სულ სხვა იუმორი

არასდროს არაფერი მომწონდა მასაზე გათვლილი, მათ შორის არც იუმორი, ამიტომ ყოველდღიურ ხუმრობებს ყოველთვის ვამჯობინებდი თითქოს შემთხვევით გასროლილ bon mot-ს (ამ წამს ვიკოკეტე და მახვილი სიტყვის მაგივრად მჟღერი ფრანგული სინონიმი დაგახვედრეთ). მათ შორის კი ისეთივე სხვაობაა, როგორც ბანალურ ქმარსა და არაპროგნოზირებად შეყვარებულს შორის. ამას წინათ ერთი უცნაურობა ამეკიდა და ლამის დამაკომპლექსა კიდეც – საპასუხო რემარკა გვიან მახსენდება, როცა უკვე ეპიზოდი ჩავლილია და მეც თითზე კბენა თუ დამრჩენია. თურმე ნუ იტყვით და ენაკვიმატობაში გაწვრთნილ ფრანგებს ჰქონიათ ამგვარი შეგრძნების აღმწერი ტერმინი – ‘კიბის ჭკუა’ (L’esprit de l’escalier) და მის წარმოშობას ერთ თავისებურ ამბავს უკავშირებენ. რიგით სადილობაზე XVIII საუკუნის ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს ჟაკ ნეკერს წაკბენაზე ვერაფრით უპასუხია და თავის მართლება ამგვარად უცდია – ‘ჩემნაირი მგრძნობიარე კაცი, ასეთი პაექრობით შეფიქრიანებული, იბნევა ხოლმე და მხოლოდ მაშინ იაზრებს ნათლად პასუხს, როდესაც უკვე კიბეზე ჩამოდის.’ ჟან-ჟაკ რუსოსაც ‘კიბის ჭკუის’ ძველი წყენა ჰქონია, თავის ავტობიოგრაფიაში იგი მას მიზანთროპად გადაქცევაში ადანაშაულებს და ირწმუნებოდა, რომ ამის გამო მიმოწერაში გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბლოგზე სამთვიანი დუმილი წინა აბზაცის გამო არ დამირღვევია. რამდენიმე დღის წინ ასეთი დასახელების წიგნი – ‘უელერიზმების ლექსიკონი’ – ჩამივარდა ხელთ (უფრო სწორედ, თვალთ, ვინაიდან ქსელში ხეტიალისას შემომხვდა) და ჩემთვის აქამდე უცნობი იუმორის სტილი აღმოვაჩინე. ჩარლზ დიკენსის უკვდავ ‘პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში’, რომელიც ვერა და ვერ წავიკითხე, ერთ-ერთი პერსონაჟი სემ უელერი ტრივიალური ან მყარად დამკვიდრებული გამოთქმებით ან სულაც ანდაზებით ხმალაობს, შედეგი კი არაორდინალური იუმორის ეფექტია. ფაქტობრივად, ის ანტი-ანდაზებს ქმნის, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: ფრაზა, მთქმელი და სახუმარო ახსნა. უელერიზმი უელერამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა და მისით ჯერ კიდევ ძველი შუმერები იქცევდნენ თავს. ჩვენამდე შემონახული უძველესი ლურსმული უელერიზმი ამგვარად გამოითქმის: ‘გარდასული დროების მძიმე უღელი დავიწყებულია – თქვა ვირმა და ბარგი მოიშორა’. პირველი ინგლისური უელერიზმი მეშვიდე საუკუნეში მოღვაწე ბედა ღირსს მიეწერება, შემდგომში ჟანრის ნამდვილი ადეპტები გახდნენ ჩოსერი, შექსპირი, ჯონსონი, სვიფტი და დეფო. უელერიზმების ოქროს ხანა XIX საუკუნეს უკავშირდება, როდესაც სატირულმა ჟურნალმა ‘პანჩმა’ იგი ლამის კალამბურს დაატოლა და მისგან მახვილსიტყვაობის ქვედარგი გამოძერწა. უელერიზმების ისტორიის გაცნობით თავს აღარ შეგაწყენთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ და სათითაოდ ნარჩევ მათ ნიმუშებს წარმოგიდგენთ. შესაძლებელია, თქვენ ამგვარი იუმორი გეუცხოვოთ, რადგან როგორც ჰანიბალ ლექტერი ამბობდა – ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო.

