პინიატა – მარადონას ვარსკვლავი

ფეხბურთში ყველაზე ნაკლებად ჩახედულსაც კი ალბათ უთვალავჯერ აქვს ნანახი 1986 წელს ინგლისელთა კარებში მარადონას მიერ გატანილი მეორე გოლი. არგენტინელთა ათიანმა ამით თითქოს შური იძია ფოლკლენდის კუნძულზე დაღუპული თანამემამულეების გამო, სამყარომ კი საუკუნის გოლი იხილა. სულ მუდამ მაინტერესებდა რას წარმოადგენდა ნახევრადანომალიური ვარსკვლავის ჩრდილი სტადიონზე, რომელსაც ცხადად ვხედავთ მარადონას არგენტინული ქუჩური გამბეტას და მისი 60–მეტრიანი სლალომის დაწყებისას. ამაზე პასუხი ისევ ინგლისელებისგან შევიტყვე BBC3–ის დახმარებით.

საქვეყნოდ ცნობილია მექსიკელთა ზიზილ–პიპილების გადამეტებული სიყვარულის შესახებ. თითქმის ყოველი დღესასწაულისთვის (ფიესტა) მექსიკელები სხვადასხვა ფერებში რთავენ ვარსკვლავის ფორმის ტრადიციულ დეკორაცია პინიატას. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ 1986 წელს გიგანტურ პინიატას მათ ეროვნულ სიამაყე აცტეკას სტადიონზეც მიუჩინეს ადგილი.

პინიატას წარმოშობას აცტეკებს და ღმერთ უიცილიპოჩტლის მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს უკავშირებენ. სავარაუდოდ, მას დასაბამი დაუდო ჩინურმა მოსიარულე დრაკონებმა და და ამ უცხო ელემენტის ახალ სამყაროში ჩამტანმა ესპანელმა კონკისტადორებმა.  ფერადი პინიატა ორგანულად შეერწყა ადგილობრივ კულტურას და მექსიკური კოლორიტის განოყოფელ ნაწილად გადაიქცა. ორიგინალური ჩანაფიქრით, ტრადიციული პინიატას შვიდი ქიმი სიმბოლურად შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას გამოსახავდა, ხოლო მისი მხიარული ფერები – ცდუნებას. დღევანდელ დღეს, პინიატას გარეშე მექსიკელებს გართობა ვერ წარმოუდგენიათ, ბავშვების დაბადების დღეებში კი მასში ტენიან სხვადასხვა სახის ტკბილეულობას და შემდეგ კანფეტების შხაპს აწყობენ.

იმედს ვიტოვებ, რომ როგორც შორეულ 1986 წელს მარადონას თავზე კვლავ აკიაფდება პინიატა და ამიერიდან არგენტინელთა მაისურს კიდევ ერთი ვარსკვლავი  დაამშვენებს.

საფეხბურთო კითხვა №4

თქვენს წინაშეა ერთ–ერთი ევროპული ქალაქის გეგმა. ქალაქის გამუქებული ნაწილის სახელწოდება ემთხვევა 1964 წელს დაბადებული ევროპის ჩემპიონი ფეხბურთელის ერთ–ერთ მეტსახელს.  დაასახელეთ ეს ფეხბურთელი.

პასუხი: მარკო ვან ბასტენი

კომენტარი: ქალაქია ვენეცია თავისი არხებით და კუნძულებით, გამუქებული ნაწილი _ ცნობილი სან–მარკო. მარკო ვან ბასტენი კი 1988 წელს ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი.

კალამ(დე)ბური საფეხბურთო ენაზე

კალამბური საფეხბურთო ენის თანმდევი ატრიბუტია. როგორც წესი, თავისებური ეშხი აქვს სათაურად გამოტანილ კარგად ჩაქსოვილ კალამბურს (ალბათ უფრო მართებული იქნება ქართული სიტყვა “ზმა” გამოვიყენო, თუმცა მე ჯიუტად მაინც ფრანგულ “კალამბურს” მივანიჭებ უპირატესობას).

