მიმოსვლა ევროპის გულისკენ: ვარშავა

ნახევარი წლის წინ ვერც კი შევბედავდი იმაზე ფიქრს, რომ ერთხელაც მარტო გადავწყვეტდი ერთი მოგზაურობის დროს ხუთი სახელმწიფოს დედაქალაქის მონახულებას. მანამდე საქართველოს ფარგლებს შიგნით არათუ მარტოს არ მემგზავრა ქალაქიდან ქალაქში, არამედ არასოდეს მქონდა შეძენილი ტრანსპორტის ბილეთიც კი. ერთი ძველი გამოთქმის არ იყოს, ‘დრონი იცვლებიან, ჩვენც მათთან ერთად’. როდესაც შემდეგ ათ დღეში გადაადგილებისთვის აუცილებელი ბილეთები, დაჯავშნილი სასტუმრობის სია, სხვადასხვა ქალაქების რუკები თუ გეგმები მოვიმარაგე, სამოგზაურო ჩანთა მზადყოფნა ნომერ ერთში მოვიყვანე და წასვლის წინ კარები გამოვიკეტე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ როგორ გავზრდილვარ მთელი ამ ხნის განმავლობაში.

მარტო მოგზაურობა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. ერთი ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მსურდა დამეჩუმებინა ის ხმები, რომლებიც ამსტერდამულ იაღლიშს მახსენებდნენ. მეორეც, მარტო ყოფნისას მოქმედების შეუზღუდავი არეალი გაქვს და რომელი შესახვევიც თვალს დააინტერესებს, იქითკენ შეუხვევ. ბოლოს, ძველ ბლუზმენს მადი უოტერსს თუ დავუჯერებთ, კაცნი ვართ. სად თუ არა თვისებრივად უცხო ალაგას გამოიწვევ საკუთარ თავს და გამოცდილების შეძენას წაეხმარები.

ასე და ამგვარად დავიძარი ვარშავისკენ. პირველი ჩასვლისას მხოლოდ ღამის გათენება მქონდა გათვალისწინებული, რადგან გვიან ღამით მიწევდა ჩასვლა და მომდევნო დილას ჩემი ავტობუსი გადიოდა პრაღისკენ. ვარშავის საფუძვლიანი მონახულება აქეთკენ მობრუნებისას, დაახლოებით ერთი კვირის თავზე, მეწერა გეგმაში. როდესაც 17-საათიანი ქანცისგამწყვეტი მგზავრობის შემდეგ ვკითხე ბორტ-გამცილებელს, ოდესმე ჩავაღწევდით თუ არა აღთქმულ მიწაზე, მომიგო, რომ დანიშნულების ადგილზე ნახევარ საათში ვიქნებოდით, ისე კი, უკვე ერთი ამდენი ხანი პოლონეთის დედაქალაქში ვიმყოფებოდით. ლამის უკიდეგანო სივრცეზეა გადაშლილი ვარშავა, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ურბანული ზონა. მისი მოცულობა განსაკუთრებით დამთრგუნველი იმიტომაცაა, რომ გარეუბნებში საქალაქო ინფრასტრუქტურა გვარიანად მოიკოჭლებს და რაც ავტობუსის ფანჯრიდან ვიხილე, ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ იქ მოხვედრა. ვარშავის მეტროპოლიტენი ევროპაში ყველაზე ახალ ხილია, კომუნისტებს ალბათ შეეზარათ მიწისქვეშა სამუშაოები და მხოლოდ 1995 წელს პოლონეთმა ისტორიაში პირველად თავს მისცა მეტროს ფუფუნება. ოღონდ საქალაქო ტრანსპორტის ეს სახეობა ფაქტობრივად მხოლოდ დეკორაციულ მნიშვნელობას ასრულებს, რადგან ერთადერთი ვერტიკალზე გამავალი მეტროს ხაზი არსებობს ისიც თითზეჩამოსათვლელი გაჩერებებით, ისიც ძირითადად ცენტრში (აქაურად, ცენტრუმში).

გრაფიკით ღამის თერთმეტ საათზე უნდა ჩამომხტარვიყავი ტარტუ-რიგა-ვარშავის ავტობუსიდან, თუმცა რეალურად პირველის ნახევარზე თუ დავდგი ფეხი პოლსკა რეპუბლიკა სტოლიცას მიწაზე. მივხვდი, რომ სწორედ მოვიქეცი, როდესაც გამონაკლისი დავუშვი და ღამის გასათენებლად კეთილმოწყობილი ჰოსტელი ავარჩიე, რადგან თორმეტის შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე სასტუმრო წყვეტს რეგისტრაციას, კეტავს შემოსასვლელ კარებს და ჯავშნის არგაუქმების შემთხვევაში საკრედიტო ბარათიდან პირველი ღამის კუთვნილ ფულს ჩამოჭრის. ჰოსტელი კი თუ დაკეტილი დაგხვდა, უკანასკნელი საშუალების სახით (Ultima Ratio Regis) კარებს ბრახუნით ჩამოხსნი, ყვირილს მორთავ და ვინმე გამოგხედავს.

