სამი რეჟისორი – სამი დასაწყისი, III

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე (1960) – ჟან-ლუკ გოდარი

ჯორჯ ბერნარდ შოუს ერთი პიესის სახელწოდება რომ მოვპაროთ, საფრანგეთს ყოველთვის მოსწონდა ‘საბედისწერო ადამიანები’, რომლებიც  რკინის ხელით უძღვებოდნენ ქვეყანას. საფრანგეთი ხომ მარიანაა, თავისუფლების მოყვარე, მაგრამ მაინც დაუცველი და სუსტი არსება, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად მოსწონს რობესპიერის მსგავსი გარეწარი, მაგრამ ძლიერი პერსონები. გენერალ დე გოლის მიერ მეხუთე რესპუბლიკის დაარსებიდან ორი წლის თავზე, ქვეყანაში სხვა რევოლუციამ იფეთქა, ახალმა დიქტატორმა ნაპოლეონივით თვითნებურად დაიდგა გვირგვინი თავზე. მას ერქვა ჟან-ლუკ გოდარი, ხოლო მის საიმპერატორო კორონაციას – „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.

მაინც ვინ ააგორა ფრანგული რევოლუციის ახალი  ტალღა (Nouvelle Vague)? ყველა ამ აჯანყებულის სახელი და გვარი ფილმის არარსებულ ტიტრებმა გათქვა. რეჟისორი – ჟან-ლუკ გოდარი, იდეის ავტორი – ფრანსუა ტრიუფო, პროდუქციის დიზაინერი და ტექნიკური მრჩეველი – კლოდ შაბროლი, ჟან-პიერ მელვილი მწერალ პარვულესკოს როლში, ნაბოკოვს რომ წააგავს მანერებში. ფილმში გოდარსაც აქვს თავისი კამეო – იგი უნაკლოდ ასრულებს ჩამშვებს. თითქოს, ჟურნალ Cahiers du Cinéma-ს რედაქციამ ერთ წვეულებაზე მოიყარა თავი.

თავად ფილმი მაყურებელს შეაყვარეს მსახიობებმა – ჟან-პოლ ბელმონდომ და ჯინ სიბერგმა, ისევე როგორც ამ ფილმმა შეაყვარა ისინი მაყურებელს. თუ ამერიკას ჰყავდა ჯეიმს დინი, საფრანგეთი რატომ უნდა ჩამორჩენოდა მას. უფრო მეტიც, „ჰიპნოტურად უშნო“ მსახიობმა დაამკვიდრა „ბელმონდიზმი“ და ახალგაზრდა მეამბოხე შეუდარებელი ღიმილით ევროპული ახალგაზრდობის თაყვანსაცემ კერპად გადაიქცა. საფრანგეთის უპირველეს კინო-სიმბოლოდ ჟან გაბენისა და ჟერარ დეპარდიეს ზეობის შუა პერიოდში გახდა ერთი მსახიობი მოკრივის ჩატეხილი ცხვირით. ფილმში ჟან-პოლ ბელმონდოს პერსონაჟი მიშელ პუაკარი გალანტურ ჰოლივუდელ ჰამფრი ბოგარტს ბაძავს, ფილმის შემდეგ კი უორენ ბიტის, ალ პაჩინოს, ჯეკ ნიკოლსონისა თუ შონ პენის მთელი წყება პერსონაჟები მიშელ პუაკარის პირმშოებს წარმოქმნიან. „ის იქცა სიმბოლოდ ამერიკელი ქალისთვის, რომელიც პარიზში წასვლაზე ოცნებობს, რათა გახდეს ჯინ სიბერგი“ – წერდა გაზეთი „თაიმსი“. სამოციანი წლების დასაწყისში მოდაში შემოვიდა ვარცხნილობა „ა ლა ჯინ სიბერგი“. ეს არც არის მოულოდნელობა, უბრალოდ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდათ პარიზის ქუჩებში New York Herald Tribune-ის ჩამომრიგებელი ბავშვურსახიანი ამერიკელი პატრისია ფრანკინი, რომელიც გონებაში სორბონის გეგმებს აწყობდა.