ინგლისური ტაბლოიდები ლამის ჩასაფრებულები არიან საკუთარი ნაკრების წარუმატებლობას, რათა rooney-rooin სიტყვათა თამაში  კვლავაც ერთხელ გაამეორონ. ასე იყო 2006 წელს მუნდიალზე ოცნებების დასამარების შემდეგ, ინარიტუს მიერ გადაღებულ ნაიკის რეკლამაში და სავარაუდოდ ამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატებენ და ბოლომდე უერთგულებენ.

ტიერის ანრის სახელი კალამბურების მოყვარულთა მუდმივი შთაგონების წყაროა.  ჯერ კიდევ არსენალში თამაშისას, მისი და ტომას როსიცკის შთამბეჭდავი დუეტის აღწერა “სანმა” ჰანა–ბარბერას სტილში გადაწყვიტა.

ორიოდ დღის წინ, საფრანგეთის თამაშის შემყურეს და კალამბურებში გართულ-ჩართულს უნებურად გონებაში ამოტივტივდა მამლების ჩაუქობის აღმწერი სიტყვა: Thierryble. სოციალურ ქსელში კი ერთმა მეგობარმა მიაწერა, რომ ინგლისელთა ფიასკოს შემთხვევაში სიტყვა გარდაიქმნებოდა ამგვარად: Terryble.

მიმდინარე ჩემპიონატზე გერმანელთა მიერ ავსტრალიელთა კისრისტეხა ერთ–ერთმა საიტმა ერთბაშად სამ კალამბურიანი სათაურით შეაფასა: Not Even Klose: Socceroos Are Muellered By The Wizard of Ozil. არგენტინა–საბერძნეთისას ალბათ ბევრის ყურადღება მიიქცია ტრაფარეტმა მახვილგონივრული წარწერით: Don’t Messi with the Greeks. მცირე ხნის წინ თვით რიოელ მეძავთა სოლიდურმა გაერთიანება დასპუ–მ (das putas) 69–ნომრიანი მაისურები გამოუშვა წარწერით: “შეაგდე, სელესაო”.

პოსტს კი დავასრულებ გლაზგოური Daily Record–ის სტატიის სათაურით, რომელიც ჩვენს შოთა არველაძეს ეძღვნება:  HOT SHOTA. ეჭვგარეშეა, აქ ჟურნალისტმა კალამბური გამოიყენა ტერმინ HOT SHOT–ზე, იმავე “ცხელ თავზე”. საოცარია, მაგრამ პირდაპირი ქართული თარგმანი არანაკლებ სიტყვათა თამაშს შეიცავს: “ცხელი შოთი”.

ესეც ორენოვანი ქართულ–ინგლისური კალამბური, ორმაგად უფრო სახალისო.

საფეხბურთო კითხვა №3

თქვენს წინაშეა ამერიკელი ფეხბურთელი კლაუდიო რეინა. დაასახელეთ 1941 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად ადარებდნენ რეინას.

პასუხი: კაპიტანი ამერიკა

კომენტარი: სურათზე კლაუდიო რეინა გამოსახულია კაპიტნის სამკლავურით. 1941 წელს პირველად გამოჩნდა კომიქსების ცნობილი პერსონაჟი კაპიტანი ამერიკა.

საფეხბურთო კითხვა №2

გადმოცემით, 1906 წელს ბოკა ხუნიორსის რამდენიმე არგენტინელი მოთამაშე ლა ბოკას პორტში გარკვეული მიზეზით ელოდებოდა გემს, რომელიც აღმოჩნდა “დროტნინგ სოფია”. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშიც იყო აღნიშნული გემი.

პასუხი: შვედეთი

კომენტარი: 1906 წლამდე ბოკა ხუნიორსი თეთრ–შავ ფერებში იმოსებოდა. ერთ–ერთ მატჩისას კი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ანალოგიურ ფერებში აღმოჩნდნენ. გადმოცემით, ბოკას ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს  მშობლიურ პორტში დალოდებოდნენ პირველ გემს და ამის მიხედვით შეერჩიათ ახალი ფერები.

საფეხბურთო კითხვა №1

თქვენს წინაშეა იაპონური ანიმეს პერსონაჟი კუმკუმი. დაასახელეთ 1988 წელს დაბადებული ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში პერსონაჟს გარეგნულად ამსგავსებდნენ.

