ჯორჯ პრაისი – ყველაზე უიღბლო კაცი

1918 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა კანადელი ჯორჯ ლორენს პრაისი და სხვების თვალში (მაგალითად ჩემსაში) თავისი სიკვდილით განუსაზღვრელი დროით დაიტოვა “ყველაზე უიღბლო კაცის” სტატუსი (Facebook მაშინ, მართლაც რომ გასაკვირია და არ არსებობდა).

ეს პოსტი არც დაიწერებოდა, იგი თუნდაც ხუთი წუთით გვიან რომ მომკვდარიყო. ჯორჯ პრაისი დილის 10:58–ზე ტყვიამ იმსხვერპლა და იმ წამსვე აღესრულა. იგი მანამდე 25 წლის წინათ კანადის მიყრუებული პროვინცია სასკაჩევანის ერთ მიყრუებულ დასახლებაში დაიბადა, სადაც  რამდენიმე კომლი თუ იყო შემორჩენილი. 1917 წელს რიგითი პრაისი პირველ მსოფლიო ომში ბრიტანული იმპერიის მზის დასაცავად კანადელთა საექსპედიციო კორპუსში ჩაეწერა. მოკავშირეთა უკანასკნელი შტურმგამოვლილი მისთვის საბედისწერო დღეს პატარა ბელგიურ სოფელ ვილ–სურ–ჰაინში (ვიკიპედიაში მასზე მხოლოდ ის წერია, ჯორჯ პრაისი იქ რომ მოკლეს) უკანასკნელ შემოვლას ასრულებდა, როდესაც გერმანელი სნაიპერის ტყვიას დაეტაკა. ომის მსხვერპლთა დაუსრულებელ სტატისტიკურ აღწერაში ჩაიკარგებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ორი წუთის შემდეგ დილის 11:00–ზე ძალაში შედიოდა გერმანიის უსიტყვო კაპიტულაცია  და ომი, ოცი წლით მაინც, სრულდებოდა.

ორმა წუთმა იმავე ასოცმა წამმა გადაწყვიტა ჯორჯ პრაისის სიცოცხლე და სამუდამოდ შეიყვანა ისტორიაში, როგორც არნახულად ამაზრზენი პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელი მსხვერპლი.

დაუვიწყარი მოგზაურობა ბელგია–ჰოლანდიაში წინ და უკან, III-IV

(ნაწილი მესამე და მეოთხე)

ჰერენგრახტი, კაიზერსგრახტი, პრინსენგრახტი, რეგულირსგრახტი – არასრული ჩამონათვალია იმ არხების, რომლის გადაჭრა მომიწია ამსტერდამის ხიდთა მეფის მაგერ ბრუგის სანახავად. საკუთარ თავს არ ვაპატიებდი ისე წავსულიყავი აქედან, აქ ფეხი არ დამედგა. ტურისტებს უყვართ პოზიორობა ხიდის ხედის ფონზე, თუმცა ძირითადად ვერ იმახსოვრებენ მის სახელს. ალბათ ამიტომ ცოტათი გამიჭირდა ამ ხიდის მოძებნა, ხელსაც ვერ ჩავიქნევდი შუა გზაში, სხვა თუ არაფერი უკვე პრინციპის საქმე ხდებოდა. ის–ის იყო შემდეგ ხიდზე გადასვლისას კვლავაც უნდა მეკითხა მისი ადგილმდებარეობის შესახებ, რომ მოულოდნელად უკნიდან მომესმა ჰოლანდიელი კაცის მჭახე ხმა: მახერ ბრუხ! მეც უმალვე თვალებში გავიხედე, მოვავლე მზერა ხიდს და დავრწმუნდი. ცხადია, ეს ის იყო, ხიდთა მეფე, მეფეთა ხიდი. ახლა რომ ვუფიქრდები, ხიდის ნახვაზე მეტად საკუთარი ცნობისმოყვარეობის ჭიის დაკმაყოფილებამ ალბათ უფრო მომგვარა სიამე.