თავმოყვარე კინომანებს არ ესწავლებათ, თუ როგორ შექმნა გოდარმა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“. ალბათ იმას არ ეწოდება ფილმის სცენარი, რაც გოდარს გადაღებამდე ხელში ეჭირა. იგი გადაღების დილას წერდა დიალოგებს, მსახიობებს კი სასწავლებლად უმცირესი დროის და თითო-ოროლა რეპეტიციის ფუფუნებას თუ აძლევდა. მრავალ ადგილას გადაღების უფლებაც არ ჰქონდა მიღებული და, როგორც მიშელ რუაკარი უცნობი დერეფნებით გადადის შანზ-ელიზეზე და უპარდონოდ იპარავს სხვის ფორდს თუ სიტროენს, გოდარიც უკანონოდ მოქმედებს და სამართალდამცავთა თვალს ემალება. უსახსრობის გამო პარიზის ქუჩებში იგი ოპერატორს ინვალიდის სავარძლით დააქროლებს. ამით მან სპონტანურობის ელფერი და საუკეთესოდ გადმოცემული პარიზული მაჯისცემა შემატა ფილმს. დასრულებული ნამუშევარი ნახევარი საათით უფრო გრძელი გამოვიდა, ვიდრე თავად რეჟისორს ენება. სცენების ამოღების ნაცვლად მან კადრების ინტერვალი შეკვეცა, თითქოს მაკრატელით ამოჭრა ის, რაც მოსაბეზრებლად მიიჩნია. შედეგად შეიქმნა ნოვატორული „ნახტომი კადრები“. ევროპელ რეჟისორებს განსაკუთრებით უყვართ „კულტურული ვინეგრეტის“ მომზადება, გოდარსაც ფილმში შემოჰყავს მოცარტის მუსიკა, პიკასოს და რენუარის რეპროდუქციები, დილან ტომასის რითმები, ფოლკნერის სიტყვები „დარდსა და არაფერს შორის, ვირჩევ დარდს“ („შენ იცი ფოლკნერი? ვინ არის? მასთან იწექი? არა, ვერ მოვასწარი, მაშინ არ მაინტერესებს“). ამას თან ერთვის ცნობილი ფრანგი ჯაზ-მუსიკოსის მარსიალ სოლალის ღვთაებრივი გაფორმება და მეტი რა ინგრედიენტი არის საჭირო შედევრის შესაქმნელად? რჩება მხოლოდ გოდარის პირადი, საფირმო საიდუმლო.

როგორც ცნობილია, ყოველი ტალღა ადრე თუ გვიან გადაივლის ხოლმე, რაც არ უნდა დამანგრეველი შედეგები დატოვოს მან. ფრანგულიც არ ყოფილა გამონაკლისი. სამოციანების მთავარი ინოვატორი გოდარი თავის მემარცხენეობასა და დაუსრულებელ ექსპერიმენტებში აირია, მივიწყებული საბჭოთა დოკუმენტალისტი ძიგა ვერტოვი ამოიჩემა და შემოკრებილ ჯგუფს მისი სახელი უწოდა. ერთ დროს „ახალი ტალღის“ რეჟისორთა ფავორიტი ბელმონდო კომედიებში ჩაიკარგა და ლამის კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა. ჯინ სიბერგმა ვერაფრით იპოვნა პირადი ბედნიერება, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და 41 წლის ასაკში თავი მოიკლა. დიდი მექსიკელი მწერლის, კარლოს ფუენტესის თქმით, იგი დარჩა „ქალღმერთად, რომელიც ნადირობს მარტო“. ოთხმოც წელს გადაცილებული ჟან-ლუკ გოდარი დღესაც შესაშური პროდუქტიულობით განაგრძობს მუშაობას, უკანასკნელ კანის ფესტივალს წარუდგინა ნამუშევარი სახელწოდებით „სოციალიზმი“. იგი ფილმების გადაღებას არ შეწყვეტს, ვიდრე „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.

