პოსტერი და ტილო

ფილმისთვის პოსტერი ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოსტერის შემქმნელის შთაგონების წყაროდ კლასიკური ტილო ყოფილა. გთავაზობთ სამ მათგანს.

‘კივილი’, ედვარდ მუნკი, 1893-1910

‘მარტო სახლში’, კრის კოლამბუსი, 1990

‘წმინდა იოანეს ქრისტე ჯვარზე’, სალვადორ დალი, 1951

‘სუპერმენის დაბრუნება’, ბრაიან სინგერი, 2006

‘ადამის შექმნა’, მიქელანჯელო, სიქსტინის კაპელა, დეტალი, დაახ. 1511

‘უცხოპლანეტელი’, სტივენ სპილბერგი, 1982

დაუვიწყარი მოგზაურობა ბელგია–ჰოლანდიაში წინ და უკან, II

(ნაწილი მეორე)

17 ოქტომბერი, საღამოს ექვსი საათი, ბრიუსელი, გრან–პლასი. უკვე გემო გავუსინჯე აქაურ ვაფლს შოკოლადში ამოვლებული მარწყვებით, ერთი ამოსუნთქით გამოვცალე ბერების შექმნილი თაფლისფერი ლუდი შიმე, ჩავიხედე რემბრანდტის თვალებში, დიდხანს ვუკირკიტე ბოსხის და ბრეიგელის ტილოებს, იმდენად დიდხანს, რომ იქვე დალის „წმ. ანტონის ცდუნების“ არსებობა მიმავიწყდა, სუნთქვა შემეკვრა წმ. მიშელის და გუდულას კათედრალის ხილვისას, თავბრუ დამეხვა გრან–პლასზე მოხვედრისას. ბრიუსელი ორენოვანი ქალაქია, ყველაფერს ორნაირი სახელი აქვს, გრან–პლასიც ზოგისთვის გროტე მარკეტია. იქნებ ამიტომაც გაორებული გრძნობა მეუფლება. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, ნამდვილად ეს მინდოდა კი ამ მოგზაურობისგან თუ არა, შემემატა რამე, გავიზარდე ცოტათი მაინც? კი, მაგრამ სად არის ნამდვილი თავგადასავალი, რომლის მოლოდინშიც მთელი ამდენი ხანი გავატარე? სურვილი არ მიჩნდება ფოტოზე გადავიტანო ნანახი ბრიუსელი. რისთვის უნდა გადავიღო, მე ხომ ვიცი, სადაც ვარ, სხვებს დავუმტკიცო? იქვე მივხვდი, რომ ფოტოებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებდი, არამედ ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, თუნდაც უბრალოდ ნაცნობებისთვის, ისინი ყველა ერთად ჩემს მიკრო–სამყაროს შეადგენენ. მათ არ იციან სად ვარ, როგორ ვარ და ეს გადაღებული ფოტოები ერთადერთი პასუხი იქნება ამგვარ კითხვებზე. გრან–პლასზე მივხვდი, რომ ჩალის ფასი აქვს მარტო ამ ყველაფრის ხილვას, სიტყვა „მარტო“ ალბათ ყველაზე ნაკლებად გულისხმობს ფიზიკურ მარტოობას, შეიძლება აუარება ხალხი და თანამგზავრი გახლდეს თან, მაგრამ მაინც სრულიად მარტოდ გრძნობდე თავს. საკუთარ თავს აღთქმა დავუდე, რომ ამიერიდან მარტო აღარ გამოვცდიდი „ამ სოფლის სიტკბოების ფიალს“, ამის გამო გავაუქმე დაგეგმილი ვოიაჟი მილანი–ფლორენციაში და ჯერ კიდევ ვფიქრობ თუ მე რად (მესად?) მიღირს პარიზში ჩასვლა. ეს იყო პრელუდია, ნამდვილი თავგადასავალი იქვე იცდიდა, მეზობელ სახელმწიფოში. შემდეგი დღის გათენებას ელოდებოდა ამსტერდამში, სადაც ჩემი გეგმით, რომელიც ჯერ კიდევ შვეიცარიული საათივით გამართულად მუშაობდა, მხოლოდ შემდეგ შუადღემდე, 14:30–მდე მიწევდა დარჩენა.