ამის შემდეგ მოახლოებოდა დრო გამგზავრებისა, მრჩებოდა ცენტრალური სადგურისკენ მსვლელობისას უბრალოდ გამევლო წითელი ფარნების უბანში (შენიშვნა მამრი მკითხველისთვის: 15–20 წუთიანი აღებ–მიცემა ღირს 50 ევრო, თუმცა ხელის ყოველი უხეში მოძრაობით ფასი კოლოსალურად იზრდება). აქ რუკის დაუხმარებლადაც შეიძლებოდა მისვლა, ახალგაზრდების ქარავანი ისედაც ამ ქუჩისკენ უხვევდა. არც კი მინდოდა ფიქრი, თუ რამდენ რამეს ვტოვებდი უნახავს. საბოლოოდ მივედი ცენტრალურ სადგურში და გამოვბრუნდი უკან, გავაცდინე ავტობუსი ბრიუსელისკენ. რა მექნა, არ შემეძლო ბოლომდე არ შემესწავლა ამსტერდამი. იმ დღეს მივადექი ვან გოგის მუზეუმს, ტრადიციულად შევსანსლე ჰოთდოგი შესვლის წინ, პირდაპირ ცეცხლი ეკიდა ვინსენტის ნახატებს, საკუთარი ხელები ღრმად ჩავიწყვე ჯიბეში, არ მინდოდა მათი უუნარობა მეხილა. მოვიარე მთელი ქალაქი, გავცდი ცენტრს, ფეხდაფეხ შევუყევი ხიდებს დასავლეთის არხებიდან აღმოსავლეთისკენ ცენტრალურის გავლით. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც, როდესაც ღამის გასათევზე ფიქრი გონებამ დღის წესრიგში დააყენა, უბრალოდ ავიხედე და ბევრიც აღარ მიფიქრია მასზე. იმ დროს ზუსტად ისევ რეიკსმუზეუმის შესასვლელთან ვიდექი, ჩემს წინ კი მყუდრო მუზეუმის ჰოტელი აღმართულიყო. ვარჩიე 20 ევროთი მეტი გადამეხადა და ღამე გამეტარებინა ამსტერდამის ერთ–ერთ ისტორიულ სახლში, ვიდრე 18 კაცთან ერთად ბინძური ოთახი მეზიარა რომელიმე ახალგაზრდულ ჰოსტელში.

სასტუმროს ერთადერთი მომსახურე პერსონალი თავად მეპატრონე აღმოჩნდა, იგი შუა ხნის ასაკის სასიამოვნო გარეგნობის ჰოლანდიელი ქალბატონი იყო, რომელსაც მუდმივად ფინია ძაღლი თან დაყვებოდა. ვფიქრობ, სასტუმროს სიგრძე ბევრად სჭარბობდა სიგანეს, რადგან ოთახებისკენ მიმავალი კიბეები მორის ეშერის ნახატებივით თითქოს არ სრულდებოდა და სულ ზევით და ზევით ადიოდა. ბედად ერთადერთი თავისუფალი ნომერი იყო დატოვებული, ისიც ერთკაციანი. არასოდეს დამავიწყდება გარემო, სასადილო ოთახი ძველებურად ხეში ჩასმული, კედლები გრავიურებით და რეპროდუქციებით სრულად დაფარული, კლასიკური მუსიკის ჰანგები, თითქოს ვერმეერის გოგონა უკრავდა ვერჯინელზე. აქვე ბუხარიც ენთო, ძაღლი ბურთს ეთამაშებოდა. ჩემი ოთახის ფანჯარა კი პირდაპირ რეიკსმუზეუმს უყურებდა, რომლის ცენტრალურ კედელზე გაენათებინათ ვერმეერის „მერძევე ქალის“ უზარმაზარი გამოსახულება. როდესაც ანგარიშს ნაღდი ფულით ვასწორებდი, რადგან ბარათით ზედმეტი 5 %–ით მეტის გადახდა უწევდა, დამაკლდა ხუთი ევრო. ჩავიყავი ჯიბეში ხელი და იქიდან მუჭით ამოვიღე ჩარჩენილი ხურდები. ერთად ვეძებდით ევროცენტებს სხვადასხვა ზომის თუ წონის ევროპულ მონეტებში, რომელიც ყველა ერთი მეორეს ჩამოჰგავდა. საბოლოოდ 2,60 ევრო შევაგროვეთ, დანარჩენი დიდსულოვნად მაჩუქა. სამაგიეროდ ლამაზი შვედური 5 კრონიანი გადავეცი, მითხრა, რომ ამას ვერაფერში გამოიყენებდა, მხოლოდ აფრიკელი ბავშვების დასახმარებელ ყულაბაში თუ ჩააგდებდა. „დორლინგ ქინდერსლის“ გზამკვლევი გამომართვა და უიმედოდ შეუდგა საკუთარი სასტუმროს ძიებას ჩამონათვალში. ჩვენს შორის საუბარი უკვე შემდგარი იყო, როდესაც ჩაი შემომთავაზა. ღმერთო ჩემო, ახლაც თვალწინ მიდგას ეს სცენა, ჩაის დასხმისას იგი თავად წააგავდა ვერმეერის „მერძევე ქალს“.  გამოირკვა, რომ მე პირველი ქართველი არ ვიყავი ამ სასტუმროში. მას ჰყოლია ქართველი მოახლე, რომლის შემცვლელს ახლაც ეძებდა, მოახლე აქ გათხოვილა და მის ქორწილს აქაურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დასწრებია კიდეც. ჩემი მხრივ მოვახსენე, რომ ამსტერდამი ჩემი მოგზაურობის რიგითი გაჩერება იყო და მთელი დღის დაუღალავი სიარულის შემდეგ მოხიბლული ვიყავი მისით. ამაზე მომიგო, რომ ასეთი ერთი დღე ძალიან მძიმე იქნებოდა თვალებისთვის. ისღა მრჩებოდა მადლობა მეთქვა გამასპინძლებისთვის და ბრიუსელში დასაბრუნებელ გზაზე მეზრუნა.

