მე და გორგილა

წესითა და რიგით ახლა ხუთიდან რომელიმე ევროპულ დედაქალაქში ვოიაჟის ამბებზე უნდა ვიწერებოდე, რადგან მოგონებები გამოუწვავი თიხასავითაა, თუ გაცივდა, ვეღარაფერს გამოძერწავ. ან იქნებ მრავალსაც მობეზრებული ჰქონდეს ან ნაკლებად ადარდებდეს ორის მეგობრობა. რაც არ უნდა იყოს, ერთ პოსტს და კალმის მელანს დავხარჯავ (ვიცი, ეს ზმნა არ ეამება) დათო გორგილაძეზე. ბოლოს და ბოლოს, უკვე უიმედოდ ვაგებ 0:2-ს.

‘მე და დავითი საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ, მშობლები ტოლებში არ გვარჩევდნენ და ხშირად ერთი მეორის ტანისამოსს გვარგებდნენ. თან მოგეხსენებათ, ორივენი იმ ცნობილი 90-იანები წლების პირმშოები ვართ, ამდენი სასიქადულო მამულიშვილი და ერის დიდი მოამაგე რომ აღუზარდა სამშობლოს. შემდეგ სკოლაშიც ბედის ირონიით ერთ მერხზე დაგვსვა დაწყებითის მასწავლებელმა და მის მერე, ჯარი იქნებოდა თუ უნივერსიტეტი, დღემუდამ ერთმანეთს მხარს ვუმშვენებთ’.

ეს არის ამონარიდი იმ სიტყვიდან, რომელსაც მე წარმოვთქვამ 40 წლის შემდეგ, პოსტ-აპოკალიპტურ ხანაში, გორგილაძის პროზის რიგით საღამოზე, როდესაც მას, როგორც ქართული სიტყვაკაზმულობის სწორუპოვარ ოსტატს, სიცოცხლეშივე მოუზომავენ ადგილს მთაწმინდაზე. მხოლოდ თუნდაც იმისთვის, რომ ორიოდ წლის წინ მტკიცე უარი ექნება გაცხადებული ნანინანატრ ნობელის პრემიაზე და ყველას გუშინდელივით ეხსომება მისი მჭახე სიტყვები ‘მე მაღლა ვდგავარ ყოველგვარ მონიჭებულ ჯილდოზე’. ყურადღება თუ მიაქციეთ ზევით რაც მეწერა?! ეს ყველაფერი მოხდება პოსტ-აპოკალიპტურ ხანაში, როდესაც დაიკარგება უკლებლივ ყველა ქართველი მწერლის ნაწერი გარდა გორგილაძესი, ხოლო ჩემს სიტყვებს ვერავინ გადაამოწმებს და ფანტაზიას დავიხმარებ ჩვენი წარსულის შესათხზველად.

სინამდვილეში 14 წლის ვიქნებოდი, თბილისის სკოლებს შორის ისტორიის ჩემპიონატზე გორგილა რომ გავიცანი. უფრო სწორედ, თავად ასე ამბობს, მე მომკალით და იქიდან ვერ ვიხსენებ. იმ ბარაქიან წლებში, ზედიზედ სამჯერ მოვიგე ეს ჩემპიონატი და სკოლის მასწავლებლებისგან სრული კარტ-ბლანში მქონდა მოცემული გუნდის დაკომპლექტებისას. ამიტომაც ჩემი სკოლის გუნდში ერთი შავგვრემანი ახლახან წვერგაპარსული ბიჭის გარდა დამამთავრებელი კლასის წარმოსადეგ გოგონებს შენიშნავდით. ერთ-ერთ ეტაპზე ვაზისუბნის სკოლის ხმაურიანი გუნდი შემოგვეფეთა, ასეთ გუნდებთან ის გამოცდილება მქონდა, რომ წაგებამდე მოთამაშეები ბევრს ლაპარაკობდნენ, მათი მასწავლებლები კი ორჯერ მეტს. თამაში სამ ქულამდე გრძელდებოდა, წვალებაც არ ღირდა და ორი კითხვის შემდეგ 2:0 ‘ციმციმებდა’ ჩვენს სასარგებლოდ. შემდეგ, როგორც ჩანს, ლატენტობის პერიოდმა თავისი გაიტანა, თამაში მიმავიწყდა და ანგარიში გათანაბრდა. მიუხედავად ამისა, გორგილას მაინც არ ეწერა თავისი სკოლის ალაყაფში დაწნული გვირგვინით ტრიუმფალური შესვლა და მისი გუნდი 2:3 დამარცხების შემდეგ გამოეთიშა ჩემპიონატს.