პასუხი: სერხიო “კუნ” აგუერო

კომენტარი: პერსონაჟ კუმკუმის სახელიდან მომდინარეობს აგუეროს მეტსახელი “კუნი”.

ფილოსოფიური ფეხბურთი

თითქმის ერთთვიან საფეხბურთო მარხვას არ დავარღვევ და სამარხვო პოსტს შემოგთავაზებთ – ფეხბურთზე.

კომედიის “ბიტლებს” – ლეგენდარულ ჯგუფ “მონტი პაიტონს” უამრავთაგან ერთი სკეტჩი აქვთ მიძღვნილი ფეხბურთისადმი, რომელშიც დავიწყებული საფეხბურთო მატჩის სამწუთიან რეპორტაჟს გადმოგვცემენ. პაიტონების მიხედვით, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიაშტადიონზე გაიმართა მეტად პრინციპული შეხვედრა გერმანიასა და საბერძნეთს შორის. გთავაზობთ ორივე გუნდის შემადგენლობას:

გერმანია:  1 ლაიბნიცი, 2 კანტი, 3 გეორგ “ნობი” ჰეგელი (კაპ.), 4 შოპენჰაუერი, 5 შელინგი, 6 ბეკენბაუერი, 7 იასპერსი, 8 შლეგელი, 9 ვიტგენშტეინი (მარქსი, 88′), 10 ნიცშე, 11 ჰეიდეგერი მწვრთნელი: მარტინ ლუთერი

საბერძნეთი: 1 პლატონი, 2 ეპიქტეტე, 3 არისტოტელე, 4 სოფოკლე “მჩეხავი”, 5 ემპედოკლე, 6 პლოტინი, 7 ეპიკურე, 8 ჰერაკლიტე,  9 დემოკრიტე, 10 სოკრატე (კაპ.), 11 არქიმედე

მსაჯი: კონფუცი, ლაინსმენები: ნეტარი ავგუსტინე და თომა აქვინელი

როგორც კომენტატორი ამბობს, მოულოდნელობაა ფრანც ბეკენბაუერის (ერთადერთი ნამდვილი მოთამაშის) გამოჩენა საწყის თერთმეტეულში, რომელმაც წინა შეხვედრაში ინგლისური ნახევარდაცვის ტრიო – ლოკი, ბენტამი, ჰობსი – დაჯაბნა. მატჩის ერთადერთი გოლი 89–ე წუთზე გავიდა, როდესაც არქიმედემ წამოიძახა “ევრიკა”, საკუთარი გუნდის იერიში დაიწყო და სოკრატეს ზუსტი თავური პასი მიაწოდა.

გერმანელმა მხარემ ტრადიციულად გააპროტესტა გოლი. ჰეგელი ამტკიცებდა, რომ “რეალობა მხოლოდ აპრიორი გამოსახულებაა არანატურალური ბუნების”. კანტი გამოდიოდა კატეგორიული იმპერატივით, რომ მატჩს ონტოლოგიური დატვირთვა აქვს მხოლოდ წარმოსახვაში. მარქსი კი ამბობდა, რომ უბრალოდ იყო თამაშგარე (და მართებულადაც მიუთითებდა).

თავად შეაფასეთ სკეტჩი, რომელშიც მხოლოდ სათადარიგო კარლ მარქსის გახურების ნახვა ერთ რამედ ღირს. სახიფათო მომენტების რაოდენობით კი მიმდინარე ჩემპიონატის ბევრ თამაშს აღემატება.

პ.ს.

მართალია საბერძნეთს არა, მაგრამ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 82 და 86 წლების მუნდიალზე მართლაც კაპიტნობდა ფილოსოფიის დოქტორი, გვარად სოკრატე(სი).