უკვე კარგად შესწავლილი გზით ღიღინით დავადექი რამდენიმე კილომეტრიან გზას ცენტრალური სადგურისკენ. გზაში მოხარული ვიყავი, რომ ამსტერდამში გადავწყვიტე დარჩენა და ბრიუგე გადავდე სულ–სულ ბოლოსთვის. ღმერთს მადლობას ვწირავდი გაცოცხლებული ტილოებისთვის, იმ მომენტში საერთოდ აღარ მახსოვდა, თუ რა ხანი ვუმზერდი გუშინ ჰიერონიმუს ბოსხის „წმ. ანტონის ცდუნებას“. ამგვარ განწყობაზე მივედი სადგურში და ბრიუსელისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთი ვიკითხე. ამაზე სალაროდან მომესმა, რომ თუ ეს დღეები ხუთშაბათამდე ბელგიასა და საფრანგეთში გამოცხადებული იყო მუშების საყოველთაო გაფიცვა და ყოველი  რეისი უქმდებოდა. მეორე სალაროს მივადექი, ვიფიქრე, ეტყობა რაღაც შეეშალათ, დღესაც  კი ჩემი თვალით ვიხილე განრიგი, ამსტერდამიდან ბრიუსელისკენ ლამის ყოველ საათში მიმავალ მატარებელს რომ იტყობინებოდა. იქაც იგივე გამიმეორეს. რამდენიმე წუთი შევეცადე არ მეფიქრა, შემდეგ კი ერთბაშად შემომაწვა აზრები. მუშების გაფიცვა ნიშნავდა ზღვა ხალხის გადართვას ავტობუსებზე, რომლებზეც წინა დღისით უკვე მთავრდებოდა ბილეთები, აგრეთვე ნიშნავდა საქვეყნოდ ცნობილ საცობს ბრიუსელის შესასვლელში. საბოლოო ჯამში კი ჩემს დაგვიანებას ჯერ შარლერუას აეროპორტის შატლზე, შემდეგ კი თვითმფრინავის რეისზე და დარჩენას ამსტერდამში გაურკვეველი ხნით.

მივადექი იმას, რისი მხოლოდ მხოლოდ გახსენებაც კი მზარავს – შუა ღამის გზა სადგურიდან სასტუმრომდე. არასოდეს ისეთი დაბნეული არ ვყოფილვარ, როგორც სადგურიდან გამოსვლისას. ვერცერთ ქუჩას ვეღარ ვცნობდი, რუკა შემოიფლითა წამდაუწუმ შემოწმებისას, დილიდან სიარულში მყოფი რაღაც არაადამიანურად ვგრძნობდი თავს დაღლილად, გზა ჩანდა უსასრულო. ღამით უფრო მეტი შემოვიარე, ვიდრე მთელი დღე ხეტიალისას, მერე შევნიშნე, რომ რუკაზე დატანილ ქუჩებსაც ვიყავი გაცდენილი. ადამიანის ჭაჭანება არ იყო არსად. მერე შევნიშნე, რომ თურმე ანა ფრანკის სახლსაც ჩავუარე რამდენჯერმე. ახლაც გულისრევის შეგრძნება მეუფლება მხოლოდ ღამის ამსტერდამისთვის დამახასიათებელი სუნის გახსენებისას. თვით არხები და ხიდები, რამაც ასე მომხიბლა დღისით, ჩაბნელებული ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა. განუწყვეტლივ ვიმეორებდი 129–ე ფსალმუნს „სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ უფალოს“ (De Profundis), იგი ყოველთვის მაძლევდა სულიერ სიმტკიცეს, თუმცა ახლა ისიც ვერაფრით მეხმარებოდა. ვერიდებოდი წყალში ჩახედვას, მათში არეკლილი აჩრდილები, აჩრდილები. ტელეფონზე ამოწურული ბალანსი, ვერავისთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდი, თავს ვგრძნობდი იოსებივით თვისტომთაგან მიტოვებულად და იობივით უბედურებისთვის განწირულად. თანდათან აუტანელი ხდებოდა კვლავ დაბრუნებული ფიქრი, რომ ეს მოგზაურობა რაღაც მხრივ იქნებოდა უკანასკნელი. შინაგანი დემონი კეთილი განზრახვებით მირჩევდა, რომ სანამ რამეს გადავწყვეტდი უკანასკნელი ფული შემეწირა წითელ ფარნებში ბაბილონურად ჩაკარგვაში. გამახსენდა გუსტავ ფონ აშენბახი, თომას მანის ნოველის „სიკვდილი ვენეციაში“ მთავარი პერსონაჟი. შეიძლება განმეორებულიყო ამბავი, ამსტერდამიც ხომ ვენეცია იყო, ოღონდ ჩრდილოეთის. საიდანღაც შემომეფეთა ამერიკელი წყვილი, რომლებიც ღია საკვები ობიექტის ძებნაში დაკარგულიყვნენ, მე პასუხად ვლუღლუღებდი „ნოუ, ნოუს”, თითქოს წუთიერად დამვიწყებოდა ენა. ისინი ისევე გაუჩინარდნენ, როგორც გამოჩნდნენ. ზოგჯერ საიდანღაც მესმოდა სიცილი, შეიძლება არც იცინოდა არავინ. გონებაში ამომიტივტივდა ბოსხის გრანდიოზული ტილო „წმ. ანტონის ცდუნება“, თითოეულ დეტალს რომ ჩავკირკიტებოდი გუშინ. თვალების დახუჭვის დროსაც წინ მედგა მისი პერსონაჟები, ყველგან ვლანდავდი მათ. არც ვიცი როდის, მაგრამ მთელი სისრულით სხეული უკვე მთლიანად დამორჩილებოდა აუტანელ შიშს. მთელი ცხოვრება დამიდგა თვალწინ, ვცდილობდი მეფიქრა მხოლოდ კარგზე. მივხვდი, როდის და სად ვიყავი ყველაზე ბედნიერი.

