I have a dream

1963 წლის 28 აგვისტოს შუადღეს მის უკან მარმარილოს ტახტზე ლინკოლნის გრანდიოზული ქანდაკება განისვენებდა, მის წინ კი პაპანაქება სიცხეში მდგომი 200,000 დემონსტრანტი მოთმინებით ელოდა ბოლო გამომსვლელს. ბევრ მათგანს უკანასკნელი პენი გაეღო ამ დღეს სახელმწიფოს დედაქალაქში მოსახვედრად. მრავალი ფერადკანიანი ამერიკელისთვის, განსაკუთრებით სამხრეთელისთვის, “ვაშინტონზე მარშში” მონაწილეობა უკვე იყო სიმამაცის დემონსტრაცია, რადგან 63-ის მღელვარების ზაფხულში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლას ხელკეტები უპირისპირდებოდა. თავად გამომსვლელისთვის ეს არ ჰგავდა ყოველკვირეულ ქადაგებას ალაბამელი მრევლის წინაშე, მას არასოდეს ჰყოლია ამდენი მსმენელი. მარტინ ლუთერ კინგი ხვდებოდა, რომ ლინკოლნის მემორიალის კიბეებიდან მას მსოფლიო მოუსმენდა.

“ვაშინგტონზე მარშს” მან საპყრობილეში 14-ჯერ მოხვედრის, სახლ-კარის სამჯერ აფეთქების, მკერდში დაჭრის და ფიზიკური ანგარიშსწორებით დამუქრების უთვალავი წერილის მიღების შემდეგ მიაღწია. ვაშინგტონამდე კინგმა გამოიარა ორი პატარა ალაბამური ქალაქი, ხალხის ნების ტრიუმფის ორი სინონიმი – მონტგომერი და ბირმინგემი. ამერიკელთა უმრავლესობამ პირველი მათგანის, მონტგომერის, არსებობის შესახებ 1955 წლის დეკემბერში შეიტყო, როდესაც მისმა მკვიდრმა 42 წლის როზა პარქსმა ავტობუსში თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილის დათმობაზე უარი განაცხადა. მისი დაპატიმრება უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა ფერადკანიანი მოსახლეობის მიერ მონტგომერის ავტობუსების ბოიკოტი, რომელსაც ადგილობრივთა სულიერი მოძღვარი – მარტინ ლუთერ კინგი ჩაუდგა სათავეში. ამ ახალგაზრდა პასტორის სიტყვებით, როდესაც შენი არ ესმით, რჩება ერთადერთი ენა – დაუმორჩილებლობა. კუ-კლუკს-კლანის გააქტიურების და უამრავი აქტივისტის პასუხისგებაში მიცემის მიუხედავად, ბოიკოტი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ ტრანსპორტში რასობრივი სეგრეგაციის უკანონოდ გამოცხადებით დასრულდა.

დანიშნულების მეორე ადგილი – ბირმინგემი 50-იანი წლებიდან ფერადკანიანთა სახლების გახშირებული აფეთქებების დამსახურებით “ბომბინგემად” იყო ცნობილი. აქ ადგილობრივი პოლიცია ძალადობის შეჩერებას არ ცდილობდა, ხოლო მისი ფანატიკოსი უფროსი ბულ კონორი თეთრი რასიზმის აღიარებულ სიმბოლოდ იყო ქცეული. ამგვარ გარემოს კინგმა მორალური იმპერატივი – არაძალადობრივი წინააღმდეგობა დაუპირისპირა. მჯდომარე აქციის და “ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობის” შეჩერება კონორმა სახანძროს წყლის ჭავლითა და მიქსეული ძაღლებით გადაწყვიტა. მომდევნო დღეს შემაძრწუნებელმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა, ბირმინგემი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ისტორიაში პირველად აშშ-ს პრეზიდენტმა სეგრეგაცია საჯაროდ დაგმო და სამოქალაქო უფლებების ახალი კანონის პირობა დადო, საბჭოთა კავშირმა კი ბირმინგემის მოვლენები იმპერიალიზმის ანტი-პროპაგანდად გამოიყენა. საბოლოოდ, პოლიციის უფროსმა სამსახური დაკარგა, ხოლო ქალაქში ამინდი სამუდამოდ შეიცვალა. როგორც პრეზიდენტი კენედი მცირე ხანში მარტინ ლუთერ კინგს განუცხადებს, სამოქალაქო უფლებების მოძრაობა აბრაამ ლინკოლნზე არანაკლებ ბულ კონორისგან იყო დავალებული.

