მიმოსვლა ევროპის გულისკენ: პრაღა, II

(ნაწილი მეორე)


ქალაქის ერთ ნაწილს მეორესთან ისტორიულად ერთადერთი ხიდი, ნახევარი კილომეტრის სიგრძის კირხსნარში შერეული კვერცხისგულით ნაგები კარლის ხიდი (კარლუვ მოსტ) აკავშირებდა. დღეს იგი ფეხით მოსიარულეთათვის არის განკუთვნილი და მასზე გავლისას ქუჩის მუსიკოსები თქვენს შესაფერის განწყობაზე იზრუნებენ. განსაკუთრებით გადატვირთული სეზონის დღეებში აქა-იქ ჯიბგირებიც გამოერევიან ხოლმე. ხიდით მოსტეცკას ცნობილ ქუჩაზე გადახვალთ, რომელიც თვალს იპყრობს ლამის ხელუხლებლად შემორჩენილი რენესანსის და ბაროკოს პერიოდის არქიტექტურით. ქალაქის ამ ნაწილს პატარა უბანი ‘მალა სტრანა‘ ეწოდება და აქ ჩემი ამოჩემებული ადგილი, მოსტეცკას ქვევით ჩაყოლებაზე მდებარეობს. ვლტავას შენაკადი ჩერტოვკა (‘ეშმაკის ნაკადული’) აქ მდუმარე სახლებში ჩაკარგულ კუნძულ კამპას წარმოქმნის და მიმდებარე ტერიტორიას ‘პრაღის ვენეციის’ ზედწოდებას ანიჭებს. ეს ადგილი ტურისტებისთვის ჯერ კიდევ ფარული განძია და ამ მყუდრო ადგილას პრაღელებს უყვართ ბავშვების გასეირნება. პრაღაში რომ მეცხოვრა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ ადგილის ხშირი მესტუმრე შევიქმნებოდი. აქედან მალტის რაინდების მოედანს ავუყევი ზევით, სადაც ერთი ხოჭოს გამოსახულებიანი კედელი მეგულებოდა. თუმცა ზუსტად არ ვიცოდი მისი ადგილმდებარეობა და ის-ის იყო ხვალისთვის ვდებდი მის მონახულებას, როდესაც თვალის ორბიტას უცნაური ბრჭყვიალა ფერები ეუცნაურა. თავი ავწიე და
დავინახე გრაფიტის ჟანრში მისთვის დამახასიათებელ სათვალეში გამოწყობილი კაცის პორტრეტი. ჯონ ლენონის კედელს რამდენიმე ფოტო გადავუღე, მათი გადიდება და წარწერების ამოკითხვა ბოლო ხანებში ჩემს გართობად გადაიქცა. რას აღარ იპოვით იქ, ალბერტ აინშტაინის სიტყვებსა თუ ჩაკ პალანიკის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ხმამაღალ განცხადებას: In Tyler We Trust.

მხოლოდ პრაღაშია შესაძლებელი ვენეციიდან რამდენიმე წუთში პირდაპირ პარიზის შუაგულში ამოყოთ თავი. კამპას კუნძულის დასავლეთით, კარმელიტების ქუჩების გადაღმა, შემაღლებულ ბორცვზე პეტრინის პარკია მოწყობილი. ბორცვის სათავეში მოხვედრა ფუნიკოლიორითაც არის შესაძლებელი, რომლის საბოლოო გაჩერება ‘ნებოჟიჟეკიდან’ ქალაქის საუკეთესო ხედები იშლება. პეტრინის პარკის ნამდვილი მარგალიტი ეიფელის სრული ალი-კვალი ოქტაგონალური სათვალთვალო კოშკია, თუმცა იგი სიგრძეში (60 მეტრი) ორიგინალის მეოთხედს თუ შეეტოლება. პრაღის ამ ნაწილში შეიძლება გაგიკვირდეთ და ციყვიც შემომხვდა.