და ბოლოს, როგორც იქნა, ყველაზე უცნობი მხრიდან მივაღწია სასტუმროს. გავაღვიძე სასტუმროს მეპატრონე და პირველი სიტყვები, რაც მითხრა იყო – „ღმერთო ჩემო, ჩაიხედე სარკეში, მოჩვენებას ჰგავხარ!“ კარგად ვიცი, რასაც გულისხმობდა – მე თავად ვგავდი ბოსხის ტილოდან გადმოსულს. ჩემი თხოვნის შემდეგ, მათხოვა საკუთარი ლეპტოპი და მე ხმა მივაწვდინე ჩემთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს, სოციალურ ქსელში საჯაროდ დავწერე ჩემს შესახებ. შეიძლება ვინმემ ეს პანიკად აღიქვა, მაგრამ მაშინ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი დამკავშირებოდა ვინმე, ხმა გაეცა ჩემთვის. იმ ღამით სულ სამი საათი მეძინა, აქედან ყოველ საათს მეღვიძებოდა. შემდეგ დილას ადრიანად მივადექი სასტუმროს მეპატრონეს საუზმისთვის. გამომკითხა თუ როგორ იყო ამბები ამჯერად, დამისხა მწვანე ჩაი და საუზმედ დამახვედრა მოხარშული კვერცხი, შებოლილი ბეკონი, ჰოლანდიური ყველი, ორივე სახის აქაური პური, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი. დიდებულად მორთულ სასადილო ოთახში, საიდანაც კვლავაც ჩანდა ვერმეერის „მერძევე ქალი“ შევეცადე მცირე ხნით მაინც გამეთიშა გონება და დამეჭირა წამი. არ მეფიქრა თუ იმ დღის ბოლოს სად ამოვყოფდი თავს. ხუთი წუთით ისევ ჩავისუნთქე ჩემი ამსტერდამი, შემდეგ მადლობა მოვახსენე ქალბატონს და დავემშვიდობე.

