად დამეთვალიერებინა, ვიდრე რამდენიმე ზერელედ. აქ ვიზიტისას გამიქრა სასიამოვნო დაღლილობა და დაუზარებლად ავირბინე პერგამონის ათენას ტაძრის კიბეები. მუზეუმში უმდიდრესი აღმოსავლური და ანტიკური კულტურის კოლექციაა, ასურულით, ბერძნულით, რომაულით, კავკასიურით, არაბულით, სპარსულით შემდგარი. ბაბილონის იშთარის კარიბჭის პირველი ხილვისას ლამის ჰულაგუ ყაენივით მოვიქეცი, როდესაც მან ალამუთის ციხე–სიმაგრის დანახვისას ნეკზე იკბინა. მიჭირს არ გამოვიყენო გაცვეთილი ფრაზა, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ იშთარმა მომხიბლა ბერლინში ყველა ჭიშკარზე მეტად, ბრანდენბურგის ჩათვლით. გრჩება შთაბეჭდილება, თითქოს შესასვლელის კედლებზე გამოსახული ლომების რაოდენობა  უსასრულოა და ისინი საპროცესიო გზის გავლისას თან მოგყვებიან.

აქედან გამოსულს უკვე გვარიანად დაბნელებული საღამო ხანი დამხვდა და საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ – ცენტრალურ სადგურ ალექსანდერპლატცისკენ (ხალხურად – ალექსი) გავეშურე. მისი მიგნება ყოველგვარი რუკის გარეშედაც იოლია, რადგან ზუსტად მის წინაა აღმართული ბერლინის სატელევიზიო ანძა ან როგორც გერმანელები საოცარი მსგავსების გამო უწოდებენ  – ‘კბილის საჩიჩქნი’. დღე დავასრულე აქაურ კაფეში ზომიერი ვახშმით, ნატურალურ წვენს მიყოლებული საკმარისად ნოყიერი ბერლინური ფუნთუშებით. ალექსანდრეს მოედანზე არსებულ კაფეში ვიფიქრე, რომ სამწუხაროდ თითქმის დასასრულს მოახლოებოდა ჩემი ბერლინური ვოიაჟის დღე, მრჩებოდა მხოლოდ სასტუმროს და აეროპორტის მიმართულებით აღმოსავლეთ ბერლინში მეტროთი მგზავრობა . თუმცა მოგზაურობა იმიტომ მიყვარს, რომ შოკოლადის ყუთივითაა – არასოდეს იცი, რა შეგხვდება.

დაუვიწყარი მოგზაურობა ბელგია–ჰოლანდიაში წინ და უკან, III-IV

(ნაწილი მესამე და მეოთხე)

ჰერენგრახტი, კაიზერსგრახტი, პრინსენგრახტი, რეგულირსგრახტი – არასრული ჩამონათვალია იმ არხების, რომლის გადაჭრა მომიწია ამსტერდამის ხიდთა მეფის მაგერ ბრუგის სანახავად. საკუთარ თავს არ ვაპატიებდი ისე წავსულიყავი აქედან, აქ ფეხი არ დამედგა. ტურისტებს უყვართ პოზიორობა ხიდის ხედის ფონზე, თუმცა ძირითადად ვერ იმახსოვრებენ მის სახელს. ალბათ ამიტომ ცოტათი გამიჭირდა ამ ხიდის მოძებნა, ხელსაც ვერ ჩავიქნევდი შუა გზაში, სხვა თუ არაფერი უკვე პრინციპის საქმე ხდებოდა. ის–ის იყო შემდეგ ხიდზე გადასვლისას კვლავაც უნდა მეკითხა მისი ადგილმდებარეობის შესახებ, რომ მოულოდნელად უკნიდან მომესმა ჰოლანდიელი კაცის მჭახე ხმა: მახერ ბრუხ! მეც უმალვე თვალებში გავიხედე, მოვავლე მზერა ხიდს და დავრწმუნდი. ცხადია, ეს ის იყო, ხიდთა მეფე, მეფეთა ხიდი. ახლა რომ ვუფიქრდები, ხიდის ნახვაზე მეტად საკუთარი ცნობისმოყვარეობის ჭიის დაკმაყოფილებამ ალბათ უფრო მომგვარა სიამე.

ამის შემდეგ მოახლოებოდა დრო გამგზავრებისა, მრჩებოდა ცენტრალური სადგურისკენ მსვლელობისას უბრალოდ გამევლო წითელი ფარნების უბანში (შენიშვნა მამრი მკითხველისთვის: 15–20 წუთიანი აღებ–მიცემა ღირს 50 ევრო, თუმცა ხელის ყოველი უხეში მოძრაობით ფასი კოლოსალურად იზრდება). აქ რუკის დაუხმარებლადაც შეიძლებოდა მისვლა, ახალგაზრდების ქარავანი ისედაც ამ ქუჩისკენ უხვევდა. არც კი მინდოდა ფიქრი, თუ რამდენ რამეს ვტოვებდი უნახავს. საბოლოოდ მივედი ცენტრალურ სადგურში და გამოვბრუნდი უკან, გავაცდინე ავტობუსი ბრიუსელისკენ. რა მექნა, არ შემეძლო ბოლომდე არ შემესწავლა ამსტერდამი. იმ დღეს მივადექი ვან გოგის მუზეუმს, ტრადიციულად შევსანსლე ჰოთდოგი შესვლის წინ, პირდაპირ ცეცხლი ეკიდა ვინსენტის ნახატებს, საკუთარი ხელები ღრმად ჩავიწყვე ჯიბეში, არ მინდოდა მათი უუნარობა მეხილა. მოვიარე მთელი ქალაქი, გავცდი ცენტრს, ფეხდაფეხ შევუყევი ხიდებს დასავლეთის არხებიდან აღმოსავლეთისკენ ცენტრალურის გავლით. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც, როდესაც ღამის გასათევზე ფიქრი გონებამ დღის წესრიგში დააყენა, უბრალოდ ავიხედე და ბევრიც აღარ მიფიქრია მასზე. იმ დროს ზუსტად ისევ რეიკსმუზეუმის შესასვლელთან ვიდექი, ჩემს წინ კი მყუდრო მუზეუმის ჰოტელი აღმართულიყო. ვარჩიე 20 ევროთი მეტი გადამეხადა და ღამე გამეტარებინა ამსტერდამის ერთ–ერთ ისტორიულ სახლში, ვიდრე 18 კაცთან ერთად ბინძური ოთახი მეზიარა რომელიმე ახალგაზრდულ ჰოსტელში.

