ჯაზოლოგია

თამამად ვიტყვი, ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე, თუნდაც ჩამთვალონ ყველაზე დიდ სნობად – ჯაზი რომ არა, მე სხვაგვარი ადამიანი ვიქნებოდი. ერთ პოსტში ხუმრობით ვწერდი, რომ მრავალი ხნის წინ მცხოვრები ნიუ–ორლეანელი ტყისმჭრელის რისხვის ჯერაც მეშინია, რომელიც ყველას სიკვდილით ემუქრება, ვინც კი შუაღამეს ჯაზს არ მოუსმენს. სინამდვილეში, შუაღამით ჯაზის მოსმენა დღის საუკეთესო დასასრულია ალბათ, თითქოს სწორედ ამიტომაც დგება ღამის თორმეტი საათი. ვერცერთი ფოტო–ალბომი ვერ იტევს იმდენ მოგონებას, რამდენსაც გამორჩეული კომპოზიციების აკორდები. ბოლო ჩემი რამდენიმე წელი პაზლივით რომ დავშალო, თითოეულ ფრაგმენტს თავისი შესაბამისი კომპოზიცია მიესადაგება. ზოგიერთი ღვინოსავით ტკბილი, ნახევრად ტკბილი ან სულაც მშრალი. ჯაზი თუ უკვდავია, მაშინ მათ ვერავითარი ლეთას წყალით დავიწყება არ უწერიათ. შედეგი მაინც ყველგან ერთია, სადაც არ უნდა ვუსმენდე – თბილისური სახლის ჩემს კუთხეში, რიგის ღია კაფეში, სტოკჰოლმისკენ მიმავალი გემის ბარში, ბრიუსელის ქუჩებში (სადაც გამიმართლა და ოქტომბრის გაგანია ჯაზის სეზონში მოვხვდი), ტარტუს  ადგილობრივ რესტორან „ვილდეში“, სადაც პიანისტი უხეიროდ ცდილობს დიდი ბილ ევანსის მიბაძვას. შემდეგში დროის ეს მონაკვეთები დანარჩენ ფრაგმენტებს შეუერთდება, პაზლი კი უსასრულოდ ზრდას გააგრძელებს. ჩემთვის ჯაზი დროს არ აჩერებს, პირიქით აჩქარებს. ნამდვილი ნეტარება იქნებოდა, შემდეგი რამდენიმე თვე ერთ ასეთ გრძელ ღამედ რომ ქცეულიყო. ლორკასი არ იყოს, ეს არის ოცნება ნავივით მოტივტივე დროზე. თითოეულ ჯერზე უფრო ძნელია ჯაზის მოსმენის შეწყვეტა. აი ისე, ზოგჯერ დამშვიდობება რომ გიძნელდება ხოლმე ადამიანს. ეს ორი რამ ერთდროულიც ყოფილა ჩემთან.

როგორც ალესანდრო ბარიკო გაიძახოდა, რეგტაიმი ის მუსიკაა, ღმერთი რომ ცეკვავს, როდესაც არავინ ხედავს. თუ მან „დაბადა კაცი ხატად თვისსა“, მაშინ ეჭვიც არ მეპარება, როგორც მუსიკის პირველი დამფასებელი, ჩარლი პარკერს შორს რომ არ გაუშვებდა და თავისთან დაიტოვებდა. მერე რა, რომ ბერდი ყოვლად გამოუსწორებელი ნარკომანი იყო. ხულიო კორტასარი ხომ ამტკიცებდა, რომ სხვა არაფერი თუ არა ეს გულისამრევი სიმდაბლე და პიროვნული სიმშვენიერე მთლიანობაში ერთად წარმოქმნიდა იმ ენითაუწერელ ზეციურ ჰანგებს. თან ჭეშმარიტი ტენორ–საქსოფონისტის მეორე დიდი იპოსტასი ჯონ კოლტრეინიც გაუწევს სათანადო რეკომენდაციას ზეციურ კანცელარიაში, აფრო–ამერიკელთა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1971 წელს ტყუილად ხომ არ შერაცხა წმინდანად და შეიყვანა ნეტართა დასში.