ღამის პირველის ნახევარია, ვარშავაში ვარ, უფრო ზუსტად კი ავტობუსების სადგურ ‘ზაჰოდნიაში’. ბალტიისპირეთისგან განსხვავებით, რომელიც თოვლით თეთრად გადაპენტილი დავტოვე, აქაურობა ტალახში ამოგანგლულ ერთ ვეება რკინა-ბეტონის კონსტრუქციას წააგავს. სადგურის შენობა ცხადია დაკეტილია, შესაბამისად იქ მოწყობილი კიოსკიც დახურულია. ბანკომატი ამ ღვთისგან მოვიწყებულ ადგილას ვეჭვობ სამი კილომეტრის რადიუსშიც არ იქნება. სადგურთანაც დიდი ხანი გაჩერება არაა რეკომენდირებული, რადგან პოლონეთში ეს ადგილი ადგილობრივ ლოთებს ანდამატივით იზიდავს. ჯიბეში არცერთი ზლოტი თუ გროში (აქაური ხურდა ფული) არ მიგდია, ისღა დამრჩენია ფეხით გავუყვე გზას ცენტრში მდებარე ჰოსტელისკენ. ვიცი, რომ იეროზელიმსკის პროსპექტზე ვარ, სადაც ოდნავ მოშორებით ქალაქის ცენტრში ვარშავის სიმბოლოდ ქცეული კულტურის და მეცნიერების ლამის ცად აზიდული სასახლე მდებარეობს. როგორც ამბობენ, ვარშავაში ვერ დაიკარგები, რადგან მისი წვერი ორიენტირად დაგეხმარება. თუმცა ისეთი უკუნეთი ღამეა და ზედ ბურუსი ჩამოწოლილი, რომ სტალინის აშენებული ‘რუსული ტორტი’ ჰორიზონტზე საერთოდ არ მოჩანს.

ამ უშველებელ ქუჩაზე სრული სიწყნარეა, ძეხორციელის ჭაჭანება არაა, აქა-იქ მობარბაცე სილუეტებს თუ შენიშნავთ ოდენ. გზად შემხვედრი ბანერები თითქოს აქაურად მეუბნებიან ‘ტუ ნიე სტოკგოლმ’. როდესაც სწორი ნაბიჯით მომავალ სილუეტს მოვკარი თვალი, პირდაპირ მისკენ გავეშურე, რათა დავრწმუნებულიყავი, სწორ გზაზე ვიდექი თუ არა. წარმომიდგენია მისი გაკვირვება, როდესაც შუაღამით სადღაც ოჰოტას რაიონში შემხვედრი უშანკაჩამოფხატებული ადამიანი უცხო ენაზე ეკითხება, ამ მხარეს არის თუ არა მდინარე ვისლა. აი დაახლოებით, გია დანელიას ‘არ დაიდარდოში’ თურქეთიდან მომავალი ევგენი ლეონოვის პერსონაჟი – რუსის სალდათი – რომ კითხულობს თბილისი საითკენ არისო. საბოლოოდ, დაახლოებით 45 წუთში მივაღწიე განათებულ ცენტრსაც და ჰოსტელსაც, რომელიც იმღამით მეპატრონეს ღია დარჩენია მისდა გასაკვირადაც კი. როგორც ჯპს-ით გავარკვიე, იმღამით სადღაც 3,8 კმ მივლია. შეიძლება დიდი ვერაფერი და პირადი რეკორდისგანაც შორს იდგეს ამსტერდამული გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც ერთ დღე-ღამეში ალბათ ქალაქის ყველა ხიდზე მომიწია ფეხის დადგმა.

იმდენად დამზაფრა ვარშავაში დარჩენის პერსპექტივამ, რომ მომდევნო დილას ლამის ხელოვნების დარგად შერაცხული დაგვიანების ჩვეულება გვერდით გადავდე და პრაღისკენ მიმავალი ავტობუსის პლატფორმაზე მთელი ერთი საათით ადრე, პირველი გამოცხადდი. იმ დილით უკვე მტკიცე ნაბიჯებით მოვდიოდი, რადგან უცხო გარემოში მოხვედრის პირველადი სიძნელე (რაც ვარშავაში განსაკუთრებით თვალშისაცემია) გამოვლილი მქონდა და ქალაქს ასე თუ ისე ვფლობდი. გულისჯიბეში ღრმად ჩაკარგული რიგული ბალზამიც გამახსენდა, აბა რატომ უნდა ჩამოვრჩენოდი აქაურებს.