მალა სტრანადან პრაღის ციხე-სიმაგრეში (ჰრადში) ასასვლელად ნერუდოვას ვიწრო ქუჩა უნდა გაიაროთ, ჩემი მეორე ამოჩემებული ადგილი პრაღაში ჩერტოვკასთან ერთად. 1770 წლამდე ბოჰემიის დედაქალაქში ყოველ სახლის კარებს საკუთარი უნიკალური ჰერალდიკური ნიშანი ამშვენებდა. მხოლოდ ნერუდოვაზე დაკვირვებული თვალი ახლაც შეამჩნევს წითელ არწივს, ოქროს ნალს, სამ ვიოლინოს, მწვანე ლობსტერს, თეთრ გედს. სწორედ ნერუდოვაზე შემემთხვა ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი ჩეხეთში. შორიდან დავიწყებ და მოგახსენებთ, რომ სუვენირების შეძენას ცენტრისგან მოშორებით ყოველთვის ადგილობრივთაგან ვარჩევ ხოლმე. ნერუდოვაზე მდებარე მყუდრო მაღაზიის გამყიდველიც ამ პრინციპით ამოვარჩიე, თან პირველი შეხედვისთანავე მის მიმართ კეთილგანწყობით განვეწყვე. ლუდის კათხის შერჩევის პროცესში ჩვენს შორის გამართული ტრივიალური საუბრის შემდეგ, მასში უკმაყოფილება შევნიშნე. როდესაც მხოლოდ თავაზიანობის გამო ვკითხე, რამე ხომ არ აწუხებდა, მოულოდნელად მომიტრიალდა და შემეკითხა, ცხოვრებაში პრობლემა თუ მქონდა. ამაზე ცოტა არ იყოს და გავხალისდი, მივუგე, რომ ცხოვრებაში პრობლემა ყველას ჰქონდა და ეს ხდიდა კიდეც მას საინტერესოს. თავის მხრივ აღელვებულმა მომახალა, რომ კაცების მხრიდან ცხოვრებაში დაუსრულებელი უსიამოვნების გარდა არაფერი ახსოვდა და მირჩევდა, წავსულიყავი რომელიმე დისკოთეკაზე, გამეცნო მშვენიერი გოგო და წუთიერი თავდავიწყება მეპოვნა. მივხვდი, რომ სხვასთან ლაპარაკით გულიდან დარდის შემსუბუქება სურდა და ამიტომაც ხელი არ შემიშლია მისი მონოლოგისთვის. შემდეგ ტირილნარევი ხმით მომიგო, რომ ქალიშვილიც და სიძეც პერიოდულად ეწვეოდნენ ხოლმე მას, მაგრამ მაინც ეს არაფერს ცვლიდა. ამ არეული საუბრიდან ის დავასკვენი, რომ ქმრისგან და ოჯახისგან მიტოვებული საოცრად მარტოსულად გრძნობდა თავს და მზად იყო თავისი გასაჭირი სრულიად უცნობი ადამიანისთვისაც კი გაეზიარებინა, რომელიც ჩემდა ბედად მარტოდ მოხეტიალე მოგზაური აღმოჩნდა.

პრაღა კაფკას ქალაქია. იგი ნერუდოვას აყოლებაზე ჰრადჩანის უბანში ცხოვრობდა, ზლატა ულიჩკაზე. თავიდან მიკვირდა, როგორ ბინადრობდა ასეთი სულის ადამიანი გრანდიოზული წმინდა ვიტუსის კათედრალის, სამეფო სასახლის, დალიბორის კოშკის, შვარცენბერგის, შტერნბერგის თუ სხვა მრავალი სასახლის გარემოცვაში. ამ ქუჩაზე მოხვედრისას, ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის. მიუხედავად ასეთი მეზობლებისა, ცეროდენა ზლატა ულიჩკაზე ისეთივე სიწყნარეა, როგორც წინა საუკუნის დასაწყისში. ქუჩას სახელწოდება იმ ცრურწმენიდან შერჩა, რომლის მიხედვით აქ ადრე მეფე რუდოლფი ალქიმიკოსებს დაუღალავად ამუშავებდა ოქროს სუბსტანციის მისაღებად. მეზობელ ქუჩა ‘ნოვი სვიატზე’ გავლისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აქაურობას ფოსტალიონის გარდა არც არავინ აკითხავდა.

კაფკა მდინარე ვლტავას საპირისპირო ნაპირას, ახალ ქალაქში (ნოვე მესტო) მუშაობდა, ვენცესლავის მოედანთან მდებარე ‘ასუკურაზიონი ჟენერალის’ შენობაში, სადაზღვევო კომპანიის კლერკად. ყველაზე მეტად ალბათ უფრო ამ მოედანზე იწერებოდა პრაღის ისტორია. კარლ IV-ის დროს აქ ცხენის ბაზრობა იყო გამართული, 1968 წლის გაზაფხულზე აქ იდგნენ საბჭოთა ტანკები და შემდეგ წელს სტუდენტმა იან პალახმა პროტესტის ნიშნად აქ დაიწვა თავი. 1989 წელს ხავერდოვანი რევოლუციისას ასობით ათასი მოქალაქის წინაშე, ალექსანდერ დუბჩეკი და ვაცლავ ჰაველი ხელჩაკიდებულები ერთად გადმოდგნენ ერთ-ერთი შენობის აივნიდან. დღევანდელ დღეს კი, გვიან ღამით წმინდა ვენცესლავის მოედანი თბილისის გმირთა მოედანს ემსგავსება და საეჭვო რეპუტაციის ქალბატონთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. ნოვე მესტო ლუდის ნამდვილი მექაა. მთელი დღე ხეტიალის შემდეგ ერთი სიამოვნებაა უცნობილეს ლუდხანა ‘უ ფლეკუში’ მხოლოდ აქაური პივოვარის მიერ 1499 წლიდან წარმოებული შავი ლუდის ‘ფლეკუსკეს’ გამოცლა. ლუდხანებშიც ძველებური სული და გარემო ისევაა შემორჩენილი, თითქოს იქით კუთხეში ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი კვლავ ანცვიფრებს თანამეინახეთ თავისი დაუჯერებელი ამბებით, აქაურობის მკვიდრთ კი შემოსვლისთანავე ეცოდინებათ შენი ავან-ჩავანი – საიდან მოდიხარ, ვინ ხარ, სად მიდიხარ. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, რადგან საკრალური სიტყვის ‘ლუდის’ სიყვარული გაერთიანებთ.

