მიმოსვლა ევროპის გულისკენ: ვილნიუსი
January 26, 2011 Leave a comment
ვილნიუსი ხულიგნური ქალაქია, ამიტომაც მხოლოდ აქ დაუდგამდნენ ძეგლს პირველ ხულიგანს – ფრენკ ზაპას. თავისი ხულიგნობით ერთი მე ვერ გამაკვირვებენ, 90-იანების თბილისში გაზრდილს და მეორე ძირძველ ბელფასტელს. აქაური ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელია ბაროკოს სტილში შესრულებული ეკლესიები და მათ გვერდით გრაფიტის ჟანრში მოხატული კედლები. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს კონტრასტი მომწონს თანამედროვე ვილნიუსში და ამით გამოვარჩევ მას სხვა ბალტიური დედაქალაქებისგან.
მეტი თვალსაჩინოებისთვის მაგალითსაც მოვიყვან. ყველა აქაური ტაძრისგან სილამაზით გამოირჩევა წმ. ანას კათედრალი. იგი იმ ავბედით 1812 წელს ნაპოლეონის მრავლისნანახ თვალს მოსწონებია და დანანებით უთქვამს კიდეც, “რომ შემეძლოს ხელის გულზე დავისვამდი და პარიზში დავასვენებდიო”. ორი ნაბიჯი წმ. ანას კათედრალიდან და მდინარე ნერისის მეორე მხარეს უზუპისი იწყება, აქაური ბოჰემის პულვერიზატორებით მოხატული უბანი (სახელწოდება უზუპისი თავად ნიშნავს “მდინარის მეორე მხარეს”). 1997 წლის 1 აპრილიდან უზუპისი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა 17 კაცისგან შემდგარი არმიით და საკუთარი უნიკალური კონსტიტუციით ამგვარი მუხლებით: ‘ყველა ძაღლს აქვს უფლება იყოს ძაღლი’, ან ‘ყველა ადამიანს აქვს უფლება არ ჰქონდეს უფლება’. მსოფლიოში ალბათ მხოლოდ აქ შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პირადი ნახატების გამოფენა მოიწყოს და ნებართვის ძიება არავისგან დასჭირდეს, რადგან ეს არის უზუპისი – თავისუფალი ქალაქი ქალაქში.
ყველა ქალაქიდან ვილნიუსმა გამახსენა თბილისი. აქ მთავარი ქუჩა ჟედიმინასის პროსპექტია, სადაც მდებარეობს ცნობილი თეატრი, ოკუპაციის მუზეუმი და ლამის ღირსშესანიშნაობად ქცეული მაკდონალდსის შენობა (რამეს ხომ არ გაგონებთ?).
ეს ახლაა ხულიგნური ვილნიუსი ლიტვის დედაქალაქი, თორემ საუკუნის დასაწყისში აქ ებრაელები ისევე შეადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას, როგორც თბილისში – სომხები. შემდეგ მოზვიადისტო პირველი რესპუბლიკის მთავრობის და ნაცისტების ხელის წახმარებით ებრაელთა გეტოები სამუდამოდ გაქრა. დევნილმა ლიტვაკებმა იგივე ლიტველი ებრაელებმა კი თავიანთი კვალი დატოვეს მსოფლიო კულტურაში, ზოგმა ესპარანტო შექმნა, ზოგმა კი (მაგალითად შაბთაი ზისელ ცვაი ციმერმანმა) ბობ დილანის სახელი და გვარი აიღო. თუ ოდესელმა ებრაელებმა ტრამვაის ლოდინისას ცნობილი 7:40 დაწერეს, ერთმა ლიტვაკმა აბრაამ იდელსონმა არანაკლებ განთქმული ‘ჰავა ნაგილა’ შექმნა.
ვილნიუსში მივხვდი, რომ დავიღალე. ადრე თუ გვიან ყველაფერი მოსაბეზრებელი ხდება, მათ შორის, ასეთი მიმოსვლაც.

Recent Comments