პოლონეთის დედაქალაქს ხელმეორედ ერთი კვირის თავზე ვეწვიე, პრაღა-ვენის ოქროსფერი მოგონებებით დატვირთული. აქეთობისას, ბრატისლავიდან წამოვედი ავტობუსით და გზად ტატრას მთები გამოვიარე. უნდა ითქვას, რომ კომპანია Eurolines ტრადიციულად სამ ფურცელზე ბეჭდავს ბილეთებს, ადგილობრივი Eurolines Polska კი ნახევარ გვერდზე უწვრილესი შრიფტით ახერხებს იმავეს გადმოცემას. ბრატისლავა-ვარშავის და ვარშავა-ვილნიუსის ბილეთები იყო ყველაზე მინიატურული რაც მინახავს, თბილისი-საგურამოს შემდეგ, რომელზეც უბრალოდ ეწერა  რიცხვი 12. ბრატისლავაში მარშრუტის დაწყების წინ მგზავრებს (მგზავრებს რა, მე და სამ პოლონელს) კრუასანები დაგვირიგეს, პოლონეთში კი სადღაც კრაკოვთან თბილი ავტობუსიდან გადმოგვყარეს და ცივ მიკროავტობუსში ჩაგვყარეს. ამასთან ორი საათი ლოდინი მოგვიწია, სანამ კიდევ ერთი ავტობუსი მოვიდოდა, საიდანაც ერთი ხმელი მონგოლოიდი ჩვენთან გადმოსკუპდა.  ლიტვა-პოლონეთში გამართული გრაფიკის ‘სიკეთეებს’ უკვე მიჩვეული ვარ კაუნასური გამოცდილების შემდეგ, როდესაც -9 გრადუსში გათოშილი ორი საათი ველოდე აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსს. როდესაც მძღოლმა ძრავა აარახრახა, ერთ-ერთმა პოლონელმა იკითხა ‘ეს ვერტმფრენია თუ მიკრო-ავტობუსიო’ (მის მიერ წარმოთქმულ მოკლე წინადადებაში ‘ჰელიკოპტერი’ და ‘მინი-ბუსი’ ერია და თუმანს მოვდივარ, თუ თარგმანში ვცდებოდე). იმ პოლონურ ქალაქებში, რომელთა გავლა და სადაც მცირე ხნით გაჩერება მომიწია ორივე გზაზე (ბიალისტოკი, ლოძი, კატოვიცე, ვროცლავი, კრაკოვი, რადომი), ქართული ყოფა გამახსენდა – თვალშისაცემი გაჭირვება ქალაქების ქუჩებში და ყოველ ორ ნაბიჯში შემხვედრი ეკლესიები (კოსტელები).

ვარშავაში ისევ იმ ჰოსტელში გავჩერდი და სიამოვნებით რეკომენდაციასაც გავუწევ – ჰოსტელი ‘ოკი დოკი’, ვარშავის ცენტრი, მარშალოვსკას და სვიეტოკრჟიშკას ქუჩების გადაკვეთაზე, დაბროვსკის ჩიხი. ნამდვილი ვარშავა ყველაზე ნაკლებადაა ზევით ნახსენები თვითმარქვია სიმბოლო – კულტურისა და მეცნიერების სასახლე. სტალინმა ალბათ კატინის ტრაგედიის ასანაზღაურებლად პოლონელ ხალხს აჩუქა მაშინდელ ევროპაში უმაღლესი შენობა, რომლის მშენებლობასაც კი 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივებმა იგი აგებისთანავე შეიძულეს და მას დამამცირებლად ‘სტალინის შპრიცი’ და ‘რუსების საქორწინო ტორტი’ უწოდეს. ნამდვილი ვარშავა ის ქალაქია, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა ლოდების ზღვად აქცია, შემდეგ კი ხალხის საარაკო შემართებამ და ქალაქელობის შეგრძნებამ ყოველი ათიდან რვა მიწასთან გასწორებული შენობა აღადგინა. ვარშავას დიდი ხანია პრეტენზია აქვს გაცხადებული ‘აღმოსავლეთის პარიზის’ საპატიო წოდებაზე და ყველაფერში წარმოსახვით დას ბაძავს. ჭეშმარიტმა ვარშაველებმა მოპასანის მოსწრებული გამოთქმა ეიფელის კოშკზე საკუთარ ტყავზე გადმოიტანეს და განაცხადეს, რომ მშობლიური ქალაქის ყველაზე ლამაზი ხედი სტალინის სასახლიდან იშლება, რადგან მხოლოდ აქედან არ მოჩანს იგი. ქალაქის ცნობილი ჰიმნი ‘ვარშავიანკა’ ფრანგის დაწერილია და რევოლუციური სიმღერა ‘La Varsovienne’ მგზნებარებით მარსელიეზას მოგვაგონებს. ვარშავის გეტოს 43 წლის აჯანყებაც ისეთივე რომანტიკული ელფერის და დაუმონებელი ხალხის გმირობის საამაყო შემახსენებელია, როგორიც 71 წლის პარიზის კომუნის ისტორიია. ბისმარკის არ იყოს, პოლონელები ხომ პოლიტიკაში პოეტები არიან და პოეზიაში პოლიტიკოსები. მე თუ მკითხავ, ყველა დროის უდიდეს მეამბოხეებს შორის ერთნაირად იყვნენ ადამ მიცკევიჩიც და ფრედერიკ შოპენიც, რომლის რევოლუციურ ეტიუდს კიდევ დიდ ხანს მოისმენთ ვარშავის ცენტრის შენობებიდან (მე გამიმართლა და წილად მხვდა ბედნიერება). შოპენიც პარიზს ეტრფოდა, თუმცა მისი გული სამუდამოდ ვარშავაში რჩებოდა. ახლაც კი მისი სხეული პერ ლაშეზზე განისვენებს, გული კი ვარშავის სხვებისგან არაფრით გამორჩეულ, წმინდა ჯვრის ეკლესიაში სამუდამოდაა დაბრძანებული.