პრაღაზე პოსტის დასრულებისას ისეთივე სასიამოვნო დაღლილობას ვგრძნობ, როგორც მის ქუჩებში ერთი დამღლელი დღის შებინდებისას. ამიტომ ახლა ისევე მოვიქცევი, როგორც მაშინ – წავალ და ლუდს მივეძალები.

მიმოსვლა ევროპის გულისკენ: პრაღა, I

(ნაწილი პირველი)

იმ დედაქალაქებიდან, სადაც ვიმოგზაურე, ყველაზე ოქროსფერი მოგონებები პრაღიდან გამყვა. აქ სამი დღე დავრჩი და თითოეული დღის მიწურულს ვრწმუნდებოდი, კიდევ უფრო რომ მიყვარდა ეს ქალაქი. შევეცდები გავაღვივო ნაკვერჩხალი და გავიხსენო გარდასული დღეები, თუმცა გონება ალბათ ყოველთვის ქვეცნობიერად მამხილებს და წამომაყვედრის, რომ პრაღა უკეთესს იმსახურებს. მისი მოგონებების აღწერა შრომატევადი პროცესია, ვშიშობ ვაითუ რაიმე გამომრჩეს და სადღაც ხვეულებში ღრმად ჩამეკარგოს. შესაბამისად პოსტის დაწერას ისევე მივუდგები, როგორიც ქალაქის დათვალიერებას – უბან-უბან შევუყვები.

დავიწყებ იმ უბნით, საიდანაც ყოველი ჩემი დღე იწყებოდა და შემდეგ მთავრდებოდა. ადგილი, სადაც დროებით დავიდე ბინა, იყო ჟიჟკოვი, დღეს გაკეთილშობილი პრაღელი ძველი ბიჭების თავშეყრის ადგილი. რამდენიმე საუკუნის წინ აქ არსებულ ველზე, ჩეხების ეროვნულმა გმირმა ცალთვალა იან ჟიჟკამ დიდი უბედურება შეამთხვია საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდის მხედრობას და სანაცვლოდ უზარმაზარი ცხენოსანი მონუმენტიც დაიმსახურა. XX საუკუნეში ეს ადგილი პრაღის ბოჰემურობის შემადგენელი ნაწილი გახდა და როგორც აქაურებს უყვართ თქმა, მთელ მსოფლიოში ერთ სულზე ყველაზე მეტი ლუდხანა აქ მდებარეობს. ჟიჟკოვის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა სრულიად ჩეხეთის ყველაზე საძულველი შენობა – სატელევიზიო ანძაა, რომელიც კომუნისტების პერიოდში თავისუფალ ხმას ახშობდა. აგრეთვე აქ მდებარეობს ებრაელთა ახალი სასაფლაო, რომლის გამორჩენას და არმონახულებას ჩემს თავს დიდი ხანი ვერ ვაპატიებ, რადგან აქ ორმოცი წლის ასაკში უხმაუროდ ახლობლებმა დაკრძალეს ფრანც კაფკა. ჟიჟკოვში, სეიფერტოვას ვიწრო ქუჩაზე გავჩერდი, სასტუმრო თაბორში, ისეთ ადგილას, ტრამვაის მძღოლი გზას რომ გითმობს ფეხითმოსიარულეს. აქედან სულ რაღაც 15 წუთში აუჩქარებელი ნაბიჯით ძველი ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭეს მიადგებით და პრაღის სტარე მესტოში შეაბიჯებთ. ევროპის აღმოსავლეთს დასავლეთისგან ერთი უპირატესობა გააჩნია – სიიაფე. აქ სამი ღამით გაჩერება მეტად კომფორტულ ანსუიტ ნომერში (საუზმითურთ) იმაზე ნაკლები დამიჯდა, ვიდრე ერთი ღამე ამსტერდამის მუზეუმების ნაწილში მდებარე შედარებით ნაკლებად კეთილმოწყობილ ოთახში. მთავარი რკინიგზის და ავტობუსების სადგურებიც მოკლეებით ხუთი-ათი წუთის ნაბიჯზეა და ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, უკვე ვიცი ადგილი, რომელსაც სხვა დროსაც მივაკითხავ.