როგორ ხვდებოდნენ მეორედ მოსვლას

შესაძლოა შეგხვედრიათ სტატიები სათაურით თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს, შობას, აღდგომას და ასე შემდეგ. ალბათ, ქრისტეს ამაღლებისთანავე მოციქულებმა ჩაილაპარაკეს მომავალი საშინელი სამსჯავროს შესახებ და მის შემდეგ მასზე ფიქრი აღარ ასვენებს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელ მორწმუნეებს. ადამიანები უკვე იმდენჯერ ელოდნენ მეორედ მოსვლას და იმდენჯერ გაუცრუვდათ იმედები, რომ ყველაზე წინდახედულებს გარკვეული ტრადიციები ჩამოუყალიბდათ. გთავაზობთ, ჩემს ფავორიტ განსხვავებულ ორ ისტორიას, თუ როგორ ხვდებოდნენ მეორედ მოსვლას.

ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე მოსახლე ჰმონგის ხალხის შესახებ კლინტ ისტვუდის ფილმ “გრან ტორინოდან” შევიტყვე, სადაც მობერებული ბინძური ჰარის გარდა თითქმის სრული სამსახიობო შემადგენლობა ამ ეროვნებას განეკუთვნება. ჰმონგის ხალხის რიცხოვნება 4-5 მილიონს შორის მერყეობს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არიან მიმობნეულნი. ისინი ძირითადად ანიმისტები არიან, სწამთ რა სულების და სულიერების არსებობის, თუმცა არსებობენ ქრისტიანებიც. სწორედ ეს ნაწილი ვიეტნამის ომის ყველაზე დრამატულ ფაზაში ელოდა იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას, რომელიც გამოჩნდებოდა თავისი ბრწყინვალე სამხედრო ჯიპით ხაკისფერ კამუფლაჟში და მუქ სათვალეებში გამოწყობილი. იგი გადაარჩენდა ჰმონგის ხალხს და სამუდამოდ წაიყვანდა აღქთმული მიწისკენ. იან ჰუსი რომ მოსწრებოდა ამ წმინდა გულუბრყვილებას, ალბათ ხელმეორედ წამოიძახებდა: O sancta simplicitas!

ფეხბურთის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი იქნება არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი გოლკიპერის კარლოს როას სახელი და გვარი. 1998 წლის 30 ივნისს იგი მრავალი ადამიანისთვის კერპი იყო (მათ შორის, ჩემთვისაც), როდესაც მერვედფინალში ინგლისთან პენალტების სერიაში პოლ ინსისა და დევიდ ბეტის დარტყმულები მოიგერია და თავისი ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა. შემდეგ წელს, მან “მალიორკას” ფორმით საუცხოო სეზონი ითამაშა და მეკარეთათვის პრესტიჟულ ზამორას თასს დაეუფლა. ჟურნალისტები თავს იმტვრევდნენ, თუ რომელ საფეხბურთო გრანდთან მოაწერდა კონტრაქტს კიპერი _ მანჩესტერთან, არსენალთან თუ ჩელსისთან. კარლოს როა მანამდეც ცნობილი იყო თავისი ექსცენტრიულობით, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ მრავლისმნახველი საფეხბურთო სამყაროც კი გააოცა. მეუღლესთან ხანგრძლივი თათბირის შემდეგ როამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაშის დრო არ იყო, რადგან 2000 წლის დადგომასთან ერთად ახლოვდებოდა აპოკალიფსი, ამიტომ ბრიტანული მეგაპოლისების ნაცვლად ნიუ-მექსიკოს შტატის მიყრუებულ სოფელს არჩევდა სრული განმარტოებისთვის. ამგვარად წავიდა კარლოს როა და დააობლა არგენტინის ნაკრების კარი, რომელსაც მის შემდეგ ღირსეული შემცვლელი დღემდე არც ჰყოლია. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მეკარე შეცდა მინიმუმ წელთან დაკავშირებით. ამას თავადაც მიხვდა და “მალიორკაში” დაბრუნება განიზრახა ერთი პირობით … თუ წმინდა შაბათს გაათავისუფლებდნენ, რათა საკადრისი პატივი მიეგო უზენაესისთვის. სამწუხაროდ, კარლოს როას “აპოკალიფსის” შემდეგ აღარ უთამაშია დიდი ფეხბურთი.

P.S. ჭეშმარიტად, “ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე.”

მხოლოდ ფოტო

მადლიერი ინგლისელი საფეხბურთო გულშემატკივრები ტოფიკ ბაჰრამოვის შვილთან.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.