ვარშავა შოპენის, შპილმანის და რომანსების ქალაქია, სხვაგვარად შეუძლებელია აქ დაიბადო და მუსიკას არ ეტრფოდე. როდესაც  ძველ ვარშავაში ხეტიალით სასიამოვნოდ დავიღალე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში (სტარე მესტო) მტრედების გარემოცვაში სკამზე მოვკალათდი და ყველა მხრიდან გარშემორტყმულმა შენობების ფასადების ფოტოზე გადატანა გადავწყვიტე. ამასობაში იქვე, წმინდა ქალაქურად გამოწყობილი მოხუცი კაცი არღანზე მელოდიების შესრულებას აგრძელებდა, რეპერტუარში კი ლოგიკურად უფრო აქაური სიმღერები სჭარბობდა. ჩხაკუნის და ზუმირების პროცესში ყურს განსხვავებული ჰანგები ეუცხოვა და გონებაში წამით გამიელვა აზრმა, რომელზეც იქვე ჩამეცინა. თუმცა არა, რამდენიმე წამიც და ჩემი ეჭვი დადასტურდა, მეარღნე სულიკოს მელოდიას ასრულებდა თავიდან ბოლომდე! წმინდა ჟედიმინასის მადლმა, თუ ოდნავ ვაჭარბებდე. არ ვიცი სახეზე რა მეწერა, ალბათ ისევ გია დანელიას ’არ დაიდარდო’ რომ გავიხსენოთ, სერგო ზაქარიაძის გმირის გამომეტყველებას მივიღებდი, ’შენ ხარ ვენახს’ რომ მოასმენინებენ.

ყველაზე ბანალური ტურისტი ვიქნები და ვიტყვი, რომ ’მე მიყვარს ვარშავა’ . თუნდაც ერთი ამოჩემებული ვიწრო ქუჩა ’კოზიას’ გამო, რომელიც მრავალი მხატვრის შთაგონების წყაროს – კრაკოვსკის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ შთამბეჭდავ  ქუჩას – შეუმჩნევლად გამოეყოფა და ოლიმპიურ სიმშვიდეში გეპატიჟება. იგი იმდენად პატარაა, რომ მხოლოდ ადგილობრივთ თუ ეცოდინებათ მისი არსებობის შესახებ. მხოლოდ იქ გასასვლელად მიღირს ვარშავაში კიდევ ერთხელ ჩასვლა.

ბერლინზე და არა მხოლოდ, III

(ნაწილი მესამე)

აღმოსავლეთ ბერლინში დაბრუნებისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რუსული აქ კვლავაც მეორის სტატუსს ინარჩუნებს. ამიტომ არც გამკვირვებია, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი ინგლისურის ნაცვლად გამართული რუსულით მოსაუბრე დამხვდა. ‘ქართველები ესტონეთში’ – ქართული გვარების წაკითხვისას რუსულად წარმოთქვა სასტუმროს მფლობელმა მამაკაცმა, რომელიც ჩაერია საუბარში და ცოტა ხნის შემდეგ მოულოდნელად ქართულად დააყოლა ‘მეც თბილისელი ვარ’. ხომ წარმოგიდგენიათ ჩვენი გაოცება, ღამით უზარმაზარ ბერლინში ჩაკარგულ ერთ–ერთ სასტუმროში სრულიად უცხო ადამიანისგან მოისმინო მშობლიური ენა! უბრალოდ არ შემეძლო არ გამომეკითხა თანამოსაუბრის ავან–ჩავანი, იგი ვარანცოვზე დაბადებულ–გაზრდილი თბილისელი სომეხი ერიკა აღმოჩნდა. ცხინვალთან საჯარისო შენაერთების შესვლის მონაწილეს თბილისის სამოქალაქო ომის დროს დაუტოვებია თავისი ქალაქი და 1997 წლის შემდეგ აღარც ღირსებია იქ დაბრუნება.

