TV რა? სად? როდის?

გადავწყვიტე ერთად შემეკრიბა თამაშის სატელევიზიო ფორმატში დასმული ყველა ჩემი კითხვა. სიმართლე რომ ვთქვა, აქედან ყველა არ მომწონს. სტატისტიკა უაღრესად საინტერესოა, ჯერჯერობით სრული ბალანსია: ექვსჯერ მოაზროვნეებმა გამოიცნეს, ამდენჯერმე კი შეცდნენ. იმედი მაქვს, ამ მხრივ ბოლოდროინდელი ტენდენცია შენარჩუნდება.

1. 1104 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის განსაზღვრა საეკლესიო თანამდებობებზე ხელდასმის მინიმალური ასაკი. მაგალითად, ეპისკოპოსთათვის ასაკი შეადგენდა 35 წელს, მღვდელთათვის _ 30 წელს, დიაკონთათვის _ 25 წელს. რა საეკლესიო საქმიანობის მინიმალურ ასაკად განსაზღვრა კრებამ 8 წელი?
პას.: საეკლესიო წიგნის წამკითხველი (დასაშვებია წიგნის წამკითხველი).

დავით რაფავას ექვსეულმა ვერ გამოიცნო

2. ეს ლინგვისტური ტრიადა იმდენადაა გავრცელებული მსოფლიოს ხალხთა მეტყველებაში, რომ გარკვეულ ენობრივ კლიშედაც კი გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ერები თავიანთი ხასიათის მიხედვით ცვლიდნენ მასში შემავალ სიტყვებს, გამოთქმა აზრობრივად არ შეცვლილა. მაგალითად, ბენგალიურ ენაზე ტრიადა ჟღერს, როგორც Sur, Sura, Sundari; ჰინდის ენაზე _ Kabab, Sharab aur Shabab; თურქულად At, Avrat, Silah; ბრიტანელი მეზღვაურების სლენგზე _ Rum, bum, and concertina. ეს ტრიადა გვხვდება მარტინ ლუთერის თეოლოგიურ ნაშრომში და გერმანიის ჰიმნის III ვარიანტში. 1869 წელს იოჰან შტრაუსმა შექმნა ასეთი სახელწოდების ვალსი. როგორ ჟღერს ეს ტრიადა ქართულ ენაში.
პას.: ღვინო, დუდუკი, ქალები

გიორგი ლომიძის ექვსეულმა გამოიცნო

3. 1797 წლის 11 ივნისს მეფის მდივანს მანუჩარ თუმანიშვილს მეტად სასიხარულო ამბავი მიუვიდა, რაც უმალ გავრცელდა თბილისში. თანამედროვეთა მოწმობით, იმ დღეს პარაკლისი გადაიხადეს ქალაქის თითქმის ყველა ეკლესიაში და 18 ზარბაზნის სროლით შადლუღიც ააგეს. ამ ამბავზე მაშინვე თბილისში პური გაიაფდა და დავიდა დაახ. 18 კაპიკზე ლიტრა. რა სასიხარულო ამბავი მოედო თბილისს 1797 წლის 11 ივნისს.
პას.: აღა-მაჰმად ხანის მკვლელობა

ირინა ფრუიძის ექვსეულმა გამოიცნო

4. 
XV საუკუნის ცნობილი ფლამანდრიელი ფერმწერის ჰუგო ვან დერ ჰუსის ყველაზე ცნობილ ტილოს წარმოადგენს “მწყემსთა თაყვანისცემა” (პორტინარის საკურთხეველი). თქვენ წინაშეა ამ ნაწარმოების ცენტრალური ფრაგმენტი. ვან დერ ჰუსისთვის დამახასიათებელია სათქმელის სიმბოლური ნიშნებით გადმოცემა, მაგალითად მარცხენა დაბალ კუთხეში გამოსახული სანდალი აღნიშნავს წმინდა მიწას, აქვილეგიის იისფერი ყვავილი _ ღვთისმშობლის დარდს, წითელი მიხაკი _ სამებას. რის სიმბოლიზებას ახდენს ტილოზე გამოსახული თავთავების ძნა?
პას.: სახელწოდება “ბეთლემი” (არამეულად _ “პურის სახლი”)

