127 წუთის წინ ბლოგის განახლებას არც ვაპირებდი კიდევ დიდხანს, შემდეგ ორი პოსტი შემომეკითხა, თუ რის გაკეთებას ვისურვებდით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სანამ ცოცხლები ვართ. ერთ ზარმაც ბლოგერს, საკუთარ თავს, დავეკითხე, რის ხილვას ისურვებდა თავის ოცნებების კალათაში. ვიფიქრე, ვიფიქრე და არც არაფერი გამახსენდა. ბავშვობაში დისნეილენდის ნახვაზე, გარკვევით ლაპარაკზე, აძინ დომობაზე, სოხუმში დაბრუნებაზე, შუა საუკუნეებში ცხოვრებაზე, უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ჩაფლობაზე ვოცნებობდი. ჰო, და კიდევ ისეთ სათვალეზე, ქალების ტანისამოსს რომ ატარებს. 20-21 წლის მიჯნაზე მყოფს დისნეილენდი ნაკლებად მაინტერესებს, მეტყველება გამოსწორებული მაქვს, აძინ დომობისთვის გვარიანად მობერებული მეძავივით ვარ, სოხუმში რომც დავბრუნდე, ჩემთვის უცხო ქალაქში ალბათ დიდხანს ვერ გავჩერდები, შუა საუკუნეებში დუშ-კაბინის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, ბიბლიოთეკის გაზრდაზე ალბათ სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად ვიზრუნებ და წიგნის თაროები მაინც მეცოტავება, ის სათვალე კი არაფერში მჭირდება, „დიდობაში“ აღმოვაჩინე, რომ ქალი სამოსში უფრო მიმზიდველი ყოფილა. ახლა რაზე ვოცნებობ? არც არაფერზე, იმიტომ რომ ჩემი ოცნებები თავისდაუნებურად კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება და დაჭერას ვერ ვასწრებ. 20-21 წლის მიჯნაზე ვფიქრობ, რომ შუა უდაბნოში მიმავალი ქარავნის გზა პირამიდებისკენ უფრო საინტერესოა, ვიდრე თავად პირამიდები. დაუსრულებელი საგრადა-ფამილია უფრო დიდებულია, ვიდრე დასრულებული, წარმოდგენილი პერსეპოლისი გაცილებით მომნუსხველია, ვიდრე ნანახი ძველი ქვების გროვა. ასე რომ, 20-21 წლის მიჯნაზე აღარ მაქვს ოცნებები, უბრალოდ ღრმად ვსუნთქავ ამ წამის ჰაერით, რადგან მეტჯერ იგი აღარ იქნება.
2010 წელი, აპრილის რომელიღაც ბოლო წვიმიანი შუადღე, თბილისი. ჭავჭავაძის პროსპექტზე, ავრორას შენობის წინ ერთ-ერთ თაღში ვუხვევ, ვჩერდები და უნივერსიტეტის III კორპუსის წინ ავარიულ ფასადებს ქვევიდან შევცქერი. ‘კარგად უყურე, მათი ხედების ხილვა კიდევ დიდხანს მოგიწევს’ – გონებაში ვეუბნები საკუთარ თავს. მანამდე სულ ხუთიოდე წუთის წინ დავტოვე ოთახი, სადაც ხანგრძლივი კონკურსის საბოლოო ეტაპი – გასაუბრება – წყვეტდა ტარტუში წამსვლელთა ვინაობას. დიდხანს ვფიქრობდი ამ დღეზე და საბოლოოდ მოვიქეცი იმის საპირისპიროდ, რაც მომეთხოვებოდა. ვსაუბრობდი ხმადაბლა, დასმულ კითხვებს ვპასუხობდი უაღრესად ლაკონიურად, მზერა გაშტერებული მქონდა მაგიდის ერთ-ერთ ფეხზე, სახეზე ალბათ ამოკითხავდით, რომ იმ ოთახიდან რაც შეიძლება მალე მინდოდა გასვლა. ტარტუსთვის ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დავწერე სამოტივაციო წერილი. იმ გრაფაში, სადაც პრიორიტეტული უცხოური სასწავლებლები უნდა აღმენიშნა, ყველგან ჩავწერე ტარტუ. უკვე მერამდენედ ვიმოქმედე პრინციპით ‘ან ყველაფერი, ან არაფერი’ და კინტოურად შევაგდე ქუდი ყაბახზე. საბოლოოდ კი იმ წვიმიან ამინდში შემრჩა ფიქრი – ‘ხომ შეიძლება ხუთი წუთით მაინც თავი მოგეჩვენა ცოტათი ამბიციურად?’
ამბავი, რომ უცხოეთის სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე მრავალ ასეულ სტუდენტთან ერთად შემქონდა განაცხადი, ოჯახშიც არ მითქვამს. ის კი იცოდნენ, რომ ტარტუზე ყოველთვის ვფიქრობდი და ამას იწონებდნენ ჩემგან. გუშინდელივით მახსოვს ის წუთი, როდესაც ჩემდა გასაკვირად ამორჩევის შესახებ მამცნეს – იმ წუთას მე კ2-ის პიკზე მქონდა ფეხი დადგმული მწვერვალზე აუსვლელად, ელ კლასიკოში უკანასკნელ წუთას გადამწყვეტი გოლი მქონდა გატანილი ულამაზესი მაკრატელათი და ცეცხლოვან ინჩასებს მაისურს ვესვროდი, დროტნინგჰოლმის სასახლეში შემაღლებული ტრიბუნისკენ მტკიცე ნაბიჯით მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე სანობელო სიტყვის წარმოსათქმელად მივემართებოდი, თითქოს ჯო დი მაჯიო ვიყავი ბეისბოლის წესების არცოდნით და მე ვუყვარდი ყველაზე ლამაზ ქალს მსოფლიოში. მამაჩემის დასმულ კითხვას ‘ახლა რას აპირებ? ისევ ხომ არ იკვლევ?’ მე ვუპასუხებდი – ‘ახლა ტარტუში მივდივარ’, ეს პასუხი ორივეს თანაბრად გვეამებოდა და იმ მომენტში მხოლოდ ჩვენს შორის გაბმულ წრფივ ძაფს ვერავინ დაინახავდა. ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ მე მიბრუნდებოდა ცხენზე ამხედრების შეგრძნება, მესამე წიგნის გამოცემის შემდეგ დიდი ხნით დაკარგული.
2011 წელი, იანვრის საოცრად თბილი საღამო, პრაღა. კარლის ხიდს უკვე მერამდენედ ვკვეთ და თავი მგონია ყველაზე მარტოსული არსება ამქვეყნად. უკვე მოვლილი მაქვს ევროპის ათზე მეტი დედაქალაქი, განურჩევლად ყველა მათგანი ლამაზი ქალივით თანაბრად მიყვარს და მათ თან დავატარებ. თუმცა კი არცერთი მათგანი არ ყოფილა ადამიანზე უფრო საინტერესო, რადგან ამ უკანასკნელს ქალაქისგან განსხვავებით ბოლომდე ვერასოდეს შეისწავლი. იტალიანო? ესპანიოლ? – დანაბარებივით მესმის ბრიუსელელი ტაქსისტისგან, ვენელი რკინიგზის მუშისგან, პრაღელი მუზეუმის თანამშრომლისგან. ამ ხნის განმავლობაში მოგზაურობა მექცა იმ ნარკოტიკად, რომელიც წუთიერ სიამოვნებას მიხანგრძლივებდა და ყველა დანარჩენს მავიწყებდა. სამწუხაროდ, ამგვარ ნარკოტიკს ყველაზე ხშირად ახასიათებს უკუჩვენება. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც თოფისწამლის აღმოსავლეთ კარიბჭიდან კარლის ხიდს შევუყვები, ქუჩის ჯაზ-მუსიკოსები სახელდახელო ვარიაციებს იწყებენ. მახსენდება ძველი ბებერი ჯაზის სიყვარული, ასე უეცრად რომ მივაგდე, თითქოს რამეში ყოფილიყოს დამნაშავე. ეს ჯიუტი გონებაა, ხანდახან რომ ატრიალებს ფირფიტას და ელინგტონის რომელიმე ძველ მელოდიას სხვების უჩუმრად ვღიღინებ, როცა არავინ მიყურებს – “It don’t mean a thing if it ain’t got that swing”. ხიდის სადღაც შუაწელს მეარღნე მორის ჟარის უკვდავ ‘ლარას თემის’ პირველ აკორდებს იწყებს, ამ მელოდიაზე იმ დღეებში ვფიქრობდი და თავი ‘ექიმ ჟივაგოს’ პერსონაჟი მეგონა. ხიდის ბოლოს ‘ლარას ვალსის’ მინავლებულ ჰანგებს იქვე გრამ-ფირფიტაზე შესრულებული შტრაუსის დაუვიწყარი ‘დუნაის ცისფერ ტალღებზე’ ცვლის. ენა ჩამივარდა, შემდეგ დღეებში ხომ ვენას უნდა ვწვეოდი. გნებავთ დამცინეთ, მაგრამ მჯერა, რომ იმ ხიდზე სამი დრო გავიარე. ამის მერე აღარ ვფიქრობ, რომ მარტოს მივლია.