გავემართე Eurolines ავტობუსების ცენტრალური ოფისისკენ. როგორც ვვარაუდობდი, იმ დღისით ყველა ბილეთი გაყიდული იყო ბრიუსელისკენ, ისევე როგორც ბელგიის სხვა ქალაქებისკენ. მრჩებოდა ხავსს მოვჭიდებოდი, იქნებ რომელიმე ჭკუათმყოფელს უარი ეთქვა მგზავრობაზე და გაეუქმებინა ბილეთი, ამ შემთხვევაში მე ვიქნებოდი დადარაჯებული მას. აქ საათობით მომიწია გაჩერება, ყოველ 15 წუთში ვაწუხებდი თანამშრომლებს ერთადერთი კითხვით – უეცრად ხომ არ გამოჩენილიყო ბილეთი. ამან წყობიდან გამოიყვანა ერთი ქალბატონი, რომელმაც მკაცრი ტონით მომახალა, რომ ყველას სურდა ბრიუსელისკენ წასვლა, მაგრამ მატარებლების გაფიცვის გამო სავარაუდოდ არავის მოუვიდოდა თავში ბილეთის გაუქმება. მას რეალურად უნდოდა დახმარება, მაგრამ სწუხდა, რომ ვერანაირად ვერ წავიდოდი ბელგიაში. ამასობაში გავუშვი სამი ავტობუსი, ბილეთი კი კვლავ არ ჩანდა. რამდენიმე საათის შემდეგ ბევრ ჩემნაირ დღეში მყოფს მობეზრდა ლოდინი და მიატოვა სადგური. მე კვლავ განვაგრძობდი Eurolines თანამშრომლების შეწუხებას, ბოლოს ერთმანეთში მოილაპარაკეს, რომ თუ რამე გამოჩნდებოდა, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ ჩემთვის, ყველაზე აბეზარი უცხოელისთვის. ბოლო ავტობუსი გადიოდა სამს რომ დააკლდებოდა 15 წუთი. ოცი რომ აკლდა, არავინ იხედებოდა ჩემკენ, ყველა ქაღალდებში იყო ჩაფლული და მე უკვე ფიქრებში წასული ვაწყობდი გეგმებს, თუ როგორ წავსულიყავი შინ. ამსტერდამიდან ყველაზე შორს ავტობუსი პოლონეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბიალისტოკში ჩადიოდა, აქედან ახლოს იყო ბალტიისპირეთი და „საკუთარ ტერიტორიაზე“ მოხვედრით ადვილად გავიგნებდი გზას ტარტუსკენ. პრობლემა ის იყო, რომ უახლესი ავტობუსი მხოლოდ ორი დღის შემდეგ გადიოდა და წარმოდგენა არ მქონდა ამდენ ხანს სად დავრჩენილიყავი აქ, ამსტერდამში. და მოხდა დაუჯერებელი რამ, სამი წუთით ადრე, ამომხედა ერთ–ერთმა თანამშრომელმა, მე ინსტიქტურად წამოვდექი და უკანასკნელად გავუმეორე კითხვა. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა სანატრელი პასუხი მოვისმინე. სამი წუთით ადრე რომელიღაც დალოცვილი მგზავრი არ გამოჩენილიყო და თავისუფალი იყო ერთი ბილეთი ბრიუსელისკენ. იმ მომენტში მზად ვიყავი სათითაოდ გადავხვეოდი Eurolines–ის ყველა თანამშრომელს, თუმცა ამის დროც აღარ იყო, ავტობუსი უკვე გადიოდა. მახსოვს, როგორ მოვავლე თვალი თანამგზავრებს, ყველა ადგილი იყო შევსებული, მხოლოდ ერთადერთი უცდიდა თავის პატრონს. ჩავესვენე ჩემს კუთვნილ ადგილას და მოულოდნელად სიამოვნებისაგან გამეცინა, გამეცინა ხმამაღლა.

გზად ჩავუარეთ ჰააგას, როტერდამს, ვერმეერის მშობლიურ დელფტს, ბოსხის მშობლიურ ჰორტეგენბოსხს. ვიხილე ტრადიციული ჰოლანდიური პეიზაჟები გაშლილი ველების და წისქვილების თანხლებით. გაცოცხლდნენ ფერწერული ტილოები, რომელთაგან უფრო იაკობ ვან რეისდალი დალექილიყო გონებაში. ბელგიაში ჩასვლისას შევიარეთ რუბენსის მშობლიურ ანტვერპენში, ნახევარი საათი გაჩერდა ავტობუსი ქალაქის ცენტრში და ადგილობრივი შოკოლადების შეძენაც მოვასწარი ამ დროს. ამის შემდეგ მძღოლმა ახსენა სავარაუდო საცობი ბრიუსელის შესასვლელთან, რომლის ხსენებაზე უმალ გამახსენდა ხულიო კორტასარის „სამხრეთის გზატკეცილზე“, სადაც აღწერილია ყოველდღიური რუტინული ცხოვრება საცობის ფონზე. ამის მიუხედავად, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყოველივე ცუდი უკან მქონდა მორჩენილი და მშვიდობიანად დროულად ჩავაღწევდი ბელგიის დედაქალაქში. ასეც მოხდა, არავითარი შეფერხება არ ყოფილა შესვლისას. უკვე როცა აეროპორტის შატლი ჩამოვიდა რუ დე ფრანსეზე, სამხრეთის სადგურთან, პირველი იქიდან კომიკური შესახედაობის დაბალი და მსუქანი არაბი ჩამოხტა. კვლავ ვეღარ შევიკავე სიცილი, როდესაც კარებთან ატუზულს მკითხა: ბრიუსელში ვარ?