თითქმის დამიყოლიე ქრისტიანობაზე გადმოსვლაზე – უთხრა ებრაელმა შემწვარ ღორის ხორცს.

ბიზნესი სიამოვნების წინ – თქვა ქმარმა, როდესაც ცოლს აკოცა და საყვარელთან გაეშურა

ეს კვირა ჩინებულად იწყება – თქვა ორშაბათს სიკვდილმისჯილმა

ჩვენ მხარეს გადმოდი – უთხრა ხალხმა ქალაქის ქუჩაში მოსეირნე ლედი გოდივას

რაღაც უკეთესია, ვიდრე არაფერი – თქვა მგელმა და ტილი გადაყლაპა

მთელი ცხოვრება თქვენგან ვიქნები დავალებული – უთხრა კაცმა მევალეებს და ავსტრალიაში გაიქცა.

მორჩა, ვეღარ ვუშველით, დაგვრჩენია მხოლოდ ნუგეში – ამბობდნენ ძველად თურქეთში, როდესაც უდანაშაულოს სხვის მაგივრად აჭრიდნენ თავს

ბევრი ხმაური და ცოტა მატყლი – თქვა ეშმაკმა, როდესაც გაპარსა ღორი

მე ძალიან მაგარი ვარ – თქვა ბებერმა ინდაურმა, როდესაც შენიშნა ფარმერის რემარკა, თითქოს ის შიშობდა, რომ ლონდონის ბაზრისთვის ინდაურის დაკვლა მოუხდებოდა

დაე, წყალმა წაიღოს მთელი სამყარო – თქვა ბუზმა, ჩაძირვისას

ღირდა კი ამდენი ხნის ტანჯვა, რათა გამეგო ასე ცოტა – თქვა ბიჭმა, როდესაც ანბანის დასასრულს მიუახლოვდა

კითხვები სიტყვათა თამაშზე

არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ არცთუ უკანასკნელი წვლილი მიმიძღვის ქართულ რსრ მოძრაობაში (რა? სად? როდის?) კალამბურსა და სიტყვათა თამაშზე აგებული კითხვების დანერგვაში. ამგვარი ტიპის კითხვები პაკეტში ძირითადად იშვიათი ხილის ფუნქციას ასრულებს და დიდია ცდუნება, კრებულში საუკეთესო ვუწოდოთ. ამ პოსტში გადავწყვიტე შემეკრიბა ოცი კითხვა, მეტწილად ქართულ ან ინგლისურ სიტყვათა თამაშზე აგებული, იმის საჩვენებლად, რომ ჩვენს ენაზეც თანაბარი წარმატებით შესაძლებელია ზმა.

1. ერთ-ერთი ინტერნეტ-ენციკლოპედიის თანახმად, ისტორიოგრაფიაში მოსაზრებები რიშელიეს მოღვაწეობის შესახებ “მკვეთრად” განსხვავდება ერთმანეთისგან. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით “მკვეთრად”.

პას.: კარდინალურად

წყარო: ბმული

2. [რიგდება მასალა]

Young and easily freudened

თქვენს წინაშეა ფრაზა ჯეიმს ჯოისის რომანიდან “ფინეგანის ქელეხი”. ფრაზა აღწერს შიზოფრენიით დაავადებულ გოგონას. ფრაზაში ერთ-ერთ სიტყვას კითხვის ავტორმა ჩაუმატა ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პას.: Yung

კომ.: ჯოისმა გამოიყენა სიტყვათა თამაში. Young-ის (“ახალგაზრდა”) ჩაწერა Yung, frightened (“შეშინებული”) მაგივრად ჩაწერა freudened.

წყარო: ბმული, ბმული

3. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! როგორც ცნობილია, ქრისტიანულ ეკლესიაში შობის დღესასწაული უძრავია.  პამპლონაში გამართულ ყოველწლიურ სან–ფერმინას ფესტივალს ხშირად უწოდებენ შობის დღესასწაულს. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით შობის.

პას.: ხარების

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

4. რამდენიმე წლის წინ ფიდელ კასტრომ იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის უწოდა “მასხარა” და მისი გვარი საგანგებოდ არასწორად წარმოთქვა, ადგილი შეუცვალა რა მის გვარში ორ ასოს. დაასახელეთ კასტროს მიერ წარმოთქმული გვარი.