სასტიკად ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ჯაზს შეიძლება მხოლოდ მოუსმინო. მაგალითად ჯეკ კერუაკი ცდილობდა იმგვარი სპონტანურობით ეწერა, როგორც ბიბოპის მამები დიზი გილესპი, ჩარლი პარკერი, ტელონიუს მონკი თავიანთ ინსტრუმენტებზე იმპროვიზირებდნენ. კერუაკს უამრავი ლექსიც წაუკითხავს მათი მუსიკის თანხლებით. „ჰარლემური რენესანსის“ პირველკაცმა ლენგსტონ ჰიუზმა მთელი შემოქმედება მიუძღვნა „ჯაზ–პოეზიას“ და ამით ახალ მიმდინარეობას დაუდო სათავე. ბორის ვიანს თავის ოცნებაში ვერნონ სალივანი ერქვა და ნიუ–ორლეანის ერთ–ერთ ჯაზ–ბენდში უკრავდა, არადა ამერიკის მატერიკზე ფეხიც არ ჰქონდა დადგმული. გასულ წელს კი გარდაიცვალა კაცი, რომელმაც შეძლო და ჯაზის დაუსრულებლად ცქერის საშუალება მოგვცა. ეს არის ჰერმან ლეონარდი, წარმოშობით რუმინელი ებრაელი, რომელმაც შეძლო და კადრებად საუკეთესოდ ასახა ჯაზის სული. სწორედ მისი ფოტოები წარმოქმნის ამ პოსტს.

დავასრულებ ისევ ბორის ვიანით: „მხოლოდ ორი ნამდვილი რამ არსებობს – სიყვარული, ყველანაირი, ქალების და მუსიკა, ნიუ–ორლეანის ან დიუკ ელინგტონის. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია, რადგან უშნოა.“

დიუკ ელინგტონი, პარიზი, თეატრი ოლიმპია, 1958

ჩარლი პარკერი, ნიუ–იორკი, კლუბი ბერდლენდი, 1949

სარა ვოონი, ნიუ–იორკი, კლუბი ბერდლენდი, 1949

დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1948

მაილს დევისი, მონტრე, 1991 (სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე)

ქვინსი ჯონსი, პარიზი, 1955

დექსტერ გორდონი, ნიუ–იორკი, 1948

ბილი ჰოლიდეი, ნიუ–იორკი, 1948

ჩეტ ბეიკერი, ნიუ–იორკი, 1956

სონი სტიტი, ნიუ–იორკი, 1953

არტ ტეიტუმი, ლოს–ანჯელესი, 1955

ეროლ გარნერი, ნიუ–იორკი, 1953

მაილს დევისი, კლუბი ბერდლენდი, ნიუ–იორკი, 1949

ელა ფიცჯერალდი და რეი ბრაუნი, ნიუ–იორკი, 1949

ჩარლი პარკერი და დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1949

დიუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი და დაიენ კეროლი, პარიზი, 1960

ქვინსი ჯონსი, პარიზი, 1950

ჯეიმს მუდი, ნიუ–იორკი, 1951

არტ ბლეიკი, პარიზი, 1958

ჩარლი პარკერი და “მეტრონომ ოლსტარი”, ნიუ–იორკი, 1949

ელა ფიცჯერალდი  დიუკ ელინგტონისა და ბენი გუდმენის წინაშე, ნიუ–იორკი, 1948

დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1955

ბილი ექსტაინი, პარიზი, 1963

ბადი რიჩი, ნიუ–იორკი, 1954

ფრენკ სინატრა, მონტე–კარლო, 1958

დიუკ ელინგტონი და ქალები, პარიზი, 1960

ტონი ბენეტი, ნიუ–იორკი, 1950

ოსკარ პეტიფორდი, ნიუ–იორკი, 1950

მაილს დევისი, მალიბუ, 1989

ლესტერ იანგის ქუდი, ნიუ–იორკი, 1948

 

პ.ს.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც რჩება კითხვა: იქნებ მხოლოდ მე მახსოვს?

 

 

 

 

 

 

რიგელი ფაკირის გაკვეთილი

დაახლოებით შუაღამეს (Round About Midnight) კომფორტული ლოგინიდან შეუძლებელია მზერა არ მიგეყინოს ტარტუს რატუშის განათებულ წვერზე, ალბათ ამიტომაც მიმძიმს (ან იმიტომ, რომ საშინლად მეძინება) ამ წინადადების წერა. თუმცა არ მინდა რიგელი ფაკირის რამდენიმე დღის წინანდელი  გაკვეთილი მხოლოდ გონებაში დაილექოს და პოსტად არ იქცეს.