ორი წლის შემდეგ ჩვენთვის ალბათ საბედისწერო თამაშის “რა? სად? როდის?” ერთ-ერთ ტურზე ვნახე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი მაღლივის მცხუნვარე სართულებზე ერთად მოგვიწია რამდენიმესაათიანი გადაბმული წერის ჭაპანის ზიდვა. მეგობრობა უნივერსიტეტში დავიწყეთ, ფაქტობრივად პირველსავე დღეს, როდესაც სანახევროდ კლასიკურად გამოწყობილი მივედი და მას სამარადჟამოდ სალაპარაკო მივეცი. გორგილა იყო პირველი, ვინც კი საერთოდ ‘ცოდნის ტაძრის’ ეზოში გავიცანი. შემდეგ იყო საერთო ლექციები, აუდიტორიები, დუქნები, საშაურმეები, გოგონებზე თვალების ცეცება, ერთი საეჭვო წამოწყებაც კი, სადაც რიხიანად მივედით და საბოლოოდ ყველას ნერვული სისტემის მოშლით ნაკლებად რიხიანად წამოვედით, თუმცა ოხუნჯობა აქაც შეგვრჩა. ხუმრობები იცოცხლეთ, იმდენი მოგროვდა შეგვიძლია კატალოგებად დავყოთ ან ალმანახებად გამოვცეთ შემდეგნაირად: I, II და III კურსის ხუმრობათა წელიწდეული.

ჩვენთან, უნივერსიტეტში პირველი და მეექვსე კორპუსების შენობები ჭავჭავაძის პროსპექტის დასაწყისში მოპირდაპირე მხარეს დგანან. ერთიდან მეორეში გადასასვლელად დათო გორგილაძეს შეიძლება ნახევარი საათი დასჭირდეს. არ იფიქროთ, რომ მას ნაადრევად სახსრების ტკივილი აწუხებდეს, უბრალოდ გზად შემხვედრ ნაცნობებს თუ მეგობრებს არ შეუძლია ორიოდ სალაღობო სიტყვა არ შეაწიოს. ვაი მას, ვინც ამ დროს მას თან ახლავს და ამავე დროს ეჩქარება, რადგან დათოს ნაცნობ-მეგობრების უშველებელი რიგი შესაძლოა დაუსრულებლად მოეჩვენოს.

შეიძლება იფიქროთ, რომ მთელი სტუდენტობის წლები სიცილ-ხარხარში გაგვეტარებინოს. ყოფილა ძნელბედობების ჟამნიც, რომელთა მოგვარების ხელის შეწევნაშიც საზღვრებიც არ ყოფილა დამაბრკოლებელი, თუმცა ეს ერთმანეთისთვის არასოდეს შეგვიხსენებია და ღმერთმა ნუ ქნას, აწი დაგვჭირდეს. ორივემ ვიცით, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია ‘მწმენდავის’ როლის შესრულება, აი ჰარვი კეიტელი რომ ასრულებს ტარანტინოს ‘კრიმინალურ საკითხავში’.

ეს ყველაფერი ‘კეთილი და პატიოსანი’, თუმცა დასასრულს არ შემიძლია არ გამოვტყდე ერთ ჩიქორთულ საკითხში. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა გორგილა იუმორში ბეჭებზე გავაკრა თავისავე კედლებში, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის წინ და დამარცხება თავადვე აღიაროს. ვეჭვობ გამიჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ მისი იუმორი უფროა პუბლიკაზე გათვლილი.

პატივისცემით

ირაკლი გუნია

P.S.

ჰა, გავქვითე, თუ არა?

10 Responses to მე და გორგილა

  1. გაქვითე :დ და ხურდას გეკუთვნის :)

  2. gorgiladze says:

    ჰალალი იყოს შენტვის 1 ქულა. ამიერითგან შემდეგ შეხვედრამდე 1:2 იტქმოდეს ჩე, სასრგებლოდ :) ))

    მშვენიერი იყო. როცა სათაური წავიკითხე, წავედი, ყავა მოვუდურე და ისე დავბრუნდი საკითხავად, რამეთუ ვიცოდი სიამოვნება მელოდა. მშვენიერი და ტკბილ-აზიზი რამ იყო შენს ნატიფ იუმორსა ვფიცავ :) )

  3. ალექსი says:

    რა თბილი გზავნილია! :სევდა:

  4. natato says:

    ra kargi mogonebebi gqoniat tqven:))))))))))gorgil vkitxulobdi da ise vetanxmebodi baton iraklis chorikana qalebi ro horoskopebs chausxdebian xolme tavis qancarit, tbili da sasiamovno iyo:))))))))))))))))))))

  5. kito says:

    hahaaa.. chagetvala ira :D mikvarxart dzalian

  6. ია says:

    bednierad da xalisianad chavikitxe :) )
    kargi biwebi xart <3

  7. ethnorevaz says:

    ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც ის საეჭვო წამოწყება და მასთან დართული მცირე აღიარება იყო :დ

  8. polithooligan says:

    “ფინეგალის ქელეხი” ამას რომ ამოგიგდებს კაიფი არ დაიწყო მე ვეძებდი და შემთხევით ამომიგდო შენი ბლოგი (მაინც ვერაფერში გამოვიყენე :( )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.