სასტუმროს ერთადერთი მომსახურე პერსონალი თავად მეპატრონე აღმოჩნდა, იგი შუა ხნის ასაკის სასიამოვნო გარეგნობის ჰოლანდიელი ქალბატონი იყო, რომელსაც მუდმივად ფინია ძაღლი თან დაყვებოდა. ვფიქრობ, სასტუმროს სიგრძე ბევრად სჭარბობდა სიგანეს, რადგან ოთახებისკენ მიმავალი კიბეები მორის ეშერის ნახატებივით თითქოს არ სრულდებოდა და სულ ზევით და ზევით ადიოდა. ბედად ერთადერთი თავისუფალი ნომერი იყო დატოვებული, ისიც ერთკაციანი. არასოდეს დამავიწყდება გარემო, სასადილო ოთახი ძველებურად ხეში ჩასმული, კედლები გრავიურებით და რეპროდუქციებით სრულად დაფარული, კლასიკური მუსიკის ჰანგები, თითქოს ვერმეერის გოგონა უკრავდა ვერჯინელზე. აქვე ბუხარიც ენთო, ძაღლი ბურთს ეთამაშებოდა. ჩემი ოთახის ფანჯარა კი პირდაპირ რეიკსმუზეუმს უყურებდა, რომლის ცენტრალურ კედელზე გაენათებინათ ვერმეერის „მერძევე ქალის“ უზარმაზარი გამოსახულება. როდესაც ანგარიშს ნაღდი ფულით ვასწორებდი, რადგან ბარათით ზედმეტი 5 %–ით მეტის გადახდა უწევდა, დამაკლდა ხუთი ევრო. ჩავიყავი ჯიბეში ხელი და იქიდან მუჭით ამოვიღე ჩარჩენილი ხურდები. ერთად ვეძებდით ევროცენტებს სხვადასხვა ზომის თუ წონის ევროპულ მონეტებში, რომელიც ყველა ერთი მეორეს ჩამოჰგავდა. საბოლოოდ 2,60 ევრო შევაგროვეთ, დანარჩენი დიდსულოვნად მაჩუქა. სამაგიეროდ ლამაზი შვედური 5 კრონიანი გადავეცი, მითხრა, რომ ამას ვერაფერში გამოიყენებდა, მხოლოდ აფრიკელი ბავშვების დასახმარებელ ყულაბაში თუ ჩააგდებდა. „დორლინგ ქინდერსლის“ გზამკვლევი გამომართვა და უიმედოდ შეუდგა საკუთარი სასტუმროს ძიებას ჩამონათვალში. ჩვენს შორის საუბარი უკვე შემდგარი იყო, როდესაც ჩაი შემომთავაზა. ღმერთო ჩემო, ახლაც თვალწინ მიდგას ეს სცენა, ჩაის დასხმისას იგი თავად წააგავდა ვერმეერის „მერძევე ქალს“.  გამოირკვა, რომ მე პირველი ქართველი არ ვიყავი ამ სასტუმროში. მას ჰყოლია ქართველი მოახლე, რომლის შემცვლელს ახლაც ეძებდა, მოახლე აქ გათხოვილა და მის ქორწილს აქაურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დასწრებია კიდეც. ჩემი მხრივ მოვახსენე, რომ ამსტერდამი ჩემი მოგზაურობის რიგითი გაჩერება იყო და მთელი დღის დაუღალავი სიარულის შემდეგ მოხიბლული ვიყავი მისით. ამაზე მომიგო, რომ ასეთი ერთი დღე ძალიან მძიმე იქნებოდა თვალებისთვის. ისღა მრჩებოდა მადლობა მეთქვა გამასპინძლებისთვის და ბრიუსელში დასაბრუნებელ გზაზე მეზრუნა.

უკვე კარგად შესწავლილი გზით ღიღინით დავადექი რამდენიმე კილომეტრიან გზას ცენტრალური სადგურისკენ. გზაში მოხარული ვიყავი, რომ ამსტერდამში გადავწყვიტე დარჩენა და ბრიუგე გადავდე სულ–სულ ბოლოსთვის. ღმერთს მადლობას ვწირავდი გაცოცხლებული ტილოებისთვის, იმ მომენტში საერთოდ აღარ მახსოვდა, თუ რა ხანი ვუმზერდი გუშინ ჰიერონიმუს ბოსხის „წმ. ანტონის ცდუნებას“. ამგვარ განწყობაზე მივედი სადგურში და ბრიუსელისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთი ვიკითხე. ამაზე სალაროდან მომესმა, რომ თუ ეს დღეები ხუთშაბათამდე ბელგიასა და საფრანგეთში გამოცხადებული იყო მუშების საყოველთაო გაფიცვა და ყოველი  რეისი უქმდებოდა. მეორე სალაროს მივადექი, ვიფიქრე, ეტყობა რაღაც შეეშალათ, დღესაც  კი ჩემი თვალით ვიხილე განრიგი, ამსტერდამიდან ბრიუსელისკენ ლამის ყოველ საათში მიმავალ მატარებელს რომ იტყობინებოდა. იქაც იგივე გამიმეორეს. რამდენიმე წუთი შევეცადე არ მეფიქრა, შემდეგ კი ერთბაშად შემომაწვა აზრები. მუშების გაფიცვა ნიშნავდა ზღვა ხალხის გადართვას ავტობუსებზე, რომლებზეც წინა დღისით უკვე მთავრდებოდა ბილეთები, აგრეთვე ნიშნავდა საქვეყნოდ ცნობილ საცობს ბრიუსელის შესასვლელში. საბოლოო ჯამში კი ჩემს დაგვიანებას ჯერ შარლერუას აეროპორტის შატლზე, შემდეგ კი თვითმფრინავის რეისზე და დარჩენას ამსტერდამში გაურკვეველი ხნით.

