სამი რეჟისორი – სამი დასაწყისი, III

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე (1960) – ჟან-ლუკ გოდარი

ჯორჯ ბერნარდ შოუს ერთი პიესის სახელწოდება რომ მოვპაროთ, საფრანგეთს ყოველთვის მოსწონდა ‘საბედისწერო ადამიანები’, რომლებიც  რკინის ხელით უძღვებოდნენ ქვეყანას. საფრანგეთი ხომ მარიანაა, თავისუფლების მოყვარე, მაგრამ მაინც დაუცველი და სუსტი არსება, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად მოსწონს რობესპიერის მსგავსი გარეწარი, მაგრამ ძლიერი პერსონები. გენერალ დე გოლის მიერ მეხუთე რესპუბლიკის დაარსებიდან ორი წლის თავზე, ქვეყანაში სხვა რევოლუციამ იფეთქა, ახალმა დიქტატორმა ნაპოლეონივით თვითნებურად დაიდგა გვირგვინი თავზე. მას ერქვა ჟან-ლუკ გოდარი, ხოლო მის საიმპერატორო კორონაციას – „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.

მაინც ვინ ააგორა ფრანგული რევოლუციის ახალი  ტალღა (Nouvelle Vague)? ყველა ამ აჯანყებულის სახელი და გვარი ფილმის არარსებულ ტიტრებმა გათქვა. რეჟისორი – ჟან-ლუკ გოდარი, იდეის ავტორი – ფრანსუა ტრიუფო, პროდუქციის დიზაინერი და ტექნიკური მრჩეველი – კლოდ შაბროლი, ჟან-პიერ მელვილი მწერალ პარვულესკოს როლში, ნაბოკოვს რომ წააგავს მანერებში. ფილმში გოდარსაც აქვს თავისი კამეო – იგი უნაკლოდ ასრულებს ჩამშვებს. თითქოს, ჟურნალ Cahiers du Cinéma-ს რედაქციამ ერთ წვეულებაზე მოიყარა თავი.

თავად ფილმი მაყურებელს შეაყვარეს მსახიობებმა – ჟან-პოლ ბელმონდომ და ჯინ სიბერგმა, ისევე როგორც ამ ფილმმა შეაყვარა ისინი მაყურებელს. თუ ამერიკას ჰყავდა ჯეიმს დინი, საფრანგეთი რატომ უნდა ჩამორჩენოდა მას. უფრო მეტიც, „ჰიპნოტურად უშნო“ მსახიობმა დაამკვიდრა „ბელმონდიზმი“ და ახალგაზრდა მეამბოხე შეუდარებელი ღიმილით ევროპული ახალგაზრდობის თაყვანსაცემ კერპად გადაიქცა. საფრანგეთის უპირველეს კინო-სიმბოლოდ ჟან გაბენისა და ჟერარ დეპარდიეს ზეობის შუა პერიოდში გახდა ერთი მსახიობი მოკრივის ჩატეხილი ცხვირით. ფილმში ჟან-პოლ ბელმონდოს პერსონაჟი მიშელ პუაკარი გალანტურ ჰოლივუდელ ჰამფრი ბოგარტს ბაძავს, ფილმის შემდეგ კი უორენ ბიტის, ალ პაჩინოს, ჯეკ ნიკოლსონისა თუ შონ პენის მთელი წყება პერსონაჟები მიშელ პუაკარის პირმშოებს წარმოქმნიან. „ის იქცა სიმბოლოდ ამერიკელი ქალისთვის, რომელიც პარიზში წასვლაზე ოცნებობს, რათა გახდეს ჯინ სიბერგი“ – წერდა გაზეთი „თაიმსი“. სამოციანი წლების დასაწყისში მოდაში შემოვიდა ვარცხნილობა „ა ლა ჯინ სიბერგი“. ეს არც არის მოულოდნელობა, უბრალოდ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდათ პარიზის ქუჩებში New York Herald Tribune-ის ჩამომრიგებელი ბავშვურსახიანი ამერიკელი პატრისია ფრანკინი, რომელიც გონებაში სორბონის გეგმებს აწყობდა.