სამი რეჟისორი – სამი დასაწყისი, II

მოქალაქე კეინი (1941) – ორსონ უელსი

„მოქალაქე კეინი“ არის კინოკრიტიკოსთა საყვარელი პასუხი კითხვაზე, თუ რომელია ყველა დროის საუკეთესო ფილმი. მეტიც, პულიცერის პრემიის მფლობელ კრიტიკოს როჯერ ებერტის აზრით, „საკითხი მოგვარებულია: მოქალაქე კეინი ოფიციალურად არის  საუკეთესო ფილმი“.

ყველა დამწყები და უფულო რეჟისორი, თვით ედ ვუდის ჩათვლით, ოცნებობს გახდეს მეორე ორსონ უელსი და პირველივე სრულფასოვანი ნამუშევრისთვის შემოისხას გენიალობის მანტია. მათ საუკეთესოდ იციან „მოქალაქე კეინის“ შექმნის ისტორია: იმჟამინდელი რადიოს ვარსკვლავბიჭუნამ, რომელმაც ჰერბერტ უელსისეული „სამყაროთი ომების“ რადიო-დადგმით უცხოპლანეტელების შემოსევაზე აალაპარაკა დაპანიკებული ამერიკელები, გარკვეული ხნით გარესამყაროს მოსწყვიტა რამდენიმე ადამიანი და შექმნა შედევრი. ეს რამდენიმე ადამიანი იყვნენ ჰოლივუდიდან განდეგილი, სცენარების ალკოჰოლიკი მწერალი, ინოვატორი ოპერატორი, ნიუ-იორკის სცენის მსახიობები, თავისი საქმის ოსტატი კინოს ხალხი. ორსონ უელსს სტუდიისგან მოპოვებული ჰქონდა სრული კარტ-ბლანში და გასაიდუმლოების პირობა. ჟურნალისტებმა ის იცოდნენ, რომ ორსონი „ფაუსტის“ ადაპტაციას იღებდა. როგორც იგი მოგვიანებით დანანებით შენიშნავს, ჰოლივუდში მეტჯერ არასდროს ჰქონია ასეთი შეუზღუდავი თავისუფლება, თორემ ვინ იცის, კიდევ რას შექმნიდა.

ვინ არის ჩარლზ ფოსტერ კეინი? თავად ორსონ უელსის სიტყვებით, „გმირი, არამზადა, კაი ტიპი,  დიდებული შეყვარებული, დიდი ამერიკელი მოქალაქე და ბინძური ძაღლი. გააჩნია ვინ საუბრობს…“ მეგალომანიაკალური მედია-მაგნატი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს მსოფლიოს თავის კანონებს უწესებს სიმდიდრით არნახული რეზიდენცია-ერმიტაჟიდან, სადაც ყველაფერი აქვს, სხვა თუ არაფერი, ნოეს შემდეგ ყველაზე დიდი ზოოპარკიც. მისი უკანასკნელი სიტყვა Rosebud იქცევა კინოს ისტორიაში ყველაზე დიდ ენიგმად, რომელიც ერთდროულად ყველაფერს ნიშნავს და არაფერს. როგორც ერთხელ შენიშნეს, ფილმი ხსნის თუ რა არის Rosebud და არა, თუ რას ნიშნავს იგი. საგულისხმოა, რომ მარხილი Rosebud 1982 წელს სტივენ სპილბერგმა დიდი თავდადებით შეიძინა აუქციონზე და საბეჭდი მანქანის გვერდით მიუჩინა ადგილი, „იგი ყოველთვის შემახსენებს, რომ ხარისხი უპირველესია ფილმებში“. ბოლოს ორსონ უელსაც ყელში ამოუვიდა გამუდმებით კეინის ხსენება, თითქოს სხვა არაფერი გენიალური შეექმნას და 1960 წლის პარიზულ ინტერვიუში სიტყვა Rosebud-ზე განაცხადა: „ეს არის ფანდი, მართლა, მყვირალა სქემა, ფროიდიანული კომიკური ნომერი დოლარად ღირებული წიგნიდან.“