მივადექი იმას, რისი მხოლოდ მხოლოდ გახსენებაც კი მზარავს – შუა ღამის გზა სადგურიდან სასტუმრომდე. არასოდეს ისეთი დაბნეული არ ვყოფილვარ, როგორც სადგურიდან გამოსვლისას. ვერცერთ ქუჩას ვეღარ ვცნობდი, რუკა შემოიფლითა წამდაუწუმ შემოწმებისას, დილიდან სიარულში მყოფი რაღაც არაადამიანურად ვგრძნობდი თავს დაღლილად, გზა ჩანდა უსასრულო. ღამით უფრო მეტი შემოვიარე, ვიდრე მთელი დღე ხეტიალისას, მერე შევნიშნე, რომ რუკაზე დატანილ ქუჩებსაც ვიყავი გაცდენილი. ადამიანის ჭაჭანება არ იყო არსად. მერე შევნიშნე, რომ თურმე ანა ფრანკის სახლსაც ჩავუარე რამდენჯერმე. ახლაც გულისრევის შეგრძნება მეუფლება მხოლოდ ღამის ამსტერდამისთვის დამახასიათებელი სუნის გახსენებისას. თვით არხები და ხიდები, რამაც ასე მომხიბლა დღისით, ჩაბნელებული ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა. განუწყვეტლივ ვიმეორებდი 129–ე ფსალმუნს „სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ უფალოს“ (De Profundis), იგი ყოველთვის მაძლევდა სულიერ სიმტკიცეს, თუმცა ახლა ისიც ვერაფრით მეხმარებოდა. ვერიდებოდი წყალში ჩახედვას, მათში არეკლილი აჩრდილები, აჩრდილები. ტელეფონზე ამოწურული ბალანსი, ვერავისთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდი, თავს ვგრძნობდი იოსებივით თვისტომთაგან მიტოვებულად და იობივით უბედურებისთვის განწირულად. თანდათან აუტანელი ხდებოდა კვლავ დაბრუნებული ფიქრი, რომ ეს მოგზაურობა რაღაც მხრივ იქნებოდა უკანასკნელი. შინაგანი დემონი კეთილი განზრახვებით მირჩევდა, რომ სანამ რამეს გადავწყვეტდი უკანასკნელი ფული შემეწირა წითელ ფარნებში ბაბილონურად ჩაკარგვაში. გამახსენდა გუსტავ ფონ აშენბახი, თომას მანის ნოველის „სიკვდილი ვენეციაში“ მთავარი პერსონაჟი. შეიძლება განმეორებულიყო ამბავი, ამსტერდამიც ხომ ვენეცია იყო, ოღონდ ჩრდილოეთის. საიდანღაც შემომეფეთა ამერიკელი წყვილი, რომლებიც ღია საკვები ობიექტის ძებნაში დაკარგულიყვნენ, მე პასუხად ვლუღლუღებდი „ნოუ, ნოუს”, თითქოს წუთიერად დამვიწყებოდა ენა. ისინი ისევე გაუჩინარდნენ, როგორც გამოჩნდნენ. ზოგჯერ საიდანღაც მესმოდა სიცილი, შეიძლება არც იცინოდა არავინ. გონებაში ამომიტივტივდა ბოსხის გრანდიოზული ტილო „წმ. ანტონის ცდუნება“, თითოეულ დეტალს რომ ჩავკირკიტებოდი გუშინ. თვალების დახუჭვის დროსაც წინ მედგა მისი პერსონაჟები, ყველგან ვლანდავდი მათ. არც ვიცი როდის, მაგრამ მთელი სისრულით სხეული უკვე მთლიანად დამორჩილებოდა აუტანელ შიშს. მთელი ცხოვრება დამიდგა თვალწინ, ვცდილობდი მეფიქრა მხოლოდ კარგზე. მივხვდი, როდის და სად ვიყავი ყველაზე ბედნიერი.

და ბოლოს, როგორც იქნა, ყველაზე უცნობი მხრიდან მივაღწია სასტუმროს. გავაღვიძე სასტუმროს მეპატრონე და პირველი სიტყვები, რაც მითხრა იყო – „ღმერთო ჩემო, ჩაიხედე სარკეში, მოჩვენებას ჰგავხარ!“ კარგად ვიცი, რასაც გულისხმობდა – მე თავად ვგავდი ბოსხის ტილოდან გადმოსულს. ჩემი თხოვნის შემდეგ, მათხოვა საკუთარი ლეპტოპი და მე ხმა მივაწვდინე ჩემთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს, სოციალურ ქსელში საჯაროდ დავწერე ჩემს შესახებ. შეიძლება ვინმემ ეს პანიკად აღიქვა, მაგრამ მაშინ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი დამკავშირებოდა ვინმე, ხმა გაეცა ჩემთვის. იმ ღამით სულ სამი საათი მეძინა, აქედან ყოველ საათს მეღვიძებოდა. შემდეგ დილას ადრიანად მივადექი სასტუმროს მეპატრონეს საუზმისთვის. გამომკითხა თუ როგორ იყო ამბები ამჯერად, დამისხა მწვანე ჩაი და საუზმედ დამახვედრა მოხარშული კვერცხი, შებოლილი ბეკონი, ჰოლანდიური ყველი, ორივე სახის აქაური პური, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი. დიდებულად მორთულ სასადილო ოთახში, საიდანაც კვლავაც ჩანდა ვერმეერის „მერძევე ქალი“ შევეცადე მცირე ხნით მაინც გამეთიშა გონება და დამეჭირა წამი. არ მეფიქრა თუ იმ დღის ბოლოს სად ამოვყოფდი თავს. ხუთი წუთით ისევ ჩავისუნთქე ჩემი ამსტერდამი, შემდეგ მადლობა მოვახსენე ქალბატონს და დავემშვიდობე.

გავემართე Eurolines ავტობუსების ცენტრალური ოფისისკენ. როგორც ვვარაუდობდი, იმ დღისით ყველა ბილეთი გაყიდული იყო ბრიუსელისკენ, ისევე როგორც ბელგიის სხვა ქალაქებისკენ. მრჩებოდა ხავსს მოვჭიდებოდი, იქნებ რომელიმე ჭკუათმყოფელს უარი ეთქვა მგზავრობაზე და გაეუქმებინა ბილეთი, ამ შემთხვევაში მე ვიქნებოდი დადარაჯებული მას. აქ საათობით მომიწია გაჩერება, ყოველ 15 წუთში ვაწუხებდი თანამშრომლებს ერთადერთი კითხვით – უეცრად ხომ არ გამოჩენილიყო ბილეთი. ამან წყობიდან გამოიყვანა ერთი ქალბატონი, რომელმაც მკაცრი ტონით მომახალა, რომ ყველას სურდა ბრიუსელისკენ წასვლა, მაგრამ მატარებლების გაფიცვის გამო სავარაუდოდ არავის მოუვიდოდა თავში ბილეთის გაუქმება. მას რეალურად უნდოდა დახმარება, მაგრამ სწუხდა, რომ ვერანაირად ვერ წავიდოდი ბელგიაში. ამასობაში გავუშვი სამი ავტობუსი, ბილეთი კი კვლავ არ ჩანდა. რამდენიმე საათის შემდეგ ბევრ ჩემნაირ დღეში მყოფს მობეზრდა ლოდინი და მიატოვა სადგური. მე კვლავ განვაგრძობდი Eurolines თანამშრომლების შეწუხებას, ბოლოს ერთმანეთში მოილაპარაკეს, რომ თუ რამე გამოჩნდებოდა, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ ჩემთვის, ყველაზე აბეზარი უცხოელისთვის. ბოლო ავტობუსი გადიოდა სამს რომ დააკლდებოდა 15 წუთი. ოცი რომ აკლდა, არავინ იხედებოდა ჩემკენ, ყველა ქაღალდებში იყო ჩაფლული და მე უკვე ფიქრებში წასული ვაწყობდი გეგმებს, თუ როგორ წავსულიყავი შინ. ამსტერდამიდან ყველაზე შორს ავტობუსი პოლონეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბიალისტოკში ჩადიოდა, აქედან ახლოს იყო ბალტიისპირეთი და „საკუთარ ტერიტორიაზე“ მოხვედრით ადვილად გავიგნებდი გზას ტარტუსკენ. პრობლემა ის იყო, რომ უახლესი ავტობუსი მხოლოდ ორი დღის შემდეგ გადიოდა და წარმოდგენა არ მქონდა ამდენ ხანს სად დავრჩენილიყავი აქ, ამსტერდამში. და მოხდა დაუჯერებელი რამ, სამი წუთით ადრე, ამომხედა ერთ–ერთმა თანამშრომელმა, მე ინსტიქტურად წამოვდექი და უკანასკნელად გავუმეორე კითხვა. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა სანატრელი პასუხი მოვისმინე. სამი წუთით ადრე რომელიღაც დალოცვილი მგზავრი არ გამოჩენილიყო და თავისუფალი იყო ერთი ბილეთი ბრიუსელისკენ. იმ მომენტში მზად ვიყავი სათითაოდ გადავხვეოდი Eurolines–ის ყველა თანამშრომელს, თუმცა ამის დროც აღარ იყო, ავტობუსი უკვე გადიოდა. მახსოვს, როგორ მოვავლე თვალი თანამგზავრებს, ყველა ადგილი იყო შევსებული, მხოლოდ ერთადერთი უცდიდა თავის პატრონს. ჩავესვენე ჩემს კუთვნილ ადგილას და მოულოდნელად სიამოვნებისაგან გამეცინა, გამეცინა ხმამაღლა.