არც ვიცი, რამდენჯერ შევამოწმე თვითმფრინავის ბილეთი შარლერუას აეროპორტში, ალბათ ყოველ 7–10 წუთში ერთხელ ვისინჯავდი გულისჯიბეს. ვერ ვიჯერებდი, რომ ყოველივე კარგად სრულდებოდა. შემდეგ დილას უკვე ყველაფერი რიგზე იქნებოდა რიგაში. სწორედ აქ, რიგაში, მოვითქვი სული და და საბოლოოდ დავმშვიდდი. ტრადიციად მაქვს გადაქცეული რიგაში ჩასვლისას ყოველთვის ვიყიდო აქაური სასიამოვნო დასალევი ბალზამი, მცირე რაოდენობის ცხადია, ფაქტობრივად რამდენიმე ყლუპი თავის განუმეორებელ პატარა ბოთლში. ამით რიგულ არომატს გრძნობ და თავადაც ჩათბილულად ხარ ცივ ქალაქში. რიგის ქუჩებში სიარულისას მწყობრში მოვიყვანე აზრები, დავალაგე ერთმანეთში აბურდული შთაბეჭდილებები, დავწყნარდი. გამახსენდა ერთი მომენტი მოგზაურობიდან, როდესაც ამსტერდამში ქართულ ოჯაშში ერთი ღამე დარჩენისას დილით მცირე ხნით ვეთამაშებოდი ოჯახის ყველაზე მცირეწლოვან წევრს – 5 წლის მიას, რომელსაც საქართველო ჯერ არ ენახა. რამდენიმე თამაშის შემდეგ თავადაც პატარა ფერია მია ფერიის კოსტუმში გამოეწყო და მითხრა, რომ თავისი ჯადოსნური ჯოხით ყველა სურვილს შემისრულებდა, რასაც კი ვეტყოდი. პასუხზე არც კი დავფიქრებულვარ, ისე წარმოვთქვი სიტყვები – სახლში მინდა. დიახ, ასე იყო ნამდვილად. ყველაფერს მივცემდი, ისევ რიგაში ვყოფილიყავი რეისის მოლოდინში, ოღონდ 2011 წლის 30 იანვარს და წამოვსულიყავი სახლისკენ, ნამდვილი სახლისკენ.

ჩემთვის ეს მოგზაურობა იყო მთელი ცხოვრება, ჩატეული რამდენიმე დღეში. არც ვიცი, გამოვცდი თუ არა ისევ იმავეს როდესმე. იქნებ ამით იყო იგი უკანასკნელი.

დაუვიწყარი მოგზაურობა ბელგია–ჰოლანდიაში წინ და უკან, I

(ნაწილი პირველი)

ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება – დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ შექსპირმა ამ ძველინგლისური გამოთქმით დაასათაურა ერთი ნაკლებად ცნობილი პიესა. მოხარული ვარ, რომ უკანასკნელი მოგზაურობის შემდეგ მომეცა ამის დაწერის საშუალება. ვფიქრობ უკვე საბოლოოდ დავალაგე აზრები და  ბოლო რამდენიმე დღე გონებაში თავის კუთვნილ ადგილს იკავებს „დაუვიწყარი შეგრძნებების“ კატალოგში. მოგზაურობის პერიოდში თითქოს ჩემს თვალწინ ცოცხლდებოდნენ დიდხანს ნაცქერი ფერწერული ტილოები და ერთი მეორეს ენაცვლებოდა გენიალური მხატვრების შემოქმედების ექო, ამიტომ გარკვეული მონაკვეთები მეხსიერებაში ფერმწერთა უკვდავ სახელებად ჩამრჩა.

მართლა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ პოსტის პირველ ნაწილზე უშუალოდ ბელგია–ჰოლანდიაში მოგზაურობაზე ვისაუბრებ, აქედანვე გავუცრუებ იმედს. ქრონოლოგიურად მივყვები, ბევრია დასაწერ–მოსაყოლი. ამ პოსტით ერთბაშად ბევრ კურდღელს დავიჭერ, რადგან ამ დღეებში ხშირად მოვისმინე ამგვარი ტიპის კითხვები: „სად ხარ? ცოცხალი ხარ?“. დიახ ცოცხალი ვარ, აგერ ბატონო ვწერ სად ვიყავი და ვისაც აინტერესებს, წაიკითხოს კიდეც. ისე კი, მადლობა მეგობრებო, მოკითხვისთვის.