ის ღამე ამსტერდამში მცხოვრებ ქართულ ოჯახში გავატარე, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ მათ. აქვე, რომ არ დამავიწყდეს ხუთ რეცეპტს შევთავაზებ ბელგია–ჰოლანდიაში მოგზაურობის მსურველთათვის: 1) დედაქალაქებში წინასწარ იზრუნეთ ღამის გასათევზე, განსაკუთრებით პარასკევსა და შაბათს; 2) ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იყიდით შოკოლადს ან სუვენირებს შიგ ბრიუსელის ცენტრში. ცოტათი თუ გასცდებით ცენტრს, ნებისმიერ სუპერმარკეტში წააწყდებით ყველაფერს გაცილებით ნაკლებ ფასად; 3) აუცილებლად მოელაპარაკეთ ტაქსისტს სავარაუდო თანხაზე, განსაკუთრებით თუ მას აღმოსავლური იერი დაჰკრავს და ეშმაკური თვალებით შემოგცქერით; 4) თუ აპირებთ, დილიდანვე დაგეგმეთ ვიზიტი ცნობილ მუზეუმში, რადგან ყველას სურს იქ მოხვედრა და მოგვიანებით შეიძლება დიდხანს რიგში დგომაც მოგიწიოთ; 5) არასოდეს იყიდოთ მაისური წარწერით I ♥ Amsterdam ან I ♥ Brussels. ეს უკანასკნელი რეცეპტი ისე, უბრალოდ მე ვერ ვიტან ასეთ მაისურებს. დიდი ხანია მაწუხებს იდეა, დავამზადებინო წარწერით I ♥ Mogadishu. მაინც არავინ იქნება ნამყოფი იქ, ხოლო სომალელები თავად ძალიან დაკავებულები არიან მეკობრეობით და ნარკოტრაფიკით, ტურისტების მოწველაზე რომ იფიქრონ.

მეორე დღეს ძალიან ადრე გავიღვიძე, ბოლოს და ბოლოს ამსტერდამში ძილისთვის არ ვიყავი ჩასული. ავტობუსიდან ჩამოვხტი პირდაპირ დამის მოედანზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში,  ხელი არ წავიღე რუკისკენ და შევუყევი ხეტიალს. ვიცოდი, რომ ამ ნაწილში არ დავიკარგებოდი, ყველაფერი ისედაც ხელის გაწვდენაზე იყო. შეიძლება ითქვას, რომ დილის და ღამის ამსტერდამი ორი განსხვავებული ქალაქია. სხვა თუ არაფერი, დილით სხვა სურნელი ტრიალებს, ღამით – სხვა. ასეთმა ამსტერდამმა 1871 წელს მოაჯადოვა კლოდ მონე, რომელიც ამ დროს საფრანგეთში დაბრუნებამდე იქვე პატარა ზაანდამში ცხოვრობდა და ოქტომბერში (ახლა დავაკვირდი, მეც ოქტომბერში მომიწია ამსტერდამი) ეწვია ქალაქს.  თვალისმომჭრელია დილის ამსტერდამი, უსასრულო ხიდებით, არხებით, შენობების შთამბეჭდავი ფასადებით, რამდენიმე საუკუნის წინ სხვადასხვა გილდიის წევრები თუ სავაჭრო კომპანიების თანამშრომლები რომ ირეოდნენ. მაშინ რემბრანდტი ცხოვრობდა აქ, იოდენბრეესტრაატზე, სანამ მატერიალურად ულხინდა და დაუღალავად აცოცხლებდა მაშინდელ ამსტერდამელებს. საოცარია, რემბრანდტის დროინდელ ამსტერდამში მოქალაქეების პრესტიჟული გასართობი ქირურგ ნიკოლას ტულპის ანატომიური გაკვეთილები იყო, როდესაც იგი გვამის აუტოფსიის დეტალებით ასე ანცვიფრებდა მუდმივად სავსე აუდიტორიას. დღეს კი ბავშვიც კი გიპასუხებთ, თუ რასთან არის დაკავშირებული გართობა ამსტერდამში.

