სამი რეჟისორი – სამი დასაწყისი, I
September 16, 2011 Leave a comment
დუელი (1971) – სტივენ სპილბერგი
- შენ უნდა იყო ბინძური, ოფლიანი, არამზადა ნაბოზარი
- ბიჭუნა, შენ საჭირო კაცი დაიქირავე
თანამოსაუბრეთაგან ერთ-ერთი – „საჭირო კაცი“ – კასკადიორი კერი ლოფტინი იყო, ფილმის მთავარი ანტაგონისტი და რკინის ლევიათანის მესაჭე, რომლის მკლავი თუ გამოჩნდება მთელი „დუელის“ მანძილზე. 25 წლის ახალბედა რეჟისორის ახირებული ჩანაფიქრით, ფილმში სწორედ ეს იყო ყველაზე საშიში. „ბიჭუნა“ კი თავად რეჟისორი, რომელსაც გუშინდელივით ახსოვდა თავისი ბარ-მიცვა. მცირე ხანში მისგან მეფე მიდასი დადგება, ოქროდ რომ გადააქცევს ყველაფერს, რასაც კი ხელს შეახებს. „დუელის“ ტიტრებში მაყურებელმა პირველად იხილა ოქროს სიტყვები „რეჟისორი – სტივენ სპილბერგი“. მაშინ ალბათ ქალბატონი ლეა ადლერიც ვერ ირწმუნებდა, რომ მცირე ხანში მხოლოდ მისი შვილის გვარის გამოჩენა თავდები გახდებოდა წარმატებისთვის.
პირველად სპილბერგის ხელი, რიჩარდ მეთისონის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ და „ფლეიბოის“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებულ პატარა მოთხრობას შეეხო. მოთხრობა სტუდია „უნივერსალის“ ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორს პირადმა მდივანმა მიაწოდა, რომელიც ჟურნალში მომავალი ფილმის იდეებს დაეძებდა. „დუელი“ კალიფორნიის უდაბნოს გზატკეცილებზე ვითარდება, მისი მთავარი პერსონაჟები მსახიობებთან ერთად ფაქიზი წითელი „პლიმუთ ველიანტი“ და უხეში ავტომობილი-ცისტერნა „პეტერბილტ 281“ არიან. ამ უკანასკნელის „მაკიაჟზე“ პირადად რეჟისორის დასტურით მთელი გადამღები ჯგუფი ზრუნავდა – ყოველ კადრზე უფრო აუშნოვებდნენ მას. კლდიდან გადმოვარდნის კულმინაციურ ეპიზოდში სატვირთოს ოფლიან და ბინძურ მძღოლს გვარიანად უნდა ეყოჩაღა, რათა ბოლო წამს გაეშვა ხელი საჭისთვის და გადმომხტარიყო – მანქანა ხომ ერთი იყო,შესაბამისად დუბლიც ერთი.
ფილმის დასაწყისში კამერა მოძრაობს სხვა მთავარი პერსონაჟის „პლიმუტის“ თვალთახედვით. მისი მეპატრონე, დენის უივერის პერსონაჟი მანქანის სრული ალიკვალია – ჯერ ვერ გადაუწყვეტია, თუ რა პასუხი გასცეს კაცს, რომელიც მისი ცოლის გაუპატიურებას ცდილობდა. ფინალში კი მაყურებლის წინაშე თვითნასწავლი მკვლელი დგას, რომელიც მსხვერპლს ზემოდან დასცქერის და კენჭებს ესვრის. ერთი შეხედვით ისეთმა უწყინარმა გარემოებამ, როგორიც საგზაო დუელია, ასეთ ასფალტის ჯუნგლებში ყველაზე უწყინარ კაცშიც გააღვიძა თავდაპირველი თვითგადარჩენის ინსტიქტი.
„დუელში“, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, პირველად გაისმა დინოზავრის ხმის ეფექტი, რომელიც სპილბერგმა კიდევ მრავალჯერ დაიხმარა. გადაღების რეკორდულად ხანმოკლე პროცესი – თორმეტი დღე – უკვე 65 წელს მიღწეული რეჟისორისთვის პირად მიღწევად გადაიქცა. ახლობლებს კი გამოუტყდა ერთხელ: „წელიწადში ორჯერ მაინც ვუყურებ ამ ფილმს, რათა გავიხსენო თუ რა გავაკეთე.“

Recent Comments