გავიზარდე მთელი ამ ხნის მანძილზე, მაგრამ ლეგენდების და მითების ბავშვური გულუბრყვილობით ჯერ კიდევ მწამს. ჩემს გარდა ვინ დაიჯერებს, რომ პენელოპე დაიცდიდა მთელი ამ ოდისეის შემდეგ. ოდისევსით მოხიბლულს, პიგმალიონის არსებობა მიმავიწყდა. ქვეცნობიერმა თავად გამოძერწა ქალი და მას ის თვისებები მიაწერა, რაც რეალურს არ გააჩნდა. იქნებ აღასფერივით მუდმივი ხეტიალი მიწერია, აქედან ხომ უკვე ვზვერავ შორეულ სამარყანდს და სამოგზაურო გეგმებს ვაწყობ.
მე ვარ ირაკლი გუნია და რაც არ უნდა დამცირებულად ვიგრძნო თავი, კვლავაც მეამაყება ამის თქმის. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მცირე ხანში ჭიქა ღვინოს დავლევ სამეგრელოში ბაბუაჩემთან, ამდენი ხანი რომ ელოდება ჩემს ჩამოსვლას. ჩემმა დიდმა ბაბუამ (ბაბუაჩემის მამამ), ჩოხოსანმა აზნაურიშვილმა კონსტანტინე გუნიამ ცხოვრებაში ორი მსოფლიო ომი იხილა, როდესაც არცერთი არ უწევდა. პირველად 16 წლის წავიდა, იმპერატორის უწყების მოსვლის შემდეგ ატირებული უფროსი ძმა რომ დაინახა, მეორედ უკვე წვრილ-შვილის პატრონი, უფროსი ვაჟის ხვედრის გასაზიარებლად. როგორ მინდა მჯეროდეს, რომ კოსტას არ შერცხვებოდა ჩემნაირი შვილთაშვილის.
2011 წელი, ტარტუ, დღე უკანასკნელი. ბოლოჯერ ვუვლი წრეს იმ ხეს და ანგელოზების ხიდზე სუნთქვაშეკრული კვლავ ერთ ოცნებაზე ვფიქრობ.
2010 წელი, ოქტომბრის დასაწყისის სუსხიანი დილა, ტარტუ, ჩემი ოთახი. ის დღე ყველაზე უჩვეულოდ დაიწყო. სამწუხაროდ ცხოვრებაში ყოველი დილა არ იწყება ლამაზი გრძელი ფეხების ხედით, მადლობა ღმერთს ქალის. რთულია გარჩევა, სიზმრის სრულად რეალიზებას ცდილობდი თუ სიზმარში სრულად რეალიზებას, უფრო სავარაუდოდ კი ორივეს ღრმად გეძინათ. წინა ღამით შეთანხმებისამებრ კარი ღია დავტოვე, რადგან თანამეოთახე დარდიმანდი ესპანელი რიგაში იყო გადასული, მე კი ბერგმანის ყველაზე მდორე ფილმზე ჩამთვლიმა. ძილ-ბურანში და კარის ღრიჭოდან წამოსულ შუქში ცეკვა-როკვით დაქანცული ქალის სილუეტი გავარჩიე და ისევ ჩამეძინა. ‘დრო გვქონია ჭიქა ყავისთვის, თუმცა, სიმართლე გითხრა, ტარტუში ვიცი ყველა წიგნის მაღაზია და არცერთი კაფე’ – გამოსავალიც თავად მოძებნა, როდესაც ლექციიდან სახლში მიმავალს შემომძახა, ვაშლი შემომთავაზა და დამემგზავრა. მხოლოდ სახლის წინ გამახსენდა, რომ პატრისიას ყავაზე დაპატიჟებას არავინ მიკრძალავდა. საბოლოოდ არარაისგან არაფერი, როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ. ან კი რა უნდა დარჩეს ადამიანისგან, რომელიც შენ სახელს ვერ წარმოთქვამს და ყოვლად აუტანელ ‘ირას’ გიწოდებს. ასე ხომ ბავშვობაში ერქვა უბნელ სომეხ ქალბატონს, რომელიც არცთუ სასურველი რეპუტაციით სარგებლობდა.
დილა მშვიდობისა არტემი, როგორაა ბორხესი? – ღიმილით ვესალმები ჩემს ლატვიელ მეზობელს და ისიც ღიმილითვე მპასუხობს. არადა თავიდან მასზე არ მქონდა საუკეთესო შთაბეჭდილება – ერთი გამხდარი, ჩემსავით ხმელი ბიჭი, რომელსაც ფეხსაცმლის თასმები ყოველთვის გახსნილი ჰქონდა და მისი დაუდევრობის გამო ჩვენს სამზარეულოში მუდმივად დამწვარი რძის სუნი იდგა. ერთხელაც გამოვდივარ სააბაზანოდან და მაგიდაზე შუაზე გადაშლილი წიგნი მხვდება – იოსიფ ბროდსკი, ‘ურანია’. იმ დღეს ნამდვილად გავიცანი არტემი. თავიდან თითქოს ერთმანეთს ვზვერავდით და გამოზომილ პასებს ვუგორებდით. როდესაც ევროპული ლიტერატურიდან სამხრეთ ამერიკულზე გადავინაცვლეთ და მარკესის ‘პოლკოვნიკის’ ფინალი სიტყვა-სიტყვით ჩამოარაკრაკა, უკვე სხვა დარგებზე გადავედით. გამოირკვა, რომ ორივეს არანაკლებ გვიყვარდა მხატვრობაც, ისტორიაც. მაშინ ერთმანეთის წინაშე ორი ნამდვილი წიგნის ჭია იდგა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ერთურთს ბედნიერი სახით შესცქეროდა და ერთი მეორის კაპიტალი საუცხოოდ იცოდა. შემდეგ მითხრა, რომ ზღაპრებს აგროვებდა სხვადასხვა ენებზე. არ ვარ დარწმუნებული, ჩემი მეოთხე წიგნი რამდენად გავიდოდა მათ კატეგორიაში, მაგრამ მაინც ვაჩუქე. სანაცვლოდ, დიდი ბრიტანელის ტომას სტერნზ ელიოტის პოემა ‘კატები’ მისახსოვრა. წასვლის წინ შემპირდა თბილისურ ვოიაჟს, მანამდე კი მომენატრება მეგობარო, შენთან საუბარი.
ტარტუში ჩემი ცხოვრება ერთ გზად მახსენდება, რომელიც რაატუზეს 22-დან იწყება. ყოველთვის მოთმინებით ველოდები მწვანეს ანთებას და ვკვეთ პარკს. ქალაქის რატუშის წინ მდებარე მოედანზე იმ ცნობილი მორკალული ხიდით გადავდივარ, რომლიც თაღზე გავლა აქ სიმამაცის ნიშანია. ტარტუში მხოლოდ მაშინ ჩაითვლები ნამდვილ სტუდენტად, როდესაც ამ თაღს გადაკვეთ. ჩამოსვლის შემდეგ დილასვე ორივე მხრიდან გადავლილიც და გადმოვლილიც. რატუშის საათის კურანტების ხმაზე ჯონ დონის ცნობილი სიტყვები მახსენდება: ‘ნურასოდეს იკითხავ, ვის უხმობს ზარი?’ რატუშიდან ხელმარცხნივ, რუუტლის ჰანზეატიკურ ქუჩაზე ვუხვევ და ძველებური ნივთების გილდიაში ჩავდივარ ინდური გუნდრუკის შესაძენად, სანამ ეს უკანასკნელი ჩვეულებაც ტრადიციულად არ მომბეზრდა. რუუტლის ბოლოს, იანიკიიკიდან (იოანეს ტაძარი) ზევითკენ ავუყვები უფსალის სახლებს და რამდენიმე წუთით თავი შვედეთის შუაგულში მდებარე საოცნებო ქალაქში მგონია. აქედან უფრო ზემოთ, შემაღლებულ ადგილას, ტოომის ბორცვზე მდებარეობს ძველი კათედრალის ნანგრევები და მიმდებარე ტყე-პარკი. ტყე-პარკის შესასვლელში ტარტუს უნივერსიტეტის ცნობილი ლექტორის, ემბრიოლოგიის მამის, კარლ ერნსტ ფონ ბერის სავარძელში მჯდომარე ქანდაკება მხვდება. მის ბრინჯაოსფერ თმას ყოველ ვალპურგის ღამეს შამპანურით ჰბანენ სტუდენტები. დავიტრაბახებ და ვიტყვი, რომ უამრავ ‘უფლის სახლში’ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი სიახლოვის შეგრძნება არსად მქონია. ტყე-პარკში სეირნობისას ორიდან რომელიმე ხიდის გავლა მოგიწევთ, ჩემი გზის არჩევის შემთხვევაში კი ორივესი – ერთი ეშმაკების, მეორე ანგელოზების. ეშმაკების ხიდი 1913 წელს რომანოვთა დინასტიის ტახტზე ასვლის 300 წლისთავის აღსანიშნავად ააგეს. ანგელოზების კი წმინდა ინგლისურ სტილშია გადაწყვეტილი, უბრალო ესტონელებს ‘inglise’ და ‘ingli’ ერთმანეთში აერიათ, შედეგად ხიდს ანგელოზების სახელი შერჩა. ადგილობრივი თქმულების თანახმად, ის სურვილი აუცილებლად აგიხდებათ, რომელსაც აქ ჩაიფიქრებთ და სუნთქვაშეკრული ხიდს გადაკვეთთ. უთვალავჯერ გადავსულვარ ხიდზე და მუდამ ერთ ოცნებაზე ვფიქრობდი.