ჯერ კიდევ აგვისტოში შეძენილი თვითმფრინავის ბილეთი, ერთი თვით ადრე შესწავლილი ბელგია და ჰოლანდია, რამდენიმე კვირით ადრე ლამის წუთებში გათვლილი ვოიაჟი, რამდენიმე დღე სამზადისში გატარებული და აკვიატებული აზრი, თითქოს ეს მოგზაურობა რაღაც მხრივ იქნებოდა უკანასკნელი. საბოლოო გეგმით მიწევდა მხოლოდ ერთი ღამე და ნახევარი დღე ამსტერდამში, დანარჩენი კი ბრიუსელსა და ბრიუგეში. ამსტერდამი არ მიზიდავდა, თითქოს მხოლოდ იქაური ჰაერის ჩაყლაპვას და რემბრანდტის „ღამის გუშაგის“ ნახვას თუ ვაპირებდი. ყველაზე მეტად კი მსურდა ბრიუგეში ფეხის დადგმა. გაცილებით თავხედური იყო თავდაპირველი გეგმა, რომელიც  ერთ დღეში 4 (!) ქალაქის ნახვას და ვოიაჟში გენტის და ანტვერპენის ჩაბმას ითვალისწინებდა. საბოლოოდ ფურცელზე გათვლილი ყველანაირი გეგმა ჩავარდა – ამსტერდამში ორი დღე და ღამე დავრჩი, ბრიუსელში დროის ინტერვალებით ერთი დღე გამომივიდა, ბრიუგეში საერთოდ ვერ წავედი. რატომღაც მგონია, რომ ბრიუგეში თუ ჩავალ, იქ დავრჩები. იტალიელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: Videre Napoli et Mori, ნახო ნეაპოლი და მოკვდე. ჩემს ნეაპოლად ბრიუგე წარმომიდგენია.  ამიტომ დიდი ხნის შემდეგ, როცა გადაადგილება გამარტივდება, საქართველო შენგენის ზონაში შეაღწევს, მეც მრავალ 2012–ს გადავიტან, ჩავალ ბრიუგეში. თუნდაც ეს იყოს პოსტ–აპოკალიპტური ქალაქი, სადაც ქვა ქვაზე არ იქნება დარჩენილი.

ბელგია–ჰოლანდიაში გამგზავრებამდე იყო რიგა, ჩემი რიგა, რადგან ბალტიისპირეთში მხოლოდ აქედანაა ძირითადი იაფი ფრენები ევროპისკენ. რიგა არის ქალაქი, სადაც არასოდეს ვიგრძნობ თავს ტურისტად, ბოლოს ყოფნისას (ანუ გუშინ) კი საგანგებოდ ქალაქის რუკაც მოვისროლე სანაგვეში. ყოველთვის მგონია, რომ საკმარისად კარგად ვიცნობ მას, თუმცა ყოველ ჯერზე აღმოვაჩენ ჩემთვის უცნობ ადგილებს, რომლის აღნუსხვა ტურისტულ გზამკვლევებზე არავის აზრადაც არ მოუვა. სამაგიეროდ ასეთ ადგილებში ან ულამაზეს ხედს გადავაწყდები, ან არტ–ნუვოს საუცხოო დეკორაციას შევნიშნავ რომელიმე შენობაზე, ან ძველებურად გამომწვარი აგურით ნაგები სახლის ეზოში აღმოვჩნდები უეცრად. რიგაში მიწევს ინგლისურიდან რუსულზე მომართვა, რადგან ინგლისურს ახალგაზრდა თაობის გარდა მაინცდამაინც არ სწყალობენ აქ.

თუ საკმარისზე დიდხანს მოგიწევთ გაჩერება სადგურში, თქვენ აუცილებლად მოგიახლოვდებათ ადგილობრივი ლოთი, რომელიც ან გაჟღენთილია ან აპირებს რომ გაიჟღინთოს ალკოჰოლით. თუმცა ნუ შეშინდებით, მას ცუდი განზრახვები არ ამოძრავებს. შეიძლება მან თქვენ მოგიყვეთ მისი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ დეტალებზე, თუ როგორ იცხოვრა, რა დაემართა, როგორ უნდა იყოს ახლა სადმე სხვაგან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მას მშვენივრად მოეხსენება, რომ სხვა დროს სიცოცხლეში ვეღარ იხილავთ, მას უბრალოდ არ სურდა მარტოს სწვეოდა სიმთვრალე და კამპანიონი თქვენში აღმოაჩინა. ეს არის ფენომენი, რომელიც რაც არ უნდა პირზე ეკეროთ ლატვიელებს ევროკავშირი, კიდევ დიდხანს იარსებებს მათ ქვეყანაში. ერთ–ერთი მათგანი ამ მრავალრიცხოვანი არმიიდან მეც მომიახლოვდა რიგის სადგურში, როცა საკმარისად დაღლილი ვიყავი ქალაქის ქუჩებში ბოდიალით და ის–ის იყო გარეთ თავსხმა წვიმას იწყებდა. პირველივე შეხედვით მე არცთუ სასიამოვნო განწყობა დამეუფლა მისი მოქუფრული სახის დანახვისას და ინგლისურად გავეცი პასუხი, თითქოს რუსულის ბაიბურში არ ვიყავი. რამდენიმე ცდის შემდეგ მან ჩემზე ჩაიქნია ხელზე და ძიება განაგრძო.