ზემოთ ნახსენები სტარე მესტო მიხვდებოდით და ძველი ქალაქის გულია. აქ მდებარე ცელეტნას და კარლოვას ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩები კარლუვ მოსტის იმავე კარლის ხიდის (არამც და არამც ჩარლზბრიჯი, გულმავიწყი ტურისტებისთვის განკუთვნილი სრულიად უგვანი და უცხო სახელი) გავლით სამეფო გზას განეკუთვნებიან. დღეს მილიონობით ტურისტი შუასაუკუნეების პილიგრიმების მსგავსად იმეორებს იმავე გზას და უმეტესწილად თავს იყრის ძველი ქალაქის მოედანზე, სტარემესტსკე ნამესტიში. ყოველი საათის შესრულებისას, უამრავი ხალხი, უმეტესწილად უცხოელები, იკრიბება ქალაქის რატუშის წინ და ასტროლოგიურ საათს შესცქერის. როგორც ამბობენ, XV საუკუნეში დამკვეთებმა სამუშაოს ანაზღაურების ნაცვლად საგანგებოდ დააბრმავეს მისი შემოქმედი უბრალო მესაათე ოსტატი იან ტაბორსკი, რათა მეორედ ასეთი მშვენების შექმნაზე აღარ ეფიქრა. საათი სამ დროს – ძველ ბოჰემიურს, თანამედროვეს და ბაბილონურს გვიჩვენებს. ეს უკანასკნელი შესაბამისი თანავარსვლავედის მიხედვით ზეციური მნათობების მოძრაობის დაკვირვებას გვთავაზობს. მის მაღლა ყოველ საათში კურანტების მუსიკის ფონზე, თორმეტი მოციქულის პროცესია იწყება, რომლის დასასრულისას მამლის ყივილი მოისმის. თავიდან ლამის ყბადაბჩენილი მონუსხული ვუცქერდი მთელ ამ რიტუალს და მიკვირდა იმ ადგილობრივი პრაღელების, რომლებიც გულგრილად ჩაუვლიდნენ ხალხის ბრბოს და საათს ზედაც არ შეხედავდნენ. პრაღაში ვოიაჟის უკანასკნელ საღამოს, ძველი ქალაქის დასავლეთ კარიბჭიდან შინ მიმავალს ჰარე კრიშნას ძახილით ხმაურიანი პროცესია წარმიძღვა. მაშინ უკვე ძირისძირობამდე შესწავლილი მქონდა თითქმის ყველა აქაური შენობა და აქაურობისთვის ყველაზე უჩვეულო მუსიკამ ღრმად შემაზიზღა ტურისტული სენი. რამდენიმე წუთი ეკლდა რომელიღაც საათის შესრულებას და ტრადიციულად ბრბო მის სიახლოვეს მოქუჩულიყო, ამრეზით მომავლე თვალი იქაურობას და სასწრაფოდ გავეცალე. საბედნიეროდ, თბილისს კიდევ დიდხანს არ დაემუქრება ეს ტურისტული დასნებოვნება და ვერცერთი გზამკლევი ვერაფრით შეისწავლის მის ძველ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს.

თუ სტარე მესტოს ხმაური თავს მოგაბეზრებთ, ზევით ვლტავისკენ აუყევით ქუჩებს და ებრაელთა ყოფილ კვარტალში, წყნარ იოზეფოვში მოვხვდებით. თუ ადრე ეს ადგილი გამოცალკევებულ გეტოს და ანტი-სანიტარიის ბუდეს წარმოადგენდა, დღესდღეობით იგი ქალაქის განუყოფელი ნაწილია დამახასიათებელი არტ-ნუვოს დეკორებით. შემთხვევით აქ გადავაწყდი ერთ-ერთ ძეგლთან მოპოზიორე სერგი კაპანაძეს მეუღლითურთ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ადამიანს, რომელიც ნახევარ წელში ჩემს საბაკალავრო ნაშრომს გაასწორებს. შესაბამისად, მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უკვალოდ არ ჩაივლის და ადრეთუგვიან ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო მიღწევებსაც მოვიმკით (მოგეხსენებათ, რომ მეგრელი ვარ წარმოშობით და შემარგეთ ბოლო წინადადება). ორმხრივი გაკვირვების და რამდენიმე თბილი სიტყვის გაცვლის შემდეგ გავაგრძელე მსვლელობა იოზეფოვის შუაგულისკენ. აქ ებრაული კოლორიტი დღესაც ცოცხალია და სინაგოგების კედლებიდან მომავალი გალობა ძველ პოგრომებს შეგვახსენებს. ებრაელთა ძველი სასაფლაო გეტოს აუტანელი პირობების გამოისობით იმდენად ნამცეცა ტერიტორიაზე განთავსებული, რომ საფლავები სიღრმეში თორმეტამდე ფენად არის ერთი მეორეზე მიჯრით მიწყობილი. საფლავის ქვებზე ამოტვიფრული სიმბოლოებით შესაძლებელია დასაფლავებულის გვარის დადგენა, მაგალითად ორი ხელის მტევანი კოენებს აღნიშნავს, ირემი ცვაის ან ჰირშის ოჯახს, ბატი თუა, მაშინ ეჭვგარეშეა რომელიმე განსი მარხია. როდესაც ვერც ჩემმა სტუდენტურმა შეღავათებმა გაჭრა, სასაფლაოს მონახულება არცთუ მცირე ბაჟის გადახდად დამიჯდა. იქიდან გამოსულმა ძველმანებში თორის მინიატურული სათითე აღმოვაჩინე და გამყიდველს ვერცხლის კრონები სულ სათითაოდ მუჭში ჩავუთვალე. იქვეა აღმართული ევროპაში უძველესი XIII საუკუნის სინაგოგა, რომლის კედლებში, როგორც ჰყვებიან, რაბინი (რაბაი) ლოევი თიხისგან შექმნილ არსება გოლემს მალავდა. ჟიდოვსკა რადნიცეს ანუ ებრაული რატუშის თავზე განთავსებული ციფერბლატით საათს ნამდვილად ვერ გაასწორებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი ტრადიციულად უკუღმა ტრიალებს.