პას.: ბურლესკონი

კომ.: ბურლესკი ეწოდება კომიკური პოეზიის ჟანრს.

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

5. XVI საუკუნის ინგლისელი დრამატურგის კრისტოფერ მარლოუს ერთ-ერთ პიესის ბოროტი პერსონაჟის სახელი ითარგმნება, როგორც “ბოროტების ქმნელი”. დაასახელეთ 1469 წელს დაბადებული ადამიანი, რომელსაც ეფუძნება ეს პერსონაჟი.

პას.: ნიკოლო მაკიაველი

კომ.: პერსონაჟს ეწოდება Machevill (ბოროტების მქმნელი  – make-evil)

6. 1980-იანი წლების ბოლოს X-ის გარეგნობა შექმნეს მსახიობ ალისა მილანოს მიხედვით. არნო ბრეკერის 1939 წლის სკულპტურა “პარტია” კი ნამდვილი X-ის გარეგნობის კლასიკური ნიმუშია. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პას.: არიელი

კომ.: საუბარია ერთი მხრივ, დისნეის ცნობილი პერსონაჟ არიელზე, მეორე მხრივ არიელთა რასის წარმომადგენელზე.

წყარო: ბმული, ბმული

7. ირლანდიურ მითოლოგიაში ახალგაზრდა გმირ ფიონ მაკ კუმჰაილს სიბრძნის თევზის შეწვის დროს სხეულზე შეესხა წვეთი ცხიმი. ამის გამო მის ცოდნას შეიძლება ეწოდოს იმგვარადვე, როგორც ზოგიერთი მოთამაშემ შეიძლება უწოდოს ამ კითხვას. დაწერეთ პასუხი ორი სიტყვით.

პას.: თითიდან გამოწოვილი

კომ.: ფიონ მაკ კუმჰაილი ცოდნის მისაღებად წოვდა იმ თითს, სადაც შეესხა წვეთი ცხიმი.

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

8. ერთ-ერთი სახუმარო ვებ-ლექსიკონის მიხედვით, გერმანიაში ყოველ წელს ტარდება ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფულიანი ადამიანები. დაასახელეთ ლათინური წარმოშობის სიტყვა, რომლითაც, ლექსიკონის თანახმად, მოიხსენიება ეს ფესტივალი.

პას.: მანიფესტი

წყარო.: ბმული, ბმული

9. [რიგდება მასალა: ლუკას სახარებაში ოსტატთა ნიჭს აქვს სრულიად დამაჯერებელი სამეცნიერო საფუძველი, მაშინაც როცა იდუმალია.] წინადადებაში ერთ-ერთ სიტყვას ჩამოცილებული აქვს ორი ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პას.: ლუკასის

კომ.: წინადადებაში საუბარია ჯედაი ოსტატებზე.

წყარო: ბმული,  Caputo, John D. (2001). On Religion. London: Routledge. p. 87

10. ვკითხულობ ნელა და გარკვევით! დაასახელეთ ორი სიტყვით, ლათინურად ან ქართულად, ონსლოუს გრაფის საგვარეულო დევიზი.

პას.: იჩქარე ნელა (Festina Lente)

კომ.: დევიზი წარმოადგენს კალამბურს გრაფის გვარზე, on-slow ინგლისურად აღნიშნავს იმავე სიტყვებს.

წყარო: ბმული, ბმული

11. მცირე ხნის წინ, გაზეთმა “გარდიანმა” გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულ სკოლებში ჩინური ენის (მანდარინის) შემოტანის შესახებ. სტატიის სათაური მიუთითებდა, რომ ამით ისიც კი იქნებოდა დაბნეული. დაასახელეთ იგი.

პას.: კონფუცი

კომ.: სტატიას ეწოდებოდა Confucius would be confused.

წყარო: ბმული

12. ყავის მწარმოებელი კომპანიის “მაქსველ ჰაუსის” დევიზია “კარგია X-მდე”. ერთ-ერთი სპორტული მიმოხილვის მიხედვით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელის დასათხოვნად ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა X. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: უკანასკნელი წვეთი

წყარო: ბმული, ბმული

13. შექსპირის ტრაგედიაში პრინცი ჰამლეტი ამბობს რომ ბრუტუსისგან “სასტიკი” ქმედებაა კეისრის კაპიტოლიუმში კაპიტალური სხეულის მოკვლა. დაასახელეთ, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით “სასტიკი”.