ამ ჰამქრის კიდევ ერთი კოლორიტული ფიგურა უკვე რიგა–ტარტუს ავტობუსის ლოდინისას მეწვია, ეს იყო მხიარული ხარკოველი ხახოლი, როგორც თავის თავს უწოდებდა, რომელიც ყოველი მეორე წინადადებას ამთავრებდა შემდეგი სიტყვებით: „რას იზამ, ასეთია ცხოვრება.“ ამ დროს მე უკვე გამოვლილი მქონდა ბელგია–ჰოლანდია იქაური თავგადასავლებითურთ, ჩემდა გასაკვირად უარი ვერ ვუთხარი საუბარზე და მასთან მოვინდომე რუსული ენის პრაქტიკის გავლა. ერთი ავტობუსით მივდიოდით, ესტონეთი–ლატვიის ზედ საზღვარზე მდებარე პატარა ქალაქ ვალგაში ჩადიოდა, ამიტომ დრო გვქონდა, საკმარისზე მეტიც კი. ასაკში განსხვავებას თითქმის 30 წელს ხელი არ შეუშლია, რომ გველაპარაკა დიდხანს. ვისაუბრეთ ყველაფერზე, მოვედეთ მთისას და ბარისას, პოლიტიკიდან დაწყებული ქალებით დასრულებული (ამ უკანასკნელზე თვითონ წამოიწყო, მე არაფერ შუაში ვარ). 1972 წელს ახალგაზრდობისას სოხუმშიც ყოფილა, აქ უჩხუბია აფხაზ ჯეელებთან ქალის გამო და ამის გამო დრანდის ციხეში წელიწად–ნახევარი უყურყურტნია, იქ მეგრელებს სათითაოდ ყველას ხელი ჩამორთმევიათ აფხაზების დამშვენიერების გამო. ცხოვრებას ერთი ხანი ციმბირში, იაკუტიაშიც მოუსროლია, 40–მდე (ალბათ თვითონვე არ სჯეროდა ასეთი ციფრის) სახლიც ჰქონია ერთ დროს, ინტერპოლიც ეძებდა, 90–იანებში ბანდიტურ პეტერბურგში თავის საკუთრებას იცავდა და რა უნდა ექნა: „რას იზამ, ასეთია ცხოვრება.“ ახლა კი ყოველ კვირა უწევდა კაუნასიდან ვალგაში წასვლა–წამოსვლა და თანამოსაუბრის და თანამეინახის მუდმივი ძიება. გული კი დაწყდა იმის გაგონებაზე, რომ მე მაინცდამაინც სმას არ ვეტრფოდი, მით უმეტეს არყით, თუმცა არ შეუმჩნევია. გზაში წარმოდგენა არ მაქვს საიდან ქართული სულგუნი ამოიღო და გამიმასპინძლდა, თვითონ დროდადრო წრუპვას განაგრძნობდა. იმდენად დანატრებული ვიყავი ქართულ საკვებს, რომ ვშიშობ  გვარიანად დავუცოტავე საგზალი. გარკვეული ხნის შემდეგ ბოდიში მოვახსენე, იმის გამო, რომ თვალები მეხუჭებოდა და ორი ღამე ხეირიანად არ მეძინა, ამიტომ მისი ნებართვით ძილს მივცემდი თავს. მან პირიქით მადლობები მიხადა და მომიბოდიშა დროის წართმევისთვის. ვალგას მიახლოებისას კიდევ ერთხელ გავცვალეთ ორიოდ კეთილი სიტყვა, კაცურად ძვლებზე მოჭერით ჩამომართვა ხელი და მხიარულად დამემშვიდობა.

რიგის აეროპორტი  სრულიადაც არაა ქალაქიდან მოშორებით, სულ რაღაც 10 კილომეტრში ცენტრალური სადგურიდან, #22 ავტობუსი ზედ აეროპორტის შესასვლელთან ჩამოგსვამთ.  რეისი დილით მქონდა, ამიტომ ღამის გათევა რიგის აეროპორტში მომიწია. აეროპორტი კი ის ადგილია დედამიწის ზურგზე, სადაც ყველაზე ნელა გადის დრო, როცა ფიქრობ, რომ 2 საათია იცდი, სინამდვილეში მხოლოდ 15 წუთზე ოდნავ მეტია გასული. საბოლოოდ თქვენ საფუძვლიანად გეცოდინებათ აეროპორტის შენობის მაკეტი, რომელ საათებზეა ესა თუ ის რეისი, სად მდებარეობს ავიაკომპანიების ოფისები,  რა ღირს აქ ჭიქა ყავა ორცხობილითურთ და კიდევ მრავალი გამოუსადეგარი რამ. დიდხანს დაძინებაც შეუძლებელია. მე, ადამიანი, რომელსაც ზოგადად ნაპალმის გამოყენება ვერ აღვიძებს, ვრეაგირებდი თითოეულ Attention, attention-ზე. სამოგზაურო რუკზაკში ბედად ჩაგდებული მქონდა ფლანდრიული და ჰოლანდიური სამხატვრო სკოლების შესახებ არსებული ბრწყინვალე გამოცემა, რომელმაც გადამატარა ის ღამე. ამის შემდეგ უკვე სულიერადაც მომზადებული ვხვდებოდი ფრენას ბელგიისკენ.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.