დაუვიწყარი მოგზაურობა ბელგია–ჰოლანდიაში წინ და უკან, II

(ნაწილი მეორე)

17 ოქტომბერი, საღამოს ექვსი საათი, ბრიუსელი, გრან–პლასი. უკვე გემო გავუსინჯე აქაურ ვაფლს შოკოლადში ამოვლებული მარწყვებით, ერთი ამოსუნთქით გამოვცალე ბერების შექმნილი თაფლისფერი ლუდი შიმე, ჩავიხედე რემბრანდტის თვალებში, დიდხანს ვუკირკიტე ბოსხის და ბრეიგელის ტილოებს, იმდენად დიდხანს, რომ იქვე დალის „წმ. ანტონის ცდუნების“ არსებობა მიმავიწყდა, სუნთქვა შემეკვრა წმ. მიშელის და გუდულას კათედრალის ხილვისას, თავბრუ დამეხვა გრან–პლასზე მოხვედრისას. ბრიუსელი ორენოვანი ქალაქია, ყველაფერს ორნაირი სახელი აქვს, გრან–პლასიც ზოგისთვის გროტე მარკეტია. იქნებ ამიტომაც გაორებული გრძნობა მეუფლება. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, ნამდვილად ეს მინდოდა კი ამ მოგზაურობისგან თუ არა, შემემატა რამე, გავიზარდე ცოტათი მაინც? კი, მაგრამ სად არის ნამდვილი თავგადასავალი, რომლის მოლოდინშიც მთელი ამდენი ხანი გავატარე? სურვილი არ მიჩნდება ფოტოზე გადავიტანო ნანახი ბრიუსელი. რისთვის უნდა გადავიღო, მე ხომ ვიცი, სადაც ვარ, სხვებს დავუმტკიცო? იქვე მივხვდი, რომ ფოტოებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებდი, არამედ ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, თუნდაც უბრალოდ ნაცნობებისთვის, ისინი ყველა ერთად ჩემს მიკრო–სამყაროს შეადგენენ. მათ არ იციან სად ვარ, როგორ ვარ და ეს გადაღებული ფოტოები ერთადერთი პასუხი იქნება ამგვარ კითხვებზე. გრან–პლასზე მივხვდი, რომ ჩალის ფასი აქვს მარტო ამ ყველაფრის ხილვას, სიტყვა „მარტო“ ალბათ ყველაზე ნაკლებად გულისხმობს ფიზიკურ მარტოობას, შეიძლება აუარება ხალხი და თანამგზავრი გახლდეს თან, მაგრამ მაინც სრულიად მარტოდ გრძნობდე თავს. საკუთარ თავს აღთქმა დავუდე, რომ ამიერიდან მარტო აღარ გამოვცდიდი „ამ სოფლის სიტკბოების ფიალს“, ამის გამო გავაუქმე დაგეგმილი ვოიაჟი მილანი–ფლორენციაში და ჯერ კიდევ ვფიქრობ თუ მე რად (მესად?) მიღირს პარიზში ჩასვლა. ეს იყო პრელუდია, ნამდვილი თავგადასავალი იქვე იცდიდა, მეზობელ სახელმწიფოში. შემდეგი დღის გათენებას ელოდებოდა ამსტერდამში, სადაც ჩემი გეგმით, რომელიც ჯერ კიდევ შვეიცარიული საათივით გამართულად მუშაობდა, მხოლოდ შემდეგ შუადღემდე, 14:30–მდე მიწევდა დარჩენა.

