ბერლინზე და არა მხოლოდ, III
December 11, 2010 4 Comments
(ნაწილი მესამე)
აღმოსავლეთ ბერლინში დაბრუნებისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რუსული აქ კვლავაც მეორის სტატუსს ინარჩუნებს. ამიტომ არც გამკვირვებია, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი ინგლისურის ნაცვლად გამართული რუსულით მოსაუბრე დამხვდა. ‘ქართველები ესტონეთში’ – ქართული გვარების წაკითხვისას რუსულად წარმოთქვა სასტუმროს მფლობელმა მამაკაცმა, რომელიც ჩაერია საუბარში და ცოტა ხნის შემდეგ მოულოდნელად ქართულად დააყოლა ‘მეც თბილისელი ვარ’. ხომ წარმოგიდგენიათ ჩვენი გაოცება, ღამით უზარმაზარ ბერლინში ჩაკარგულ ერთ–ერთ სასტუმროში სრულიად უცხო ადამიანისგან მოისმინო მშობლიური ენა! უბრალოდ არ შემეძლო არ გამომეკითხა თანამოსაუბრის ავან–ჩავანი, იგი ვარანცოვზე დაბადებულ–გაზრდილი თბილისელი სომეხი ერიკა აღმოჩნდა. ცხინვალთან საჯარისო შენაერთების შესვლის მონაწილეს თბილისის სამოქალაქო ომის დროს დაუტოვებია თავისი ქალაქი და 1997 წლის შემდეგ აღარც ღირსებია იქ დაბრუნება.
სასტუმროდან გამოსულს მეგონა, რომ რუსული კი არა, ქართულიც საუცხოოდ ესმოდათ ბერლინში. შემდეგი დილის რეისმა კაუნასში დამაბრუნა და ნაბერლინარს ისღა მრჩებოდა აეროპორტში 4–5 საათი დავლოდებოდი ტარტუს ავტობუსს. მე ქალაქის ტრანსპორტის ლოდინისას ვერ ვჩერდები და განუწყვეტლივ ბოლთას ვცემ, შესაბამისად ამდენი ხანი მჯდომარე ვერაფრით მოვისვენებდი. თან კედელზე გაკრული კაუნასის ღირსშესანიშნაობები ისე უტიფრად მიწვევდა, რომ ჩემში დაბუდებულმა მოგზაურობის ჭიამ თავისი გაიტანა. იქვე კაუნასის რუკა ვიშოვნე და შიდა ავტობუსით გავუდექი ქალაქისკენ მიმავალ გზას. აქ, ამ საქალაქო ტრანსპორტში გავიცანი რანჯიტი, ახალგაზრდა ინდოელი კულინარი, ისიც მოგზაურობის დიდი ტრფიალი. რანჯიტი ჰელსინკიში ცხოვრობდა, იქ თან სპეციალობას ეუფლებოდა, თან იქაურ პრესტიჟულ რესტორანში პრაგმატულ გამოყენებას აძლევდა ცოდნას. მას თავისუფალი დრო ჰქონდა ტამპერეში იმ საღამოს ფრენამდე და ჩემს მსგავსად მასაც უქმად ყოფნისას კაუნასის დათვალიერება გადაუწყვეტია. რანჯიტი (სანსკრიტზე „მეომარი“) უაღრესად საინტერესო თანამოსაუბრე აღმოჩნდა და ღმერთმა თუ აღრიცხა, იმ რამდენიმე საათში რამდენ საკითხზე მოვასწარით საუბარი. საბოლოოდ, ერთმანეთის საკონტაქტო ინფორმაცია ჩავიწერეთ და შემპირდა კიდეც, რომ ჰელსინკიში ჩემი შემდეგი მოხვედრისას იგი თავად იზრუნებდა ღამის გასათევით უზრუნველყოფას. ავტობუსიდან კაუნასის ცენტრში ჩამოვხტით და მთავარი ალეის გაყოლებაზე ციხე–სიმაგრისკენ ავიღეთ გეზი. აქ გზის გაკვლევაში დაგვეხმარა მეტად სანდო შესახედაობის კაუნასელი ყმაწვილი, რომელიც, როგორც გამოირკვა, აქაურ იეზუიტთა მიერ დაარსებულ სკოლა–პანსიონატში სწავლობდა და კაუნასის მთავარ კათედრალში ლათინურ საგალობლებსაც ასრულებდა კიდეც. მისი მშობლიური ქალაქი მოგზაურებით მაინცდამაინც განებივრებული არ იყო და თავად დიდი ხალისით მოუთხრობდა შემხვედრი შენობების შესახებ ორ გადამთიელს. რანჯიტთან ერთად საფუძვლიანად გავეცანი კაუნასის ისტორიულ ცენტრს და შელუკმების შემდეგ დავემშვიდობე ჩემს თანამგზავრს, რადგან უკვე მცირე ხანში დაიძვრებოდა ავტობუსი. ჩემი დროით მის გასვლამდე ათი წუთით ადრე მივედი, ავხედე სადგურის შენობის კედელზე მოთავსებულ ძველებურ საათს
და მივხვდი დღეს უნებურად რა მარტივი შეცდომა დამიშვია ბალტიისპირეთში ჩამოსვლისას. არადა საათის გადაწევა არის პირველი რამ, რასაც დროის სარტყელის გადაკვეთისას ვაკეთებ ხოლმე. იქვე გამოვარკვიე, რომ იმ დღეს პირდაპირ ტარტუში აღარ მიდიოდა ავტობუსი და მხოლოდ სხვადასხვა პატარა ქალაქში გაჩერებით შემეძლო იქ მიღწევა. სხვა რა გაეწყობოდა, სასწრაფოდ ვიყიდე კაუნასი–პანევეჟისის და პანევეჟისი–პარნუს ბილეთი. პარნუ ესტონეთში მდებარეობდა, იქიდან კი ურმითაც ჩავიდოდი შინ.