თავმოყვარე კინომანებს არ ესწავლებათ, თუ როგორ შექმნა გოდარმა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“. ალბათ იმას არ ეწოდება ფილმის სცენარი, რაც გოდარს გადაღებამდე ხელში ეჭირა. იგი გადაღების დილას წერდა დიალოგებს, მსახიობებს კი სასწავლებლად უმცირესი დროის და თითო-ოროლა რეპეტიციის ფუფუნებას თუ აძლევდა. მრავალ ადგილას გადაღების უფლებაც არ ჰქონდა მიღებული და, როგორც მიშელ რუაკარი უცნობი დერეფნებით გადადის შანზ-ელიზეზე და უპარდონოდ იპარავს სხვის ფორდს თუ სიტროენს, გოდარიც უკანონოდ მოქმედებს და სამართალდამცავთა თვალს ემალება. უსახსრობის გამო პარიზის ქუჩებში იგი ოპერატორს ინვალიდის სავარძლით დააქროლებს. ამით მან სპონტანურობის ელფერი და საუკეთესოდ გადმოცემული პარიზული მაჯისცემა შემატა ფილმს. დასრულებული ნამუშევარი ნახევარი საათით უფრო გრძელი გამოვიდა, ვიდრე თავად რეჟისორს ენება. სცენების ამოღების ნაცვლად მან კადრების ინტერვალი შეკვეცა, თითქოს მაკრატელით ამოჭრა ის, რაც მოსაბეზრებლად მიიჩნია. შედეგად შეიქმნა ნოვატორული „ნახტომი კადრები“. ევროპელ რეჟისორებს განსაკუთრებით უყვართ „კულტურული ვინეგრეტის“ მომზადება, გოდარსაც ფილმში შემოჰყავს მოცარტის მუსიკა, პიკასოს და რენუარის რეპროდუქციები, დილან ტომასის რითმები, ფოლკნერის სიტყვები „დარდსა და არაფერს შორის, ვირჩევ დარდს“ („შენ იცი ფოლკნერი? ვინ არის? მასთან იწექი? არა, ვერ მოვასწარი, მაშინ არ მაინტერესებს“). ამას თან ერთვის ცნობილი ფრანგი ჯაზ-მუსიკოსის მარსიალ სოლალის ღვთაებრივი გაფორმება და მეტი რა ინგრედიენტი არის საჭირო შედევრის შესაქმნელად? რჩება მხოლოდ გოდარის პირადი, საფირმო საიდუმლო.

როგორც ცნობილია, ყოველი ტალღა ადრე თუ გვიან გადაივლის ხოლმე, რაც არ უნდა დამანგრეველი შედეგები დატოვოს მან. ფრანგულიც არ ყოფილა გამონაკლისი. სამოციანების მთავარი ინოვატორი გოდარი თავის მემარცხენეობასა და დაუსრულებელ ექსპერიმენტებში აირია, მივიწყებული საბჭოთა დოკუმენტალისტი ძიგა ვერტოვი ამოიჩემა და შემოკრებილ ჯგუფს მისი სახელი უწოდა. ერთ დროს „ახალი ტალღის“ რეჟისორთა ფავორიტი ბელმონდო კომედიებში ჩაიკარგა და ლამის კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა. ჯინ სიბერგმა ვერაფრით იპოვნა პირადი ბედნიერება, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და 41 წლის ასაკში თავი მოიკლა. დიდი მექსიკელი მწერლის, კარლოს ფუენტესის თქმით, იგი დარჩა „ქალღმერთად, რომელიც ნადირობს მარტო“. ოთხმოც წელს გადაცილებული ჟან-ლუკ გოდარი დღესაც შესაშური პროდუქტიულობით განაგრძობს მუშაობას, უკანასკნელ კანის ფესტივალს წარუდგინა ნამუშევარი სახელწოდებით „სოციალიზმი“. იგი ფილმების გადაღებას არ შეწყვეტს, ვიდრე „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.

2 Responses to სამი რეჟისორი – სამი დასაწყისი, III

  1. beqa says:

    აი შენ ბლოგზე ვაფრენ ვგიჟდები ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს ის პოსტები რომლებიც ეხება მოგზაურობას დზალიან დზალიან როცა ცუდ ხასიატზე ვარ ხოლმე შენს ბლოგს ვკითხულობ. პატარაოობიდანვე დზალიან მიდოდა მოგზაურობა და სხვა ქვეყნის ნახვა დაეხლა ხომ სულ ცუდ ხასიატზე ვარ სულ ვფიქრობ რომ გავიზრდები იმედია წავალ და ა შ. და სჰენი ბლოგი კარგ ხასიატზე მაყენებს დზაან მიყვარს და იმედია რო გავდები 20 25 წლის მეც სჰენნაირად წავალ ან ოცნებასჰი არ ვიცი ;(

    • guniah says:

      უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა :) ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს შევძლებთ, თუ მართლა მოვინდომებთ, მათ შორის მოგზაურობას :) ისე კი მეც მომენატრა მოგზაურობა :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.