ტოომის ბორცვის გადაღმა ჩემი ამოჩემებული ადგილია – უშველებელი ხეობა და შუაში წამომართული ხე ფუღუროთი. ლამის ყოველდღიურად ვაკვირდებოდი, როგორ იცვლებოდა ეს ადგილი ხასხასა მწვანედან ჯერ ყვითელსა და ნარინჯისფერში, შემდეგ ნოემბერში მელანქოლიურ ნაცრისფერში, დეკემბრიდან კი სპეტაკ თეთრში. მთელი ამ ხნის მანძილზე ხეობის ირგვლივ წრეს ვარტყამდი ხეს და ვებრძოდი სურვილს გავყოლოდი მოჩვენებით თეთრ კურდღელს და იმ ფუღუროში ჩამეხედა. ვერც კი მივხვდი ამდენ ფიქრში როგორ გადამექცა იგი ‘ხედ შემეცნებისად’.
ჩრდილოეთში ცხოვრება იმიტომაც მიყვარს, რომ ყველაზე მეტად აქ გრძნობ თავს სამხრეთელად. წინა საშობაო კონცერტის შემდეგ, იანიკიიკიდან საღამოს გამოსულმა მივხვდი, რომ უკვე დიდი ხანი ამ ქალაქის შემადგენელ ნაწილად ვიყავი ქცეული. შინ დაბრუნებისას ფეხსაცმლის ძირს ტარტუს თოვლი და ევროპის მიწა ერთად მოყვება. აქ ვგრძნობდი, რომ ორი – თბილისის და ადგილობრივი – დროით ვცხოვრობდი. ამიერიდან სადაც ვიქნები, საათზე დახედვისას ყოველთვის გამახსენდება თუ რა დროა ტარტუში.
წესითა და რიგით ახლა ხუთიდან რომელიმე ევროპულ დედაქალაქში ვოიაჟის ამბებზე უნდა ვიწერებოდე, რადგან მოგონებები გამოუწვავი თიხასავითაა, თუ გაცივდა, ვეღარაფერს გამოძერწავ. ან იქნებ მრავალსაც მობეზრებული ჰქონდეს ან ნაკლებად ადარდებდეს ორის მეგობრობა. რაც არ უნდა იყოს, ერთ პოსტს და კალმის მელანს დავხარჯავ (ვიცი, ეს ზმნა არ ეამება) დათო გორგილაძეზე. ბოლოს და ბოლოს, უკვე უიმედოდ ვაგებ 0:2-ს.
‘მე და დავითი საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ, მშობლები ტოლებში არ გვარჩევდნენ და ხშირად ერთი მეორის ტანისამოსს გვარგებდნენ. თან მოგეხსენებათ, ორივენი იმ ცნობილი 90-იანები წლების პირმშოები ვართ, ამდენი სასიქადულო მამულიშვილი და ერის დიდი მოამაგე რომ აღუზარდა სამშობლოს. შემდეგ სკოლაშიც ბედის ირონიით ერთ მერხზე დაგვსვა დაწყებითის მასწავლებელმა და მის მერე, ჯარი იქნებოდა თუ უნივერსიტეტი, დღემუდამ ერთმანეთს მხარს ვუმშვენებთ’.
ეს არის ამონარიდი იმ სიტყვიდან, რომელსაც მე წარმოვთქვამ 40 წლის შემდეგ, პოსტ-აპოკალიპტურ ხანაში, გორგილაძის პროზის რიგით საღამოზე, როდესაც მას, როგორც ქართული სიტყვაკაზმულობის სწორუპოვარ ოსტატს, სიცოცხლეშივე მოუზომავენ ადგილს მთაწმინდაზე. მხოლოდ თუნდაც იმისთვის, რომ ორიოდ წლის წინ მტკიცე უარი ექნება გაცხადებული ნანინანატრ ნობელის პრემიაზე და ყველას გუშინდელივით ეხსომება მისი მჭახე სიტყვები ‘მე მაღლა ვდგავარ ყოველგვარ მონიჭებულ ჯილდოზე’. ყურადღება თუ მიაქციეთ ზევით რაც მეწერა?! ეს ყველაფერი მოხდება პოსტ-აპოკალიპტურ ხანაში, როდესაც დაიკარგება უკლებლივ ყველა ქართველი მწერლის ნაწერი გარდა გორგილაძესი, ხოლო ჩემს სიტყვებს ვერავინ გადაამოწმებს და ფანტაზიას დავიხმარებ ჩვენი წარსულის შესათხზველად.
სინამდვილეში 14 წლის ვიქნებოდი, თბილისის სკოლებს შორის ისტორიის ჩემპიონატზე გორგილა რომ გავიცანი. უფრო სწორედ, თავად ასე ამბობს, მე მომკალით და იქიდან ვერ ვიხსენებ. იმ ბარაქიან წლებში, ზედიზედ სამჯერ მოვიგე ეს ჩემპიონატი და სკოლის მასწავლებლებისგან სრული კარტ-ბლანში მქონდა მოცემული გუნდის დაკომპლექტებისას. ამიტომაც ჩემი სკოლის გუნდში ერთი შავგვრემანი ახლახან წვერგაპარსული ბიჭის გარდა დამამთავრებელი კლასის წარმოსადეგ გოგონებს შენიშნავდით. ერთ-ერთ ეტაპზე ვაზისუბნის სკოლის ხმაურიანი გუნდი შემოგვეფეთა, ასეთ გუნდებთან ის გამოცდილება მქონდა, რომ წაგებამდე მოთამაშეები ბევრს ლაპარაკობდნენ, მათი მასწავლებლები კი ორჯერ მეტს. თამაში სამ ქულამდე გრძელდებოდა, წვალებაც არ ღირდა და ორი კითხვის შემდეგ 2:0 ‘ციმციმებდა’ ჩვენს სასარგებლოდ. შემდეგ, როგორც ჩანს, ლატენტობის პერიოდმა თავისი გაიტანა, თამაში მიმავიწყდა და ანგარიში გათანაბრდა. მიუხედავად ამისა, გორგილას მაინც არ ეწერა თავისი სკოლის ალაყაფში დაწნული გვირგვინით ტრიუმფალური შესვლა და მისი გუნდი 2:3 დამარცხების შემდეგ გამოეთიშა ჩემპიონატს.
ორი წლის შემდეგ ჩვენთვის ალბათ საბედისწერო თამაშის “რა? სად? როდის?” ერთ-ერთ ტურზე ვნახე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი მაღლივის მცხუნვარე სართულებზე ერთად მოგვიწია რამდენიმესაათიანი გადაბმული წერის ჭაპანის ზიდვა. მეგობრობა უნივერსიტეტში დავიწყეთ, ფაქტობრივად პირველსავე დღეს, როდესაც სანახევროდ კლასიკურად გამოწყობილი მივედი და მას სამარადჟამოდ სალაპარაკო მივეცი. გორგილა იყო პირველი, ვინც კი საერთოდ ‘ცოდნის ტაძრის’ ეზოში გავიცანი. შემდეგ იყო საერთო ლექციები, აუდიტორიები, დუქნები, საშაურმეები, გოგონებზე თვალების ცეცება, ერთი საეჭვო წამოწყებაც კი, სადაც რიხიანად მივედით და საბოლოოდ ყველას ნერვული სისტემის მოშლით ნაკლებად რიხიანად წამოვედით, თუმცა ოხუნჯობა აქაც შეგვრჩა. ხუმრობები იცოცხლეთ, იმდენი მოგროვდა შეგვიძლია კატალოგებად დავყოთ ან ალმანახებად გამოვცეთ შემდეგნაირად: I, II და III კურსის ხუმრობათა წელიწდეული.