ლიტვაში ჯერჯერობით ორ ქალაქში – კაუნასსა და პანევეჟისში – მომიწია ყოფნა (ვილნიუსში მხოლოდ მუხლი თუ მაქვს გაშლილი, ალბათ იანვარში ვეწვევი საფუძვლიანად) და მეტად მეცნაურა ორი რამ: 1) ფასები საოცრად დაბალია (პურს და ლუდს თუ არ ჩავთვლით); 2) აქაურები ლიტვურის გარდა სხვა ენას არ სცნობენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლიტვაში ინგლისური ენა მხოლოდ სკოლაში ამ საგნის მასწავლებლებმა თუ იციან, ხოლო რუსულს თუ ფლობენ, სურვილი არ აქვთ მასზე ალაპარაკდნენ. ლიტვის სიდიდით მეხუთე ქალაქ პანევეჟისში ოთხ საათზე მეტის გაჩერება მიწევდა და იმედი მქონდა, რომ ამ დროის მანძილზე სადმე კვების ობიექტს ან კაფე–ბარს შევაფარებდი თავს და რიგიან ვახშამს თუ არა ჭიქა ცხელ ჩაის მაინც გეახლებოდით. ჩავედი პანევეჟისში და დავბრუნდი 80–იან წლებში – დიდი ბოქლომით ჩარაზული სადგურის კარი, მხოლოდ ლიტვურად მოსაუბრე მოქალაქეები, საბჭოთა დროის საგზაო ნიშნები, მხოლოდ შავ–თეთრ ფერებში მცხოვრები ქალაქი. ევროკავშირის მამა–დამაარსებლებს პანევეჟისი რომ ეხილათ, ალბათ სამუდამო ვეტოს დაადებდნენ ლიტვის ოჯახში შემოსვლას. საღამოს შვიდ საათზე ღია მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი უნივერმაღები აღმოჩნდა, ასე ავღმოჩნდი ღვთისგან დიდის ხნის წინათ მივიწყებული ქალაქის ქუჩებში. გამიმართლა, რომ იმ საღამოს ტრადიციულად არ ყინავდა და აქაურობისთვის ნორმალური ტემპერატურა (ეს –2 ან –3 გრადუსს გულისხმობს) იყო შენარჩუნებული. აგრეთვე ბედად რიუკზაკში აღმომაჩნდა რიგული ბალზამი, ლატვიის დედაქალაქში გზად კაი სადგურის ლოთივით ნაყიდი. ისღა მრჩებოდა ოთხი საათი უნივერმაღებში შესვენებებით გამეტარებინა ფეხით სიარულში. ამასობაში ალბათ შემოვიარე მთელი ქალაქი და ერთიდან მეორე ბოლოში წავედი–წამოვედი. საოცარია, გუშინ ფრიდრიხშტრასეზე მივაბიჯებდი, დღეს კი ბენზო–გასამართი სადგურებით დატვირთულ ალბათ დონატას ბანიონისის სახელობის უსახურ ქუჩას მივუყვებოდი. ასეთ მიკარგულ ადგილას გადავაწყდი იმას, რასაც ცოცხალი ელვის პრესლის ხილვის შემდეგ ყველაზე ნაკლებად მოველოდი – გვიანობამდე მომუშავე სექს–შოპი. პანევეჟისის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მრავალფეროვნებით იგი არ ჩამოუვარდებოდა ამსტერდამულ ანალოგებს, ერთი მომსახურე პერსონალი ვერანაირად ჯდებოდა საერთო ანტურაჟში. არაფრისმთქმელი და მკაცრი გამომეტყველებით იგი უფრო სკოლის
სასწავლო ნაწილს ჩამოჰგავდა, ვიდრე სექს–შოპის თამამ გამყიდველს. ხუთი წუთით ისევ ამსტერდამში წარმოვიდგინე თავი, შემდეგ როცა გამოვერკვიე, ისევ პანევეჟისის ქუჩების ნაცრისფერ რეალობას დავუბრუნდი.