სასტუმროდან გამოსულს მეგონა, რომ რუსული კი არა, ქართულიც საუცხოოდ ესმოდათ ბერლინში. შემდეგი დილის რეისმა კაუნასში დამაბრუნა და ნაბერლინარს ისღა მრჩებოდა აეროპორტში  4–5 საათი დავლოდებოდი ტარტუს ავტობუსს. მე ქალაქის ტრანსპორტის ლოდინისას ვერ ვჩერდები და განუწყვეტლივ ბოლთას ვცემ, შესაბამისად ამდენი ხანი მჯდომარე ვერაფრით მოვისვენებდი. თან კედელზე გაკრული კაუნასის ღირსშესანიშნაობები ისე უტიფრად მიწვევდა, რომ ჩემში დაბუდებულმა მოგზაურობის ჭიამ თავისი გაიტანა. იქვე კაუნასის რუკა ვიშოვნე და შიდა ავტობუსით გავუდექი ქალაქისკენ მიმავალ გზას. აქ, ამ საქალაქო ტრანსპორტში გავიცანი რანჯიტი, ახალგაზრდა ინდოელი კულინარი, ისიც მოგზაურობის დიდი ტრფიალი. რანჯიტი ჰელსინკიში ცხოვრობდა, იქ თან სპეციალობას ეუფლებოდა, თან იქაურ პრესტიჟულ რესტორანში პრაგმატულ გამოყენებას აძლევდა ცოდნას. მას თავისუფალი დრო ჰქონდა ტამპერეში იმ საღამოს ფრენამდე და ჩემს მსგავსად მასაც უქმად ყოფნისას კაუნასის დათვალიერება გადაუწყვეტია. რანჯიტი (სანსკრიტზე „მეომარი“) უაღრესად საინტერესო თანამოსაუბრე აღმოჩნდა და ღმერთმა თუ აღრიცხა, იმ რამდენიმე საათში რამდენ საკითხზე მოვასწარით საუბარი. საბოლოოდ, ერთმანეთის საკონტაქტო ინფორმაცია ჩავიწერეთ და შემპირდა კიდეც, რომ ჰელსინკიში ჩემი შემდეგი მოხვედრისას იგი თავად იზრუნებდა ღამის გასათევით უზრუნველყოფას. ავტობუსიდან კაუნასის ცენტრში ჩამოვხტით და მთავარი ალეის გაყოლებაზე ციხე–სიმაგრისკენ  ავიღეთ გეზი. აქ გზის გაკვლევაში დაგვეხმარა მეტად სანდო შესახედაობის კაუნასელი ყმაწვილი, რომელიც, როგორც გამოირკვა, აქაურ იეზუიტთა მიერ დაარსებულ სკოლა–პანსიონატში სწავლობდა და კაუნასის მთავარ კათედრალში ლათინურ საგალობლებსაც ასრულებდა კიდეც. მისი მშობლიური ქალაქი მოგზაურებით მაინცდამაინც განებივრებული არ იყო და თავად დიდი ხალისით მოუთხრობდა შემხვედრი შენობების შესახებ ორ გადამთიელს. რანჯიტთან ერთად საფუძვლიანად გავეცანი კაუნასის ისტორიულ ცენტრს და შელუკმების შემდეგ დავემშვიდობე ჩემს თანამგზავრს, რადგან უკვე მცირე ხანში დაიძვრებოდა ავტობუსი. ჩემი დროით  მის გასვლამდე ათი წუთით ადრე მივედი, ავხედე სადგურის შენობის კედელზე მოთავსებულ ძველებურ საათს და მივხვდი დღეს უნებურად რა მარტივი შეცდომა დამიშვია ბალტიისპირეთში ჩამოსვლისას. არადა საათის გადაწევა არის პირველი რამ, რასაც დროის სარტყელის გადაკვეთისას ვაკეთებ ხოლმე. იქვე გამოვარკვიე, რომ იმ დღეს პირდაპირ ტარტუში აღარ მიდიოდა ავტობუსი და მხოლოდ სხვადასხვა პატარა ქალაქში გაჩერებით შემეძლო იქ მიღწევა. სხვა რა გაეწყობოდა, სასწრაფოდ ვიყიდე კაუნასი–პანევეჟისის და პანევეჟისი–პარნუს  ბილეთი. პარნუ ესტონეთში მდებარეობდა, იქიდან კი ურმითაც ჩავიდოდი შინ.