გზად ჩავუარეთ ჰააგას, როტერდამს, ვერმეერის მშობლიურ დელფტს, ბოსხის მშობლიურ ჰორტეგენბოსხს. ვიხილე ტრადიციული ჰოლანდიური პეიზაჟები გაშლილი ველების და წისქვილების თანხლებით. გაცოცხლდნენ ფერწერული ტილოები, რომელთაგან უფრო იაკობ ვან რეისდალი დალექილიყო გონებაში. ბელგიაში ჩასვლისას შევიარეთ რუბენსის მშობლიურ ანტვერპენში, ნახევარი საათი გაჩერდა ავტობუსი ქალაქის ცენტრში და ადგილობრივი შოკოლადების შეძენაც მოვასწარი ამ დროს. ამის შემდეგ მძღოლმა ახსენა სავარაუდო საცობი ბრიუსელის შესასვლელთან, რომლის ხსენებაზე უმალ გამახსენდა ხულიო კორტასარის „სამხრეთის გზატკეცილზე“, სადაც აღწერილია ყოველდღიური რუტინული ცხოვრება საცობის ფონზე. ამის მიუხედავად, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყოველივე ცუდი უკან მქონდა მორჩენილი და მშვიდობიანად დროულად ჩავაღწევდი ბელგიის დედაქალაქში. ასეც მოხდა, არავითარი შეფერხება არ ყოფილა შესვლისას. უკვე როცა აეროპორტის შატლი ჩამოვიდა რუ დე ფრანსეზე, სამხრეთის სადგურთან, პირველი იქიდან კომიკური შესახედაობის დაბალი და მსუქანი არაბი ჩამოხტა. კვლავ ვეღარ შევიკავე სიცილი, როდესაც კარებთან ატუზულს მკითხა: ბრიუსელში ვარ?

არც ვიცი, რამდენჯერ შევამოწმე თვითმფრინავის ბილეთი შარლერუას აეროპორტში, ალბათ ყოველ 7–10 წუთში ერთხელ ვისინჯავდი გულისჯიბეს. ვერ ვიჯერებდი, რომ ყოველივე კარგად სრულდებოდა. შემდეგ დილას უკვე ყველაფერი რიგზე იქნებოდა რიგაში. სწორედ აქ, რიგაში, მოვითქვი სული და და საბოლოოდ დავმშვიდდი. ტრადიციად მაქვს გადაქცეული რიგაში ჩასვლისას ყოველთვის ვიყიდო აქაური სასიამოვნო დასალევი ბალზამი, მცირე რაოდენობის ცხადია, ფაქტობრივად რამდენიმე ყლუპი თავის განუმეორებელ პატარა ბოთლში. ამით რიგულ არომატს გრძნობ და თავადაც ჩათბილულად ხარ ცივ ქალაქში. რიგის ქუჩებში სიარულისას მწყობრში მოვიყვანე აზრები, დავალაგე ერთმანეთში აბურდული შთაბეჭდილებები, დავწყნარდი. გამახსენდა ერთი მომენტი მოგზაურობიდან, როდესაც ამსტერდამში ქართულ ოჯაშში ერთი ღამე დარჩენისას დილით მცირე ხნით ვეთამაშებოდი ოჯახის ყველაზე მცირეწლოვან წევრს – 5 წლის მიას, რომელსაც საქართველო ჯერ არ ენახა. რამდენიმე თამაშის შემდეგ თავადაც პატარა ფერია მია ფერიის კოსტუმში გამოეწყო და მითხრა, რომ თავისი ჯადოსნური ჯოხით ყველა სურვილს შემისრულებდა, რასაც კი ვეტყოდი. პასუხზე არც კი დავფიქრებულვარ, ისე წარმოვთქვი სიტყვები – სახლში მინდა. დიახ, ასე იყო ნამდვილად. ყველაფერს მივცემდი, ისევ რიგაში ვყოფილიყავი რეისის მოლოდინში, ოღონდ 2011 წლის 30 იანვარს და წამოვსულიყავი სახლისკენ, ნამდვილი სახლისკენ.

ჩემთვის ეს მოგზაურობა იყო მთელი ცხოვრება, ჩატეული რამდენიმე დღეში. არც ვიცი, გამოვცდი თუ არა ისევ იმავეს როდესმე. იქნებ ამით იყო იგი უკანასკნელი.

დაუვიწყარი მოგზაურობა ბელგია–ჰოლანდიაში წინ და უკან, II

(ნაწილი მეორე)

17 ოქტომბერი, საღამოს ექვსი საათი, ბრიუსელი, გრან–პლასი. უკვე გემო გავუსინჯე აქაურ ვაფლს შოკოლადში ამოვლებული მარწყვებით, ერთი ამოსუნთქით გამოვცალე ბერების შექმნილი თაფლისფერი ლუდი შიმე, ჩავიხედე რემბრანდტის თვალებში, დიდხანს ვუკირკიტე ბოსხის და ბრეიგელის ტილოებს, იმდენად დიდხანს, რომ იქვე დალის „წმ. ანტონის ცდუნების“ არსებობა მიმავიწყდა, სუნთქვა შემეკვრა წმ. მიშელის და გუდულას კათედრალის ხილვისას, თავბრუ დამეხვა გრან–პლასზე მოხვედრისას. ბრიუსელი ორენოვანი ქალაქია, ყველაფერს ორნაირი სახელი აქვს, გრან–პლასიც ზოგისთვის გროტე მარკეტია. იქნებ ამიტომაც გაორებული გრძნობა მეუფლება. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, ნამდვილად ეს მინდოდა კი ამ მოგზაურობისგან თუ არა, შემემატა რამე, გავიზარდე ცოტათი მაინც? კი, მაგრამ სად არის ნამდვილი თავგადასავალი, რომლის მოლოდინშიც მთელი ამდენი ხანი გავატარე? სურვილი არ მიჩნდება ფოტოზე გადავიტანო ნანახი ბრიუსელი. რისთვის უნდა გადავიღო, მე ხომ ვიცი, სადაც ვარ, სხვებს დავუმტკიცო? იქვე მივხვდი, რომ ფოტოებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებდი, არამედ ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, თუნდაც უბრალოდ ნაცნობებისთვის, ისინი ყველა ერთად ჩემს მიკრო–სამყაროს შეადგენენ. მათ არ იციან სად ვარ, როგორ ვარ და ეს გადაღებული ფოტოები ერთადერთი პასუხი იქნება ამგვარ კითხვებზე. გრან–პლასზე მივხვდი, რომ ჩალის ფასი აქვს მარტო ამ ყველაფრის ხილვას, სიტყვა „მარტო“ ალბათ ყველაზე ნაკლებად გულისხმობს ფიზიკურ მარტოობას, შეიძლება აუარება ხალხი და თანამგზავრი გახლდეს თან, მაგრამ მაინც სრულიად მარტოდ გრძნობდე თავს. საკუთარ თავს აღთქმა დავუდე, რომ ამიერიდან მარტო აღარ გამოვცდიდი „ამ სოფლის სიტკბოების ფიალს“, ამის გამო გავაუქმე დაგეგმილი ვოიაჟი მილანი–ფლორენციაში და ჯერ კიდევ ვფიქრობ თუ მე რად (მესად?) მიღირს პარიზში ჩასვლა. ეს იყო პრელუდია, ნამდვილი თავგადასავალი იქვე იცდიდა, მეზობელ სახელმწიფოში. შემდეგი დღის გათენებას ელოდებოდა ამსტერდამში, სადაც ჩემი გეგმით, რომელიც ჯერ კიდევ შვეიცარიული საათივით გამართულად მუშაობდა, მხოლოდ შემდეგ შუადღემდე, 14:30–მდე მიწევდა დარჩენა.

