მოქალაქე კეინი (1941) – ორსონ უელსი
„მოქალაქე კეინი“ არის კინოკრიტიკოსთა საყვარელი პასუხი კითხვაზე, თუ რომელია ყველა დროის საუკეთესო ფილმი. მეტიც, პულიცერის პრემიის მფლობელ კრიტიკოს როჯერ ებერტის აზრით, „საკითხი მოგვარებულია: მოქალაქე კეინი ოფიციალურად არის საუკეთესო ფილმი“.
ყველა დამწყები და უფულო რეჟისორი, თვით ედ ვუდის ჩათვლით, ოცნებობს გახდეს მეორე ორსონ უელსი და პირველივე სრულფასოვანი ნამუშევრისთვის შემოისხას გენიალობის მანტია. მათ საუკეთესოდ იციან „მოქალაქე კეინის“ შექმნის ისტორია: იმჟამინდელი რადიოს ვარსკვლავბიჭუნამ, რომელმაც ჰერბერტ უელსისეული „სამყაროთი ომების“ რადიო-დადგმით უცხოპლანეტელების შემოსევაზე აალაპარაკა დაპანიკებული ამერიკელები, გარკვეული ხნით გარესამყაროს მოსწყვიტა რამდენიმე ადამიანი და შექმნა შედევრი. ეს რამდენიმე ადამიანი იყვნენ ჰოლივუდიდან განდეგილი, სცენარების ალკოჰოლიკი მწერალი, ინოვატორი ოპერატორი, ნიუ-იორკის სცენის მსახიობები, თავისი საქმის ოსტატი კინოს ხალხი. ორსონ უელსს სტუდიისგან მოპოვებული ჰქონდა სრული კარტ-ბლანში და გასაიდუმლოების პირობა. ჟურნალისტებმა ის იცოდნენ, რომ ორსონი „ფაუსტის“ ადაპტაციას იღებდა. როგორც იგი მოგვიანებით დანანებით შენიშნავს, ჰოლივუდში მეტჯერ არასდროს ჰქონია ასეთი შეუზღუდავი თავისუფლება, თორემ ვინ იცის, კიდევ რას შექმნიდა.
ვინ არის ჩარლზ ფოსტერ კეინი? თავად ორსონ უელსის სიტყვებით, „გმირი, არამზადა, კაი ტიპი, დიდებული შეყვარებული, დიდი ამერიკელი მოქალაქე და ბინძური ძაღლი. გააჩნია ვინ საუბრობს…“ მეგალომანიაკალური მედია-მაგნატი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს მსოფლიოს თავის კანონებს უწესებს სიმდიდრით არნახული რეზიდენცია-ერმიტაჟიდან, სადაც ყველაფერი აქვს, სხვა თუ არაფერი, ნოეს შემდეგ ყველაზე დიდი ზოოპარკიც. მისი უკანასკნელი სიტყვა Rosebud იქცევა კინოს ისტორიაში ყველაზე დიდ ენიგმად, რომელიც ერთდროულად ყველაფერს ნიშნავს და არაფერს. როგორც ერთხელ შენიშნეს, ფილმი ხსნის თუ რა არის Rosebud და არა, თუ რას ნიშნავს იგი. საგულისხმოა, რომ მარხილი Rosebud 1982 წელს სტივენ სპილბერგმა დიდი თავდადებით შეიძინა აუქციონზე და საბეჭდი მანქანის გვერდით მიუჩინა ადგილი, „იგი ყოველთვის შემახსენებს, რომ ხარისხი უპირველესია ფილმებში“. ბოლოს ორსონ უელსაც ყელში ამოუვიდა გამუდმებით კეინის ხსენება, თითქოს სხვა არაფერი გენიალური შეექმნას და 1960 წლის პარიზულ ინტერვიუში სიტყვა Rosebud-ზე განაცხადა: „ეს არის ფანდი, მართლა, მყვირალა სქემა, ფროიდიანული კომიკური ნომერი დოლარად ღირებული წიგნიდან.“