ლიტვაში ჯერჯერობით ორ ქალაქში – კაუნასსა და პანევეჟისში – მომიწია ყოფნა (ვილნიუსში მხოლოდ მუხლი თუ მაქვს გაშლილი, ალბათ იანვარში ვეწვევი საფუძვლიანად) და მეტად მეცნაურა ორი რამ: 1) ფასები საოცრად დაბალია (პურს და ლუდს თუ არ ჩავთვლით); 2) აქაურები ლიტვურის გარდა სხვა ენას არ სცნობენ.  ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლიტვაში ინგლისური ენა მხოლოდ სკოლაში ამ საგნის მასწავლებლებმა თუ იციან, ხოლო რუსულს თუ ფლობენ, სურვილი არ აქვთ მასზე ალაპარაკდნენ. ლიტვის სიდიდით მეხუთე ქალაქ პანევეჟისში ოთხ საათზე მეტის გაჩერება მიწევდა და იმედი მქონდა, რომ ამ დროის მანძილზე სადმე კვების ობიექტს ან კაფე–ბარს შევაფარებდი თავს და რიგიან ვახშამს თუ არა ჭიქა ცხელ ჩაის მაინც გეახლებოდით. ჩავედი პანევეჟისში და დავბრუნდი 80–იან წლებში – დიდი ბოქლომით ჩარაზული სადგურის კარი, მხოლოდ ლიტვურად მოსაუბრე მოქალაქეები, საბჭოთა დროის საგზაო ნიშნები, მხოლოდ შავ–თეთრ ფერებში მცხოვრები ქალაქი. ევროკავშირის მამა–დამაარსებლებს პანევეჟისი რომ ეხილათ, ალბათ სამუდამო ვეტოს დაადებდნენ ლიტვის ოჯახში შემოსვლას. საღამოს შვიდ საათზე ღია მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი უნივერმაღები აღმოჩნდა, ასე ავღმოჩნდი ღვთისგან დიდის ხნის წინათ მივიწყებული ქალაქის ქუჩებში. გამიმართლა, რომ იმ საღამოს ტრადიციულად არ ყინავდა და აქაურობისთვის ნორმალური ტემპერატურა (ეს –2 ან –3 გრადუსს გულისხმობს) იყო შენარჩუნებული. აგრეთვე ბედად რიუკზაკში აღმომაჩნდა რიგული ბალზამი, ლატვიის დედაქალაქში გზად კაი სადგურის ლოთივით ნაყიდი.  ისღა მრჩებოდა ოთხი საათი უნივერმაღებში შესვენებებით გამეტარებინა ფეხით სიარულში. ამასობაში ალბათ შემოვიარე მთელი ქალაქი და ერთიდან მეორე ბოლოში წავედი–წამოვედი. საოცარია, გუშინ ფრიდრიხშტრასეზე მივაბიჯებდი, დღეს კი ბენზო–გასამართი სადგურებით დატვირთულ ალბათ დონატას ბანიონისის სახელობის უსახურ ქუჩას მივუყვებოდი. ასეთ მიკარგულ ადგილას გადავაწყდი იმას, რასაც ცოცხალი ელვის პრესლის ხილვის შემდეგ ყველაზე ნაკლებად მოველოდი – გვიანობამდე მომუშავე სექს–შოპი. პანევეჟისის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მრავალფეროვნებით იგი არ ჩამოუვარდებოდა ამსტერდამულ ანალოგებს, ერთი მომსახურე პერსონალი ვერანაირად ჯდებოდა საერთო ანტურაჟში. არაფრისმთქმელი და მკაცრი გამომეტყველებით იგი უფრო სკოლის სასწავლო ნაწილს ჩამოჰგავდა, ვიდრე სექს–შოპის თამამ გამყიდველს. ხუთი წუთით ისევ ამსტერდამში წარმოვიდგინე თავი, შემდეგ როცა გამოვერკვიე, ისევ პანევეჟისის ქუჩების ნაცრისფერ რეალობას დავუბრუნდი.