ის ღამე ამსტერდამში მცხოვრებ ქართულ ოჯახში გავატარე, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ მათ. აქვე, რომ არ დამავიწყდეს ხუთ რეცეპტს შევთავაზებ ბელგია–ჰოლანდიაში მოგზაურობის მსურველთათვის: 1) დედაქალაქებში წინასწარ იზრუნეთ ღამის გასათევზე, განსაკუთრებით პარასკევსა და შაბათს; 2) ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იყიდით შოკოლადს ან სუვენირებს შიგ ბრიუსელის ცენტრში. ცოტათი თუ გასცდებით ცენტრს, ნებისმიერ სუპერმარკეტში წააწყდებით ყველაფერს გაცილებით ნაკლებ ფასად; 3) აუცილებლად მოელაპარაკეთ ტაქსისტს სავარაუდო თანხაზე, განსაკუთრებით თუ მას აღმოსავლური იერი დაჰკრავს და ეშმაკური თვალებით შემოგცქერით; 4) თუ აპირებთ, დილიდანვე დაგეგმეთ ვიზიტი ცნობილ მუზეუმში, რადგან ყველას სურს იქ მოხვედრა და მოგვიანებით შეიძლება დიდხანს რიგში დგომაც მოგიწიოთ; 5) არასოდეს იყიდოთ მაისური წარწერით I ♥ Amsterdam ან I ♥ Brussels. ეს უკანასკნელი რეცეპტი ისე, უბრალოდ მე ვერ ვიტან ასეთ მაისურებს. დიდი ხანია მაწუხებს იდეა, დავამზადებინო წარწერით I ♥ Mogadishu. მაინც არავინ იქნება ნამყოფი იქ, ხოლო სომალელები თავად ძალიან დაკავებულები არიან მეკობრეობით და ნარკოტრაფიკით, ტურისტების მოწველაზე რომ იფიქრონ.

მეორე დღეს ძალიან ადრე გავიღვიძე, ბოლოს და ბოლოს ამსტერდამში ძილისთვის არ ვიყავი ჩასული. ავტობუსიდან ჩამოვხტი პირდაპირ დამის მოედანზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში,  ხელი არ წავიღე რუკისკენ და შევუყევი ხეტიალს. ვიცოდი, რომ ამ ნაწილში არ დავიკარგებოდი, ყველაფერი ისედაც ხელის გაწვდენაზე იყო. შეიძლება ითქვას, რომ დილის და ღამის ამსტერდამი ორი განსხვავებული ქალაქია. სხვა თუ არაფერი, დილით სხვა სურნელი ტრიალებს, ღამით – სხვა. ასეთმა ამსტერდამმა 1871 წელს მოაჯადოვა კლოდ მონე, რომელიც ამ დროს საფრანგეთში დაბრუნებამდე იქვე პატარა ზაანდამში ცხოვრობდა და ოქტომბერში (ახლა დავაკვირდი, მეც ოქტომბერში მომიწია ამსტერდამი) ეწვია ქალაქს.  თვალისმომჭრელია დილის ამსტერდამი, უსასრულო ხიდებით, არხებით, შენობების შთამბეჭდავი ფასადებით, რამდენიმე საუკუნის წინ სხვადასხვა გილდიის წევრები თუ სავაჭრო კომპანიების თანამშრომლები რომ ირეოდნენ. მაშინ რემბრანდტი ცხოვრობდა აქ, იოდენბრეესტრაატზე, სანამ მატერიალურად ულხინდა და დაუღალავად აცოცხლებდა მაშინდელ ამსტერდამელებს. საოცარია, რემბრანდტის დროინდელ ამსტერდამში მოქალაქეების პრესტიჟული გასართობი ქირურგ ნიკოლას ტულპის ანატომიური გაკვეთილები იყო, როდესაც იგი გვამის აუტოფსიის დეტალებით ასე ანცვიფრებდა მუდმივად სავსე აუდიტორიას. დღეს კი ბავშვიც კი გიპასუხებთ, თუ რასთან არის დაკავშირებული გართობა ამსტერდამში.

მცირე ხნის შემდეგ რუკა მოვიშველიე და მუზეუმების უბნისკენ გავეშურე. ჩემს სტუმრობას ამსტერდამში დაემთხვა ყოველწლიური მარათონი, რომელიც რეიკსმუზეუმს, როგორც ქალაქის ერთ–ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას, წრეს ურტყამდა. სხვა გზა არ იყო, სადღაცას უნდა გამერღვია მარათონელთა რბენა. მარათონელების ერთობლიობა ბიზონთა ჯოგივითაა, მათ ტემპი აქვთ აკრეფილი და ამიტომ ავტომობილივით გზას ვერ დაგითმობენ. დაველოდე შესაფერის მომენტს, გადავჭერი ბილიკი, თითქოს გვერდი ავუქციე ყველა მორბენალს, რომ მოულოდნელად სულ ბოლო რიგში საიდანღაც გამოვარდა კიდევ ერთი მარათონელი. ორივე მსუბუქად გადავრჩით, მხრებით შევეჯახეთ ერთმანეთს, საბოლოოდ მე დაუზიანებლად მუზეუმის შესასვლელის წინ ავღმოჩნდი, ის კი ბარბაცით განაგრძობდა რბენას და ალბათ არცთუ კეთილ სიტყვებს გაიძახოდა. ვშიშობ, ჩემი ეს გადაკვეთა წყალში ჩაყრილ დიდი ხნის მზადებად და საჩემპიონო ამბიციად დაუჯდა.