თამამად შეიძლება ითქვას, ერთ დღეში თავისუფლად ეგების ძველი რიგის აგურ–აგურ, მისხალ–მისხალ შემოვლა და შესწავლა. ძველ ქუჩებში სეირნობა ყოველთვის სასიამოვნოა, ძველ რიგაში კი თითქოს ისტორიული გარემო ცოცხლდება, თითქოს სადაცაა აბჯარასხმული შვედი ან გერმანელი როიტერები თუ ლანდსკნეხტები ჩაგიქროლებენ. არ ვიცი, მერამდენედ ვუახლოვდებოდი და ვშორდებოდი წმ. პეტრეს კათედრალს, როდესაც ჯეკაბას (იაკობის) ქუჩის დასაწყისში უაღრესად ახლობელი ხმა შემომესმა. დაახლოებით იმგვარი, მშობელი დედის წარმოთქმულ სიტყვებს რომ გამოარჩევ ბრბოს ხმიდან. უნებურად წავედი იმ მხარისკენ, საიდანაც ბგერები მესმოდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მივხვდი, რომ მუსიკის ჰანგებს ქუჩის სხვა მხარისკენ მივყავდი. წამებიც და სახეგაბადრულმა დამარცვლით ვუთხარი დაღლილ თანამგზავრს – ელინგტონი. თავიდან კედლებს ვუქცერდი სიარულისას, თითქოს ხმა მათგან მოდიოდა. მცირე ხანში, კატა ტომის დავემსგავსე, რომელსაც მულტსერიალში თვალი სანუკვარი სანოვაგისკენ ან მდედრი არსებისკენ აქვს მიშტერებული და გზად არაფერს უყურებს. მეც მუსიკისკენ მიმავალს ვერაფერი მაბრკოლებდა, მათ შორის ვერც ლატვიელთა მომადლებული სიმშვენიერე.

ჯეკაბას ქუჩის ბოლოს ისიც გამოჩნდა, პიანისტი. დიუკ ელინგტონის დიდებული კომპოზიციის „In a Mellotone“–ს ნოტები მკვდარი კლავიშებიდან ისეთი ვირტუოზობით გამოჰყავდა, თითქოს ფაკირს ამოჰყავდეს გველი ტომრიდან (საგულისხმოა, რომ ელინგტონის ღვთაებრივი „Caravan“–ის ფონზე ამოჰყავს ფაკირს გველი საბჭოთა დროების  „Ну Погоди “–ს  ერთ–ერთ სერიაში). როდესაც მივხვდი, რომ ღია ცის ქვეშ არსებულ ჯაზ–კაფეში ვიმყოფებოდი, ერთად შეკრული სამი თითი ლამის შუბლისკენ წამიცდა. არ ვიცი, რიგელმა ფაკირმა შენიშნა თუ არა ჩემი დაჟინებული ცქერა, მაგრამ კომპოზიციას განსხვავებული ვარიაციებით ამდიდრებდა და დასრულებას არ ჩქარობდა. დაამთავრა თუ არა უკანასკნელი აკორდები, რიგელმა ფაკირმა ამომხედა, მეც დავუსახელე კომპოზიცია თავის ალბომიანად და შესრულება შევუქე. ჩაიღიმა, მადლობა მომახსენა და ამჯერად Perdido წამოიწყო. ლოტის სვეტადქცეული ცოლივით დამდგარს დანარჩენი თანამგზავრებიც წამომეწივნენ, რომლებსაც არჩევნის სახით მხოლოდ ლოდინი დავუტოვე. მცირე ხანში, სურვილის საწინააღმდეგოდ გზის გაგრძელება მომიწია და ვეღარც თანამგზავრთა მოთმინებას გამოვცდიდი, თუმცა ჩემი ყურთასმენა ფაკირის ინსტრუმენტისკენ იყო მიმართული. თითქოს დაასრულა Perdido და ტელონიუს მონკის Bemsha Swing წამოიწყო, რამდენიმე წუთიც და ეროლ გარნერისეული Misty შემომესმა. უკან მოხედვისას აღმოვაჩინე, რომ საკმარისზე შორს ვიყავი ფაკირის ხმის გასარჩევად. საკუთარი მეხსიერება თავად ატრიალებდა ფირფიტას.