ის ღამე ამსტერდამში მცხოვრებ ქართულ ოჯახში გავატარე, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ მათ. აქვე, რომ არ დამავიწყდეს ხუთ რეცეპტს შევთავაზებ ბელგია–ჰოლანდიაში მოგზაურობის მსურველთათვის: 1) დედაქალაქებში წინასწარ იზრუნეთ ღამის გასათევზე, განსაკუთრებით პარასკევსა და შაბათს; 2) ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იყიდით შოკოლადს ან სუვენირებს შიგ ბრიუსელის ცენტრში. ცოტათი თუ გასცდებით ცენტრს, ნებისმიერ სუპერმარკეტში წააწყდებით ყველაფერს გაცილებით ნაკლებ ფასად; 3) აუცილებლად მოელაპარაკეთ ტაქსისტს სავარაუდო თანხაზე, განსაკუთრებით თუ მას აღმოსავლური იერი დაჰკრავს და ეშმაკური თვალებით შემოგცქერით; 4) თუ აპირებთ, დილიდანვე დაგეგმეთ ვიზიტი ცნობილ მუზეუმში, რადგან ყველას სურს იქ მოხვედრა და მოგვიანებით შეიძლება დიდხანს რიგში დგომაც მოგიწიოთ; 5) არასოდეს იყიდოთ მაისური წარწერით I ♥ Amsterdam ან I ♥ Brussels. ეს უკანასკნელი რეცეპტი ისე, უბრალოდ მე ვერ ვიტან ასეთ მაისურებს. დიდი ხანია მაწუხებს იდეა, დავამზადებინო წარწერით I ♥ Mogadishu. მაინც არავინ იქნება ნამყოფი იქ, ხოლო სომალელები თავად ძალიან დაკავებულები არიან მეკობრეობით და ნარკოტრაფიკით, ტურისტების მოწველაზე რომ იფიქრონ.

მეორე დღეს ძალიან ადრე გავიღვიძე, ბოლოს და ბოლოს ამსტერდამში ძილისთვის არ ვიყავი ჩასული. ავტობუსიდან ჩამოვხტი პირდაპირ დამის მოედანზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში,  ხელი არ წავიღე რუკისკენ და შევუყევი ხეტიალს. ვიცოდი, რომ ამ ნაწილში არ დავიკარგებოდი, ყველაფერი ისედაც ხელის გაწვდენაზე იყო. შეიძლება ითქვას, რომ დილის და ღამის ამსტერდამი ორი განსხვავებული ქალაქია. სხვა თუ არაფერი, დილით სხვა სურნელი ტრიალებს, ღამით – სხვა. ასეთმა ამსტერდამმა 1871 წელს მოაჯადოვა კლოდ მონე, რომელიც ამ დროს საფრანგეთში დაბრუნებამდე იქვე პატარა ზაანდამში ცხოვრობდა და ოქტომბერში (ახლა დავაკვირდი, მეც ოქტომბერში მომიწია ამსტერდამი) ეწვია ქალაქს.  თვალისმომჭრელია დილის ამსტერდამი, უსასრულო ხიდებით, არხებით, შენობების შთამბეჭდავი ფასადებით, რამდენიმე საუკუნის წინ სხვადასხვა გილდიის წევრები თუ სავაჭრო კომპანიების თანამშრომლები რომ ირეოდნენ. მაშინ რემბრანდტი ცხოვრობდა აქ, იოდენბრეესტრაატზე, სანამ მატერიალურად ულხინდა და დაუღალავად აცოცხლებდა მაშინდელ ამსტერდამელებს. საოცარია, რემბრანდტის დროინდელ ამსტერდამში მოქალაქეების პრესტიჟული გასართობი ქირურგ ნიკოლას ტულპის ანატომიური გაკვეთილები იყო, როდესაც იგი გვამის აუტოფსიის დეტალებით ასე ანცვიფრებდა მუდმივად სავსე აუდიტორიას. დღეს კი ბავშვიც კი გიპასუხებთ, თუ რასთან არის დაკავშირებული გართობა ამსტერდამში.

მცირე ხნის შემდეგ რუკა მოვიშველიე და მუზეუმების უბნისკენ გავეშურე. ჩემს სტუმრობას ამსტერდამში დაემთხვა ყოველწლიური მარათონი, რომელიც რეიკსმუზეუმს, როგორც ქალაქის ერთ–ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას, წრეს ურტყამდა. სხვა გზა არ იყო, სადღაცას უნდა გამერღვია მარათონელთა რბენა. მარათონელების ერთობლიობა ბიზონთა ჯოგივითაა, მათ ტემპი აქვთ აკრეფილი და ამიტომ ავტომობილივით გზას ვერ დაგითმობენ. დაველოდე შესაფერის მომენტს, გადავჭერი ბილიკი, თითქოს გვერდი ავუქციე ყველა მორბენალს, რომ მოულოდნელად სულ ბოლო რიგში საიდანღაც გამოვარდა კიდევ ერთი მარათონელი. ორივე მსუბუქად გადავრჩით, მხრებით შევეჯახეთ ერთმანეთს, საბოლოოდ მე დაუზიანებლად მუზეუმის შესასვლელის წინ ავღმოჩნდი, ის კი ბარბაცით განაგრძობდა რბენას და ალბათ არცთუ კეთილ სიტყვებს გაიძახოდა. ვშიშობ, ჩემი ეს გადაკვეთა წყალში ჩაყრილ დიდი ხნის მზადებად და საჩემპიონო ამბიციად დაუჯდა.