ოთარ საბაშვილის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

5. ეკატერინე ლოლაძის მოგონებებიდან: “ჩვენი მეზობელი იაქუხჩია ერთი დევივით კაცი, ღარიბი და ღატაკი იყო. რვა ბავშვი ჰყავდა, ხან სუფს ვუგზავნიდით, ხან პურებს, ხან ბავშვების გამონაცვალს. ერთხელ იაქუხჩია მოვიდა ჩემს ქმართან, რაღაც წერილი დააწერინა ნიჟეგოროდის იარმურკაზე გასაგზავნად. ორი თვე გავიდა, იაქუხჩია ისევ შემოვიდა ჩვენსა, დამიტოვა ორი თუმანი, შენს ქმარს გადაეცი დიდი მადლობითაო. მოვიდა ჩემი ქმარი და გაიკვირვა, საიდან იაქუხჩიას ორი თუმანიო. წაიყვანა იაქუხჩიამ და უჩვენა ერთი თონე, პირამდის ვერცხლით სავსე და ორი ერბოს ქილა ოქროთი სავსე. ის დღე იყო და იაქუხჩია გამდიდრდა, დიდ საქმეებს მოჰკიდა ხელი.” დაასახელეთ ეკატერინე ლოლაძის ქმრის სახელი და გვარი.
პას.: ლავრენტი არდაზიანი
კომენტარი: იაქუხჩია იყო სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის პროტოტიპი.

დავით რაფავას ექვსეულმა ვერ გამოიცნო

6. 1868 წელს ამონარიდი თავადი კონსტანტინე აბაშიძე წერდა თავის ნათესავს: “ამ ხუთის წინად სიხარულით გილოცავდით შენიანები შენი შვილის უცხო ქვეყნიდგან დაბრუნებას!… გვეგონა თუ ის მაშინ, ოჯახის სასიკეთოდ, ან ადვოკატობას დაიწყებდა და ან სამსახურში შევიდოდა. მაგრამ იმან-კი, მიუხედავად ჩამომავლობისა, მესტვირეობა დაიწყო და “პიიპუ-პიიპუს” გაიძახოდა. ეს რომ აღარ გაკმარა, ახლა კიდევ აუჩემებია რაღაც შავი ქვა და ჩხირკედელაობს, ქვეყანა საცინლად იგდებს. მაგრამ პირველი ხომ არ არის მაგის ახირებულობა?! სირცხვილია, შენიანებს თავი ვეღარ გამოგვიყვია ქვეყანაში.”
დაასახელეთ წერილის ადრესატის სახელი და გვარი.
პას.: როსტომ წერეთელი
კომენტარი: წერილში საუბარია აკაკის მიერ ჭიათურაში მარგანეცის მრეწველობის წამოწყებაზე.

გიორგი ლომიძის ექვსეულმა გამოიცნო

7. ცნობილი ქართველი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე შალვა დადიანი თავის მემუარებში წერდა: “ნინო ჩხეიძის ბენეფისი უნდა გაგვემართა ქუთაისში. რეჟისორმა ლადო მესხიშვილმა ამოურჩია კარეევის პიესა “საბედისწერო ნაბიჯი” და სათარგმნელად მე მომანდო. პიესაში ერთი სასიმღერო ლექსიც იყო და ამ სიმღერას ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ უთუოდ უნდა თარგმნილიყო. მეც გადავთარგმნე ტექსტი, მუსიკა მოურგო მსახიობმა კოტე სარჯველაძემ. ეს იყო და ეს, ასე გავრცელდა მელოდიაც და ჩემი ნათარგმნი ლექსიც.” დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ სარჯველაძემ ტექსტს ცნობილი რუსული რომანსის მელოდია, მაგრამ 1982 წელს აკადემიკოსმა ალექსეევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ რუსული რომანსის მელოდიასაც ქართული ფესვები აქვს და ის XI საუკუნის საგალობლიდან მოდის. მიმღერეთ თანამედროვე ქართული სიმღერა, რომლის ტექსტი ეკუთვნის შალვა დადიანს.
პას.: “მხოლოდ შენ ერთს”
კომენტარი: XI საუკუნეში გიორგი მთაწმინდელმა დაწერა საგალობელი “მწუხრის ჟამს”. ლეგენდის თანახმად, ის ინგლისურად თარგმნა თომას მურმა, შემდგომ კი ივანე კოზლოვმა გადაარუსულა და ალავიოვმა შექმნა რომანსი “Вечерний Звон”.

დავით ბაციკაძის ექვსეულმა გამოიცნო დარბაზის დახმარებით

8.
ბლიცი:
XVI საუკუნის იტალიელი ფერმწერი ჯუზეპე არჩიმბოლდო (1527-1593) ცნობილია ღრმააზროვანი და ფანტასტიკური პორტრეტებით, რომელთა შესაქმნელად ხშირად გამოიყენებდა ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების გამოსახულებებს. თქვენ წინაშეა სხვადასხვა პროფესიათა წარმომადგენლების პორტრეტები.
ა) დაასახელეთ პირველ სურათზე გამოსახული პროფესიის წარმომადგენელი.