ძველ რიგაში შვედური კარიბჭის ძებნისას ფიქრში კი რიგელი ფაკირის გაკვეთილი მივიღე, რომელშიც ყველაზე ნაკლები დამსახურება ალბათ მას მიუძღვის და ისედაც არამგონია ზედწოდება „ფაკირზე“ ოდესმე ეფიქროს. საქმე ისაა, რომ, როგორც ოსგუდ ფილდინგ III იტყოდა ცნობილი კინოკომედიიდან (“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” – შენ.): „არავინაა სრულყოფილი“. არც მე მათ შორის, წმინდა ანტონივით ბევრჯერაც მინანია საკუთარ ქმედებაზე. დაცემისას თუ წელში გასწორებისას ყოველთვის ერთი რამ რჩებოდა უცვლელად – ჯაზისგან მოგვრილი სიამოვნება. ჯაზის გრანდები ხომ ფარმაცევტებივით არიან, ზუსტად იციან ის კომპოზიციები, რომლებიც კონკრეტულ განწყობილებას ესაჭიროება.

P. S.

მეც კარგად ვიცი, რომ მეტისმეტად მძიმე პოსტია, მრავალისთვის გაუგებარიც. სხვას კი არა, მე ჩამეძინა პოსტის წერისას და შემდეგ დილას გავაგრძელე წერა. რიგით მკითხველსაც უმტყუნებს ნერვები და ალბათ შუა გზაშიც მიატოვებს (როგორც ერთ თავზე ჩემი წიგნიდან). იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც სწორად ჩაწვდება ჩემს პოსტსა და  კათარზისს.

ვერდი – ციცინათელას მელოდიის უცნობი ავტორი?

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქართული მელოდიებით გაჟღენთილია პეტრე ჩაიკოვსკის შემოქმედება. კლასიკური მუსიკის ჭეშმარიტ ტრფიალს შეხსენება არ სჭირდება, რომ “მაკნატუნაში” არაბულ ცეკვებს ჩვენი იავნანის მელოდიები უდევს საფუძვლად. პეტრე ილიას ძე ხშირად სტუმრობდა თავის ძმას, თბილისის ვიცე–გუბერნატორ ანატოლი ჩაიკოვსკის, და სოლოლაკში (დღეს მისი სახელობის ქუჩის 12 ნომერში) იდებდა ბინას.

ჩაიკოვსკისგან განსხვავებით, ჯუზეპე ვერდი არასოდეს ყოფილა საქართველოში, თუმცა XIX საუკუნის საქართველოში მისი საოპერო არიები არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ჩვენში. ჟერმონის არია Di Provenza il Mar, il Suol “ტრავიატადან” არის იმგვარი შემთხვევა, რომელზეც ჭეშმარიტი მელომანები და ლოჯიონისტები (ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ნებისმიერი ღირებული ოპერის ზეპირად ცოდნაზე) ბევრს ფიქრობენ და არასოდეს ლაპარაკობენ.

დიახ, შესაძლოა ამჯერად ქართველებმა გამოვიჩინეთ პლაგიატორობის უნარი და მელოდია მოვპარეთ სვებედნიერ დონ ჯუზეპეს. ამაში გასარკვევად გთავაზობთ სახელგანთქმული იტალიელი საოპერო ბარიტონის რენატო ბრუსონის მიერ შესრულებულ ჟერმონის არიას და ქეთი მელუას მიერ ნამღერ “ჩემო ციცინათელას”.

ირლანდიელთა სულიკო

“მე მქვია რაქელ ველჩი. მე წარვადგენ ვიზუალურ ეფექტებს და ისინი მე ორი მაქვს.”

რაქელ ველჩი, 1970 წლის ოსკარების ცერემონიალი

ირლანდიელებს აქვთ სიმღერა, რომელსაც ყველგან მღერიან, სადაც შესაძლებლობა მიეცემათ _ სტადიონზე, პაბებში, ქუჩებში შუაღამისას. მოლი მელოუნი დიდი ხანია, რაც ირლანდიელთა სულიკო და დუბლინელთა არაოფიციალური ჰიმნია, რომლის სიტყვების არცოდნა დანამდვილებით ცოდვაა.