“მარში ვაშინგტონზე” ყველასთვის არ იყო ღირსშესანიშნავი მოვლენა. აფროამერიკელთა უფლებების ცნობილმა დამცველმა მალკოლმ იქსმა მოვლენას “ფარსი ვაშინგტონზე” უწოდა და მისი თაოსნები შავი რისხვის დემონსტრაციის სანაცვლოდ “ცირკის” მოწყობაში ამხილა. იგი ფიქრობდა, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც ფერადკანიანები თავიანთ უფლებებს მოიპოვებდნენ იყო ბრძოლა მათთვის. მარტინ ლუთერ კინგის პირიქით მიიჩნევდა, რომ მარში არ იყო განკუთვნილი მხოლოდ აფროამერიკელებისთვის, მისი აზრით “უსამართლობა სადმე არის საფრთხე სამართლიანობისთვის ყველგან”. რწმენით მუსლიმმა მალკოლმ იქსმა მექაში ჩასვლით მორალური ვალდებულება შეასრულა, თუმცა კინგს მანამდე ჰქონდა შესრულებული საკუთარი ჰაჯი ინდოეთში – არაძალადობის მთავარი იდეოლოგის, მაჰათმა განდის სამშობლოში.

მარშის ბოლო გამომსვლელს სხვებთან შედარებით ერთი უპირატესობა გააჩნდა – იგი საკუთარ მრევლთან ყოველკვირეულად გადიოდა რეპეტიციას. 17-წუთიანი სიტყვა, რომელიც ამერიკული მჭევრმეტყველების უპირველეს ნიმუშად უმალვე შეირაცხა, უხვად არის გაჯერებული ალუზიური მინიშნებებით ერთდროულად ამერიკის კონსტიტუციიდან, ფსალმუნებიდან, ლინკოლნის გეტისბერგის მიმართვიდან და შექსპირიდანაც კი. პირადი სასულიერო გამოცდილებიდან მარტინ ლუთერ კინგი ჩინებულად ფლობდა ერთ რიტორიკულ იარაღს – რეფრენს. “დადგა დრო”, “ამ რწმენით”, “დაე მშვიდობა გახმიანდეს”, თუმცა სიტყვას დაერქვა იმ რეფრენის სახელი, რომელიც წინასწარ მომზადებული ტექსტით არც იყო გათვალისწინებული. კინგის ემოციური გამოსვლა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც გოსპელის ცნობილმა მომღერალმა მაჰალია ჯექსონმა ხალხის ბრბოდან შესძახა “მოუთხრე მათ ოცნების შესახებ, მარტინ!”. “მე მაქვს ოცნება” მარტინ ლუთერ კინგმა სამჯერ გაიმეორა და თითოელ ჯერზე უფრო მეტი მსმენელი დააფიქრა ისეთ აღთქმულ მიწაზე, სადაც მის შვილებს განსჯიდნენ არა ფერის, არამედ ხასიათის მიხედვით. თავისი სიტყვებისთვის მარტინ ლუთერ კინგმა 1964 წელს ნობელის პრემია და 1968 წელს მკვლელის ტყვია დაიმსახურა. მისი აღსრულების ორმოცი წლის შემდეგაც აღთქმული მიწა ჯერ არ ჩანს, ხოლო დაუმორჩილებლობა და დემონსტრაცია მრავალისთვის რჩება მსოფლიოსთვის მისაწვდენ ერთადერთ ხმად, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.