უკვე აღვნიშნე, რომ რეიკსმუზეუმში რემბრანდტის „ღამის გუშაგის“ სანახავად შევდიოდი. აქვე ვიხილე ჰოლანდიელი ოსტატების ფრანს ჰალსის, იან ვან გოიენის, ხერარდ ტერბორხის, ჰენდრიკ ავერკამპის, პიტერ კლასის, ალბერტ კეიპის, იაკობ რეისდალის ფერწერული ნამუშევრები. სწორედ მათ სიტყვიერ აღწერილობას ვეცნობოდი წინა ღამით აეროპორტში. თუმცა ის, რამაც ყველაზე მეტად მომნუსხა „თვინიერ ყოვლისა ცილობისა“ იყო იან ვერმეერი და მისი „მერძევე ქალი“. ვერმეერის ტილოსთან მივხვდი, რომ სასაცილო იყო ჩემი ყველანაირი გეგმა, რადგან მხოლოდ ამ სურათს შეეძლო ერთი ხელის მოსმით მთლიანად გადაეწყვიტა ყოველნაირი გრაფიკი. ვერმეერს აქამდეც ვაფასებდი, თუმცა მის წინ უყოყმანოდ ვაყენებდი რემბრანდტსა და რუბენსს, ამ მოგზაურობამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა. რუბენსის და ვერმეერის შემოქმედება, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. მეტად უმეცარი ვარ, რომ მათი მხატვრობა ერთმანეთს დავუტოლო, ამიტომ ვცდი და ამ ორი პიროვნების ცხოვრებას შევადარებ.