ხალხური სიმღერის ტექსტის მიხედვით, მოლი მელოუნი ცოცხალ ხამანწკებს ყიდდა დუბლინის ვიწრო და ფართო ქუჩებში. სამწუხაროდ, იგი ცხელებამ შეიწირა და ამგვარად დაასრულა თავისი სიცოცხლე. ქალაქური ლეგენდების თანახმად, მოლის სული დღესაც დახეტიალობს დუბლინის ქუჩებში.

XVII საუკუნეში, მოლის სავარაუდო არსებობისას, ქუჩაში გამყიდველთა სამოსს ღრმად ამოჭრილი დეკოლტე ამშვენებდა, რადგან იმხანად მეტად გავრცელებული იყო ბავშვის საჯაროდ ძუძუთი კვება. 1988 წელს ქალაქის მერმა საზეიმოდ გახსნა დუბლინელთა სანატრელი ქალის ადამიანის ზომის ქანდაკება. ქვაში ასახული სილამაზის მკერდი კრიტიკოსებმა არ მოიწონეს, ადგილობრივებმა კი მშობლიურივით შეიყვარეს.

ისღა დამრჩენია, მოვუსმინო სიმღერას და პიგმალიონის თვალით შევხედო მოლის  მშვენებებს და მათ შორის არსებულ გრანდ კანიონს. თურმე არაფერი ადიდებს ქალის მკერდს, ისე, როგორც კაცის ხარბი წარმოსახვა.

პოსტი კი ხარკად შეიწიროს დუბლინის ვიწრო და ფართო ქუჩებში მოხეტიალე მოლის სულმა.

გინდა სიცოცხლე? მოუსმინე ჯაზს!

არ ვაჭარბებ. 1919 წლის მარტში სწორედ ამგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა  ნიუ-ორლეანის მოსახლეობა.

ყველაფერი 1918 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ქალაქში ნაჯახით მოკლული იტალიელი ემიგრანტი ცოლ-ქმარი იპოვნეს. მცირე ხანში, მთელი ლუიზიანა ნიუ ორლეანელ ტყისმჭრელზე ალაპარაკდა, რომელთან შეხვედრას თვით ჯეკ მფატრავიც არ ისურვებდა. ლონდონელი კოლეგა ალბათ საკუთარ ხელწერას გადახედავდა, ტყისმჭრელის შემოქმედება რომ ეხილა. მრავალი ემიგრანტის გარდა, მანიაკის ნაჯახს ფეხმძიმე ქალი და 2 წლის ჩვილიც შეეწირა. იმდროინდელი ნიუ-ორლეანის მკვიდრნი, რომლებიც ალბათ რეგტაიმის მელოდიას ღიღინებდნენ, შიშით მოელოდნენ ყოველ ახალ ამბავს ჯოჯოხეთიდან.

1919 წლის 13 მარტს წერა-კითხვის უცოდინარმაც კი ლამის ზეპირად იცოდა მთავარ გაზეთში გამოქვეყნებული ტყისმჭრელის წერილი. მკვლელი მკითხველებს სთავაზობდა მის სამუშაო გრაფიკს – შემდეგი მკვლელობა მოხდებოდა 19 მარტს, შუაღამიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ. იგი ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა მათ, ვინც ამ დროს … ჯაზს მოუსმენდა.

19 მარტის ღამე ნიუ-ორლეანის ისტორიაში ალბათ შევიდა, როგორც ყველაზე ხმაურიანი. თავშენახულმა მოქალაქეებმა წინდაწინ დაიჯავშნეს ადგილები ქალაქის კლუბებში, ყველამ იცოდა, რომ 19 მარტის შუაღამეს არცერთ გასართობ ადგილას ნემსი ვერ ჩავარდებოდა. ყველას იმდენად უნდოდა ჯაზის მოსმენა, რომ ქალაქის მრავალ ქუჩაზეც კი სახელდახელო ორკესტრებს წააწყდებოდით.

არავინ იცის, ნამდვილად ტყისმჭრელის წერილი გამოქვეყნდა თუ უბრალოდ ვინმემ მწარედ გაიხუმრა. ცნობილი მხოლოდ ერთი ფაქტია, იმ ღამეს არავინ მოუკლავთ და ტყისმჭრელიც აღარ გამოჩენილა.

P.S.
ვინც არ უნდა ყოფილიყო, ნიუ-ორლეანელი ტყისმჭრელი დიდი ხანია საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მე მაინც მეშინია მისი და ვცდილობ  ყოველღამე (Round Midnight) მოვუსმინო ჯაზს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.