ჩვენთან, უნივერსიტეტში პირველი და მეექვსე კორპუსების შენობები ჭავჭავაძის პროსპექტის დასაწყისში მოპირდაპირე მხარეს დგანან. ერთიდან მეორეში გადასასვლელად დათო გორგილაძეს შეიძლება ნახევარი საათი დასჭირდეს. არ იფიქროთ, რომ მას ნაადრევად სახსრების ტკივილი აწუხებდეს, უბრალოდ გზად შემხვედრ ნაცნობებს თუ მეგობრებს არ შეუძლია ორიოდ სალაღობო სიტყვა არ შეაწიოს. ვაი მას, ვინც ამ დროს მას თან ახლავს და ამავე დროს ეჩქარება, რადგან დათოს ნაცნობ-მეგობრების უშველებელი რიგი შესაძლოა დაუსრულებლად მოეჩვენოს.
შეიძლება იფიქროთ, რომ მთელი სტუდენტობის წლები სიცილ-ხარხარში გაგვეტარებინოს. ყოფილა ძნელბედობების ჟამნიც, რომელთა მოგვარების ხელის შეწევნაშიც საზღვრებიც არ ყოფილა დამაბრკოლებელი, თუმცა ეს ერთმანეთისთვის არასოდეს შეგვიხსენებია და ღმერთმა ნუ ქნას, აწი დაგვჭირდეს. ორივემ ვიცით, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია ‘მწმენდავის’ როლის შესრულება, აი ჰარვი კეიტელი რომ ასრულებს ტარანტინოს ‘კრიმინალურ საკითხავში’.
ეს ყველაფერი ‘კეთილი და პატიოსანი’, თუმცა დასასრულს არ შემიძლია არ გამოვტყდე ერთ ჩიქორთულ საკითხში. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა გორგილა იუმორში ბეჭებზე გავაკრა თავისავე კედლებში, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის წინ და დამარცხება თავადვე აღიაროს. ვეჭვობ გამიჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ მისი იუმორი უფროა პუბლიკაზე გათვლილი.
შენდობას ვთხოვ არაკლუბელ მკითხველს, რადგან მოცემული პოსტი ძალზედ ვიწროსპეციფიკურია
ალტერნატიული ისტორია, 1942 წელი, ამიერკავკასიის რეიხს–კომისარიატი, ნაცისტების მიერ ოკუპირებული თბილისი. გერმანელმა დაპყრობლები საქართველოს დედაქალაქში გადააწყდნენ მათთვის აქამდე უცნობ სექტას, რომლებიც საკუთარ თავს გაურკვეველი კლუბის წევრებად რაცხავდნენ. ყველა სექტანტი ნაცისტებმა ქალაქის ბოლოში მოწყობილ საგანგებოდ მავთულხლართებით გამოყოფილ რესერეს გეტოში მოათავსა. დღევანდელ დღესაც კი, გეტოს განსახლების ადგილას, ვარკეთილში, სახლობენ იმდროინდელი მკვიდრების შთამომავალნი. ტყუილად გაგიკვირდათ, ვარკეთილი ხომ საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა იმ მადნის წყაროდ, რომლიდანაც განუწყვეტლივ მარაგდებოდა სექტა.
სექტის წევრებს სხვა რა დარჩენოდათ, იმის გარდა, რომ შეგუებოდნენ ახალ ლიანდაგებს. სამწუხაროდ ზოგიერთს არ გაუმართლა და ნაცისტების ტყვიას დაეძგერა. მაგალითად ელიაჰ ლეჟოვიცმა თავისთვის საბედისწერო პროფესია – ასოთამწყობობა აირჩია და მორიგი შეცდომა უფროსობამ უკვე აღარ აპატია. გაგინ ვაილი კი სექტის ორთოდოქსულ ფრთას მიეკუთვნებოდა, რომელიც ქუდს და წვერს გამუდმებით ატარებდა, ამიტომ მისი შეწყალება არავის თავში არ მოსვლია. როგორც ამბობენ, ტრებლინკაში დახვრეტის წინ გაგინის უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: „ეს რა სისტემის იარაღია? … და კალიბრი?“
ზოგმა ადვილად აუბა მხარი გეტოს ცხოვრებას. სექტის ყოფილმა იდეოლოგმა, ვაჰუდი ელერდიაჰუმ მასთან ყოველგვარი კავშირი უარყო, სახელი გადაირქვა და ადგილობრივებისგან შემდგარ საპოლიციო შენაერთს ჩაუდგა სათავეში. აქ ჩარიცხვას მთელი გულით ლამობდა ფედორ ტიუტჩევის შემოქმედების ყოფილი მკვლევარი, წარმოშობით ოდესელი ნივკა აგლიაკოვი. გეტოს საზღვრებს გასცდა კონტრაბანდისტი ლევი ცაგერსტამის სახელი, იგი რუსული წარმოების საქონლით ვაჭრობდა და იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარ სახელსაც კი აწერდა ეტიკეტს. რესერეს გეტოს რუტინულ ყოველდღიურობას მუსიკალური ფონივით თან ერთვოდა ორი გამოჩენილი ორატორის დაპირისპირება. ერთი მხრივ, დიდი პოლემიკის პატარა გიგანტი, არშილ გოგორი, მეორე მხრივ დიდგვარონი სექტანტი, ‘მწიგნ–იობარად’ წოდებული სენდერ ფონ თარხმან–მორავჩიკი. რესერეს გეტოში განურჩევლად ყველა, დიდი თუ პატარა, იცნობდა სახელოვან გიორგუშ ბაქრაკს, წლობის მანძილზე კეთილშობილ ქალიშვილთა პანსიონატის ხელმღვანელს. მას არაერთი შემოთავაზების მიუხედავად არ დაუტოვება გეტო და თავისი აღსაზრდელები.
გეტო რა გეტოა აჯანყების გარეშე. რესერეს გეტოშიც გადაწყვიტეს თავისი გაუტეხელი ბუნება წარმოეჩინათ დამპყრობლებისთვის. მათ შორის იარაღის ხმარება თითქმის არავინ იცოდა (თითქმის, არშილ!), ამიტომ პირი შეკრეს და გეტოს პირობებში საყვარელი საქმიანობის – თამაშის – ჩვენება გადაწყვიტეს. სამზადისი დიდხანს გაგრძელდა, დარბაზის შოვნა მაშინაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მათ შემხედვარე თვით ვაჰუდი ელერდიაჰუს გული მოუბრუნდა და ხუთი ყუთი კითხვებით მოამარაგა, ნივკა აგლიაკოვს არავინ სთხოვა, თუმცა მანაც წაამატა, უარის თქმა ვერ გამოდიოდა. ლევი ცაგერსტამმაც სულ ნარჩევი კონტრაბანდული საქონელი შესთავაზა. თამაში შედგა, ბატონებო! დიახ, მტერმა შეიძლება დროებით იმძლავრა მათზე, მაგრამ ვერ შესძლო გაეტეხა მათი სული. თამაშის კულმინაციის დროს გაისმა ვაჰუდის სიტყვები: „ჰა, ერთ მაგიდასთან ექვს კაცზე მეტი ნუ დასხდებით“.
პოსტის სცენარში გარკვეული შტრიხების შემოტანისთვის ავტორი განსაკუთრებულ მადლობას მოახსენებს გიორგი კაკაბაძეს, მადლიერი ერისგან “გუდმენად” წოდებულს
არასოდეს ენდოთ პოლიტიკოსს, ქალს და ამინდს – ტროსტმომარჯვებული ინგლისელი ესტონეთში არ ცხოვრობდა, თორემ ამ ტრიადას აუცილებლად მიამატება სიტყვებს – ამათზე მეტად კი პარიკმახერს.