იმასაც ამბობენ, რომ აჟიოტაჟი ფილმის გარშემო იმ ადამიანის რეაქციამ გამოიწვია, რომელსაც ყველაზე მეტად წააგავდა კეინი – მულტი-მილიონერი უილიამ რენდოლფ ჰერსტი, ყვითელი ჟურნალისტიკის მამა. მხოლოდ ფილმის სახელწოდება იმდენად აცოფებდა ჰერსტს, რომ თავის მედია-იმპერიაში მისი რეკლამირება, მიმოხილვა და ხსენებაც კი აკრძალა. ბებერ მეგაზეთეს ჯერ კიდევ ახსოვდა ძველი ილეთები, თუ როგორ წამოიწყეს საუკუნეთა მიჯნაზე მან და ჯოზეფ პულიცერმა აშშ-ესპანეთის ომი. უელსი დროულად გააფრთხილეს, იმ ღამით სასტუმროს ნომერში არ შესულიყო, რადგან შიშველი არასრულწლოვანი გოგონა უმალ მკლავებში ჩაუვარდებოდა, ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმას გაიგონებდა და შემდეგ დილას მთელი ამერიკა იხილავდა თავისი საყვარელი შვილის ნამდვილ სახეს. ეს ორი კაცი ერთმანეთს სრულიად შემთხვევით სან-ფრანცისკოში, ერთ-ერთი პრესტიჟული ოტელის ლიფტში შეხვდნენ, როდესაც ორსონი კალიფორნიაში ფილმის პრემიერისთვის ემზადებოდა. ორმხრივი დუმილი რეჟისორმა დაარღვია და თავაზიანად ჰკითხა მაგნატს, თუ ისურვებდა ფილმის ყურებას. არავითარი პასუხი. ლიფტიდან გასვლისას, ორსონ უელსმა მიაძახა უილიამ რენდოლფ ჰერსტს, რომ ჩარლზ ფოსტერ კეინი დათანხმდებოდა. „კეინი ნამდვილად დათანხდებოდა“, – იხსენებდა მოგვიანებით უელსი, „ეს ხომ მისი სტილი იყო“.

მოქალაქე კეინი მეტია, ვიდრე ჰერსტის ან რომელიმე მილიონერის პაროდია, ცხრა საოსკარო ნომინაცია, კინოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული დებიუტი, ნოვატორული ხედვა, გადაღებისას ღრმა ფოკუსის შემოტანა, რადიო-ტექნიკის დანერგვა, ხმების არევა, მთელი ქალაქი ლაპარაკის შთაბეჭდილების შექმნა, მეტი ვიდრე დედააზრი, რომ წარმატებისკენ სწრაფვა თავიდანვე ფუჭია, მეტი ვიდრე საუკეთესო ფილმი – ორსონ უელსისთვის ეს არის დასაწყისიც და დასასრულიც.

ვინ არის ორსონ უელსი? ჰოლივუდური საზომებით, ჩავარდნისთვის განწირული ფილმების შექმნელი, მაგრამ დამოუკიდებელი კინოს ნამდვილი მეტრი. ევროპაში გადასახლებული ამერიკელი ექსპატრიატი პატრიარქი, კანის, ვენეციის, ბერლინის სასურველი სტუმარი. ამავე დროს, საპატიო ოსკარის გადაცემისას არგამოცხადებული ამერიკული კინო-აკადემიის წევრი, იმის მომიზეზებით, რომ ქალაქში არ იმყოფებოდა. უკვე ახალგაზრდობაში მილიონების კუმირი, სიბერეში იაპონური ვისკის იაფფასიანი რეკლამის მონაწილე. ვუნდერკინდი, რომელმაც ახალგაზრდულ ასაკში მიაღწია სრულ ტრიუმფს, ხოლო სიცოცხლე სრულ მარტოობაში დაასრულა – ჰერსტი კი არა, თავად ყოფილა კეინის პროტოტიპი. ინგმარ ბერგმანის სიტყვებით, „ყველაზე გადაფასებული რეჟისორი“. ჟან-ლუკ გოდარის თქმით კი „კინოსამყაროს ყველაზე დიდი მევალე“. გააჩნია ვინ საუბრობს…