იმასაც ამბობენ, რომ აჟიოტაჟი ფილმის გარშემო იმ ადამიანის რეაქციამ გამოიწვია, რომელსაც ყველაზე მეტად წააგავდა კეინი – მულტი-მილიონერი უილიამ რენდოლფ ჰერსტი, ყვითელი ჟურნალისტიკის მამა. მხოლოდ ფილმის სახელწოდება იმდენად აცოფებდა ჰერსტს, რომ თავის მედია-იმპერიაში მისი რეკლამირება, მიმოხილვა და ხსენებაც კი აკრძალა. ბებერ მეგაზეთეს ჯერ კიდევ ახსოვდა ძველი ილეთები, თუ როგორ წამოიწყეს საუკუნეთა მიჯნაზე მან და ჯოზეფ პულიცერმა აშშ-ესპანეთის ომი. უელსი დროულად გააფრთხილეს, იმ ღამით სასტუმროს ნომერში არ შესულიყო, რადგან შიშველი არასრულწლოვანი გოგონა უმალ მკლავებში ჩაუვარდებოდა, ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმას გაიგონებდა და შემდეგ დილას მთელი ამერიკა იხილავდა თავისი საყვარელი შვილის ნამდვილ სახეს. ეს ორი კაცი ერთმანეთს სრულიად შემთხვევით სან-ფრანცისკოში, ერთ-ერთი პრესტიჟული ოტელის ლიფტში შეხვდნენ, როდესაც ორსონი კალიფორნიაში ფილმის პრემიერისთვის ემზადებოდა. ორმხრივი დუმილი რეჟისორმა დაარღვია და თავაზიანად ჰკითხა მაგნატს, თუ ისურვებდა ფილმის ყურებას. არავითარი პასუხი. ლიფტიდან გასვლისას, ორსონ უელსმა მიაძახა უილიამ რენდოლფ ჰერსტს, რომ ჩარლზ ფოსტერ კეინი დათანხმდებოდა. „კეინი ნამდვილად დათანხდებოდა“, – იხსენებდა მოგვიანებით უელსი, „ეს ხომ მისი სტილი იყო“.
მოქალაქე კეინი მეტია, ვიდრე ჰერსტის ან რომელიმე მილიონერის პაროდია, ცხრა საოსკარო ნომინაცია, კინოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული დებიუტი, ნოვატორული ხედვა, გადაღებისას ღრმა ფოკუსის შემოტანა, რადიო-ტექნიკის დანერგვა, ხმების არევა, მთელი ქალაქი ლაპარაკის შთაბეჭდილების შექმნა, მეტი ვიდრე დედააზრი, რომ წარმატებისკენ სწრაფვა თავიდანვე ფუჭია, მეტი ვიდრე საუკეთესო ფილმი – ორსონ უელსისთვის ეს არის დასაწყისიც და დასასრულიც.
ვინ არის ორსონ უელსი? ჰოლივუდური საზომებით, ჩავარდნისთვის განწირული ფილმების შექმნელი, მაგრამ დამოუკიდებელი კინოს ნამდვილი მეტრი. ევროპაში გადასახლებული ამერიკელი ექსპატრიატი პატრიარქი, კანის, ვენეციის, ბერლინის სასურველი სტუმარი. ამავე დროს, საპატიო ოსკარის გადაცემისას არგამოცხადებული ამერიკული კინო-აკადემიის წევრი, იმის მომიზეზებით, რომ ქალაქში არ იმყოფებოდა. უკვე ახალგაზრდობაში მილიონების კუმირი, სიბერეში იაპონური ვისკის იაფფასიანი რეკლამის მონაწილე. ვუნდერკინდი, რომელმაც ახალგაზრდულ ასაკში მიაღწია სრულ ტრიუმფს, ხოლო სიცოცხლე სრულ მარტოობაში დაასრულა – ჰერსტი კი არა, თავად ყოფილა კეინის პროტოტიპი. ინგმარ ბერგმანის სიტყვებით, „ყველაზე გადაფასებული რეჟისორი“. ჟან-ლუკ გოდარის თქმით კი „კინოსამყაროს ყველაზე დიდი მევალე“. გააჩნია ვინ საუბრობს…
Recent Comments