ბ) დაასახელეთ მეორე სურათზე გამოსახული პროფესიის წარმომადგენელი.

გ) დაასახელეთ მესამე სურათზე გამოსახული პროფესიის წარმომადგენელი.

პას.: ა) ბიბლიოთეკარი ბ) მზარეული გ) იურისტი

ოთარ საბაშვილის ექვსეულმა გამოიცნო

9. ყურადღება შავი ყუთი.

1910 წელს შვეიცარიაში დაისტამბა პოსტერი, რომელიც მხატვარმა ალბერტ განტნერმა დახატა. შავ ყუთში დევს ის, რის აკრძალვასაც ეძღვენოდა ეს პოსტერი. რა დევს შავ ყუთში.
პას.: აბსენტი
კომ.: აბსენტის მეტსახელია “მწვანე ფერია”

თემურ დანელიას ექვსეულმა გამოიცნო დარბაზის დახმარებით

10. [ყურადღება, შავი ყუთი]
აფხაზური ლეგენდა 1899 წლის “აკაკის კრებულიდან”: “ერთხელ სტუმარი ეწვია აფხაზ ქალს. ქალი ქმარს მოელოდა და მისთვის მშვენიერი მსუქანი კვერი ჰქონდა გაკეთებული. ქალმა კვერი ვეღარ გაიმეტა სტუმრისთვის, იქით განჯინაში შეინახა და სტუმარი სიმინდის ფქვილის ღომით და ყველით გაისტუმრა. როცა სტუმარი წავიდა, ქალი მივიდა, დაჰხედა თავის მოხარშულ-მომზადებულ კვერს და, ჰოი საკვირველებავ, მისი მოხარშული კვერი არსებად გადაქცეულიყო.”

ეს არსება ახლა შავ ყუთშია. რა არის შავ ყუთში?
პას.: კუ
კომ.: “ზევით და ქვევით ჯამები რომ ჰქონდა, ისინი გაძვალტყავებულიყვნენ და ზედა ჯამი ფარად დაჰხურებოდა ამ ცხოველს.”

კახა მაჩიტიძის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

11.
თქვენს წინაშეა შერვაშიძეთა საგვარეულო გერბი.
დაასახელეთ ორი ადამიანი, რომელთაც ეკუთვნით გერბზე გამოსახული ორი ქუდი.
პას.: კასტორი და პოლუქსი (ძმები დიოსკურები)
კომ.: ქალაქ სოხუმს ბერძნული კოლონიზაციის დროს ძმები დიოსკურების საპატივსაცემოდ ერქვა დიოსკურია. ისინი კვერცხიდან იშვნენ და კვერცხის კონუსის მქონე ქუდებს ატარებდნენ. ვარსკვლავები გერბზე აღნიშნავს ტყუპების თანავარსკვლავედს

ირინა ფრუიძის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

12.

თქვენს წინაშეა ცნობილი სიურეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის სურათი თავის ერთ-ერთ ნახატთან. სურათზე გამოსახულ პერსონაჟს მაგრიტი თავის ალტერ ეგოდ მიიჩნევდა და მასზე წერდა: “იგი არასოდეს არ არის სრულიად უჩინარი, მისი პორტრეტის ნახვა შეიძლება მისი სახის მიღმა. მისი მეცნიერული მიგნებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ქმედებები. იგი არაფრად აგდებს გზაზე შემხვედრ ავეჯს თუ კედლებს. ჩვენ ვერ ვხვდებით და ვერც ეჭვი შეგვაქვს მის შესაძლებლობებში.” დაასახელეთ ეს ცნობილი პერსონაჟი.
პას.: ფანტომასი

ოთარ საბაშვილის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

7 Responses to TV რა? სად? როდის?

  1. lomski says:

    ჯამში რამდენი გამოიმუშავეთ ბატონო გუნია? :)

    • lado says:

      ჩემი აზრით პირველი კიტხვის სწორი პასუხი სავარაუდოდ არის:-სანთლების დამზადებისათვის

      • lado says:

        მეორე კიტხვის ცჰემული ვერსიაა:-მიველ,ვნახე,გავიმარჯვე

  2. anushka says:

    ase aiyve cxovreba :D

  3. lado says:

    ვფიქრობ მესამე კიტხვის სცორი პასუხია:-გარდაიცვალა შაჰ-აბასი

  4. lado says:

    სად ღვინო,დუდუკი,ქალები და სად მიველ,ვნახე,გავიმარჯვე:DD.ჩემი არასწორი პასუხის სისწორეში დიდად ეჭვი მეპარებოდა თავიდანვე:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.