სულ სხვა იუმორი
July 27, 2011 3 Comments
არასდროს არაფერი მომწონდა მასაზე გათვლილი, მათ შორის არც იუმორი, ამიტომ ყოველდღიურ ხუმრობებს ყოველთვის ვამჯობინებდი თითქოს შემთხვევით გასროლილ bon mot-ს (ამ წამს ვიკოკეტე და მახვილი სიტყვის მაგივრად მჟღერი ფრანგული სინონიმი დაგახვედრეთ). მათ შორის კი ისეთივე სხვაობაა, როგორც ბანალურ ქმარსა და არაპროგნოზირებად შეყვარებულს შორის. ამას წინათ ერთი უცნაურობა ამეკიდა და ლამის დამაკომპლექსა კიდეც – საპასუხო რემარკა გვიან მახსენდება, როცა უკვე ეპიზოდი ჩავლილია და მეც თითზე კბენა თუ დამრჩენია. თურმე ნუ იტყვით და ენაკვიმატობაში გაწვრთნილ ფრანგებს ჰქონიათ ამგვარი შეგრძნების აღმწერი ტერმინი – ‘კიბის ჭკუა’ (L’esprit de l’escalier) და მის წარმოშობას ერთ თავისებურ ამბავს უკავშირებენ. რიგით სადილობაზე XVIII საუკუნის ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს ჟაკ ნეკერს წაკბენაზე ვერაფრით უპასუხია და თავის მართლება ამგვარად უცდია – ‘ჩემნაირი მგრძნობიარე კაცი, ასეთი პაექრობით შეფიქრიანებული, იბნევა ხოლმე და მხოლოდ მაშინ იაზრებს ნათლად პასუხს, როდესაც უკვე კიბეზე ჩამოდის.’ ჟან-ჟაკ რუსოსაც ‘კიბის ჭკუის’ ძველი წყენა ჰქონია, თავის ავტობიოგრაფიაში იგი მას მიზანთროპად გადაქცევაში ადანაშაულებს და ირწმუნებოდა, რომ ამის გამო მიმოწერაში გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბლოგზე სამთვიანი დუმილი წინა აბზაცის გამო არ დამირღვევია. რამდენიმე დღის წინ ასეთი დასახელების წიგნი – ‘უელერიზმების ლექსიკონი’ – ჩამივარდა ხელთ (უფრო სწორედ, თვალთ, ვინაიდან ქსელში ხეტიალისას შემომხვდა) და ჩემთვის აქამდე უცნობი იუმორის სტილი აღმოვაჩინე. ჩარლზ დიკენსის უკვდავ ‘პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში’, რომელიც ვერა და ვერ წავიკითხე, ერთ-ერთი პერსონაჟი სემ უელერი ტრივიალური ან მყარად დამკვიდრებული გამოთქმებით ან სულაც ანდაზებით ხმალაობს, შედეგი კი არაორდინალური იუმორის ეფექტია. ფაქტობრივად, ის ანტი-ანდაზებს ქმნის, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: ფრაზა, მთქმელი და სახუმარო ახსნა. უელერიზმი უელერამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა და მისით ჯერ კიდევ ძველი შუმერები იქცევდნენ თავს. ჩვენამდე შემონახული უძველესი ლურსმული უელერიზმი ამგვარად გამოითქმის: ‘გარდასული დროების მძიმე უღელი დავიწყებულია – თქვა ვირმა და ბარგი მოიშორა’. პირველი ინგლისური უელერიზმი მეშვიდე საუკუნეში მოღვაწე ბედა ღირსს მიეწერება, შემდგომში ჟანრის ნამდვილი ადეპტები გახდნენ ჩოსერი, შექსპირი, ჯონსონი, სვიფტი და დეფო. უელერიზმების ოქროს ხანა XIX საუკუნეს უკავშირდება, როდესაც სატირულმა ჟურნალმა ‘პანჩმა’ იგი ლამის კალამბურს დაატოლა და მისგან მახვილსიტყვაობის ქვედარგი გამოძერწა. უელერიზმების ისტორიის გაცნობით თავს აღარ შეგაწყენთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ და სათითაოდ ნარჩევ მათ ნიმუშებს წარმოგიდგენთ. შესაძლებელია, თქვენ ამგვარი იუმორი გეუცხოვოთ, რადგან როგორც ჰანიბალ ლექტერი ამბობდა – ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო.
თითქმის დამიყოლიე ქრისტიანობაზე გადმოსვლაზე – უთხრა ებრაელმა შემწვარ ღორის ხორცს.
ბიზნესი სიამოვნების წინ – თქვა ქმარმა, როდესაც ცოლს აკოცა და საყვარელთან გაეშურა
ეს კვირა ჩინებულად იწყება – თქვა ორშაბათს სიკვდილმისჯილმა
ჩვენ მხარეს გადმოდი – უთხრა ხალხმა ქალაქის ქუჩაში მოსეირნე ლედი გოდივას
რაღაც უკეთესია, ვიდრე არაფერი – თქვა მგელმა და ტილი გადაყლაპა
მთელი ცხოვრება თქვენგან ვიქნები დავალებული – უთხრა კაცმა მევალეებს და ავსტრალიაში გაიქცა.
მორჩა, ვეღარ ვუშველით, დაგვრჩენია მხოლოდ ნუგეში – ამბობდნენ ძველად თურქეთში, როდესაც უდანაშაულოს სხვის მაგივრად აჭრიდნენ თავს
ბევრი ხმაური და ცოტა მატყლი – თქვა ეშმაკმა, როდესაც გაპარსა ღორი
მე ძალიან მაგარი ვარ – თქვა ბებერმა ინდაურმა, როდესაც შენიშნა ფარმერის რემარკა, თითქოს ის შიშობდა, რომ ლონდონის ბაზრისთვის ინდაურის დაკვლა მოუხდებოდა
დაე, წყალმა წაიღოს მთელი სამყარო – თქვა ბუზმა, ჩაძირვისას
ღირდა კი ამდენი ხნის ტანჯვა, რათა გამეგო ასე ცოტა – თქვა ბიჭმა, როდესაც ანბანის დასასრულს მიუახლოვდა



რა დიადია ეს გუგლი რო ამ ბლოგზე გადმომაგდო ^^ პოსტიც და ბლოგიც უსასტიკესად მომეწონა +1 ^^
იხარე, უღრმესი მადლობა
)))
ჩვენ მხარეს გადმოდი – უთხრა ხალხმა ქალაქის ქუჩაში მოსეირნე ლედი გოდივას
ეს ვერ გავიგეე
((