პას.: ბრუტალური

კომ.: ჰამლეტი მიმართავს კალამბურს: ბრუტუსი – ბრუტალური, კაპიტოლიუმი – კაპიტალური.

წყარო: ბმული, ბმული

14. მრავალთა შორის X-ად ითვლებიან პრინცი ოუაინ გლინდური და მორაგბე გარეტ ედვარდსი. X-ად შეიძლება ჩაითვალოს დროში მოგზაური და ჩარლზ ფოსტერ კეინი. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: უელსის გმირი

კომ.: საუბარია ერთი მხრივ, ქვეყანა უელსზე, მწერალ ჰერბერტ უელსზე და რეჟისორ ორსონ უელსზე.

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

15. ჟურნალ “ტაიმის” მიხედვით, ამ ფრანგის “ღვთიურმა ხელოვნებამ” 1960-იანი წლებიდან აალაპარაკა მსოფლიო. დაასახელეთ მისი გვარი.

პას.: გოდარი

კომ.: God Art – Godard

წყარო: ბმული

16. [რიგდება მასალა]

“Are you a god, X?”

სტენ საკაის კომიქსების წიგნში “უსაგი იოჯიმბო” ერთ-ერთი პერსონაჟი არის მონსტრი, რომელსაც მთავარი გმირი ეკითხება “შენ ღმერთი ხარ, X?”. დაასახელეთ მონსტრის სახელი, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა X-ით.

პას.: ზილა

კომ.: “Are you a god, Zylla?”. კომიქსების წიგნის სათაური და ავტორი მიუთითებს მათ იაპონურ წარმოშობაზე. გოდზილა კი ყველაზე ცნობილი იაპონელი მონსტრია.

წყარო: ბმული, ბმული

17. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! 1826 წელს სკოლის მასწავლებელი კაეტანო რიპოლი იყო ინკვიციზიის უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლი. 2009 წელს რუსეთის ჰოკეის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში მრავალი მატჩის ბედი გადაწყდა თამაშის მიწურულს, ამის გამო ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ სტატია დაასათაურა შემდეგნაირად: უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლები. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვით დაკითხვის.

პას.: წამების

კომ.: პირველ შემთხვევაში წამება, მეორეში – წამები.

წყარო: ბმული, ბმული

18. ერთ-ერთმა გერმანულმა არხმა ინტერვიუს დროს სთხოვა ცნობილი ამერიკელ რეჟისორს ეთქვა საკულტო სიტყვები თავისი ფილმიდან. სიტყვები მთარგმნელმა არასწორად თარგმნა, როგორც “4 მაისს თქვენთან ერთად”. დაასახელეთ ეს რეჟისორი.

პას.: ჯორჯ ლუკასი

კომ.: საკულტო ფრაზაა May the Force be with you. მთარგმნელმა გაიგო როგორც “May the 4th be with you”

წყარო: ბმული

19. 1843 წელს ინგლისელმა გენერალმა ჩარლზ ჯეიმს ნეპირმა დაიპყრო ერთ-ერთი აზიური რეგიონი. ამის აღსანიშნავად კალამბურების მოყვარულმა გენერალმა სამშობლოში გაგზავნა მოკლე შეტყობინება. მისი მნიშვნელობა ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “მე შევცოდე”. დაასახელეთ რეგიონი, რომელიც გენერალმა დაიპყრო.

პას.: სინდი

კომ.: ინგლისურად “მე შევცოდე” ითარგმნება, როგორც I have sinned. ჟღერს, როგორც “I have Sindh”, ანუ “მე მაქვს სინდი”.

წყარო: ბმული

20. ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, ოდრი ჰეპბერნის პატარა შავი კაბა არის ყველაზე ცნობილი X. დაასახელეთ დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც აგრეთვე შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც ყველაზე ცნობილი X.

პას.: პითაგორა

კომ.: ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსელი.