მცირე ხნის შემდეგ რუკა მოვიშველიე და მუზეუმების უბნისკენ გავეშურე. ჩემს სტუმრობას ამსტერდამში დაემთხვა ყოველწლიური მარათონი, რომელიც რეიკსმუზეუმს, როგორც ქალაქის ერთ–ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას, წრეს ურტყამდა. სხვა გზა არ იყო, სადღაცას უნდა გამერღვია მარათონელთა რბენა. მარათონელების ერთობლიობა ბიზონთა ჯოგივითაა, მათ ტემპი აქვთ აკრეფილი და ამიტომ ავტომობილივით გზას ვერ დაგითმობენ. დაველოდე შესაფერის მომენტს, გადავჭერი ბილიკი, თითქოს გვერდი ავუქციე ყველა მორბენალს, რომ მოულოდნელად სულ ბოლო რიგში საიდანღაც გამოვარდა კიდევ ერთი მარათონელი. ორივე მსუბუქად გადავრჩით, მხრებით შევეჯახეთ ერთმანეთს, საბოლოოდ მე დაუზიანებლად მუზეუმის შესასვლელის წინ ავღმოჩნდი, ის კი ბარბაცით განაგრძობდა რბენას და ალბათ არცთუ კეთილ სიტყვებს გაიძახოდა. ვშიშობ, ჩემი ეს გადაკვეთა წყალში ჩაყრილ დიდი ხნის მზადებად და საჩემპიონო ამბიციად დაუჯდა.

უკვე აღვნიშნე, რომ რეიკსმუზეუმში რემბრანდტის „ღამის გუშაგის“ სანახავად შევდიოდი. აქვე ვიხილე ჰოლანდიელი ოსტატების ფრანს ჰალსის, იან ვან გოიენის, ხერარდ ტერბორხის, ჰენდრიკ ავერკამპის, პიტერ კლასის, ალბერტ კეიპის, იაკობ რეისდალის ფერწერული ნამუშევრები. სწორედ მათ სიტყვიერ აღწერილობას ვეცნობოდი წინა ღამით აეროპორტში. თუმცა ის, რამაც ყველაზე მეტად მომნუსხა „თვინიერ ყოვლისა ცილობისა“ იყო იან ვერმეერი და მისი „მერძევე ქალი“. ვერმეერის ტილოსთან მივხვდი, რომ სასაცილო იყო ჩემი ყველანაირი გეგმა, რადგან მხოლოდ ამ სურათს შეეძლო ერთი ხელის მოსმით მთლიანად გადაეწყვიტა ყოველნაირი გრაფიკი. ვერმეერს აქამდეც ვაფასებდი, თუმცა მის წინ უყოყმანოდ ვაყენებდი რემბრანდტსა და რუბენსს, ამ მოგზაურობამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა. რუბენსის და ვერმეერის შემოქმედება, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. მეტად უმეცარი ვარ, რომ მათი მხატვრობა ერთმანეთს დავუტოლო, ამიტომ ვცდი და ამ ორი პიროვნების ცხოვრებას შევადარებ.