უკვე აღვნიშნე, რომ რეიკსმუზეუმში რემბრანდტის „ღამის გუშაგის“ სანახავად შევდიოდი. აქვე ვიხილე ჰოლანდიელი ოსტატების ფრანს ჰალსის, იან ვან გოიენის, ხერარდ ტერბორხის, ჰენდრიკ ავერკამპის, პიტერ კლასის, ალბერტ კეიპის, იაკობ რეისდალის ფერწერული ნამუშევრები. სწორედ მათ სიტყვიერ აღწერილობას ვეცნობოდი წინა ღამით აეროპორტში. თუმცა ის, რამაც ყველაზე მეტად მომნუსხა „თვინიერ ყოვლისა ცილობისა“ იყო იან ვერმეერი და მისი „მერძევე ქალი“. ვერმეერის ტილოსთან მივხვდი, რომ სასაცილო იყო ჩემი ყველანაირი გეგმა, რადგან მხოლოდ ამ სურათს შეეძლო ერთი ხელის მოსმით მთლიანად გადაეწყვიტა ყოველნაირი გრაფიკი. ვერმეერს აქამდეც ვაფასებდი, თუმცა მის წინ უყოყმანოდ ვაყენებდი რემბრანდტსა და რუბენსს, ამ მოგზაურობამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა. რუბენსის და ვერმეერის შემოქმედება, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. მეტად უმეცარი ვარ, რომ მათი მხატვრობა ერთმანეთს დავუტოლო, ამიტომ ვცდი და ამ ორი პიროვნების ცხოვრებას შევადარებ.

ვერმეერი პროტესტანტულ და დამოუკიდებლობისთვის სისხლისგან დაცლილ ჰოლანდიაში ცხოვრობდა, სადაც ერთადერთი ალბათ გმირების ნაკლებობა არ იგრძნობოდა. აქ დიდი ხანია ადრინდელად აღარ ხატავდნენ საკურთხევლებს და მტკიცედ ჩაბეჭდილი ჰქონდათ ლუთერის და კალვინის შეგონება, რომ სამზარეულოშიც კი შეიძლებოდა ღვთის სამსახური. რუბენსი ანტვერპენელი იყო, ჭეშმარიტი ფლანდრიელი, მისი სამშობლოც ჰოლანდიასთან ერთად გათავისუფლდა, თუმცა მცირე ხანში ალესანდრო ფარნეზეს მხედრობამ ანტვერპენი აიღო და კათოლიკური რეგიონი დიდი ხნით დაუბრუნა ჰაბსბურგთა უღელს. როდესაც ცხოვრება ფლანდრიაში ნელ–ნელა უფერულდებოდა, ხოლო ანტვერპენი დაცემას იწყებდა, სწორედ მაშინ არსაიდან გამოჩნდა პიტერ პაუელ რუბენსი. მან ახალ სიცოცხლეს შთაბერა სული თავის მხარეში, არა რომელიმე მხედარმთავარი, არა პოლიტიკოსი, არამედ რუბენსი სიცოცხლეშივე გახდა ნამდვილი გმირი მშობლიური კუთხის. როგორც ერთმა ფრანგმა ლიტერატორმა შენიშნა, მხოლოდ რუბენსის არსებობა იყო პატივი კაცობრიობისთვის. ვერმეერი 8 წლის იყო, როდესაც 1640 წელს რუბენსი გარდაიცვალა, ეჭვგარეშეა იგი ხშირად მოისმენდა გენიალური ანტვერპენელის სახელს. ვერმეერი დელფტელი იყო და სავარაუდოდ არასოდეს დაუტოვებია თავისი ქალაქი, მას აქ ჰქონდა ავტორიტეტი და არ ეძიებდა სხვაგან დიდებას. რუბენსი კი ახალგაზრდობაში 8 წელი ცხოვრობდა იტალიაში, ეწაფებოდა რენესანსის ტიტანების შემოქმედებას, გამუდმებით იხატავდა მათ ნამუშევრებს, ჰქმნიდა ესკიზებს. შემდეგ გახდა გამოცდილი დიპლომატი, სამსახური მოუწია ლონდონში, პარიზში, მადრიდში. დახვეწილი მანერების პატრონი ლექსებსაც სწერდა ლათინურ ენაზე.  დეტალებშია ცნობილი რუბენსის მთელი ცხოვრება, მისი ყოველი ნაბიჯი, ვერმეერის ბიოგრაფია კი იდუმალებითაა მოცული. ჩვენ არ ვიცით „დელფტელი სფინქსის“ არცერთი გამოთქმა, როგორ ცხოვრობდა ყოველდღიურად, მას მხოლოდ სამი ტილო თუ აქვს დათარიღებული. რუბენსი გამუდმებით ხატავდა ავტოპორტრეტებს, ვიცით როგორ გამოიყურებოდა იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში, სააღლუმო თუ ყოველდღიურ სამოსში. არცერთი ავტოპორტრეტი არ შეუქმნია ვერმეერს, უცნობია მისი სახე, ერთადერთი მხოლოდ „მხატვრის სახელოსნოში“ გამოსახა საკუთარი თავი, ისიც ზურგით. მოგვიანებით სალვადორ დალიმ, რომელიც აღმერთებდა მას, ამ სურათის მიხედვით შექმნა თავისი ცნობილი „ვერმეერის მოჩვენება, რომელიც მაგიდად გამოდგება“. რუბენსს ჰყავდა უამრავი მოწაფე, კიდევ უფრო მეტი მიმბაძველი, ვერმეერს არ ჰყოლია არცერთი მოწაფე, მას დელფტშიც არ დაუტოვებია რაიმე კვალი. რუბენსმა შექმნა 3200–ზე მეტი ნამუშევარი, ვერმეერის ყალმით შესრულებული კი მხოლოდ 35 ტილო არსებობს. რუბენსი ქმნიდა ბიბლიურ, ისტორიულ, მითოლოგიურ სურათებს, ალეგორიებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს, ფლანდრიელ გლეხთა ყოფისა და ფანტასტიკური ნადირობის სცენებს, მონუმენტურ დეკორაციებს, კარტონებს შპალერისთვის. ვერმეერი ხატავდა უბრალო ადამიანებს საკუთარი სახლის ინტერიერის ფონზე და დელფტის ხედს საკუთარი სახლიდან. ვერმეერის თაყვანისმცემლებმა ზედმიწევნით იციან მისი სახლის ერთი მობათქაშებული კუთხე, მარცხნივ ჩაყოლებული ფანჯრითა და ჭადრაკის დაფის მაგვარი იატაკით. ვერმეერის რამდენიმე პეიზაჟი თითქოს ამ ფანჯრიდანაა დახატული, ვერმეერმა უბრალოდ გაიხედა და რაც თვალის ჭრილში მოხვდა, ის დაგვიტოვა. რუბენსი ხატავდა გრანდიოზულ პანოებს, ვერმეერი კი მცირე ზომის სურათებს. მისი შედევრის, ჩრდილოეთის მონა ლიზად წოდებული „გოგონა მარგალიტის საყურით“ ზომები მხოლოდ 44 X 39 სანტიმეტრია. რუბენსს მუდამ აწუხებდა დამკვეთების სიუხვე, მხოლოდ 24 პანო მიუძღვნა მარია მედიჩის ცხოვრებას და ეს პატივმოყვარე ქალი, რომელსაც ალბათ ქმრის დიდი ანრი IV ნავარელის მკვლელობაში ჰქონდა ხელები გასვრილი, ლამის ქალღმერთად გამოიყვანა.  ვერმეერი თითქმის არასოდეს ჰყიდდა ნამუშევრებს, მხოლოდ ორიოდე თუ ექნებოდა სხვას შეძენილი. ალბათ არცერთი მხატვარი ცხოვრობდა ისე მდიდრულად, როგორც რუბენსი, მას მშობლიურ ანტვერპენში, ვაპერის მოედანზე, სახლ–სასახლეში მთელი აკადემია ჰქონდა მოწყობილი. ფლანდრიაში ალბათ მხოლოდ მმართველი, ინფანტა იზაბელა თუ ცხოვრობდა უფრო მდიდრულად მასზე. 1672 წელს ჰოლანდიელები რამპიაარს ანუ წელ–კატასტროფად მოიხსენიებენ, ამ დროს ლუი XIV მოულოდნელად შემოესია რესპუბლიკას, ამას თან დაერთო ზღვაზე რიგით მესამე ანგლო–ჰოლანდიური ომი. მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ვერმეერმა დაკარგა მთელი თავისი ქონება, მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და აღარ ეფიქრებოდა ხატვაზე. სამი წლის შემდეგ იგი გაგიჟდა და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვალებში ჩაფლული დატოვა რა ცოლი და 11 მცირეწლოვანი შვილი. რუბენსმა 63 წელს მიაღწია, ცხოვრებაში გაღმერთებულს, უკანასკნელ წამებამდე ხელიდან არ გაუშვია ყალამი, მისი ცნობილი შედევრი „ქურქი“ სიკვდილამდე მხოლოდ წელიწად–ნახევრამდეა შესრულებული. იან ვერმეერი სიკვდილის შემდეგ დაივიწყეს და მხოლოდ XIX საუკუნეში ფრანგმა კრიტიკოსებმა შემთხვევით აღმოაჩინეს და გააცნეს მსოფლიოს.