წყარო: ბმული, ბმული

კალამ(დე)ბური საფეხბურთო ენაზე

კალამბური საფეხბურთო ენის თანმდევი ატრიბუტია. როგორც წესი, თავისებური ეშხი აქვს სათაურად გამოტანილ კარგად ჩაქსოვილ კალამბურს (ალბათ უფრო მართებული იქნება ქართული სიტყვა “ზმა” გამოვიყენო, თუმცა მე ჯიუტად მაინც ფრანგულ “კალამბურს” მივანიჭებ უპირატესობას).

ინგლისური ტაბლოიდები ლამის ჩასაფრებულები არიან საკუთარი ნაკრების წარუმატებლობას, რათა rooney-rooin სიტყვათა თამაში  კვლავაც ერთხელ გაამეორონ. ასე იყო 2006 წელს მუნდიალზე ოცნებების დასამარების შემდეგ, ინარიტუს მიერ გადაღებულ ნაიკის რეკლამაში და სავარაუდოდ ამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატებენ და ბოლომდე უერთგულებენ.

ტიერის ანრის სახელი კალამბურების მოყვარულთა მუდმივი შთაგონების წყაროა.  ჯერ კიდევ არსენალში თამაშისას, მისი და ტომას როსიცკის შთამბეჭდავი დუეტის აღწერა “სანმა” ჰანა–ბარბერას სტილში გადაწყვიტა.

ორიოდ დღის წინ, საფრანგეთის თამაშის შემყურეს და კალამბურებში გართულ-ჩართულს უნებურად გონებაში ამოტივტივდა მამლების ჩაუქობის აღმწერი სიტყვა: Thierryble. სოციალურ ქსელში კი ერთმა მეგობარმა მიაწერა, რომ ინგლისელთა ფიასკოს შემთხვევაში სიტყვა გარდაიქმნებოდა ამგვარად: Terryble.

მიმდინარე ჩემპიონატზე გერმანელთა მიერ ავსტრალიელთა კისრისტეხა ერთ–ერთმა საიტმა ერთბაშად სამ კალამბურიანი სათაურით შეაფასა: Not Even Klose: Socceroos Are Muellered By The Wizard of Ozil. არგენტინა–საბერძნეთისას ალბათ ბევრის ყურადღება მიიქცია ტრაფარეტმა მახვილგონივრული წარწერით: Don’t Messi with the Greeks. მცირე ხნის წინ თვით რიოელ მეძავთა სოლიდურმა გაერთიანება დასპუ–მ (das putas) 69–ნომრიანი მაისურები გამოუშვა წარწერით: “შეაგდე, სელესაო”.

პოსტს კი დავასრულებ გლაზგოური Daily Record–ის სტატიის სათაურით, რომელიც ჩვენს შოთა არველაძეს ეძღვნება:  HOT SHOTA. ეჭვგარეშეა, აქ ჟურნალისტმა კალამბური გამოიყენა ტერმინ HOT SHOT–ზე, იმავე “ცხელ თავზე”. საოცარია, მაგრამ პირდაპირი ქართული თარგმანი არანაკლებ სიტყვათა თამაშს შეიცავს: “ცხელი შოთი”.

ესეც ორენოვანი ქართულ–ინგლისური კალამბური, ორმაგად უფრო სახალისო.

ჩემი ფავორიტი 5 ეპიტაფია

სანამ საკუთარს მოვიფიქრებდე, მანამდე შემოგთავაზებთ უცნობ თუ ნაცნობ ადამიანთა ჩემ ფავორიტ ეპიტაფიებს. ისინი იმდენად მიყვარს, რომ გამორჩევა მიძნელდება, ამიტომ პირობითი ნუმერაციით წარმოგიდგენთ.

1. ერთხელ გამოჩენილ ბრიტანელ მსახიობსა და მწერალს პიტერ უსტინოვს გერმანული გამოცემა Die Zeit–ის კორესპონდენტი გამომწვევად შეეკითხა, თუ რა იქნებოდა მისი საფლავის ეპიტაფია. უსტინოვს მრავალნაცადმა იუმორმა არ უღალატა და ღიმილით დაასახელა: “არ გაიარო ბალახზე” (“Do not walk on the grass”). 2004 წელს საბოლოოდ ამ სიტყვებმა დაიჯავშნეს ადგილი უსტინოვის საფლავის ქვაზე.