ვერმეერი პროტესტანტულ და დამოუკიდებლობისთვის სისხლისგან დაცლილ ჰოლანდიაში ცხოვრობდა, სადაც ერთადერთი ალბათ გმირების ნაკლებობა არ იგრძნობოდა. აქ დიდი ხანია ადრინდელად აღარ ხატავდნენ საკურთხევლებს და მტკიცედ ჩაბეჭდილი ჰქონდათ ლუთერის და კალვინის შეგონება, რომ სამზარეულოშიც კი შეიძლებოდა ღვთის სამსახური. რუბენსი ანტვერპენელი იყო, ჭეშმარიტი ფლანდრიელი, მისი სამშობლოც ჰოლანდიასთან ერთად გათავისუფლდა, თუმცა მცირე ხანში ალესანდრო ფარნეზეს მხედრობამ ანტვერპენი აიღო და კათოლიკური რეგიონი დიდი ხნით დაუბრუნა ჰაბსბურგთა უღელს. როდესაც ცხოვრება ფლანდრიაში ნელ–ნელა უფერულდებოდა, ხოლო ანტვერპენი დაცემას იწყებდა, სწორედ მაშინ არსაიდან გამოჩნდა პიტერ პაუელ რუბენსი. მან ახალ სიცოცხლეს შთაბერა სული თავის მხარეში, არა რომელიმე მხედარმთავარი, არა პოლიტიკოსი, არამედ რუბენსი სიცოცხლეშივე გახდა ნამდვილი გმირი მშობლიური კუთხის. როგორც ერთმა ფრანგმა ლიტერატორმა შენიშნა, მხოლოდ რუბენსის არსებობა იყო პატივი კაცობრიობისთვის. ვერმეერი 8 წლის იყო, როდესაც 1640 წელს რუბენსი გარდაიცვალა, ეჭვგარეშეა იგი ხშირად მოისმენდა გენიალური ანტვერპენელის სახელს. ვერმეერი დელფტელი იყო და სავარაუდოდ არასოდეს დაუტოვებია თავისი ქალაქი, მას აქ ჰქონდა ავტორიტეტი და არ ეძიებდა სხვაგან დიდებას. რუბენსი კი ახალგაზრდობაში 8 წელი ცხოვრობდა იტალიაში, ეწაფებოდა რენესანსის ტიტანების შემოქმედებას, გამუდმებით იხატავდა მათ ნამუშევრებს, ჰქმნიდა ესკიზებს. შემდეგ გახდა გამოცდილი დიპლომატი, სამსახური მოუწია ლონდონში, პარიზში, მადრიდში. დახვეწილი მანერების პატრონი ლექსებსაც სწერდა ლათინურ ენაზე.  დეტალებშია ცნობილი რუბენსის მთელი ცხოვრება, მისი ყოველი ნაბიჯი, ვერმეერის ბიოგრაფია კი იდუმალებითაა მოცული. ჩვენ არ ვიცით „დელფტელი სფინქსის“ არცერთი გამოთქმა, როგორ ცხოვრობდა ყოველდღიურად, მას მხოლოდ სამი ტილო თუ აქვს დათარიღებული. რუბენსი გამუდმებით ხატავდა ავტოპორტრეტებს, ვიცით როგორ გამოიყურებოდა იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში, სააღლუმო თუ ყოველდღიურ სამოსში. არცერთი ავტოპორტრეტი არ შეუქმნია ვერმეერს, უცნობია მისი სახე, ერთადერთი მხოლოდ „მხატვრის სახელოსნოში“ გამოსახა საკუთარი თავი, ისიც ზურგით. მოგვიანებით სალვადორ დალიმ, რომელიც აღმერთებდა მას, ამ სურათის მიხედვით შექმნა თავისი ცნობილი „ვერმეერის მოჩვენება, რომელიც მაგიდად გამოდგება“. რუბენსს ჰყავდა უამრავი მოწაფე, კიდევ უფრო მეტი მიმბაძველი, ვერმეერს არ ჰყოლია არცერთი მოწაფე, მას დელფტშიც არ დაუტოვებია რაიმე კვალი. რუბენსმა შექმნა 3200–ზე მეტი ნამუშევარი, ვერმეერის ყალმით შესრულებული კი მხოლოდ 35 ტილო არსებობს. რუბენსი ქმნიდა ბიბლიურ, ისტორიულ, მითოლოგიურ სურათებს, ალეგორიებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს, ფლანდრიელ გლეხთა ყოფისა და ფანტასტიკური ნადირობის სცენებს, მონუმენტურ დეკორაციებს, კარტონებს შპალერისთვის. ვერმეერი ხატავდა უბრალო ადამიანებს საკუთარი სახლის ინტერიერის ფონზე და დელფტის ხედს საკუთარი სახლიდან. ვერმეერის თაყვანისმცემლებმა ზედმიწევნით იციან მისი სახლის ერთი მობათქაშებული კუთხე, მარცხნივ ჩაყოლებული ფანჯრითა და ჭადრაკის დაფის მაგვარი იატაკით. ვერმეერის რამდენიმე პეიზაჟი თითქოს ამ ფანჯრიდანაა დახატული, ვერმეერმა უბრალოდ გაიხედა და რაც თვალის ჭრილში მოხვდა, ის დაგვიტოვა. რუბენსი ხატავდა გრანდიოზულ პანოებს, ვერმეერი კი მცირე ზომის სურათებს. მისი შედევრის, ჩრდილოეთის მონა ლიზად წოდებული „გოგონა მარგალიტის საყურით“ ზომები მხოლოდ 44 X 39 სანტიმეტრია. რუბენსს მუდამ აწუხებდა დამკვეთების სიუხვე, მხოლოდ 24 პანო მიუძღვნა მარია მედიჩის ცხოვრებას და ეს პატივმოყვარე ქალი, რომელსაც ალბათ ქმრის დიდი ანრი IV ნავარელის მკვლელობაში ჰქონდა ხელები გასვრილი, ლამის ქალღმერთად გამოიყვანა.  ვერმეერი თითქმის არასოდეს ჰყიდდა ნამუშევრებს, მხოლოდ ორიოდე თუ ექნებოდა სხვას შეძენილი. ალბათ არცერთი მხატვარი ცხოვრობდა ისე მდიდრულად, როგორც რუბენსი, მას მშობლიურ ანტვერპენში, ვაპერის მოედანზე, სახლ–სასახლეში მთელი აკადემია ჰქონდა მოწყობილი. ფლანდრიაში ალბათ მხოლოდ მმართველი, ინფანტა იზაბელა თუ ცხოვრობდა უფრო მდიდრულად მასზე. 1672 წელს ჰოლანდიელები რამპიაარს ანუ წელ–კატასტროფად მოიხსენიებენ, ამ დროს ლუი XIV მოულოდნელად შემოესია რესპუბლიკას, ამას თან დაერთო ზღვაზე რიგით მესამე ანგლო–ჰოლანდიური ომი. მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ვერმეერმა დაკარგა მთელი თავისი ქონება, მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და აღარ ეფიქრებოდა ხატვაზე. სამი წლის შემდეგ იგი გაგიჟდა და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვალებში ჩაფლული დატოვა რა ცოლი და 11 მცირეწლოვანი შვილი. რუბენსმა 63 წელს მიაღწია, ცხოვრებაში გაღმერთებულს, უკანასკნელ წამებამდე ხელიდან არ გაუშვია ყალამი, მისი ცნობილი შედევრი „ქურქი“ სიკვდილამდე მხოლოდ წელიწად–ნახევრამდეა შესრულებული. იან ვერმეერი სიკვდილის შემდეგ დაივიწყეს და მხოლოდ XIX საუკუნეში ფრანგმა კრიტიკოსებმა შემთხვევით აღმოაჩინეს და გააცნეს მსოფლიოს.

