მიმოსვლა ევროპის გულისკენ: ბრატისლავა
January 26, 2011 Leave a comment
ბრატისლავაში ამოვისუნთქე. ამოისუნთქვა თვალმა რენესანსით, ბაროკოთი თუ არტ-ნუვოთი გაჯერებული დღეების შემდეგ, ამოისუნთქა კუჭმა ვენური შტრუდელების და საკონდიტრო ნაწარმის შემდეგ, ღრმად ამოისუნთქა ჯიბემაც. ბრატისლავის სიიაფის სტერეოტიპი ჩვენთან ‘ევროტურის’ შემდეგ დამკვიდრდა და შედეგად სლოვაკეთის დედაქალაქზე საქართველოდან წამოსული ყველა კითხვა აქაურ ფასებს ეხებოდა. ბრატისლავა ყველა მხრივ მართლაც რომ იაფი ქალაქია, საცხოვრებლადაც და სალაღობოდაც. ასე განსაჯეთ, მთავარ პაბ-რესტორანში, სადაც ადრე გულანთებული დისიდენტები სამშობლოს ბედ-იღბალს განიხილავდნენ, ოთხ ევროდ გემრიელად გეახელით – სლოვაკური სამზარეულოს მარგალიტი ჩესნაკოვა პოლიევკას (ნივრის სუპი პურში, პაემნისთვის ნაკლებად გამოსადეგი) ზედ დაყოლებული ადგილობრივი კოფოლათი (მომწკლარტო კოლის მსგავსი არაალკოჰოლური სასმელი).
ბრატისლავაში მარტო არ ვყოფილვარ. მასპინძლობა და მეგზურობა ჩემმა კურსელმა და მეგობარმა, ამავე დროს წესიერმა კაცმა, გიორგი ბობღიაშვილმა გამიწია. ღამეც აქაურ სტუდენტურ საცხოვრებელში გავათენე, სადაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა დალხენილ პირობებში მიცხოვრია ტარტუში. ესტონური ‘დორმისგან’ განსხვავებით, ეს გაცილებით უფრო გახსნილი აღმოჩნდა და მცირე ხანში ვეჭვობ მთელ სართულს მოედო ჩემი იქ სტუმრიანობის ამბავი. თვალებაციმციმებული ლიტველი გოგონები ისეთ კითხვებს მისვამდნენ მათთვის უცნობ ქალაქებზე, რომ თავი შუასაუკუნეების ვენეციელი ვაჭარი მეგონა და მონათხრობს ლეგენდების ელფერს ვაძლევდი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ცოტა გული კი დამწყდა, შემდეგ დღეს რომ მიწევდა აქედან აბარგება.
ჩასვლამდე ბრატისლავისგან ვენის რომელიმე გარეუბანზე მეტს არ მოვითხოვდი. ისე კი, ბრატისლავაში რომ ეცხოვრა, არამგონია იოზეფ უმცროსს აქაური დუნაის არცთუ ცისფერ ტალღებში შთაგონების წყარო ეპოვნა. ეს ორი დედაქალაქი ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ თავისუფლად შეგიძლია ერთში იცხოვრო და მეორეში იმუშავო ან ისწავლო. ერთიდან მეორეში მისასვლელად სულ რაღაც 55 წუთი სჭირდება მატარებელს, რომელიც საათის ინტერვალებით მოძრაობს.
ბრატისლავაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რითაც ვენა ვერ დაიკვეხნის და მისი შეშურდება: ქალაქური ლეგენდები. ევროპული მასშტაბებით ბრატისლავა ახლაც მცირე ზომის დედაქალაქია სულ რაღაც ნახევარი მილიონი მოსახლეობით, ადრე აქაური სტარე მესტო (ძველი ქალაქი) ალბათ ერთი ოჯახივით იცხოვრებდა და ხარაგაულის რიგითი სოფელივით ყველას ყველას ყველაფერი ეცოდინებოდა. ბრატისლავის ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში თქვენ შემოგხვდებათ კუმილი, ნაპოლეონის ჯარისკაცი, ლამაზი იგნაცი და ჩასაფრებული პაპარაციც კი. პანსკას და რიბარსკას გადაკვეთაზე კარგად მიმოიხედეთ, რათა შემთხვევით ფეხი არ წამოსდოთ დღენიადაგ მომუშავე კუმილს, რომელიც დაბლა მიწიდან გამვლელებს აკვირდება.
ბრატისლავის მთავარ მოედანზე კი ნაპოლეონის მოხეტიალე ჯარისკაცმა დაიდო ბინა. როგორც ამბობენ, ბრძოლებში დაჭრილ ჰუბერტს აქ სიყვარულის იარა შემატებია და ადგილობრივი ძიძად მომუშავე ქალის გულისთვის სამუდამოდ აქ დარჩენა გადაუწყვეტია. ჯარისკაცს სიცოცხლის ბოლომდე თავი ჭეშმარიტად ფრანგული ტრადიციით დამზადებული ღვინის წარმოებით ურჩენია, დღეს მისი სახელი კი ადგილობრივ ღვინის ინდუსტრიაში ძვირადღირებულ ბრენდადაა ქცეული. ქალაქის სხვებზე არანაკლები კოლორიტია წარმოშობით უნგრელი იგნაც ლამარი, რომელსაც დიდი თუ პატარა ლამაზი ნაცის სახელით იცნობდა. უბრალო მეწაღის შვილ და განთქმული ჯამბაზის შვილიშვილს უპასუხო სიყვარულის ტრაგიკული ხვედრი რგებია. მიუხედავად ბედისა და გაჭირვებისა, იგი მთელი ცხოვრება გალანტურ სამოსში გამოწყობილი დაიარებოდა ბრატისლავის ძველ ქუჩებში, თითქმის 40 წლის განმავლობაში შემხვედრ ლამაზ ქალბატონებს ყვავილებს ჩუქნიდა და ქუდის აწევით ესალმებოდა სამ ენაზე (გერმანული, სლოვაკური და უნგრული) წარმოთქმული სიტყვებით: ‘მე დაგიკოცნით თქვენს ხელებს’. ამ ყველაფერს ლაურინსკას ქუჩის კუთხეში ჩასაფრებული პაპარაცი კამერაზე დაუღალავად აფიქსირებს და ფირზე გადააქვს.
ასეთი პატარაა ბრატისლავა, აქ ადრე თუ გვიან ალბათ ყველა ნაპოლეონის ჯარისკაცს გვერდს დაუმშვენებს და იქვე სკამზე მოკალათდება.

Recent Comments