არავითარი სტილისტი, მე სიყრმიდან პარიკმახერის ხელს ვარ მიჩვეული და ეს ცნება ბევრად ფასეულია ჩემთვის. ეს ისეთი იშვიათი პროფესიის წარმომადგენელია, რომელთან ურთიერთობა თითქმის მთელი ცხოვრება გვიწევს, ან გვინდა რომ გვიწევდეს (გორგილ!). აღარ მახსოვს სად მოვისმინე, ფილმში თუ რომელიმე მეგობარმა, ცხონებულმა, ფრთიან ფრაზად ისროლა, რომ პირველი პარიკმახერი პირველი ქალივით არ გავიწყდება. „დამიძახეთ მე რობერტა“ – ახლა წარმოვიდგინე ასეთი მობი დიკისეული დაწყებით რომ გამცნობოდა ჩემი პირველი პარიკმახერი. რობერტას შემდეგ იყო უკრაინელი ლენა, რომელიც ლამაზი ქალი იყო სადღაც ოცი წლის წინათ ჩემამდე, ჩემი თავი კი მის ხელებში ყველაზე მეტხანს – 7 წელი გორაობდა. მისგან სახსოვრად შტეფან ცვეიგის შვიდ–ტომეული დამრჩა, თითქოს თითო ტომი თითო წლისთვის. ბოლოსკენ კარიერული დაღმასვლა დაეწყო და მეც სკოლის დამთავრების შემდეგ მივატოვე. ლენას მერე ძიების პროცესში ვარ და ვერაფრით გამიკეთებია არჩევანი ალიკასა და ლიოვას შორის. ორივე ნამდვილი ოსტატია (ან უფრო, პრაფესიანალი), ორივეს საქმისადმი ერთგულებას თანაბრად ვაფასებ. წამოსვლამდე კი უფრო ლიოვას მხარეს გადმოვიხარე.
რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეუფლებოდა შემაძრწუნებელი აზრი, რომ ტარტუში უნდა მეღალატა მშობლიური დალაქებისთვის და ჩემი თავი უცხო მოდგმის ხელებში ჩამეგდო. დღეს დავძლიე სულიერი მღელვარება და ამაყად შევაბიჯე ადგილობრივ სილამაზის სალონში, რომელიც ჩვენებური საპარიკმახეროსგან დიდი არაფრით განსხვავდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესტონეთში ექიმობასა და დალაქობაზე რუსებს მონოპოლია აქვთ მოპოვებული. ამ საპარიკმახეროშიც ყველა რუსი იყო, ხოლო რადგან აქ ახალი ჰობი – რუსების წვალება – ავითვისე, ინგლისურად წამოვიწყე საუბარი. ერთ რამედ ღირს, როცა რუსები „გიორლს“ ან „ხეპპის“ წარმოთქვამენ. ეს კაპიტალისტური ენა არავინ იცოდა და საგანგებოდ მისი მცოდნე წანწკლა გოგო ჩამოიყვანეს სადღაც მაღლიდან. როცა უკანასკნელი დეტალები მოვაგვარე მასთან, მორჩილად გავეშურე კუთვნილი სავარძელისკენ. დალაქმა ქალმა პირველი მზერა რომ ესროლა ჩემს აგვისტოს შემდეგ უმწიკვლო თმას, შეცბა და ცალი ნაბიჯით უკან დაიხია. როგორც მთელი 15–წლიანი სტაჟის კლიენტი, თბილისში განებივრებული ვარ, რომ პარიკმახერი ულაპარაკოდ (ბეზ პრაბლემ) მოგემსახურება ამდენი ხნის უნახავს და სამუშაო პროცესის მოუცდენლად სახალისო დიალოგს გაგიბამს. ამან კი ჩემი დამშვიდება სცადა და მითხრა, ბევრი თმა კია, მაგრამ რამეს მოვუხერხებთო. მაშინ მივხვდი, რაღაც ვერ იყო რიგიანად, ასე წარუმატებლადაც ჯერ არავის უნუგეშია ჩემთვის.
დაიწყო. ჩემს თმას ისე ეპყრობოდა, როგორც რესტავრატორი მუზეუმის უძვირფასეს ექსპონატს უტრიალებს. გული მომიკვდა იმის საცოდაობის ხილვით, თუ როგორ ეჭირა მაკრატელი, თან მახსენდებოდა ლიოვა ძველი დრამერივით როგორ ატრიალებდა ინსტრუმენტს. ახლა მივხვდი, ბებიაჩემი რატომ მიყურებს ასეთი სახით, ვაშლს რომ ვთლი ხოლმე. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და როცა რუსულად წამოვიწყე საუბარი, ჩემმა დალაქმა კოლეგას გადასძახა, „ხედავ, თითქმის ყველა ენა იცისო“. დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე თავად ვმონაწილეობდი საკუთარი თმის შეკრეჭაში, შეძახილებით „აგერ, მარცხნივ კიდევ ამიღე, ჭირიმე, არ დამტოვო ასე“. უკვე შელახულ ქოჩორს რომ წაეტანა, ლამის მკლავზე ჩამოკიდებით შევთხოვე „დამიტოვე როგორცაა, მართლა არ ღირს.“ როცა დაასრულა საბოლოოდ, ამოოხვრაში მეც ვიგრძენი თუ რა ჯაფა დაადგა და რა ძალისხმევა შესწირა ჩემს თმას. საკუთარი ნამოქმედარით თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა კიდეც: Высший пилотаж. ბოლოს ვეღარ ეთმობოდა, ჩემს დაუკითხავად რაღაც საცხების წასმა დაიწყო და მითხრა, ასეთი პროპორციული თავი არ მინახავსო (ჰმ). რატომღაც ჩემი პირადი ჰიგიენით დაინტერესდა და როცა გაიგო, რომ კვირაში 2–3–ჯერ ვიპარსავდი წვერს, მთლად გადაირია. ისიც დააყოლა თმის შესწორება თუ მოგინდეს, უფასოდ მოგემსახურებითო (ორგზის ჰმ).
შეიძლება ვინმეს ეღიმება, მაგრამ ახლა გვარიანად დაკორტნილს არ მეცინება და შვებას პოსტის წერაში ვეძიებ. იქიდან გამოსული გულში კი ვამბობდი: „უკეთუ დაგივიწყო შენ, ლიოვა ჩემო, დავივიწყო მარჯუენეცა ჩემი.“
გგონიათ მსოფლიო რუკებზე ყველა კუნძულია დატანილი? ცდებით, მათზე გამადიდებელი შუშითაც ვერ შენიშნავთ ერთ კუნძულს, რომელზეც მხოლოდ პინგვინები ბინადრობენ. ყველა აქაური პინგვინი მიიჩნევს, რომ სხვაზე მეტი იცის და ყველა მათგანი ოცნებობს მოხვდეს გამორჩეულ პინგვინთა კლუბში – ბედლამიაში. ბედლამია განუწყვეტლად იზრდება და ყველასთვის ერთნაირად სასახელოა მისი წევრობა, რადგან არა ერთი და ორი სასახელო პინგვინი დაფრთიანებულა მის რიგებში. კუნძულზე მცხოვრები პინგვინთათვის კლუბი გარკვეული მითოლოგიური საფარველით არის მოცული, ყველა მშობელს სურს თავისი შვილი იხილოს ბედლამიის ახალი გმირის მანტიაში. გარეგანი ბრწყინვალების აღწერას თავი რომ დავანებოთ, შიგნიდან ბედლამია იერარქიული პრინციპით არის მოწყობილი. ყველასგან ერთნაირად პატივდებულია ელიტარული კლუბის დამაარსებელი მამა–დამფუძნებელი, რომლის მხრებზეა ბედლამიის სიმტკიცე. მამის ხმას ყველა ემორჩილება ან იძულებულია, რომ დაემორჩილოს. იგი იშვიათად თუ ერევა კლუბის ცხოვრებაში, თუმცა ყველაფერი მაინც მისი ნება–სურვილის სიმეტრიულად ვითარდება. მამის შეხედულება საკმარისად განსაზღვრავს გმირების ბედს, თუმცა იგი ძველი აღთქმის ღმერთივით ყოველთვის სამართლიანი არ არის. თითქოს მას დაუძლეველი შიში აწუხებს, რომ რომელიღაც პინგვინი, იქნება ის ძველი გვარდიელი აუკი თუ ახალგაზრდა იუნგლინგი, შეეცდება მისი ოლიმპიური სიმშვიდის დარღვევას.