მუზეუმიდან გამოსულმა უკვე ვიცოდი, რომ ნახევარ დღეს ვეღარ ვაკადრებდი ამსტერდამს. ის კი არ ვიცოდი, რომ ჯერ გამოვლილი მქონდა მოგზაურობის „რემბრანდტის“ მონაკვეთი, ვიყავი ყველაზე ტკბილ „ვერმეერის“ მონაკვეთის შუაწელზე და წინ მელოდა ყველაზე ბნელი ღამე, სახელად „ბოსხი“.

კვლავ ძვირფას სტოკჰოლმზე

სტოკჰოლმი ერთზე მეტ ჩასვლასა და პოსტს ნამდვილად იმსახურებს. თან წინა სტოკჰოლმისკენ მიმავალ გზაზე არსებული ცნობიერების ნაკადი უფრო იყო, ვიდრე უშუალოდ მონათხრობი ქალაქზე. მისი ავტორიც უფრო ახალგაზრდა ვერტერი გეგონებოდათ, ვიდრე მრავალთაგან აუტანელ ცინიკოსად მოხსენიებული წიგნის და ახლა უკვე მოგზაურობის ჭია.

პირველი შთაბეჭდილება: ჩავკეტე კაიუტა, მშვენიერი დილაა, ჩამოვხტი გემიდან, ავხტი ავტობუსზე, ჩამოვხტი ავტობუსიდან, დავდექი გაჩერებაზე. ესტონეთში მიჩვეული პედანტიზმით ველოდები შუქნიშნის გამწვანებას, როდესაც თითქოს ეიზენშტეინის ფილმიდან გადმოსულმა ქალმა ბავშვიანი ეტლით ჩამიქროლა და პირდაპირ წითელზე გადაჭრა გამლა სტანისკენ (ძველი ქალაქი) მიმავალი ქუჩა. ვიფიქრე, იქნებ წამიერად დალტონიკი გავხდი, იქნებ არც იყო აქაური, იქნებ არც ჰყავდა ბავშვი ეტლში. აგერ უკვე მეორე ქუჩას გადავდივარ მწვანეზე, როდესაც მანქანა აშკარად არ მაცდის ვისარგებლო ‘სადაღარნავალი’ ფეხითმოსიარულის მრავალწლოვანი  სტატუსით. ჩემს გვერდით მომავალ აგრეთვე დაზარალებულ შვედ ქალს კი ბევრი აღარ უფიქრია და შუა თითი დღისით–მზისით დაანახა  უტიფარ მძღოლს. წამსვე მიმავიწყდა ბალტიელთა გულმოდგინე გაკვეთილები და ძველებური უნარ–ჩვევები (‘ნავიკები’) ამიმოქმედდა. ქუჩაში მოძრაობის წესების დარღვევით ყველაზე ნაკლებად გამაკვირვებდნენ მე, რიგით თბილისელს.

დამავიწყდა მეთქვა, რომ სტოკჰოლმში მარტომ გადავწყვიტე წასვლა. მინდოდა გამომეცადა როგორი შეგრძნებაა, როცა თავად ზრუნავ საკუთარ თავზე უცხო ქვეყანაში და არ დადიხარ პენსიონერი ტურისტივით, რომელიც ცდილობს ნაბიჯით არ ჩამორჩეს ჯგუფს. ნამდვილად ღირს შეგრძნებად, თუმცა ალბათ აღარ გამოვცდი – მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოა, არათუ ჭამაში შვედეთში.

სტოკჰოლმი ერთ–ერთი მრავალთაგანი „ჩრდილოეთის ვენეციაა“, იგი კამკამა ტბა მელარენზე არსებულ 14 კუნძულზეა გაშენებული. კუნძულები იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ვერც მივხვდი ფიქრებში გართული კუნძულ–კუნძულ სიარულით ისე ავღმოჩნდი სადღაც სტოკჰოლმის ვეძისში. როდესაც აქედან გამოსასვლელად ჩემი ნაცადი მოგზაურის რუკაც ვერას გახდა, თავაზიანი სტოკჰოლმერების დახმარებით უკვე სხვა კუნძულ–კუნძულ სიარულით გავიგნე გზა იურგორდენისკენ.