ვერმეერი პროტესტანტულ და დამოუკიდებლობისთვის სისხლისგან დაცლილ ჰოლანდიაში ცხოვრობდა, სადაც ერთადერთი ალბათ გმირების ნაკლებობა არ იგრძნობოდა. აქ დიდი ხანია ადრინდელად აღარ ხატავდნენ საკურთხევლებს და მტკიცედ ჩაბეჭდილი ჰქონდათ ლუთერის და კალვინის შეგონება, რომ სამზარეულოშიც კი შეიძლებოდა ღვთის სამსახური. რუბენსი ანტვერპენელი იყო, ჭეშმარიტი ფლანდრიელი, მისი სამშობლოც ჰოლანდიასთან ერთად გათავისუფლდა, თუმცა მცირე ხანში ალესანდრო ფარნეზეს მხედრობამ ანტვერპენი აიღო და კათოლიკური რეგიონი დიდი ხნით დაუბრუნა ჰაბსბურგთა უღელს. როდესაც ცხოვრება ფლანდრიაში ნელ–ნელა უფერულდებოდა, ხოლო ანტვერპენი დაცემას იწყებდა, სწორედ მაშინ არსაიდან გამოჩნდა პიტერ პაუელ რუბენსი. მან ახალ სიცოცხლეს შთაბერა სული თავის მხარეში, არა რომელიმე მხედარმთავარი, არა პოლიტიკოსი, არამედ რუბენსი სიცოცხლეშივე გახდა ნამდვილი გმირი მშობლიური კუთხის. როგორც ერთმა ფრანგმა ლიტერატორმა შენიშნა, მხოლოდ რუბენსის არსებობა იყო პატივი კაცობრიობისთვის. ვერმეერი 8 წლის იყო, როდესაც 1640 წელს რუბენსი გარდაიცვალა, ეჭვგარეშეა იგი ხშირად მოისმენდა გენიალური ანტვერპენელის სახელს. ვერმეერი დელფტელი იყო და სავარაუდოდ არასოდეს დაუტოვებია თავისი ქალაქი, მას აქ ჰქონდა ავტორიტეტი და არ ეძიებდა სხვაგან დიდებას. რუბენსი კი ახალგაზრდობაში 8 წელი ცხოვრობდა იტალიაში, ეწაფებოდა რენესანსის ტიტანების შემოქმედებას, გამუდმებით იხატავდა მათ ნამუშევრებს, ჰქმნიდა ესკიზებს. შემდეგ გახდა გამოცდილი დიპლომატი, სამსახური მოუწია ლონდონში, პარიზში, მადრიდში. დახვეწილი მანერების პატრონი ლექსებსაც სწერდა ლათინურ ენაზე.  დეტალებშია ცნობილი რუბენსის მთელი ცხოვრება, მისი ყოველი ნაბიჯი, ვერმეერის ბიოგრაფია კი იდუმალებითაა მოცული. ჩვენ არ ვიცით „დელფტელი სფინქსის“ არცერთი გამოთქმა, როგორ ცხოვრობდა ყოველდღიურად, მას მხოლოდ სამი ტილო თუ აქვს დათარიღებული. რუბენსი გამუდმებით ხატავდა ავტოპორტრეტებს, ვიცით როგორ გამოიყურებოდა იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში, სააღლუმო თუ ყოველდღიურ სამოსში. არცერთი ავტოპორტრეტი არ შეუქმნია ვერმეერს, უცნობია მისი სახე, ერთადერთი მხოლოდ „მხატვრის სახელოსნოში“ გამოსახა საკუთარი თავი, ისიც ზურგით. მოგვიანებით სალვადორ დალიმ, რომელიც აღმერთებდა მას, ამ სურათის მიხედვით შექმნა თავისი ცნობილი „ვერმეერის მოჩვენება, რომელიც მაგიდად გამოდგება“. რუბენსს ჰყავდა უამრავი მოწაფე, კიდევ უფრო მეტი მიმბაძველი, ვერმეერს არ ჰყოლია არცერთი მოწაფე, მას დელფტშიც არ დაუტოვებია რაიმე კვალი. რუბენსმა შექმნა 3200–ზე მეტი ნამუშევარი, ვერმეერის ყალმით შესრულებული კი მხოლოდ 35 ტილო არსებობს. რუბენსი ქმნიდა ბიბლიურ, ისტორიულ, მითოლოგიურ სურათებს, ალეგორიებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს, ფლანდრიელ გლეხთა ყოფისა და ფანტასტიკური ნადირობის სცენებს, მონუმენტურ დეკორაციებს, კარტონებს შპალერისთვის. ვერმეერი ხატავდა უბრალო ადამიანებს საკუთარი სახლის ინტერიერის ფონზე და დელფტის ხედს საკუთარი სახლიდან. ვერმეერის თაყვანისმცემლებმა ზედმიწევნით იციან მისი სახლის ერთი მობათქაშებული კუთხე, მარცხნივ ჩაყოლებული ფანჯრითა და ჭადრაკის დაფის მაგვარი იატაკით. ვერმეერის რამდენიმე პეიზაჟი თითქოს ამ ფანჯრიდანაა დახატული, ვერმეერმა უბრალოდ გაიხედა და რაც თვალის ჭრილში მოხვდა, ის დაგვიტოვა. რუბენსი ხატავდა გრანდიოზულ პანოებს, ვერმეერი კი მცირე ზომის სურათებს. მისი შედევრის, ჩრდილოეთის მონა ლიზად წოდებული „გოგონა მარგალიტის საყურით“ ზომები მხოლოდ 44 X 39 სანტიმეტრია. რუბენსს მუდამ აწუხებდა დამკვეთების სიუხვე, მხოლოდ 24 პანო მიუძღვნა მარია მედიჩის ცხოვრებას და ეს პატივმოყვარე ქალი, რომელსაც ალბათ ქმრის დიდი ანრი IV ნავარელის მკვლელობაში ჰქონდა ხელები გასვრილი, ლამის ქალღმერთად გამოიყვანა.  ვერმეერი თითქმის არასოდეს ჰყიდდა ნამუშევრებს, მხოლოდ ორიოდე თუ ექნებოდა სხვას შეძენილი. ალბათ არცერთი მხატვარი ცხოვრობდა ისე მდიდრულად, როგორც რუბენსი, მას მშობლიურ ანტვერპენში, ვაპერის მოედანზე, სახლ–სასახლეში მთელი აკადემია ჰქონდა მოწყობილი. ფლანდრიაში ალბათ მხოლოდ მმართველი, ინფანტა იზაბელა თუ ცხოვრობდა უფრო მდიდრულად მასზე. 1672 წელს ჰოლანდიელები რამპიაარს ანუ წელ–კატასტროფად მოიხსენიებენ, ამ დროს ლუი XIV მოულოდნელად შემოესია რესპუბლიკას, ამას თან დაერთო ზღვაზე რიგით მესამე ანგლო–ჰოლანდიური ომი. მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ვერმეერმა დაკარგა მთელი თავისი ქონება, მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და აღარ ეფიქრებოდა ხატვაზე. სამი წლის შემდეგ იგი გაგიჟდა და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვალებში ჩაფლული დატოვა რა ცოლი და 11 მცირეწლოვანი შვილი. რუბენსმა 63 წელს მიაღწია, ცხოვრებაში გაღმერთებულს, უკანასკნელ წამებამდე ხელიდან არ გაუშვია ყალამი, მისი ცნობილი შედევრი „ქურქი“ სიკვდილამდე მხოლოდ წელიწად–ნახევრამდეა შესრულებული. იან ვერმეერი სიკვდილის შემდეგ დაივიწყეს და მხოლოდ XIX საუკუნეში ფრანგმა კრიტიკოსებმა შემთხვევით აღმოაჩინეს და გააცნეს მსოფლიოს.

მუზეუმიდან გამოსულმა უკვე ვიცოდი, რომ ნახევარ დღეს ვეღარ ვაკადრებდი ამსტერდამს. ის კი არ ვიცოდი, რომ ჯერ გამოვლილი მქონდა მოგზაურობის „რემბრანდტის“ მონაკვეთი, ვიყავი ყველაზე ტკბილ „ვერმეერის“ მონაკვეთის შუაწელზე და წინ მელოდა ყველაზე ბნელი ღამე, სახელად „ბოსხი“.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.