ბედლამელებს უყვართ თავიანთი გმირები. მათ ხომ ყველაფერი იციან, გარკვეულნი არიან პინგვინთა ყოფის ყველა წვრილმანში, საკუთარი არსებობით ისინი ცოცხალ მაგალითს აძლევენ დანარჩენებს. ზოგჯერ ისინი საკუთარი განუმეორებლობის დასამტკიცებლად საგანგებოდაც სჩადიან უცნაურობებს. მაგალითად, ამას წინებზე ერთ–ერთმა კოლორიტულმა მათგანმა, რომელმაც ჯიუტად მოითხოვს პინგვინის ნაცვლად მას პლათინური ფორმით სპენისციფორმუსი უწოდონ, გალაპაგოსის პინგვინთა გადაშენებული ენის შესწავლას მიჰყო ხელი. გმირებს შორის ნამდვილად გამორჩეული კი ბებერი ტიტულოვანი აუკი ვორვიკ დე კპიჩდია (ან თავად როგორც უცნობი დამწერლობით წერს, Warwick de Cphd). ყველა თავმოყვარე პინგვინმა იცის მისი სახელი და გვარი, განურჩევლად კლუბის წევრობისა. ყველა ბედლამელი, აუკი იქნება თუ იუნგლინგი, თანხმდება იმაში, რომ ვორვიკი იყო და არის ყველაზე ნაკითხი პინგვინი. იგი ყველაზე ხშირად გამოსულა სიტყვით კლუბის წევრთა საყვარელი გასარჩევი ადგილის, ფორუმის ამბიონიდან. აქ მისი შინაური კედლებია, რაც არ უნდა მცდარად ფიქრობდეს ამა თუ იმ საკითხზე, მაინც თავის თავს გამოიყვანს მართლად. წყლის ნაყვაა განსხვავებული აზრის გამოთქმა, მაინც მცირედითაც არ დაიხევს უკან. ამასთან ფორუმზე მას ერთი შეძენილი არტეფაქტიც ეხმარება – ყველაფრის მხედველი თვალი. იგი ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებსაც ხედავს, ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხვდება.
ბედლამიას ადგილობრივები ხშირად უწოდებენ კუნძულს კუნძულში. აქაც იციან ნამდვილი სიყვარული, მეგობრობა და დანარჩენი პინგვინური გრძნობები. ერთი შეხედვით, იდილიური ყოფაა, მაგრამ არკადიაც არ არსებობს ცუდის გარეშე. ბედლამიაში, ისე როგორც არსად მთელ საპინგვინეთში, ღრნით ამბიციურობის ჭია, შური არ ასვენებთ, არიან ამპარტავნები, გამუდმებით ცდილობენ სხვისი სახელის ტალახში მოცხებას, პატარკაცურად მოგების გულისთვის მზად არიან შუა გზაზე მიატოვონ ძველი თანამოაზრეები.
ალბათ ვინმემ უკვე იკითხა, კი მაგრამ, ვინ არის ასეთი გულმოდგინედ აღმწერი ამგვარი კლუბისა? მე ერთ–ერთი ყარიბი იუნგლინგი ვარ, მშობლიურ კუნძულს დროებით მოწყვეტილი. თორმეტ წელზე მეტია, ბედლამიაში ვირიცხები და ამ ხნის განმავლობაში თითქოს მის ნაჭუჭში მოვექეცი. ვშიშობ, რომ მან მტკიცედ გაიდგა თავისი უხილავი ფესვები ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობ ჩამოვშორდე მას, თუმცა ვფიქრობ, რომ თავად გონებას აქვს მასთან უვადო კონტრაქტი დადებული. თანდათან ვეგუები იმ აზრს, რომ თუ ერთხელ შეაბიჯებ და შედგამ ფეხს ბედლამიაში, შემდეგ მას თავს ვეღარასოდეს დააღწევ.
დიდი ხანია კაცობრიობა შეთანხმდა იმაზე, რომ ხურდებისგან გათავისუფლება ფრიად დადებითი და ზოგჯერ აუცილებელი მოვლენაა. მეც დიდი ხანია მაწუხებდა ერთი გამობერილი ჯიბის ბედი, რომელშიც მხოლოდ ცალმხრივად იყრებოდა ხურდები და იქ განუსაზღვრელი ვადით უწევდა დარჩენა. დღეს მომბეზრდა ნოტინგემის შერიფივით ჩხრიალით სიარული და მოვინდომე მათგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლება. აგვისტოს შემდეგ ჩარჩენილ ხურდებს სადღაც 15 კრონამდე აუღწევია, რაც აქაურ ენაზე ავტობუსის ორ სტუდენტურ ბილეთს გულისხმობს და ესტონელ მათხოვარს ამაზე ნაკლები თანხა არც უნდა შეჰკადრო ხოლმე. ტარტუში რაც ვარ, გოდოსავით სულ ავტობუსის კონდუქტორის მოლოდინში ვარ, რომლის გამოჩენას ვერა და ვერ დაედგა საშველი. რა იქნება მისი ხმა შემომესმას ან თვალი მოვკრა, რომ ალალად ნაყიდი ბილეთი დავანახო, შორიდან მაინც.
რაც არ უნდა იყოს, წუხელ ხურდებისგან თავის დაღწევის პერსპექტივით გახარებულმა კიოსკის დახლზე გამყიდველ წვერებიან ქალბატონს ერთიანად დავუხვავე რკინეულობა და ზედ ორი კუპიურის ქაღალდის ბანკნოტი დავუმატე. მუჭით წვრილი ფულის გადმოღებისას ერთი–ორი იქვე დამებნია და ჩაიკარგა სადღაცას, თუმცა აღარ მივაქციე ყურადღება. გავაგებინე, რომ აქ პატიოსნად იყო სადღაც 16 კრონი და ავტობუსის ორ ბილეთს ვითხოვდი მორჩილად. ცხადია, არ გამკვირვებია, როცა არ დაიზარა და ხურდების თვლას შეუდგა. დაახლოებით 5–7 წუთის შემდეგ თითებით მაჩვენა, რომ 20 ცენტი აკლდებოდა 16 კრონს. ცნობისათვის, 20 ესტონური ცენტი უტოლდება დაახლოებით ქართულ 1–2 თეთრს! მეტი ესტონური ხურდა ფული ფიზიკურად აღარ მქონდა, ხოლო ევროს შეთავაზებისას ალბათ უროს ჩამანარცხებდა თავში. რა გაეწყობოდა, ამ რკინეულობის ჯიბეში უკან ჩამბრუნებელი ყველაზე ნაკლებად ვიყავი და ვუთხარი, ამ თანხად რამე მოეცა – გასული კვირის ესტონური გაზეთი, ვადაგასული რძე, 9 ცალი ასანთის კოლოფი – ოღონდ თავიდან მომეცილებინა ისინი. აღმოჩნდა, რომ არც ის და არც კოლეგა მეორე წვერებიანი ქალბატონი ესტონურის გარდა სხვა არცერთ ენაზე არ საუბრობდნენ. ჩემს მიერ წარმოთქმულ ბგერებში ერთობლივად ის დაასკვნეს, რომ ისევ ბილეთს ვითხოვდი და ჯიუტად თითებით მიჩვენებდნენ ოცს. როცა უკვე ჩემი მოკრძალებული პანტომიმური ნიჭიც ვერ დამეხმარა, ქაღალდის ფული გავუწოდე ბილეთების საყიდლად და დედაარღნიანი რკინეულობა ჩალაპარაკებების თანხლებით მოვხვეტე უკან ჯიბეში.
ეზოპეს იგავების არ იყოს, რა არის მორალი ამ ცხელზე გულზე დაწერილი პოსტისა? რაღაც არ მგონია, ასეთი ამბავი განმეორდეს სადმე ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ისეთ ძირძველ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ათწლეულებია ევროკავშირის წევრები არიან. საქართველოში 1–2 თეთრზე ჯერ არავინ დაიწრუწუნებს და ამაზე თვალს დახუჭავს. ესტონელები ყველაფერში ცდილობენ იყვნენ უფრო მეტი ევროპელები, ვიდრე თავად ევროკავშირის დამფუძნებელი მამები, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. დღეს მრავალი ფსევდო-ევროპელისთვის ესტონეთი და მთლიანობაში აღმოსავლეთ საზღვრისპირეთი უკანა ეზოა, რომლის მკვიდრებიც დიდი ხანი არაა, რაც ოჯახში შემოუშვეს. ევროპელთა ლექსიკონში აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგ დაკვირდა ისეთი ფრაზეოლოგიზმები, როგორიცაა პოლონელი სანტექნიკოსი და ესტონელი ხურო. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, სამწუხაროდ საქართველო სანოვაგის და თბილი ღამის გასათევის მუდმივად მახვეწარ მაწანწალა ძაღლისგან მაინცდამაინც შორს არ დგას.
პ.ს.
აქედანვე ვიჭერ თადარიგს, რომ წლის ბოლოსკენ ერთი ხურდებიანი ხურჯინით დავადგე იმ გამყიდველ ქალბატონს და კიოსკში არსებული ყველაზე ძვირი პროდუქტი მოვთხოვო. ახია.