როგორც იქნა, მოაღწია თერთმეტმა საათმა და ავტობუსი დალოცვილი ესტონეთისკენ გაუყვა გზას. ესტონურ კოხტა ქალაქ პარნუში ღამის ხუთის ნახევარზე ჩამოვედი და კვლავ ქუჩაში ავღმოჩნდი. მადლობა უზენაესს, ამჯერად ბევრად კეთილმოწყობილ ქალაქში, რომელიც მართალია შედარებით მცირე მასშტაბებში, თუმცა მაინც ტარტუს წააგავდა. აქ დაახლოებით ორი საათი მომიწია ბოდიალი, სანამ ტარტუსკენ პირველი ავტობუსი არ გამოჩნდა. ერთ დროს მშობლიური კერიის სამაგალითო ერთგული  ასე დავემსგავსე კასპარ დავიდ ფრიდრიხის ცნობილ პერსონაჟს – მარტოხელა მოხეტიალეს. ის დამრჩენია დავასრულო პოსტი, რომლის დაწერა გვარიანად მეზარებოდა, და გავაგრძელო საგამოცდო ციებ–ცხელება. მისი ჩახშობის შემდეგ რჩება გრანდ–ვოიაჟი ევროპის ცენტრისკენ და კიდევ ერთი ფრენა, ამჯერად შინისკენ.

ბერლინზე და არა მხოლოდ, I

ოსკარ კოკოშკა, პარიზერ პლატცი ბერლინში, 1925–1926, ბერლინი, ნაციონალური გალერეა

(ნაწილი პირველი)

თავდაპირველი ჩანაფიქრით, ბერლინამდე რამდენიმე დღით ადრე პარიზს უნდა ვწვეოდი. ჯერ კიდევ სექტემბერში კაუნასიდან ორივე რეისის ბილეთი შევიძინე საკმარისად დაბალ ფასებში. ასე განსაჯეთ, ტარტუდან ლიტვურ ქალაქ კაუნასში ავტობუსით რვა–საათიანი მომქანცველი მგზავრობა ორ–ნახევარჯერ მეტი დამიჯდა, ვიდრე ფრენა კაუნასიდან ბერლინამდე. პარიზში კი აღარ ჩავედი, ამის ახსნა რთულია და ალბათ მრავალიც არ მომიწონებს ქმედებას. სხვა თუ არაფერი, პარიზი უფრო შორს მოჩანს საქართველოდან, ვიდრე სინამდვილეშია და მისი მონახულება ბევრმა მოათავსა აუხდენელ ოცნებათა ყულაბაში. საქმე ის გახლავთ, რომ ეს არის ერთადერთი ქალაქი, სადაც არ ვისურვებდი მოგზაურის სამოსში სტუმრობას. რა აზრი ექნება იქ ჩასვლას, თუ ჩემთან ერთად მყოფისგან ვერ ვიგრძნობ ხილვისგან გამოწვეულ საერთო განცდას. პარიზი არსად წავა, იქ დარჩება, მანამდე კი ბერლინი იცდიდა.

ფრენა კაუნასიდან გამთენიისას მქონდა. შედეგად, ბალტიისპირეთში აღარ დარჩა ხეირიანი აეროპორტი, სადაც ღამე არ მქონდეს გათენებული. ალბათ სახლი უნდა ეწოდოს ისეთ ადგილს, სადაც მისვლა გიხარია, კედლებს იცნობ, იძინებ, საუზმობ, როცა საჭიროა ხელ–პირს იბან, კბილებს იხეხავ, წვერს იპარსავ. ამ ლოგიკით, კაუნასის აეროპორტიც ჩემი ერთ–ერთი სახლია, შედარებით მყუდრო და კომფორტული. რეისის ლოდინისას ერთ მომენტში მივხვდი, რომ უკვე დიდი ხანი შენობის მეორე სართულზე მხოლოდ მე და დამლაგებელი ვიმყოფებოდით. რა გაეწყობა, ზოგჯერ ნამდვილი სახლიც მოგეჩვენება დაცარიელებულად. კაუნასიდან ბერლინის შონეფელდის აეროპორტში ჩავფრინდით. მრავლობითში იმიტომ, რომ ამ ვოიაჟისას ჩემი თანამგზავრები ტარტუში მოსწავლე სხვა რამდენიმე ქართველი სტუდენტიც იყვნენ. შონეფელდი ადრე აღმოსავლეთ ბერლინის ცენტრალურ აეროპორტს წარმოადგენდა და აქ ახლაც კია შემორჩენილი კომუნისტური წარსულის გამოძახილი. რამდენიმე–სართულიანი შენობის სართულებს ძირითადად სპარტანული წესით კიბეები აკავშირებს, ხოლო ინფორმაცია გერმანულთან და ინგლისურთან ერთად დამტვრეული რუსულითაც ცხადდება. მომავალ წელს ტეგელის აეროპორტი იხურება და რადგანაც ლეგენდარული ტემპელჰოფი უკვე დაკეტილია, შონეფელდს გადაერქმევა სახელი და იგი გახდება ბერლინის საჰაერო სივრცის ცენტრალური არტერია.