სამი რეჟისორი – სამი დასაწყისი, I

დუელი (1971) – სტივენ სპილბერგი

-         შენ უნდა იყო ბინძური, ოფლიანი, არამზადა ნაბოზარი

-         ბიჭუნა, შენ  საჭირო კაცი დაიქირავე

თანამოსაუბრეთაგან ერთ-ერთი – „საჭირო კაცი“ – კასკადიორი კერი ლოფტინი იყო, ფილმის მთავარი ანტაგონისტი და რკინის ლევიათანის მესაჭე, რომლის მკლავი თუ გამოჩნდება მთელი „დუელის“ მანძილზე. 25 წლის ახალბედა რეჟისორის ახირებული ჩანაფიქრით,  ფილმში სწორედ ეს იყო ყველაზე საშიში. „ბიჭუნა“ კი თავად რეჟისორი, რომელსაც გუშინდელივით ახსოვდა თავისი ბარ-მიცვა. მცირე ხანში მისგან მეფე მიდასი დადგება, ოქროდ რომ გადააქცევს ყველაფერს, რასაც კი ხელს შეახებს. „დუელის“ ტიტრებში მაყურებელმა პირველად იხილა ოქროს სიტყვები „რეჟისორი – სტივენ სპილბერგი“. მაშინ ალბათ ქალბატონი ლეა ადლერიც ვერ ირწმუნებდა, რომ მცირე ხანში მხოლოდ მისი შვილის გვარის გამოჩენა თავდები გახდებოდა წარმატებისთვის.

პირველად სპილბერგის ხელი, რიჩარდ მეთისონის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ და „ფლეიბოის“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებულ პატარა მოთხრობას შეეხო. მოთხრობა სტუდია „უნივერსალის“ ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორს პირადმა მდივანმა მიაწოდა, რომელიც ჟურნალში მომავალი ფილმის იდეებს დაეძებდა. „დუელი“ კალიფორნიის უდაბნოს გზატკეცილებზე ვითარდება, მისი მთავარი პერსონაჟები მსახიობებთან ერთად ფაქიზი წითელი „პლიმუთ ველიანტი“ და უხეში ავტომობილი-ცისტერნა  „პეტერბილტ 281“ არიან. ამ უკანასკნელის „მაკიაჟზე“ პირადად რეჟისორის დასტურით მთელი გადამღები ჯგუფი ზრუნავდა – ყოველ კადრზე უფრო აუშნოვებდნენ მას. კლდიდან გადმოვარდნის კულმინაციურ ეპიზოდში სატვირთოს ოფლიან და ბინძურ მძღოლს გვარიანად უნდა ეყოჩაღა, რათა ბოლო წამს გაეშვა ხელი საჭისთვის და გადმომხტარიყო – მანქანა ხომ ერთი იყო,შესაბამისად დუბლიც ერთი.

ფილმის დასაწყისში კამერა მოძრაობს სხვა მთავარი პერსონაჟის „პლიმუტის“ თვალთახედვით. მისი მეპატრონე, დენის უივერის პერსონაჟი მანქანის სრული ალიკვალია – ჯერ ვერ გადაუწყვეტია, თუ რა პასუხი გასცეს კაცს, რომელიც მისი ცოლის გაუპატიურებას ცდილობდა. ფინალში კი მაყურებლის წინაშე თვითნასწავლი მკვლელი დგას, რომელიც მსხვერპლს ზემოდან დასცქერის და კენჭებს ესვრის. ერთი შეხედვით ისეთმა უწყინარმა გარემოებამ, როგორიც საგზაო დუელია, ასეთ ასფალტის ჯუნგლებში ყველაზე უწყინარ კაცშიც გააღვიძა თავდაპირველი თვითგადარჩენის ინსტიქტი.

„დუელში“, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, პირველად გაისმა დინოზავრის ხმის ეფექტი, რომელიც სპილბერგმა კიდევ მრავალჯერ დაიხმარა. გადაღების რეკორდულად ხანმოკლე პროცესი – თორმეტი დღე – უკვე 65 წელს მიღწეული რეჟისორისთვის პირად მიღწევად გადაიქცა. ახლობლებს კი გამოუტყდა ერთხელ: „წელიწადში ორჯერ მაინც ვუყურებ ამ ფილმს, რათა გავიხსენო თუ რა გავაკეთე.“

Follow

Get every new post delivered to your Inbox.