ალბათ ყველა ადამიანს აქვს თავისი საოცნებო ქვეყანა, სადაც მოხვედრაზე ან კვლავაც მოხვედრაზე ოცნებობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამაყად გაიძახიან, რომ მშობლიურ კუნჭულს მცირედითაც ვერ მოსცილდებიან, მაგრამ ისინიც კი სადღაც გულის სიღრმეში აწყობენ წარმოსახვით მოგზაურობებს ოცნების ქვეყნისკენ. ყველას საკუთარი მიზეზი აქვს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამასთან საღ აზრსაა მოკლებული, რადგან როგორც რომაელები ამბობდნენ, „რამდენიც კაცია, იმდენიც აზრია“. ჩემი ამორჩეული ქვეყანა შვედეთია, აგერ ჩემეული მიზეზებიც პირობითად დანომრილი:
1) ცხადია ბერგმანი. როგორც კრჟიჟტოფ კისლოვსკი იძახდა, იგი არის ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც იმდენი თქვა ადამიანის ბუნებაზე, რამდენიც დოსტოევსკიმ ან კამიუმ. ერთი ძველი ფილმის სათაურის არ იყოს, „ადამიანი ყველა სეზონისთვის“, ყველანაირი ხასიათისთვის. ალბათ არ დატოვა არცერთი წახნაგი, საიდანაც არ შეხედა ადამიანს, ზოგჯერ ოპტიმისტური ხედვით (როგორც „მარწყვების მდელოში“), ზოგჯერ კი საშინელი სიცხადითა და ღვთის დუმილით. ბერგმანის ფილმების ცქერის შემდეგ უნებურად მეტად ახლობელი ხდება ისეთი წმინდა ნორდული გვარ–სახელები, როგორიცაა სვენ ნიკვისტი (ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ოპერატორი), გუნარ ბიორნსტრანდი, მაქს ფონ სიუდოვი, ჰარიეტ ანდერსონი, ინგრიდ ტულინი, ბიბი ანდერსონი, ლივ ულმანი, ერლანდ იუზეფსონი. ცხადია ბერგმანი ყველაფრის გამო.
2) 1632 წელს შვედებმა დააარსეს ჩემი ამჟამინდელი ალმა მატერ – ტარტუს უნივერსიტეტი. ბალტიისპირეთის უკიდურეს ნაწილში მათ შემოიტანეს წიგნების ბეჭდვა და ტარტუ „ჩრდილოეთის ჰაიდელბერგად“ აქციეს. ესტონელები ახლაც მისტირიან „ძველ კარგ შვედურ დროებას“ და შვედური მმართველობის საუკუნე–ნახევარს „ოქროს ხანად“ მოიხსენიებენ. საკუთარი ინიციატივით, ესტონელებმა ძეგლიც კი დაუდგეს დამპყრობელ გუსტავ II ადოლფს. შვედები შეცვალეს რუსებმა, რომლებმაც შემოიტანეს ბატონყმობა, ხოლო ივანე მრისხანეს ზარბაზნებმა ტარტუში უძველესი კათედრალის კედლები ჩამოანგრიეს. ახალი რუსული დასახლებებით ლამის ნახევარს გაუტოლდა ადგილობრივთა ხვედრითი წილი. დღეს ტალინში, ისევე როგორც დანარჩენ ქვეყანაში ნარვას გარდა, რუსულად ლაპარაკისთვის შეიძლება უროც კი მოგხვდეს კაცს თავში.
3) შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ბავშვობის გახსენებისას პირველი არა ასტრიდ ლინდგრენი მომდის გონებაში, არამედ სელმა ლაგერლოფი. მისი „ნილსისა და ბატების გასაოცარი მოგზაურობა“ იყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე და წავიკითხე. არავის უთქვამს ან წაუქეზებია წამეკითხა იგი, ჩემით ვიპოვნე მტვრიან თაროებზე, ან მიპოვნა უფრო. აქ პირველად გავიგე ისეთი უცნაური სიტყვები, როგორიცაა „ოინბაზი“ ან „ჭილყვავი“. მერე და მერე შევიტყვე, რომ სელმა ლაგერლოფი პირველი ქალი მწერალი ნობელიანტი ყოფილა (ესეც შვედის მიერ დაარსებული!) და როგორი სინანულით მეხარჯებოდა მისი გამოსახულებიანი ბოლო 20 შვედური კრონი (მანამდე 50–იანი და ასიანი უპრობლემოდ).
4) სტოკჰოლმი და სტოკჰოლმერები. ბალტიის ზღვასავით კრიალა ქუჩები და ადამიანები. თხემით ტერფამდე მომხიბვლელი ხალხი, პირდაპირ ჟურნალის გარეკნიდან გადმოსული. სადმე არსებობს კი სტოკჰოლმერზე უფრო თავაზიანი, ზრდილობიანი, მუდმივად ელეგანტურად ჩაცმული მოქალაქე, რომელიც ასეთი მზრუნველობით გაგიწევს დახმარებას. მუზეუმის წინ ჰოთ–დოგის გამყიდველი ქალიც კი, რომლისთვის გამუდმებული სიცივე და ტურისტთა სიმრავლე თავის შესაწყენი უნდა იყოს, ისეთი რუდუნებით მოგემსახურება, რომ ის ჰოთ–დოგი მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სანოვაგედ მოგეჩვენება. აი ნამდვილი ქალაქი და ნამდვილი მოქალაქეები.
5) ლეგენდარული ბიორნ ბორგი. იგი არ იყო ჯონ მაკინროივით მეამბოხე, ვერცხლისწყალივით ცვალებადი გენიოსი. პირიქით ლეგენდები დადიოდა მის ყინულოვან სიმშვიდეზე, თითქოს მისი წარმატების საწინდარი გულის ძგერის უჩვეულოდ დაბალი სიხშირე იყო მხოლოდ. ხალხს ყველაზე მეტად უყვარს ცრუ ლეგენდების შეთხზვა. რაც დრო გადის, უფრო წარმოუდგენელი ხდება მისი შთამბეჭდავი მონაპოვარის გამეორება – ზედიზედ ხუთჯერ მოგებული უიმბლდონი + ზედიზედ ოთხჯერ როლან გაროსი. როცა მთელი მსოფლიო მისგან ახალი და ახალი რეკორდების დამყარებას მოელოდა, 26 წლის შვედმა კარიერის მწვერვალზე შორს მოისროლა ჩოგანი და ერთი მცდელობის გარდა აღარც მოუხედავს მისკენ. ბიორნ ბორგმა დაამტკიცა, რომ იგი იდგა ყოველნაირ რეკორდსა თუ თამაშზე მაღლა. ჯონ მაკინროიმ კი, როგორც ამასწინათ გამოტყდა, ვეღარასოდეს შეიგრძნო ის ნამდვილი ჩოგბურთი ოდინდელი მეტოქის წასვლის შემდეგ.
6) შვედეთის რაინდული ისტორია. ჯერ მარტო როგორი სახელი აქვს შვედეთის ეროვნულ გმირს, რომელმაც გამოაფხიზლა საკუთარი ხალხი და დანიური უღლის წინააღმდეგ დაძრა – ენგელბრექტ ენგელბრექტსონი. მახსოვს, ომობანას თუ სხვა ამგვარი ბავშვური თამაშობისას ძირითადად ჩრდილოელ შვედებს ვირჩევდი ხოლმე. ქრისტიანობის და ევროპული ცივილიზაციის გავრცელებამაც ვერ შეცვალა შვედების ხასიათი. კარლ XII ვერსალის სტილში ნაგებ სტოკჰოლმის სამეფო სასახლეს მეომრების ბარაკს არჩევდა, ხოლო ოქროცურვილად მოვარაყებულ სამოსელს უბრალოდ ჯარისკაცულ ფარაჯას ამჯობინებდა. სასწაულებრივად ამარცხებდა კიდეც თავიდან გველეშაპს რუსეთის სახით, თუმცა არ იცოდა, რომ ლერნეს ჰიდრასთან ჰქონდა ურთიერთობა. მოჭრილ თავზე ორი იმდენი ამოვიდოდა საბოლოოდ. საკვირველია, თავად ალექსანდრე სუვოროვი ისტორიულ მტერს, კარლ XII–ს თავის კუმირად რომ მიიჩნევდა.
7) შვედეთში მდებარეობს ქალაქი, სადაც უდიდესი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ვისწავლიდი – უფსალა. ქვეყნის ისტორიული დედაქალაქი და საეკლესიო ცენტრი, სკანდინავიის უძველესი და უმთავრესი საუნივერსიტეტო ქალაქი, ბერგმანის მშობლიური მხარე. აქ გადაიღეს და აქ მიმდინარეობს მოქმედება ჩემი საყვარელი ფილმისა – „ფანი და ალექსანდრე“. დიდი რეჟისორის ჩანაფიქრით თავისი უკანასკნელი ნამუშევარი, რომლის ცქერისას მიღებულმა სიამოვნებამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.