ბერლინში გადაადგილების ძირითად საშუალებად მეტროს გამოყენებას ვაპირებდი და მანაც არ გამიცრუა მოლოდინი. მართლაც დიდებულად არის მოწყობილი ბერლინის სარკინიგზო სისტემა, ქალაქს მეტროს ორი ქსელი S-Bahn და U-Bahn ემსახურება და მათი დახმარებით ადვილადაა შესაძლებელი უსწრაფესად მოხვედრა ბერლინის და შემოგარენის (პოტსდამის ჩათვლით) ნებისმიერ წერტილში. დღის ბოლოს უკვე საკმარისად კარგად ვიყავი გარკვეული მეტროქსელში და ბერლინელთა დაუხმარებლად შემეძლო დანიშნულების ადგილამდე მიღწევა. ჩემს თანამგზავრებს რაც შეეხებათ, მათ წილად ხვდათ ჩემნაირი დესპოტის მეგზურობა. ერთ–ერთმა მათგანმა ჩასვლისას კი ახსენა ტურ–კომპანიების ავტობუსების სარგებლობის შესახებ (ოხ ნინო მეგრელო!). ეს იყო ის, რასაც გერმანელები უწოდებენ Dolchstoß von hinten, „მახვილი ზურგში“. ჩემი წარმოდგენებით, ამგვარი ავტობუსით გეკარგება ადამიანური სახე და ყოვლად ამაზრზენ ტურისტულ მორევში ეფლობი. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში იძულებული ხარ დამორჩილდე გიდის ბრძანებას და 10 წუთზე მეტი არ დაჰყო ერთ გაჩერებაზე, ან როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, არც ჩამოხვიდე და უბრალოდ ხელი დაუქნიო ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. საბოლოოდ, თანამგზავრებს მოუწიათ ჩემნაირ (შეიძლება აუტანელ, თუმცა მთლიანობაში კარგ) მეგზურთან თანხლება.

ბერლინური მარშრუტი ჩასვლამდე საგულდაგულოდ მქონდა შემუშავებული, ამიტომ თავიდან გეგმაზომიერად ერთ–ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ფრიდრიხშტრასეზე ჩამოვედი. სამხრეთით ჩავუყევი მას და ბერლინის მთავარ პროსპექტის, უნტერ დენ ლინდენის, შუაში ამოვყავი თავი. მისი დასახელება გერმანულიდან ითარგმნება, როგორც „ცაცხვების ქვეშ“ და იგი ჩემი იქ ჩასვლისას საშობაო ილუმინაციებით იყო მორთული. სავარაუდოდ შემოდგომის ფოთოლცვენის პერიოდი უნდა იყოს საუკეთესო დრო პროსპექტზე სასეირნოდ. უნტერ დენ ლინდენი პარიზის მოედნით (Pariser Platz) და მასზე აღმართული მონუმენტური შესასვლელით ბრანდერბურგის ჭიშკრით იწყება. სიმართლე რომ ვთქვა, ბერლინში მასზე მეტად სხვა კარიბჭემ მომხიბლა, თუმცა ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ბრანდენბურგის ჭიშკარი გერმანელთათვის უფრო მეტად სიმბოლოა, ვიდრე მხოლოდ არქიტექტურული ანსამბლი. როდესაც, ჰაინეს სიტყვებით, ნაპოლეონმა სული შეუბერა პრუსიას და გააქრო, იმპერატორმა პარიზისკენ წაათრია ცხენებიანი კვადრიგა. 1814 წელს პარიზული კამპანიისას პრუსიელმა გენერლებმა უკან გადმოაბრძანეს იგი და გამარჯვების სიმბოლოდ აქციეს. ბრანდენბურგის ჭიშკარი შეესწრო ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას და მის ფაშისტურ აღლუმებს, მოფრიალე საბჭოთა დროშას, ბერლინის კედლის აგებას, რეიგანის ცნობილ სიტყვას „დაანგრიეთ ეს კედელი, ბატონო გორბაჩოვ!“, რამდენიმე წლის შემდეგ კი მისი სიტყვების და ბერლინელთა რამდენიმე თაობის ოცნების ასრულებას. დღევანდელ დღეს, აქ ძირითადად ლეგენდარული როკ–ჯგუფები თავიანთი ტურნეს დროს მართავენ ხოლმე კონცერტებს. გერმანული ერთიანობის კიდევ ერთი სიმბოლო – რაიხსტაგი – კარიბჭიდან ჩრდილოეთით, ასიოდ მეტრში მდებარეობს. ჩემი იქ ჩასვლისას პარლამენტის შენობას გაძლიერებული დაცვა იცავდა და ტერორისტული საფრთხის გამო მნახველთათვის დახურული აღმოჩნდა.

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.