ახირებული მენელიკ მეორე

ეთიოპია საოცარი ქვეყანაა. აქ მუსოლინის ტანკებს შუბებით ებრძოდნენ, აქაური კალენდრით ჯერ 2003 წელი ილევა, ამ ქვეყნის დედაქალაქში ყველაზე ძვირი ტაქსი ლურჯად შეღებილი „ნოლშესტებია“, აქაური უნიკალური დამწერლობა ჩვენსას წააგავს, ბობ მარლისთვის ამ მდებარეობდა აღთქმული ქვეყანა, აქედანაა წარმოშობით ყავა და აბებე ბიკილა, აქაურ უძველეს ქრისტიანულ ეკლესიაში პილატე წმინდანია და ეგზორციზმი დაშვებულია. წინა საუკუნის დასაწყისში ეთიოპია ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო შავ კონტინენტზე (ლიბერიასთან ერთად), თანაც იმპერია. იმ დროს ქვეყანას მენელიკ მეორე მართავდა, თავისი დროის კოლორიტი, პირველი ხელის დამრტყმელი და კაი პურის მჭამელი კაცი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენთან ეს ახირებული პიროვნება ალბათ არავის ეცოდინება წყალწაღებული ვიკიპედიის ჭიების გარდა, ამიტომ ამ პოსტით მინდა გავიხსენო და საკადრისი პატივი მივაგო თავისი ქვეყნის ღირსეულ მამულიშვილს.

შეგახსენებთ, რომ ეს მენელიკ მეორე იყო, 1890-იან წლებში რომ კუდით ქვა ასროლინა იტალიელებს და ევროპულ არმიას აფრიკაში პირველი დამარცხება აგემა. გაგიკვირდებათ და, მენელიკი რუსოფილი მმართველი იყო, მას სიგიჟემდე უყვარდა რუსული კულტურა, მეგობროდა პოეტ ნიკოლაი გუმილიოვთან და ფიქრობდა, რომ მხოლოდ რუსეთი თუ შეაჩერებდა ბრიტანეთის კოლონიალურ ექსპანსიას. მისი პირადი სიმპათიების გამო, პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთის სამეფო კარი სერიოზულად ფიქრობდა სამხედრო კონტიგენტის გაგზავნაზე და ფეხის მოკიდებაზე აფრიკაში.

როგორც თავისი ერის მამა, მენელიკ მეორე ყოველმხრივ ზრუნავდა ქვეყნის განვითარებაზე და ცდილობდა არ ჩამორჩენოდა თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ერთხელაც მან შეიტყო, რომ დასავლეთში დამნაშავეებს ახლებური მეთოდით – ელექტროსკამის გამოყენებით სჯიდნენ. შესაბამისად მენელიკმაც თავისი სამეფოსთვის სამი ცალი შეუკვეთა. როდესაც ამანათებმა დანიშნულების ადგილს მოაღწიეს, გამოირკვა, რომ მათ ვერაფერში გამოიყენებდნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეთიოპიაში ელექტროენერგია არ იყო გაყვანილი. ეთიოპელმა დამნაშავეებმა შვებით ამოისუნთქეს, თუმცა მენელიკ მეორე არ დაბნეულა. მას არ სურდა ფული წყალში გადაეყარა და ქვეშევრდომთა თვალში დამდაბლებულიყო, ამიტომ ელექტროსკამით თავისი ძვირფასი ტახტი შეცვალა. დანარჩენი ორი კი რჩეულ პირებს დაურიგა.

მენელიკ მეორეს ერთი უცნაურობაც ახასიათებდა – ფიქრობდა, რომ ცუდად ყოფნისას გამოჯანმრთელებაში ბიბლიის რამდენიმე გვერდის მირთმევა საუკეთესოდ შველოდა. ათეულობით წელი მის საკვებ რაციონში ბიბლიის გვერდებს უებარი წამლის ადგილი ეკავა. 1913 წლის დეკემბერში უკვე მძიმე ავადმყოფი მენელიკ მეორე ლოგინად ჩავარდა, მან მთლიანი ‘მეფეთა წიგნის’ გვერდების ამოხევა და მისთვის ჭმევა ბრძანა. წიგნის სრულად შთანთქვა მას აღარ დასცალდა, ნახევარ გზაზე სული განუტევა. ფრენსის ბეკონი ამბობდა, რომ ზოგიერთი წიგნი უნდა გასინჯო, ზოგიერთი გადაყლაპო, ზოგიერთი კი დაღეჭო და მოინელო. მენელიკ მეორე კი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელმაც სამივე კომპონენტი აღასრულა.

სამწუხაროა, რომ ასეთი ‘ცოცხალი ანეკდოტი’ მეფეები აღარ იბადებიან.

P.S.

საინტერესოა, რომ მენელიკ მეორის პირადი ექიმი ქართველი ყოფილა, სახელად პავლე მერაბიშვილი, იგივე პოლ მერაბი. სორბონა-დამთავრებულ მესხ კათოლიკეს დაახლოებით ოცი წელი უცხოვრია ეთიოპიაში და ადის-აბებაში პირველი აფთიაქიც დაუარსებია სახელწოდებით “La Géorgie”.

5 Responses to ახირებული მენელიკ მეორე

  1. lomski says:

    ეს ახირებული პიროვნება ალბათ არავის ეცოდინება წყალწაღებული ვიკიპედიის ჭიების გარდა – ვინ იგულისხმე, დიეგოს სული ნუ წაგიწყდება :)

  2. fmagellan says:

    ვაა, მივავიკიპედიე და ამ პატივცემულს ქართველი ლეიბ-მედიკი ყოლია თურმე, პეტრე მერაბიშვილი, აკა პოლ მეღაბი. გელა, სად ხარ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.