2. ჩემი საყვარელი მსახიობის ჯეკ ლემონის საფლავის ქვას ამშვენებს მხოლოდ ორი ტევადი ასო: in.

3. ბ.პ. რობერტსი არ არის ცნობილი პიროვნება, მხოლოდ ქვემო ჯორჯიელ რობერტსებს თუ ახსოვთ (მათ შორის,  იქნებ ჯულიას ან ერიკსაც). სამაგიეროდ, მისი ეპიტაფია მასზე მეტად ცნობილია: I Told You I Was Sick (“გითხარით, რომ ავად ვიყავი”).

4. ზოგჯერ გვარი კალამბურის საშუალებას იძლევა, რაც შენიშნეს ინგლისელ ადვოკატ ჯონ სტრეინჯის ახლობლებმა და მის ეპიტაფიად აარჩიეს შემდეგი სიტყვები:

Sir John Strange.

Here lies an honest lawyer.

And that is Strange.

5. დავასრულებ ებრაელი მელ ბლანკის ეპიტაფიით, რომლის ხმა ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებით ახლობელია. იგი ახმოვანებდა “Warner Bros.”-ს დაუვიწყარ პერსონაჟებს ბაგს ბანიდან დაწყებული ვუდი ვუდპეკერამდე დამთავრებული. ეპიტაფიის სიტყვები კი მუდმივად თან სდევდა მის შემოქმედებას:

“That’s all, folks!”

მეტსახელი, რომელზეც ძნელია უარის თქმა

მარგარეტ ტეტჩერს ალბათ სიამოვნებდა, როდესაც რკინის ლედის უწოდებდნენ. ყველა ინგლისის ყოფილი პრემიერ–მინისტრივით ბედნიერ ვარსკვლავზე არ არის დაბადებული, რამდენიმე პოლიტიკოსს მეტად უსიამოვნო მეტსახელი ხვდა წილად. საფრანგეთის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან და მრისხანე პოლიტიკოსს ჟან–პიერ შევენმანს უკვე ორი ათეული წელია, რაც ეძახიან საფრანგეთის მისტერ ბინს. ვინც ბატონი შევენმანის სახეს იხილავს, ძნელია არ დაეთანხმოს ამ საპატიო წოდებას.

რთული სათქმელია, იცის თუ არა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ირმა, თუ ზოგჯერ როგორ მოიხსენიებენ მას დასავლეთში. მისი სახელი ლათინური ასოებით იწერება, როგორც Kim Jong-il, ხოლო მეტსახელად მას ერგო კალამბურით მიღებული Menta Lee-il (სიტყვების თამაში Mentally ill).

ორენოვანი კალამბური

არსებობს კალამბური და არსებობს ორენოვანი კალამბური, ორმაგად უფრო სახალისო. მოგიყვანთ ინტერნეტ და ვიკი–ხეტიალისას ნაპოვნ ორ მათგანს.

გერმანულ–ინგლისური

ნორმანდიის ბრძოლის წინ, მეორე მსოფლიო ომის კულმინაციურ მომენტში, ორმა გერმანელმა ჯაშუშმა შეაღწია მოკავშირეთა დანაყოფებში. ოპერაციის შესრულების შემდეგ და ბერლინისთვის სიგნალის გადაცემამდე, მათ გადაწყვიტეს საკუთარი თავისთვის ოფიცრული კოქტეილის სიამოვნება მიეცათ.  ისინი შევიდნენ ადგილობრივ ბარში და ერთ–ერთმა მათგანმა სრულყოფილი ინგლისურით მიმართა ბარმენს (გთავაზობთ საუბარს ორიგინალში):

“Two martinis, please.”

“Dry?”

“Nein, zwei!”

P.S. ამ დიალოგისას წარმოდგენისას მახსენდება სცენა ტარანტინოს “უსახელო ნაბიჭვრებიდან”, როდესაც გადაცმული ჯაშუში თითებით რიცხვ ორს გერმანელთათვის უჩვეულოდ აჩვენებს და საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს.

ინგლისურ–რუსული

რუსეთში მყოფი უცხოელი მიდის ადგილობრივ აეროპორტში და მიმართავს: “I want two tickets to Dublin.” ბილეთების გამყიდველი ეკითხება: “Куда, блин?” უცხოელი პასუხობს: “To Dublin!”

Follow

Get every new post delivered to your Inbox.