მუზეუმიდან გამოსულმა უკვე ვიცოდი, რომ ნახევარ დღეს ვეღარ ვაკადრებდი ამსტერდამს. ის კი არ ვიცოდი, რომ ჯერ გამოვლილი მქონდა მოგზაურობის „რემბრანდტის“ მონაკვეთი, ვიყავი ყველაზე ტკბილ „ვერმეერის“ მონაკვეთის შუაწელზე და წინ მელოდა ყველაზე ბნელი ღამე, სახელად „ბოსხი“.

რომაული სპილოები

1665 წელს რომის ერთადერთი გოთიკური ტაძრის სანტა–მარია სოპრა მინერვას მონასტრის ბაღში აღმოაჩინეს ძველეგვიპტური ობელისკი. პაპ ალექსანდრე VII–ს ბევრი არც უფიქრია, თუ ვისთვის მიენდო ახალაღმოჩენილი რელიკვიის ბედი. მიზეზი მარტივია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაშინ საკუთარი დიდებით ტკბებოდა დიდი იტალიელი არქიტექტორი და სკულპტორი ჯანლორენცო ბერნინი. რომის ყოველი ახალი პაპი თავს უბედნიერეს ადამიანად რაცხავდა, რომ მას ბერნინის სიცოცხლეში უწევდა პონტიფიკობა და მეზღვაურის ბეჭდის ტარება.

რომის მაშინდელ მკვიდრებს გადმოცემებით თუ ახსოვდათ 1514 წელს პორტუგალიის მეფის საჩუქარი რომის პაპისადმი – თოვლივით ქათქათა სპილო ჰანო, რომელიც ორ წელიწადში დაიღუპა და თვით რაფაელმა გამოსახა ფრესკაზე. სამაგიეროდ, არისტოკრატთა ლამის სამაგიდო წიგნად იყო ქცეული რომანი–ტრაქტატი “სასიყვარულო ბრძოლა პოლიფილის სიზმარში” იგივე “ჰიპნეროტომაქია”, XV საუკუნის იტალიური ეზოთერიკული ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუში. ბერნინი ყოველთვის მონუსხული აკვირდებოდა უცნაური ცხოველის გამოსახულებას, ახლა კი მას საშუალება ეძლეოდა ქვაში გაეცოცხლებინა გასაოცარი გრავიურა.