ქართველი რომ არ ვიყო, ნამდვილად ვისურვებდი შვედეთში დაბადებას!
პ.ს.
ვისაც შეეზარა გრძელი პოსტის წაკითხვა, მათთვის და არამარტო მათთვის ერთი საამო ძველი შვედური სიმღერა. აქ, რაც მიწერია, ალბათ მასში ყველაფერი უკეთაა გადმოცემული:
გალერებს საუკუნეებია აღარ აგებენ, ეს გალაქსის ტიპის უახლესი ბორანი “ბალტიელი დედოფალია”. ჩემთვის ის მაინც გალერაა, როგორც რიგელი პიანისტი – ფაკირი. სტოკჰოლმი არაა იმ ქალაქების ჩამონათვალში, ერთ დღეში თუ საათებში რომ ჩაყლაპავ, მაგრამ სამი დღე გემზე შენისთანა ბურჟუასთვისაც ალბათ ნამეტანია. შეგეძლო დარჩენილიყავი შინ (!) და საკუთარი თავისთვის გართობის საშუალება მიგეცა ან სადილად არ გქონოდა ის რაღაც, რომ ვერ გაარჩიე საქონლის ხორცი იყო თუ თევზის. სიტყვა „შინ“–ის მნიშვნელობა ახლა ბევრად განსხვავდება იმისგან, რასაც საქართველოში უწოდებდი, სადაც სახლს გარეთ დარჩენას ყოველთვის გაურბოდი. „შინ“ დროდადრო შეიძლება მოიცავდეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, კაბინას გემზე, იაფფასიან ჰოსტელს, აეროპორტს. გართობაც ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა, მომავალ მოგზაურობაზე ფიქრი თავისთავად იქცა გართობად. საგზაო რუკებში და ქალაქის გეგმებში დაუნანებლად მიცემული კრონები, რათა მოსანახი ადგილები მონიშნო ნამდვილად ერთ რამედ ღირს. აბა ქალაქს თუ არ იცნობ, ისე როგორ ჩაგესვლება? ღმერთმა დამიფაროს, მეგზურის დახმარება დამჭირდეს და ვინმემ თვალუწვდენელ შენობაზე მიმითითოს, მარცხნივ შენ ხედავ დროტნინგჰოლმის სამეფო სასახლესო.
და რა ეშმაკმა მომიყვანა ამ გალერაზე?
საერთოდ ეს ჩრდილოელი ხალხი ერთმანეთს წააგავს. მათი თვალების სიღრმეში თითქოს მარადიული ზამთარია დაბუდებული. შენც არანაკლებ ცივი ხარ, იქნებ ამიტომაც ადვილად შეეგუე მათ. წუხელ ტერმინალზე ნორდულ სიმშვიდესთან ბრაზილიელთა მხიარული გადაძახილი მკვეთრ კონტრასტს იძლეოდა, მათი ბაგეებიდან სამბა კარიოკა და ბოსა ნოვა ერთად მორაკრაკებდა. კინაღამ შენც გამოეხმაურე – დამიცადეთ, ბრაზილეიროს, მეც სამხრეთელი ვარ (რა დამთხვევაა, ამ წამს ბარში მესაყვირემ იპანემას პირველი ნოტები ააღჟერა). ამ ხმაურიანი ბუნებით ბრმაც კი ადვილად გაგვარჩევს სამხრეთელებს ჩრდილოელებისგან. ისე ესტონელები კი გააკვირვე, როდესაც ტარტუში ოსკარ უაილდის მსოფლიოში არსებული ოთხიდან ერთ–ერთი ძეგლის გარშემო არსებული სინაგვე ვერ აიტანე, არადა შენი ოთახი უფრო ითხოვდა დასუფთავებას. შენი მაგიდა თანამედროვე ავგიას თავლაა, სადაც წიგნების და რუკების ზვინში ყველაფერს აღმოაჩენ “ტაიმის“ ძველი ნომრებიდან დაწყებული ნატრიუმის ქლორიდის გატეხილი კაფსულით დამთავრებული (ეს უკანასკნელი ცხვირიდან სისხლის შეჩერებაში გეხმარება). იუმორი აქ სხვანაირი აქვთ (თუ აქვთ), ზოგჯერ ვერ ხვდები ვთქვათ პატრისია რაზე გაიცინებს. თბილისში დაბრუნებისას მოგიწევს ძველ ლიანდაგებზე გადმოწყობა. ერთ ჩემს მეგობარს კი, ცხონებულს (რატის), ალბათ თანამედროვე ბერნარდ შოუდ შერაცხავდნენ აქ.
– საქართველოში რომ გიჭირთ, ხალხი ერთობა ცხოვრებით?
– ცხადია, რატომაც არა?
– იმიტომ, რომ თქვენგან სულ ცუდი ამბები მოდის.
– ეს ხელს არ გვიშლის.
– გწამთ ღმერთის?
– ჩვენ ქრისტიანები ვართ.
– ჩვენ კი ვოლვოთი დავდივართ და აღარ გვესაჭიროება …
(რამდენიმე წუთისწინანდელი შემთხვევითი დიალოგი ერთ მოხუც შვედ პროფესორთან)
მაინც რა ეშმაკმა მომიყვანა ამ გალერაზე?
გეგონა, ფიქრს გაექცეოდი. იქ, სადაც რიგა, ტალინი, ჰელსინკი ფუჭად სინჯე, სტოკჰოლმი გიშველიდა. დაგავიწყდა, რომ „ფიქრი უსაზღვროა, ვითა სამყარო“, ამ გალერაზეც შემოაღწევდა. რაზე ფიქრობდა ვაჟა, როცა წერდა: „ფიქრი კაი საქმეა, უფიქრელი მხოლოდ ქვაა“. არადა, სტოკჰოლმი და შვედეთი ბავშვობის ოცნებაა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც 5 წლისამ დამტვერილ სარდაფში ნაპოვნ უზარმაზარ რუკაზე საგანგებოდ შესწავლილი რუსული ასოებით ამოიკითხე ქალაქის უცნაური სახელწოდება. ორი წლის შემდეგ მივიწყებულ წიგნებში სელმა ლაგერლოფის ნილსი აღმოაჩინე და ბატებთან ერთად იმოგზაურე. მოგვიანებით უკვე კარლ XII–ს თან ახლდი მის უთავბოლო სამხედრო კამპანიებში, ბოლომდე არ გჯეროდა, რომ პოლტავასთან თიხისფეხებიანი კოლოსივით დაიმსხვრეოდა. აბიტურიენტობა თავად ინგმარ ბერგმანთან ერთად გაატარე და შვედები შიგნიდან დაინახე. სკოლის შემდეგ კი იყო მაგიური კომპოზიცია Dear Old Stockholm, რომელიც სტან გეცმა აღმოაჩინა, მაილს დევისმა და ჯონ კოლტრეინმა (თავადაც მაგიურმა სახელებმა) მსოფლიოს გააცნეს, შენთვის კი თავის ტკივილის მორჩენის უებარ საშუალებად იქცა. თითქოს ყველა ამ წრის გავლა გახდა საჭირო, რათა ყველაზე სასურველს მისდგომოდი და უფლება გქონოდა ამაყად თქმის – ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. შეგეგრძნო ის რაც, თუ ყველაფერი არასრულყოფილია სამყაროში, ყველაზე სრულყოფილია თავის არასრულყოფილებაში. და ახლა, როცა ამდენის წლის ოცნების შესრულების მიჯნაზე ხარ და რამდენიმე საათი გაშორებს, იცი რომ წამის დაუფიქრებლად გადაცვლიდი მას ხეტიალში ზაფხულის თბილისურ ხვატიან საღამოს სადმე თაბუკაშვილზე, ქიაჩელზე, კეკელიძეზე, ხორავაზე, ჭონქაძეზე, ზანდუკელზე, ვორონცოვზე, ბეთლემის უბანში. გონებას სრულად დაიცლიდი (პირველ რიგში, თომას მანისგან) და დაიტოვებდი მხოლოდ ამ ქუჩების სახელებს, სხვას არაფერს. მიზეზი არაა ნოსტალგია, უფრო ადამიანურია, ძალიან ადამიანური.
შემდეგ კვირას ბერლინი? Quo Vadis? Quem Quaeritis? დაგავიწყდება კი სურნელი?
Recent Comments