უნდა ითქვას, რომ შვედები ზედმეტად დიდ პატივს სცემენ საკუთარ მეფეებს. გუსტავ II ადოლფი, კარლ XII და თუნდაც ნაპოლეონის მოღალატე მარშალი კარლ ბერნადოტი (ცოლად ნაპოლეონის ადრინდელ ხასა დეზირეზე მეტს რომ არც იმსახურებდა) სწორედაც რომ იმსახურებენ შთამომავალთა მიერ დაფასებას, აი სხვებზე რა მოგახსენოთ. სხვაგან არამგონია დაუდგან ძეგლი მეფეს, რომელიც ერთ ბრძოლაში დაახლოებით ნახევარი ფინეთის ტერიტორიას დაკარგავს. წარმოიდგინეთ, მეიდანზე რომ იყოს გიორგი XII–ის მონუმენტი, ოღონდ ცხენზე არა, ისე როგორც უყვარდა მხართეძოზე წამოწოლილს  –  აღმოსავლურ–რუსულ დივან–კრესლაზე.

ალბათ მარტო დუბლინერები თუ აფასებენ ჯეიმს ჯოისს ისე, როგორც სტოკჰოლმერები თავიანთ გამოჩენილ თანამოქალაქეს – დრამატურგ ავგუსტ სტრინდბერგს. ამ უკანასკნელმა გარდაცვალებამდე სტოკჰოლმის ცენტრში ცხრა სახლი გამოიცვალა და შვედებმა ლამის ეროვნულ მოვალეობად მიიჩნიეს, ყველგან მოეწყოთ მისი სახლ–მუზეუმი თუ მემორიალური დაფა. აქ დიდი სტრინდბერგი მევალეებს გაურბოდა, იქ სტრინდბერგს მეძავები ამოჰყავდა, სავარაუდოდ აქ სტრინდბერგს თავისი „წითელი ოთახის“ დაწერის იდეა მოუვიდა, ამ ქუჩაზე სტრინდბერგი შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, თვალი მოავლო არემარეს და გზა განაგრძო და ა. შ.

ჰო, იურგორდენის პარკში რა მინდოდა. ჩემდა სამარცხვინოდ, პირველი რაც იქ მისვლისას შევამჩნიე იყო არა შთამბეჭდავი ნორდული მუზეუმის შენობა, არამედ ოხშივარავარდნილი საჰოთდოგე (თუ რასაც უწოდებენ). აქ პირველად გავსინჯე გარეთ ნაყიდი ჰოთდოგი, უნდა ვაღიარო და ასე გემრიელად დიდი ხანია არაფერი შემილუკმია. ამის შემდეგ უფრო გონებაგანათებულმა პირის ცმაცუნით მივაშურე სტოკჰოლმის ყველაზე სახელგავარდნილ ვაზას მუზეუმს. აქ ლეგენდარული შვედური საბრძოლო გალეონის „ვაზას“ ადგილსამყოფელია, რომელიც დანიშნულების ადგილიდან 1628 წელს გავიდა, ერთი საზღვაო მილი გაიარა და მეტისმეტი გადატვირთვის გამო ჩაიძირა მთელი 333 წლით, სანამ მკვლევარები აღმოაჩენდნენ. „ჩრდილოეთის ლომად“ წოდებულმა მეფე გუსტავ ადოლფმა ცდა არ დააკლო მის სიმშვენიერეს, შვედური ფლოტის ფლაგმანის და ნაციის სიამაყისთვის გაიკაფა 40 აკრი მუხის ხე, ჩამოყვანილ იქნა საუკეთესო ოსტატები ევროპის სხვადასხვა კუთხიდან, დაიხარჯა უზარმაზარი ადამიანური რესურსი. როგორც ჰყვებიან, პრუსიაში საომარ კამპანიაში მყოფი მეფე უკიდურესი სიბრაზისგან კინაღამ ცოფებს ჰყრიდა, როდესაც ამდენი წლის მოლოდინის სამარცხვინო კატასტროფის შესახებ შეატყობინეს. „ვაზას“ გრანდიოზულობის შეგრძნებას 200 ამოკვეთილი ორნამენტი და 500 სკულპტურული გამოსახულება აძლიერებს. მეც გადავწყვიტე მესარგებლა შემთხვევით და შთამბეჭდავი კიჩოს ფონზე საკუთარი თავისთვის სურათი გადამეღო. გამომრჩა აღმენიშნა, რომ მუზეუმში გვარიანად ბნელა, მე მუქი შარფი მაქვს შემოხვეული, ისედაც შავი ვარ (ბუნებით) და ამიტომ ფოტოს გადაღების ყველაზე უკეთესი შემთხვევა შეიძლება დახასიათდეს, როგორც „არაბებისა და მავრების ბრძოლა შავ უმთვარო ღამეს.“ ლამის იაკობი vs. ანგელოზის ჭიდილში გადასულს თვალს მომხვდა კიჩოს ქვეშ მდგარი ერთი ამერიკელი ტურისტის გულმოდგინება, რომელიც ფოტოს ფოტოზე უღებდა შვედი მეზღვაურების კიჩ–დეკორაციას. კიჩი მასობრივი კულტურის ნაყოფია, იგი მთავარ ყურადღებას  გარეგნობის ექსტრავაგანტულობას აქცევს. საინტერესო ტიპაჟია ტურისტი, რომელიც ზურგით დგას მსოფლიოში უძვირფასესი ისტორიული მნიშვნელობის საბრძოლო ხომალდის კიჩოსკენ და ფოტოს უღებს XXI საუკუნეში შექმნილ კიჩს.

სტოკჰოლმში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, მაგრამ რუსები მათ შორის ნამდვილად გამოირჩევიან. ისინი იუნიბაკენში შემომხვდნენ და საოცრად გამიხალისეს მოგზაურობა. იუნიბაკენი ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟების სამყაროა, სადაც მილიონობით ბავშვი მოხვედრას ინატრებდა. აქ ყველაფერი ქალბატონი ასტეროიდას (როგორც ვარსკვლავისთვის მისი სახელის მინიჭების შემდეგ უწოდა თავს) წიგნის ფურცლებიდან არის გადმოსული. ასეთი ადგილის მოლოცვისას მესმის რუსი ქალბატონის სიტყვები: Смотри, Женя, какие розы. იგი ეძახის ჟენიას და ფოტოს უღებს ვარდებთან, მე კიდევ ვიჭერ ამ მომენტს და ლინდგრენის ძეგლის ფონზე ვიღებ ამ პროცესს. არც ვიცი, რომელი უფრო შესაცოდი სანახავი იყო – მე, რომელიც საკუთარი თავის ნაცვლად სტოკჰოლმში უცნობ რუს ტურისტებს ვაფიქსირებ აპარატით, თუ რუსი ტურისტები, რომელიც იუნიბაკენში ვარდებთან პოზიორობენ, თითქოს მშობლიურ რიაზანში არ ისხამდეს ვარდი კოკორს.

ტარტუში დაბრუნებამდე გზად ძველ ტალინში შევიარე, რათა შუასაუკუნეები კვლავ შემესუნთქა და მოკირწყლულ ქვაფენილებზე მევლო. სწორედ ეს არ აქვს სტოკჰოლმს – შუასაუკუნეების შეგრძნება, სამაგიეროდ მას ქალივით თავისი უნიკალური და გამომწვევი სურნელი გააჩნია, რომელიც ხელმეორედ დაუფლებისკენ მოგიწოდებს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.