მაესტრო ლორენცოს არასდროს ენახა ცოცხალი სპილო. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ სპილოს თითები არასწორად აქვს გამოკვეთილი, ხოლო კუდი მეტად მსხვილია. ბერნინიმ ძეგლი თავისი შეურიგებელი მტრის, რეტროგრადი ბერის დომენიკო პალიას სახლთან აღამართინა იმგვარად, რომ პატივცემულ პადრეს ფანჯრის გაღებისთანავე სპილოს უზარმაზარი უკანალი მოხვედროდა თვალთ.

1944 წელს გენიალურმა სალვადორ დალიმ შექმნა ცნობილი ტილო “სიზმარი, გამოწვეული ფუტკრის ფრენით ბროწეულის გარშემო გამოღვიძებამდე ერთი წამით ადრე”, რომელშიც გამოსახა რომაული არდადეგების შთაბეჭდილება.  ორი წლის შემდეგ დალიმ გაიმეორა სიზმარი “წმინდა ანტონის ცდუნებაში” და ბერნინის სპილოების თავისი უნიკალური, დალესკური გამოსახულება სამუდამოდ დაგვიტოვა.

სალვადორ დალი,  “სიზმარი, გამოწვეული ფუტკრის ფრენით ბროწეულის გარშემო გამოღვიძებამდე ერთი წამით ადრე” (1944)

სალვადორ დალი,  “წმ. ანტონის ცდუნება” (1946)

დალის ჰალუცინაცია

დიდი სალვადორ დალის ამ ტილოს ეწოდება “ჰალუცინოგენური ტორეადორი”. სურათზე გამოირჩევა  ნეგატივში ასახული რამდენიმე ვენერა მილოსელი.  ყოველგვარი გასაღების გარეშე, რიგით ობივატელს (მაგალითად, ჩემნაირს) გაუჭირდება სურათზე ტორეადორის სახის ამოცნობა. უფრო მეტსაც გეტყვით, ტილოზე სახის გარდა ტორეადორის ჰალსტუხიც კი არის გამოსახული!

დალი თავისი უნიკალური ვიზუალური ენით გადმოგვცემს მწველ სიყვარულს კორიდისადმი, რაც აგრერიგად ეჯავრებოდა გალას. მარცხენა ზედა კუთხეში ამ უკანასკნელის სახის მკაცრი გამომეტყველებაც თითქოს  სიძულვილს გვიდასტურებს. ტილოზე ადვილი შესამჩნევია ესპანეთის დროშის ფერების სიჭარბე. რაც შეეხება ტორეადორის სახეს, დაკვირვებით რომ შევხედოთ მეორე ვენერას მკერდს, შეიძლება გამოვარჩიოთ ადამიანის ცხვირი, მუცელსა და ჭიპში კი _ პირი და ნიკაპი. ამის შემდეგ, შესაძლებელია ტორეადორის (სავარაუდოდ ლეგენდარული მანოლეტეს)  თვალის ვენერას სახეში დანახვა. თეთრი ფენა ტორეროს პერანგია, მწვანე კი _ დიახ, ჰალსტუხი.

გლეხების ქორწილი გალებთან

1567–1568 წლებში ცნობილმა ფლანდრიელმა მხატვარმა პიტერ ბრეიგელ უფროსმა შეასრულა ცნობილი ტილო “გლეხთა   ქორწინება”. 1979 წელს კი ასტერიქსის ერთ–ერთმა შემოქმედმა ალბერტ უდერზომ სურათის თემაზე შექმნა კომიქსის სცენა. თქვენს წინაშეა ორივე მათგანი.