როგორც იქნა, მოაღწია თერთმეტმა საათმა და ავტობუსი დალოცვილი ესტონეთისკენ გაუყვა გზას. ესტონურ კოხტა ქალაქ პარნუში ღამის ხუთის ნახევარზე ჩამოვედი და კვლავ ქუჩაში ავღმოჩნდი. მადლობა უზენაესს, ამჯერად ბევრად კეთილმოწყობილ ქალაქში, რომელიც მართალია შედარებით მცირე მასშტაბებში, თუმცა მაინც ტარტუს წააგავდა. აქ დაახლოებით ორი საათი მომიწია ბოდიალი, სანამ ტარტუსკენ პირველი ავტობუსი არ გამოჩნდა. ერთ დროს მშობლიური კერიის სამაგალითო ერთგული ასე დავემსგავსე კასპარ დავიდ ფრიდრიხის ცნობილ პერსონაჟს – მარტოხელა მოხეტიალეს. ის დამრჩენია დავასრულო პოსტი, რომლის დაწერა გვარიანად მეზარებოდა, და გავაგრძელო საგამოცდო ციებ–ცხელება. მისი ჩახშობის შემდეგ რჩება გრანდ–ვოიაჟი ევროპის ცენტრისკენ და კიდევ ერთი ფრენა, ამჯერად შინისკენ.
არავითარი სტილისტი, მე სიყრმიდან პარიკმახერის ხელს ვარ მიჩვეული და ეს ცნება ბევრად ფასეულია ჩემთვის. ეს ისეთი იშვიათი პროფესიის წარმომადგენელია, რომელთან ურთიერთობა თითქმის მთელი ცხოვრება გვიწევს, ან გვინდა რომ გვიწევდეს (გორგილ!). აღარ მახსოვს სად მოვისმინე, ფილმში თუ რომელიმე მეგობარმა, ცხონებულმა, ფრთიან ფრაზად ისროლა, რომ პირველი პარიკმახერი პირველი ქალივით არ გავიწყდება. „დამიძახეთ მე რობერტა“ – ახლა წარმოვიდგინე ასეთი მობი დიკისეული დაწყებით რომ გამცნობოდა ჩემი პირველი პარიკმახერი. რობერტას შემდეგ იყო უკრაინელი ლენა, რომელიც ლამაზი ქალი იყო სადღაც ოცი წლის წინათ ჩემამდე, ჩემი თავი კი მის ხელებში ყველაზე მეტხანს – 7 წელი გორაობდა. მისგან სახსოვრად შტეფან ცვეიგის შვიდ–ტომეული დამრჩა, თითქოს თითო ტომი თითო წლისთვის. ბოლოსკენ კარიერული დაღმასვლა დაეწყო და მეც სკოლის დამთავრების შემდეგ მივატოვე. ლენას მერე ძიების პროცესში ვარ და ვერაფრით გამიკეთებია არჩევანი ალიკასა და ლიოვას შორის. ორივე ნამდვილი ოსტატია (ან უფრო, პრაფესიანალი), ორივეს საქმისადმი ერთგულებას თანაბრად ვაფასებ. წამოსვლამდე კი უფრო ლიოვას მხარეს გადმოვიხარე.


შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ბავშვობის გახსენებისას პირველი არა ასტრიდ ლინდგრენი მომდის გონებაში, არამედ სელმა ლაგერლოფი. მისი „ნილსისა და ბატების გასაოცარი მოგზაურობა“ იყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე და წავიკითხე. არავის უთქვამს ან წაუქეზებია წამეკითხა იგი, ჩემით ვიპოვნე მტვრიან თაროებზე, ან მიპოვნა უფრო. აქ პირველად გავიგე ისეთი უცნაური სიტყვები, როგორიცაა „ოინბაზი“ ან „ჭილყვავი“. მერე და მერე შევიტყვე, რომ სელმა ლაგერლოფი პირველი ქალი მწერალი ნობელიანტი ყოფილა (ესეც შვედის მიერ დაარსებული!) და როგორი სინანულით მეხარჯებოდა მისი გამოსახულებიანი ბოლო 20 შვედური კრონი (მანამდე 50–იანი და ასიანი უპრობლემოდ).


ძეგლი მეფეს, რომელიც ერთ ბრძოლაში დაახლოებით ნახევარი ფინეთის ტერიტორიას დაკარგავს. წარმოიდგინეთ, მეიდანზე რომ იყოს გიორგი XII–ის მონუმენტი, ოღონდ ცხენზე არა, ისე როგორც უყვარდა მხართეძოზე წამოწოლილს – აღმოსავლურ–რუსულ დივან–კრესლაზე.
ლამის იაკობი vs. ანგელოზის ჭიდილში გადასულს თვალს მომხვდა კიჩოს ქვეშ მდგარი ერთი ამერიკელი ტურისტის გულმოდგინება, რომელიც ფოტოს ფოტოზე უღებდა შვედი მეზღვაურების კიჩ–დეკორაციას. კიჩი მასობრივი კულტურის ნაყოფია, იგი მთავარ ყურადღებას გარეგნობის ექსტრავაგანტულობას აქცევს. საინტერესო ტიპაჟია ტურისტი, რომელიც ზურგით დგას მსოფლიოში უძვირფასესი ისტორიული მნიშვნელობის საბრძოლო ხომალდის კიჩოსკენ და ფოტოს უღებს XXI საუკუნეში შექმნილ კიჩს.
Recent Comments