ჯეირანის თამაში სეზანის ტილოსთვის

ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი

ყველას გვითამაშია ქვა, მაკრატელი, ქაღალდი (ჩვენებურად ჯეირანი), მაგრამ არავის უთამაშია 20 მილიონ დოლარზე. ეს თანხა პირობითია, რეალურად 2005 წლის აპრილში გამართული ჯეირანის მოგებისას შეუფასებელი ქონების ბედი წყდებოდა.

ერთ-ერთი იაპონური ელექტრონული კომპანიის პრეზიდენტს ტაკაში ჰაშიამას ვერაფრით გადაეწყვიტა ვისთვის მიეცა გასაყიდად კორპორაციის საკუთრებაში მყოფი კოლექცია, რომელშიც სხვებთან ერთად სეზანის პეიზაჟს, პიკასოს ქუჩის სცენას და ვან გოგის მიერ დანახულ პარიზულ საცხოვრებელს აღმოაჩენდით. ჰაშიამა თანაბრად კმაყოფილი იყო ორი უმთავრესი აუქციონის სახლის, კრისტის და სოთბის, მიერ შემოთავაზებული პირობებით. დიდი ხნის ჭოჭმანის შემდეგ ჰაშიამას, ჭეშმარიტ იაპონელს, გაახსენდა გადაწყვეტილების მიღების უძველესი საშუალება, რომელიც ადრე ბევრჯერ დახმარებია: მაკრატელი ჭრის ქაღალდს, ქაღალდი აფარებს ქვას (ჩვენთან ჭას) და ქვასთან უძლურია მაკრატელი.

ჰაშიამამ სრული სერიოზულობით განუცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ აუქციონის სახლების წარმომადგენლებს და ისინიც არანაკლები სერიოზულობით მოეკიდნენ მის არჩევანს. იაპონიაში კრისტის პრეზიდენტმა ქალმა კანაე იშიბაშიმ უარი განაცხადა განეხილა ეს საკითხი კომპანიის თათბირზე, მაგრამ როგორც მისი მეგობრები ირწმუნებიან, მან ერთი კვირა შესწირა თამაშის ფსიქოლოგიის შესწავლას. პრეზიდენტი ჭკუას დაეკითხა ორ ექსპერტსთავისი მეგობრის 11 წლის ორ ტყუპ შვილს, რომლებსაც თითქმის ყოველდღიური შეხება ჰქონდათ ამ სფეროსთან. პატარა ფლორამ ურჩია პრეზიდენტს ყველამ იცის, რომ შენ დაიწყებ მაკრატელით, რადგან ქვა ძალიან აშკარაა, ხოლო მაკრატელი ჭრის ქაღალდს.” მისმა დამ ალისამ დაამატა, რომ თუ ორივე მხარემ მაკრატელი არჩია, მეორე სვლაზე გონივრულია მაკრატლის შენარჩუნება, რადგან მოწინააღმდეგე ქვას ელოდება.

განსხვავებული განწყობა იყო საპირისპირო ბანაკში. სოთბის წარმომადგენლებმა დისკუსიის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობის თამაში იყო და არცერთ სტრატეგიას აზრი არ ჰქონდა. დანიშნული დღის დადგომისას, კრისტის პრეზიდენტმა კანაე იშიბაშიმ ილოცა, იაპონური წესისამებრ მარილი გაფანტა იღბლისათვის და შეხვედრაზე ბედნიერების მომტანი მძივები თან წაიღო.

თამაში შედგა გამყიდველი კორპორაციის შენობაში, საგანგებოდ გამართულ დიდ მაგიდაზე. ორი აუქციონის სახლის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლნენ. თამაშის წინ მხარეებმა ხელი მოაწერეს ფორმალურ დოკუმენტებს და იაპონურად დაწერეს სიტყვებიქვა, მაკრატელი, ქაღალდი.

კრისტიმ მოიგო. გამართლდა ბავშვების ვარაუდი, მაკრატელმა გაჭრა ქაღალდი. კრისტის სახლს დიდი მოგება მოუტანა ტილოთა გაყიდვით შემოსულმა საკომისიომ, მხოლოდ სეზანის სურათი 12 მილიონ დოლარად გაიყიდა.

სააქციონე სახლები ნივთების თითოეულ გაყიდვას კოდურ სახელწოდებას არქმევენ. ამას კი ეწოდა ოპერაციამაკრატელი“.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.